მთავარი,სიახლეები

ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – „სახანძროს მოსასვლელად 52 წუთი დასჭირდა“

08.07.2022 • 2579
ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – „სახანძროს მოსასვლელად 52 წუთი დასჭირდა“

8 ივლისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა. მეხანძრეებმა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სამი დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია.

„ღამის სამის ნახევარი იყო, რომ გაჩნდა ხანძარი, არ ვიცი რისგან, ალბათ სადენებისგან… ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ,  ტელევიზორი წამოვიღე მხოლოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბაგრატ შანთაძემ, ვისი სახლიც დაიწვა ბოძაურში.

სოფელი ბოძაური კურორტ გოდერძის გზაზეა, სადაც გზა წლებია ვერ გააკეთეს. ამას ემატება ისიც, რომ ხულოში სახანძრო სამსახური მხოლოდ ხულოს ადმინისტრაციულ ცენტრშია. ხულოს ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ბოძაურამდე 14.5 კილომეტრია. ბაგრატ შანთაძე ამბობს, რომ სახანძროს ხულოს ცენტრიდან  ბოძაურში ასასვლელად 52 წუთი დასჭირდა.

„ზუსტად 52 წუთი დასჭირდა სახანძროს ამოსასვლელად, რომ ამოვიდნენ, სახლი თითქმის დამწვარი იყო,“ – გვიყვება ბაგრატ შანთაძე და ახსენებს სიტყვას – „ზუსტად“ იმის ხაზგასასმელად, თუ რა დრო დასჭირდა მანქანის მისვლას.

სოფელ ბოძაურში მაისშიც დაიწვა სახლი. მაშინ ხანძარს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხულოში ხის სახლების გადარჩენას ხანძრის დროს ხშირად ვერ ახერხებს სახანძრო-სამაშველო სამაშველო სამსახური, რადგან ხულოს ზოგიერთი სოფელი ცენტრს დაშორებულია, გზა – ცუდი, ხის სახლი კი სწრაფად იწვის. ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2021 წელსაც წერდა, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.

ხულოს მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ოჯახს ქირით გადაიყვანენ, ხოლო სარეზერვო ფონდიდან საკომპენსაციო თანხა 20 ათას ლარამდე გაიზარდა.

რატომ არ არის სახანძრო სამსახური, ან რატომ ვერ მოეწყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ხულოს სოფლებში, სადაც ბევრი ხის სახლია და ხანძრის დროს მათი გადარჩენა ვერ ხერხდება? – ხულოს მერიის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ეს მათი კომპეტენეცია არ არის, თუმცა სამაშველო სამსახურიდან აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ხიხაძირის და ღორჯომის თემებში დაემატოს სახანძრო ბრიგადები.

______________

ფოტოზე: ხანძარი ბოძაურში, 8 ივლისი, 2022 წ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: