17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა.
სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა.
„გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი.
საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც ვერა და ვერ ააშენა სახელმწიფომ.
იმ სტუდენტთაგან ზოგიერთს, ვისგანაც განათლების მინისტრი ქვეყნის მომავლის აშენებას ელის, ღირსებისშემლახავ გარემოში უწევს ცხოვრება.
საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ფაქტობრივად არ აქვთ თანამედროვე, კომფორტული საერთო სტუდენტური საცხოვრისები, რის გამოც სტუდენტები ბინასკომერციულ ფასებში ქირაობენ.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, სტუდენტები ერთ-ერთი მოწყვლადი კატეგორია გახდა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით.
პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი ფასების გამო სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში სტუდენტური საცხოვრებლის აშენების მოთხოვნით, თუმცა განათლების სამინისტროს თავისი ხედვა, სტრატეგია არც ამ აქციების შემდეგ წარმოუდგენია.
თსუ-ს ადმინისტრაციის პასუხი კი იყო, რომ დაგეგმილია 3 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ სტუდენტებს ცხოვრება.
სტუდქალაქის მშენებლობაზე აუქციონი 2022 წლის 18 აპრილს გამოცხადდა და 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აუქციონი არ შედგა და ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურადაც არის განთავსებული ვებგვერდზე.
როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, აუქციონთან და შემდგომ პირობებთან დაკავშირებით კომისია თავიდან უნდა შეიკრიბოს, თუმცა როდის გაიმართება ხელმეორედ აუქციონი და რა ვადებში გადაწყდება ეს საკითხი, ამ ეტაპზე უცნობია.
„მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, – მიმართა მინისტრმა სტუდენტებს მისალოცი ტექსტით.
თუმცა ჩხენკელი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს იმ პრობლემებს, რის გამოც სტუდენტები ცოტა ხნის წინ ქუჩაში ტრანსპარანტებით იდგნენ.
საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით სტუდენტები მოითხოვდნენ შემდეგს:
- სახელმწიფომ ააშენოს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სტუდენტების მძიმე ცხოვრების პირობებს.
- სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის იმისთვის, რომ საერთო საცხოვრებლის აშენებამდე ფინანსური დახმარება მიიღონ სტუდენტებმა ქირის გადასახდელად.
____________________
ამ თემაზე:
სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება