მთავარი,სიახლეები

როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

16.11.2022 • 20494
როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

„იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად, ყველაზე კარგი საექსპორტო საქონელი საქართველოდან იყო ტყვეები, რომლებიც ძალიან კარგად იყიდებოდა საერთაშორისო არენაზე.

ქართველი – როგორც ქალი, ასევე კაცი, იყო ძალიან მაღალი ხარისხის ნიშანი. მეომარი ქართველი თუ ჰყავდა ვინმეს ამალაში, ეს ძალიან კარგი იყო. ან ქართველი ქალი თუკი იყო ჰარამხანაში, ეს დიდ პლუსად ითვლებოდა ნებისმიერი თავმომწონე აღმოსავლელი მმართველისთვის“.

ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი საქართველოს ისტორიის ყველაზე ბნელი, სამარცხვინო და ჯერ კიდევ ბოლომდე კარგად შეუსწავლელი 300-წლიანი მონაკვეთის შესახებ საუბრობს.

საუკუნეების შემდეგ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ადამიანებით ვაჭრობას ტრეფიკინგს უწოდებენ, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ.

შუა საუკუნეების საქართველოში კი ადამიანი მთავარი საექსპორტო საშუალება იყო, რითაც მაგალითად, იმერეთის მეფეები ოსმალთა იმპერიის მიერ დაკისრებულ ხარკს იხდიდნენ. მარტივ მამრავლებად დაშლილი ქართული სახელმწიფოს ფეოდალები თავიანთ მოქალაქეებს ჰყიდდნენ იმისათვის, რომ უკეთესად ეცხოვრათ.

ტყვეებად ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყიდებოდა. ტყვეების ყველაზე დიდი ექსპორტიორი დასავლეთი საქართველო იყო – იმერეთი, სამეგრელო და გურია. აქ მოგროვილი ტყვეები ან ანაკლიიდან მიჰყავდათ გემით სტამბოლის ბაზარში, ან აჭარაში გადმოჰყავდათ, რომელიც იმ ხანად ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო და აჭარიდან ანაწილებდნენ.

როგორ იქცა ბიზნესად ადამიანებით ვაჭრობა და რა გარემო პირობები უძღოდა წინ მას, ვკითხეთ ისტორიკოს სულხან კუპრაშვილს.

„ტყვეთა სყიდვის დაწყება გამოიწვია შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის დამკვიდრებამ. მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა 1475 წელს დაიქვემდებარა ყირიმის სახანო და პრაქტიკულად შავი ზღვა აქცია ოსმალეთის ტბად, დაიწყო დასავლეთ საქართველოდან ტყვეების გადინება. პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ დაკავშირებულია იმერეთის მეფის, ბაგრატ მესამის სახელთან, რომელიც მეფობდა 1510-1565 წლებში.

ბაგრატ მესამემ მე-16 საუკუნის 40-იან წლებში გამართა ცნობილი საეკლესიო კრება, რომელზეც მიიღეს კათალიკოსთა სამართალი, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კრება, რომ კრებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, ქართლის კათალიკოსი, დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები და კრების გადაწყვეტილებით ტყვეთა მოვაჭრეებს სიკვდილს უსჯიდნენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ტყვეთა სყიდვამ ამ პერიოდისთვის უკვე დიდ მასშტაბს მიაღწია. კათალიკოსთა სამართალში აღნიშნულია, რომ თუ კაცმა ტყვე გაყიდოს – გინდა თავადმა, გინდა აზნაურმა, გინდა გლეხმა წმინდა კრებულისგან შეჩვენებული იყოს და განკვეთილი. ამავე კანონით განსაზღვრული იყო, რომ თუ დამნაშავე მოახერხებდა მის მიერ გაყიდულის გამოსყიდვას, ჯარიმა უნდა გადაეხადა გაყიდულის ბატონს ან იმ ეპისკოპოსს, რომლის ეპარქიაშიც ცხოვრობდა აღნიშნული პირი. ხოლო თუ დამნაშავე ტყვეს ვერ დაიბრუნებდა, მაშინ ის უნდა ჩამოეხრჩოთ,“ – ამბობს სულხან კუპრაშვილი.

მიუხედავად ბაგრატ მესამის დიდი მცდელობისა, მის მიერ ჩატარებულ საეკლესიო კრებას შედეგი არ გამოუღია. ტყვეთა სყიდვა კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდა.

„საინტერესო ის იყო, რომ საქართველოში ტყვეს ყიდდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. ეს იყო თავადი, აზნაური, გლეხი. იყო მომენტები, როდესაც საეკლესიო პირებიც გარეულები იყვნენ ამ საქმეში. მაგალითად, იმერეთში კარგად ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ტყვეთა სყიდვა იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ 1752 წელს იმერეთის სამეფოს ტახტზე სოლომონ პირველი არ ავიდა, იმერეთის სამეფო ოსმალეთის იმპერიას უხდიდა ხარკს. 300 ოსმალური ქისა ერქვა ამ გადასახადს. შეიძლება დიდი სამეფოსთვის არაფერი ყოფილიყო, მაგრამ იმერეთის სამეფოსთვის ეს იყო კატასტროფულად დიდი თანხა. ეს თანხა გაცილებით სჭარბობდა იმერეთის სამეფოს ყოველწლიურ შემოსავალს,“ – ამბობს სულხან კუპრაშვილი.

სოლომონ პირველის წინამორბედი მეფეები ოსმალებს ხარკს ცოცხალი ადამიანებით უხდიდნენ.

გონიოს ტყვეთა ბაზარი

ტყვეებს, რომლებსაც იმერეთ-გურიაში აგროვებდნენ, გაყიდვამდე აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ მუხაესტატეში უყრიდნენ თავს. მუხაესტატედან ტყვეები მიჰყავდათ ან ციხისძირში, სადაც გემებზე სვამდნენ, ან გონიოს ტყვეთა ბაზარში. ორივე შემთხვევაში საბოლოო დანიშნულების ადგილი სტამბოლის მონათა ბაზარი იყო.

„სპეციალური ვაჭრები იყვნენ, რომლებიც ტყვეების ყიდვით იყვნენ დაკავებული. ისინი სახელმწიფოსაგან იღებდნენ დაკვეთას, რაც შეიძლება მეტი ტყვე წაეყვანათ.

ჩამოდიოდნენ და მიჰყავდათ იმერეთიდან და გურიიდან. აჭარა ისედაც მათი იყო და აქ ნაკლებად ხდებოდა ტყვედ გაყიდვა.

ტყვეთა სყიდვას ხელს უწყობდნენ როგორც ოსმალეთის, ისე ირანის მმართველები. ასევე ჩვენი გადაგვარებული, ზნედაცემული და ნაძირალა თავადაზნაურობა. ამ საქმეში ხშირად ჩართულნი იყვნენ სამეფო ოჯახის წევრებიც და ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საეკლესიო პირები მონაწილეობდნენ ტყვეთა სყიდვაში,“ – ამბობს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ტყვეთა ბაზარი ანაკლიაში

ტყვეებით ვაჭრობა ანაკლიაში, ისე, როგორც იმერეთსა და გურიაში, მე-19 საუკუნის დამდეგამდე გრძელდებოდა.

თურქი მოგზაური ევლია ჩელები, რომელმაც სამეგრელოში 1640 წელს იმოგზაურა, წერს, რომ სავაჭრო გემები სამეგრელოში ივლისსა და შემოდგომაზე მიდიოდნენ. „ჩამოჰქონდათ მარილი, ჭურჭელი, რკინეულობა, იარაღი და მათ ცვლიდნენ ბზაზე, თაფლზე, თაფლის სანთელსა და გოგო-ბიჭებზე“.

ჟან შარდენი კი წერდა, რომ ანაკლიაში „ყოველთვის არიან ტყვეების შემსყიდველი თურქები და ნავები, რომლითაც მიჰყავთ ისინი“.

ქართველი ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში თავის წიგნში „ანაკლიის ისტორია“ წერს, რომ ძველ სამეგრელოში არსებობდა ხატოვანი წყევლა: „ანარკიაშა მიდურაყუდათია“/„ანაკლიაში გაერეკეთო“ – ანუ ოსმალებზე გაეყიდეთო.

ხოლო ზეპირსიტყვიერებაში შემონახულ ლექსებში ასახულია ტრაგიზმი, რომელსაც რიგითი მცხოვრებლები განიცდიდნენ ტყვეთა სყიდვის გამო.

„დასაწვავ ანაკლიაში თურქის ხომალდი მიყუდებულა. ამოსაწყვეტმა ხვარძიკიამ შვილი იქ გამიყიდა“, – ეს ლექსი აბესალომ ტუღუშს ანაკლიაში აქვს ჩაწერილი ერთ-ერთი ადგილობრივი ქალისგან.

თავად ანაკლიის (ანარკია) ფოლკლორული ეტიმოლოგიაც ტყვეებით ვაჭრობის მოტივს უკავშირდება: „ანა რკიანს – ანა ჰკივის, ალნაკრია – ნაკივლელი ადგილი“.

სოლომონ პირველის ფაქტორი

„როცა სოლომონ პირველი იმერეთის მეფე გახდა, მაშინვე დაიწყო ბრძოლა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ, ხოლო კანონის ძალით აკრძალა ხრესილის ბრძოლის (1757 წლის 14 დეკემბერი) შემდეგ.

ხრესილის ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტყვეთა ნაკადი შეწყდა და ამ ტრაფიკზე იყო ძალიან ბევრი ვინმე დამოკიდებული. ამაზე იყო დამოკიდებული ადგილობრივი ადამიანი – ფეოდალი იქნებოდა თუ გლეხი, არ აქვს მნიშვნელობა. იმერეთიდან ტყვეები მიჰყავდათ შავი ზღვისპირეთში, საიდანაც აჰყავდათ გემებზე, შემდეგ სტამბოლის ბაზარში და იქიდან ანაწილებდნენ შემდეგ მსოფლიოში.

სოლომონ პირველმა ეს ჯაჭვი გაწყვიტა. ეს გათელილი გზა მოჭრა, რომელიც თითქმის სამი საუკუნე არსებობდა. ოსმალებმა რამდენჯერმე სცადეს სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება, რომ ტყვეთა სყიდვა ისევ აღედგინათ, მაგრამ სოლომონ პირველი ძლიერი აღმოჩნდა.

სოლომონ პირველი

მას შემდეგ, რაც 1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის ბრძოლაში ოსმალები დაამარცხა, სოლომონ პირველმა გადაწყვიტა, მისი წინაპრის, ბაგრატ მესამის მსგავსად, კანონის ძალით შეეჩერებინა ტყვეთა სყიდვა. 1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ პირველმა მოიწვია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც საეკლესიო მოღვაწეების გარდა ესწრებოდნენ იმერეთის ბატონიშვილები, სამეგრელოსა და გურიის მთავართა ოჯახის წევრები და დასავლეთ საქართველოს წარჩინებული თავადაზნაურობა.

ამ საეკლესიო კრებაზე სხვა საკითხებთან ერთად დაისვა მთავარი საკითხი – კანონგარეშედ გამოცხადდა ტყვეთა სყიდვა. ტყვის გამყიდველს სამუდამოდ შეაჩვენებდა ეკლესია, ხოლო სამეფო ხელისუფლება მას სასჯელის უმაღლესი ზომით, სიკვდილით დასჯიდა.

სხვათა შორის, ეს ღონისძიება პრევენციული გამოდგა და გარკვეულწილად შეაჩერა ტყვეთა სყიდვის მასშტაბები დასავლეთ საქართველოში.

რადგან სოლომონი ამ შემთხვევაში გამოდიოდა არა მხოლოდ როგორც იმერეთის მეფე, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ლიდერი, ეს განჩინება გავრცელდა მთელ დასავლეთ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბოლომდე არ სრულდებოდა, განსაკუთრებული გავლენა მაინც შეჩვენებამ იქონია. შეაჩვენებდნენ მთელ ოჯახს, მის შთამომავლობას და აგრეთვე იყენებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას – სიკვდილით დასჯას.

რომ შევადაროთ ორი კრება, რომელთაგან ერთი მე-16 საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა, ხოლო მეორე მე-18 საუკუნის 50-იან წლებში, ამ კრებებს შორის ორასი წელია გასული და ამ დროის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა,“ – ამბობს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ტყვეთა სყიდვა შედარებით შემცირდა, ხოლო მე-19 საუკუნეში ეს პრობლემა აღარ იდგა.

საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი ყველაზე ცუდადაა შესწავლილი. ამასთან, ცნობებიც მწირია ამ პერიოდის შესახებ.

„ტყვეთა სყიდვა ფეოდალურმა ეპოქამ წარმოშვა. ამის უმთავრესი მიზეზი იყო ეკონომიკური სიდუხჭირე და სახელმწიფოებრივი სისუსტე. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ძლიერი, მაშინ ასეთი მოვლენები ქვეყანაში არ ხდებოდა – სახელმწიფო ინსტიტუტი როდესაც სუსტია, ის ვერ მართავს ფეოდალს, იგივე სოციუმს. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველაფერი უარყოფითი. როდესაც არსებობს მყიდველი, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოიძევს იმ ე.წ. პროდუქტს, რომელიც გასაღდება.

ხშირად მითქვამს, ქვეყნის ისტორია და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ არის მხოლოდ ჰეროიკული ისტორია. ისტორია არის ის, რომ  ვისწავლოთ, გაკვეთილი იყოს ჩვენი, რომ რა არ უნდა გააკეთოს ერმა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს წარსულში იყო ისეთი მოვლენები, რაც გვაძლევს დაფიქრების საშუალებას. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, თუ რას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები.

ბაგრატ მესამე, სოლომონ პირველი ებრძოდნენ ტყვეთა სყიდვას და ერეკლე მეორეც გარკვეულწილად იბრძოდა ლეკიანობის წინააღმდეგ.

ახლა რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ტყვეთა სყიდვა იყო ოსმალეთის და შემდეგ ლეკების მიერ მოგონილი საქმე. კი, მათ შემოიტანეს, მაგრამ ძალიან კარგად აუბეს მხარი ქართველებმა და ბიზნესად აქციეს.

როდესაც ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას ან ვასწავლით სტუდენტებს, მათ იციან ეს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. იციან მხოლოდ ლეკიანობა, მაშინ, როცა უფრო დიდი მასშტაბი ტყვეთა სყიდვას დასავლეთ საქართველოში ჰქონდა,“ – ამბობს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.

___

ამავე თემაზე:

ოსმალეთის სულთნების ქართველი დედები – ტყვედ გაყიდული ქართველების ისტორიები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: