მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა ხდება, როცა ბავშვი დღენაკლი იბადება – ნეონატოლოგის რჩევები

17.11.2022 • 1803
რა ხდება, როცა ბავშვი დღენაკლი იბადება – ნეონატოლოგის რჩევები

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. დღენაკლად მიიჩნევა ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე პერიოდში იბადება.

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად იბადება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეონატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ნაირა სურმანიძის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაადრევი მშობიარობების მაჩვენებელი მზარდია.

  • ქალბატონო ნაირა, რა არის ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები?

ბავშვი, რომელიც იბადება ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე ვადაში და 500-დან 2500-მდე გრამს იწონის, მიიჩნევა დღენაკლ ახალშობილად.

სტატისტიკა მზარდია. ვხედავთ, რამდენი დღენაკლი ბავშვი იბადება, გახშირებულია ძალიან და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ყველაზე ხშირია ნაადრევი მშობიარობა დედებთან, რომლებსაც აწუხებთ შარდკენჭოვანი დაავადება, იმიტომ, რომ თირკმლების პათოლოგია პირდაპირ აისახება ორსულობაზე, ვინაიდან მაღლა იწევს წნევა, შარდში ცილა მატულობს და ეს 100%-იანი რისკია ნაადრევი მშობიარობის.

ნაადრევი მშობიარობის მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ დედების სოციალური მდგომარეობაც – ქალები ვერ იკვებებიან სწორად/სათანადოდ, არ არიან სათანადო დროით სუფთა ჰაერზე, არ სეირნობენ, ექიმთან ვიზიტებიც ძალიან შემცირებულია.

ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ის, რომ წყვილები არ ემზადებიან ორსულობის დაგეგმვაზე, სპონტანურად ხდება ორსულობა და თავისთავად, მერე იქმნება პრობლემები. თუმცა ეს მხოლოდ დედის მიზეზით არ ხდება, მამაც შეიძლება იყოს მიზეზი.

ორსულობის დასაგეგმად მომზადება სჭირდება როგორც დედას, ასევე მამას, რადგანაც ძალიან გახშირებულია უნაყოფობის გამომწვევი ანთებითი პროცესები, მერე მიდის დამატებით მკურნალობა, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს ის გართულებები, რომელთა მიზეზითაც ბავშვი იბადება დღენაკლი. ძალიან ბევრი ინფექციაა, რომლებზეც მამამაც უნდა იმკურნალოს, მაგალითად, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, შიდსი, ტრიქომონიაზი.ზოგადად, წყვილი ერთად უნდა მოემზადოს ორსულობისთვის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს კულტურა არ არის, წყვილები ექიმთან არ მიდიან, განსაკუთრებით რთულია მამების დათანხმება.

როცა წყვილი დაგეგმავს ორსულობას, უნდა მივიდნენ ექიმთან, ჩაიტარონ გამოკვლევები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა წყვილს ნაადრევი მშობიარობის გამოცდილება უკვე აქვს. ვიცი წყვილი, რომელთა შემთხვევაშიც ეს ორჯერ მოხდა, ექიმთან კი მაინც არ მიდიან და არ იკვლევენ მიზეზებს.

დედის და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობის ფაქტორიც ერთ-ერთი მიზეზია ნაადრევი მშობიარობის, თუმცა დღეს ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს ჩვენი მეანები მკურნალობის სახით.

შესწავლილია რისკ-ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაადრევ მშობიარობაზე. ესაა: ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში, ქალის დაბალი წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით, ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი და სხვა.

ნაადრევი მშობიარობის ყველაზე ხშირი მიზეზია ქალის ანთებითი პროცესები (განსაკუთრებით სასქესო ორგანოების), ასევე კაცის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები და ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა, რაც გამოწვეულია დედის დაავადებით, მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადებით.

  • როგორია დღენაკლულობით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებები და დაავადებები?

დღენაკლი ახალშობილი უკვე დიაგნოზია. ასეთ ბავშვებთან შეიძლება განვითარდეს ასფიქსია, ანუ როცა ბავშვის დაბადებისას ფილტვი ვერ იშლება. ამ დროს საჭირო ხდება რეანიმაციული ჩარევა.

დღენაკლულ ბავშვებში ხშირია პარკუჭსა და ტვინში სისხლჩაქცევები, ეს სისხლჩაქცევები შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი ანუ პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, მაგრამ რაც უფრო ღრმაა დღენაკლულობა, მით უფრო მაღალია ჩაქცევის ხარისხი. მაგალითად, ღრმა დღენაკლულებს უფრო ახასიათებთ მესამე ხარისხის ჩაქცევები, ანუ ჰემორაგიები ტვინში, რაც შემდგომ იწვევს ჰიდროცეფალიას – როცა ტვინი არ ვითარდება და მისი დიდი წილი უჭირავს წყალს.

დღენაკლი ბავშვების თითქმის 100 პროცენტს უვითარდება სეფსისი, ეს იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი და კანის ზედაპირი ძალიან ნაზია. მართალია, მკურნალობა ხდება, მაგრამ შეიძლება ყოველთვის ეფექტური არ იყოს და სავალალო შედეგებამდეც მივიდეთ. ხშირია დღენაკლულ ბავშვებში ელექტროლიტების დარღვევაც და რა თქმა უნდა, საჭიროებს კორექციას მკურნალობის სახით.

ასეთ ბავშვებში ხშირია ცერებრული დარღვევები, დამბლები, ასევე ყურთასმენის და მხედველობის დაქვეითება.

დაბადებისას დღენაკლ ბავშვებს სჭირდებათ ინტენსიური მოვლის პალატაში მკურნალობა, რადგან ფილტვი უმწიფარია, ის ვერ იშლება, რის გამოც ბავშვი გადაგვყავს მართვით სუნთქვაზე. თითქმის ყველა დღენაკლ ბავშვს სჭირდება ინტენსიურ პალატაში მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საქმე ის არის, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვი ზრდის ყველა ეტაპს (სანამ მივა იმ ასაკამდე, როცა უნდა დაბადებულიყო), გადის დედის მუცლადყოფნის გარეშე, ხელოვნურად, ინტენსიურ პალატაში. რაც არ უნდა მომზადებული იყოს პერსონალი და რაც არ უნდა კარგად იყოს აღჭურვილი განყოფილება, ძალიან რთულია ავშვის სტაციონარში გამოზრდა. ეს რთულია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.

  • თუ არის შესაძლებელი დღენაკლ ბავშვთა სრული გამოჯანმრთელება და რა განაპირობებს გარკვეული შეზღუდვებისა და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობას?

ამას განაპირობებს გესტაციური ვადა, რაც უფრო დაბალია ორსულობის გესტაციური ასაკი, უფრო მაღალია რისკი. მაგალითად, 22-დან 27 კვირამდე დაბადებული ბავშვების ასივე პროცენტს სჭირდება ინტენსიური მოვლა. ესენი არიან 500-დან 1500 გრამამდე წონით დაბადებული დღენაკლი ახალშობილები, სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველაზე მძიმე და სუსტი წერტილი, რომლებიც განსაკუთრებულ მაღალ რისკებთან არიან დაკავშირებული. მაგალითად, დაბალი გესტაცია ძალიან ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვს სამომავლოდ დარჩეს ბავშვთა ცერებრული დამბლა, თუმცა არის რაღაც პროცენტი, რომლის სრულად განკურნებაც ხდება.

რაც შეეხება 30 კვირიდან 37 კვირამდე დაბადებულ დღენაკლ ახალშობილებს, რაღაც ჩარევა შესაძლოა ყველა მათგანს დასჭირდეს, მაგრამ მათგან 90 პროცენტზე მეტის მკურნალობა სრულდება კარგი გამოსავლით, რადგან ისე თუ ასე მომწიფებულია ამ ვადის ბავშვი და მცირედი რეაბილიტაცია/დახმარებაც საკმარისია მის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, თუ სიცოცხლესთან შეუთავსებელი რაიმე დიაგნოზი არ აქვს (მაგალითად: ანომალიები, გულის თანდაყოლილი მანკები ან რაიმე ორგანოს არარსებობა), მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ დღენაკლ ბავშვებს არ ახასიათებთ, შესაძლოა დროულ ბავშვთანაც იყოს ეს პრობლემა.

  • ნაადრევი მშობიარობა ყოველთვის მოულოდნელად დგება, თუ შემოწმების დროს შესაძლებელია ამის განსაზღვრა?

შესაძლოა სპონტანურადაც დადგეს, მაგალითად, როცა წნევა ძალიან მაღლა უწევს ქალს, მაგრამ ხშირად დაგეგმილად ხდება, როცა მეანის მეთვალყურეობის ქვეშ არის ორსული და ეუბნება პაციენტს – ამ ვადამდე მივიყვანეთ ნაყოფი, ამის შემდეგ კი უკვე რისკის შემცველია ორსულობის გაგრძელება როგორც ქალისთვის, ისე ბავშვისთვის, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ორსულობა.

  • რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს მშობლის ჩახუტებას, კანით კანთან კონტაქტს?

დედასთან ჩახუტება ნამდვილად მძლავრი თერაპიაა. თუ ახალშობილის მდგომარეობა, დროული იქნება ის თუ დღენაკლი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავუწვინოთ დედას გულზე, ასეც ვიქცევით, იმიტომ, რომ ასე არ ირღვევა სითბური ჯაჭვი, ანუ რა ტემპერატურიდანაც დაიბადა ბავშვი, კანით კანთან კონტაქტისას ის ტემპერატურა შენარჩუნებულია. შესწავლილია, რომ დედის სუნი, მოფერება, ალერსი, ხმა – ძალიან დადებითად მოქმედებს ახალშობილებზე.

ახალშობილს, რომელიც ვერ ტირის და სჭირდება დახმარება სამშობიარო ბლოკშივე, დედას ვერ დავუწვენთ, თუმცა ის სითბო, რა სითბოდანაც/ტემპერატურიდანაც გამოვიდა ახალშობილი, შენარჩუნებული გვაქვს. ახალშობილთა ინტენსიური მოვლის პალატაში დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, იქ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სიჩუმე და სიბნელე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვის ტვინში არ მოხდეს თუნდაც რაიმე წერტილოვანი სისხლჩაქცევა.

ჯანმოს უახლესი გაიდლაინით, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა, კანით კანზე კონტაქტი დაბადების მომენტიდან რაც შეიძლება მეტი საათის განმავლობაში განსაკუთრებულად სასარგებლოა დღენაკლი ახალშობილისთვის. „კვლევამ ახლა აჩვენა, რომ კენგურუს მეთოდის [დედასა და ახალშობილს შორის უწყვეტი კანით კანთან კონტაქტი და ექსკლუზიურად ძუძუთი კვება] დაწყება მშობიარობისთანავე სიცოცხლის გადამრჩენელია, ამცირებს ინფექციებს და ჰიპოთერმიას, აუმჯობესებს კვებას“. – წერს ჯანმო.

სიცივე და სითბოს ვერ შენარჩუნება გამოიწვევს ბავშვში მძიმე პრობლემებს – ელექტროლიტების დარღევევას, გლუკოზის დაცემას, სუნთქვის გაძნელებას და ა.შ.

  • როგორია დღენაკლი ბავშვების ჯანმრთელობა და იმუნიტეტი მომავალში?

ინტენსიური მოვლის პალატიდან გამოსულ ბავშვს, რომელთანაც მედიკამენტური მკურნალობა დასრულდა, შემდეგ სჭირდება რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ფიზიკურ ზემოქმედებას ბავშვზე. ეს არის მასაჟი, ბალნეოლოგია, ფიზიოთერაპია, მაგნიტური ველი, იმპულსური თუ ლაზერული თერაპია და ამ ყველაფერში მშობლებიც არიან ჩართულნი. მშობლებმა მეთოდისტებთან უნდა გაიარონ კურსი, რათა რეაბილიტაცია გააგრძელონ სახლშიც, იქნება ეს მასაჟი, მოფერება, საუბარი, მუსიკა თუ სხვა აქტივობა.

ინტენსიური სარეაბილიტაციო პერიოდი წლამდე გრძელდება. თუ სხვა პრობლემებია, მაგალითად, ცერებრული დამბლა, იქ უფრო სხვა და ხანგრძლივი პროცესია.

დღენაკლი ბავშვების იმუნიტეტი მომდევნო წლებშიც სუსტია, უფრო ხშირად ავადდებიან ვირუსული და ინფექციური დაავადებით, ამიტომ ასეთი ბავშვების იმუნიზაცია ანუ აცრა აუცილებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: