მთავარი,სიახლეები

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

16.11.2022
რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა პოლონეთში მომხდარი აფეთქებების საფუძვლიანი გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომია.

შოლცმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა:

„პოლონეთში მომხდარ საშინელ ფაქტს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. კარგია, რომ NATO-ს წევრებს ამის გაკეთება სწრაფად შეუძლიათ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.“

რუსეთს რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაეწყო, არავითარი რაკეტა პოლონეთში არ ჩამოვარდებოდა – ასეთივე კომენტარები შოლცამდე ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა, ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რიუტემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთეს.

როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა, ანჯეი სადოსმა უთხრა, ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ პასუხისმგებლობა პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე და პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე რუსეთს ეკისრება.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის და უკრაინის მასობრივი დაბომბვის შედეგია, უკრაინის ინფრასტრუქტურის, ქალაქების,“ – განაცხადა სადოსმა.

15 ნოემბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვისას ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-სა და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია, – წერს Reuters-ი ნატო-ში წყაროზე დაყრდნობით.

მომხდარიდან მალევე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთის სასაზღვრო სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოების იყო და მისი ტრაექტორიის დადგენაზე მუშაობდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც დუდამ უკვე დღის მეორე ნახევარში დააზუსტა, არსებობს ალბათობა, რომ ეს იყო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტა, თუმცა ის რუსეთშია გამოშვებული.

აფეთქებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან თქვა, რომ „ესაა რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე“ და აუცილებელია საპასუხო მოქმედება.

თავად რუსეთმა აფეთქებას „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

პოლონეთის თხოვნით, აფეთქების საკითხს დღეს NATO-ს ელჩები ბრიუსელში განიხილავენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: