ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელმაც თანამდებობა გასულ წელს დატოვა, Italiana Petroli-ს დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია 14 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
Italiana Petroli (IP)-ს ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR ფლობს. კომპანიის სათავო ოფისი რომში მდებარეობს.
SOCAR-მა კომპანიის დაახლოებით 99.8% წილი იტალიური ოჯახისგან, API Holding-დან შეიძინა 2025–2026 წლებში.
Italiana Petroli ფუნქციონირებს, როგორც SOCAR-ის ევროპული ენერგეტიკული პლატფორმა ნავთობგადამუშავებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებით.
რას ნიშნავს, როცა მაღალი თანამდებობის პირი, იმ მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, რომლის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ კურსს დაშორდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ევროპულ ბიზნესგარემოში აგრძელებს საქმიანობას?
რა არის ლევან დავითაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროპული ორბიტიდან გადახრაში?
პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი „ბათუმელებთან“ აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი, პოლიტიკოსი
დიმიტრი ცქიტიშვილი: Italiana Petroli „სოკარის“ ევროპული ხაზია, მაგრამ ეს შინაარსობრივად არ არის ევროპული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ და ემსახურება აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებს – გაზარდოს გაზმომარაგება, ნავთობის მომარაგება ევროპაში აზერბაიჯანმა.
საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის გადასვლა და მუშაობა მსგავს კომპანიაში ბევრ სხვადასხვა ინტერესთა კონფლიქტს აჩენს. მათ შორის, შესაძლებელია იყოს გარკვეული კორუფციული გარიგება.
ლევან დავითაშვილის თანამდებობა, როგორც ეკონომიკის მინისტრის, ენერგეტიკულ სექტორსაც მოიცავდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ის გადადის მსგავს კომპანიაში. ამიტომ არ არის გამორიცხული გარკვეულ კორუფციულ სქემას უკავშირდებოდეს.
- 2022-25 წლებში, როდესაც ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი იყო, საქართველო დაშორდა ევროკავშირს, სრულად შეჩერდა ევროინტეგრაცია. მისი, როგორც სახელმწიფო მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში, რაც ქვეყანას დაემართა?
ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნება“ და მათ შორის მისი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობები სტრატეგიულიდან, გაფართოების და ინტეგრაციის დღის წესრიგიდან გადაიყვანონ ტრანზაქციულ ურთიერთობებზე. ანუ აკეთონ ბიზნესი და ბიზნესში რაც შეიძლება მეტი სტეიკჰოლდერი (დაინტერესებული მხარე) ჰყავდეთ ჩართული, ანუ მათ ჰქონდეთ ეს ბიზნეს კავშირები შენარჩუნებული.
რა თქმა უნდა, მათ აღარ აინტერესებთ საქართველოს გაწევრიანება [ევროკავშირში], მაგრამ მათ აინტერესებთ ევროკავშირთან ბიზნესის კეთება.
ასე „ქართული ოცნება“ თავის მომხიბვლელობას შეიძენს სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისთვის, ამიტომაც ასეთი ტრანზაქციული ურთიერთობების დამყარების მცდელობაში არის „ქართული ოცნება“ და მე ვფიქრობ, რომ ლევან დავითაშვილის დანიშვნაც დაახლოებით ამას ემსახურება. არ მგონია ეს განცალკევებული იყოს დღევანდელი „ქართული ოცნებისგან“.
- ისევ პასუხისმგებლობის ნაწილზე მინდა გკითხოთ – ლევან დავითაშვილი, როგორც ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, იყო მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი თუ მასაც შეიძლება ეკისრებოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების გამო? ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო?
პირდაპირი პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ პერიოდში, როდესაც ევროპული კურსის ფუნდამენტური ცვლილება მიდის, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მუშაობს. მით უმეტეს, ლევან დავითაშვილი მეორე კაცი იყო მთავრობაში სტატუსით – იყო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.
პოლიტიკურ პასუხისმგებლობა მასაც აქვს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე, სხვა საუბრის თემაა და მე არ ვისაუბრებ. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია, მათ შორის იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომლებმაც არც ხელი შეუწყვეს და არც პროტესტი გამოთქვეს, ამასთან, არც ხელი შეუშალეს ანტიევროპული კურსის განხორციელებას.
2025 წელს მისი გადადგომაც არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მთავრობის კურსთან ჰქონდა უთანხმოება. ეს იყო ჩვეულებრივი შემადგენლობის ცვლა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში.
ასე რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც თითქოს ცდილობს ახლა განზე გადგეს, ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიული ხაზი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, მათ შორის – ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელსაც უზარმაზარი რესურსები და გავლენები ჰქონდა მთავრობაში.
- 2024 წელს, როდესაც რუსული კანონი მიიღეს, რა მოხდებოდა ეკონომიკურ გუნდს რომ შეფასება გაეკეთებინა, რა გავლენას მოახდენდა ეს უცხოურ ინვესტიციებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ამაზე საჯარო პოზიცია დაეფიქსირებინა? თქვენი აზრით, რამდენად იყო ლევან დავითაშვილის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს გაეკეთებინა, თუ ის თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს გულშემატკივრობდა და უნდოდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო მისი ქვეყანა?
ეკონომიკის სამინისტრო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მთავრობაში მუშაობდა, ძალიან თვალსაჩინოდ ხედავდა იმას, ეს ყველაფერი რისკენ მიდიოდა.
კანონის ინიციირება იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ეს მთავრობის საერთო გადაწყვეტილებაა და თითოეული წევრი ამაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს.
თუნდაც რომ ყოფილიყო ჯანსაღი დისკუსია, უფრო გახსნილი, ვისაც მიაჩნდა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანია, მთავრობის მიერ მიღებული კანონები იქნებოდა დრამატული ქვეყნისთვის, ეს ხმამაღლა რომ ეთქვა, ამაზე ხმა ამოეღო პროცესში, შეიძლება შეჩერებულიყო კიდევაც ეს პროცესი და ასეთი ზიანი არ დამდგარიყო.
ყველაფერი ხომ პროგნოზირებადი იყო?!
მაგრამ ყველა რატომღაც მიჰყვა დინებას, ჩათვალეს, რომ „გუნდს არ უნდა უღალატონ“ და გუნდმა თუ სახელმწიფო ინტერესებს უღალატა, მათთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ასე რომ ამ პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს. ყველას შეეძლო თავისი პოზიცია ეთქვა, როგორც მინიმუმ ხელი შეეშალათ იმისთვის, რაც მოხდა ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის თავიანთი პირადი კეთილდღეობა და კარგად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ლევან დავითაშვილს ვიცნობ კარგად და არ შეიძლება მას არ სცოდნოდა რა შედეგს მოიტანდა ის, რასაც აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“.
საკმაოდ გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაენახა.
არ იყო ეს რთული დასანახი.
- ბატონო დიმიტრი, რაიმე ახსნა თუ გაქვთ პერსონალურად, როგორ მოხდა, რომ დასავლეთში განათლება მიღებული ადამიანები აღმოჩნდა საბოლოოდ ის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავალი დიდი ხნით დააპაუზა?
დასავლეთში განათლების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმ ღირებულებების, იმ პრინციპების ერთგული ხარ, თავისუფლების და დემოკრატიის, რასაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება.
ჩვენ გვახსოვს ბევრი ეროვნული გმირი, რომელსაც საბჭოთა განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ თავისი ცნობიერებით ბევრად უფრო დასავლური და ბევრად უფრო თავისუფალი იყო. ჩვენ შემთხვევაში ეს უფრო კონფორმიზმია, საკუთარ ბედზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი, უმეტეს შემთხვევაში. იმიტომ, რომ რაღაცა სარგებელი აქვს თითოეულ ადამიანს ამ რეჟიმის მსახურებაში, კეთილდღეობაში აქვს გაცვლილი საქართველოს ეროვნული ინტერესები.
ზოგისთვის ეს ძალაუფლებაა, ზოგისთვის მატერიალური სიკეთეა, ზოგისთვის რაღაც შიშებია…
საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ამ ადამიანთა კონფორმისტულ დამოკიდებულებას, ყველაფერზე შეგუებას და თვალის დახუჭვას, მატერიალური სიკეთე მოაქვს პირად ცხოვრებაში, მაგრამ ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მოუტანეს და მოაქვთ ჯერ კიდევ.
განათლება შეიძლება დასავლეთში მიიღო და ძალიან კარგი განათლებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ღირებულებების მიმართ იყო ძალიან კომპრომისული ან საერთოდ არ გქონდეს ღირებულებები, საკუთარი კეთილდღეობა იყოს ერთადერთი ღირებულება.
- 2025 წელს, როდესაც თანამდებობა დატოვა ლევან დავითაშვილმა, ის დაინიშნა „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს რა კითხვებს აჩენს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობაზე?
ფაქტია – „ბლექსი პეტროლიუმში“ რუსული დაზვერვის სამსახურის უფროსის პირადი ინტერესებია ჩადებული და პირდაპირი კავშირებია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ერთი, რომ გეოპოლიტიკურად ეს ძალიან არასწორია. კომპანიას ჯერ სახელმწიფო უწყობდა ხელს და მერე მისი მაღალჩინოსნები კომპანიაში ინტეგრირდნენ.
ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს კორუფციული სქემების და ინტერესების, ასე ვთქვათ, გადაჯაჭვას.
სამართლებრივი შეფასების ნაწილია, მაგრამ აშკარად იკვეთება კორუფციული ინტერესები. მეორეს მხრივ, გამოდის, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები ემსახურებიან რუსულ ინტერესებს.
ამას რაღაც დიდი გამოკვლევა არ უნდა.
„ბლექსი პეტროლიუმი“ ემსახურებოდა იმ რუსულ ფლოტს, რომელიც სანქცირებულ ნავთობის დაატარებდა აქეთ-იქით. კინაღამ მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ევროკავშირის სასანქციო სიაში, რაც ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ქვეყნისთვის.
ყულევის პორტი პირობით იქნა ამოღებული დასასანქცირებელი კომპანიების სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა დადო მთავრობამ, რომ ამას აღარ იზამს.
მაგრამ რეალურად გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელის მეშვეობით ემსახურებოდა ამ კომპანიების ინტერესების გატარებას. სწორედაც რომ მადლიერების ნიშნად ის უბრალოდ დაინიშნა მერე შიგნით, შეიძლება დროებით, მაგრამ დაინიშნა ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ანუ კორუფციასთან ერთად ეს იმ გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების მექანიზმიც არის, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ რუსეთის სასარგებლოდ.
- თუ დავაკვირდებით, 2022 წელს დაინიშნა ლევან დავითაშვილი და შემდეგ რა მოხდა: აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთთან, გაიზარდა ვაჭრობა, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ აქ ბიზნესი დაიწყო, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა… აი, ამ ყველაფერში ლევან დავითაშვილის როლს და პასუხისმგებლობას როგორ ხედავთ და სად ხედავთ?
ეს მარტო ლევან დავითაშვილის პასუხისმგებლობა არ არის, ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კიდევ უფრო აქტიური გახდა.
აქ არ არის მარტო ის, რომ მიგრანტები შეიფარეს და ა.შ.
აქ არის დიდი მატერიალური ინტერესი, რომელიც გამოიკვეთა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებით. უზარმაზარი სარგებელი მიიღო მთავრობამ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური.
არ ვიცი პირადად რა თანხები მიიღო ან მიიღო თუ არა საერთოდ ლევან დავითაშვილმა, მაგრამ მისი, როგორც მთავრობის ერთ-ერთ ხელმძღვანელის ხელში გაიარა ბევრმა გადაწყვეტილებამ, მათ შორის იგივე ავიამიმოსვლის აღდგენა იქნებოდა თუ სხვა ტრანზიტული ტვირთები.
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობას ყველა მათგანს აკისრებს. ზოგს უფრო მეტად, ზოგს – უფრო ნაკლებად, მაგრამ მთელი მთავრობის შემადგენლობა, ყოფილი და მოქმედი, პასუხისმგებელია იმაზე, რამაც, საბოლოო ჯამში, ზიანი მოუტანა ქვეყნის ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეკონომიკური სარგებელი თითქოს სახელმწიფომ ნახა, ქართულ საზოგადოებას ბევრი არაფერი უნახავს. გამდიდრდა ისევ რამდენიმე ელიტური ჯგუფი და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაიზარდა არაფორმალური სექტორი ქართულ ეკონომიკაში. კიდევ უფრო მაფიოზურ-კლანური გახდა ქართული ეკონომიკური სისტემა, რომელშიც რეჟიმთან დაახლოებული ლოიალური კომპანიები იღებენ უმეტესად სარგებელს.
- თქვენი აზრით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი ხედავს, რომ საკუთარ გუნდს არასწორი მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა, როგორ უნდა მოიქცეს ის?
ვინც პრინციპების ერთგული იყო, ვისთვისაც პირად კეთილდღეობაზე მეტად ღირებული სამშობლო იყო, მათ გადაწყვეტილებები უკვე აქვთ მიღებული. დანარჩენი ახლა ცდილობს, თავისი იქ ყოფნა რაღაცა მიზეზებით გაამართლოს, „გააპრავოს“ – როგორც იტყვიან ხოლმე.
პასუხისმგებლობა ყველასია.
კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი იქნება ეს, მაღალი თუ საშუალო რანგის მოხელე, ყველამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მაშინ, როცა ხედავენ, რომ რაღაც ხდება მათ პრინციპებთან შეუთავსებელი.
მაგრამ თუ პრინციპი არა გაქვს, შეუთავსებელიც არაფერი გამოდის ხომ?! – ამ დროს ერთადერთი, რითაც ხელმძღვანელობს ადამიანი, საკუთარი კეთილდღეობაა.
სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებში პრინციპები, ეროვნული ღირებულებები თუ სახელმწიფო ღირებულებები მეორეხარისხოვანი გახდა, თუ დარჩა საერთოდ.
რეალურად ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ თავიანთი მატერიალური კეთილდღეობის ან თანამდებობრივი ინტერესებიდან ან პოლიტიკური ძალაუფლების ფლობიდან გამომდინარე, მაგრამ მათ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც ქვეყანაში დადგა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში.
ამ შედეგების გამოსწორებას რამდენიმე წლის ინტენსიური და მძიმე მუშაობა დასჭირდება იმისათვის, რომ იმ ნიშნულზე მაინც დაბრუნდეს ქვეყანა, რომელიც თუნდაც 2020 წელს იყო.
ამიტომაც კეთილსინდისიერი ადამიანი თვალს არ ხუჭავს იმ უმსგავსობაზე, რაც ხდება ქვეყანაში, არ ხუჭავს თვალს იმ არადემოკრატიულ სვლებზე, იმ გაუარესებულ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია და შესაძლებლობებზე, რომელსაც ყოველდღიურად კარგავს ქართული სახელმწიფო ევროკავშირთან ინტეგრაციისდა ზოგადად, განვითარების კუთხით.
_________________________
- ვინ არის და რას საქმიანობდა ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2017-2022 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2021 წლის 12 ივლისიდან კი იკავებდა ვიცე-პრემიერის პოსტს.
ლევან დავითაშვილი 2022 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშნეს.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად დანიშნეს ეკონომიკურ საკითხებში, ასევე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
2025 წლის 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილმა მთავრობაში თანამდებობა დატოვა და „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
2026 წლის 17 თებერვალს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს.
სუსიდან გამოსულმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საგამოძიებო უწყებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დასმულ კითხვებზე.
„ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც განვიხილეთ.
ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, – განმარტა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის კომენტარის გავრცელებიდან მალევე სუსმა სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედს“ მიაწოდა კომენტარი და განმარტა რომ ყოფილი ვიცე-პრემიერის პასუხი უზუსტობებს შეიცავდა.
„დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი,“ – განმარტა სუსმა.
2026 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. მისივე განმარტებით, რომელიც გამოცემა BM.ge-ს მისცა, დავითაშვილი უცხოეთში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.
2026 წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილი იტალიაში, იმ კომპანიაში დასაქმდა, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ ფლობს.
- რა მოხდა საქართველოში, სანამ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. იმავე წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს მხოლოდ „ევროპული პერსპექტივა“ და 12 პუნქტიანი გეგმა მისცა შესასრულებლად.
ევროკავშირის შეფასებით, საჭირო იყო დამატებითი რეფორმები დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მიმართულებით.
2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ სცადა მიეღო რუსული კანონი. პირველი მცდელობა ჩავარდა, „ოცნებამ“ კანონი უკან გაიწვია.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ევროპულ გზაზე 2014 წლის ასოცირების შეთანხმების შემდეგ. თუმცა გადაწყვეტილება იყო პირობითი – ევროკომისიამ ცხრა დამატებითი ნაბიჯის შესრულება მოითხოვა.
2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო კანონი მეორე რუსული კანონი, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ამ კანონით უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს სპეციალური რეგისტრაცია დაევალათ.
2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „დე ფაქტო აჩერებდა“.
ამის შემდეგ ევროკავშირმა: გაყინა საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი გარკვეული დაფინანსება, შეაჩერა მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების ნაწილი და დაიწყო ურთიერთობების გადახედვა.
2024 წელს საქართველო კანდიდატი ქვეყნის პოზიციიდან გადავიდა იმ მდგომარეობაში, სადაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ „გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“.
2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგები არ აღიარა ოპოზიციამ, ამომრჩევლის ნაწილმა და არ აღიარა დასავლეთმა.
2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აღარ დააყენებდა დღის წესრიგში და ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც უარს იტყოდა.
ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა: ევროკავშირის მხრიდან უარყოფითი შეფასებები, აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და რაც მთავარია, მასშტაბური საპროტესტო აქციები.
აქციების დროს დააკავეს ათობით დემონსტრანტი, 200-ზე მეტი ადამიანი სცემა სპეცრაზმმა, პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, შსს-მ აქციების დასარბევად გამოიყენა გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც აქციის მონაწილეთა თქმით, მომწამლავი ეფექტი ჰქონდა.
2025 წლის ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში „შეინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა“.
2024-25 წლებში, მაშინ როცა ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა და „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი იყო, შემცირდა პოლიტიკური ნდობა დასავლეთიდან, გაუარესდა ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, გაიზარდა ვაჭრობა რუსეთთან, რუსეთის მოქალაქეების ბიზნესაქტივობა საქართველოში და სატრანზიტო ოპერაციები.
უშუალოდ ლევან დავითაშვილის მინისტრობის დროს აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, გაიზარდა პოლიტიკური კრიტიკა დასავლეთიდან და გაჩნდა კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.






