მთავარი,სიახლეები

რა განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლემ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“

28.02.2022 • 2410
რა განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლემ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“

„სრულიად გაურკვეველია რა სამართლებრივ მოცემულობას, არგუმენტაციას ეფუძნება მოსამართლეთა მსჯელობა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით,“ – კატეგორიულია მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე კოლეგა მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც დღეს, 28 თებერვალს უარი უთხრეს სახელმწიფო ინსპექტორს სადავო ნორმების შეჩერებაზე.

ლონდა თოლორაია ხვალიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება. შესაბამისად, დღეს ბოლო დღე იყო, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დაეკმაყოფილებინა, ან უარი ეთქვა ლონდა თოლორაიასთვის. სასამართლოსთან აქციებიც კი ჩატარდა იმ მოთხოვნებით, რომ მოსამართლეებს „ლონდა თოლორაის საქმეზე“ ემსჯელათ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსამართლეები შუამდგომლობაზე მსჯელობას აპირებდნენ. სამუშაო დღის ბოლოს მოსამართლეებმა ოქმი გამოაქვეყნეს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების… საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ სადავო ნორმების შეჩერების პირობებში იქნება შესაძლებელი მოსარჩელის დარღვეულად ნაგულები უფლებების აღდგენა, ხოლო შეუჩერებლობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი გახდება,“ – აღნიშნულია საოქმო ჩანაწერში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ვასილ როინიშვილი ხელმძღვანელობს. „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ამავე კოლეგიის მოსამართლეები: ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.

საია-ს განმარტებით და ახლა უკვე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აზრითაც, რომელიც იმ კოლეგიის წევრია, ვინც დღეს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, თოლორაიამ საბოლოოდ სარჩელი რომც მოიგოს საკონსტიტუციოში, ამას არავითარი აზრი აღარ ექნება – კრიტიკული გადაწყვეტილებების შემდეგ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი თქვა. ხვალიდან ინსპექტორის ნაცვლად, ორი ახალი სამსახური იმუშავებს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნათლად ნაჩვენები, თუ რატომ არის შეუძლებელი, თეორიულ-სამართლებრივი თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში, მოსარჩელის იმ უფლებებში აღდგენა, რომელიც ახლა მას დარღვეულად აქვს ნაგულები, ან/და რატომ დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღუსრულებელი,“ – ჩაწერეს მოსამართლეებმა გადაწყვეტილებაში.

ამავე კოლეგიის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე კი, თავის განსხვავებულ აზრში წერს:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციურ არსენალში შემავალი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბერკეტია, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, „კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები,“ – წერს გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსამართლე „ბუნდოვანს“ უწოდებს კოლეგა მოსამართლეებს მსჯელობას ინსპექტორის თანამდებობის აღდგენაზე. მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი კოლეგიის მოსამართლეები, ანუ პირები, რომლებიც კანონს უნდა ეყრდნობოდნენ, საოქმო ჩანაწერში ვერ უთითებს საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც უკვე ყოფილი ინსპექტორისთვის, საქმის მოგების შემთხვევაშიც კი, რამე შეიცვლება.

„ბუნდოვანია საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში განვითარებული მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეს სადავო ნორმის შეჩერებაზე უარს ეუბნება იმ საფუძვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე დარღვეულ უფლებაში აღდგება, იგი, როგორც წესი, უთითებს იმ საკანონმდებლო შესაძლებლობასა თუ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებაში აღდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ უთითებს, და მოცემული კანონმდებლობის გათვალისწინებით ვერც მიუთითებს, თუ რა მექანიზმი უზრუნველყოფს პირის იმ თანამდებობაზე განწესებას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დრო.

…გაუგებარია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციიდან იკვეთება, თუ როგორ, რა პირობებში და ვადით უნდა მოხდეს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა მისი უფლებამოსილების კანონისმიერი ვადის ხანგრძლივობის დაურღვევლად,“ – აღნიშნავს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: