მთავარი,სიახლეები

კახოვკის კაშხლის დაზიანება, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს – ბრიტანეთის დაზვერვა

16.11.2022
კახოვკის კაშხლის დაზიანება, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, ხერსონიდან გასვლისას, რუსეთის არმიამ სერიოზულად დააზიანა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, „რათა უკრაინელთა წინსვლა შეეფერხებინა“.

„დაზიანდა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების სამი მალი კაშხლის ჩრდილოეთ ბოლოში, რამაც გადასასვლელები გამოუსადეგარი გახადა,“ – წერს უწყება 16 ნოემბრის რელიზში.

თუმცა, დაზვერვის შეფასებით, სამი წყალგადასაშვები არხი კაშხლის ამ მონაკვეთზე, ფაქტობრივად, უვნებელი გადარჩა, რის გამოც დაზიანების ახლანდელი ხარისხი, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს.

ნოვა კახოვკის კაშხალი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია და ამავე დროს, მდინარე დნეპრის ქვემო წელზე გამავალ ერთ-ერთი ძირითად გადასასვლელს ქმნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ ხერსონიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონის „დროებით დედაქალაქად“ აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი ჰენიჩესკი აქცია და სამხედრო მართვის პუნქტებიც ამ ზონაში გადააქვს.

დაზვერვის შეფასებით, ქალაქს სამხედრო თვალსაზრისით მოხერხებული ადგილმდებარეობა აქვს და სამეთაურო კვანძად მისი არჩევა სამხრეთ უკრაინის დაცვისას რუსეთის სარდლობის პრიორიტეტებზე მიუთითებს.

მთავარ ფოტოზე: სატელიტური ფოტო, რომელზეც ჩანს დაზიანება ნოვა კახოვკის გადასასვლელზე/Maxar Technologies

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008