მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

08.07.2022 • 18296
რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

პიგმენტური ლაქები სახეზე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ბევრისთვის ეს ესთეტიკური პრობლემაა. პიგმენტური ლაქების წარმოქმნა ძირითადად მზეზე გარუჯვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება.

კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას კანზე დროული რეაგირება სჭირდება, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში კი, ეს უფრო მოკლე ვადაში განკურნებას შეუწყობს ხელს.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები სახესა და სხეულზე?

მელაზმა კანის დაავადება, რომელიც კანზე ჰიპერპიგმენტური, მუქი ყავისფერი შეფერილობის პიგმენტური ლაქებით ვლინდება. 

პიგმენტური ლაქების განმაპირობებელი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ასევე, მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს მზესთან აქტიური კონტაქტი. ასეთი პიგმენტური ლაქები ძირითადად გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც მზე უფრო აქტიურად გვანათებს, მაგალითად, სახეზე, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც.

პიგმენტური ლაქა. ფოტო: mayoclinic

გარდა ამისა, შესაძლოა პიგმენტაცია სახეზე დაიწყოს ორსულობაში. ორსულობის დასრულების შემდეგ შეიძლება ალაგდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პიგმენტური ლაქები რჩება. 

საქმე ის არის, რომ ამ დროს ხდება კანში არსებული პიგმენტის, მელანინის უფრო აქტიური გამომუშავება. მელანინი ყველა ადამიანს აქვს კანში, ის რომ არ გვქონდეს, აქტიურად ვერ გავირუჯებით. მელანინის გამოყოფა იმ ადგილებში უფრო აქტიურად ხდება, სადაც მზის ულტრაიისფერი სხივები ხვდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ხოლმე ასეთი პიგმენტური ლაქები.

  • ასაკობრივი ლაქებიც მელაზმას კატეგორიაში გადის?

ასაკის მატებასთან ერთად გაჩენილ ლაქებს ლენტიგო ჰქვია. ასეთი ყავისფერი ლაქები, შესაძლოა, გაჩნდეს სახეზე, უფრო ხშირია ხელებზე ასაკოვან (65+) ქალებში.

მის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს მზის ჭარბი იზოლაცია და ამიტომ მას მზის ლენტიგოს უწოდებენ. 

ლენტიგო უკვე პიგმენტური წარმონაქმნია, მართალია, კეთილთვისებიანი, მაგრამ მაინც ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რადგან მას ახასიათებს ავთვისებიანობა, მაგალითად, თუ გაიზარდა ზომაში, შეიცვალა ფორმა. ლენტიგო შეიძლება შეგვხვდეს სახეზე, თავზე, ხელებზე და სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქა.

  • როგორ ამოიცნობა ეს ლაქები ვიზუალურად?

მელაზმას შემთხვევაში, როცა პიგმენტური ლაქა ჩნდება სახეზე, შესაძლოა იყოს წარმოდგენილი უფრო ფართოდ, მაგალითად, მთელ ლოყაზე, ცხვირზე, ზედა ტუჩზე, შუბლზე. არის მოყავისფრო ფერის, შესაძლოა იყოს მუქი ყავისფერიც. 

ლაქა არის უშუალოდ კანზე, კანიდან წამოწეული არ არის.

რაც შეეხება მზის ლენტიგოს, ის შეიძლება იყოს ოვალური ფორმის, ერთი ან რამდენიმე, ოდნავ კანიდან წამოწეული. შესაძლოა ზემოდან ჰქონდეს ოდნავ აქერცვლადი უბნები. მზის ლენტიგო შეიძლება იყოს ძალიან პატარა ზომისაც და უფრო მოზრდილიც, ეს ინდივიდუალურია.

  • ლაქები შეიძლება ერთჯერადად მზეზე დაწვის შედეგად გაჩნდეს, თუ წლების განმავლობაში, ინტენსიური გარუჯვის შედეგია?

ინდივიდუალურია, შესაძლებელია ერთჯერადად გარუჯვის შედეგადაც გაჩნდეს, თუ გენეტიკური მიდრეკილება უწყობს ხელს, რა თქმა უნდა.

  • როდის მივმართოთ სპეციალისტს და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული მკურნალობა?

როგორც კი პაციენტი ამჩნევს, რომ ეწყება სახეზე ესა თუ ის გართულება, პიგმენტაცია, მუქი შეფერილობის ლაქები, რა თქმა უნდა, უმჯობესია მაშინვე მიმართოს ექიმს, რადგანაც რაც უფრო მეტი წელი გადის, პიგმენტაცია უფრო ღრმავდება, დიდდება და მეტად შესამჩნევი ხდება, რადგან მზესთან აქტიური იზოლაციის დროს ფართოვდება მისი სპექტრი და მკურნალობა უფრო ძნელდება.

პიგმენტურ ლაქებს დერმატოლოგების გარდა კოსმეტოლოგებიც მკურნალობენ სხვადასხვა პილინგის საშუალებით და, რა თქმა უნდა, საწყისი სტადია უფრო მალე ალაგდება, ვიდრე ათი წლის შემდეგ.

ზომაში მზის ლენტიგოც შეიძლება გაიზარდოს, დაერღვეს ფორმა, რაც საყურადღებოა. უნდა ვამონიტორინგოთ ასიმეტრიული არის თუა არა, უფრო მეტად ხომ არ ამოიბურცა.

როცა რაღაც გვიჩნდება სხეულზე, რაც აქამდე არ გვქონდა, უნდა ნახოს ექიმმა-დერმატოლოგმა, რომ შეაფასოს, თვალყური ადევნოს. დროული მიმართვისას მკურნალობაც უფრო მარტივი და ხანმოკლეა.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება?

გართულება შესაძლოა მოჰყვეს მზის ლენტიგოს. თუ აქტიურად ირუჯება ადამიანი არასასურველ საათებში, შესაძლოა მზის ლენტიგომ ცვლილება განიცადოს, გაიზარდოს ზომაში, შეიცვალოს ფერი, უფრო ამოიბურცოს.

შესაძლოა ეს არ მოხდეს 2-3 წელიწადში. საქმე ის არის, რომ კანს აქვს უნარი, შეინახოს მიღებული ულტრაიისფერი სხივები წლების განმავლობაში და შესაძლებელია იმოქმედოს რაიმეზე 10-15 წლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს მზის ლენტიგო ან რომელიმე ხალი.

  • რა მეთოდებით ხდება ასეთი ლაქების მკურნალობა?

მელაზმას პრევენციის ერთადერთი გზა მზის აბაზანების ზომიერი მიღებაა. განსაკუთრებით ეს ეხება ორსულებს და მათ, ვისაც ღია ფერის და მგრძნობიარე კანი აქვს. აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

მელაზმას სამკურნალოდ გამოიყენება გარეგანი მკურნალობა, ხდება სპეციალური ამქერცლავი საცხებისა და ამქერცლავი დასაბანი საშუალებების გამოყენება. გარდა ამისა, კოსმეტოლოგის ჩართულობით კეთდება ქიმიური პილინგი, რომ აიქერცლოს და გაღიავდეს კანი. დროის ფაქტორს რაც შეეხება, ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგადად, ხანგრძლივი კურსი ინიშნება ამ დროს, რადგან პიგმენტური ლაქების ალაგებას დიდი დრო სჭირდება. 

მზის ლენტიგოს შემთხვევაში კეთდება კრიოთერაპია, ეს არის კრიოდესტრუქცია, ანუ თხევადი აზოტით მოყინვა. ვყინავთ მზის ლენტიგოს ადგილს. რამდენიმე დღეში ეს ადგილი ცოტა გაშავდება, გაწითლდება, შემდეგ ქერქს გაიკეთებს და მოძვრება უკვალოდ. არც ნაწიბურს, არც ჩაღრმავებას არ ტოვებს. შეიძლება დასჭირდეს 2-3 პროცედურა 2 კვირაში ერთხელ. შეიძლება ერთი პროცედურაც საკმარისი იყოს. პროცედურა უმტკივნეულოა.

 რეკომენდებულია პაციენტმა მკურნალობის შემდეგ მზისგან დამცავი საშუალება გამოიყენოს ზამთარ-ზაფხულ, რადგან შეიძლება ისევ წამოვიდეს პიგმენტაცია კანზე.

მზის ლენტიგო ტუჩზეც შეიძლება გაჩნდეს, კრიოთერაპია აქაც ტარდება. ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ატარონ მზისგან დამცავი ტუჩსაცხები. 

  • რა არის პრევენციული ზომები?

ვთანხმდებით იმაზე, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. ამის მიუხედავად, არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც ექიმის რეკომენდაციის მიუხედავადაც ირუჯება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მზეზე გასვლა არ შეიძლება 11 საათიდან დღის 5 საათამდე, ასევე, საჭიროა მზისგან დამცავის გამოყენება სწორი მეთოდით, დამცავის გამოყენება ხდება მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, 2 საათში ერთხელ განახლებით, რადგან ორსაათიანი ეფექტი აქვს. 

მზისგან დამცავის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის პერიოდში და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღია ფერის კანი აქვთ. დამცავი უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი ფილტრის, 50 და მეტი. ახალი გაიდლაინით, მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ გარეთაც და შინაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: