სიახლეები

1 მილიონი ამოიღო მერიამ მშენებლობის ნებართვებისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან

16.11.2022 • 1184
1 მილიონი ამოიღო მერიამ მშენებლობის ნებართვებისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან

ბათუმის მერია ელოდება დოკუმენტს, რომელმაც ქალაქის განაშენიანების წესები უნდა განსაზღვროს: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი იხარჯება დამუშავების პროცესშია. პარალელურად კი ქალაქში სამშენებლო ნებართვების გაცემის ტენდენცია ბოლო წლების ტემპის შესაბამისად გრძელდება.

2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 1 მილიონ 048 500 ლარი შევიდა, ხოლო სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის სახით 101 400 ლარი. შესაძლოა დეკემბრის ბოლოს ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა, მშენებლობის მოსაკრებლის სახით მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 700 000 ლარია, ხოლო ზონალური მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი პროექტში არ ფიქსირდება.

საერთო ჯამში, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით, 10 თვეში ბათუმის ბიუჯეტში 31 მილიონ  721 600 ლარი აისახა. მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც, რაც 27 მილიონ 377 400 ლარია.

სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 8 მილიონ 271 000 ლარი.

შემოსულობების ნაწილში მერიამ გეგმა შეასრულა, ზოგჯერ გადაჭარბებითაც, თუმცა გადასახდელების ნაწილში გარღვევებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: