მთავარი,სიახლეები

„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 320 მლნ ლარის ტენდერი მოიგეს – TI

09.07.2022 • 944
„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 320 მლნ ლარის ტენდერი მოიგეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტიების დაფინანსების შესახების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ისევ მთავარ პრობლემებად რჩება.

კერძოდ, 2021 წელს, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 41.9 მლნ ლარის  ხარჯი გაწია, რომელთა დაახლოებით 60% – „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა

„მმართველი პარტიის შემომწირველებმა ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ“-ამბობს „გამჭვირვალობა“.

პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები:

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს;

შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა;

მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009″ და შპს „მონოლითი – 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს.  დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა;

აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა  „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;

ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამბობს, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს.

„ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები.“

მაგალითად, 2021 წლის 12 ოქტომბერს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) თბილისის საკრებულოს წევრობის 16-მა კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ერთსა და იმავე დღეს იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა მათსავე წარმდგენ პარტიას შესწირა.

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა კანდიდატმა ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა მმართველი პარტიის ანგარიშზე.

„გაჩნდა ეჭვი, რომ ამ პირების მიერ განხორციელებული შემოწირულება კოორდინირებული შეიძლება ყოფილიყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნულ პირთა ფინანსები და შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა“-ამბობს „გამჭვირვალობა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების კუთხით არაეფექტიანია, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

„ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა.

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე.

სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში“-ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 2021 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, 2022 წლის 1 თებერვალს ძალაში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

„ეს ცვლილებები უარყოფითად შეფასდა, როგორც „ეუთო/ოდირის”, ისე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ცვლილებებით, ორმა პარტიამ – „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარტიამ „ლელო საქართველოსათვის”, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა“.

პოლიტიკური რეკლამა 

რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა.

შრომის ანაზღაურებაზე კი პარტიებმა ჯამში 4.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო.

„თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ნულოვანი ხარჯები.

გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები.

განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა –  26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო“-ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: