განათლება,მთავარი,სიახლეები

სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება

21.04.2022 • 2166
სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“, – ამ სლოგანით გამოვიდნენ სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და გააპროტესტეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 2 მაისს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებაზე.

აქციაზე მყოფი სტუდენტები აცხადებენ, რომ ახლა, როცა სწავლის დასრულებამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, სჯობს სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდეს და რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ლექციებს.

სტუდენტები თბილისში ბინების გაორმაგებულ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ისინი დედაქალაქში ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

„რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ამის გამო ბინების მფლობელებმა 2,5-ჯერ გააძვირეს ბინის ქირის ფასი.

ხშირ შემთხვევაში კი სტუდენტებს არც კი აძლევენ ბინას. ვისაც დაბალ ფასად ჰქონდა ნაქირავები, ისინი ბინის მეპატრონეებმა გამოუშვეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს.

სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტებს არ გააჩნიათ საბინაო პოლიტიკა და არც კი აპირებენ რაიმე შეცვალონ ამ მიმართულებით.

„თსუ-ს სტუდენტები ბაგების საერთო საცხოვრებელში, ღირსების შემლახავ პირობებში ვცხოვრობთ. [გიორგი] შერვაშიძე [თსუ-ს რექტორი] გვპირდებოდა 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, რომელიც დღის წესრიგში არც კი დამდგარა. ვითხოვთ, საბინაო პოლიტიკა დადგეს დღის წესრიგში“, – ამბობდა აქციის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.

მისი თქმით, თუ 2 მაისს სწავლა აუდიტორიებში დაიწყება, ათასობით სტუდენტი განათლების მიღმა დარჩება. „ჩვენ, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები, გაორმაგებულ ფასებში ვქირაობთ ბინას, ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, თანხას ვზოგავთ საკვებზე, ჯანმრთელობის საჭიროებებზე, ვმუშაობთ მძიმე პირობებში მცირე ანაზღაურებაზე, ამის საპასუხოდ კი უნივერსიტეტს ადმინისტრაცია დაგვცინის, აკადემიური სივრცე კი ჭაობშია, ეს ნორმალურია?“ – ამბობენ სტუდენტები.

ის, რომ თბილისში 3 ათას სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა განათლების მინისტრმა.

მაშინ მიხეილ ჩხენკელი ამბობდა, რომ „უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და სწორედ მათი მონაწილეობით იგეგმება 3 ათასადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სხვადასხვა სასწავლებლის, მათ შორის, უცხოელი სტუდენტებისთვის“.

ხუთი წელი გავიდა, განათლების სამინისტროში კი დღემდე არ აქვთ პასუხი, რატომ არ შედგა მოლაპარაკება კერძო სექტორთან და რატომ ვერ აშენდა დაპირებული საცხოვრებლები სტუდენტებისთვის.

საქართველოს მთავრობა მთელი ორი წელია იმაზე საუბრობს, რომ ხელი უნდა შეუწყონ კერძო სექტორს, სამშენებლო კომპანიებს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მთავრობის ინიციატივით წლის ბოლომდე სამშენებლო ბიზნესში, სულ მცირე, 500 მილიონის ინვესტირება მოხდება, რომ მთავრობა სამშენებლო კომპანიებს დაუკვეთავს საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, თუ დამატებით ფინანსურ რესურსს ბანკებიდან თავად მოიძიებენ.

სულ ახლახან ღარიბაშვილმა 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, თუმცა არც ერთი განცხადება არ ყოფილა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სწავლის განახლებას აუდიტორიებში, აქ ორი დილემაა: ერთი, როცა სტუდენტების ნაწილი კრიტიკულად უყურებს ონლაინსწავლებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხარისხიან განათლებაზე, ანუ სწავლა აუდიტორიებში განაახლოს, მეორე დილემა კი სიღარიბემ და გაძვირებულმა ცხოვრებამ წარმოშვა.

ლიკა კოჩალიძე, სტუდენტი

ლიკა კოჩალიძეც სტუდენტია და ისიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას. მესამეკურსელია და ამ ხნის განმავლობაში, სულ ერთი სემესტრი ისწავლა მხოლოდ აუდიტორიაში.

„მე და ჩემი მეგობრებიც ვეძებთ ბინას. არ ვიცი,  უბრალოდ გაგვიმართლა ალბათ, მაგრამ უნივერსიტეტთან ახლოს 450 ლარში ვიპოვეთ ოთახნახევრიანი ბინა. ასევე ერთი, სტუდიოს ტიპის ბინაც ვნახე 200 ლარში.

რეალურად, ბინები მართლა გაძვირდა და მარტივად ვეღარ ნახავ, მაგრამ ბევრისთვის, ესეც მიზეზია უბრალოდ. თუმცა იმ სტუდენტებისაც მესმის, ვისაც მართლა უჭირს და ვერ ქირაობს ბინას“, – ამბობს ლიკა კოჩალიძე.

მისი თქმით, დამატებით პრობლემას შექმნის ის გარემოება, თუკი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დროულად არ მიიღებს ზომებს, შეცვლის პოზიციას და იტყვის, რომ „კარგი, ისევ ჰიბრიდულად გაგრძელდეს სწავლა“. ეს უკვე იმათთვის იქნება პრობლემა, ვინც უკვე ვიქირავეთ ბინები. ან ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ მოუწევთ მაღალი ფასის გადახდა, ან ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ისევ ონლაინზე მოგვიწევს სწავლა“, – ამბობს ლიკა.

ლიკასთვის ონლაინსწავლების გაგრძელება მიუღებელია, რადგან, მისი აზრით, სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია.

„იმდენად ცუდია განათლების დონე საქართველოში, რომ უკვე ლექტორებსაც კი ეზარებათ აუდიტორიაში წასვლა. მათაც დაეზოგათ ხარჯები, დაეზოგა დრო, ყველა მიეჩვია ონლაინს, მაგრამ ჩემთვის ასე გაგრძელება მიუღებელია.

მარტივია, შეხვალ 15 წუთით სემინარზე, შემდეგ მთელი დღე თავისუფალი ხარ და გინდა იმუშავე, გინდა გაერთე. მაშინ რა ფასი აქვს უნივერსიტეტს, რა ფასი აქვს სწავლას? კარგი, მე არ ვიხდი სწავლის საფასურს, მაგრამ ვინც იხდის, იმან რა ქნას, ვისაც მართლა უნდა, რომ რაღაც წამოიღოს უნივერსიტეტიდან.

ვიღაც იტყვის, – თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო, შეიძლება ასეა და ვსწავლობ კიდეც, მაგრამ მეტი მჭირდება. ვიცი, რომ აუდიტორიაში უფრო მეტად მომიწევს დისკუსიებში ჩართვა, უფრო ადვილია კომუნიკაცია. ვიცი, რომ უფრო რთული იქნება გამოცდებიც, მაგრამ მირჩევნია ღამეები ვათენო და ვისწავლო, ვიდრე მარტივად ჩავაბარო ონლაინ“, – ამბობს ლიკა.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სტუდენტს ირა გელაძეს ესაუბრა. ირა ამბობს, რომ რამდენიმე დღეა თბილისში ბინას ინტერნეტით ეძებს, თუმცა ჯერჯერობით, მისთვის მისაღებ ფასად ვერაფერი იშოვა.

„ჩასვლასაც ვერ ვახერხებ, ამიტომ ინტერნეტით ვეძებ. იმ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით რაც ჩემ ოჯახს აქვს და არამარტო მე და ჩემ ოჯახს, არამედ რეგიონში მცხოვრები სტუდენტების უმრავლესობას, ალბათ ვერ შევძლებ ბინის ქირაონას და მხოლოდ ფინალურებზე მომიწევს ჩასვლა თბილისში. თუ აქამდე 500 ლარად ვშოულობდი ბინას, ახლა 900 ლარს აფასებენ“-ამბობს ირა.

მისი თქმით, ბინა რომელის პირველ კურსზე ყოფნის დროს იქირავა, დღეს 1500 ლარად დაუფასეს. „საიდან უნდა მოვიტანოთ ასეთი დიდი თანხები ასე უცებ?

სამწუხაროდ, დღეს ბინის მეპატრონეები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორინეტირებული და საერთოდ არ აქვთ სოლიდარობის განცდა სტუდენტების მიმართ. პრიორიტეტად ქვეყანაში განათლება კი არა სხვის ხარჯზე ხელის მოთბობა გახდა“-ამბობს ირა გელაძე.

_________________________

მთავარი ფოტო: სტუდენტების პროტესტი თსუ-სთან/„პუბლიკა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: