ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე ხორციელდება სათანადო პროცედურები და მოსამზადებელი სამუშაოები. სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კი მიმდინარე წელს, ახლო მომავალში არის დაგეგმილი,“ – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.
რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია, ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა შეთანხმების დოკუმენტი – რა პირობებში დაიწყება კანალიზაციის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, ახალ ბულვარში, სადაც საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსებიც კანალიზაციის სისტემის გარეშეა.
საუბარია KFW-ის, ანუ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის შეღავათიან სესხზე, რომელმაც კანალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად და სასმელი წყლის სისტემისთვის 2019 წელს მოგვცა 60 მილიონი ევრო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით და ბათუმის მერიის თანხმობით, ეს ფული კოვიდბიუჯეტში გადარიცხეს. თუ KFW-ი ისევ მოგვცემს სესხს, ამ შემთხვევაშიც ფულს ჯერ საქართველოს მთავრობა მიიღებს და შემდეგ ჩაურიცხავენ ბათუმს.
ბათუმის მერის მრჩევლის, ზაურ ფატლაძის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია და თუკი ხელშეკრულება გაფორმდება, შემდეგ მინიმუმ 5 წელი დასჭირდება კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემების მოწყობას.
„გაცნობებთ, რომ 2021 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ქ. თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე.
გერმანიის მთავრობის მიერ ამ პროექტისთვის მოაზრებულია 53 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება სესხის სახით და ასევე 2 მლნ ევროს ოდენობის გრანტი პროექტის თანმდევი ღონისძიებებისთვის,“ – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.
რაც შეეხება დოკუმენტს, ფინანსთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ „პროექტის შინაარსობრივი და ტექნიკური ნაწილის შემუშავება მიმდინარეობს ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით“.
ამ თემაზე:
„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება