მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“

17.11.2022
რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს ორი პროფესორის სარჩელს პარლამენტის, განათლების სამინისტროს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.

დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, კონკრეტულად თსუ-სა და ბსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება აკადემიურ საბჭოზეა დამოკიდებული.

„სადავო ნორმები იწვევს არსებითად თანასწორი პირების – 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას,“ – მიიჩნევენ პროფესორები ინდიკო აბაშიძე და გიორგი გოროშიძე.

ინდიკო აბაშიძე 72 წლის ემირიტუს პროფესორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას ემირიტუსის წოდება გასულ წელს მიანიჭეს მაშინ, როცა მისი შრომითი ხელშეკრულების ვადა უნივერსიტეტთან ამოწურული არ იყო.

გიორგი გოროშიძეც 72 წლისაა. მასაც 65 წლის ასაკს მიღწევამდე ეკავა აკადემიური თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„…უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი. არამედ, მოსარჩელეების მიერ კანონითა და შრომითი ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს, პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება,“ – წერენ პროფესორები სარჩელში.

მოსარჩელეების აზრით, დისკრიმინაციულია და ანტიკონსტიტუციურია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ეს ჩანაწერი:

„სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: