მთავარი,სიახლეები

რატომ ღირს ხილი ძვირი?

08.07.2022 • 3540
რატომ ღირს ხილი ძვირი?

მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები გაიზარდა. გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირდა საზამთრო, ბალი, ატამი, ქლიავი, ვაშლატამა და სხვა ხილი.

„ბათუმელები“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, სალომე დეისაძეს ესაუბრა ხილის გაძვირების მიზეზებზე.

  • წელს სეზონური ხილი გაძვირდა. რა არის ამის მიზეზი?

ბოლო მონაცემებით ივნისის თვეში სურსათზე ფასები არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირებულია პური და პურ-პროდუქტები. გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული. ასევე, გაძვირებულია ხილი. ხილის ინდექსში ინფლაციამ შეადგინა 31,8 %. ხილი და ყურძენი – ეს კატეგორია აერთიანებს ყველა ხილს.

ყველაზე დიდი ზრდა სამი სახეობის ხილზე დაფიქსირდა – ატამზე, ყურძენსა და ქლიავზე.

ხილზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სურსათის ბაზრებზე და, ზოგადად, ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები.

მაგალითად, შარშან გვქონდა ხილის წარმოების მცირეოდენი ზრდა, თუმცა ყურძნის წარმოება შემცირდა. ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ გაძვირდა ყურძენი.

რაც შეეხება ზოგადად ხილს და პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ სეზონური ხილი არ არის ხოლმე შემოსული და შემოგვაქვს იმპორტით, აქ მაღალი ფასის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული სასურსათო პროდუქტების ფასები, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის.

გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი წარმოება. ჯერჯერობით ადგილობრივი წარმოების საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები და გაიზრდება თუ არა წარმოება.

ასევე, მნიშვნელოვანია მოლოდინები, რომლებიც გავლენას ახდენს პროდუქტების ფასებზე. იგივე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ძალიან ბევრ სასურსათო პროდუქტზე გაიზარდა ფასები.

ბევრ სასურსათო პროდუქტზე არის შემცირებული მიწოდება. ასევე, დიდ ექსპორტიორ ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ იქნება წარმოების შემცირება.

შესაბამისად, ეს ყველაფერი ქმნის უარყოფით მოლოდინებს, რაც ზრდის წნეხს ფასებზე.

ხილის ფასი მიჰყვება სურსათის კატეგორიაში არსებულ სხვა პროდუქტების ჯგუფების დინამიკას. ეს მოლოდინები და მიმდინარე მოვლენები უარყოფით გავლენას ახდენს და აღმავალ წნეხს აძლევს ხილის ფასს.

სალომე დეისაძე, ISET -ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

  • მიმდინარე წელს გაზრდილია ფასები იმ ხილზეც, რომელიც აქ, საქართველოში მოდის. მაგალითად, ბალი, საზამთრო, ასევე, ნესვი და ატამი. რა არის ამის მიზეზი?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზოგადად გავლენას ახდენს სასურსათო პროდუქტების ფასებზე, მათ შორის ხილის, არის ტრანსპორტირების ხარჯი, საწვავის ფასი და ასევე, აგროსამეწარმეო საშუალებების ფასი – პესტიციდები და სასუქები. ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი პროდუქტის ფასის. ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად გაძვირდა ხილიც.

ჯაჭვისებურადაა ეს ყველაფერი. ხილის სექტორში ისეთი არაფერი ხდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტულად ხილის ფასებზე, გარდა წარმოებისა. წარმოების მონაცემები ჯერჯერობით არაა ცნობილი, რადგან ათვლის წელი ახლა დაიწყო და ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაა.

რომ შევხედოთ სხვა კატეგორიებსაც, გაზრდილია ასევე მინერალური წყლების, ხილის წვენების, სხვადასხვა პროდუქტის ფასები.

  • საქსტატის უახლესი სტატისტიკით, ბოსტნეულზე შემცირდა ფასები, ეს რამ განაპირობა.

დიახ, თვიურ ჭრილში  მცირედით არის შემცირებული ბოსტნეულის ფასები. ეს ცვლილებები არის ყოველთვის სეზონური. ადგილობრივი წარმოების პროდუქტი შემოვიდა, სეზონური წარმოება დაიწყო – შესაბამისად, ამან შეიძლება ფასები შეამციროს. თვიურ ჭრილშია შემცირებული წინა თვესთან შედარებით. ეს ბუნებრივია, რადგან საგაზაფხულო ბოსტნეული შემოვიდა და იკლებს ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასები.

  • წინასწარი პროგნოზის გაკეთება თუ  შეგვიძლია, კიდევ გაიზრდება?

მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოება რამდენად უხვმოსავლიანი იქნება. თუ სეზონური წარმოება გაიზარდა, შეიძლება ამ ყველაფერმა დააბალანსოს პირობითად ის სხვა უარყოფითი ძალები, რომლებიც მოქმედებენ ფასებზე.

მაგრამ ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია.

საერთო ჭრილში რომ შევხედოთ – სურსათზე ფასები გაზრდილია და მოლოდინებიც არ არის იმის, რომ შემცირდება. პირიქით, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება იყოს სასურსათო კრიზისი, რასაც უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად ამბობენ. შესაბამისად,  ბაზრების ეს მოლოდინები ადგილობრივ ბაზრებზეც აისახება და ფასებზე აღმავალ წნეხს იწვევს.

ხილი ერთ-ერთი სასურსათო პროდუქტია. როცა სხვა პროდუქტებზე იზრდება ფასები, ეს ყველაფერი ჯაჭვურად მოქმედებს.

მაგრამ მაინც ვამბობ, რომ შეიძლება ადგილობრივი წარმოების ზრდა იყოს მაღალი და დააბალანსოს უარყოფითი ეფექტები.

  • ინფლაციის გავლენა როგორია ფასებზე?

ჩვენს სასურსათო კალათაში არსებული პროდუქტის 80 % არის იმპორტირებული. სურსათის მხრივ ძლიერად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, შესაბამისად იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და საერთაშორისო ბაზრებზე.

საერთაშორისო ბაზრებზე მოლოდინები არის პირიქით – კრიზისის. მოლოდინები არის იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები. ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში იყო ცუდი მოსავალი. ასევე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მოლოდინები. უკრაინა და რუსეთი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან ისეთი პროდუქტების, როგორიცაა: ხორბალი, მზესუმზირის ზეთი. შესაბამისად, ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების მხრივ მოლოდინები შეიქმნა იმის, რომ შეიძლება მიწოდება შემცირდეს. წარმოების მხრივ იგივე საგაზაფხულო სამუშაოები ვერ ჩატარდა ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ პერიოდში, ამიტომ ამ მხრივაც წარმოების შემცირებას ველით.

არის ლოჯისტიკური პრობლემებიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გაზარდა საექსპორტო გადასახადი. ამიტომ ეს ყველაფერი აძვირებს ჩვენთვის, იმპორტიორი ქვეყნისთვის, სასურსათო პროდუქტების ყიდვის ხარჯებს. ეს აისახება დახლებზე მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების ფასებზე და ჩვენ, შესაბამისად, გაძვირებული პროდუქტების ყიდვა გვიწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: