მთავარი,სიახლეები

ჰაიმარსები აშინებს რუსებს. აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხას ომში

08.07.2022 • 7897
ჰაიმარსები აშინებს რუსებს. აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხას ომში

„მარიუპოლის სინდრომი“ – ასე ასათაურებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ომის ეტაპს უკრაინაში, როცა რუსებმა ლისიჩანკის აღება რამდენიმე დღეში შეძლეს. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, როგორ შეიძლება იომო ალყაში და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას.

„ახლა უკრაინელებმა ძველი შემართებით უნდა სცადონ კრამატორსკის და სლავიანსკის დაცვა, რადგან კრამატორსკი განსაკუთრებით კარგად გამაგრებული თავდაცვის რაიონიაო,“ – დასძენს გადამდგარი გენერალ-მაიორი. მას ეჭვი ეპარება რუსებმა დონეცკის სრულად აღება შეძლონ. ვახტანგ კაპანაძე ელის, რომ რუსებს სევერსკის და კრამატორსკის გარეშე მოუწევთ თავდაცვაზე გადასვლა უკრაინაში ოკუპირებულ მიწებზე.

„აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას ამ ომში… იგივე „ჰაიმარსები“, რაც ასე აშინებთ რუსებს, სულ რამდენიმე ერთეულია უკრაინაში,“-  აღჭურვილობის დროული და სათანადო რაოდენობის მიწოდების გარეშე გადამდგარ გენერალ-მაიორს არ წარმოუდგენია ომის სურათის შეცვლა.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად იცვლება ფრონტის მიმართულება? ბოლო მონაცემებით, რუსები მიიწევენ უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებით, ამ დრომდე კი, რუსეთი მიიწევდა ძირითადად სლოვიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით.

სავარაუდოდ რუსები ზაპოროჟიეს მიმართულებით ცდილობენ იმ ტერიტორიებს დაბრუნებას, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევებით გაათავისუფლეს. არ მგონია, რომ ეს იყოს ახალი მიმართულება, რადგან ამ შემთხვევაში მათ დასჭირდებოდათ ძალების კონცენტრაცია. ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსებს სულ ჰყავთ 22 საბატალიონო, ტაქტიკური ჯგუფი. წარმოიდგინეთ, ერთ ტაქტიკურ ჯგუფზე მოდის ფრონტის დაახლოებით 13 კილომეტრი, რაც ძალიან დიდია შეტევისთვის. ერთი ბატალიონისთვის განსაზღვრულია კილომეტრ-ნახევარი ფრონტის მთავარი მიმართულებით, ხოლო მაქსიმუმ 3-5 კილომეტრი – ფრონტის სხვა მიმართულებით. თავდაცვაში შესაძლებელია ერთი ბატალიონი გასწვდეს 5-6 კილომეტრს. შესაძლოა, ბატალიონი გაძლიერებულია და 8 კილომეტრის დაცვაც შეძლოს, მაგრამ 13 კილომეტრი ძალიან დიდია ტაქტიკური გათვლებით.

სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მიმართულებით რუსებს მობილიზებული ჰყავდათ 44 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი ვიწრო ყელში, ერთ კილომეტრზე გამოდიოდა ერთი საბატალიონო ჯგუფი.

ასე რომ, თუ რამე სერიოზულს აპირებენ რუსები, მინიმუმ გადაჯგუფება უნდა დაიწყონ. რასაც ვაკვირდები, საკონტაქტო მოქმედებები შემცირებულია სლავიანსკის და სევერსკის  მიმართულებებზეც. მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შეტევები და ზაპოროჟიეს სექტპრში. ეს შეიძლება იყოს მცირე მასშტაბის, ლოკალური შეტევები, რომლებიც უფრო ჰგავს დაზვერვას ბრძოლით, ვიდრე ორგანიზებულ შეტევას. ეს არის მეთოდი, როცა გინდა მოსინჯო მოწინააღმდეგის სიძლიერე, მისი საცეცხლე საშუალებები, რადგან დაზვერვის სხვა მეთოდებით სრულად ვერ მოახერხე ამ ინფორმაციის მიღება.

  • თქვენია აზრით, „გადამწყვეტი მომენტია“ ახლა სლავიანსკის აღება? ამ ფრაზას იყენებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და აღნიშნავს: „ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის დანაყოფების შეტევის საფრთხის ქვეშაა“.

გადამწყვეტია ეს დონბასის აღების კუთხით. ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკვე გავიდნენ რუსები, თუ სლავიანსკი და კრამატორსკი აიღეს, ფაქტობრივად ძირითადი თავდაცვითი ზღუდე გადალახული ექნებათ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც გასული იქნებიან. დონბასი, მოგეხსენებათ, დონეცკი და ლუგანსკია.

რამდენად დაეჯერება, არ ვიცი, მაგრამ პუტინმა თქვა, რომ სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის აღების შემდეგ დანაყოფებს დასვენება სჭირდებათ, მძიმე ბრძოლები ჰქონდათ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსები, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით შეტევებს განაგრძობენ ძირითადად უკანდახეული უკრაინელების მხრებზე და მანამ, ვიდრე წარმატება გარკვეული სახით მაინც ექნებათ, ვიდრე მათ ხელში იქნება ინიციატივა.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსებს სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე წარმატება არ აქვთ, თუმცა სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის ზღუდეზე შესაძლოა, არ მისცენ უკრაინელებს გამაგრების შესაძლებლობა. მე თუ მკითხავთ, არც უნდა გამაგრდნენ უკრაინელები ამ რაიონებში, რადგან სევერსკი არის დაბლობი და აქ დამატებით ძალების თავმოყრა და ძირითადი ძალების ორგანიზება, ჩემი აზრით, არ ღირს.

ჩემი აზრით, ისევ აჯობებს უკრაინელებმა სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე გააძლიერონ თავდაცვის ზოლი, ხოლო სევერსკის, ბახმუტის და სოლედარის რაიონში მოაწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოლი. სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონში საჭიროა თავდაცვის ძალისხმევის კონცენტრაცია.

  • საინტერესოა თქვენი მოსაზრება გრუძინსკის დაკავებაზე, რომელიც რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო წარმოების მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი იყო და მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 16 ათასი დოლარის მითვისებას ედავებიან. ეს ბრალდება თქვენთვის რა მესიჯია? 

დეტალები არ ვიცი, თუმცა ეს უფრო აჩვენებს კორუფციას მაღალ ეშელონებში. იყო პროექტები, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ბრძოლების წინ და ეფექტურად გამოეყენებინათ სხვადასხვა საბრძოლო სისტემა, მაგრამ ჩავარდა. შესაძლოა, მან რამე საწინააღმდეგო თქვა ომთან დაკავშირებით, ან რაღაც მონაცემების ფაბრიკაცია მოხდა.

შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სარაკეტო შეიარაღებასაც, რადგან რეალურად მართლაც საბჭოთა წარმოების, 50-იანი წლების ფრთოსსნ რაკეტებს იყენებენ რუსები, რაც იყო განკუთვნილი მოწინააღმდეგის საზღვაო დაჯგუფებებზე დარტყმისთვის. ფაქტია, რომ ზუსტი დარტყმის, მაგალითად “კინჯალის” თანამედროვე, ფრთოსანი რაკეტების რესურსი რუსებს ამოეწურათ. არ ვიცი, ეს რამდენად იყო გრუძინსკის ბრალი. ფაქტია, რომ საბჭოთა წარმოების რაკეტების დიდი რაოდენობა აქვთ რუსებს. ეს რაკეტები უკრაინამაც მისცა რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა შეთანხმდნენ უკრაიმის მიერ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე. მაშინ უკრაინელებმა ეს რაკეტები მისცეს რუსებს თუ არ ვცდები ნავთობის სანაცვლოდ. ახლა ამ რაკეტებს ესვრის რუსეთი უკრაინას.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რამდენად არსებობს ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის საფრთხე? დღეს, 8 ივლისს, ბელარუსში სრულდებოდა სამხედრო წვრთნები, თუმცა ის ისევ გაგრძელდება. 

ეს წვრთნები უკავშირდება სამობილიზაციო მზადყოფნას. ჩემი აზრით, ბელარუსის ამ ომში ჩართვის შანსი ისევ 50 – 50-ზეა, თუმცა მე უფრო მგონია, რომ ამ ეტაპზე ბელარუსია არ ჩაერთვება ომში – ჩანს, რომ ლუკაშენკო ცდილობს, თავიდან აიცილოს ომში მონაწილეობა. საგულისხმოა ისიც, რომ ბელარუსის საწყობებიდან იარაღს აწვდიან რუსეთს. თუ თვითონ აპირებს ომს, მაშინ აღარ მიაწვდიდა ამ შეიარაღებას რუსეთს, თავად გამოიყენებდა.

  • უკრაინის ძალები ხერსონის სექტორში წინსვლას განაგრძობენ. რა პირობა ჩნდება იმისთვის, რომ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიონ? თქვენი დაკვირვებით, რამდენად შექმნეს უკრაინელებმა კონტრშეტევით პლაცდარმი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, რაც შეცვლის სურათს?

ძალიან მნიშვნელოვანია პლაცდარმის შექმნა ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის. ამიტომაც, ასეთი აქცენტირებულია ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებები. აქედან, სამხრეთიდან, შეუძლიათ უკრაინელებს დონბასის გათავისუფლება. ამ მცირე მასშტაბის ლოკალური წარმატებები სავარაუდოდ ქმნიან წინაპირობას შემდეგი შეტევისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ ხერსონში რუსებს არ ჰყავს ის ძალა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა არ შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინელებს დასჭირდებათ შესაბამისი ტიპის და საშუალებების საცეცხლე საშუალებები.

  • წინა ინტერვიუში გვესაუბრეთ იმაზე, რომ რუსებმა უკრაინელების შიშით კატერებით გამოიყვანეს ხალხი ზმეინიდან, თუმცა ბოლო დღეებში შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა. ეს რას უკავშირდება, თქვენი აზრით?

ძირითადად ეს სჭირდებათ რუსებს უკრაინის პორტების ბლოკირებისთვის, რომ უკრაინამ  ვერ შეძლოს, მაგალითად, ხორბლის ექსპორტი. მეორე მიზანი კი, სარაკეტო დარტყმებია. უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ძირითადად ხომალდებიდან ხორციელდება. ბელარუსიდან ხდება საჰაერო საშუალებებით, ხოლო შავი ზღვიდან ურტყამენ ხომალდებიდან.

  • საითკენ მიდის პროცესი ახლა? უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ „უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება რუსეთთან ომში აგვისტოში იქნება, ზამთარში კი, აქტიური საომარი მოქმედებების ტემპი შენელდება.“ 

არ ვიცი, აგვისტოში რამდენად მოხერხდება დიდი გამარჯვება, თუმცა გააჩნია, რას დაარქმევ გამარჯვებას.

ჩემი აზრით, აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას ამ ომში და ეს დამოკიდებულია მეტწილად აღჭურვილობაზე, რაც უნდა მიიღოს დროულად უკრაინამ და უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით. იგივე „ჰაიმარსები“, რაც ასე აშინებს რუსებს, სულ რამდენიმე ერთეულია უკრაინაში. მიუხედავად ამისა, უკვე ახორციელებენ რუსების სადევიზიო ზურგის სიღრმეზე (50 კმ-მდე) განლაგებული საბრძოლო მასალის საწყობებსა და საარმიო მართვის მოწინავე პუნქტებზე წარმატენულ დარტყმებს. ამას როცა დაემატება შორი და ზუსტი დარტყმის სხვა საშუალებები, ეს უკვე დაეტყობა ბრძოლის სურათს.

  • თქვენი დაკვირვებით, გადადის რუსეთი უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების თავდაცვაზე? 

ჩანს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ცდილობს, დონბასში შეინარჩუნოს გამოიყენოს მის ხრლთ არსებულო ინიციატივა, ვიდრე უკან იხევს უკრაინა და არ მისცეს უკრაინელებს ახალ ზღუდეებზე გამაგრების საშუალება. თუ შეჩერდება რუსების წინსვლა სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე, ისინი იძულებული იქნებიან გადავიდნენ დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, რასაც ისინი უკვე ახორციელებენ და მხოლოდ ამ მიმართულებით არის შეტევა. ძირითადად ძალების კონცენტრაცია არის სევერსკის და სლავიანსკის მიმართულებაზე.

  • უშვებთ, რომ რუსებმა შესაძლოა ვერ აიღონ დონეცკი და ისე დაიწყონ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა? 

დიახ, შესაძლოა, ვერ აიღონ. არ არის გამორიცხული, რუსებმა ბოლო ჯარისკაცამდეც იომონ, ვერ მიხვდები, რა აქვთ მოაზრებული რუსებს ზოგადად, მაგრამ ასე თუ გააკეთეს, ეს იქნება დიდი შეცდომა მათი მხრიდან, ისევე, როგორც უკრაინელებმა დაუშვეს შეცდომა, ჩემი აზრით, როცა მათ მნიშვნელოვანი ძალები შეალიეს სევეროდონეცკისთვის ბრძოლას და თავის დროზე ძირითადი თავდაცვის ზღუდე არ მოაწყვეს გეოგრაფიულად უფრო ხელსაყრელ ლისიჩანსკზე. შესაბამისად, უკანდახევის შემდეგ ძალაგამოცლილმა მებრძოლებმა ვეღარ შეძლეს ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევა, რის გამოც მისი დატოვება მოუხდათ. რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და ახლა ისინი უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ. თუ გახსოვთ, ადრე ვამბობდი, რომ დასახლებულ პუნქტზე შეტევის პირობაა ჯერ მისი ალყაში მოქცევა, რისი მცდელობაც იყო ლისიჩანსკზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინელები გამოსულიყვნენ ამ ქალაქიდან.

მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელები შეძლებენ “მარიუპოლის სინდრომის” გადალახვას და შეძლებენ ალყაში ბრძოლასაც. დასატოვებელი ტეროტორიები მათ უკვე დატოვეს. ახლა უკრაინელებმა ძველი შემართებით უნდა სცადონ კრამატორსკის და სლავიანსკის დაცვა, რადგან კრამატორსკი განსაკუთრებით კარგად გამაგრებული თავდაცვის რაიონია. უკრაინელებმა უნდა შექმნან ერთიანი თავდაცვის ხაზი.

  • „მარიუპოლის სინდრომი“ ახსენეთ – უკრაინელების საბრძოლო შემართებაში ამჩნევთ ამ ცვლილებას? 

ქართული გამოთქმა არსებობს, დამწვარი ბავშვი ცივ წყალსაც სულს უბერავდაო… ალყაში მოქცევა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დატოვო ტერიტორია. ალყაშიც შეიძლება და უნდა იბრძოლო პოზიციების ბოლომდე შენარჩუნებისთვის, ცხადია, საღი აზრის ფარგლებში და ამას უნდა ჰქონდეს ოპერატიული, ან ტაქტიკური მნიშვნელობა. მე ეჭვი მეპარება, რომ სევერსკის და კრამატორსკის მიმართულებაზე უკრაინელების ალყაში მოქცევა შეძლონ რუსებმა, თუ აქ უკრაინელები მედგრად დადგებიან და იომებენ ისე, როგორც აქამდე ომობდნენ. ვფიქრობ, რუსებს დამატებით ძალების გადასროლა დასჭირდება ამ რთული და კარგად დაცული რაიონის აღებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: