მთავარი,სიახლეები

უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში ერთვება

17.11.2022 • 1082
უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში ერთვება

უკრაინელი გამომძიებლები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან, ისინი უკვე ინციდენტის ადგილისკენ მიემართებიან – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში მიმდინარე Bloomberg-ის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 16 ნოემბერს უკრაინამ მიიღო დადასტურება, რომ მისი წარმომადგენლები გამოძიებაში ჩაერთვებიან.

ზელენსკის განცხადებით, რაკეტის დავარდნის ადგილას გაჩენილი ორმოს ფოტოები მიუთითებს, რომ მას მხოლოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტის ნარჩენები ვერ გამოიწვევდა.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ, მისი აზრით, „ეს იყო რუსული რაკეტა“, თუმცა იქვე დასძინა, სიმართლე ბოლომდე ჯერ არავინ იცის.

„100%-ით არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, არც მსოფლიომ იცის 100%-ით, რა მოხდა. ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტულად თქმა, რომ ეს ნამდვილად უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გამოიწვია“, – განაცხადა ზელენსკიმ. – „მადლობლები ვართ, რომ ჩვენ არ გვადანაშაულებენ, რადგან ჩვენ ვებრძვით რუსულ რაკეტებს ჩვენს ტერიტორიაზე“.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებმა შესაძლოა როგორც უკრაინული, ისე რუსული რაკეტის ნარჩენები იპოვონ.

„იმ დღეს ძლიერი საჰაერო ბრძოლა შედგა. რუსული რაკეტები დაფრინავდა მთელი უკრაინის თავზე – 96 რაკეტა. დასავლეთ ნაწილში 15 რაკეტა ჩამოვაგდეთ, 10 – მხოლოდ ლვოვის ოლქში. ალბათ, გამომძიებლები დაადგენენ ყველაფერს ნამსხვრევების მიხედვით, იყო ეს რუსული რაკეტა თუ უკრაინული, ან შესაძლოა, ორივეს ნარჩენები იპოვონ ადგილზე“, – ამბობს იგნატი.

ის ასევე განმარტავს, რამდენად შორს შეიძლება გადავარდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოგერიებული რაკეტა.

„ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რაკეტა C300-ის გამოყენების მანძილი 75კმ-ა, თუმცა შესაძლოა 10კმ-ით მეტიც იყოს. რაკეტა, როდესაც მას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აგდებს, დავუშვათ ლვოვის ოლქში… ერთი რაკეტა ხომ მეორეს ასე პირდაპირ არ ხვდება, არამედ სიახლოვეს ფეთქდება და ეს ნამსხვრევები მოწინააღმდეგის რაკეტას აზიანებს, მართვას აკარგვინებს, რაკეტამ შესაძლოა, კურსი შეიცვალოს და კიდევ დამატებით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იფრინოს,“ – განმარტავს საჰაერო ძალების სპიკერი.

15 ნოემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევისას, პოლონეთის სოფელ პშევოდუვში რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

იმ დღეს უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას იგერიებდა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს ეკისრება.

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: