მთავარი,სიახლეები

500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

17.11.2022
500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს.

საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ უწყებამ გამოსხივების გადაჭარბება დაუდგინა როგორც „ვიონ საქართველოს“, ისე „სილქნეტს“.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ.N 29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, შპს „ვიონი საქართველოსა“ და სს „,სილქნეტის“ კუთვნილი მიმღებ-გადამცემი ანტენების ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის შედეგად, დადგენილი ნორმის გადამეტება გამოავლინეს.

აღნიშნულ დარღვევებზე „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიმართ შედგენილია ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტიდან 15 სექტემბერს, როცა „ბათუმელები“ ამ პრობლემის შესახებ წერდა.

მითითებული მუხლი 500-დან 1000-მდე ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. მოსამართლეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა გამოუყენებია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, კომპანიები დააჯარიმა „გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (2001 წლის 16 აგვისტოს N197/ნ) დადგენილი ნორმის გადამეტების საფუძველზე.

რა მოხდება ახლა? – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევს 1000-დან 2000-მდე ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამ უწყებაში ვერ დაგვიზუსტეს, გამოსხივებას გარემოსდამცველები საკუთარი ინიციატივით გადაამოწმებენ, თუ ისევ მოქალაქეების მიმართვას დაელოდებიან.

იურისტის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც ანტენების გამო ზიანდებიან, შეუძლიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სამოქალაქო წესით, სასამართლოს მიმართონ.

____

ამ თემაზე:

ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: