მთავარი,სიახლეები

„გემზე ერთადერთი ქალი მე ვიყავი“ – პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან

08.07.2022 • 3568
„გემზე ერთადერთი ქალი მე ვიყავი“ – პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან

21 წლის მარიამ გურგენიშვილი გემის მექანიკოსია. როგორც გვითხრეს, ის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოში. მარიამი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს და უკვე სამთვიანი პრაქტიკაც გაიარა გემზე.

იგი თბილისიდანაა და საგანგებოდ საზღვაო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოვიდა ბათუმში, როგორც სტუდენტი. 

როგორც მარიამმა უთხრა „ბათუმელებს“, მექანიკოსის პროფესიით ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და საკუთარ თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ხედავს.

„ოჯახის წევრი მყავს გემის მექანიკოსი და როცა თავის ამბებს გვიყვებოდა, სულ ინტერესით ვუსმენდი. შემდეგ კი გადავწყვიტე ეს პროფესია ამერჩია.

თავიდან ბათუმის საზღვაო აკადემიის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობაზე ჩავაბარე, მოგვიანებით კი, როცა გავიგე, რომ ბათუმში შემეძლო გემის მექანიკოსობის შესწავლა, აქ გადმოვედი სასწავლებლად.

მეოთხე კურსზე ვარ, თუმცა პრაქტიკაზე უკვე ვიყავი გემზე და სამი თვე გავატარე,“- ამბობს მარიამი.

ზღვაში პირველად 2021 წლის 17 ნოემბერს გავიდა. ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა არ დანებდა.

მექანიკოსობის გარდა, მარიამს გემზე სხვა სამუშაოს შესრულებაც უწევს.

„პირველი ერთი კვირა გამიჭირდა, რადგან იმ საქმეების კეთება მიწევდა, რაც, წესით, არ შედის გემის მექანიკოსის ფუნქციაში. ღებვა, შედუღება, ხესთან მუშაობა, რაიმე დანადგარი თუ გაფუჭდებოდა, უნდა დავხმარებოდი, მძიმეს აწევა და ასე შემდეგ. ყველაფერს ვაკეთებდი.

მე ვარ კადეტი, ჯერ არანაირი წოდება არ მაქვს და შეუძლიათ დამავალონ. 18:00 საათამდე ვმუშაობდი, მაგრამ თუ, ვთქვათ, რაღაც გაფუჭდებოდა ცხრაზე ან ათზე და მოგვიწევდა გვიანობამდე მუშაობა, ამ საათებს არ გვინაზღაურებდნენ.

თურქულ კომპანიაში ვმუშაობდი. ამ გემზეც და კომპანიაშიც ერთადერთი ქალი მე ვიყავი. კი, თურქულ კომპანიებშიც არიან ქალები გემზე, მაგრამ ძირითადად კაპიტნები არიან ხოლმე, ან საკრუიზო გემებზე მუშაობენ. მექანიკოსი ქალები არ შემხვედრია.

თუმცა მე ყველას დავუმტკიცე, რომ ქალებს არანაკლებად შეგვიძლია შრომა. სხვათა შორის, ჩემ შემდეგ გემზე ორი ახალგაზრდა კაცი ამოვიდა, მაგრამ ვერ გაუძლეს და ერთ თვეში დატოვეს გემი. მეც იმავე სამუშაოს ვაკეთებდი, მაგრამ მე ბოლომდე დავრჩი,“- გვიყვება მარიამი.

რთული პირობებისა და მძიმე შრომის მიუხედავად, მარიამი თავის მომავალს ამ საქმეში ხედავს და ამბობს, რომ მოუთმენლად ელის, კიდევ როდის წავა გემზე.

„უკვე დღეებს ვითვლი, როდის დავასრულებ სწავლას და წავალ გემზე. პირველად როცა წავედი თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში მოგვიწია შესვლა, თუმცა ქალაქში გასვლას ვერიდებოდი, რადგან პანდემია იყო და აცრილიც არ ვიყავი. ახლა ველოდები, კიდევ როდის წავალ.

მარიამ გურგენიშვილი, გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში.

მომწონს ჩემი პროფესია, რადგან განვითარებადია, სულ ახალი ტექნიკა შემოდის, ახალი ფუნქციებით და შესაბამისად, საინტერესოა“ – ამბობს მარიამი.

გემის მექანიკოსის ფუნქცია-მოვალეობა გემის სამანქანე განყოფილებაში არსებული დანადგარების შეკეთება და მწყობრში მოყვანაა, თუმცა სანამ მთავარი მექანიკოსი გახდები, შესაძლოა სხვა სამუშაოს შესრულებაც გახდეს საჭირო, რაზეც მარიამმა გვიამბო.

„სიმართლე გითხრათ, როცა ღამდებოდა, მაშინვე ვიძინებდი, ისეთი დაღლილი ავდიოდი ხოლმე კაიუტაში. ცაზე ვარსკვლავების ყურების დროც კი არ მქონია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა და ძალიან მომწონს ჩემი პროფესია,“- გვითხრა მარიამმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: