მთავარი,სიახლეები

სტამბოლში სასამართლომ 8 658 წელი მიუსაჯა ტელემქადაგებელს

17.11.2022 • 7593
სტამბოლში სასამართლომ  8 658 წელი მიუსაჯა ტელემქადაგებელს

სტამბულის სასამართლომ, განმეორებით განხილვის შემდეგ, ტელემქადაგებელს, 66 წლის ადნან ოქთარს, პატიმრობის სასჯელი 9 803 წლიდან 8 658 წლამდე შეუმცირა. ეს პატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადაა არამხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოში.

ამჯერად ოქტარს 891 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მართვის, სექსუალური ძალადობის, განათლების უფლებაზე უარის თქმის, წამების, გატაცებისა და პირადი მონაცემების უკანონო შენახვის ბრალდებით.

ადნან ოქთარი თავის გადაცემაში წლების განმავლობაში ქადაგებდა კონსერვატიულ ღირებულებებსა და სამყაროს შექმნის რელიგიურ თეორიებს, სტუდიაში მის ირგვლივ კი ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ მუსიკის ფონზე. მას ჰარუნ იაჰიას ფსევდონიმით გამოცემული აქვს წიგნები სხვადასხვა ენაზე, მისი ქადაგება გამოწვევა იყო ევოლუციის თეორიისა და მეცნიერების. მას მოიხსენიებენ, როგორც „კულტის ლიდერს“.

ოქთარი 2018 წელს ასობით მიმდევართან ერთად დააკავეს.  მას ბრალად ედებოდა ქალებზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა დანაშაულებები. ბრალდებები ასევე მოიცავდა ქსელის დახმარებას, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მეცნიერი ფეთულა გიულენი, რომელსაც თურქეთი ადანაშაულებს 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობაში.

ოქტარს მაშინ მიესაჯა 1 075 წელი, მაგრამ როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს,  სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის განაჩენი ოქთარისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ სამართლებრივი ხარვეზების მოტივით გააუქმა და განმეორებითი განხილვის ბრძანება გასცა.

ამჯერად ოქტარს 891 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმავე ბრალდებით, თუმცა სასამართლომ დაასკვნა, რომ ოქტარს, როგორც კულტის ლიდერს, პასუხი უნდა ეგო თავისი მოწაფეების დანაშაულებზეც, რის გამოც პატიმრობის სასჯელი შეკრებითობის მეთოდით 8 658 წელი გამოვიდა. ამით მისი იმედები გათავისუფლებაზე საბოლოოდ გაქარწყლდა.

ოქტარისა და სხვების წინააღმდეგ სასამართლოში სექტემბერში წარდგენილი საბრალდებო დასკვნა მათ რელიგიური სენტიმენტების გამოყენებით შეიარაღებული ორგანიზაციის მართვაში ადანაშაულებს. მათ ბრალად ედებათ დაზვერვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და კულტის იმ წევრების ცილისწამება, რომლებიც ცდილობდნენ კულტთან კავშირის გაწყვეტას.

ოქტარს ასევე ადანაშაულებენ კულტის წევრებზე სისტემურ სექსუალურ ძალადობაში და გახმაურებულ სახელებთან – პოლიტიკოსებიდან ჟურნალისტებამდე – დაკავშირებით პირადი მონაცემების შეგროვებაში.

ოქტართან ერთად 8 658 წელი მიუსაჯეს მის 14 თანამზრახველს და შედარებით მცირე სასჯელი – დანარჩენებს. ჯამში სასამართლომ  215 ბრალდებული გაასამართლა.

ბრალდებულებიდან 106-ს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის“, ხოლო 8 ბრალდებულს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი“.

სასამართლოს კოლეგიამ 83 ბრალდებულს, მათ შორის, 16 პირს, რომლებზეც ეფექტური მონანიების დებულებები გამოიყენებოდა, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსგავსი დანაშაულისთვის სხვადასხვა ვადით.

დელეგაციამ ასევე 152 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მერტ სუჩუს, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს დაკავების ოპერაციის დროს.

ადნან ოქთარი არ აღიარებს ბრალდებას სექსუალური კულტის ხელმძღვანელობის თაობაზე და მას „ურბანულ მითს“ უწოდებს.

ოქთარმა სასამართლოზე თქვა, რომ  მას 1 000 მეგობარი ქალი ჰყავდა.

„ჩემი გული სავსეა ქალების მიმართ სიყვარულით. სიყვარული ადამიანის თვისებაა. ეს მუსლიმის თვისებაა.“ – თქვა მან გასულ წელს სასამართლო პროცესზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: