მთავარი,სიახლეები

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

16.11.2022 • 1819
რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსები იძულებულნი გახდებიან, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ტემპი შეანელონ.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ყველაზე მასშტაბური სერია განახორციელა.

ანალიტიკოსები, რომლებიც ეყრდნობიან მოპოვებულ მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, უკვე გამოიყენება მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა თითქმის ამოწურეს მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგი და დიდი ალბათობით, იძულებულნი გახდებიან, დარტყმის ტემპი შეანელონ.

„უკრაინის მიერ ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობის პროცენტული ზრდა მიუთითებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უმჯობესდება ბოლო თვეების განმავლობაში. უკრაინის გენერალური შტაბი ამ გაუმჯობესებას დასავლეთის მიერ გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობას უკავშირებს,“ – წერს ISW-ი.

ანგარიშში მოხვდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტიც. ანალიტიკოსები ეყრდნობიან პოლონეთისა და მისი მოკავშირე დასავლეთ ქვეყნების პოლიტიკოსების განცხადებებს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ გამოძიებას დააკვირდებიან და უფრო საფუძვლიან დასკვნებს შემდეგ გააკეთებენ.

ISW-ის შეფასებით, კრემლმა 15 ნოემბრის სარაკეტო თავდასხმა ჯერ კიდევ მანამდე დაგეგმა, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტს თავის სამშვიდობო წინადადებას წარუდგენდა.

„კრემლმა, სავარაუდოდ, განზრახ დაგეგმა ისე, რომ მასირებული სარაკეტო კამპანია მთელი უკრაინის მასშტაბით ზელენსკის გამოსვლის შემდეგ დაწყებულიყო, რადგან ამგვარი სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით სერიოზულ საბრძოლო მომზადებას მოითხოვს,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ G20-ის შესახებ კრემლის ოფიციალური განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი არაა დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომელშიც, რუსეთმა სავარაუდოდ, მის ხელთ არსებული მაღალი სიზუსტის შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა;
  • პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „რუსული წარმოების რაკეტები“ უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრში პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა;
  • რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ, აიძულონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, აღიაროს რუსეთის კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ამით დე-ფაქტოდ აღიაროს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ანექსიაც;
  • რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის ძალები განაგრძობდნენ შეტევებს სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და თავდასხმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე ლუგანსკის ოლქში;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის რაიონებში;
  • ყირიმიდან სამხრეთ უკრაინისკენ ლოგისტიკური მარშრუტები, სავარაუდოდ, ძალიან გაუარესდა;
  • რუსეთი განაგრძობს თავისი მარაგების შევსებას ბელარუსის სამხედრო ტექნიკით.

_______

15 ნოემბერს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ხმელნიცკის, როვენის, ვოლინის, ლვოვის, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ამ თავდასხმის დროს უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვა.

მანამდე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად მიიჩნეოდა 10 ოქტომბრის სარაკეტო შეტევა, როდესაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 84 რაკეტა გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: