რა ხდება, როცა ბავშვი დღენაკლი იბადება – ნეონატოლოგის რჩევები

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. დღენაკლად მიიჩნევა ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე პერიოდში იბადება.

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად იბადება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეონატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ნაირა სურმანიძის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაადრევი მშობიარობების მაჩვენებელი მზარდია.

  • ქალბატონო ნაირა, რა არის ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები?

ბავშვი, რომელიც იბადება ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე ვადაში და 500-დან 2500-მდე გრამს იწონის, მიიჩნევა დღენაკლ ახალშობილად.

სტატისტიკა მზარდია. ვხედავთ, რამდენი დღენაკლი ბავშვი იბადება, გახშირებულია ძალიან და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ყველაზე ხშირია ნაადრევი მშობიარობა დედებთან, რომლებსაც აწუხებთ შარდკენჭოვანი დაავადება, იმიტომ, რომ თირკმლების პათოლოგია პირდაპირ აისახება ორსულობაზე, ვინაიდან მაღლა იწევს წნევა, შარდში ცილა მატულობს და ეს 100%-იანი რისკია ნაადრევი მშობიარობის.

ნაადრევი მშობიარობის მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ დედების სოციალური მდგომარეობაც – ქალები ვერ იკვებებიან სწორად/სათანადოდ, არ არიან სათანადო დროით სუფთა ჰაერზე, არ სეირნობენ, ექიმთან ვიზიტებიც ძალიან შემცირებულია.

ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ის, რომ წყვილები არ ემზადებიან ორსულობის დაგეგმვაზე, სპონტანურად ხდება ორსულობა და თავისთავად, მერე იქმნება პრობლემები. თუმცა ეს მხოლოდ დედის მიზეზით არ ხდება, მამაც შეიძლება იყოს მიზეზი.

ორსულობის დასაგეგმად მომზადება სჭირდება როგორც დედას, ასევე მამას, რადგანაც ძალიან გახშირებულია უნაყოფობის გამომწვევი ანთებითი პროცესები, მერე მიდის დამატებით მკურნალობა, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს ის გართულებები, რომელთა მიზეზითაც ბავშვი იბადება დღენაკლი. ძალიან ბევრი ინფექციაა, რომლებზეც მამამაც უნდა იმკურნალოს, მაგალითად, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, შიდსი, ტრიქომონიაზი.ზოგადად, წყვილი ერთად უნდა მოემზადოს ორსულობისთვის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს კულტურა არ არის, წყვილები ექიმთან არ მიდიან, განსაკუთრებით რთულია მამების დათანხმება.

როცა წყვილი დაგეგმავს ორსულობას, უნდა მივიდნენ ექიმთან, ჩაიტარონ გამოკვლევები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა წყვილს ნაადრევი მშობიარობის გამოცდილება უკვე აქვს. ვიცი წყვილი, რომელთა შემთხვევაშიც ეს ორჯერ მოხდა, ექიმთან კი მაინც არ მიდიან და არ იკვლევენ მიზეზებს.

დედის და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობის ფაქტორიც ერთ-ერთი მიზეზია ნაადრევი მშობიარობის, თუმცა დღეს ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს ჩვენი მეანები მკურნალობის სახით.

შესწავლილია რისკ-ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაადრევ მშობიარობაზე. ესაა: ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში, ქალის დაბალი წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით, ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი და სხვა.

ნაადრევი მშობიარობის ყველაზე ხშირი მიზეზია ქალის ანთებითი პროცესები (განსაკუთრებით სასქესო ორგანოების), ასევე კაცის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები და ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა, რაც გამოწვეულია დედის დაავადებით, მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადებით.

  • როგორია დღენაკლულობით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებები და დაავადებები?

დღენაკლი ახალშობილი უკვე დიაგნოზია. ასეთ ბავშვებთან შეიძლება განვითარდეს ასფიქსია, ანუ როცა ბავშვის დაბადებისას ფილტვი ვერ იშლება. ამ დროს საჭირო ხდება რეანიმაციული ჩარევა.

დღენაკლულ ბავშვებში ხშირია პარკუჭსა და ტვინში სისხლჩაქცევები, ეს სისხლჩაქცევები შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი ანუ პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, მაგრამ რაც უფრო ღრმაა დღენაკლულობა, მით უფრო მაღალია ჩაქცევის ხარისხი. მაგალითად, ღრმა დღენაკლულებს უფრო ახასიათებთ მესამე ხარისხის ჩაქცევები, ანუ ჰემორაგიები ტვინში, რაც შემდგომ იწვევს ჰიდროცეფალიას – როცა ტვინი არ ვითარდება და მისი დიდი წილი უჭირავს წყალს.

დღენაკლი ბავშვების თითქმის 100 პროცენტს უვითარდება სეფსისი, ეს იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი და კანის ზედაპირი ძალიან ნაზია. მართალია, მკურნალობა ხდება, მაგრამ შეიძლება ყოველთვის ეფექტური არ იყოს და სავალალო შედეგებამდეც მივიდეთ. ხშირია დღენაკლულ ბავშვებში ელექტროლიტების დარღვევაც და რა თქმა უნდა, საჭიროებს კორექციას მკურნალობის სახით.

ასეთ ბავშვებში ხშირია ცერებრული დარღვევები, დამბლები, ასევე ყურთასმენის და მხედველობის დაქვეითება.

დაბადებისას დღენაკლ ბავშვებს სჭირდებათ ინტენსიური მოვლის პალატაში მკურნალობა, რადგან ფილტვი უმწიფარია, ის ვერ იშლება, რის გამოც ბავშვი გადაგვყავს მართვით სუნთქვაზე. თითქმის ყველა დღენაკლ ბავშვს სჭირდება ინტენსიურ პალატაში მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საქმე ის არის, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვი ზრდის ყველა ეტაპს (სანამ მივა იმ ასაკამდე, როცა უნდა დაბადებულიყო), გადის დედის მუცლადყოფნის გარეშე, ხელოვნურად, ინტენსიურ პალატაში. რაც არ უნდა მომზადებული იყოს პერსონალი და რაც არ უნდა კარგად იყოს აღჭურვილი განყოფილება, ძალიან რთულია ავშვის სტაციონარში გამოზრდა. ეს რთულია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.

  • თუ არის შესაძლებელი დღენაკლ ბავშვთა სრული გამოჯანმრთელება და რა განაპირობებს გარკვეული შეზღუდვებისა და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობას?

ამას განაპირობებს გესტაციური ვადა, რაც უფრო დაბალია ორსულობის გესტაციური ასაკი, უფრო მაღალია რისკი. მაგალითად, 22-დან 27 კვირამდე დაბადებული ბავშვების ასივე პროცენტს სჭირდება ინტენსიური მოვლა. ესენი არიან 500-დან 1500 გრამამდე წონით დაბადებული დღენაკლი ახალშობილები, სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველაზე მძიმე და სუსტი წერტილი, რომლებიც განსაკუთრებულ მაღალ რისკებთან არიან დაკავშირებული. მაგალითად, დაბალი გესტაცია ძალიან ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვს სამომავლოდ დარჩეს ბავშვთა ცერებრული დამბლა, თუმცა არის რაღაც პროცენტი, რომლის სრულად განკურნებაც ხდება.

რაც შეეხება 30 კვირიდან 37 კვირამდე დაბადებულ დღენაკლ ახალშობილებს, რაღაც ჩარევა შესაძლოა ყველა მათგანს დასჭირდეს, მაგრამ მათგან 90 პროცენტზე მეტის მკურნალობა სრულდება კარგი გამოსავლით, რადგან ისე თუ ასე მომწიფებულია ამ ვადის ბავშვი და მცირედი რეაბილიტაცია/დახმარებაც საკმარისია მის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, თუ სიცოცხლესთან შეუთავსებელი რაიმე დიაგნოზი არ აქვს (მაგალითად: ანომალიები, გულის თანდაყოლილი მანკები ან რაიმე ორგანოს არარსებობა), მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ დღენაკლ ბავშვებს არ ახასიათებთ, შესაძლოა დროულ ბავშვთანაც იყოს ეს პრობლემა.

  • ნაადრევი მშობიარობა ყოველთვის მოულოდნელად დგება, თუ შემოწმების დროს შესაძლებელია ამის განსაზღვრა?

შესაძლოა სპონტანურადაც დადგეს, მაგალითად, როცა წნევა ძალიან მაღლა უწევს ქალს, მაგრამ ხშირად დაგეგმილად ხდება, როცა მეანის მეთვალყურეობის ქვეშ არის ორსული და ეუბნება პაციენტს – ამ ვადამდე მივიყვანეთ ნაყოფი, ამის შემდეგ კი უკვე რისკის შემცველია ორსულობის გაგრძელება როგორც ქალისთვის, ისე ბავშვისთვის, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ორსულობა.

  • რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს მშობლის ჩახუტებას, კანით კანთან კონტაქტს?

დედასთან ჩახუტება ნამდვილად მძლავრი თერაპიაა. თუ ახალშობილის მდგომარეობა, დროული იქნება ის თუ დღენაკლი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავუწვინოთ დედას გულზე, ასეც ვიქცევით, იმიტომ, რომ ასე არ ირღვევა სითბური ჯაჭვი, ანუ რა ტემპერატურიდანაც დაიბადა ბავშვი, კანით კანთან კონტაქტისას ის ტემპერატურა შენარჩუნებულია. შესწავლილია, რომ დედის სუნი, მოფერება, ალერსი, ხმა – ძალიან დადებითად მოქმედებს ახალშობილებზე.

ახალშობილს, რომელიც ვერ ტირის და სჭირდება დახმარება სამშობიარო ბლოკშივე, დედას ვერ დავუწვენთ, თუმცა ის სითბო, რა სითბოდანაც/ტემპერატურიდანაც გამოვიდა ახალშობილი, შენარჩუნებული გვაქვს. ახალშობილთა ინტენსიური მოვლის პალატაში დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, იქ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სიჩუმე და სიბნელე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვის ტვინში არ მოხდეს თუნდაც რაიმე წერტილოვანი სისხლჩაქცევა.

ჯანმოს უახლესი გაიდლაინით, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა, კანით კანზე კონტაქტი დაბადების მომენტიდან რაც შეიძლება მეტი საათის განმავლობაში განსაკუთრებულად სასარგებლოა დღენაკლი ახალშობილისთვის. „კვლევამ ახლა აჩვენა, რომ კენგურუს მეთოდის [დედასა და ახალშობილს შორის უწყვეტი კანით კანთან კონტაქტი და ექსკლუზიურად ძუძუთი კვება] დაწყება მშობიარობისთანავე სიცოცხლის გადამრჩენელია, ამცირებს ინფექციებს და ჰიპოთერმიას, აუმჯობესებს კვებას“. – წერს ჯანმო.

სიცივე და სითბოს ვერ შენარჩუნება გამოიწვევს ბავშვში მძიმე პრობლემებს – ელექტროლიტების დარღევევას, გლუკოზის დაცემას, სუნთქვის გაძნელებას და ა.შ.

  • როგორია დღენაკლი ბავშვების ჯანმრთელობა და იმუნიტეტი მომავალში?

ინტენსიური მოვლის პალატიდან გამოსულ ბავშვს, რომელთანაც მედიკამენტური მკურნალობა დასრულდა, შემდეგ სჭირდება რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ფიზიკურ ზემოქმედებას ბავშვზე. ეს არის მასაჟი, ბალნეოლოგია, ფიზიოთერაპია, მაგნიტური ველი, იმპულსური თუ ლაზერული თერაპია და ამ ყველაფერში მშობლებიც არიან ჩართულნი. მშობლებმა მეთოდისტებთან უნდა გაიარონ კურსი, რათა რეაბილიტაცია გააგრძელონ სახლშიც, იქნება ეს მასაჟი, მოფერება, საუბარი, მუსიკა თუ სხვა აქტივობა.

ინტენსიური სარეაბილიტაციო პერიოდი წლამდე გრძელდება. თუ სხვა პრობლემებია, მაგალითად, ცერებრული დამბლა, იქ უფრო სხვა და ხანგრძლივი პროცესია.

დღენაკლი ბავშვების იმუნიტეტი მომდევნო წლებშიც სუსტია, უფრო ხშირად ავადდებიან ვირუსული და ინფექციური დაავადებით, ამიტომ ასეთი ბავშვების იმუნიზაცია ანუ აცრა აუცილებელია.

მთელი უკრაინიდან რუსების განდევნა უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა – გენერალი მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი მიიჩნევს, რომ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა და ეს შესაძლოა უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყოს.

მისი თქმით, ახლა რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს უკრაინის დაახლოებით 20%.

„უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, უახლოეს მომავალში, ისე, რომ მთელი უკრაინიდან, მათ შორის, ყირიმიდანაც, განდევნონ რუსი სამხედროები, მაღალი არ არის,“ – განაცხადა გენერალმა, რომლის კომენტარსაც CNN-ი ავრცელებს.

მილი დასძენს, რომ სამაგიეროდ, „შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„რუსი სამხედროები ნამდვილად რთულ მდგომარეობაში არიან. და როდესაც თქვენ გინდათ მოლაპარაკებები, როდესაც თქვენ ძლიერი ხართ, თქვენი მოწინააღმდეგე კი დასუსტებულია, შესაძლებელია, დიახ, შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს შესაძლებელია,“ – აღნიშნავს მილი.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ყირიმი უფრო და უფრო ემსგავსება ხაფანგს რუსეთის ფედერაციისთვის და ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ რუსებს ძველებურად აღარ შეუძლიათ უკრაინის სამხრეთში მყოფი საკუთარი ჯარების მხარდაჭერა.

ჰოჯესის პროგნოზით, 2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინის არმია მთელი ქვეყნის დეოკუპაციას შეძლებს.

„აღსრულება ვეღარ მოხდება“ – იურისტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

„მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება, ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშნვა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“.

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ლონდა თოლორაიას და სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი იყო და მისი სამსახური პარლამენტმა მას შემდეგ გააუქმა, როცა თოლორაიამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ოცნებისგან“ ჩამოცილებული ინსპექტორისთვის კომპენსაცია უნდა მიეცათ, ან ტოლფასი თანამდებობა შეეთავაზებინათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ორი ახალი უწყების შექმნა კონსტიტუციური იყო.

„ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სადავო ნორმის შეჩერება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მომხდარიყო ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, რაც იქნებოდა საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალური სამსახურის უფროსის პოზიციები. დღეს კი, ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვეღარ მოხდება, ორივე პოზიციას სხვა პირები იკავებენ.

კომპენსაციის ნაწილში კი, შესაძლებელი იქნება აღსრულება, იგულისხმება განაცდური,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ, რომელიც ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავდა.

ამ საქმეზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ. ის ყურადღებას ამახვილებს „მსუსხავ ეფექტსა“ და განგრძობად რისკზე, რამაც შესაძლოა თვითნებობა გააძლიეროს დამოუკიდებელი ორგანოების წინააღმდეგ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მხრიდან კონსტიტუციური ორგანოების მსგავსი მნიშვნელობის მქონე დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირის თანამდებობიდან მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე გათავისუფლებისათვის სივრცის მინიჭებას გააჩნია ე. წ. „მსუსხავი ეფექტი“ აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საწინააღმდეგოდ, წარმოშობს სახელმწიფოს თვითნებობის იმანენტურ და განგრძობად რისკებს, უგულებელყოფს დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციურ გარანტიებთან დაკავშირებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ გარანტიას,“ – წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე და ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტსაც აზარალებს.

„ვთვლი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის აღსრულება უუნარო, რაც, მოსარჩელესთან ერთად, აზარალებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ ავტორიტეტს,“- დასძენს გიორგი კვერენჩხილაძე.

ამ საქმეზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებიც კი გამართეს და მოსამართლეებს  სთხოვეს შუამდგომლობის დროულად განხილვა, რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმის მოქმედება უნდა შეჩერებულიყო. საბოლოოდ, პირველი კოლეგია შეიკრიბა, თუმცა მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ შეაჩერა.

საიას იურისტების შეფასებით, რადგან მოსამართლეებმა სადავო ნორმა არ შეაჩერეს, ამ საქმის მოგებაც უკვე ვეღარაფერს შეცვლის. საიას ეს შეფასება მაშინ, 2022 წლის თებერვალში, პრაქტიკულად გაიზიარა და მოსამართლეებს არ დაეთანხმა პირველი კოლეგიის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეც, მან მაშინაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 17 ნოემბერს, გავრცელებული შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა „საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. – „ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის, როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით…

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ საქმეზე, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან.

გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ უპირობოდ.

საქართველოს პარლამენტის პოზიციით კი, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება“.

პარლამენტის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები.

მახინჯაურში გაზი 3 საათით გაითიშება

18 ნოემბრის 12:00 საათიდან 18 ნოემბრის 15:00 საათამდე ბათუმში, მახინჯაურის დასახლების აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

სტამბოლში სასამართლომ 8 658 წელი მიუსაჯა ტელემქადაგებელს

სტამბულის სასამართლომ, განმეორებით განხილვის შემდეგ, ტელემქადაგებელს, 66 წლის ადნან ოქთარს, პატიმრობის სასჯელი 9 803 წლიდან 8 658 წლამდე შეუმცირა. ეს პატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადაა არამხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოში.

ამჯერად ოქტარს 891 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მართვის, სექსუალური ძალადობის, განათლების უფლებაზე უარის თქმის, წამების, გატაცებისა და პირადი მონაცემების უკანონო შენახვის ბრალდებით.

ადნან ოქთარი თავის გადაცემაში წლების განმავლობაში ქადაგებდა კონსერვატიულ ღირებულებებსა და სამყაროს შექმნის რელიგიურ თეორიებს, სტუდიაში მის ირგვლივ კი ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ მუსიკის ფონზე. მას ჰარუნ იაჰიას ფსევდონიმით გამოცემული აქვს წიგნები სხვადასხვა ენაზე, მისი ქადაგება გამოწვევა იყო ევოლუციის თეორიისა და მეცნიერების. მას მოიხსენიებენ, როგორც „კულტის ლიდერს“.

ოქთარი 2018 წელს ასობით მიმდევართან ერთად დააკავეს.  მას ბრალად ედებოდა ქალებზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა დანაშაულებები. ბრალდებები ასევე მოიცავდა ქსელის დახმარებას, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მეცნიერი ფეთულა გიულენი, რომელსაც თურქეთი ადანაშაულებს 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობაში.

ოქტარს მაშინ მიესაჯა 1 075 წელი, მაგრამ როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს,  სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის განაჩენი ოქთარისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ სამართლებრივი ხარვეზების მოტივით გააუქმა და განმეორებითი განხილვის ბრძანება გასცა.

ამჯერად ოქტარს 891 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმავე ბრალდებით, თუმცა სასამართლომ დაასკვნა, რომ ოქტარს, როგორც კულტის ლიდერს, პასუხი უნდა ეგო თავისი მოწაფეების დანაშაულებზეც, რის გამოც პატიმრობის სასჯელი შეკრებითობის მეთოდით 8 658 წელი გამოვიდა. ამით მისი იმედები გათავისუფლებაზე საბოლოოდ გაქარწყლდა.

ოქტარისა და სხვების წინააღმდეგ სასამართლოში სექტემბერში წარდგენილი საბრალდებო დასკვნა მათ რელიგიური სენტიმენტების გამოყენებით შეიარაღებული ორგანიზაციის მართვაში ადანაშაულებს. მათ ბრალად ედებათ დაზვერვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და კულტის იმ წევრების ცილისწამება, რომლებიც ცდილობდნენ კულტთან კავშირის გაწყვეტას.

ოქტარს ასევე ადანაშაულებენ კულტის წევრებზე სისტემურ სექსუალურ ძალადობაში და გახმაურებულ სახელებთან – პოლიტიკოსებიდან ჟურნალისტებამდე – დაკავშირებით პირადი მონაცემების შეგროვებაში.

ოქტართან ერთად 8 658 წელი მიუსაჯეს მის 14 თანამზრახველს და შედარებით მცირე სასჯელი – დანარჩენებს. ჯამში სასამართლომ  215 ბრალდებული გაასამართლა.

ბრალდებულებიდან 106-ს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის“, ხოლო 8 ბრალდებულს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი“.

სასამართლოს კოლეგიამ 83 ბრალდებულს, მათ შორის, 16 პირს, რომლებზეც ეფექტური მონანიების დებულებები გამოიყენებოდა, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსგავსი დანაშაულისთვის სხვადასხვა ვადით.

დელეგაციამ ასევე 152 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მერტ სუჩუს, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს დაკავების ოპერაციის დროს.

ადნან ოქთარი არ აღიარებს ბრალდებას სექსუალური კულტის ხელმძღვანელობის თაობაზე და მას „ურბანულ მითს“ უწოდებს.

ოქთარმა სასამართლოზე თქვა, რომ  მას 1 000 მეგობარი ქალი ჰყავდა.

„ჩემი გული სავსეა ქალების მიმართ სიყვარულით. სიყვარული ადამიანის თვისებაა. ეს მუსლიმის თვისებაა.“ – თქვა მან გასულ წელს სასამართლო პროცესზე.

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში ერთვება

უკრაინელი გამომძიებლები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან, ისინი უკვე ინციდენტის ადგილისკენ მიემართებიან – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში მიმდინარე Bloomberg-ის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 16 ნოემბერს უკრაინამ მიიღო დადასტურება, რომ მისი წარმომადგენლები გამოძიებაში ჩაერთვებიან.

ზელენსკის განცხადებით, რაკეტის დავარდნის ადგილას გაჩენილი ორმოს ფოტოები მიუთითებს, რომ მას მხოლოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტის ნარჩენები ვერ გამოიწვევდა.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ, მისი აზრით, „ეს იყო რუსული რაკეტა“, თუმცა იქვე დასძინა, სიმართლე ბოლომდე ჯერ არავინ იცის.

„100%-ით არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, არც მსოფლიომ იცის 100%-ით, რა მოხდა. ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტულად თქმა, რომ ეს ნამდვილად უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გამოიწვია“, – განაცხადა ზელენსკიმ. – „მადლობლები ვართ, რომ ჩვენ არ გვადანაშაულებენ, რადგან ჩვენ ვებრძვით რუსულ რაკეტებს ჩვენს ტერიტორიაზე“.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებმა შესაძლოა როგორც უკრაინული, ისე რუსული რაკეტის ნარჩენები იპოვონ.

„იმ დღეს ძლიერი საჰაერო ბრძოლა შედგა. რუსული რაკეტები დაფრინავდა მთელი უკრაინის თავზე – 96 რაკეტა. დასავლეთ ნაწილში 15 რაკეტა ჩამოვაგდეთ, 10 – მხოლოდ ლვოვის ოლქში. ალბათ, გამომძიებლები დაადგენენ ყველაფერს ნამსხვრევების მიხედვით, იყო ეს რუსული რაკეტა თუ უკრაინული, ან შესაძლოა, ორივეს ნარჩენები იპოვონ ადგილზე“, – ამბობს იგნატი.

ის ასევე განმარტავს, რამდენად შორს შეიძლება გადავარდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოგერიებული რაკეტა.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რაკეტა C300-ის გამოყენების მანძილი 75კმ-ა, თუმცა შესაძლოა 10კმ-ით მეტიც იყოს. რაკეტა, როდესაც მას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აგდებს, დავუშვათ ლვოვის ოლქში… ერთი რაკეტა ხომ მეორეს ასე პირდაპირ არ ხვდება, არამედ სიახლოვეს ფეთქდება და ეს ნამსხვრევები მოწინააღმდეგის რაკეტას აზიანებს, მართვას აკარგვინებს, რაკეტამ შესაძლოა, კურსი შეიცვალოს და კიდევ დამატებით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იფრინოს,“ – განმარტავს საჰაერო ძალების სპიკერი.

15 ნოემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევისას, პოლონეთის სოფელ პშევოდუვში რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

იმ დღეს უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას იგერიებდა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს ეკისრება.

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

მინისტრმა მიმართა სტუდენტებს, თუმცა ერთი სიტყვითაც არ ახსენა მათი პრობლემები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა.

სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა.

„გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი.

საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც ვერა და ვერ ააშენა სახელმწიფომ.

იმ სტუდენტთაგან ზოგიერთს, ვისგანაც განათლების მინისტრი ქვეყნის მომავლის აშენებას ელის, ღირსებისშემლახავ გარემოში უწევს ცხოვრება.

საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ფაქტობრივად არ აქვთ თანამედროვე, კომფორტული საერთო სტუდენტური საცხოვრისები, რის გამოც სტუდენტები ბინასკომერციულ ფასებში ქირაობენ.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, სტუდენტები ერთ-ერთი მოწყვლადი კატეგორია გახდა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით.

პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი ფასების გამო სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში სტუდენტური საცხოვრებლის აშენების მოთხოვნით, თუმცა განათლების სამინისტროს თავისი ხედვა, სტრატეგია არც ამ აქციების შემდეგ წარმოუდგენია.

თსუ-ს ადმინისტრაციის პასუხი კი იყო, რომ დაგეგმილია 3 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ სტუდენტებს ცხოვრება.

სტუდქალაქის მშენებლობაზე აუქციონი 2022 წლის 18 აპრილს გამოცხადდა და 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აუქციონი არ შედგა და ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურადაც არის განთავსებული ვებგვერდზე.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, აუქციონთან და შემდგომ პირობებთან დაკავშირებით კომისია თავიდან უნდა შეიკრიბოს, თუმცა როდის გაიმართება ხელმეორედ აუქციონი და რა ვადებში გადაწყდება ეს საკითხი, ამ ეტაპზე უცნობია.

„მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, – მიმართა მინისტრმა სტუდენტებს მისალოცი ტექსტით.

თუმცა ჩხენკელი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს იმ პრობლემებს, რის გამოც სტუდენტები ცოტა ხნის წინ ქუჩაში ტრანსპარანტებით იდგნენ.

საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით სტუდენტები მოითხოვდნენ შემდეგს:

  • სახელმწიფომ ააშენოს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სტუდენტების მძიმე ცხოვრების პირობებს.
  • სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის იმისთვის, რომ საერთო საცხოვრებლის აშენებამდე ფინანსური დახმარება მიიღონ სტუდენტებმა ქირის გადასახდელად.

____________________

ამ თემაზე:

სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება

„პუტინის ფანი სადამკვირვებლო მისიაში“ – გერმანიამ საქართველოდან პრორუსი სამხედრო გაიწვია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან სამხედრო მოსამსახურე გერმანიამ მისი პრორუსული შეხედულებებისა და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო გაიწვია.

მისიის გათავისუფლებული წევრი 43 წლის სერგეი.ე-ა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთი ომს არა უკრაინის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ აწარმოებს და სოციალურ ქსელებში ღიად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას.

„პუტინის გერმანელი ფანატი სადამკვირვებლო მისიაში,“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ფაქტის შესახებ სწორედ ამ გამოძიებიდან გახდა ცნობილი.

ჟურნალისტების ინფორმაციით, სერგეი.ე-მ მისიაში დანიშვნამდე სავალდებულო შემოწმება გაიარა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF), რომელშიც მისიის გერმანელი პერსონალი მსახურობს. თუმცა შემოწმების ეტაპზე ცენტრს მისი პრორუსული შეხედულებების შესახებ არ შეუტყვია.

ამის შესახებ ცენტრმაც და გერმანიის ხელისუფლებამაც მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სერგეი.ე უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ის მისიას 2022 წლის შემოდგომის დასაწყისში შეუერთდა.

„პუტინის ფანი სადამკვირვებლო მისიაში. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, ვინ იგზავნება ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში გერმანიიდან. უსაფრთხოების კრიტერიუმები სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს“, – დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ-კრამონმა, რომელმაც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიება გააზიარა.

გამოცემა civil.ge, რომელმაც გერმანული ჟურნალისტების გამოძიების შესახებ პირველმა დაწერა, აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიაში სამხედრო მოსამსახურის გაწვევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადეს.

___

რას წარმოადგენს EUMM

მთავარ ფოტოზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში/ფოტო: tagesschau

თურქეთში 4 ადამიანი დაიღუპა კონტრაბანდული ლიქიორის დალევის შემდეგ

თურქეთში, ბურსაში, 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა არალეგალურად დამზადებულმა ლიქიორმა – წერს თურქული მედია.

„დეილი საბაჰის“ ცნობით, 13 ნოემბრიდან დღემდე ბურსას პროვინციის ორ ცენტრალურ უბანში 14 ადამიანი მოხვდა კლინიკაში ლიქიორით მოწამვლის სიმპტომებით. ოთხი მათგანი, რომელთაგანაც ერთი ამ სასმლის გაყიდვაში იყო ბრალდებული, დაიღუპა.

გამოცემა წერს, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღალი ფასების ფონზე თურქეთში სულ უფრო ხშირად სვამენ კონტრაბანდულ, არალეგალურად დამზადებულ, მეთანოლთან შერეულ ალკოჰოლს, რომელიც უფრო ტოქსიკურია და გამოიყენება სამრეწველო მიზნებისთვის.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათობით ადამიანი დაიღუპა თურქეთში კონტრაბანდული ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან.

500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს.

საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ უწყებამ გამოსხივების გადაჭარბება დაუდგინა როგორც „ვიონ საქართველოს“, ისე „სილქნეტს“.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ.N 29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, შპს „ვიონი საქართველოსა“ და სს „,სილქნეტის“ კუთვნილი მიმღებ-გადამცემი ანტენების ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის შედეგად, დადგენილი ნორმის გადამეტება გამოავლინეს.

აღნიშნულ დარღვევებზე „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიმართ შედგენილია ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტიდან 15 სექტემბერს, როცა „ბათუმელები“ ამ პრობლემის შესახებ წერდა.

მითითებული მუხლი 500-დან 1000-მდე ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. მოსამართლეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა გამოუყენებია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, კომპანიები დააჯარიმა „გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (2001 წლის 16 აგვისტოს N197/ნ) დადგენილი ნორმის გადამეტების საფუძველზე.

რა მოხდება ახლა? – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევს 1000-დან 2000-მდე ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამ უწყებაში ვერ დაგვიზუსტეს, გამოსხივებას გარემოსდამცველები საკუთარი ინიციატივით გადაამოწმებენ, თუ ისევ მოქალაქეების მიმართვას დაელოდებიან.

იურისტის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც ანტენების გამო ზიანდებიან, შეუძლიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სამოქალაქო წესით, სასამართლოს მიმართონ.

____

ამ თემაზე:

ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს ორი პროფესორის სარჩელს პარლამენტის, განათლების სამინისტროს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.

დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, კონკრეტულად თსუ-სა და ბსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება აკადემიურ საბჭოზეა დამოკიდებული.

„სადავო ნორმები იწვევს არსებითად თანასწორი პირების – 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას,“ – მიიჩნევენ პროფესორები ინდიკო აბაშიძე და გიორგი გოროშიძე.

ინდიკო აბაშიძე 72 წლის ემირიტუს პროფესორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას ემირიტუსის წოდება გასულ წელს მიანიჭეს მაშინ, როცა მისი შრომითი ხელშეკრულების ვადა უნივერსიტეტთან ამოწურული არ იყო.

გიორგი გოროშიძეც 72 წლისაა. მასაც 65 წლის ასაკს მიღწევამდე ეკავა აკადემიური თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„…უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი. არამედ, მოსარჩელეების მიერ კანონითა და შრომითი ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს, პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება,“ – წერენ პროფესორები სარჩელში.

მოსარჩელეების აზრით, დისკრიმინაციულია და ანტიკონსტიტუციურია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ეს ჩანაწერი:

„სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“

ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

19-20 ნოემბერს, საღამოს და ღამით, მოსალოდნელია ზოგან წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება – 18 ნოემბრიდან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთი [შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია] მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით, ჩაიკეტება 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ:

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან [სოფ. გომარდულის ასახვევი] კმ67+920-მდე [სოფ. ჩანჩხალო] გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.
წითელი წერტილებით აღნიშნულია ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ჩაიკეტება 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

ამავე თემაზე:

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი/ქედის ტერიტორია/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა.

პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

საბჭოს წევრებმა 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

____________________

ფოტოზე:  პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში

ცივი იარაღის ტარებაზე ჯარიმა მკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული  ჯარიმები გამკაცრდება. ამის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა  მხარი საკანონმდებლო ცვლილებებს, „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში“.

ცვლილების საბოლოო დამტკიცების შემდეგ, ცივი იარაღის ტარებისთვის პირი 200 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 500 ლარით და ცივი იარაღიც ჩამოერთმევა.

„არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი სანქციები გამოიყენება.

სამწუხაროდ ძალიან გაიზარდა ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები.

ბოლო სტატისტიკით მკვლელობების 54% ჩადენილია ცივი იარაღით და ამ ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ არის პრევენცია იმ დანაშაულების, რომელთაც ვხედავთ ჩვენს რეალობაში“, – განაცხადა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისას შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 878 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 5 804 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 860 ერთეული [+0]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 531 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 474 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 362 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 520 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 668 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 894 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 589 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 259 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინის ენერგოქსელის განადგურება რუსეთის სტრატეგიაა – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელი ბავშვების იძულებითი გაშვილება ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს – ISW

უკრაინის ენერგოქსელის განადგურება რუსეთის სტრატეგიაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, მოსკოვი ასეთ თავდასხმებს განაგრძობს.

„15 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა დაახლოებით 80 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე,“ – წერს უწყება და დასძენს, რომ 15 ნოემბრის შეტევა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო.

„საბრძოლო მასალები გაუშვეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო პლატფორმებიდან. უკრაინამ რაკეტების დიდი ნაწილი წარმატებით მოიგერია, თუმცა ქვეყანას ეროვნულ ქსელში ენერგიის სერიოზული ნაკლებობა აქვს. ეს უარყოფითად ისახება კომუნიკაციაზე, გათბობასა და წყალმომარაგებაზე,“ – აღნიშნავს დაზვერვა დღევანდელ რელიზში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში დაზვერვა ნოვა-კახოვკის კაშხალზე წერდა და ვარაუდობდა, რომ დაზიანების არსებული ხარისხი წყალდიდობას არ გამოიწვევს.

უკრაინელი ბავშვების იძულებითი გაშვილება ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსული წყაროები დაუფარავად ეწევიან უკრაინიდან უკანონოდ გაყვანილი ბავშვების გაშვილების რეკლამირებას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კლიპები და განცხადებები შეისწავლეს.

„რუსები დაუფარავად უკეთებენ რეკლამას რუს ოჯახებში უკრაინელი ბავშვების იძულებით გაშვილებას. ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობენ დონბასელი ბავშვები რუსულ ოჯახებში. ფილმში ნათქვამია, რომ მხოლოდ 2022 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დონბასიდან 150 000 ბავშვის ევაკუაცია მოახდინა. გაუგებარია, რას ეყრდნობა ეს მონაცემი, მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ეს რიცხვი 6 000- 8 000-ია,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი მიუთითებს, რომ იძულებითი გაშვილების პროგრამები და ბავშვების დეპორტაცია დასვენებისა და რეაბილიტაციის საფარქვეშ, სავარაუდოდ, დეპოპულაციის მასობრივი რუსული კამპანიის ნაწილია, რომელიც შესაძლოა არღვევდეს გენოციდის აღკვეთის შესახებ კონვენციას და ეთნიკურ წმენდას წარმოადგენდეს.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის საინფორმაციო სივრცე ზუსტად ასახავს კრემლის პოზიციას, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას დასავლეთის პროვოკაციად აფასებს;
  • „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი ომის მომხრე ულტრანაციონალისტთა საზოგადოებაში ცენტრალურ ფიგურად მკვიდრდება და სავარაუდოდ, ამბიციური პოლიტიკური მიზნებიც აქვს;
  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის ჯარებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტთან და ავდეევკასთან, ასევე დონეცკის ოლქის დასავლეთით;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა დარტყმებს რუსეთის ჯარის თავშეყრის ადგილებზე და ლოგისტიკურ კვანძებზე უკრაინის სამხრეთით;
  • არაერთი ცნობა მიუთითებს, რომ ლუგანსკსა და დონეცკში მყოფი რუსი სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა უკიდურესად დაბალია.

როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

„იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად, ყველაზე კარგი საექსპორტო საქონელი საქართველოდან იყო ტყვეები, რომლებიც ძალიან კარგად იყიდებოდა საერთაშორისო არენაზე.

ქართველი – როგორც ქალი, ასევე კაცი, იყო ძალიან მაღალი ხარისხის ნიშანი. მეომარი ქართველი თუ ჰყავდა ვინმეს ამალაში, ეს ძალიან კარგი იყო. ან ქართველი ქალი თუკი იყო ჰარამხანაში, ეს დიდ პლუსად ითვლებოდა ნებისმიერი თავმომწონე აღმოსავლელი მმართველისთვის“.

ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი საქართველოს ისტორიის ყველაზე ბნელი, სამარცხვინო და ჯერ კიდევ ბოლომდე კარგად შეუსწავლელი 300-წლიანი მონაკვეთის შესახებ საუბრობს.

საუკუნეების შემდეგ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ადამიანებით ვაჭრობას ტრეფიკინგს უწოდებენ, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ.

შუა საუკუნეების საქართველოში კი ადამიანი მთავარი საექსპორტო საშუალება იყო, რითაც მაგალითად, იმერეთის მეფეები ოსმალთა იმპერიის მიერ დაკისრებულ ხარკს იხდიდნენ. მარტივ მამრავლებად დაშლილი ქართული სახელმწიფოს ფეოდალები თავიანთ მოქალაქეებს ჰყიდდნენ იმისათვის, რომ უკეთესად ეცხოვრათ.

ტყვეებად ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყიდებოდა. ტყვეების ყველაზე დიდი ექსპორტიორი დასავლეთი საქართველო იყო – იმერეთი, სამეგრელო და გურია. აქ მოგროვილი ტყვეები ან ანაკლიიდან მიჰყავდათ გემით სტამბოლის ბაზარში, ან აჭარაში გადმოჰყავდათ, რომელიც იმ ხანად ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო და აჭარიდან ანაწილებდნენ.

როგორ იქცა ბიზნესად ადამიანებით ვაჭრობა და რა გარემო პირობები უძღოდა წინ მას, ვკითხეთ ისტორიკოს სულხან კუპრაშვილს.

„ტყვეთა სყიდვის დაწყება გამოიწვია შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის დამკვიდრებამ. მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა 1475 წელს დაიქვემდებარა ყირიმის სახანო და პრაქტიკულად შავი ზღვა აქცია ოსმალეთის ტბად, დაიწყო დასავლეთ საქართველოდან ტყვეების გადინება. პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ დაკავშირებულია იმერეთის მეფის, ბაგრატ მესამის სახელთან, რომელიც მეფობდა 1510-1565 წლებში.

ბაგრატ მესამემ მე-16 საუკუნის 40-იან წლებში გამართა ცნობილი საეკლესიო კრება, რომელზეც მიიღეს კათალიკოსთა სამართალი, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კრება, რომ კრებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, ქართლის კათალიკოსი, დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები და კრების გადაწყვეტილებით ტყვეთა მოვაჭრეებს სიკვდილს უსჯიდნენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ტყვეთა სყიდვამ ამ პერიოდისთვის უკვე დიდ მასშტაბს მიაღწია. კათალიკოსთა სამართალში აღნიშნულია, რომ თუ კაცმა ტყვე გაყიდოს – გინდა თავადმა, გინდა აზნაურმა, გინდა გლეხმა წმინდა კრებულისგან შეჩვენებული იყოს და განკვეთილი. ამავე კანონით განსაზღვრული იყო, რომ თუ დამნაშავე მოახერხებდა მის მიერ გაყიდულის გამოსყიდვას, ჯარიმა უნდა გადაეხადა გაყიდულის ბატონს ან იმ ეპისკოპოსს, რომლის ეპარქიაშიც ცხოვრობდა აღნიშნული პირი. ხოლო თუ დამნაშავე ტყვეს ვერ დაიბრუნებდა, მაშინ ის უნდა ჩამოეხრჩოთ,“ – ამბობს სულხან კუპრაშვილი.

მიუხედავად ბაგრატ მესამის დიდი მცდელობისა, მის მიერ ჩატარებულ საეკლესიო კრებას შედეგი არ გამოუღია. ტყვეთა სყიდვა კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდა.

„საინტერესო ის იყო, რომ საქართველოში ტყვეს ყიდდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. ეს იყო თავადი, აზნაური, გლეხი. იყო მომენტები, როდესაც საეკლესიო პირებიც გარეულები იყვნენ ამ საქმეში. მაგალითად, იმერეთში კარგად ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ტყვეთა სყიდვა იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ 1752 წელს იმერეთის სამეფოს ტახტზე სოლომონ პირველი არ ავიდა, იმერეთის სამეფო ოსმალეთის იმპერიას უხდიდა ხარკს. 300 ოსმალური ქისა ერქვა ამ გადასახადს. შეიძლება დიდი სამეფოსთვის არაფერი ყოფილიყო, მაგრამ იმერეთის სამეფოსთვის ეს იყო კატასტროფულად დიდი თანხა. ეს თანხა გაცილებით სჭარბობდა იმერეთის სამეფოს ყოველწლიურ შემოსავალს,“ – ამბობს სულხან კუპრაშვილი.

სოლომონ პირველის წინამორბედი მეფეები ოსმალებს ხარკს ცოცხალი ადამიანებით უხდიდნენ.

გონიოს ტყვეთა ბაზარი

ტყვეებს, რომლებსაც იმერეთ-გურიაში აგროვებდნენ, გაყიდვამდე აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ მუხაესტატეში უყრიდნენ თავს. მუხაესტატედან ტყვეები მიჰყავდათ ან ციხისძირში, სადაც გემებზე სვამდნენ, ან გონიოს ტყვეთა ბაზარში. ორივე შემთხვევაში საბოლოო დანიშნულების ადგილი სტამბოლის მონათა ბაზარი იყო.

„სპეციალური ვაჭრები იყვნენ, რომლებიც ტყვეების ყიდვით იყვნენ დაკავებული. ისინი სახელმწიფოსაგან იღებდნენ დაკვეთას, რაც შეიძლება მეტი ტყვე წაეყვანათ.

ჩამოდიოდნენ და მიჰყავდათ იმერეთიდან და გურიიდან. აჭარა ისედაც მათი იყო და აქ ნაკლებად ხდებოდა ტყვედ გაყიდვა.

ტყვეთა სყიდვას ხელს უწყობდნენ როგორც ოსმალეთის, ისე ირანის მმართველები. ასევე ჩვენი გადაგვარებული, ზნედაცემული და ნაძირალა თავადაზნაურობა. ამ საქმეში ხშირად ჩართულნი იყვნენ სამეფო ოჯახის წევრებიც და ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საეკლესიო პირები მონაწილეობდნენ ტყვეთა სყიდვაში,“ – ამბობს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ტყვეთა ბაზარი ანაკლიაში

ტყვეებით ვაჭრობა ანაკლიაში, ისე, როგორც იმერეთსა და გურიაში, მე-19 საუკუნის დამდეგამდე გრძელდებოდა.

თურქი მოგზაური ევლია ჩელები, რომელმაც სამეგრელოში 1640 წელს იმოგზაურა, წერს, რომ სავაჭრო გემები სამეგრელოში ივლისსა და შემოდგომაზე მიდიოდნენ. „ჩამოჰქონდათ მარილი, ჭურჭელი, რკინეულობა, იარაღი და მათ ცვლიდნენ ბზაზე, თაფლზე, თაფლის სანთელსა და გოგო-ბიჭებზე“.

ჟან შარდენი კი წერდა, რომ ანაკლიაში „ყოველთვის არიან ტყვეების შემსყიდველი თურქები და ნავები, რომლითაც მიჰყავთ ისინი“.

ქართველი ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში თავის წიგნში „ანაკლიის ისტორია“ წერს, რომ ძველ სამეგრელოში არსებობდა ხატოვანი წყევლა: „ანარკიაშა მიდურაყუდათია“/„ანაკლიაში გაერეკეთო“ – ანუ ოსმალებზე გაეყიდეთო.

ხოლო ზეპირსიტყვიერებაში შემონახულ ლექსებში ასახულია ტრაგიზმი, რომელსაც რიგითი მცხოვრებლები განიცდიდნენ ტყვეთა სყიდვის გამო.

„დასაწვავ ანაკლიაში თურქის ხომალდი მიყუდებულა. ამოსაწყვეტმა ხვარძიკიამ შვილი იქ გამიყიდა“, – ეს ლექსი აბესალომ ტუღუშს ანაკლიაში აქვს ჩაწერილი ერთ-ერთი ადგილობრივი ქალისგან.

თავად ანაკლიის (ანარკია) ფოლკლორული ეტიმოლოგიაც ტყვეებით ვაჭრობის მოტივს უკავშირდება: „ანა რკიანს – ანა ჰკივის, ალნაკრია – ნაკივლელი ადგილი“.

სოლომონ პირველის ფაქტორი

„როცა სოლომონ პირველი იმერეთის მეფე გახდა, მაშინვე დაიწყო ბრძოლა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ, ხოლო კანონის ძალით აკრძალა ხრესილის ბრძოლის (1757 წლის 14 დეკემბერი) შემდეგ.

ხრესილის ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტყვეთა ნაკადი შეწყდა და ამ ტრაფიკზე იყო ძალიან ბევრი ვინმე დამოკიდებული. ამაზე იყო დამოკიდებული ადგილობრივი ადამიანი – ფეოდალი იქნებოდა თუ გლეხი, არ აქვს მნიშვნელობა. იმერეთიდან ტყვეები მიჰყავდათ შავი ზღვისპირეთში, საიდანაც აჰყავდათ გემებზე, შემდეგ სტამბოლის ბაზარში და იქიდან ანაწილებდნენ შემდეგ მსოფლიოში.

სოლომონ პირველმა ეს ჯაჭვი გაწყვიტა. ეს გათელილი გზა მოჭრა, რომელიც თითქმის სამი საუკუნე არსებობდა. ოსმალებმა რამდენჯერმე სცადეს სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება, რომ ტყვეთა სყიდვა ისევ აღედგინათ, მაგრამ სოლომონ პირველი ძლიერი აღმოჩნდა.

სოლომონ პირველი

მას შემდეგ, რაც 1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის ბრძოლაში ოსმალები დაამარცხა, სოლომონ პირველმა გადაწყვიტა, მისი წინაპრის, ბაგრატ მესამის მსგავსად, კანონის ძალით შეეჩერებინა ტყვეთა სყიდვა. 1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ პირველმა მოიწვია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც საეკლესიო მოღვაწეების გარდა ესწრებოდნენ იმერეთის ბატონიშვილები, სამეგრელოსა და გურიის მთავართა ოჯახის წევრები და დასავლეთ საქართველოს წარჩინებული თავადაზნაურობა.

ამ საეკლესიო კრებაზე სხვა საკითხებთან ერთად დაისვა მთავარი საკითხი – კანონგარეშედ გამოცხადდა ტყვეთა სყიდვა. ტყვის გამყიდველს სამუდამოდ შეაჩვენებდა ეკლესია, ხოლო სამეფო ხელისუფლება მას სასჯელის უმაღლესი ზომით, სიკვდილით დასჯიდა.

სხვათა შორის, ეს ღონისძიება პრევენციული გამოდგა და გარკვეულწილად შეაჩერა ტყვეთა სყიდვის მასშტაბები დასავლეთ საქართველოში.

რადგან სოლომონი ამ შემთხვევაში გამოდიოდა არა მხოლოდ როგორც იმერეთის მეფე, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ლიდერი, ეს განჩინება გავრცელდა მთელ დასავლეთ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბოლომდე არ სრულდებოდა, განსაკუთრებული გავლენა მაინც შეჩვენებამ იქონია. შეაჩვენებდნენ მთელ ოჯახს, მის შთამომავლობას და აგრეთვე იყენებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას – სიკვდილით დასჯას.

რომ შევადაროთ ორი კრება, რომელთაგან ერთი მე-16 საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა, ხოლო მეორე მე-18 საუკუნის 50-იან წლებში, ამ კრებებს შორის ორასი წელია გასული და ამ დროის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა,“ – ამბობს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ტყვეთა სყიდვა შედარებით შემცირდა, ხოლო მე-19 საუკუნეში ეს პრობლემა აღარ იდგა.

საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი ყველაზე ცუდადაა შესწავლილი. ამასთან, ცნობებიც მწირია ამ პერიოდის შესახებ.

„ტყვეთა სყიდვა ფეოდალურმა ეპოქამ წარმოშვა. ამის უმთავრესი მიზეზი იყო ეკონომიკური სიდუხჭირე და სახელმწიფოებრივი სისუსტე. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ძლიერი, მაშინ ასეთი მოვლენები ქვეყანაში არ ხდებოდა – სახელმწიფო ინსტიტუტი როდესაც სუსტია, ის ვერ მართავს ფეოდალს, იგივე სოციუმს. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველაფერი უარყოფითი. როდესაც არსებობს მყიდველი, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოიძევს იმ ე.წ. პროდუქტს, რომელიც გასაღდება.

ხშირად მითქვამს, ქვეყნის ისტორია და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ არის მხოლოდ ჰეროიკული ისტორია. ისტორია არის ის, რომ  ვისწავლოთ, გაკვეთილი იყოს ჩვენი, რომ რა არ უნდა გააკეთოს ერმა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს წარსულში იყო ისეთი მოვლენები, რაც გვაძლევს დაფიქრების საშუალებას. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, თუ რას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები.

ბაგრატ მესამე, სოლომონ პირველი ებრძოდნენ ტყვეთა სყიდვას და ერეკლე მეორეც გარკვეულწილად იბრძოდა ლეკიანობის წინააღმდეგ.

ახლა რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ტყვეთა სყიდვა იყო ოსმალეთის და შემდეგ ლეკების მიერ მოგონილი საქმე. კი, მათ შემოიტანეს, მაგრამ ძალიან კარგად აუბეს მხარი ქართველებმა და ბიზნესად აქციეს.

როდესაც ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას ან ვასწავლით სტუდენტებს, მათ იციან ეს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. იციან მხოლოდ ლეკიანობა, მაშინ, როცა უფრო დიდი მასშტაბი ტყვეთა სყიდვას დასავლეთ საქართველოში ჰქონდა,“ – ამბობს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.

___

ამავე თემაზე:

ოსმალეთის სულთნების ქართველი დედები – ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება.

პროექტის მიხედვით:

  • ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის პერი, „რომელიც თავისუფლად მცურავ, მაღალპროდუქტიულ და პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება.“
  • „არსებობს წყლის გაწმენდის სხვადასხვა ფიზიკო-ქიმიური მეთოდი, თუმცა ფიტორემედაცია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რისი რესურსიც საქართველოს უხვად გააჩნია. ფიტორემედაცია, ანუ წყალმცენარეებით წყლის გაწმენდა, სხვა ფიზიკო-ქიმიურ ტექნოლოგიებთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ უფრო იაფი და ეფექტური მეთოდია.“

    ლაქაში გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე

„ხელოვნური ჭაობები წარმოადგენს ინჟინრულ სისტემებს, რომლებიც აგებულია ბუნებრივი ჭაობის პროცესების გამოსაყენებლად, რათა კონტროლირებად პირობებში მოხდეს დამაბინძურებლების ტრანსფორმაცია და მოცილება. ასეთი სისტემების მიზანია, აკონტროლოს და ოპტიმიზაცია გაუწიოს ჭარბტენიანი ადგილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისს და უნარს – ამოიღოს ან გარდაქმნას ჩამდინარე წყლების დამაბინძურებლები“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

იმავე დოკუმენტების მიხედვით, „წყალქვეშა მცენარეები ბუნებრივად დაფარულია პერიფიტონით, რომლებსაც ჟანგბადის გამოყოფის გზით გავლენა აქვთ დამაბინძურებლების მოცილებაზე.“

წყარო: დაბა შუახევის ჩამდინარე წყლების №2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი/გზშ

აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა „აჭარის დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის“ ფარგლებში უნდა მოეწყოს, რაც გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

შესაბამისი პროექტების გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების პროცედურები დაწყებულია.

განახლება: დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის ჩათვლით, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]

პროექტებში აღნიშნულია, რომ აჭარის დაბებისთვის განიხილებოდა ორი ტიპის გამწმენდი ნაგებობების მოწყობა:

  • პირველი: ხელოვნური ტბორებით ფიტოგაწმენდის ტექნოლოგია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „აშენებული ჭაობების“ „Constructed Wetlands“ (CW), ან „ჰიდრობოტანიკური მოედნების“ სახელით;
  • მეორე: დისკური ბიოფილტრები, ასევე ცნობილი, როგორც მბრუნავი ბიოლოგიური კონტაქტორების (RBC) ტექნოლოგიის სახელით.

გამოყოფენ „აშენებული ჭაობების“ ორ ჯგუფს: ზედაპირული ნაკადით აშენებული ჭაობები და მიწისქვეშა ნაკადის მქონე ჭაობები: „ზედაპირული ნაკადით აშენებული ჭაობები, როგორც წესი, შედგება არაღრმა აუზებისგან ან არხებისგან, სადაც მაკროფიტების ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობებია შექმნილი. მისი დიზაინის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ნელი დინებით ჩამდინარე წყლების კონტაქტი რეაქტიულ ბიოლოგიურ ზედაპირებთან. ცოცხალი ორგანიზმი წყლიდან შთანთქავს, აგროვებს და შლის დამაბინძურებლებს.“

„ფიტორემედაცია არის ერთგვარი, გარემოს აღდგენის პროცესისთვის გამოყენებული ტექნიკა, სადაც მაკროფიტებს შეუძლიათ დაბინძურებული გარემოდან შეიწოვონ დამაბინძურებლები და გახადონ გარემო ნაკლებად ტოქსიკური… მცენარეები ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით სასიამოვნოა და სხვა ბიოგამწმენდებისგან განსხვავებით არ იწვევს არსებული ლანდშაფტების უხეშ დარღვევას. ასევე ითვლება ზოგიერთ შემთხვევაში დეგრადირებული ჰაბიტატების აღდგენის საშუალებადაც“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

„აშენებული ჭაობების“ ტიპიური ხედები საზღვარგარეთ / ფოტოები დაბა შუახევის ჩამდინარე წყლების №2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტიდან

ამ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნური ჭაობების მშენებლობა იგეგმება დაბა ხულოში, შუახევში [2 „ჭაობი“] და ოჩხამურში [5 „ჭაობი“]. რაც შეეხება დაბა ქედას, აქ „ჭაობის“ ნაცვლად, აშენდება მეორე ტიპის გამწმენდი ნაგებობა – დისკური ბიოფილტრები.

„აშენებული ჭაობის“ სქემა
დაბა შუახევის ჩამდინარე წყლების №2 გამწმენდი ნაგებობის მაგალითზე
წყარო: დაბა შუახევის ჩამდინარე წყლების №2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი/გზშ

პროექტის მიხედვით, გამწმენდ ნაგებობაზე შემოსული ჩამდინარე წყლები გაივლის ოთხ ძირითად ეტაპს: წინასწარი გაწმენდა [მექანიკური ფილტრი]; CW უჯრედების კვების სისტემა; CW უჯრედები [„ჭაობები“], სადაც მიმდინარეობს ჩამდინარე წყლების გაწმენდის ძირითადი პროცესი და ჩამდინარე წყლების გამსვლელი კამერა ტუმბოების გარეშე.

კანალიზაციის ქსელიდან გამწმენდ ნაგებობაში შემოდინებული წყალი, პირველ რიგში, გაივლის წინასწარ მექანიკურ გაწმენდას გისოსებზე. გისოსზე დაგროვილი მყარი ნარჩენის ამოიღება ყოველდღიურად, რომლის დროებითი შენახვა შესაძლებელია ადგილზე, დახურულ კონტეინერში, სანამ განთავსდება უახლოეს ნაგავსაყრელზე.

გისოსების გავლის შემდგომ წყალი ხვდება CW კვების საკანში, რომელიც ასრულებს CW უჯრედებში წყლის გადანაწილების ფუნქციას.

სამივე CW უჯრედის კვების საერთო ციკლის ხანგრძლივობაა 10-დან 11 დღემდე.

CW უჯრედებში მიმდინარეობს წყლის გაწმენდის მთავარი პროცესები, რაც უზრუნველყოფს შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილებას: ორგანული ნივთიერებები [ჟბმ, ჟქმ]; შეწონილი ნაწილაკები; ნუტრიენტები; პათოგენები და მძიმე მეტალები.

ჩამდინარე წყლის ხარისხობრივი მდგომარეობა გაწმენდამდე და ჭაობში გაწმენდის შემდეგ
წყარო: დაბა შუახევის ჩამდინარე წყლების №2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი/გზშ

ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური დამუშავება/გარდაქმნის [გაწმენდის] პროცესი მიმდინარეობს უჯრედის სხვადასხვა ზონაში. ეს ზონები მოიცავს: ნალექი, ქვიშის საგები; მცენარეების ფესვების ზონა, წყალი ფორებში, არაცოცხალი ნაწილაკების ორგანული მასალა, როგორიცაა ფოთლები; საჰაერო [ანუ ჰაერთან შეხების] ზონა; ასევე ბიომასის ზონები, როგორიცაა ქვიშაში მზარდი და ფესვებზე მიმაგრებული ბაქტერიები.

აშენებულ ჭაობებში არსებობს ჟანგბადის სხვადასხვა დონის მქონე ადგილების მოზაიკური განლაგება, რაც იწვევს დეგრადაციისა და მოცილების მრავალფეროვან პროცესს.

ვერტიკალურნაკადიანი ჰიდრობოტანიკური მოედნის ტიპიური სქემ

დაშვებული ნორმების შესაბამისად, გაწმენდილი წყალი უჯრედებიდან მდორედ მიემართება გასასვლელისკენ და მილსადენის საშუალებით გადამისამართდება ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილისკენ, საიდანაც გაწმენდილი წყალი ჩაედინება მდინარეში.

წყლის გაწმენდის პროცესში ლამი გროვდება CW შრეების თავზე 5-10 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ორგანული მასალა სრულად იშლება და ლამი გარდაიქმნება სტაბილურ მასად. ათ წელში ერთხელ კი, ამ მასას ამოიღებენ და ნაგავსაყარზე გაიტანენ [დაგეგმილია გატანა ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარზე].

[red_box]„აშენებული ჭაობების“ მთავარი შესაძლო ნაკლოვანებები – პროექტის მიხედვით[/red_box]

  • „ტექნოლოგიის მთავარ ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს უსიამოვნო სუნის გავრცელება. თუმცა ამ ზემოქმედების მნიშვნელობა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა ტექნოლოგიებისგან [მაგალითად, ტიპიური ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის შემთხვევისგან];
  • სუნის გავრცელების შესამსუბუქებლად მიმღები და კვების სტრუქტურა იქნება დახურული ტიპის;
  • გაანგარიშების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროცესში მიმდებარე ტერიტორიების ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, როგორც 500-მეტრიანი ნორმირებული ზონის მიმართ, აგრეთვე უახლოესი დასახლებული ზონის მიმართ, არ გადააჭარბებს კანონით დაშვებულ ნორმებს;
  • ობიექტის ფუნქციონირება საშტატო რეჟიმში არ გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუარესებას და მიღებული გაფრქვევები შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს, როგორც ზღვრულად დასაშვები გაფრქვევები.
  • ხელოვნურ ჭაობებში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები ხელს არ უწყობს მწერების განსაკუთრებულ გავრცელებას. ასეთი რისკები, შეიძლება ითქვას, არ განსხვავდება სხვა ღია ტიპის გამწმენდი ნაგებობებისგან.
  • გამწმენდი ნაგებობა შეუფერხებლად იმუშავებს წვიმის დროს და ზამთარში [თოვლისა და ყინვის შემთხვევაშიც]“.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო დანიაში, ავსტრიასა და დიდ ბრიტანეთში, ძირითადად, მუნიციპალური კანალიზაციის გაწმენდისათვის.

ჰიბრიდული სისტემის მქონე გამწმენდების მშენებლობა მიმდინარეობდა ასევე საფრანგეთში: „გამწმენდი ნაგებობის შემოთავაზებული ტექნოლოგია უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. იგი ძალზედ პერსპექტიულია მცირე ზომის დასახლებების და ასევე ბიომრავალფეროვნების მხრივ მგრძნობიარე ტერიტორიებზე წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდისთვის.“

[toggle title=”აშენებული ჭაობების შესახებ უფრო ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„ტექნოლოგიების დანერგვა მიმდინარეობდა ასევე ავსტრალიასა და აფრიკაში, სხვადასხვა ტიპის ნარჩენების გაწმენდის მიზნით. აშენებული ჭაობების დაკვირვებებზე დაყრდნობით მალევე დაიწყო ჩამდინარე წყლების გაწმენდისათვის აშენებული ჭაობების დიზაინისა და ექსპლუატაციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოცემა…

მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აშენებული ჭაობების ტექნოლოგია გავრცელდა ყველა კონტინენტზე, ყველა ტიპის სისტემის გამოყენებით.

1990-იან წლებში მისი დანერგვა დაიწყო აზიის რამდენიმე ქვეყანაში (ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი). ჩინეთში, პირველი სრულმასშტაბიანი სისტემა ამოქმედდა 1990 წელს.

აშენებული ჭაობები გამოიყენებოდა ძირითადად მუნიციპალური კანალიზაციისა და სამრეწველო ჩამდინარე წყლების გაწმენდისათვის. ამავე პერიოდში, ნეპალში აშენებული ჭაობები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის დაბალი ხარჯების გამო.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო საავადმყოფოს ჩამდინარე წყლების გასაწმენდადაც.

აშენებული ჭაობები 21-ე საუკუნეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩამდინარე წყლების დამუშავების „სერტიფიცირებულ“ მეთოდად იქცა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, აშენებული ჭაობების რაოდენობამ 100 000 გადააჭარბა და მისი რაოდენობა კვლავ იზრდება.

ასევე მზარდია აშენებული ჭაობების რაოდენობა სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კოლუმბიაში, არგენტინასა და ჩილეში.

ჩატარებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, ხელოვნური ჭაობები აღიარებულ იქნა ჩამდინარე წყლების გაწმენდის საიმედო ტექნოლოგიად. ასევე, კვლევებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ჭაობები კიდევ უფრო უკეთ ფუნქციონირებს ცივი კლიმატის პირობებში.

ასევე, აღნიშნულია ის ფაქტი, რომ ისინი არ საჭიროებენ მიწის დიდ ფართობს, ამის გამო მათი გამოყენება შესაძლებელია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშიც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები უკეთ ფუნქციონირებენ შედარებით მცირე დასახლებებისთვის…

ფიტორემედიაცის სისტემა ემყარება მცენარეებს, მიკროორგანიზმებს, წყალსა და ნიადაგს შორის არსებულ სინერგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ბუნებრივად
ვითარდებიან ჭარბტენიან და მაღალმთიან ადგილებში…

ლელი (Phragmites australis) და ლაქაში (Typha angustifolia) მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ედიფიკატორებია, რომელთაც უვითარდებათ მძლავრი ფესურა ფა ფესვთა
სისტემა, რომლებიც გაუძლებს ყველაზე დაბინძურებულ გარემოსა და ბიოქიმიური პარამეტრების (ცილები, პროლინი) ზრდას.

ეს შედეგი დაფიქსირდა როგორც ლელის ასევე ლაქაშის ფესვებში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ორივე სახეობის ფესვებს აქვს შესანიშნავი გამწმენდი უნარი.

გაწმენდილი წყალი შეიძლება იყოს მომგებიანი, როგორც სარწყავად, ასევე ინდუსტრიული თვალსაზრისით;

საჭიროა ეკოლოგიური გარემოს მუდმივი კონტროლი ფესვთა სისტემის კარგად და მძლავრად გაშენებისათვის. აუცილებელ სუბსტრატს წარმოადგენს დიდი რაოდენობით შლამი, რის გარეშეც მცენარეები ვერ იარსებებენ და ხელოვნური ჭაობების აუცილებელ ბიოტურ ფაქტორად ითვლება;

შესაძლებელია გახდეს აუცილებლობა მცურავი მაკროფიტების, მაგალითად წყლის პერის (Lemna minor) დამატება, როგორც საუკეთესო ფიტორემედატორისა, რათა დაეხმაროს ხელოვნურ ჭაობს ლელისა და ლაქაშის პლანტაციის შექმნისათვის სუბსტრატის მომზადებაში;

[უშუალოდ თავისუფლად მცურავი მაკროფიტებით აშენებული ჭაობები ინტენსიურად იყო შესწავლილი 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ექსპლუატაციისა და მოვლის მაღალი ხარჯების გამო არ მოხდა ამ სისტემების ფართო მასშტაბით გამოყენება];

მას შემდეგ, როცა ლელი და ლაქაში უკვე მჭიდრო და მაისურ პლანტაციას შექმნის აუცილებელი გახდება მიწისზედა ნაწილების გამოხშირვა, რათა ჰიდრავლიკური გამტარობა არ დაირღვეს;

მოჭრილი ნაწილების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნებისათვის (სილოსი, კომპოსტი, სამშენებლო მასალა (პალეტები) ან საწვავი (ბრიკეტები) გამოყენება. ეს როგორც ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული ე.წ. „პალუდიკულურა“ ფართოდაა დანერგილი გერმანიაში და ჰოლანდიაში“.

წყარო: გზშ-ს დოკუმენტი

[/toggle]

 

რაც შეეხება ქედას, მიუხედავად გარკვეული უპირატესობებისა, „აშენებული ჭაობების“ გამოყენება აქ ვერ მოხერხდება, ამ ტექნოლოგიისთვის საჭირო სივრცის არარსებობის გამო.

აქედან გამომდინარე, ქედისთვის შერჩეული იქნა ჩამდინარე წყლების მბრუნავი ბიოლოგიური კონტაქტორებით (RBC) გაწმენდის ტექნოლოგია, რომელიც უფრო კომპაქტურია და არ მოითხოვს დიდ ფართობს.

გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა დაბის დასავლეთ ნაწილში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მდინარე აკავრეთას შესართავიდან ზედა დინებაში. გამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის გამოყოფილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 8318 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

უშუალოდ საკანალიზაციო სისტემა ქედაში მოეწყობა მდინარე აჭარისწყლის ორივე სანაპიროზე. რელიეფური პირობებიდან გამომდინარე საჭირო იქნება მცირე სიმძლავრის ტუმბოების გამოყენება, მათ შორის სატუმბო სადგური მოეწყობა გამწმენდი ნაგებობის შესასვლელთან.

საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობა დაბა ქედაში / წყარი: გზშ-ს დოკუმენტი

ქედაში საკანალიზაციო ქსელი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის 90-95%-ს. დანარჩენი ბენეფიციარებისთვის მოეწყობა ინდივიდუალური სეპტიკური ავზები. გამწმენდ ნაგებობასთან დაკავშირებული საკანალიზაციო ქსელის საერთო სიგრძე კი იქნება 4040 მეტრი.

სხვა ანალოგიურ კაპიტალურ გამწმენდ ნაგებობებთან (მაგ. აქტივირებული ლამი – გაფართოებული აერაციის ტექნოლოგია და სხვ.) შედარებით RBC-ს გააჩნია შემდეგი უპირატესობები: ელექტრო-ენერგიის მცირე მოხმარება; მარტივი ოპერირება, რომელიც მოითხოვს ნაკლებ მოვლას და მონიტორინგს, ვიდრე აქტივირებული ლამის ტექნოლოგია; ლამის კარგი დალექვის შესაძლებლობა; დაბალი მგრძნობელობა დატვირთვის ვარიაციებისა და ტოქსინების მიმართ.

„მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილებაც გააჩნიათ. ამ ტიპის გამწმენდები გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ფუნქციონირებს გერმანიაში, კანადაში, აშშ-ში და სხვ.  „ჩამდინარე წყლების გაწმენდის გაფართოებული პროცესები“ – ევროკომისიის ამ გაიდლაინის მიხედვით, ამ ტიპის გამწმენდი ნაგებობების გამოყენება მიზანშეწონილია მცირე და საშუალო ზომის დასახლებებში (500-დან 5000 მოსახლემდე)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

RBC ტექნოლოგიის სქემა:
  • ჩამდინარე წყლები ჯერ გადიან წინასწარ გაწმენდას [სკრინინგს და პირველად სალექარს]. მთავარი ბიოლოგიური პროცესები კი მიმდინარეობს კონტაქტორებზე [მბრუნავ დისკებზე]. დისკების ზედაპირზე ვითარდება მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნიან ერთგვარ ბიოლოგიურ აფსკს.
  • როცა დისკები ნაწილობრივ დაიფარება წყლით, მათი ბრუნვა იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს ბიომასის ოქსიგენაცია. დამატებითი სალექარი უზრუნველყოფს
    მიკროორგანიზმების გამოყოფას გასუფთავებული ჩამდინარე წყლებიდან.
  • გამოყოფილი მიკროორგანიზმები ილექებიან და წარმოქმნიან ლამს, რომლის რეცირკულაცია ხდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს პროცესის ეფექტიანობა. ზედმეტი ლამი, რომელიც გროვდება სალექარში, გავა სალამე მოედნებზე.
  • ასეთ სისტემაში გაწმენდის ზოგადი ეფექტურობა ხასიათდება შემდეგი მნიშვნელობებით – TSS [შეწონილი ნაწილაკები] მოცილება 60-დან 85%-მდე, ჟბმ – 65-დან 95%-მდე, ხოლო ჟქმ – 60-დან 85%-მდე. ასევე მცირდება საერთო აზოტისა და ფოსფორის რაოდენობა. შესაძლებელია ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები წარიმართოს დახურულ შენობაში, რაც გარემოზე სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

RBC-ს ტექნოლოგიით ჩამდინარე წყლების გაწმენდის სქემა:

წყარო: გზშ

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი. პროექტს, რომლისთვისაც 53 მილიონი ევროა საჭირო, სახელმწიფო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

53 მილიონი ევროდან 40 მილიონი ევრო სესხია, ხოლო 10 მილიონი ევრო – გრანტი. ამ თანხაში შედის მთლიანობაში ყველა მომსახურება კონსულტანტების ჩათვლით; უშუალოდ ქსელის მშენებლობისთვის კი, 37 მილიონი ევროა გათვლილი.

კომპანიის ინფორმაციით, აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, ძირითადად პანდემიის გამო არ შედგა/პროცესები შეფერხდა და ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს.

სატენდერო პროცედურები ამჯერად, მინიმუმ, 2023 წლის მაისში დასრულდება.

[ქალაქ ქობულეთს საკუთარი საკანალიზაციო სისტემა აქვს, დაბა ხელვაჩაური კი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და იქ წყლისა და კანალიზაციის სისტემა ბათუმის მერიამ უნდა მოაწყოს.

იმ სოფლებში კი, სადაც საკანალიზაციო სისტემები პროექტის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაწყოს, დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა.]

„აჭარის წყლის ალიანსში] 2 წლის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იმ დროისთვის არსებული გეგმით, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა და, იმავე გეგმით, მაქსიმუმ 2024 წელში დასრულდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

1 მილიონი ამოიღო მერიამ მშენებლობის ნებართვებისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან

ბათუმის მერია ელოდება დოკუმენტს, რომელმაც ქალაქის განაშენიანების წესები უნდა განსაზღვროს: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი იხარჯება დამუშავების პროცესშია. პარალელურად კი ქალაქში სამშენებლო ნებართვების გაცემის ტენდენცია ბოლო წლების ტემპის შესაბამისად გრძელდება.

2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 1 მილიონ 048 500 ლარი შევიდა, ხოლო სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის სახით 101 400 ლარი. შესაძლოა დეკემბრის ბოლოს ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა, მშენებლობის მოსაკრებლის სახით მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 700 000 ლარია, ხოლო ზონალური მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი პროექტში არ ფიქსირდება.

საერთო ჯამში, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით, 10 თვეში ბათუმის ბიუჯეტში 31 მილიონ  721 600 ლარი აისახა. მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც, რაც 27 მილიონ 377 400 ლარია.

სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 8 მილიონ 271 000 ლარი.

შემოსულობების ნაწილში მერიამ გეგმა შეასრულა, ზოგჯერ გადაჭარბებითაც, თუმცა გადასახდელების ნაწილში გარღვევებია.

რის გაკეთებას გეგმავს მომავალ წელს აჭარის მთავრობა – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წლის ბიუჯეტის პროგნოზი ნახევარი მილიარდი ლარია. დოკუმენტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება და ის მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, პროცედურა რომ არ დაერღვიათ, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ახლა მისი დეტალური განხილვა აზრს მოკლებულია.

„შემოდის ფორმალურად მომზადებული ბიუჯეტი. მას განიხილავენ, ტრადიციულად დაიწუნებენ და დააბრუნებენ უკან. შემდეგ ისევ შემოიტანენ. დეკემბერში დაიწყება რეალური განხილვა. ეს იმის ბრალია, რომ ბიუჯეტი არ იგეგმება ნორმალურად, როგორც უნდა იგეგმებოდეს. მათ არა აქვთ დაზუსტებული ციფრები, რომლის საფუძველზეც შეიძლება აიგოს ბიუჯეტი, ამიტომ, ეცდებიან, რომ მიიყვანონ წლის ბოლომდე მისი დამტკიცება, რომ ფაქტობრივად შემოსული თანხების მიხედვით დათვალონ  ბიუჯეტი. ახლა რეალურ პროგნოზს ვერ აკეთებენ, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა.“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან.

დოკუმენტი უკვე განიხილა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშიც.

დოკუმენტის პირველი ვარიანტის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 492 მილიონ 348 000 ლარია. აქედან 400 000 ლარი საშემოსავლო გადასახადი, 170 000 ლარი კი გრანტის სახით მისაღები თანხაა. ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტი. ამ გრანტით ორგანიზაცია აჭარის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას ცდილობს.

2023 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 მილიონ  762 300 ლარით განისაზღვრა, მათ შორის ყველაზე მეტი 8 მილიონ 198 700 ლარი საკუთრებიდან მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელია. დამატებით ამ თანხაში უნდა აისახოს პროცენტები, დივიდენდები და რენტა – ეს ჯამში 8 მილიონზე მეტია.

არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 80 მილიონ 415 700 ლარით განსაზღვრეს – ამაში შედის უკვე გასხვისებული ქონების საფასურიც, რომლის ამოღებასაც აჭარის მთავრობა 2023 წელს გეგმავს.

2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ქონების გასხვისებიდან ამოსაღები თანხის შესრულების ნაწილში დიდი გარღვევა დაფიქსირდა. აქტივების კლების გეგმა 45 მილიონი ლარი იყო, ხოლო შესრულებამ 13 მილიონ 506 500 ლარი შეადგინა, ეს  გეგმის 29,7 პროცენტია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს:

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს პრივატიზებული ქონების საფასურის გადახდის ვადა გაუგრძელდათ 2022 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება, რომელთა განკარგვის შედეგად უპირობოდ განხორციელდებოდა დაგეგმილი შემოსულობების შესრულება. სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული
ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, რომლებიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო.
საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 მილიონ  395 700 ლარი, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიონ 110,8 ათასი ლარი შეადგინა.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მომავალი წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის სახით, 100 მილიონ 400 000 ლარი გაითვალისწინა, აქედან ბათუმის მუნიციპალიტეტს 53 მილიონი შეხვდება. ამას ემატება სპეციალური ტრანსფერიც, მომავალი წლის ბიუჯეტში ჯამში სპეციალური ტრანსფერის სახით 67 მილიონ 688 000 ლარი გაითვალისწინეს. აქედან 60 მილიონი ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის არის გამოყოფილი.

მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2022 წლის სამ კვარტალში ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 68 მილიონ 044 500 ლარი, საიდანაც გახარჯულია 49 მილიონ  372 100 ლარი, რაც გეგმის 72,6 პროცენტია.

2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს მომავალ წელს ხელფასები გაეზრდებათ, ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების გრაფაში თანხები გაზრდილია.

მილიონზე მეტით იზრდება ქალქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, აქედან 7 მილიონი მთის კურორტების სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას უნდა მოხმარდეს, 4 მილიონი კი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას.

2 მილიონით არის შემცირებული სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა, მიმდინარე წელს 19 მილიონი იყო, მომავალი წლისთვის 17 მილიონია.

მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 4 მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინეს, მილიონ ნახევრით ნაკლები, ვიდრე მიმდინარე წელს. თითქმის იდენტურია ტურიზმის სფეროს დაფინანსებაც, ამ მიმართულებით ახალი პროექტები ბიუჯეტში არ არის.

82 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ნამატი თანხა ძირითადად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ინვენტარით აღჭურვას უნდა მოხმარდეს.

400 000 ლარით იზრდება და მილიონ 200 000 ლარია პროექტებისა და ფესტივალების მხარდაჭერა.

4 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება.

9 თვის ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ გასული წლის გადასახადების გეგმა ძირითადად ვერ შეასრულა. ამ ნაწილში სამინისტრო მხოლოდ ციფრებით შემოიფარგლა და უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში დეტალურად არ აღწერა კონკრეტულად რა ვერ შესრულდა და რატომ. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში ძალიან ზოგადია.

გარდა ამისა, ოპოზიცია აპელირებს შეუსრულებელ პრიორიტეტების დოკუმენტზე. „თუ ქვეყანა ვითარდება, რატომ არის ბოლო ათი წლის განმავლობაში  პრიორიტეტების დოკუმენტი დაკოპირებული? – სვამს კითხვას გია აბულაძე:

„როცა გვეუბნებიან, რომ ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის, როგორ შეიძლება პრიორიტეტები არ იცვლებოდეს. როცა რეგიონში იზრდება ბავშვთა სიღარიბე და ამაზე სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, ამ დროს პრიორიტეტების დოკუმენტში სიღარიბესთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ. როდესაც ამბობენ, რომ ტურიზმი არის ჩვენი პრიორიტეტი, ვერ ნახავთ პრიორიტეტების დოკუმენტში, რომ რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით.“

„აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა“ – ლეილის დაბრუნება ნინოწმინდაში ცვლილებებისთვის

22 წლის ლეილი ესოიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ნინოწმინდელ, ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ბევრი სხვა წანაააღმდეგობის მიუხედავად შეძლო პირველი გოგო ყოფილიყო ნინოწმინდაში, ვინც ერთ აკადემიურ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებდა. ის მაშინ თბილისშიც არ იყო ნამყოფი და არაფერი ჰქონდა ნანახი გარდა ნინოწმინდისა, სადაც განათლების მიღების შემდეგ თავისი თემის გაძლიერებაში წვლილის შესატანად დაბრუნდა.

ლეილის ცხოვრება თითქოს სამ ნაწილად იყოფა: ამერიკამდე, ამერიკაში და ამერიკის შემდეგ.

  • ამერიკამდე

9 წლის იყო, როცა ნინოწმინდის ერთ-ერთი სოფლიდან საცხოვრებლად დაბა ნინოწმინდაში გადავიდა. სკოლაში კარგად სწავლობდა. მეცხრე კლასში FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ყველა საჭირო გამოცდა ჩააბარა, საბუთები შეაგროვა და 1 წლით, მე-10 კლასში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა.

ლეილის მხარს უჭერდნენ მშობლები. იცოდნენ, რომ ამერიკაში სასწავლებლად წასვლა მათ შვილს  გამოცდილებასა და ცოდნას შესძენდა, რასაც ნინოწმინდაში დარჩენით ვერ მიიღებდა, თუმცა ამ აზრს მათი გარშემომყოფები არ იზიარებდნენ. ეს ამბავი ლეილისთვის დამთრგუნველი იყო:

„ბევრჯერ გამიგია, როგორ უშვებენ მშობლები 15 წლის გოგოს საზღვარგარეთ ერთი წლით და რატომ მიდის, რა უნდა გააკეთოს, რა აზრი აქვს მის საზღვარგარეთ წასვლას ამ ასაკში, თანაც ის ხომ გოგოაო. ამ სტერეოტიპების გამო ჩვენთან საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო, საზოგადოების დამოკიდებულება კი – ნეგატიური.

მანამდე არავის უსარგებლია ჩვენგან ამ პროგრამით. პირველი გოგონა ვიყავი ნინოწმინდაში, ვისაც, ასე ვთქვათ, ეს შესაძლებლობა მიეცა. მსგავსი შემთხვევა იქამდე არ ყოფილა ნინოწმინდაში და ადგილობრივებისთვის რაღაცნაირად გაუგებარი იყო, 15 წლის გოგო მარტო რომ ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას“ – იხსენებს ლეილი.

ლეილიმ საბოლოოდ შეძლო ამერიკაში 1 წლით წასვლა: „ინგლისურს, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ინგლისურად ადამიანებთან კომუნიკაცია არასდროს მქონია, სათანადოდ არც ვიცოდი ენა. კიდევ ის იყო, რომ საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი და არც ქართული ვიცოდი,“ – ჰყვება ის.

  • ამერიკაში

ლეილი ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრების ყოველი დღე მისთვის ახალ-ახალი აღმოჩენებით იყო სავსე:

„იმიტომ, რომ აქ, ნინოწმინდაში, ბევრი არაფრის შესაძლებლობა არ გვაქვს. იქ კი უამრავი შესაძლებლობა მომეცა. ჩემთვის, როგორც 15 წლის ბავშვისთვის, ყველაფერი ძალიან საინტერესო და ამასთან, უცნაური იყო”.

ყველაზე რთული ლეილისთვის ამერიკაში ცხოვრების პირველი 2 თვე იყო. ინგლისურის კარგად არ ცოდნის გამო ყველასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებდა, თუმცა 2 თვის შემდეგ ახალ გარემოში აქტიურად დაიწყო ადაპტირება.

„მივხვდი, რომ ამერიკაში უნდა დავრჩენილიყავი და გამეკეთებინა ყველაფერი, რაც საჭირო იყო სკოლაში თუ სკოლის გარეთ.

როცა ინგლისური ენის ცოდნა გავაუმჯობესე, თანდათან უფრო მეგობრული და კომუნიკაბელური გავხდი.

ჩვენთან მხოლოდ მუსიკა ან ხატვა ისწავლება. იქ იყო ფოტოგრაფიის, დიზაინის, კერამიკის და ბევრი რამის გაკვეთილები, რომელთა არჩევის შესაძლებლობაც მქონდა.

მეორე სემესტრში ყველა ის საგანი ავირჩიე, რაც ქართულ სკოლებში არ ისწავლება. ისე მახარებდა ეს [მრავალფეროვნება]. ბევრი რამ ვისწავლე, რასაც აქ, საქართველოში, მგონი ვერასდროს ვისწავლიდი.

ასევე, გაკვეთილების შემდეგ ბევრი სპორტული აქტივობა გვქონდა. ასეთი რამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერჯერობით არ არის“, – გვითხრა ლეილიმ.

ლეილი ამერიკაში სკოლის გამოსაშვებ დღეს
  • ამერიკის შემდეგ

ნინოწმინდაში დაბრუნებული ლეილი ბედნიერი იყო, რადგან მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას გრძნობდა:

„პირველად მითხრეს – ყოჩაღ შენ. ძალიან კარგი ქენი, რომ წახვედი ამერიკაშიო. მერე უკვე ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ. მეკითხებოდნენ, მათაც თუ შეეძლოთ წასვლა და რისი გაკეთება იყო ამისთვის საჭირო“.

ამერიკიდან ნინოწმინდაში დაბრუნებულმა, ჯერ კიდევ მე-11 კლასის მოსწავლე ლეილიმ ახალი მიზნები მალევე დაისახა.

„ამერიკაშიც ვფიქრობდი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში საქართველოში უნდა მესწავლა. გეტყვით რატომაც – მანამდე არც თბილისში ვიყავი ნამყოფი და არც ქართველი მეგობრები არ მყავდა. საერთოდ არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, ნინოწმინდის იქით.

FLEX-ის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ერთობლივი შეხვედრა გვქონია ქართველ ახალგაზრდებთან და ყველაზე მეტად მათთან კომუნიკაცია მიჭირდა. მინდოდა ჩემს თანატოლებთან საუბარი, მაგრამ არ შემეძლო. მათ ვთხოვდი, თუ შეგიძლიათ ინგლისურად მიპასუხოთ ან გადამითარგმნოთ, რასაც მეუბნებით, რომ გავიგო-მეთქი. ჩემთვის საშინელება იყო ეს, რადგან საქართველოში ვცხოვრობდი და ქართული ენა არ ვიცოდი. ამის შემდეგ მომინდა ქართული ენის სწავლა, რომ მათთან კომუნიკაცია ქართულად შემძლებოდა. გავიგე, რომ საჭირო იყო ჩემთვის ქართული ენის ცოდნა.

ენის ბარიერიც იმიტომ იყო, რომ არ გვქონდა საზოგადოება, სადაც ინტეგრირებული იყვნენ როგორც ქართველები, ასევე ეთნიკურად სომხები. [ნინოწმინდაში] მხოლოდ ეთნიკურად სომხები ვცხოვრობდით. მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში წავსულიყავი, სადაც ადამიანებთან კომუნიკაცია ქართულ ენაზე მექნებოდა“, – გვითხრა ლეილიმ.

ის ფიქრობს, რომ ნინოწმინდაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ახლა ენის სწავლის უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, რადგან აქვთ ინტერნეტი, ქართულ ენაზე ტარდება სხვადასხვა ტრენინგი, ხორციელდება პროექტები და ქართულად კომუნიკაციის შესაძლებლობაც ეძლევათ ადგილობრივ ახალგაზრდებს.

ლეილიმ მთელი ძალებითა და დიდი მონდომებით დაიწყო ქართული ენის სწავლა პირველი დონიდან ჟვანიას სკოლის სასწავლო ცენტრში, ნინოწმინდაში. ლეილის ოჯახმა უმასპინძლა ქართველ მოხალისე-მასწავლებლებს დაახლოებით 1 წლით. ამბობს, რომ განსაკუთრებით სწორედ მათთან დამეგობრება დაეხმარა ქართული ენის სწავლაში.

„უნივერსიტეტში ექსტერნად, 11 კლასის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე. ბევრი გამოცდა მქონდა, საატესტატო, საექსტერნო,“ – გვიყვება ლეილი.

როგორც თითქმის ყველა ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობებიდან, ლეილიც 1+4 პროგრამაზე ჩაბარებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ თუ პირდაპირ ბაკალავრის პირველ კურსზე ჩააბარებდა, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებდა სწავლის საფასურს, ლეილის გეგმები შეიცვალა.

„გადავწყვიტე, მეცადა. ისე მოხდა, რომ ყველა ის გამოცდა ჩავაბარე, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები აბარებდნენ“. საბოლოოდ ლეილიმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობაზე ჩააბარა.

„ნინოწმინდიდან ისევ ერთადერთი გოგონა ვიყავი, ვინც პირდაპირ ბაკალავრიატზე ჩააბარა. საკმაოდ გამიჭირდა. იყო ქართული ენის ბარიერი და კიდევ ის, რომ მარტო ვიყავი. ჩემი კლასელები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ, მე პირველკურსელი ვიყავი“, – გვიყვება ლეილი და დასძენს, რომ თავისი სირთულეები ახლდა იმასაც, რომ დედაქალაქს საერთოდ არ იცნობდა.

ბაკალავრიატში სწავლის დროსაც მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამასა თუ გაცვლით პროექტში. იყო უკრაინაში, რუმინეთში, სომხეთში. ყველა საერთაშორისო პროექტში ლეილი საქართველოს წარმოადგენდა.

ის ნინოწმინდაში ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას დაბრუნდა და არ იცოდა, რამდენი ხნით დარჩებოდა. უნივერსიტეტი ნინოწმინდაში, დისტანციური სწავლებით დაამთავრა და დასაქმება გადაწყვიტა. ჯერ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში თემის მობილიზატორი გახდა, 2022 წლის დასაწყისში კი ბანკში დაიწყო მუშაობა.

„სულ მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი, ამიტომაც ინგლისური ენის საგნობრივი გამოცდა ჩავაბარე. ნინოწმინდის ქართულ სკოლაში ვაკანსია იყო. დიდი იმედი არ მქონდა, რომ მე შემარჩევდნენ, მაგრამ ამიყვანეს და ახლა უკვე 1 თვეა, რაც ინგლისურ ენასაც ვასწავლი ბანკში მუშაობის პარალელურად.

ხანდახან მაგისტრატურაზეც მინდა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რომელიმე გაცვლითი პროგრამით, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ და ვფიქრობ, რომ დიდხანს გავჩერდები ნინოწმინდაში“.

გვიყვება, რომ ყოველთვის უნდოდა ნინოწმინდაში ადგილობრივებისთვის სასიკეთო ცვლილები შეეტანა. მას ერთი დიდი მიზანი აქვს:

„მინდა, ისეთი დიდი ბიზნესი შევქმნა, სადაც ბევრ ადგილობრივს მიეცემა დასაქმების შესაძლებლობა.

ახლა რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ რაღაცები შეიცვალა ნინოწმინდაში. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ რამეს შევცვლით. ამიტომაც ვრჩები ჯერჯერობით აქ, ნინოწმინდაში დიდი იმედებითა და მიზნებით“.

ეთნიკურად სომეხ საზოგადოებას პირველ რიგში ქართული ენის ცოდნა გვჭირდება, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელსაც ებმის სხვა პრობლემებიცო – გვითხრა ლეილიმ.

მისი თქმით, ნინოწმინდაში არ არის ორგანიზაცია, სადაც საბუთების გადათარგმნას და სხვა საკითხების მოგვარებას შეძლებენ ეთნიკური უმცირესობის წევრები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან.

„ვინც იცის ქართული ენა, ეხმარებიან სხვებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ინტეგრირებულები ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ რადგან ვართ საქართველოს მოქალაქეები, აქ ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა.

ნელ-ნელა სწორედ ამისკენაც მივდივართ, რადგან უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის ჩვენგან თბილისში ქართული ენის სასწავლებლად იმის იმედით, რომ ისევ დაბრუნდებიან და უფრო ინტეგრირებულები გავხდებით მომავალში. მიხარია.“ – ამბობს ლეილი. 

თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, მაგრამ ყოველთვის, როცა სახლშია, საბუთებს უთარგმნის მათ, ვისაც ეს სჭირდება. ეხმარება სომხური სკოლის მოსწავლეებსაც ქართული ენის გაუმჯობესებაში.

„ჩემი აზრით, ინტეგრირებისთვის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში, მაგრამ მათი სწორად გამოყენება და შესაძლებლობის არ დაკარგვაა მნიშვნელოვანი.

თუ დავკარგავთ შესაძლებლობას, უბრალოდ შეგვიძლია ვიწუწუნოთ, რომ აი, არაფერი არ არის, არც სამსახური გვაქვს და არც არაფერი… ვისაც მეტის მიღწევის სურვილი აქვს, მოძებნის შესაძლებლობებს, რომ წარმატებისკენ წავიდეს.

ბევრს არაფერს აკეთებენ, უბრალოდ ამბობენ, არაფერი არ არის და რა უნდა გავაკეთოთო. ელოდებიან იმას, რომ ვიღაც გააკეთებს საქმეს.“ – ასე ფიქრობს ლეილი.

როგორ სჯიან ბათუმში მოსამართლეები მოძალადე კაცებს – განაჩენები

ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვა ისევ ხშირად უწევთ მოსამართლეებს. ამას განაჩენების სიმრავლეც აჩვენებს. განაჩენებიდან იკვეთება მოძალადეების ერთგვარი სტრატეგიაც: სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს დაზარალებულად მიჩნეული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს ბრალდებული, ხოლო ექსპერტის დასკვნის შესახებ მოსამართლეები ამგვარ განმარტებას ეყრდნობიან: „კვალიფიკაციის დადგენისთვის აუცილებელი კომპონენტის არსებობს – ფიზიკური ტკივილის განცდა, რაზეც ინფორმაციის მოწოდება პირდაპირ შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს“.

ეს მიუთითა, მაგალითად, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეზე, როცა უდანაშაულოდ მიიჩნია ბრალდებული.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ხელის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ფაქტს არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

სასამართლო პროცესზე ქალმა დუმილი არჩია. ბრალდებულმაც დუმილის უფლება გამოიყენა.

„რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის არ არის წარმოდგენილი საქმეში, რომლითაც დადგენილი იქნებოდა დაზიანებები, მისი არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნულისა, რადგან სავარაუდო დაზარალებული სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას მისი საპროცესო უფლების გამოყენებით – ამ მოცემულობით დაუდგენელი და დაუდასტურებელი რჩება ბრალის დადგენილებით მითითებული კვალიფიკაციის დადგენისთვის აუცილებელი კომპონენტის არსებობა – ფიზიკური ტკივილის განცდა, რაზეც ინფორმაციის მოწოდება პირდაპირ შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს,“ – წერს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე.

ოჯახში ძალადობის მუხლით გამოტანილი განაჩენები „ბათუმელებმა“ გამოითხოვა ბათუმის, ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან. საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოგვაწოდა – 2020 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულობების განაჩენები [ოჯახში ძალადობა, მუქარა, ცემა]. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენების მიხედვით, 59 ისეთი საქმე განუხილავთ მოსამართლეებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, მათ შორის, ყველაზე ხშირია „ოჯახში ძალადობა“. 59 განაჩენიდან 14 გამამართლებელია, ერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ყველაზე მეტ – 26 შემთხვევაში კი, მოსამართლემ დამნაშავეს სასჯელის სახით მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. 

59 შემთხვევიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, 16 შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პირობით ჩაუთვალა. 

რატომ მომრავლდა გამამართლებელი განაჩენები? 

ოჯახში ძალადობის საქმეებში ვიპოვეთ განაჩენიც, სადაც ბრალდებული გამართლდა დაზარალებული ქალის ჩვენების მიუხედავად. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხოლოდ მუქარის ნაწილში გაამტყუნა და 200 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა კაცს, რომელსაც ცოლი სისტემურ ძალადობას ედავებოდა.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, ბრალდებულმა „ეჭვიანობის ნიადაგზე ფეხსაცმლის თავის არეში დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენა,“ ხოლო მეორე შემთხვევაში, „ფერდის არეში საუთოო მაგიდა, სახის არეში კი, მუშტი დაარტყა“.

დაზარალებულად ცნობილმა ქალმა კ.ლ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი ქმარი თავდაპირველად ადამიანის დაჭრისთვის დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ კი, მასთან დაიწყო კონფლიქტი.

„ხელი დამარტყა სახის არეში – თვალთან, ყურთან, მხარზეც… მერე მესროლა ფეხსაცმელიც, სახეში მომხვდა და თვალი დამიზიანა… მუცელში ჩამარტყა ფეხი დამცემდა 11, 13, 23, 28 დეკემბერსაც. 28 დეკემბერს სამსახურში მომაკითხა, გარეთ გამათრია და დამემუქრა, თუ პოლიციას მიმართავ, მოგკლავო,“ – უთქვამს დაზარალებულს მოსამართლისთვის.

„ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი სხვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენებაში ასახული გარემოებების სისწორე,“ – წერს განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი და ასკვნის:

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი მტკიცებულება გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს“.

მოსამართლე განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა მისთვის ქალის ჩვენება „უპირობოდ გასაზიარებელი“.

„მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების უპირობოდ გაზიარების საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ლ. თავდაპირველად ჩვენებაში დაბეჯითებით ამტკიცებდა, ბრალდებულის მხრიდან ძალადობისას იყო ორსულად, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს ჩატარებული აქვს ჰისტეროქტომია და ამოკვეთილი აქვს საშვილოსნო დანამატებთან ერთად. შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დაფეხმძიმებას ვერ შეძლებდა, გამოძიებას მაინც მიაწოდა ბრალდებულის საზიანო ასეთი ინფორმაცია,“ – წერს მოსამართლე.

იგივე მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი მიუღია კიდევ ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა, დუმილის უფლებით სარგებლობა გადაწყვიტა მოწმემაც.

გამოძიების ვერსიით, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში „საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.მ.-მ თავისი ოჯახის წევრს – ორსულ მეუღლეს თ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და მუცლის არეში, რის შემდგომაც ძლიერად მოქაჩა ტანისამოსზე და დააგდო დივანზე,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

შემთხვევის მოწმე მხოლოდ ბრალდებული კაცის მამა ყოფილა, რომელსაც ჩვენების მიცემაზე უარი უთქვამს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

კიდევ ერთ საქმეზე კი, მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები დარჩნენ. პოლიციას თავდაპირველად ქალმა უთხრა, რომ ქმარმა სცემა – მთვრალმა სახის და გულმკერდის არეში ხელები მირტყაო. პოლიციელებმა თქვეს ისიც, რომ ოჯახში „ბინა არეული დახვდათ“. ამ გამამართლებელ განაჩენში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც გაუსვა ხაზი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  ოჯახის წევრის მიმართ იძულების და მუქარის ბრალდების საქმეზე 2020 წლის 8 სექტემბრის №451აპ-20 განაჩენში განმარტა, რომ ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარის შემთხვევაში მხოლოდ ირიბი მტკიცებულების – მოწმის ჩვენების – რომელიც არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, – საფუძველზე არ არსებობს პირის დამნაშავეს ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ოჯახში ძალადობის და მუქარის კიდევ ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული სრულად გამართლდა, მთავარი მტკიცებულება სატელეფონო მიმოწერა იყო, თუმცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის შეფასებით, „რთულია გარკვევა ჯერ სმს შეტყობინების შინაარსის, წერისას დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომების გამო, შემდეგ ასევე რთულია ამ შეტყობინებების ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ ინფორმაციად მიჩნევაც“, – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

„შეტყობინებებიდან მაგალითისთვის აღებული თუნდაც ერთი ფრაზა – saatebi sanishne da molarae midi sheni jishi movdivar – ცხადყოფს რამდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია ამ შეტყობინების შინაარსი, ტოვებს ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას და გამორიცხავს მისი, როგორც ბრალდების დამადასტურებელი ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას.

კიდევ უფრო გაურკვეველია შემდეგი ფრაზების შინაარსიც, ხოლო გარკვევით დაწერილი “movdivar damacade” – რთულია შეფასდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად. გარდა ამისა, ბრალდებულის განმარტებით, მისი მეუღლის პოლიციისთვის მიმართვის საფუძველი სხვა ქალზე ეჭვიანობა გახდა,“ – დასძენს მოსამართლე.

„…გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ მასალებშიც იკვეთება იმის ფაქტი, რომ მეუღლის მანქანაში უცხო ქალბატონის ნივთების პოვნის შემდეგ მოხდა დაზარალებულის მისვლა პოლიციის განყოფილებაში და მეუღლის მხრიდან დაახლოებით ერთი თვის ადრე მომხდარი ფიზიკური ძალადობის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დახმარების თხოვნა. ამდენად, ძალიან რთულია მიჯნის სწორად გავლება ნამდვილად მუქარის რეალურად აღქმის და შიშის, თუ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა თ.-ს მხრიდან საქმეში პოლიციის ჩართვა, მით უფრო, რომ სასამართლო განხილვისას მან საერთოდ უარი განაცხადა რაიმე განმარტებაზე და ბუნდოვანი დატოვა მითითებული გარემოებები,“ – აღნიშნულია განაჩენში.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – სასჯელი, რომლითაც ყველაზე ხშირად სჯიან მოძალადე კაცებს

როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენებიდან ჩანს, სასამართლო ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სასჯელის სახედ ყველაზე ხშირად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას იყენებს.

მაგალითად, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 140 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს საქმეზე, სადაც დაზარალებულმა დუმილი არჩია.

„დაზარალებულს ბრალდებულთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ისინი ერთად ერთ ოჯახში ცხოვრობენ,“ – ხაზგასმულია განაჩენში, რომელიც ბრალდების აღწერით იწყება:

„…ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ.-მ ზურგის არეში ჩუსტის და სახის არეში ხელის დარტყმით  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის რძალს, რის გამოც უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – წერია განაჩენში.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი, 180 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა ბრალდებულ ე.ბ.-ს, რომელსაც ცოლთან მიახლოება მანამდე შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა.

„აეკრძალა მსხვერპლის სახლთან მიახლოება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ე.ბ.-მ დაამყარა კომუნიკაცია ლ.ზ-თან, რითაც დაარღვია N027675 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

რა შემთხვევაში იყენებს სასამართლო ოჯახში ძალადობის დროს სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას – თავისუფლების აღკვეთას?

მაგალითად, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოჯახში ძალადობისთვის კაცს, რომელიც მანამდე ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევამდე კი, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. განაჩენში ხაზგასმულია, რომ კაცი გენდერული სტერეოტიპის მოტივით ძალადობდა ორსულ ცოლზე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში.

„…გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი (საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ა.ბ. სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა, ასევე სახეში აფურთხებდა წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს, თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს თ. ჩ.-ს, რითაც მსხვერპლი მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამ საქმეზე ბრალდებულ კაცს თავი სრულად დამნაშავედ მიუჩნევია, მას არც პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაუხდია სადავოდ. საქმეში კი იყო 112-ს სატელეფონო ჩანაწერი, როცა ორსულმა ქალმა ახალი წლის დილას დარეკა და შველა ითხოვა, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში.

აქ საინტერესო კიდევ ერთი დეტალია: კაცი, რომელიც ორსული ცოლის ცემაში იყო ბრალდებული, შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მანამდე ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული, სასამართლოს 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე ჰყავდა გათავისუფლებული. ბრალდებული მხოლოდ 18 დღე იყო წინასწარ პატიმრობაში. 

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

საქართველოში ინსულტი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინსულტი უნარშეზღუდულობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოში. 

ინსულტის დროს ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ამბობს, რომ ინსულტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, მედიკამენტურ თერაპიას, კლინიკაში გადაყვანას და ა.შ.

„თუ, მაგალითად, თრომბული მასები გახდა იმის მიზეზი, რომ ინსულტი განვითარდა და სისხლძარღვების გამავლობა არის შეზღუდული, ძალიან სწრაფად რეაგირებაა საჭირო, სიმპტომების განვითარებიდან საავადმყოფოში მოხვედრამდე თუ 2-3 საათის შუალედია, კარგ შედეგს გვაძლევს ამ თრომბული მასების დაშლის და სისხლძარღვების გამავლობის მენეჯმენტი, შედეგად მცირდება ტვინის იშემია და ბუნებრივია, დიდ ხანს არ გრძელდება ტვინის დაზიანება. პერიფერიაზეც და სხვაგანაც კლინიკურ სურათს ეს უფრო მსუბუქს ხდის ან ადვილად  აალაგებს ხოლმე“  – ამბობს ექიმი.

ყველა ინსულტი არის სხვადასხვაგვარი და შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რომელ უბანში ვითარდება და რა მოცულობის არის დაზიანება.
ინსულტის შედეგად პაციენტს შეიძლება დარჩეს სხეულის ნახევარში სისუსტე; ბალანსის დარღვევა და სიარულის პრობლემები; ხელის, ფეხის, მკლავისა და ტერფის გამოყენების შეზღუდვა; ასევე ყლაპვის პრობლემა; ფიქრისა და კომუნიკაციის პრობლემები და სხვა.  

  • ქალბატონო ნესტან, რა განსაზღვრავს იმას, დარჩება თუ არა რომელიმე უნარი შეზღუდული პაციენტს ინსულტის შემდეგ?

მთავარი განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორი გამოსავალი იქნება, არის დროის ფაქტორი, როგორც მედიკამენტური თერაპიის ან/და ქირურგიული ჩარევის, ასევე შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

ცხადია, აქ მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა თავის ტვინში, რამდენად მძიმეა დაზიანება – ამის მიხედვით შესაძლებელია ჩვენ რაღაც პროგნოზებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ზუსტად არასოდეს ვიცით, კონკრეტული სიმპტომი, როგორც ინსულტის რეზიდუალური (ნარჩენი) მოვლენა, დარჩება პაციენტს თუ არა.

ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თავად პაციენტის რესურსზე. გარდა ამისა, აღდგენით პერიოდში საჭიროა სწორი შრომა, რაშიც პირველი არის ადრეული ინტერვენცია.

ადრე სრულიად სხვა რაღაცას ეძახდნენ ადრეულ ინტერვენციას და ახლა ეს ნიშნავს, რომ 24 – 32 საათში, როცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასტაბილურდება, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პაციენტთან მუშაობა. ეს ცოტა აოცებთ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ვუხსნით, რომ მუშაობის დაწყება არ ნიშნავს პაციენტი წამოვაყენოთ და ვარბენინოთ, მუშაობა ნიშნავს განვახორციელებინოთ პაციენტს სწორად პოზიციონირება, გადატრიალება-გადმოტრიალება, ყრდნობა – ხელზე წამოდგომა… ისეთი მარტივი ფუნქციური უნარები, რომელთა ვარჯიშიც პაციენტმა აუცილებელია რომ დაიწყოს ადრე, რათა მან შეძლოს ფეხზე წამოდგომა.

რაც უფრო ადრე ვიწყებთ ინტერვენციას, მით უკეთესია გამოსავალი და ეს ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული.

  • რა დროში ხდება რეაბილიტაცია?

სტატისტიკა ამბობს, რომ ინსულტის დადგომიდან პირველი 12 თვის განმავლობაში არის სწრაფი აღმასვლა, ანუ 12 თვე სულ უმჯობესდება და უმჯობესდება მდგომარეობა, ჩვენ ამას ვეუბნებით ხოლმე პაციენტებს თამამად, არ არის ეს ტყუილი დაპირება.

სწორი ინტერვენციის შემთხვევაში 12 თვე თქვენ ძალიან დიდი ნაბიჯები უნდა გადადგათ გაუმჯობესებისკენ, 12-24 თვის შემდეგ კიდევ შესაძლებელია რაღაცების დასწავლა და მდგომარეობის გაუმჯობესება. დასწავლა იმას არ ნიშნავს, რაღაც წავიკითხოთ და დავიმახსოვროთ, არამედ როცა ვიმეორებთ რაღაც კონკრეტულ აქტივობას, რაც განმეორების შემდეგ ავტომატურ ხასიათს იძენს, ადვილდება შეზღუდულ ფუნქციასთან გამკლავება და უმჯობესდება შეზღუდვა.

  • როდის არის მაღალი რისკი იმასა, რომ გარკვეული შეზღუდვა რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩეს პაციენტს ხანგრძლივად/მუდმივად?

ზუსტი პროგნოზირება არავის შეუძლია.

ბუნებრივია, როცა დასაწყისშივე ვხედავთ, რომ მსუბუქად მიმდინარეობს პოსტინსულტური პროცესი,  პაციენტს მსუბუქი დაზიანება, მსუბუქი დარღვევა დარჩა, ის მეტად ექვემდებარება ისეთ აღდგენას, რომ აღარ იყოს  რაღაც კლინიკური ნიშანი შემორჩენილი, მაგრამ რაც უფრო მძიმეა დაზიანება, მეტი შანსია, რომ დარჩეს ნარჩენი მოვლენა.

თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მართავ შემდეგში ამ ნარჩენ მოვლენას. შესაძლოა დარჩეს არა მსხვილი, არამედ ნატიფი მოტორიკის პრობლემა, მაქსიმუმ შეიძლება ბარათი ვერ ჩააცურო საბარათეში, ანუ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მსხვილი კლინიკური სიმპტომი, რომელიც შესამჩნევი იქნება ან რაღაცაში ხელს შეგიშლის.

  • რამდენად ხშირია, როცა რეაბილიტაციის გარეშე უბრუნდება ფუნქცია პაციენტს?

ხანდახან არის ხოლმე, რომ პაციენტის ოჯახის წევრს გადაწყვეტილი აქვს 10 დღეში რეაბილიტაციის დაწყება და გვეუბნება, რომ პაციენტმა აამოძრავა უკვე ხელ-ფეხი და ფეხზეც წამოდგა, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რეაბილიტაცია.

მთავარია, ასრულებს თუ არა პაციენტი ყოველდღიურ ფუნქციურ აქტივობებს, ეზღუდება თუ არა ცხოვრების ხარისხი, თუ ამ ორ რაღაცაში აქვს შეზღუდვა, მაშინ სჭირდება დახმარება.

არის მთელი ტესტები, შეფასების კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა დავადგინოთ, სჭირდება თუ არა ამ ადამიანს ვიღაცამ ავარჯიშოს, გააკეთოს რაღაც ინტერვენციები თუ არა; რა თქმა უნდა, ეს ხდება მისი მკურნალი ექიმის მიერ ჰემოდინამიკური სისტემებისა და მდგომარეობის კონტროლით, ეს უკვე სხვა პრეროგატივაა, იმიტომ, რომ ინსულტი ყოველთვის არის ერთ-ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი შემდეგი ინსულტისთვის და ბუნებრივია, უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ არ არის საჭირო ჩაერიო ფუნქციური უნარებით [რეაბილიტაციით], თუ პაციენტს არ აქვს კონკრეტული ჩივილი იმ ორი მიმართულებით.

ყველა კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური, თუმცა ერთი რამ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 3-5 წელიც რომ იყოს გასული, რაღაც დადებითს მაინც მოიტანს კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც არის სხვადასხვა ფუნქციაზე ორიენტირებული.

  • რას მოიცავს რეაბილიტაცია?

როცა ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ მას სჭირდება მასაჟი, ეს არ არის მთლად სწორი. პაციენტს სჭირდება გუნდური მიდგომა და რეაბილიტაციის გუნდმა უნდა გადაწყვიტოს ამ კონკრეტული პაციენტისთვის რა იქნება უმჯობესი, რომელი სტრატეგიები, რაზე იქნება სამუშაო, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს გუნდს, ცენტრში მდგომი წევრი კი არის პაციენტი და მისი ოჯახი, ამას პაციენტზე ცენტრირებული მიდგომა ჰქვია, სწორედ მის ირგვლივ ბრუნავს რეაბილიტაციის მთელი გუნდი.

რეაბილიტაციის გუნდში არიან: ექიმი-რეაბილიტოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ენა-მეტყველების თერაპევტი და ნებისმიერი მოწვეული კონსულტანტი – დიეტოლოგიდან დაწყებული სოციალური მუშაკით დამთავრებული, რომელიც ჩვენ გვჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში.

  • ექიმი-რეაბილიტოლოგი აკეთებს შეფასებას, მედიკამენტურ თერაპიას განიხილავს, რეაბილიტაციის გეგმას წერს;
  • ფიზიკური თერაპევტი უფრო მსხვილი მოტორული მობილობის ხელშეწყობაზე მუშაობს, ფუნქციურ აქტივაციაზე;
  • ოკუპაციური თერაპევტი, იგივე ერგოთერაპევტი, მუშაობს ზედა კიდურის ფუნქციის აქტივაციაზე, ჯდომზე, ნატიფი მოტორული უნარებისა და გარემოს მორგება/ადაპტაციაზე, ასწავლის პაციენტს, როგორ გააკეთოს კომპენსირება იმ წუთას არსებული დარღვევით;
  • მეტყველების თერაპევტი კომუნიკაციაზე ზრუნავს და თუ ადამიანი ვერ მეტყველებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს. კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდები არსებობს, რითაც შეგვიძლია მასთან კონტაქტი დავამყაროთ და შევთავაზოთ ეს მეთოდები როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრებს. მას კომუნიკაციის გარდა ასევე ეხება ყლაპვა, კვება;
  • ფსიქოლოგი კოგნიტიურ უნარებზე მუშაობს და დეპრესიის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ინტერვენციას იყენებს.

 რეაბილიტაციის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა სტრატეგიით.

მაგალითად, არსებობს მოტორიკის სასწავლი/ხელშემწყობი სტრატეგიები, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებ, მაგრამ თუ სწორად მასწავლეს როგორ ვავარჯიშო ეს კონკრეტული უნარი, შესაძლებელია, რომ მოტორული დასწავლა განვახორციელო და გამიუმჯობესდეს ზოგადი ფუნქციური მდგომარეობა.

ასევე, შეიძლება ვერ ვამოძრავებ სახსარს კარგად, მაგრამ თუ კონკრეტული სტრატეგიები იქნება გამოყენებული სახსრის მოძრაობაზე, კუნთის ძალის მომატებაზე, ბალანსზე და ზოგადად, მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, რაღაც გაუმჯობესებას მივაღწევთ მობილობაში, ორიენტაციაში, გადაადგილებაში, ბალანსში და ა.შ.

აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის პოზიციონირება, დაზიანებული კიდურის ფორსირებული გამოყენება, სხვადასხვა ტიპის ჩარევა, ნეიროგანვითარებითი მეთოდები და კიდევ ბევრი სტრატეგია, რაც შეიძლება შევთავაზოთ პაციენტს.

  •  როგორია ოჯახის წევრების როლი რეაბილიტაციის პროცესში?

ჩვენი როლი მათთან მიმართებაში პირველ რიგში არის განათლება და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა, ასევე იმის გაგება, თუ რა მოლოდინი აქვთ რეაბილიტაციისგან, რა არის მათი მიზანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს ადამიანის მიმართ, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც უნარის შეზღუდვა აქვს. ჩვენ ვახსენებთ ოჯახს, რომ ეს არის იგივე ადამიანი, უბრალოდ სხვანაირად შეიცვალა მისი ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ნუ მოუჩლექთ ენას, ნუ მისცემთ ბურთს ხელში სათამაშოდ, ისე ნუ მოექცევით, თითქოს 2 წლის ბავშვთან გქონდეთ საქმე.

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა პრობლემა იყოს მეტყველების მხრივ, ეს არის აფაზია და არა დემენცია – ვერ მეტყველებს, მაგრამ აზროვნებს.

ოჯახის წევრები ეხმარებიან პაციენტს, შეასრულოს ფუნქციური აქტივობები. ეს არ ნიშნავს, რომ დაავალოთ ადამიანს დღეში 100 აზიდვის გაკეთება, არამედ ვთხოვოთ – დააწექი ხელებს და წამოდექი დღეში სამჯერ, ან ცოტა ხანი იდექი და მერე დაჯექი, შეეცადე, კარი გააღო იმ ხელით, რომელიც არის დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ხელით თავისუფლად შეგიძლია გაღება. ასევე ვაფრთხილებთ პაციენტს, არ აიღოს ხელში ცხელი სითხით სავსე ჭიქა ან დანა, რაც ამ მომენტში საფრთხის მომცველია, მაგრამ ხელი უნდა იყოს აქტიური – თმა უნდა დაივარცხნოს, მშრალი საჭმელი პირთან მიიტანოს, გაიწმინდოს კბილები და ა.შ.

 ხშირად დაზიანებულ ხელში არასაკმარისი მოჭერის გამო პაციენტებს უჭირთ ჯაგრისის ტარის დაჭერა, რა დროსაც ვთხოვთ ოჯახის წევრებს, დაეხმარონ ტარის გამსხვილებაში, ანუ ადაპტირება მოვახდინოთ. ვასწავლით, რომ დაამაგრონ ჯაგრისის ტარზე ბავშვის ველოსიპედის რეზინის სახელური. ნებისმიერი კოვზის, ჩანგლის, ჯაგრისის სახელურის გამსხვილების შემდეგ ამ ადამიანს უმარტივდება მისი გამოყენება, ნაკლები ჩაჭიდებითაც.

ოჯახის წევრები ასეთ დროს უნდა იყვნენ კრეატიულები, იმიტომ, რომ როცა ბინაზე ვუტოვებთ პროგრამას პაციენტს, ჩვენ იქ ვერ მივიტანთ იმ მოწყობილობებს, რაც ცენტრში არსებობს.

მაგალითად, როცა დღეში ოთხჯერ უნდა წამოაყენონ ოჯახის წევრებმა პაციენტი, მაგრამ პაციენტი ჩავარდნილ საწოლზე წევს, ბუნებრივია გაუჭირდება იქიდან წამოდგომა, ამიტომ ვეუბნებით ოჯახის წევრებს – როცა წამოდგომას დააპირებთ, შეაცურეთ ქვემოდან რაღაც მყარი ფიცარი, თუნდაც ეს იყოს ნარდი და ადვილად წამოაყენებთ. სწორედ ეს არის ადაპტირება.

  •  ვინ არიან აჭარაში რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები?

იმისთვის, რომ ადამიანი მოხვდეს ამ პროგრამაში, უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ამ სტატუსის მოპოვების შემდეგ შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს ან თავის ნევროლოგს, თუკი ეს ნეირორეაბილიტაციაა, რომელიც დაუწერს მას ფორმა 100-ს, აღწერს მის მდგომარეობას და რეკომენდაციაში ჩაუწერს, თუ რატომ სჭირდება ამ ადამიანს რეაბილიტაცია. ამ ორი საბუთით და პირადობით ადამიანი [პაციენტის ოჯახის წევრი] მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და მცირე მოსაცდელი პერიოდის შემდეგ იღებს ვაუჩერს.

პაციენტი თავად ირჩევს, რომელ ცენტრში სურს მას რეაბილიტაციის გავლა.

შშმ სტატუსი განისაზღვრება იმ დეფექტებით, რასაც უტოვებს ინსულტი ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ამ ადამიანს.

პროგრამის ფარგლებში 600-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული თითოეულ ბენეფიციარზე. წელს, მაგალითად, სამჯერ დაუფინანსდათ 15-დღიანი თერაპიის კურსი.

რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თერაპიების ნაწილი სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება, ნაწილი – პაციენტის საცხოვრებელში. თუ მძიმე პაციენტი არ არის, მოდის ხოლმე, მაგრამ ზოგიერთს ჩვენ ვაკითხავთ.

პაციენტთან ძირითადად ექიმისა და ფიზიკური თერაპევტის ვიზიტი ხორციელდება. როცა პაციენტს ოდნავ გაუუმჯობესდება მობილობა, შემდეგ მოჰყავთ ცენტრში.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ პაციენტს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის ინდივიდუალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით მიეწოდება კომპლექსური სერვისი – ფიზიკური თერაპევტის, რეაბილიტოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, შრომითი თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და სხვა საჭირო სპეციალისტების მომსახურება.

პროგრამის ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების გარდა არიან ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და ომის ვეტერანები. პროგრამა აჭარაში რეგისტრირებული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

„პროცესში განიხილება ეს მიწებიც“ – საკრებულოს თავმჯდომარე გონიოს ციხესთან მშენებლობებზე

დღეს, 16 ნოემბერს, გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს. ისინი მშენებლობებზე ნებართვას ითხოვენ გონიოს ციხის მიმდებარედ.

მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად გონიოელებს მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, საბოლოოდ მათ მიწის ნაკვეთები გადასცეს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით და იმ პირობით, რომ იქ არაფერი აშენდებოდა.

მაგისტრალის გადაკეტვიდან მალევე აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა გზავნილით: „განიხილება ეს მიწის ნაკვეთებიც“.

„მიმდინარეობს გენგეგმის ზონირების საკითხის განხილვა, რა პროცესშიც განიხილება ეს მიწის ნაკვეთები… იმიტომ განიხილება, რომ ამ მიწებსაც შეეხოს. მიდის მუშაობა, ეს საკითხი ამაზეა მიბმული, ამ პროცესის დასრულების შემდეგ გვეცოდინება, ეს მიწის ნაკვეთი როგორ და რანაირად შეიძლება გამოვიყენოთ.

ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, მიდის შეთანხმებები კულტურული მემკვიდრეობის გვერდით რა სტილის და რანაირი შენობები შეიძლება განთავსდეს, რომ ფუნქცია [არ დაეკარგოს] ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც არა მარტო მე, არამედ თითოეული თქვენგანი დიდ პატივს სცემთ,“ – აღნიშნა რამაზ ჯინჭარაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს.

აქცია გონიოს ციხესთან დასრულდა.

მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ბათუმში

მეშვიდე და მერვეკლასელი მოსწავლეებისთვის ბათუმში მეწარმეობის სასწავლო პროგრამა განხორციელდება.

პროექტი – „ვიკვლევთ მეწარმეობას“ პირველად ხორციელდება საქართველოში, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი გამოცდილია აშშ-ში, ნებრასკის შტატში.

მოსწავლეებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ მეწარმეობა, უფრო მეტი გაიგონ სფეროს შესახებ და სცადონ საკუთარი ბიზნესის განვითარება, ასევე გაიცნონ მოტივირებული თანატოლები, შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში.

პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან“ ერთად ახორციელებს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE). მეწარმეობის შესწავლის მსურველი მოსწავლეები ბათუმში სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდნენ.

„პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალაზრდები თანატოლებთან ერთად გამოიკვლევენ მეწარმეობის არსს, განივითარებენ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს, დაგეგმავენ და განავითარებენ საკუთარი მცირე ბიზნესის იდეას და შეეცდებიან შექმნილი პროდუქტის გაყიდვას სხვადასხვა მეთოდით“.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 მონაწილე, რომლებიც კვირაში ორჯერ დაესწრებიან ორსაათიან შეხვედრას ცენტრის ოფისში.

შეხვედრების თარიღებია:

  • 22 – 23 ნოემბერი
  • 29 –  30  ნოემბერი
  • 6 – 7  დეკემბერი
  • 13 – 14   დეკემბერი
  • 20 – 21   დეკემბერი

მსურველებმა აპლიკაცია 18 ნოემბრამდე უნდა შეავსონ.

 

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა პოლონეთში მომხდარი აფეთქებების საფუძვლიანი გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომია.

შოლცმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა:

„პოლონეთში მომხდარ საშინელ ფაქტს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. კარგია, რომ NATO-ს წევრებს ამის გაკეთება სწრაფად შეუძლიათ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.“

რუსეთს რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაეწყო, არავითარი რაკეტა პოლონეთში არ ჩამოვარდებოდა – ასეთივე კომენტარები შოლცამდე ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა, ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რიუტემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთეს.

როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა, ანჯეი სადოსმა უთხრა, ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ პასუხისმგებლობა პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე და პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე რუსეთს ეკისრება.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის და უკრაინის მასობრივი დაბომბვის შედეგია, უკრაინის ინფრასტრუქტურის, ქალაქების,“ – განაცხადა სადოსმა.

15 ნოემბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვისას ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-სა და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია, – წერს Reuters-ი ნატო-ში წყაროზე დაყრდნობით.

მომხდარიდან მალევე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთის სასაზღვრო სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოების იყო და მისი ტრაექტორიის დადგენაზე მუშაობდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც დუდამ უკვე დღის მეორე ნახევარში დააზუსტა, არსებობს ალბათობა, რომ ეს იყო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტა, თუმცა ის რუსეთშია გამოშვებული.

აფეთქებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან თქვა, რომ „ესაა რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე“ და აუცილებელია საპასუხო მოქმედება.

თავად რუსეთმა აფეთქებას „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

პოლონეთის თხოვნით, აფეთქების საკითხს დღეს NATO-ს ელჩები ბრიუსელში განიხილავენ.

ბათუმის ცენტრში „ვისოლის“ გაზგასამართი სადგური გაიხსნა

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩასთან დეველოპერული პროექტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით #135-ში მდებარე „ვისოლის“ გაზგასამართი სადგური ქალაქის ცენტრში, აბუსერიძის ქუჩაზე, 22 ნომერში, ინაცვლებს მისამართს და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ავტოგაზი შეიძინონ სადგურზე, სადაც ბენზინისა და დიზელის საწვავის გარდა მალე „სმარტის“ სუპერმარკეტის ექსკლუზიური პროდუქტების შეძენაც შეეძლებათ.

„ვისოლს“ გაზგასამართი სადგურების ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლის“ გაზგასამართი სადგურები წარმატებით ფუნქციონირებს: თბილისში, გორში, ბორჯომში, ბათუმში, თელავში, ხაშურში, ზესტაფონში, საჩხერეში, ზუგდიდსა და ქუთაისში. „ვისოლი“ მომხმარებელს ავტომობილის გაზით გამართვას მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro-ს გაზის მიწოდების სისტემით ახდენს, რომელიც პროდუქტის 100% სიზუსტით მიწოდებისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების არასტაბილურმა ცვილებებმა მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. ბაგრატიონის ქუჩის ნაცვლად „ვისოლის“ გაზგასამართი სადგურის ქალაქის ცენტრში, აბუსერიძის ქუჩაზე არსებობა ალტერნატიულ საწვავს მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამას გარდა, 15 დეკემბრამდე მომხმარებელს ახალ მისამართზე გადასულ გაზგასამართ სადგურზე საწვავის შესყიდვისას „უნიქარდის“ გასამმაგებული ქულების მიღების შესაძლებლობა ექნება“ – აცხადებენ „ვისოლში“.

კომპანია „ვისოლი“ „იუნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორი 2010 წლიდან გახდა. „ვისოლი“ ერთგულ მომხმარებელს „იუნიქარდით“ ბონუს-ქულების დაგროვების და ქულებით საწვავის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას გაზგასამართ სადგურებზეც სთავაზობს.

დღემდე „იუნიქარდის“ დაგროვებითი ბარათის მფლობელთა შორის „ვისოლის“ ქსელში რეალიზებული საწვავის შესყიდვა ბონუს-ქულების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სწრაფი საშუალებაა.

უკრაინამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული დრონი და 1 „ორიონი“ ჩამოაგდო – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 15 ნოემბრის მასობრივი სარაკეტო შეტევისას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ გაანადგურა.

გუშინდელი დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 90-ზე მეტი რაკეტა X-101 და „კალიბრი“ და ათზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ამჯერადაც სამხედრო ობიექტებთან ერთად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

„დარტყმის ქვეშ მოხვდა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, პოლტავის, ლვოვის, ხმელნიცკისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ოლქებში,“ – ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პარალელურად, რუსეთი განაგრძობდა თავდასხმებს უკრაინელთა პოზიციებზე, ფრონტის ხაზზე. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ განახორციელა 43 საავიაციო დარტყმა და 40 გასროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, 15 ნოემბრის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა 30 ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

კიევში დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 ადამიანი. მინისტრის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები.

ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.

სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი 7 დღეს გაგრძელდება და წელს მასში 25 სკოლის თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას, ჯამში 400 მოსწავლე. გასულ წელს ფესტივალში 14 სკოლის დასი მონაწილეობდა.

ფესტივალს ეყოლება კვალიფიციური ჟიური, სამი ადამიანის შემადგენლობით, ვინც გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში.

ასევე, ფესტივალს ეყოლება სტატუსით „თანატოლი ჟიური“, სკოლის მოსწავლე და ის თავისი შეხედულებისამებრ შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში – „საინტერესო პერსონაჟი“.

„თანატოლი ჟიური დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის გადასცემს აღნიშნულ პრიზს და ასევე თავადვე მოიფიქრებს, თუ რა იქნება ეს პრიზი. ჩვენ ამით გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, მოზარდები თავად ჩაერთონ შეფასების პროცესში,“ – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზი „არლეკინი“.

ძველი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ, ბათუმის ცენტრალურ პარკში (ყოფილი პიონერთა პარკი)  „არლეკინის“ ქანდაკება. ბურთზე მდგომი ჯამბაზის ფიგურა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ხოლო 90-იანი წლების შავბნელ დღეებში დღემდე უცნობ, დაუდგენელ გარემოებებს ემსხვერპლა და „პიონერთა პარკიდან“ გაქრა. ცოტამ თუ იცის , რომ ქანდაკების ავტორი გახლდათ მოქანდაკე ოთარ დარჩია. ის სულ ახლახან გარდაიცვალა. როდესაც გაჩნდა იდეა ფესტივალის დაარსებისა, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო პრიზი გამარჯვებულთათვის. სწორედ ამ დროს გაცოცხლდა მოგონებებში ბათუმის სიმბოლოდ ქცეული არლეკინი და გადაწყდა, თუ ბატონი ოთარი დაგვთანხმდებოდა, მისი არლეკინი გახდებოდა ჩვენი ფესტივალის პრიზის ინსპირაციის წყარო. მისი ნებართვით, არსებული ფოტოების მეშვეობით შეიქმნა სტილიზებული ფიგურა, რომელიც ჯერ პლასტილინისგან დაამზადა ზურა ჩხარტიშვილმა, ხოლო საბოლოო სახე მისცა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ.

„არლეკინი“ საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ“ – ვკითხულობთ ფესტივალის პრესრელიზში.

ფესტივალზე ასევე ორგანიზატორები გამოარჩევენ რამდენიმე ხელოვანს. შარშან საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალმა ნომინაციაში – „დიდი ბავშვი“ პრიზი გადასცა მწერალ გურამ პეტრიაშვილს, ხოლო წელს, ფესტივალის გადაწყვეტილებით, ამ ნომინაციაში მთავარ პრიზს გადასცემენ კომპოზიტორ დავით მალაზონიას.

კახოვკის კაშხლის დაზიანება, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, ხერსონიდან გასვლისას, რუსეთის არმიამ სერიოზულად დააზიანა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, „რათა უკრაინელთა წინსვლა შეეფერხებინა“.

„დაზიანდა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების სამი მალი კაშხლის ჩრდილოეთ ბოლოში, რამაც გადასასვლელები გამოუსადეგარი გახადა,“ – წერს უწყება 16 ნოემბრის რელიზში.

თუმცა, დაზვერვის შეფასებით, სამი წყალგადასაშვები არხი კაშხლის ამ მონაკვეთზე, ფაქტობრივად, უვნებელი გადარჩა, რის გამოც დაზიანების ახლანდელი ხარისხი, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს.

ნოვა კახოვკის კაშხალი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია და ამავე დროს, მდინარე დნეპრის ქვემო წელზე გამავალ ერთ-ერთი ძირითად გადასასვლელს ქმნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ ხერსონიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონის „დროებით დედაქალაქად“ აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი ჰენიჩესკი აქცია და სამხედრო მართვის პუნქტებიც ამ ზონაში გადააქვს.

დაზვერვის შეფასებით, ქალაქს სამხედრო თვალსაზრისით მოხერხებული ადგილმდებარეობა აქვს და სამეთაურო კვანძად მისი არჩევა სამხრეთ უკრაინის დაცვისას რუსეთის სარდლობის პრიორიტეტებზე მიუთითებს.

მთავარ ფოტოზე: სატელიტური ფოტო, რომელზეც ჩანს დაზიანება ნოვა კახოვკის გადასასვლელზე/Maxar Technologies

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 82 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 2 871 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 5 797 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 1 860 ერთეული [+10]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 525 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 474 ერთეული [+75]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 360 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 514 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 892 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 587 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 240 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ისროლეს – ბაიდენი პოლონეთში აფეთქებაზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

9 პირს კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ცხრა პირის მიმართ, რომლებსაც ბანკიდან კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

დამატებით, მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს  ჯამში 1 მილიონზე  მეტი ლარი“, – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე  ვადით.

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსები იძულებულნი გახდებიან, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ტემპი შეანელონ.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ყველაზე მასშტაბური სერია განახორციელა.

ანალიტიკოსები, რომლებიც ეყრდნობიან მოპოვებულ მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, უკვე გამოიყენება მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა თითქმის ამოწურეს მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგი და დიდი ალბათობით, იძულებულნი გახდებიან, დარტყმის ტემპი შეანელონ.

„უკრაინის მიერ ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობის პროცენტული ზრდა მიუთითებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უმჯობესდება ბოლო თვეების განმავლობაში. უკრაინის გენერალური შტაბი ამ გაუმჯობესებას დასავლეთის მიერ გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობას უკავშირებს,“ – წერს ISW-ი.

ანგარიშში მოხვდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტიც. ანალიტიკოსები ეყრდნობიან პოლონეთისა და მისი მოკავშირე დასავლეთ ქვეყნების პოლიტიკოსების განცხადებებს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ გამოძიებას დააკვირდებიან და უფრო საფუძვლიან დასკვნებს შემდეგ გააკეთებენ.

ISW-ის შეფასებით, კრემლმა 15 ნოემბრის სარაკეტო თავდასხმა ჯერ კიდევ მანამდე დაგეგმა, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტს თავის სამშვიდობო წინადადებას წარუდგენდა.

„კრემლმა, სავარაუდოდ, განზრახ დაგეგმა ისე, რომ მასირებული სარაკეტო კამპანია მთელი უკრაინის მასშტაბით ზელენსკის გამოსვლის შემდეგ დაწყებულიყო, რადგან ამგვარი სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით სერიოზულ საბრძოლო მომზადებას მოითხოვს,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ G20-ის შესახებ კრემლის ოფიციალური განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი არაა დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომელშიც, რუსეთმა სავარაუდოდ, მის ხელთ არსებული მაღალი სიზუსტის შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა;
  • პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „რუსული წარმოების რაკეტები“ უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრში პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა;
  • რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ, აიძულონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, აღიაროს რუსეთის კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ამით დე-ფაქტოდ აღიაროს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ანექსიაც;
  • რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის ძალები განაგრძობდნენ შეტევებს სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და თავდასხმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე ლუგანსკის ოლქში;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის რაიონებში;
  • ყირიმიდან სამხრეთ უკრაინისკენ ლოგისტიკური მარშრუტები, სავარაუდოდ, ძალიან გაუარესდა;
  • რუსეთი განაგრძობს თავისი მარაგების შევსებას ბელარუსის სამხედრო ტექნიკით.

_______

15 ნოემბერს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ხმელნიცკის, როვენის, ვოლინის, ლვოვის, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ამ თავდასხმის დროს უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვა.

მანამდე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად მიიჩნეოდა 10 ოქტომბრის სარაკეტო შეტევა, როდესაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 84 რაკეტა გამოიყენა.

5 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს 5 ფოტო ბათუმში სხვადასხვა წელსაა გადაღებული და ყველა მათგანი ქალაქის განვითარებისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

  • ამ ადგილს იოლად იცნობთ – ამჟამინდელი მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთა. 1960-იანი წლები. 
ბათუმი, აბაშიძის ქუჩა. წყარო: ივერიელი
  • ეს ფოტო 1930 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული ბათუმის პლაჟზე და მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან გამოსახული. ფოტოს მფლობელი ირაკლი ვართაგავაა. 
წყარო: ივერიელი
  • ეს კი ალექსანდრეს ბაღია, ნურის ტბა, 1910 წელი. ამ ადგილას ახლა ბათუმის ცენტრალური პარკია. 
ალექსანდრეს ბაღი, თანამედროვე ცენტრალური პარკი
  • ეს გოგებაშვილის ქუჩაა, რომელსაც ერთ დროს შმიდტის ქუჩა ერქვა. ღია ბარათი, რომელიც 30-იანი წლების ბათუმის ცხოვრებას ასახავს. 
წყარო: ივერიელი
  • გასული საუკუნის 40-იანი წლები, სანაპირო, გოგებაშვილის ქუჩა. 
წყარო: ივერიელი
Exit mobile version