ნეტგაზეთი • RU

„აღსრულება ვეღარ მოხდება“ – იურისტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

„მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება, ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშნვა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“.

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ლონდა თოლორაიას და სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი იყო და მისი სამსახური პარლამენტმა მას შემდეგ გააუქმა, როცა თოლორაიამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ოცნებისგან“ ჩამოცილებული ინსპექტორისთვის კომპენსაცია უნდა მიეცათ, ან ტოლფასი თანამდებობა შეეთავაზებინათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ორი ახალი უწყების შექმნა კონსტიტუციური იყო.

„ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სადავო ნორმის შეჩერება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მომხდარიყო ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, რაც იქნებოდა საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალური სამსახურის უფროსის პოზიციები. დღეს კი, ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვეღარ მოხდება, ორივე პოზიციას სხვა პირები იკავებენ.

კომპენსაციის ნაწილში კი, შესაძლებელი იქნება აღსრულება, იგულისხმება განაცდური,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ, რომელიც ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავდა.

ამ საქმეზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ. ის ყურადღებას ამახვილებს „მსუსხავ ეფექტსა“ და განგრძობად რისკზე, რამაც შესაძლოა თვითნებობა გააძლიეროს დამოუკიდებელი ორგანოების წინააღმდეგ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მხრიდან კონსტიტუციური ორგანოების მსგავსი მნიშვნელობის მქონე დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირის თანამდებობიდან მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე გათავისუფლებისათვის სივრცის მინიჭებას გააჩნია ე. წ. „მსუსხავი ეფექტი“ აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საწინააღმდეგოდ, წარმოშობს სახელმწიფოს თვითნებობის იმანენტურ და განგრძობად რისკებს, უგულებელყოფს დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციურ გარანტიებთან დაკავშირებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ გარანტიას,“ – წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე და ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტსაც აზარალებს.

„ვთვლი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის აღსრულება უუნარო, რაც, მოსარჩელესთან ერთად, აზარალებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ ავტორიტეტს,“- დასძენს გიორგი კვერენჩხილაძე.

ამ საქმეზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებიც კი გამართეს და მოსამართლეებს  სთხოვეს შუამდგომლობის დროულად განხილვა, რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმის მოქმედება უნდა შეჩერებულიყო. საბოლოოდ, პირველი კოლეგია შეიკრიბა, თუმცა მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ შეაჩერა.

საიას იურისტების შეფასებით, რადგან მოსამართლეებმა სადავო ნორმა არ შეაჩერეს, ამ საქმის მოგებაც უკვე ვეღარაფერს შეცვლის. საიას ეს შეფასება მაშინ, 2022 წლის თებერვალში, პრაქტიკულად გაიზიარა და მოსამართლეებს არ დაეთანხმა პირველი კოლეგიის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეც, მან მაშინაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 17 ნოემბერს, გავრცელებული შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა „საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. – „ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის, როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით…

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ საქმეზე, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან.

გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ უპირობოდ.

საქართველოს პარლამენტის პოზიციით კი, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება“.

პარლამენტის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი