მთავარი,სიახლეები

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

16.11.2022 • 1477
ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები.

ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.

სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი 7 დღეს გაგრძელდება და წელს მასში 25 სკოლის თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას, ჯამში 400 მოსწავლე. გასულ წელს ფესტივალში 14 სკოლის დასი მონაწილეობდა.

ფესტივალს ეყოლება კვალიფიციური ჟიური, სამი ადამიანის შემადგენლობით, ვინც გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში.

ასევე, ფესტივალს ეყოლება სტატუსით „თანატოლი ჟიური“, სკოლის მოსწავლე და ის თავისი შეხედულებისამებრ შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში – „საინტერესო პერსონაჟი“.

„თანატოლი ჟიური დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის გადასცემს აღნიშნულ პრიზს და ასევე თავადვე მოიფიქრებს, თუ რა იქნება ეს პრიზი. ჩვენ ამით გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, მოზარდები თავად ჩაერთონ შეფასების პროცესში,“ – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზი „არლეკინი“.

ძველი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ, ბათუმის ცენტრალურ პარკში (ყოფილი პიონერთა პარკი)  „არლეკინის“ ქანდაკება. ბურთზე მდგომი ჯამბაზის ფიგურა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ხოლო 90-იანი წლების შავბნელ დღეებში დღემდე უცნობ, დაუდგენელ გარემოებებს ემსხვერპლა და „პიონერთა პარკიდან“ გაქრა. ცოტამ თუ იცის , რომ ქანდაკების ავტორი გახლდათ მოქანდაკე ოთარ დარჩია. ის სულ ახლახან გარდაიცვალა. როდესაც გაჩნდა იდეა ფესტივალის დაარსებისა, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო პრიზი გამარჯვებულთათვის. სწორედ ამ დროს გაცოცხლდა მოგონებებში ბათუმის სიმბოლოდ ქცეული არლეკინი და გადაწყდა, თუ ბატონი ოთარი დაგვთანხმდებოდა, მისი არლეკინი გახდებოდა ჩვენი ფესტივალის პრიზის ინსპირაციის წყარო. მისი ნებართვით, არსებული ფოტოების მეშვეობით შეიქმნა სტილიზებული ფიგურა, რომელიც ჯერ პლასტილინისგან დაამზადა ზურა ჩხარტიშვილმა, ხოლო საბოლოო სახე მისცა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ.

„არლეკინი“ საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფის“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ“ – ვკითხულობთ ფესტივალის პრესრელიზში.

ფესტივალზე ასევე ორგანიზატორები გამოარჩევენ რამდენიმე ხელოვანს. შარშან საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალმა ნომინაციაში – „დიდი ბავშვი“ პრიზი გადასცა მწერალ გურამ პეტრიაშვილს, ხოლო წელს, ფესტივალის გადაწყვეტილებით, ამ ნომინაციაში მთავარ პრიზს გადასცემენ კომპოზიტორ დავით მალაზონიას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: