მთავარი,სიახლეები

რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე

08.07.2022 • 6947
რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე

54 წლის იულია პაევსკას უკრაინა მისი საბრძოლო მეტსახელით იცნობს – „ტაირა“. ის უკრაინის ეროვნული გმირი და ცნობილი პარამედიკოსია, რომელიც 8 წელია დონბასში სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

მარიუპოლში მისი ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ამბავს უკრაინასთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და მის ბედზე ღელავდა. დღეს, ტელემარათონის ეთერში „ტაირამ“ თქვა, რომ ტყვეობაში სწორედ ხალხის მხარდაჭერამ გააძლებინა.

„ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ამ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი და მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – ამბობს „ტაირა“.

იულია პაევსკა ჯერ ისევ მკურნალობს, ამბობს, რომ ფიზიკურად თავს ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა ფსიქოლოგიურად ჯერ ისევ უჭირს და ამ პრობლემების დაძლევას ფსიქოლოგთან ერთად ცდილობს.

პარამედიკოსი, რომელსაც მოხალისეთა ჯგუფთან ერთად მარიუპოლიდან დაჭრილები გამოჰყავდა, რუსებმა 16 მარტს შეიპყრეს და ამ სამი თვის განმავლობაში, მასზე, როგორც “ნაცისტ ჯაშუშზე”, უამრავ ლეგენდას ქმნიდნენ.

იულია პაევსკას გათავისუფლების შესახებ 17 ივნისს საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა აცნობა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუზუსტებია, როდის და რა პირობებში გაათავისუფლეს ის, მხოლოდ თქვა, რომ „ტაირა“ უკვე შინაა და უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სხვა ტყვეებიც მალე დააბრუნოს.

“ტაირა” გათავისუფლების შემდეგ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

გათავისუფლების შემდეგ „ტაირა“ ტყვეობაში გადატანილ წამებისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ ილაპარაკებს.

„რუსები მეუბნებოდნენ, რომ მაინც არ მაცოცხლებდნენ და ჯობდა, თავი მომეკლა, – ჰყვება „ტაირა“. – „როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წამიყენეს ბრალდება, რომელიც სიკვდილის დასჯას ითვალისწინებს, სრულიად გაოგნებული დავრჩი. ვუხსნიდი, რომ ფიცს ვიცავდი, რომ უკრაინელ ხალხს შევფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მარიუპოლში. ამაზე მპასუხობდნენ, რომ არა, მარიუპოლი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაა“.

იულია პაევსკამ ტყვეობის ბოლო პერიოდი დონეცკში გაატარა. მასთან ერთად იზოლატორში იყვნენ ქალები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან და „აზოვიდან“, ასევე მოქალაქეები. „ტაირას“ ინფორმაციით, დონეცკის იზოლატორში რუსებს დატყვევებული ჰყავდათ 7 თვის ორსული ექიმი ქალიც.

„იქ უამრავი ტყვე დარჩა. დამოკიდებულება საშინელია. ასე თუ ისე გაჭმევენ და შიმშილით არ მოკვდები, მაგრამ ბოლო კვირაში საპონსაც კი არ გვაძლევდნენ. საკანში, რომელიც 3 მეტრი 6 მეტრზეა, 10 საწოლი და 22 ქალია. არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა საკუთარ ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესი იყო, თუმცა უმრავლესობას თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა.“

“ტაირა” ფოტო: მისი ფეისბუქგვერდიდან

„ტაირა“ ჰყვება, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობა მას საკონცენტრაციო ბანაკების ვითარებას აგონებდა.

„ძალიან მინდოდა ჩვენი მებრძოლებიდან ვინმეს მოვხვეოდი, უკრაინულ მიწას შევხდებოდი და ეს გამოვიდა, როგორც იქნა. ალბათობა იმისა, რომ ეს სურვილი ამიხდებოდა, ერთ პროცენტზე ნაკლები იყო, მაგრამ სასწაული მოხდა“, – იხსენებს „ტაირა.“

პარამედიკოსი გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ფრონტზე დაბრუნებას აპირებს: „ძალიან განვიცდი ყველას ამბავს და ვიცი, რომ თუ ფრონტის ხაზზე ვიქნები, მეტი ადამიანი გადარჩება. იქ კარგი ექიმები არიან, მაგრამ ექიმი არასდროსაა ზედმეტი. თუმცა ჯერ მისია მაქვს, ის უნდა შევასრულო და შემდეგ დავბრუნდები ფრონტზე, თუ მანამდე არ გავიმარჯვეთ, რადგან მე ჩვენი გამარჯვების გულწრფელად მჯერა“, – ამბობს იულია პაევსკა, თუმცა არ ამხელს, რაში მდგომარეობს მისი მისია.

პარამედიკოსი და მოხალისე იულია პაევსკა აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ტრენერი და დიზაინერია. ის 1968 წელს კიევში დაიბადა.

2014 წლამდე „ტაირა“ კერამიკაზე, წიგნების დიზაინსა და რეკლამაზე მუშაობდა, პარალელურად აიკიდოს ასწავლიდა. პარამედიკოსობა ევრომაიდნის მოვლენების დროს დაიწყო, 2014 წელს კი დონბასში წავიდა. მის მიერ შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს, რომელსაც 2019 წლისთვის უკვე 500 ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი, „ტაირას ანგელოზებს“ უწოდებენ.

“ტაირა” და მისი “ანგელოზები”/ფოტო: იულია პაევსკას ფეისბუქგვერდიდან

ომის დაწყების დღიდან „ტაირას“ და მის ანგელოზებს მარიუპოლიდან გამოჰყავდათ დაჭრილები. თავისი ბოლო შეტყობინება ფეისბუქში იულია პაევსკამ 13 მარტს გამოაქვეყნა, 16 მარტს „ტაირა“ რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ის ქალებისა და ბავშვების მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გადაყვანას ცდილობდა.

მთავარი ფოტო: იულია პაევსკა “ტაირა”/ფოტო: “Демократический топор”

წყარო: 24tv.ua, Nv.ua, Deutsche Welle.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: