მთავარი,სიახლეები

ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ჩვენ დრაკონის დამარცხება შეგვიძლია – ვოლოდიმირ ზელენსკი

08.07.2022
ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ჩვენ დრაკონის დამარცხება შეგვიძლია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ღამით გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ის უკრაინასა და უკრაინელებს ადარებს სუპერგმირებს, რუსეთსა და პუტინს კი – დრაკონს, რომელიც აუცილებლად დამარცხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კუნძულ ზმეინის შემდეგ, უკრაინული დროშა მალე დაბრუნდება ყირიმშიც და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

„შუაღამემდე ერთი წუთია დარჩენილი და ერთი აზრი მინდა გაგიზიაროთ. უკვე 134 დღეა, რაც ჩვენ დაძინება გვიჭირს, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიცით, რისთვის უნდა გავიღვიძოთ, ვისთვის უნდა გავიღვიძოთ და რაც მთავარია, ვინ უნდა გაგვაღვიძოს.

ჩვენ – უკრაინელები, კეთილი, მშვიდობიანი ერი, უცებ მსოფლიოს ახალი ამბებისა და სუპერგმირების სათავეში აღმოვჩნდით, უდიდესი ფასის სანაცვლოდ. არადა, ჩვენ უბრალოდ ცხოვრება გვინდოდა. ჩვენს მიწაზე თავისუფლად ცხოვრება. მაგრამ ღმერთს თავისი გეგმები აქვს და თუკი ჩვენი ბედია იმ დრაკონის დამარცხებაა, რომლის შიშითაც ნახევარი სამყარო ძრწოდა და თუკი ჩვენი ბედია, ვყოფილიყავით ის დამარცხებისთვის განწირული „ანდერდოგი“, რომელსაც სამი დღე მისცეს და ის კი უკვე მეხუთე თვეა იბრძვის – რას ვიზამთ, ესე იგი, ჩვენ ეს შეგვიძლია.

ვინც ხოხვისთვისაა დაბადებული – ის ზმეინისაც ვერ წაართმევს იმას, ვინც დაბადებულია ფრენისთვის. ამიტომაც დაბრუნდა ლურჯ-ყვითელი კუნძულზე. და როდისმე, ის აუცილებლად დაბრუნდება ყირიმის ნახევარკუნძულზეც, ყველა ჩვენს ოკუპირებულ ქალაქსა და სოფელშიც და ყველა მათგანში აჟღერდება ჩვენი ჰიმნი,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

7 ივლისს უკრაინელმა მებრძოლებმა ზმეინის კუნძული გაწმინდეს და რუსების დაახლოებით 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. გამარჯვების სიმბოლოდ კუნძულზე სამხედროებმა უკრაინის დროშა აღმართეს.

უკრაინის ძალების ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, რუსეთის გარნიზონმა 30 ივნისს დატოვა ზმეინის კუნძული, რომელიც ომის პირველივე დღეებში დაიკავა. მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს „კეთილი ნების გამოვლინება იყო.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: