როდიდან დაინიშნება იალაღებზე უფასო ტრანსპორტი

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიები ტენდერს აცხადებენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში მოიალაღეების მთაში გადასაყვანად 39 270 ლარზეა ტენდერი გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2026 წლის 10 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოემსახუროს მგზავრებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო „მარშუტკები“ იმოძრავებენ კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, ჩირუხის, ღომას, საყანდრიას, ჯანჯღარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, თაგინურის, საბერწიას, კარაპეტის, სანალიას და ძველი მთის იალაღების მიმართულებით.

სატენდერო წინადადებების მიღება 11 ივნისს მთავრდება. მისი წარმატებით ჩატარების შემთხვევაში უფასო ტრანსპორტი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის 10 ივლისიდან დაინიშნება.

9 890 ლარზე აქვს ტენდერი გამოცხადებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მგზავრები უნდა გადაიყვანოს მთა სარიჩაირისა და გომის მთის იალაღების მიმართულებით.

ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივნისს მთავრდება.

„მოიალაღეების უფასო ტრანსპორტირების პროგრამის ფარგლებში სულ 23 რეისი შესრულდება. 10 რეისი შესრულდება შემდეგი მარშრუტით, სოფელი ცხმორისი-კოკოტაური-მთა სარიჩაირი-კოკოტაური-ცხმორისი; ხოლო 13 რეისი შესრულდება, ცენტრი ცხმორისი-დანდალოს ცენტრი-გომის მთა-დანდალოს ცენტრი-ცენტრი ცხმორისი.

მთაში მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირება 20 ივნისს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. კვირაში ერთი რეისი შესრულდება, ხოლო შუამთობის პერიოდში კვირაში ორი რეისი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქედის მერიაში.

9 067 ლარზე აქვს გამოცხადებული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას. წინადადებების მიღება პირველ ივნისს დასრულდა. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მხოლოდ მონაწილეობა, თუმცა ჯერ გამარჯვებულად გამოცხადებული არაა.

გამარჯვებული მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა მოემსახუროს მუნიციპალიტეტს და მგზავრები გადაიყვანოს ბეშუმისა და მთა ვაშლოვანის მიმართულებით.

კაზინოს საშუალებით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს ყაზახეთის მოქალაქე

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.

„მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული 1 146 748 აშშ დოლარი ბალანსის შესავსებად განათავსა.

უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი, სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პირად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორს“ 65 წლით დამატებით 43,3 ჰექტარს გადასცემენ ზღვაში

სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ბათუმთან, ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირებული ტერიტორია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა, 65 წლით.

კომპანია ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულს აშენებს. ამ პროექტისთვის ადრე 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გამოიყო ზღვაში.

ამჯერად, „ამბასადორისთვის“ დამატებით გადასაცემი ტერიტორიის ფართობი კი 43,3 ჰექტარია.

„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის საფასურად 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული 433 917 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია]“ – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა.

43,3 ჰექტარის ფართობის წყლით დაფარულ ტერიტორიაზე, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, ამონაწერი საჯარო რეესტრმა პირველად 2026 წლის 30 მარტს გასცა. ამ დროისთვის [8 ივნისი] ამ ტერიტორიაზე აღნაგობა რეესტრში დარეგისტრირებული ჯერ არ არის.

ახალრეგისტრირებული ფართობი ზღვაში იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც სახელმწიფომ ადრე ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის დაარეგისტრირა.

უკავშირდებოდა თუ არა ეს ხელოვნური კუნძულის პროექტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მაშინ ასეთი პასუხი მიიღო:

„აღნიშნული სახელმწიფო ქონების შემდგომ განკარგვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის თანხმობით“. – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან 22 აპრილს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.

კომპანიას იმ ტერიტორიას, რომელსაც ზღვაში ხმელეთად აქცევს, სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს საკუთრებაში.

მაგალითად, ამ დროისთვის უკვე მოწყობილ  ხელოვნურ ნახევარკუნძულზე „ამბასადორზე“ საკუთრებაში ორი ნაკვეთია გადაცემული – თითოეულის ფართობი 10 054 კვადრატული მეტრია.

ამ ნაკვეთებიდან ერთი საკუთრებაში გადაცემულია შპს „ამბასადორი დეველოპმენტ“-ზე, რომლის 100 პროცენტი წილი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“  საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნაკვეთი გადაცემულია შპს „ბათუმი აილენდი“-ზე, რომლის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ფრიდონ ქათამაძეა.

„ბათუმი აილენდის“ საკუთრებაშია ასევე კიდევ ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობი 5 633 კვადრატული მეტრია.

„ბათუმი აილენდი“ ერთი პერიოდი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 18 პროცენტის მესაკუთრე იყო, ხოლო ფრიდონ ქათამაძე ამ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი.

რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მესაკუთრე ერთპიროვნულად არის ელგუჯა ქებურია, რომელიც ასევე ორმაგი მოქალაქეა – საქართველო, რუსეთის ფედერაცია.

ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 28 354 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთს ფლობს ასევე შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“. ამ კომპანიის 100 პროცენტს შპს IG international LLC ფლობს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ეს ნაკვეთი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება კი, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2026 წლის 27 მარტსაა გაფორმებული.

„ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდამდე, მყიდველს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით ნასყიდობის საგნის იპოთეკით დატვირთვა, სარგებლობის უფლებით გაცემა, გასხვისება ან სხვა ნებსიმიერი ფორმით განკარგვა, გამონაკლისს წარმოადგენს ხელშეკრულების 3.6. პუნქტი“ – აღნიშნულია რეესტრის ამონაწერში.

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ზღვაში გამოყოფილი ტერიტორია ბათუმში. წითელი ფერით მონიშნულია 43,3 ჰექტარი, რომელიც „ამბასადორს“ 65 წლით უნდა გადასცენ, ხოლო ყვითელი ფერით მონიშნულია ნაკვეთები, რომლებიც უკვე საკუთრებაშია გადაცემული „ამბასადორი დეველოპმენტ“-ზე და „ბათუმი აილენდი“-ზე. მწვანე ფერით კი, მონიშნულია შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ საკუთრება.

სახელმწიფოს მიერ ზღვაში ნაკვეთების რეგისტრაციაზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

უკრაინამ კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაცავს დაარტყა დრონებით

დღეს, 8 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობბაზაზე დარტყმის ფაქტი.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობბაზაზე დრონის თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.

მედიის ცნობით, „გრუშოვააიას“ ნავთობსაცავი, რომელიც ეკუთვნის „ტრანსნეფტის“ შვილობილ კომპანია „ჩერნომორტრანსნეფტს“, კავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობპროდუქტების შესანახი ობიექტია. კომპლექსი მოიცავს დაახლოებით 1.2-1.4 მილიონი ტონა საერთო ტევადობის ავზებს და ნოვოროსიისკის პორტის საკვანძო ცენტრს წარმოადგენს. ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასაზიდად.

ეს არ არის უკრაინის პირველი დარტყმა „გრუშოვაიას“ ნავთობბაზაზე. უკრაინული დრონების ბოლო დარტყმა ამ ნავთობბაზაზე 23 მაისს მოხდა.

გარდა ამისა, 8 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში ვოლგოგრადის რეგიონში „კრასნი იარის“ ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგური დაბომბეს. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ჟირნოვსკის რაიონში წარმოებისა და განაწილების სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს“.

______________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი

 

 

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის უცხოელთან ფიქციური ქორწინება

შსს-ს მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.

ცვლილება შევა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

კანონპროექტი შსს-მ მოამზადა, პარლამენტში დღეს, 8 ივნისს დარეგისტრირდა. მას დაჩქარებული წესით, 23 ივნისს განიხილავენ.

„საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე დარეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია,“ – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ფიქციური ქორწინების აღმოჩენის შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

რა რეგულაციებს უწესებს შსს უცხოელ სტუდენტებს საქართველოში

შს სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოში მყოფი უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს.

ეს ინიციატივა უცხოელ სტუდენტებს საქართველოში სწავლის შემთხვევაში დამატებით პირობებს უსაზღვრავს, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხოელ სტუდენტს საერთაშორისო ან სახელმწიფო ენაში დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

„მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.

აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ამ ინიციატივაშია აღნიშნული, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

„საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება“- წერს შსს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხებიც.

„დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ასევე განისაზღვრება უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის (ბინადრობის ნებართვის გაუქმების) საფუძვლები, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით.

საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე.

საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 ივნისს დარეგისტრირდა და განისაზღვრა, რომ დაჩქარებული წესით 23 ივნისის სასესიო კვირაში უნდა განიხილონ.

ბათუმში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს, 8 ივნისს ბრალდებული დააკავეს.

საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 374 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 997 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 705 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 43 564 ერთეული [+85]
  • MLRS – 1 847 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 409 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 336 224 ერთეული [+2 161]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 607 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 104 414 ერთეული [+363]
  • სპეცტექნიკა – 4 259 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების“ – წულუკიანის სიძულვილის ენა

„თქვენ ხართ სამარცხვინო“, „რა ვუთხარი იმ სისტემას, ვინც პედაგოგობის უფლება მოგცათ“, „ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ საშიში ხართ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ“, – ეს არის იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გიორგი [გოტა] ჭანტურიას პროპაგანდისტული მედიის ეთერში, როცა მან მასწავლებლის და აქტიური მოქალაქისგან ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი რეპრესიული სისტემის კრიტიკა მოისმინა.

გოტა ჭანტურია იყო განათლების კოალიციის დირექტორიც, რომელმაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დააფუძნა 2017 წელს. ახლა კი „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელია.

მანანა რატიანი

როგორი მასწავლებლის ეშინია „ოცნებას“ და რაზე მეტყველებს წულუკიანის სიფიცხე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, მანანა რატიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, საუბრობს თუ არა წულუკიანი სიძულვილის ენით მასწავლებლის პროფესიის მიმართ და თუ ხედავთ რაიმე საფრთხეს ამ ტიპის დამოკიდებულებაში?

ზოგადად, ამ ქალბატონს ნამდვილად უჭირს სწორი კომუნიკაცია და მით უმეტეს, როდესაც ეს კომუნიკაცია ეხება არა კონკრეტულად ერთ ადამიანს, არამედ მასწავლებელთა კორპუსის წარმომადგენელს, რომელშიც 60 000 მასწავლებელია, ბევრად უფრო მოზომილი უნდა იყოს.

ის ფრაზები, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელსაც იყენებდა წულუკიანი, ნამდვილად შეურაცხმყოფელია. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ვინ უნდა ასწავლოს და როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა. ამას კანონი გვისაზღვრავს ჩვენ და მთელი შემზღუდველი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც არ იმსახურებს მასწავლებლობას, პროფესიაში ვერ შევიდეს.

ამიტომ მსგავსი შეფასებები ყველა მასწავლებლისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, რომ ვიღაც, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა განათლების სისტემაში და არ იცის, რას უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა ტიპის ღირებულებების და აღმზრდელობითი ცოდნის გადაცემის ვალდებულება აქვს, შეურაცხმყოფლად არ უნდა საუბრობდეს. აბსოლუტურად მიუღებელია ეს.

არავის აქვს უფლება აგდებით ილაპარაკოს ადამიანზე და მის პროფესიაზე, როცა ამ ყველაფრის შესახებ არ აქვს სათანადო ინფორმაცია.

ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, რომელზეც ხშირად საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ამ პროფესიის ამ ფორმით დაკნინებით ნამდვილად ვერ მიაღწევენ ვერაფერს: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ბევრი რამ სჭირდება, ეს არ არის მარტო ფინანსური მხარე, თუმცა არც მასწავლებლის ფინანსურ მხარეს აძლიერებენ.

ამდენი წელი არიან ხელისუფლებაში, ბოლო რამდენიმე წელი ლაპარაკობდნენ ხელფასების „უპრეცედენტო მატებაზე“ და მომატების ნაცვლად უამრავი ადამიანი დააზარალეს. განსაკუთრებით, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები.

ის დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიისადმი, რომ ვიღაცამ შეიძლება ასე აგდებულად მოიხსენიოს მასწავლებლობა და „ფსევდომასწავლებელი“ უწოდოს ადამიანს, ეს არის არასწორი. მასწავლებლის მთავარი შემფასებელი მოსწავლეა. მორჩა და გათავდა.

თუ ეს რეპრესიული რეჟიმი დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად ვიხილავთ ამ ყველაფერს რეალობაში, რომ მასწავლებლებს სკოლები დაემშვიდობებიან ზუსტად მათი შეხედულებების გამო.

დღეს მასწავლებლები ისედაც ვერ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ხმამაღლა – „მოსმენების“ მექანიზმი კარგადაა ჩართული და ისედაც მაღალია პოლიტიკური წნეხი მასწავლებელზე. ეს ძალიან მკაფიოა სკოლაში და ამის გამო მასწავლებლები ისედაც ძალიან დათრგუნულები არიან.

კვლევაც კი ჩატარდა არასათანადო გარემოზე, რომ მასწავლებლები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რადგან აღარ ენდობიან ერთმანეთს. ძალიან საგანგაშოა, რაც იმ კვლევაში წერია და თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც სკოლასთან შეხება გვაქვს, ვიცით ამ ყველაფრის შესახებ.

არ შეიძლება ყველაფერს აკონტროლებდეს რესურსცენტრები და სამინისტრო. მით უმეტეს არ შეიძლება განათლების სისტემაში ერეოდნენ ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ განათლების სისტემაზე.

  • არც კულტურაზე ჰქონდა წარმოდგენა წულუკიანს, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ და ვნახეთ კიდეც, რა შედეგები მიიღო მისი რეპრესიული პოლიტიკის გამო.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მორალდაცლილი იურისტების მხრიდან მსგავსი შეფასებები მივიღოთ. ბოლო დროს, ბევრი ასეთი ადამიანების ხელების ფათური ვნახეთ განათლების სისტემაში.

მასწავლებლის პროფესია მოსაფრთხილებელია. თუ რაღაც ისე არ კეთდება, მასწავლებელი გასაძლიერებელია და არა ის, რომ ვიღაცამ თითის გაშვერით, კნინობით და აგდებულ ფორმაში ილაპარაკოს მათზე. მით უმეტეს გოტა ჭანტურიაზე, რომელსაც ბევრად მეტი აქვს ქვეყნისათვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ წულუკიანს.

  • როცა წულუკიანი ამბობს – „თქვენნაირი მასწავლებელი ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ ვინც დაგასაქმათ“ – ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებმა მიიღეს მინიშნება კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლების სკოლებიდან გაშვებაზე? 

ეს მინიშნება დიდი ხანია მიღებულია, სამწუხაროდ. უბრალოდ, ბოლომდე ვერ წმენდენ  სისტემას კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან. თუ მივუშვებთ, ბოლომდე გაწმენდენ. ვიღაცის გამოხედვა არ მოეწონებათ, ვიღაცის სხვა რამ.

  • „თქვენ საშიში ხართ“- წულუკიანი ეუბნებოდა გოტა ჭანტურიას. როგორი მასწავლებლების ეშინია სისტემას, როგორ ფიქრობთ?

ალბათ ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების. რაც უფრო მაღალია მასწავლებლის პროფესიონალიზმი, მით უფრო არ უფრთხის საკუთარი მოსაზრების გამოთქმას. ასე რომ, ყველა პროფესიონალი მასწავლებელი სისტემისთვის საშიშია. ცოტა ხანში, თუ ასე გაგრძელდა, პროფესიონალი მასწავლებლები სისტემაში აღარ გვეყოლება.

რაც შეეხება სიძულვილის ენას წულუკიანის მხრიდან, როდესაც სათქმელი არ გაქვს, არგუმენტები არ გაქვს და დებატების ელემენტარული წესი არ იცი, როცა იცი, რომ სათქმელი არ გაქვს და წაგებული იქნები ამ ბრძოლაში, მაშინ იწყებ პიროვნების შეურაცხყოფას და არა მისი მოსაზრებების შეფასებას. ეს ვნახეთ წულუკიანის შემთხვევაშიც.

თუმცა, ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს ეს პიროვნება. ყველამ იცის მისი ღვარძლიანი გამონათქვამები.

როცა ოპონირება არ არის არგუმენტებსა და ფაქტებზე დაფუძნებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყენებ ძალაუფლების ენას, შეურაცხყოფის ენას, რაც აბსოლუტურად არასწორია ნებისმიერ დებატში.

გოტა ჭანტურია/ მასწავლებელი – რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, „ოცნების“ ხელისუფლებამ 400 ათასამდე ლარით დააჯარიმა.

შეზღუდული შესაძლებლობებიდან შესაძლებლობის შეზღუდვამდე – ნათია კაპანაძე

ავტორი: ნათია კაპანაძე

____

ანდერძი ხომ არ გაქვთ ან მემკვიდრეს ხომ არ დაასახელებთ? იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ასე მითხრეს სამედიცინო კითხვარის შევსებისას. თითქოს ჩვეულებრივ პროტოკოლს ჰგავდა. კოხლეარული იმპლანტის ოპერაციამდე, რისკებში ნერვის დაზიანება, სახის კუნთების მოძრაობის შეზღუდვა და მენინგიტის განვითარება რომ აქვს. ეტიკეტი მოითხოვდა და დავფიქრდი. არაფერიც, ნიუ იორკში თავის, შესაძლებლობების და სმენის გადარჩენას ვცდილობ. და მაინც, თუ „რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება“, ჩემ სახსოვრად,  მიზანა ბრეგვაძის მსგავსად, მაქსიმუმ სიმღერას თუ დაარიგებს ვინმე. 

არ მიყვარს გამოწვევებისგან ზედმეტი დრამების შექმნა. მართლა სიკვდილი მირჩევნია. უფრო სწორად, ვამჯობინებ, წითელი პომადა გადავისვა და გავიღიმო. ჩემი ოპერაციის შესახებაც მე, ქირურგმა, მისმა გუნდმა და კიდევ ორმა ადამიანმა ვიცოდით. 

თუმცა ამ ბლოგს მაინც ვწერ. 

ვწერ შესაძლებლობების შეზღუდვის ისეთი მოცემულობის გააზრებისთვის, როგორიცაა სმენის დაქვეითება და ან/და სმენის არქონა. ვწერ, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც წინ აქვთ კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია და აპარატის მართვა. ვეცდები აღვწერო ყველაზე ემოციური ნაწილი სმენის აქტივაციის ათი დღე – ჩართვიდან შეჯამებამდე. 

დავწერ იმაზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, შესაძლებლობების შეზღუდვა დაუშვებელია.  

ჯერ ოპერაცია. 

მგონი, ყველა ოპერაცია რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. ყველა გამოფხიზლებაც. ნა-თ-ია, ნა-თ-ია – მარცხენა მხრიდან ვიგრძენი ვიბრაცია. სმენის დაქვეითების შემდეგ, განსაკუთრებულად ვგრძნობ სიტყვების ვიბრაციას, ადამიანების ვიბრაციას, შენობების ვიბრაციასაც კი. თუმცა ამაზე სხვა დროს. 

მოკლედ, ცალი თვალი რომ გავახილე, ახალგაზრდა ქალი დავინახე. არანაირი ფრთები, არანაირი კაშკაშა ტანსაცმელი… „გამოდის, ჯერ სამოთხეში არ ვარ“ – ვუთხარი ჩემ თავს და დაძინებას ვაპირებდი, რომ უცებ მეორედ გავახილე თვალი. დავრწმუნდი, ქვაბებიც არსად თუხთუხებდა – „გამოდის არც ჯოჯოხეთია“.

საბოლოოდ, დავმშვიდდი. ვინ შემარგო. მანიშნეს, რომ გამოფხიზლების და სახლში წასვლის დრო იყო. 

როგორც ჩანს, ნიუ იორკში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაჩერებენ კლინიკაში – თუ შემოაკვდი. სხვაგვარად, სწრაფად უნდა დატოვო შენობა.  

შემდეგ მეგობარი დავინახე, ის უფრო ჰგავდა ანგელოზს და ჩემ ნიუიორკულად ვიწრო ბინაში აღმოვჩნდი. სარკეში თვალების ქვემოთ თეთრი ნაკვალევი დავინახე, თითქოს ვიღაც დიდხანს ტიროდა. დავინახე და ჩემ თავს ის კითხვა გავუმეორე, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი რომ კითხულობს ყოველდღე – რატომ? რატომ მე? რატომ ეს? რატომ დამემართა? – რაც არ უნდა ძლიერი იყო, შენი რომელიმე უნარის შეზღუდვასთან ერთად ეს ამოუხსნელი ტანჯვა ცხოვრების ნაწილი ხდება. 

ცხოვრება ისედაც  რთულია, ნებისმიერი უნარის შეზღუდვისას, ზედმეტად მკაცრი ხდება. ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, ჩვენი განსხვავებული ტანჯვით სხვანაირად ვუახლოვდებით რეალობას. პროცესში ხანდახან აღმოაჩენ სხვა სიღრმესაც, ყოველდღიურობას რომ მოგგლიჯა და რაღაც მარადიულზე დაგაფიქრა.

 ოპერაციის დღეს ფილოსოფიის, მისტიკის და მყარი სამეცნიერო არგუმენტების მოშველიების თავი არ გაქვს. ფიქრები კი არ ჩერდება – არა, მაინც რატომ? რატომ?

 –  იმიტომ! – მიპასუხა სარკიდან ჩემმა დაღლილმა თავმა. ზოგჯერ ასე მარტივადაც პოულობ ადამიანი პასუხებს.

და შემდეგ, ფაქტობრივად შვიდი დღე ძილში გავატარე. ეს იყო მჯდომარე თვლემა. იმპლანტის ოპერაციის შემდეგ, ოთხი ან მეტი ბალიშის გარემოცვაში უნდა აკონტროლო ნაოპერაციევი მხარე, პირიდან და ცხვირიდან წამოსული სისხლი, თხევადი საკვები მიიღო და ბევრი წყალი დალიო. ასევე მოახერხო ოთახში 5 წუთი სიარული მაინც. უნდა შეძლო გამუდმებული ზარის ხმა დაამარცხო ყურში და ეს „წკარუნა“ პროცესი ოლიმპიური სიმშვიდით მართო. ამ პროცესში ტკივილის მენეჯმენტის (pain management) ყველა ცოდნა გჭირდება.  

მე მეძინა. გამუდმებით მეძინა. და ახლა მგონია, ოპერაციიდან იმპლანტის აქტივაციამდე პერიოდი ერთი გრძელი დღე და ღამე იყო. 

  • დღე 1: 18 მაისი, ორშაბათი – კოსმიური დღე

სმენადაქვეითებული ბავშვების ვიდეოები ყველას გვაქვს ნანახი – „დედის ხმა პირველად გაიგონა“ და „მამას პირველად მოუსმინა“. აი, ეგ ჩემთვის ძალიან სასაცილოდ ჟღერს. თურმე ამ დროს უბრალოდ შოკში ვარდები. რეაქციაც შოკის ნაწილია. იმდენად განსხვავებულია ხმა, იმდენად გაოგნებულია ტვინი გამღიზიანებლებზე, ისეთი უცხოა ყველაფერი, ვერც აღიქვამ დედამიწას. 

მილენიალებს გემახსოვრებათ პირველი სათამაშო რობოტი ტელეფონი “Exclamation, I love you“ აი, დაახლოებით ეგ არის. ოღონდ, ათჯერ უფრო წაურობოტებს. ფაქტობრივად, ნებისმიერი ბგერა მეტალების ჟღარუნი და უცხოპლანეტურია.

ამ დღეს სრულად გავაანალიზე, რომ უკვე ოფიციალურად კოხლეარული იმპლანტის სამყაროს ნაწილი ვარ. 

ჩემი ახალი სისტემაა: Cochlear Nucleus® 8 Nexa® და Kanso® 3 Nexa®

ეს აღჭურვილობა 1960-იანი წლებიდან იტესტება. ყველაზე დიდი როლი შეასრულა ავსტრალიელმა მეცნიერმა გრემ კლარკმა, რომლის მამაც სმენადაქვეითებული იყო და ასე მასშტაბურად შეძლო საკუთარი მამის და მილიონობით ადამიანის პრობლემის გადაჭრა. ეს მუდმივად გაუმჯობესებული პირველი წარმატებული სენსორული ინტერფეისია ტექნოლოგიასა და ადამიანის ტვინს შორის. ამ სისტემის ნახევარი ტექნოლოგიაა – მეორე ნახევარი კი ადამიანის თავის ტვინი. პროცესორი მხოლოდ სიგნალს აგზავნის. ხმის „შექმნას“ საბოლოოდ ტვინი სწავლობს. ასე დადგა ჩემ ცხოვრებაში ახალი სასწავლო ეტაპი. 

ჩემი ფავორიტი – Kanso 3 Nexa® სრულიად off-the-ear დიზაინია, ყურის უკან არაფერი „კიდია“. მთელი ვიზუალი ერთი კომპაქტური მრგვალი მიმღებია, რომელიც მაგნიტით მაგრდება თავზე.

ჩაირთო და თავადვე „დამარწმუნა“  – კოხლეარული იმპლანტი არ აძლიერებს ბუნებრივ ხმას, როგორც ჩვეულებრივი სმენის აპარატი. ის ხმას გარდაქმნის ელექტრული კოდების მსგავსად. ახლა ჩემი ტვინისთვის ეს სიგნალები სრულიად უცხოა, თითქოს უცნობ კოსმოსურ ენაზე მელაპარაკებიან.

ხმები ძალიან უცნაური, „რობოტული“, კოსმიური, ბზუილის, სტვენის და ზარების რეკვის მსგავსია ერთდროულად. ტვინი ჯერჯერობით კარგად ვერ ცნობს, რა არის ადამიანის ხმა, რა არის კაკუნი, ნაბიჯების ხმა ან ქუჩის ხმაური. აღიქვამს, როგორც სიგნალს (ერთი დღის გამოცდილებითაც კი ღრმად მწამს, უკვე ნებისმიერ გაქცეულ უცხოპლანეტელს მოვაბრუნებ). 

ცალკე აღმოჩენაა, ჩემთვის ინგლისური სიტყვის ტექნიკური ფორმა უფრო გასაგებია, ვიდრე ქართული, სიმღერის მოსმენისას ნოტები სრულად მესმის, მაგრამ სიტყვები არა… როგორც არაერთმა ექიმმა (და არაერთმა ჩატმა) თქვა, ეს „კოსმიური ცხოვრება“ საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, სმენითი უბნები ხელახალი გააქტიურდება უახლოეს სამ თვეში. ტვინი კი თანდათანობით დაიწყებს ელექტრული იმპულსების ერთმანეთისგან გარჩევას და მათთვის რეალური მნიშვნელობების მინიჭებას.

ამ დღეს, როგორღაც მოვიკრიბე ძალა და დავწერე საჯაროდ. საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და დიუშენით დაავადებულ ბავშვების საჭიროებების გააზრებისთვის დავწერე. ამაზე მნიშვნელოვანი რაღაა!

ყველაზე ემპათიურ ადამიანსაც კი არ შეუძლია წარმოიდგინოს, რას ნიშნავს „ყოველი შემდგომი დღე თეორიულად და პრაქტიკულად წინაზე უარესია“. მგონი, ჯოჯოხეთი არაფერია ამ შიშთან შედარებით. 

ახლა თუ ვინმე მკითხავს, ვარ თუ არა ბედნიერი? ვუპასუხებდი, რომ უბედნიერესი ვარ. სულ მჯეროდა, არასდროს იმედი არ დამიკარგავს, ერთი წამითაც არ შევიტან ეჭვს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გამარტივებაში. უფრო მეტიც, დაზუსტებებიც კი გავაკეთე, შემდგომი ახალი მოდელების გამოსვლისას როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს თავში ჩაშენებული პროცესორი (და უზარმაზარი მაგნიტი, პირდაპირი გაგებით უფრო მიმზიდველ ადამიანადაც რომ მაქცევს), დარეგისტრირებულიც ვარ ამერიკის ოცზე მეტ კვლევით ცენტრში სმენის გაუმჯობესების დიაგნოსტიკისთვის… კიდევ უფრო მძაფრად განვიცდი ოჯახების ამბავს, რომლებმაც კანცელარიასთან ღამისთევით მიიქციეს ყურადღება.  

ახლა მე მესმის, რაღაც მესმის და მინდა ეს აღმოჩენები სამყაროს გავუზიარო. ჩემი ოპერაცია ნიუ იორკში ჩატარდა. აქამდე გრძელი გზა გამოვიარე, მაგრამ ეს მოხდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

  • დღე 2: 19 მაისი, სამშაბათი – წვიმის წვეთების დღე

მშვიდობით ქუდებო!

აქტივაციის ეიფორიიდან უცებ გამოვფხიზლდი. გათენდა და ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს რა შეიცვალა სამყაროში. თუნდაც არარეალური, მაგრამ მაინც ახალი, ხმების დაგემოვნება ქუჩაში მინდა ვცადო. მოვირგე აპარატი. მგონი ქარიშხალია, წვიმის და ქარის აქამდე გაუგონარი კომბინაცია აწყდება ფანჯრებს და სმენის აპარატებს. თუმცა გასეირნების გადაფიქრებას ვერ ვახერხებ. 

ქოლგა, საწვიმარი, ზამთრის ფეხსაცმელი. და უცებ აღმოვაჩინე, რომ ქუდს ვეღარ დავიხურავ. აქამდე ამ საკითხზე არ მიფიქრია. ვცდილობ და ვერაფრით ვახერხებ –  მაგნიტიდან დამაკავშირებელი ძვრება. 

  • ღმერთო, უქუდოდ როგორ ვიცხოვრო? – ვკითხულობ მაინც.
  • აბა, უხმოდ გინდა იცხოვრო? – ალბათ, ასე მიპასუხებდა ღმერთი, ახლა ლაპარაკი რომ შეეძლოს ან მე რომ ვახერხებდე მისი ხმის გაგონებას.  
  • დღე 3: 20 მაისი, ოთხშაბათი – იუპიტერის დღე

შეგშინებიათ ოდესმე ძილის? 

მე აქტივაციის მესამე დღეს ძალიან შემეშინდა. ამ შიშმა სრულიად შემცვალა. 

როგორც წესი, ნარკოზის გასვლის შემდეგ სხეული გეცვლება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ალბათ, ჰგონია რაღაც საფრთხეა და საგანგებო რეჟიმში გაცხოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად ვიკვებები, თითქოს ოცი კილო მოვიმატე – თითები, სახე დასიებულია. მიჭირს ჩემ თავს შევხედო. 

ოპერაციიდან ორი კვირის მანძილზე ვგრძნობ ხოლმე, როგორ ცდილობს ჩემი ყოველი უჯრედი პოსტოპერაციულ სტრესთან ადაპტაციას. კორტიზოლისა და ადრენალინის ნამდვილი შტორმია. 

ყურს უკან ჭრილობაზე ჯერ კიდევ სილიკონის მსგავსი დამცავი მაქვს. ბანაობას იშვიათად და ფაქტობრივად ნახევარი თავით ვახერხებ. მეჩვენება, რომ ფილტვები ბოლომდე არ იხსნება. როგორღაც ძალას ვიკრებ და ვცდილობ ვიმოძრაო, პირიდან და ცხვირიდან სისხლის უკვე ყავისფერი ნაკვალევიღაა. რაც შეხორცებების მაჩვენებელია. 

ამ დღეს ხმაური უფრო აუტანელი გახდა. ხმაური არა, ხმა. ახლა ჩემივე ხმის მეშინია. იმდენად უსიამოვნოა, მინდა ჩუმად ვიყო. უბრალოდ, გავჩუმდე მეც და ჩემ ირგვლივ ყველაფერი დადუმდეს. თავში ჩამონტაჟებული მაგნიტი დღეს მფეთქავი ცხელი წერტილი გახდა. მგონია ვმარცხდები. ტკივილებს ძლიერი გამაყუჩებლებით ვეღარ ვუმკლავდები, აკრძალული მაქვს. მხოლოდ „ადვილით“ ვიადვილებ ცხოვრებას, ხან იბუპროფენით.

რაღაც მომენტში მომინდა უბრალოდ მოვიგლიჯო ეს ჩაშენება, მინდა ისევ უკან დავბრუნდე, თუნდაც დუმილში, თუნდაც გაურკვევლობის წყვდიადში, ოღონდ ეს რობოტული ხმა, შეუწყვეტელი წკარუნი და ტკივილები გაქრეს. მეშინია ძილის. მეშინია ძილში ხელი არ წამიცდეს ჭრილობისკენ… ამ ემოციებთან გამკლავებაში უფრო ვიღლები. საბოლოოდ ისევ ძლიერ გამაყუჩებელს ვსვამ, აკრძალვის მიუხედავად. 

ხელახლა ავდექი და დავიწყე მეცადინეობა. ჩემი ოჯახის წევრების სახელების გამოთქმით – თურმე ხმოვანი „ო“ არ მესმის. არადა მათი სახელების უმრავლესობაში ეს „ო“ არის გარეული. ახალი სევდა გამიჩნდა, დიდი სევდა. მგონია, რაც არ მესმის, ყველაფერს ვკარგავ.   

ტკივილებიდან ჩემი უფროსი დის ზარმა გამომათრია. მითხრა, „ჩემი სახელი უბრალოდ შეცვალე და აღარ იდარდებო“.

ასე გახდა ვერო ვერა. 

ის ყველა მომენტში ჩემ გვერდითაა. აჭარის ტელევიზიაშიც კი არის ნამყოფი. მოვიდა დირექტორის პოსტიდან ჩემი იმპიჩმენტის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვთხოვე არ ჩამოსულიყვნენ, ჩემი და პირველს რომ ათი წუთი დააკლდა კაბინეტში შემოვიდა. აბსურდულ ბრალდებებზე საპასუხო ფურცლების გროვაზე წერილი დამიდო. 10 წლის გოგოს დაბადების დღის მოსაწვევზე ეწერა: „დეიდა, გახსოვდეს ყველაზე ძლიერი ხარ. მიყვარხარ. შენი მარი“

ეს წერილი წინ მედო მთელი პროცესის მანძილზე. ვფიქრობდი, რომ ის ალბათ იურისტი ან ჟურნალისტი გახდება. ოდესმე ამ მასალებს პროფესიულადაც შეისწავლის და მინდა ნახოს, რას ნიშნავს ღირსეული გამკლავება, მორალური უპირატესობა ძალმომრეობაში და ინტელექტის ძალა. მინდა ნახოს, რა დიდებული ვალდებულებაა კანონის პატივისცემა და სიტყვის თავისუფლების ერთგულება. 

არის მომენტები, ოჯახურ კავშირსაც კი განსაკუთრებულ კალაპოტში რომ აქცევს. ჩემი და შემდეგ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა. შეუდარებელია თბილისიდან ნიუიორკამდე რეაბილიტაციის პროცესში მისი ჩართულობაც და ვირტუალური დახმარება. არ მინდა რაიმე სტრესულზე ვიფიქრო. ვბრაზდები, ეს რაღამ გამახსენა ახლა. მაგრამ თან ვხვდები, რომ ჩემი დის სიყვარულმა გამახსენა და გადაფარა კიდეც. 

ვერა? როგორ ვერა ვეუბნები ჩემ თავს და ვაგრძელებ მეცადინეობას.

ამ მეცადინეობაში ძირითადად სმენის გავარჯიშებას ვგულისხმობ. აქტივაციის შემდეგ მთავარი ამოცანაა ბევრი რამ მოისმინო და აპარატი დღეში 10 საათზე მეტი პერიოდით ატარო. ამ შიდა ბრძოლებში მოულოდნელად ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ეს კოსმიური ხმა. როგორ მოუახლოვდა დედამიწას. აი, სადღაც იუპიტერთან ვარ. ჯიუტად ვაგრძელებ მეცადინეობას. ყველაზე მტკივნეულ შიშზე გავიმარჯვე. ჰოდა, იყოს ეს დღე იუპიტერის დღე. 

  • დღე 5: 22 მაისი, პარასკევი – მესამე ოთახიდან წამოსული ხმაურის დღე

„გამარჯობა ნათია“ – ასე ვიწყებ ყველა დილას. მგონია, რომ ვიღაც უცხოპლანეტელი ან რობოტი ორეული დამყვება, მასაც ნათია ჰქვია და ამას ნელ-ნელა ვეგუები.

გამიკვირდა, რომ მეოთხე დღეს უკვე ტრადიციად ქცეული წკარუნის ნაცვლად, სხვა ხმები მესმის. ამჟამად შრიალია პროგრამაში. ისეთი ხმაა, ფულის დათვლას ან წიგნების გადაფურცვლას რომ მოგაგონებს. ჩემ გარე პროცესორს ოთხი პროგრამა აქვს, თითოეულს – ათი ქვეპროგრამა. ამ ორმოცი შესაძლებლობებიდან თავის ტვინი სრულიად განსხვავებულ სცენარს ქმნის. მცირე სხვაობაც კი, ერთი ქვეპროგრამიდან მეორეზე გადასვლაც სხვა რეალობაში მოხვედრის წინაპირობაა. 

გადართვისას წამის მეასედის დაყოვნება ჩნდება და შემდეგ შენდაუნებურად იწყებ შეჩვევას. ეს ისეთივე ავტომატური პროცესი ხდება, როგორც  გულის პარკუჭების შეკუმშვა ან სეროტონინის გამომუშავება სხეულში. ეს ორმოცი პროგრამა ორმოცი კიბეა. თუმცა უცებ ვერ აირბენ. უბრალოდ, პროცესი უნდა მართო და პროცესს უნდა ენდო. სხვა გზა არც არსებობს. 

ნელ-ნელა ვცდილობ ჩემი თავის ქალა აღვიქვა. ქირურგიული ჩარევით ქალა ყურთან დამაკავშირებელი გზის გამო დამუშავდა, მაგნიტის ჩასადებადაც ამოიფხიკა. თავის მარჯვენა ნაწილი გაბრუებულივითაა. მაგნიტს ვგრძნობ, კანს თითქოს ვიღაცამ ნერვული დაბოლოებები წააჭრა და ისევ გადააფარა – შეხებაზე არ რეაგირებს. „ტვინში ურტყამს“ და „თავი გამეხვრიტა“ ახლა პირდაპირი მნიშვნელობით გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. 

კოხლეარული იმპლანტის ოპერაციის ერთ-ერთი გამოწვევა თავის მოვლაა. თმის მოვლა, კანის მოვლა, შხაპის მიღება, ტანსაცმლის გამოცვლა და რაც მთავარია, ფეხსაცმელების სწორად შერჩევა. თმების ნაწილს ზოგან აჭრიან, ზოგან არა. მე ხელუხლებლად დამხვდა. კანის მოვლაში კი ოპერაციის შემდგომი მოდუნებები და დასივება დიდი გამოწვევაა, თუმცა please, keep going! შხაპის მიღება ოპერაციის მესამე დღესაა დაშვებული, მე მეოთხე დღეს გავრისკე. 

აქ მნიშვნელოვანია თავიდან დროულად ჩამოირეცხოს სამედიცინო სითხის ნარჩენები. გადადება არ ღირს. როცა ყურის ოპერაციას იკეთებ, ტკივილების გამო, ცალ მხარეს დამბო გგონია თავი, ყველა ტანსაცმელი ღილზე და ელვა შესაკრავზე უნდა ატარო, ფრთხილად, ყურს არ წამოედო მაინც. და რაც მთავარია, ფეხსაცმელები – ოპერაციის შემდეგ ხვდები ერთს – დიდება ჩუსტებს!

ქუჩის ხმაურის „დაგემოვნების“ შემდეგ, კაფეში ჩამოვჯექი – ყავის მომზადების ხმა, ჭიქის ხმა, მიმტანის ფეხის ხმა… ვფიქრობ, რამდენი ცვლილება მოიტანა უნარების შეზღუდვამ ჩემ ხედვებში, სამყაროს აღქმაში, როგორი გასაგები გახადა ინდივიდების და ოჯახების ბრძოლა სიცოცხლისთვის, როგორ უნიღბოდ დამანახა ჯანდაცვის სისტემის და სახელმწიფო სერვისების გაუმართაობაც და გამართულობაც. იურისტი ვარ და სმენა ჩემი პროფესიული საჭიროებაა. საქმე იმაშია, რომ მე ახლა სმენის გარეშე ცხოვრება აბსოლუტურად შესაძლებელი მგონია. შეიძლება უფრო კომფორტულიც კი. თუმცა, ვიცი, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის გზები და ამ ძიებაში საკუთარი და სხვების გზების გაიოლების პროცესი მიზიდავს. 

  • დღე 6: 23 მაისი, შაბათი – ფერები თუ ბგერები?

იცოდით, რომ ყველა ბგერას თავისი ფერი აქვს, ყველა ფერს თავისი ბგერა?

დიდი უცნაური რამეა ჩვენი სხეული – რაც უფრო გაუარესდა სმენა, მით უფრო ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ სამყაროს. სენსორულ სიგნალად იქცა ყველა ფერი, ყველა ფორმა, ყველა ცვლილება, თითქოს თავის ტვინი სხვანაირად აგენერირებს თვალით ნანახს. 

შეიძლება ხმაურიანი ნიუ იორკიც განსხვავებულად აღიქვა ჩემმა ტვინმა და ასე განსხვავებულადვე შემაყვარა. მაგალითად, კაფე საბარსკის ვენური ყავა ნარკოზზე უკეთესი საანესთეზიო საშუალება მგონია ამ ქალაქში. ჯერ მუზეუმი გახსნილიც არ იყო – ტაქსით მივაღწიე, ტორტი კლიმტი და ვენური ყავა ოპერაციის გადატანისთვის ვაჩუქე ჩემ თავს. ჩანგლების და დანების წკარუნი მესმის დიდ სივრცეში. 

გამიხარდა გვერდით ქალმა ხელახლა რომ შეუკვეთა ვაშლის შტრუდელი – კიდევ უფრო გარკვევით გავიგონე მაგიდაზე მისი თეფშის დადების და აღების ხმები. მუზეუმში პარკეტის ხმას ვიჭერ, მესმის ფანქრის მოსმის ხმა, როცა ახალგაზრდა მხატვარი შელედან ექიმის პორტრეტს იხატავს. სახლში რომ დავბრუნდი, მაშინღა გავიგონე ჩემი აკვარელის ფუნჯის წყლის ჭიქაში მოძრაობის ხმა. 

რა ბედნიერებაა, ფერები ბგერებთან ერთად ბრუნდება ჩემ ცხოვრებაში.

  • დღე 7. 24 მაისი, კვირა – ფლამენკოს დღე

„თავი დაიმშვიდე“ – ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა. აი, აქტივაციიდან მეშვიდე დღეს ზუსტად ეგ დროა – ამ დღეს მივხვდი, რომ თავი როგორმე უნდა დავიმშვიდო. არადა თითქოს ამ დროს გახსენდება ყველა საქმე, მოუგვარებელი კომუნიკაცია, ყველა საჭიროება, გონება არკვევს ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავლის ყველა შესაძლო ვერსიას და ასე დაუსრულებლად, ვცდილობ და აუცილებელია, სიფხიზლე ცოტა ხნით გამოვრთო. 

თავს უნდა მივცე შესაძლებლობა ნიუ იორკის ტემპზე არ იფიქროს, არ იფიქროს ემიგრაციაზე, ახლობლების მონატრებაზე, ხვალ რა იქნებაზე, იყოს თუნდაც სუსტი, არავისზე და არაფერზე არ იფიქროს, მხოლოდ რეაბილიტაცია. ეს პასუხისმგებლობაა. საკუთარი მომავლის წინაშე შესასრულებელი პასუხისმგებლობა. რეაბილიტაციის პროცესს ასე დავარქმევდი ზუსტად. 

აქ ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის შინაგან მდგომარეობაზე, აღქმებზე, მშვიდ გარემოზე, ოპტიმიზმზე, მოფრთხილებაზე. აქტივაციის მეშვიდე დღეს ზუსტად ვიგრძენი როგორ მიერთდა სისტემა ტვინთან – ყურის ბიბილოზე ხელის შეხებისას რაღაც „ზამეკანიის“ მსგავსი ხმაა. რამდენჯერმე დავტესტე და ასეა, ხმა მკვეთრად იგრძნობა. თავში ჩამონტაჟებული მაგნიტის ირგვლის ხელის შეხებასაც ისეთივე წკარუნის ხმა აქვს. მუსიკის აწყობაც კი შემიძლია ამ წკარა-წკურით. არ ვხუმრობ! ძალიან სახალისო აღმოჩენა იყო. აი, ყველაზე ახლოს ეს ხმები ფლამენკოს ცეკვასთანაა. ფლამენკოს რომ უყურო თვალდახუჭული. დაახლოებით ეგეთია.  

როგორც ამ ცეკვის მოძრაობაშია, შენი სხეულიც გეუბნება – მე აქ ვარ, მე გადავრჩი, მე ძლიერი ვარ.

  • დღე 9: 26 მაისი, სამშაბათი – დამოუკიდებლობის (და ხმოვანი ო-ს გამოჩენის) დღე

დღეს ჩემი ქვეყნის დაბადების დღეა. სინათლის დღე, თავისუფლების დღე. გემოვნებასავით საკამათოა თავისუფლების შინაარსი. ზოგს ასე რომ აშინებს დაუსრულებელი აღმოჩენის და რეალიზების ბედნიერების შანსის მიცემითაც კი. 

საკუთარი თავის აღმოჩენა კი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებშიც უნდა შეგვეძლოს. შეგვეძლოს გაუთანასწორდეთ სხვებს ჩვენი შეზღუდვების მიუხედავად. თანასწორობა თავისუფლების საჩუქარია. 

ბავშვობიდან დამოუკიდებლობის გააზრება ერთი სიმღერით დავიწყე – „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით“. ძალიან ხშირად გადარჩენისთვის ბრძოლაში, უფლებებისთვის ბრძოლაში ერთმანეთი მივატოვეთ ან საკმარისად ვერ დავიცავით. სულ მგონია, საზოგადოებად შევდგებით თუ „არ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით!“

 ამასაც შევძლებთ. 

26 მაისი სანდო და კეთილსინდისიერი ქართული გამოცემის „ბათუმელების“ დაბადების დღეცაა. 25 წლის გახდა საუკეთესო მეგობარივით ძვირფასი რედაქცია. ადამიანი მგონია ხან, ზუსტად ისეთი, როგორიც მზია ამაღლობელია, ან ეთერ თურაძე ან ორივე ერთად, ან მთელი რედაქცია, ან მოქმედი თანამშრომლები, ან ყოფილი თანამშრომლები ან ყველა ერთად. ჩემი გონება მათთანაა ახლა. მათთან და მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში. 

ზუსტად ამ დღეს მეორე იმპლანტი გამიაქტიურეს და გადმომცეს. აი, ის, უკონტაქტო,  მრგვალი თმისსამაგრივით რომ მაგრდება თავზე. ჩემი ფავორიტი. 

დღეს  მეტყველების სპეციალისტსაც შევხვდი – აპი გადმოვწერეთ. ამ აპში ქართულიცაა, ოღონდ მხოლოდ ძაღლის ყეფა და კატის კნავილი. მეტი არაფერი, სამწუხაროდ. ვიწყებ მეცადინეობის ახალ ეტაპს. სამყარო უცვლელია, ახლა ჩემ ტვინს უნდა ვასწავლო სწორად  დაუკავშირდეს პროცესორს.

არ გამომრჩეს ჩემი გამოცდილების ყველაზე უცნაური ნაწილი – ქართულად საუბარი ყველაზე ცუდად მესმის. ვერ ვარჩევ ქართულ სიტყვებს მარტივად. 

კოხლეარული იმპლანტის ჩართვის პირველ დღეებში ჩემთვის მისტიკური რეალობის წინაშე აღმოვჩნდი: ინგლისური და ესპანური ბევრად უფრო მკაფიოდ და ნაცნობად მესმოდა, ვიდრე მშობლიური ქართული. ძალიან დავიძაბე. მეთქი, ფაქტობრივად „ფესვები 2“-ის სცენარია. იქ თუ სხვა ენები ავიწყდება დოდო აბაშიძის გმირს, მე მშობლიური აღარ მესმოდა. რამდენადაც გავარკვიე, გონება ამ დროს სრულიად თავისებურ ლოგიკას მიჰყვება:

  1. ქართული ენის არქიტექტურა: ჩვენი ენა საოცრად კომპლექსურია. სავსეა მჭიდრო თანხმოვნებით, ხორხისმიერი და მკვეთრი ბგერებით. როდესაც იმპლანტი პირველად ირთვება და ხმა ჯერ კიდევ ხელოვნური, ოდნავ რობოტისებურია, ტვინისთვის ამ ბგერითი აურზაურის გაშიფვრა დიდ სირთულედ იქცა. ინგლისური და ესპანური თავისი ბუნებით უფრო მელოდიური, მარცვლოვანი და რიტმულია, რაც ახალ აკუსტიკურ სიგნალში გონებისთვის უფრო იოლად დასაჭერი აღმოჩნდა.
  2. მშობლიური ენის იდეალური ხატი: ცხადია, ჩემს მეხსიერებას მშვენივრად ახსოვს, როგორ ჟღერს იდეალური, ცოცხალი ქართული. როდესაც აპარატმა სრულიად ახალი, უცხო ტემბრით აამეტყველა სამყარო, გონებამ ვერ იცნო ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. აი, უცხო ენების მიმართ ტვინს ეს მკაცრი მოლოდინები არ ჰქონია.  ჩემმა გონებამ ამ პროტესტით შემახსენა, რომ აქ, ჩემში, ქართული  ხელშეუხებელია, მარადიულია და ურყევი. შავ ზღვას ჰგავს სექტემბრის შუა რიცხვებში, კავკასიონის მთაგრეხილია თუშეთის გადმოსახედებივით აშლილი, მზესავით ოქროსფერია. მზესავით, რომელსაც მწვანედ ვერასოდეს მიიღებს ჩვენი გონება. 

მითხრეს, რომ დროთა განმავლობაში, როცა ჩემი გარე პროცესორი ტვინთან ადაპტირდება, მშობლიური ენა აუცილებლად დაიბრუნებს თავის კუთვნილ, ყველაზე  განსაკუთრებულ ადგილს ჩემ ცხოვრებაში. მანამდე კი ვარჯიშს სკოლაში ნასწავლი ლექსებით ვაგრძელებ – „გასწი, გაფრინდი ჩემო მერანო, გადამატარე ბედის სამზღვარი“…

  • დღე 10: 27 მაისი, ოთხშაბათი – ქალი ქალია და კაცი კაცია

იცით რა სხვაობაა ქეთი დევდარიანსა და გიგა ზედანიას ხმებს შორის? მეც ახლახან აღმოვაჩინე აქტივაციის მეცხრე დღეს. თითქოს ყველაფერი წინა დღეებს ჰგავს. გგონია, არაფერი ახალი არ იქნება ამ კოსმოსურ მოგზაურობაში. უკვე ვახერხებ დამოუკიდებლად გადაადგილებას. ძირითადად ტაქსით, მაგრამ მაინც. კოორდინაცია ისევ დარღვეულია. მეშინია მეტროსთან მიახლოება. ხანდახან ადამიანებს ვეჯახები. მთავარია, არსად წავიქცე.

რომ ამბობენ, ყველა ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მისიითააო, ახლა დავიჯერე. 7 წლის არ ვიქნებოდი, სოფელში სტუმრად ბალერინა ჩამოვიდა. მანამდე საბჭოთა ტელევიზორში მხოლოდ „გედების ტბა“ ვნახე. ბალერინობაზე არც მიოცნებია, არსად იყო ეგ შანსი და მე პრაგმატული ბავშვი ვიყავი. სიფრიფანა ახალი მეგობარი უცნაურად დადიოდა – ტერფები ოდნავ განზე. ამბობდა, ასე კოორდინაციას ვიჭერთ ცეკვისასო. აღტაცებული ვიყავი. მინდოდა მათსავით მაინც მევლო სხვა თუ არაფერი… 

ახლა გამომადგა ის ნაცნობობაც და ცოდნაც. როცა ბალანსი დაგერღვევათ, როცა სმენის გამო ცვლილება ასე შეგაწუხებთ ოპერაციისას ან შემდგომ, უბრალოდ უნდა იაროთ, ბევრი იაროთ ბალერინებივით. 

ეს დღე მეცადინეობაში გავიდა. საღამოს „მისმინეს“ პლატფორმაზე ახალი რგოლი გამოჩნდა. ვცდილობ მოვუსმინო და საოცრება – გიგა ზედანიას და ქეთი დევდარიანის ხმები ერთმანეთისგან გავარჩიე! ხმის ტონი, აქცენტები, მახვილები, ხავერდოვნება – სულ სხვადასხვაა. თითოეულის ხმის სიღრმე, გონიერება და შინაარსი ვიგრძენი. ისე გავბედნიერდი. რამდენჯერმე ჩავრთე! 

მორჩა, ამიერიდან ქალი ქალია და კაცი კაცია!

ოპერაციიდან მეთერთმეტე დღეს ქირურგიც ვნახე. საქმიანი და მოკლე კომუნიკაციით ვიგებ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნორმალურადაა და პროტოკოლს მივყვებით. უნდა ვიმეცადინო კარგად და შედეგები ექვს თვეში გადავამოწმოთ. მინდა დავაზუსტო, რა შეიძლება იყოს ექვსი თვის შემდეგ, მეორე ყურის დაზიანებას რაღა ვუყო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი – ექიმი ამბობს, პროცესი წარმატებულია და სხვა საკითხებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მეც ვტკბები ამ ეტაპის წარმატებით.

ვტკბები იმ თანადგომითაც, ამ დღეებში რომ მაჩუქეს ადამიანებმა. ყველაზე რთულ პერიოდებში ხომ შეუფასებლად ძვირფასი ხდება სიტყვები, გამხნევება, მოკითხვა. ვკითხულობდი ყველა შემოხმიანებას და დიდი ძალისხმევით ვცდილობდი მეპასუხა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოადგებათ.

თურმე  შეზღუდული შესაძლებლობა გარედან მოდის. შესაძლებლობის შეზღუდვა – შენგან. ერთი შეიძლება შეგემთხვეს. მეორე – არასოდეს, არასოდეს არ უნდა დაუშვა!

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 9 და 10 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპული კაცი „ენერგო-პროს“ თანამშრომელია იყო. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ის კონკრეტულ ვითარებაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. „სავარაუდოდ კერძო სამუშაოებს ასრულებდა“- გვეუბნებიან კომპანიაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 373 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 989 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 700 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 43 479 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 844 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 407 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 334 063 ერთეული [+2 245]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 595 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 104 051 ერთეული [+393]
  • სპეცტექნიკა – 4 257 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩაგვიარა სკუტერით და გვაგინა“ – ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და თამუნა გიორგაძეს დაზიანებებიც აღენიშნებათ

ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და საპროტესტო აქციის მონაწილე თამუნა გიორგაძეს, თბილისში შაბათის მარშის დაწყებამდე ერთი პირი თავს დაესხა. ლევან ზაზაძეს და თამუნა გიორგაძეს აღენიშნებათ დაზიანებებიც.

„ბათუმელები“ თამუნა გიორგაძეს ესაუბრა. მისი თქმით, შაბათის მარშის დაწყებამდე უცნობმა პირმა ჩაუარა მოქალაქეებს სკუტერით და აგინა.

„ფილარმონიასთან ვიდექით, მსვლელობის დაწყებას ველოდებოდით. ტროტუარსა და გზას შორის კუნძული რომ არის, იქ ვიდექით ხუთი ადამიანი. ჩაიარა „გლოვოს“ კურიერმა და შეგვაგინა, გვიძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები – „დებილებო, რას დგახართ, თქვენი დედა“.

ჩემს გვერდით იდგა ლევან ზაზაძე და იმანაც დაუბრუნა პასუხი. ის კაცი გადმოვიდა შეტევაზე და მე შევეცადე ჩავმდგარიყავი შუაში. პირველმა იმან დაარტყა სახეში ლევანს და მე შუაში, რომ ვიდექი, მე მომხვდა ყბაში და მუცელში, რადგან ის კაცი იქნევდა ხელებს.

ამასობაში ხალხიც გადმოვიდა ტროტუარის მხრიდან, მოვიდა პოლიციაც. მიუხედავად იმისა, რომ 5 მეტრში იდგნენ, დროულად არ მოახდინეს რეაგირება“-ამბობს თამუნა გიორგაძე „ბათუმელებთან“.

პირი, რომელზეც თამუნა გიორგაძე ამბობს რომ თავს დაესხა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი, წინა შაბათსაც მოიქცა პროვოკაციულად და აქციის მონაწილეების მისამართით შეიგინა.

„წინა შაბათსაც ზუსტად ანალოგიურად ჩაგვიარა გინებ-გინებით, თუმცა მაშინ არ გვიპასუხია. როგორც ვიცით გამოკითხეს ის კაციც და მე და ლევანიც ვიყავით გამოკითხვაზე. ცოტა ხნის წინ გამოვედით გამოკითხვიდან და ახლა ლევანი სასწრაფოსთან არის, რომ დაზიანებები აღწეროს ექიმმა.

მეც მაქვს დაზიანებები – მარცხენა ყბა მაქვს შეშუპებული  და რენტგენი გადავიღოთო ექიმმა და ქვედა მუცლის არეში მაქვს დაზიანება. ასევე, მარჯვენა ხელის შუა თითი მაქვს გაგლეჯილი და მაქვს სისხლჩაქცევები, დაზიანებული მაქვს მუხლი“-გვეუბნება თამუნა გიორგაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ოცნების“ ყოფილი მინისტრის დასაქმება იტალიაში – რა როლი ჰქონდა მას ევროპული კურსიდან გადახრაში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელმაც თანამდებობა გასულ წელს დატოვა, Italiana Petroli-ს დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია 14 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

Italiana Petroli (IP)-ს ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR ფლობს. კომპანიის სათავო ოფისი რომში მდებარეობს.

SOCAR-მა კომპანიის დაახლოებით 99.8% წილი იტალიური ოჯახისგან, API Holding-დან შეიძინა 2025–2026 წლებში.

Italiana Petroli ფუნქციონირებს, როგორც SOCAR-ის ევროპული ენერგეტიკული პლატფორმა ნავთობგადამუშავებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებით.

რას ნიშნავს, როცა მაღალი თანამდებობის პირი, იმ მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, რომლის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ კურსს დაშორდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ევროპულ ბიზნესგარემოში აგრძელებს საქმიანობას?

რა არის ლევან დავითაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროპული ორბიტიდან გადახრაში?

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი „ბათუმელებთან“ აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი, პოლიტიკოსი

დიმიტრი ცქიტიშვილი: Italiana Petroli „სოკარის“ ევროპული ხაზია, მაგრამ ეს შინაარსობრივად არ არის ევროპული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ და ემსახურება აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებს – გაზარდოს გაზმომარაგება, ნავთობის მომარაგება ევროპაში აზერბაიჯანმა.

საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის გადასვლა და მუშაობა მსგავს კომპანიაში ბევრ სხვადასხვა ინტერესთა კონფლიქტს აჩენს. მათ შორის, შესაძლებელია იყოს გარკვეული კორუფციული გარიგება.

ლევან დავითაშვილის თანამდებობა, როგორც ეკონომიკის მინისტრის, ენერგეტიკულ სექტორსაც მოიცავდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ის გადადის მსგავს კომპანიაში. ამიტომ არ არის გამორიცხული გარკვეულ კორუფციულ სქემას უკავშირდებოდეს.

  • 2022-25 წლებში, როდესაც ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი იყო, საქართველო დაშორდა ევროკავშირს, სრულად შეჩერდა ევროინტეგრაცია. მისი, როგორც სახელმწიფო მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში, რაც ქვეყანას დაემართა?

ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნება“ და მათ შორის მისი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობები სტრატეგიულიდან, გაფართოების და ინტეგრაციის დღის წესრიგიდან გადაიყვანონ ტრანზაქციულ ურთიერთობებზე. ანუ აკეთონ ბიზნესი და ბიზნესში რაც შეიძლება მეტი სტეიკჰოლდერი (დაინტერესებული მხარე) ჰყავდეთ ჩართული, ანუ მათ ჰქონდეთ ეს ბიზნეს კავშირები შენარჩუნებული.

რა თქმა უნდა, მათ აღარ აინტერესებთ საქართველოს გაწევრიანება [ევროკავშირში], მაგრამ მათ აინტერესებთ ევროკავშირთან ბიზნესის კეთება.

ასე „ქართული ოცნება“ თავის მომხიბვლელობას შეიძენს სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისთვის, ამიტომაც ასეთი ტრანზაქციული ურთიერთობების დამყარების მცდელობაში არის „ქართული ოცნება“ და მე ვფიქრობ, რომ ლევან დავითაშვილის დანიშვნაც დაახლოებით ამას ემსახურება. არ მგონია ეს განცალკევებული იყოს დღევანდელი „ქართული ოცნებისგან“.

  • ისევ პასუხისმგებლობის ნაწილზე მინდა გკითხოთ – ლევან დავითაშვილი, როგორც ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, იყო მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი თუ მასაც შეიძლება ეკისრებოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების გამო? ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო?

პირდაპირი პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ პერიოდში, როდესაც ევროპული კურსის ფუნდამენტური ცვლილება მიდის, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მუშაობს. მით უმეტეს, ლევან დავითაშვილი მეორე კაცი იყო მთავრობაში სტატუსით – იყო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობა მასაც აქვს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე, სხვა საუბრის თემაა და მე არ ვისაუბრებ. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია, მათ შორის იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომლებმაც არც ხელი შეუწყვეს და არც პროტესტი გამოთქვეს, ამასთან, არც ხელი შეუშალეს ანტიევროპული კურსის განხორციელებას.

2025 წელს მისი გადადგომაც არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მთავრობის კურსთან ჰქონდა უთანხმოება. ეს იყო ჩვეულებრივი შემადგენლობის ცვლა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში.

ასე რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც თითქოს ცდილობს ახლა განზე გადგეს, ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოს სტრატეგიული ხაზი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, მათ შორის – ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელსაც უზარმაზარი რესურსები და გავლენები ჰქონდა მთავრობაში.

  • 2024 წელს, როდესაც რუსული კანონი მიიღეს, რა მოხდებოდა ეკონომიკურ გუნდს რომ შეფასება გაეკეთებინა, რა გავლენას მოახდენდა ეს უცხოურ ინვესტიციებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ამაზე საჯარო პოზიცია დაეფიქსირებინა? თქვენი აზრით, რამდენად იყო ლევან დავითაშვილის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს გაეკეთებინა, თუ ის თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს გულშემატკივრობდა და უნდოდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო მისი ქვეყანა?

ეკონომიკის სამინისტრო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მთავრობაში მუშაობდა, ძალიან თვალსაჩინოდ ხედავდა იმას, ეს ყველაფერი რისკენ მიდიოდა.

კანონის ინიციირება იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ეს მთავრობის საერთო გადაწყვეტილებაა და თითოეული წევრი ამაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს.

თუნდაც რომ ყოფილიყო ჯანსაღი დისკუსია, უფრო გახსნილი, ვისაც მიაჩნდა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანია, მთავრობის მიერ მიღებული კანონები იქნებოდა დრამატული ქვეყნისთვის, ეს ხმამაღლა რომ ეთქვა, ამაზე ხმა ამოეღო პროცესში, შეიძლება შეჩერებულიყო კიდევაც ეს პროცესი და ასეთი ზიანი არ დამდგარიყო.

ყველაფერი ხომ პროგნოზირებადი იყო?!

მაგრამ ყველა რატომღაც მიჰყვა დინებას, ჩათვალეს, რომ „გუნდს არ უნდა უღალატონ“ და გუნდმა თუ სახელმწიფო ინტერესებს უღალატა, მათთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ასე რომ ამ პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს. ყველას შეეძლო თავისი პოზიცია ეთქვა, როგორც მინიმუმ ხელი შეეშალათ იმისთვის, რაც მოხდა ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის თავიანთი პირადი კეთილდღეობა და კარგად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ლევან დავითაშვილს ვიცნობ კარგად და არ შეიძლება მას არ სცოდნოდა რა შედეგს მოიტანდა ის, რასაც აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“.

საკმაოდ გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაენახა.

არ იყო ეს რთული დასანახი.

  • ბატონო დიმიტრი, რაიმე ახსნა თუ გაქვთ პერსონალურად, როგორ მოხდა, რომ დასავლეთში განათლება მიღებული ადამიანები აღმოჩნდა საბოლოოდ ის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავალი დიდი ხნით დააპაუზა?

დასავლეთში განათლების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმ ღირებულებების, იმ პრინციპების ერთგული ხარ, თავისუფლების და დემოკრატიის, რასაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება.

ჩვენ გვახსოვს ბევრი ეროვნული გმირი, რომელსაც საბჭოთა განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ თავისი ცნობიერებით ბევრად უფრო დასავლური და ბევრად უფრო თავისუფალი იყო. ჩვენ შემთხვევაში ეს უფრო კონფორმიზმია, საკუთარ ბედზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი, უმეტეს შემთხვევაში. იმიტომ, რომ რაღაცა სარგებელი აქვს თითოეულ ადამიანს ამ რეჟიმის მსახურებაში, კეთილდღეობაში აქვს გაცვლილი საქართველოს ეროვნული ინტერესები.

ზოგისთვის ეს ძალაუფლებაა, ზოგისთვის მატერიალური სიკეთეა, ზოგისთვის რაღაც შიშებია…

საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ამ ადამიანთა კონფორმისტულ დამოკიდებულებას, ყველაფერზე შეგუებას და თვალის დახუჭვას, მატერიალური სიკეთე მოაქვს პირად ცხოვრებაში, მაგრამ ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მოუტანეს და მოაქვთ ჯერ კიდევ.

განათლება შეიძლება დასავლეთში მიიღო და ძალიან კარგი განათლებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ღირებულებების მიმართ იყო ძალიან კომპრომისული ან საერთოდ არ გქონდეს ღირებულებები, საკუთარი კეთილდღეობა იყოს ერთადერთი ღირებულება.

  • 2025 წელს, როდესაც თანამდებობა დატოვა ლევან დავითაშვილმა, ის დაინიშნა „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს რა კითხვებს აჩენს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობაზე?

ფაქტია – „ბლექსი პეტროლიუმში“ რუსული დაზვერვის სამსახურის უფროსის პირადი ინტერესებია ჩადებული და პირდაპირი კავშირებია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ერთი, რომ გეოპოლიტიკურად ეს ძალიან არასწორია. კომპანიას ჯერ სახელმწიფო უწყობდა ხელს და მერე მისი მაღალჩინოსნები კომპანიაში ინტეგრირდნენ.

ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს კორუფციული სქემების და ინტერესების, ასე ვთქვათ, გადაჯაჭვას.

სამართლებრივი შეფასების ნაწილია, მაგრამ აშკარად იკვეთება კორუფციული ინტერესები. მეორეს მხრივ, გამოდის, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები ემსახურებიან რუსულ ინტერესებს.

ამას რაღაც დიდი გამოკვლევა არ უნდა.

„ბლექსი პეტროლიუმი“ ემსახურებოდა იმ რუსულ ფლოტს, რომელიც სანქცირებულ ნავთობის დაატარებდა აქეთ-იქით. კინაღამ მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ევროკავშირის სასანქციო სიაში, რაც ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ქვეყნისთვის.

ყულევის პორტი პირობით იქნა ამოღებული დასასანქცირებელი კომპანიების სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა დადო მთავრობამ, რომ ამას აღარ იზამს.

მაგრამ რეალურად გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელის მეშვეობით ემსახურებოდა ამ კომპანიების ინტერესების გატარებას. სწორედაც რომ მადლიერების ნიშნად ის უბრალოდ დაინიშნა მერე შიგნით, შეიძლება დროებით, მაგრამ დაინიშნა ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ანუ კორუფციასთან ერთად ეს იმ გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების მექანიზმიც არის, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ რუსეთის სასარგებლოდ.

  • თუ დავაკვირდებით, 2022 წელს დაინიშნა ლევან დავითაშვილი და შემდეგ რა მოხდა: აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთთან, გაიზარდა ვაჭრობა, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ აქ ბიზნესი დაიწყო, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა… აი, ამ ყველაფერში ლევან დავითაშვილის როლს და პასუხისმგებლობას როგორ ხედავთ და სად ხედავთ?

ეს მარტო ლევან დავითაშვილის პასუხისმგებლობა არ არის, ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კიდევ უფრო აქტიური გახდა.

აქ არ არის მარტო ის, რომ მიგრანტები შეიფარეს და ა.შ.

აქ არის დიდი მატერიალური ინტერესი, რომელიც გამოიკვეთა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებით. უზარმაზარი სარგებელი მიიღო მთავრობამ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური.

არ ვიცი პირადად რა თანხები მიიღო ან მიიღო თუ არა საერთოდ ლევან დავითაშვილმა, მაგრამ მისი, როგორც მთავრობის ერთ-ერთ ხელმძღვანელის ხელში გაიარა ბევრმა გადაწყვეტილებამ, მათ შორის იგივე ავიამიმოსვლის აღდგენა იქნებოდა თუ სხვა ტრანზიტული ტვირთები.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობას ყველა მათგანს აკისრებს. ზოგს უფრო მეტად, ზოგს – უფრო ნაკლებად, მაგრამ მთელი მთავრობის შემადგენლობა, ყოფილი და მოქმედი, პასუხისმგებელია იმაზე, რამაც, საბოლოო ჯამში, ზიანი მოუტანა ქვეყნის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეკონომიკური სარგებელი თითქოს სახელმწიფომ ნახა, ქართულ საზოგადოებას ბევრი არაფერი უნახავს. გამდიდრდა ისევ რამდენიმე ელიტური ჯგუფი და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაიზარდა არაფორმალური სექტორი ქართულ ეკონომიკაში. კიდევ უფრო მაფიოზურ-კლანური გახდა ქართული ეკონომიკური სისტემა, რომელშიც რეჟიმთან დაახლოებული ლოიალური კომპანიები იღებენ უმეტესად სარგებელს.

  • თქვენი აზრით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი ხედავს, რომ საკუთარ გუნდს არასწორი მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა, როგორ უნდა მოიქცეს ის?

ვინც პრინციპების ერთგული იყო, ვისთვისაც პირად კეთილდღეობაზე მეტად ღირებული სამშობლო იყო, მათ გადაწყვეტილებები უკვე აქვთ მიღებული. დანარჩენი ახლა ცდილობს, თავისი იქ ყოფნა რაღაცა მიზეზებით გაამართლოს, „გააპრავოს“ – როგორც იტყვიან ხოლმე.

პასუხისმგებლობა ყველასია.

კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი იქნება ეს, მაღალი თუ საშუალო რანგის მოხელე, ყველამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მაშინ, როცა ხედავენ, რომ რაღაც ხდება მათ პრინციპებთან შეუთავსებელი.

მაგრამ თუ პრინციპი არა გაქვს, შეუთავსებელიც არაფერი გამოდის ხომ?! – ამ დროს ერთადერთი, რითაც ხელმძღვანელობს ადამიანი, საკუთარი კეთილდღეობაა.

სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებში პრინციპები, ეროვნული ღირებულებები თუ სახელმწიფო ღირებულებები მეორეხარისხოვანი გახდა, თუ დარჩა საერთოდ.

რეალურად ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ თავიანთი მატერიალური კეთილდღეობის ან თანამდებობრივი ინტერესებიდან ან პოლიტიკური ძალაუფლების ფლობიდან გამომდინარე, მაგრამ მათ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც ქვეყანაში დადგა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში.

ამ შედეგების გამოსწორებას რამდენიმე წლის ინტენსიური და მძიმე მუშაობა დასჭირდება იმისათვის, რომ იმ ნიშნულზე მაინც დაბრუნდეს ქვეყანა, რომელიც თუნდაც 2020 წელს იყო.

ამიტომაც კეთილსინდისიერი ადამიანი თვალს არ ხუჭავს იმ უმსგავსობაზე, რაც ხდება ქვეყანაში, არ ხუჭავს თვალს იმ არადემოკრატიულ სვლებზე, იმ გაუარესებულ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია და შესაძლებლობებზე, რომელსაც ყოველდღიურად კარგავს ქართული სახელმწიფო ევროკავშირთან ინტეგრაციისდა ზოგადად, განვითარების კუთხით.

_________________________

  • ვინ არის და რას საქმიანობდა ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2017-2022 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2021 წლის 12 ივლისიდან კი იკავებდა ვიცე-პრემიერის პოსტს.

ლევან დავითაშვილი 2022 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშნეს.

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად დანიშნეს ეკონომიკურ საკითხებში, ასევე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი.

2025 წლის 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილმა მთავრობაში თანამდებობა დატოვა და „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

2026 წლის 17 თებერვალს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს.

სუსიდან გამოსულმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საგამოძიებო უწყებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დასმულ კითხვებზე.

„ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც განვიხილეთ.

ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, – განმარტა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის კომენტარის გავრცელებიდან მალევე სუსმა სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედს“ მიაწოდა კომენტარი და განმარტა რომ ყოფილი ვიცე-პრემიერის პასუხი უზუსტობებს შეიცავდა.

„დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი,“ – განმარტა სუსმა.

2026 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. მისივე განმარტებით, რომელიც გამოცემა BM.ge-ს მისცა, დავითაშვილი უცხოეთში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.

2026 წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლევან დავითაშვილი იტალიაში, იმ კომპანიაში დასაქმდა, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ ფლობს.

  • რა მოხდა საქართველოში, სანამ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. იმავე წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს მხოლოდ „ევროპული პერსპექტივა“ და 12 პუნქტიანი გეგმა მისცა შესასრულებლად.

ევროკავშირის შეფასებით, საჭირო იყო დამატებითი რეფორმები დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მიმართულებით.

2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ სცადა მიეღო რუსული კანონი. პირველი მცდელობა ჩავარდა, „ოცნებამ“ კანონი უკან გაიწვია.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ევროპულ გზაზე 2014 წლის ასოცირების შეთანხმების შემდეგ. თუმცა გადაწყვეტილება იყო პირობითი – ევროკომისიამ ცხრა დამატებითი ნაბიჯის შესრულება მოითხოვა.

2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო კანონი მეორე რუსული კანონი, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ამ კანონით უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს სპეციალური რეგისტრაცია დაევალათ.

2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „დე ფაქტო აჩერებდა“.

ამის შემდეგ ევროკავშირმა: გაყინა საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი გარკვეული დაფინანსება, შეაჩერა მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების ნაწილი და დაიწყო ურთიერთობების გადახედვა.

2024 წელს საქართველო კანდიდატი ქვეყნის პოზიციიდან გადავიდა იმ მდგომარეობაში, სადაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ „გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“.

2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგები არ აღიარა ოპოზიციამ, ამომრჩევლის ნაწილმა და არ აღიარა დასავლეთმა.

2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აღარ დააყენებდა დღის წესრიგში და ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც უარს იტყოდა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა: ევროკავშირის მხრიდან უარყოფითი შეფასებები, აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და რაც მთავარია, მასშტაბური საპროტესტო აქციები.

აქციების დროს დააკავეს ათობით დემონსტრანტი, 200-ზე მეტი ადამიანი სცემა სპეცრაზმმა, პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, შსს-მ აქციების დასარბევად გამოიყენა გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც აქციის მონაწილეთა თქმით, მომწამლავი ეფექტი ჰქონდა.

2025 წლის ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში „შეინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა“.

2024-25 წლებში, მაშინ როცა ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა და „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი იყო, შემცირდა პოლიტიკური ნდობა დასავლეთიდან, გაუარესდა ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, გაიზარდა ვაჭრობა რუსეთთან, რუსეთის მოქალაქეების ბიზნესაქტივობა საქართველოში და სატრანზიტო ოპერაციები.

უშუალოდ ლევან დავითაშვილის მინისტრობის დროს აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, გაიზარდა პოლიტიკური კრიტიკა დასავლეთიდან და გაჩნდა კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ბათუმში ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდი 3 დღით ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს 6 ივნისიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ბარცხანის ხიდი ავტომანქანებისთვის ჩაკეტილი იქნება 8 ივნისის ჩათვლით.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში:

  • №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა;
  • №9 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ქათამაძის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  • №19 – წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

„გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები“.

ბარცხანის ხიდი 8 ივნისამდე ჩაიკეტა/ ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში ინტერპოლის ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს.

დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 372 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 983 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 696 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 43 397 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 837 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 405 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 331 818 ერთეული [+2 046]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 585 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 103 658 ერთეული [+358]
  • სპეცტექნიკა – 4 253 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ

„იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული პოზიტიური განცხადებით, მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი… ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ შეკითხვასა და პასუხზე ვესაუბრეთ: რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-თან ურთიერთობაში?

„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესული ცვლილებები, რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაში? 

პირველ რიგში, ეს გამოხატავს კონგრესის განგრძობით ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს გამოიხატა, მათ შორის, კონგრესმენი უილსონის მიერ რუბიოსთვის დასმულ შეკითხვასა და გაცემულ პასუხში.

ეს ახალი მდგომარეობა არ არის, პირიქით, არასდროს ამ დონეზე არ ყოფილა აშშ-საქართველოს ურთიერთობა. წინა პერიოდში საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო დიდი იყო. კარგად მახსოვს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, რა რეგულარობით ჩამოდიოდნენ საქართველოში კონგრესის დელეგაციები, როგორც წარმომადგენელთა პალატიდან, ისე სენატიდან. ეს იყო რეგულარული ვიზიტები.

მიუხედავად შეცვლილი ვითარებისა, ინტერესი საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს ახალი რეალობა, თუნდაც გარკვეული ნაბიჯების შედეგად, მაგალითად, სენატში დაბლოკილია „მეგობარი აქტზე“ მსჯელობა. ცნობილია, რომ თქვენს მიერ ხსენებული შესწორებები შესულია დოკუმენტში, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა. ეს კონკრეტულ მოლოდინებს ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ეს მოლოდინები საქართველოს შესახებ გაჟღერდა, როგორც ვახსენე, კონგრესმენ უილსონის შეკითხვაშიც.

ჩვენ მოვისმინეთ მარკო რუბიოს, სახელმწიფო მდივნის ძალიან პოზიტიური პასუხი, სადაც იყო ნათქვამი, რომ ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რომლის საქმის კურსშია შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, საქართველოდან მიღებული აქვთ სიგნალი – სურვილი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გაჟღერდა ყველაზე პოზიტიური ნაწილი, რომ ადმინისტრაცია ხედავს გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს იმ წინაპირობების შესასრულებლად, რაც აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

ეს უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სურს ურთიერთობების გადატვირთვა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. აქამდე „ოცნებისგან“ ვისმენდით, რომ ყველა პრობლემა ყოფილა ბაიდენის და მისი პერიოდის დიპლომატების, თუ პოლიტიკოსების ბრალი. იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული ასეთი პოზიტიური განცხადებით, ჩვენ მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ასეთ რეალობას: 2013 წლიდან ივანიშვილი აწარმოებს შეგნებულ, ჩამოყალიბებულ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას რუსეთის მიმართ, ხოლო დასავლეთის მიმართ მისი პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად იმიტირებდა რაღაც თანამშრომლობას, დღეს უკვე სრულად და ნათლად ჩამოყალიბებულია გაღიზიანების პოლიტიკად, ანუ რუსეთს არგაღიზიანება და დასავლეთს შეგნებული, პროვოკაციული გაღიზიანება.

ასეთი პასუხის პრაგმატული მოსაზრებით ახსნა შეუძლებელია. რუსეთთან დათმობების და შემრიგებლური ნაბიჯების პოლიტიკას არაერთი ქართული ეროვნული ინტერესი შეეწირა უკვე. ეს აქამდე შეიძლება ვიღაცას აეხსნა პრაგმატიზმით, მაგრამ დასავლეთთან ასეთი პირდაპირი და ღია დაპირისპირების პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ ახსნასა და გამართლებას.

გიორგი ბადრიძე
  • თქვენი დაკვირვებით, აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არც აქვს ივანიშვილს, თუ იკვეთება ის, რომ იგი დამოკიდებულია კრემლზე?

მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. მე ვიცი, ფაქტია, რომ ივანიშვილი ეწევა აქტიურ, ლობისტურ საქმიანობას შეერთებული შტატების კონგრესში. ამისთვის ხარჯავს ჩვენს ფულს, სხვათა შორის. ეს, ჯერჯერობით, გამოიხატება იმაში, რომ, მაგალითად, დაბლოკილია „მეგობარი აქტი“, მაგრამ როდესაც შესაძლებლობა იხსნება ურთიერთობების გაუმჯობესებისა, რის მანიშნებელიც იყო რუბიოს გამონათქვამი, ჩვენ პასუხად ვაგზავნით აგრესიულ, უკმეხ, პრაქტიკულად პროვოკაციულ პასუხს.

ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე.

  • როცა სუვერენიტეტზე გველაპარაკება „ოცნება“, შესაძლოა ეს სუვერენიტეტი სრულად დაკარგული გვაქვს საგარეო პოლიტიკაში? 

როდესაც რუსეთის რომელიღაც მეზობელი პრაქტიკულად ვასალის მდგომარეობაში დგება მასთან ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, როგორც ეს, მაგალითად, გააკეთა ლუკაშენკომ – დღეს ჩვენ იგივე პროცესს ვუყურებთ საქართველოში, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ივანიშვილი გაემიჯნა დასავლეთს და აღმოჩნდა ბევრად დამოკიდებული რუსეთზე.

შესაბამისად, შემდეგ უკვე ხდება სუვერენული არჩევანის შეზღუდვა. ლუკაშენკომ ეს იწვნია 2022 წელს, როდესაც პუტინმა მისი ტერიტორია გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის, პრაქტიკულად ბელარუსი ჩარია ამ ომში. დარწმუნებული ვარ, ლუკაშენკო თავად არ ისურვებდა, არ მოინდომებდა ყოფილიყო ჩართული ამ ომში.

  • როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, დღეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, ბელარუსი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით ჩართოს პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

დიახ. სამწუხაროდ, ლუკაშენკოს არანაირი უნარი არ ექნება, უარი უთხრას პუტინს, ის სრულად დამოკიდებული გახდა მას შემდეგ, რაც ძალით და ძალადობით მიიტაცა ძალაუფლება 2020 წლის წაგებული არჩევნების შემდეგ.

სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვხედავდეთ მსგავს ვითარებას საქართველოში, როდესაც დასავლეთთან დაპირისპირება არის ერთ-ერთი პირობა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თუ პუტინი გადაწყვეტს, მაგალითად, სომხეთში არჩევნების შემდეგ, ზოგადად იმის შიშით, რომ ის კარგავს აზერბაიჯანს და სომხეთს – შესაბამისად, სამხრეთ კავკასიას, ამ მიზეზით შეიძლება სცადოს საქართველოს გამოყენება ამ ორ ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, შეიძლება ვიხილოთ ამ სუვერენიტეტის სიცარიელე და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.

  • უშვებთ, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს საქართველო სომხეთის წინააღმდეგ, მაგალითად, სამხედრო პროვოკაციის მოსაწყობად იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს სომხეთთან საზღვარი არ აქვს? 

ეს იქნებოდა საერთაშორისო დანაშაული, მაგრამ, პირველ რიგში, დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანი ამდენად დამოკიდებული ხდება რუსეთის ინტერესების გატარებაზე, მას საკუთარი ინტერესებით მოქმედების თავისუფლება აღარ რჩება. ამიტომაც, ამის ბოლომდე გამორიცხვა გამიჭირდება.

  • ლოგიკურად უნდა აწყობდეს ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, რადგან რუსეთი, როგორც მისი მთავარი მოკავშირე, უფრო და უფრო სუსტდება?

პრაგმატული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსეთთან ბალანსირების პოლიტიკა, ანუ ერთგვარად არგაღიზიანება და ამის პარალელურად დასავლეთთან ურთიერთობებით რუსეთის გავლენის დაბალანსება, იქნებოდა ლოგიკის შემცველი. ამას აკეთებდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში ედუარდ შევარდნაძე. ამგვარ პოლიტიკას მაშინ გარკვეული სტაბილიზაცია ქვეყანაში მოჰყვა და ეს ითვლება შევარდნაძის ხელისუფლების – რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს – ყველაზე დიდ მიღწევად, რომ მან 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქაოსიდან საქართველო შედარებით დაასტაბილურა სწორედ იმით, რომ რუსეთი დააბალანსა დასავლეთთან ჩამოყალიბებული ახალი ურთიერთობებით.

დღეს ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელსაც დასავლეთთან ჰქონდა მჭიდრო თანამშრომლობა, იმის ნაცვლად, რომ ლავირებას მაინც ცდილობდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, მეტწილად დამოკიდებული ხდება რუსეთზე, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, იმდენად, რომ სრულად დაკარგულია დასავლეთის მხარდაჭერა – ევროპის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობები დასულია ისტორიულ მინიმუმზე.

არსებობს რისკი, რომ რუსეთმა გამოიყენოს საქართველო, მისი უუნარობა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად – თავისი მიზნების მისაღწევად სამხრეთ კავკასიაში ახალი დესტაბილიზაციისთვის.

ეს სჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ არ დაუშვას სომხეთის შეტრიალება დასავლეთისკენ და აზერბაიჯანის მიერ თავისი სუვერენიტეტის სრული განხორციელება – რუსეთისგან დამოუკიდებელი სუვერენიტეტის.

  • ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნები სომხეთში – ეს განსაზღვრავს არამხოლოდ სომხეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის და, მათ შორის, საქართველოს მომავალს?  

ვნახოთ, არჩევნები როგორ ჩაივლის, შემდეგ პრორუსული ძალები როგორ იმოქმედებენ. ამაზე წინასწარ მსჯელობას აზრი არა აქვს. ეს არჩევნები სომხეთში რეფერენდუმია რეალურად სომხეთის დღევანდელი მთავრობის მიერ გატარებული კურსის თაობაზე.

რუსეთში ძალიან ხშირად ღიად ექსტრემისტულ აზრებს გამოხატავენ არამარტო ჟურნალისტებისა და ბლოგერების დონეზე, პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გააჟღერა რამდენჯერმე მუქარა იმის თაობაზე, რომ სომხეთს ძვირად დაუჯდება დასავლური კურსის არჩევა.

პირდაპირი მინიშნება იყო, რომ სომხეთმა შეიძლება გაიზიაროს უკრაინის ბედი. გეოგრაფიული ასპექტი არის ის, რომ საქართველოა სომხეთს და რუსეთს შორის. ასე რომ, წინ ძალიან რთული და დაძაბული პერიოდი გველის.

სამწუხაროდ, ჩვენ, საქართველო, ამ რეალობას ვხვდებით ყველაზე უფრო სუსტი პოზიციიდან, როდესაც ამ ხელისუფლების ქმედებების და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად საქართველოს დაკარგული აქვს მისი მთავარი მოკავშირეების მხარდაჭერა. დიდი ალბათობით ასევე შემცირებულია ჩვენი უახლოესი მეზობლების, უშუალო მეზობლების ნდობაც, რომელიც ჩვენ ადრე ყველა სიტუაციაში ბევრად უფრო მაღალ დონეზე გვქონდა.

  • თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილი დამოკიდებულია კრემლის ნებაზე, ამ შემთხვევაში აშშ-ს რა რესურსი რჩება, შეცვალოს არსებული ვითარება? ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტრამპის ინტერესი ისევ აქტიურია, საქართველოში კი, ამერიკას დიდი რესურსი აქვს დახარჯული… 

შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ნაჩვენები, რომ ის რეგიონულ პროექტებს სამხრეთ კავკასიაში განიხილავს აზერბაიჯანისა და სომხეთის კონტექსტში. საქართველო შეერთებული შტატების გათვლებიდან უკვე ამოვარდნილი თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში, აქტიურად არ ფიგურირებს. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, ბუნებრივია.

მომავალში საქართველოს მხრიდან ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველო  აღმოჩნდება იზოლირებული ამ რეგიონული პროექტებიდან და ასევე გარანტირებულად ვიხილავთ სანქციებს, რომელთა ინიციირება აქამდე ხდებოდა მხოლოდ კონგრესის დონეზე.

  • შეიძლება სანქციებს ჰქონდეს ისეთი ეფექტი, რომ ამის გამო გახდეს იძულებული ივანიშვილი, უარი თქვას პრორუსულ კურსზე? 

სანქციები იშვიათად ახდენენ „მკურნალ ეფექტს“, მაგრამ სანქციებს შეუძლია რეჟიმის დასუსტება. შეიძლება, სწორედ აი ეს ეფექტი ვიხილოთ.

ჩემი აზრით, ივანიშვილს და მის რეჟიმს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული სწორედ იმ გათვლით, რომ მათ ქმედებებს მოჰყვებოდა სანქციები. აქამდე დაწესებული ყველა სანქცია იყო რბილი და უფრო გამაფრთხილებელი ხასიათის, მაგალითად, თავად ივანიშვილი არის უკვე კარგა ხანია სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ეს უფრო გამაფრთხილებელია – ის არ ეხება მის აქტივებს, როგორც ფიზიკურ, ისე ფინანსურ აქტივებს, ის არ ეხება მისი ოჯახის წევრებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ მისი რეაქცია.

  • თუმცა კობახიძე აკრიტიკებს აშშ-ს წინა ადმინისტრაციას, ახალზე კი ამბობს, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვინდაო… 

მაგრამ ის ხომ ამ ადმინისტრაციას პასუხობს, ჩვენ არ ვართ თქვენი სკოლის მოსწავლეები, რომ რამე გვქონდეს გამოსასწორებელიო. ეს პასუხი არის ზუსტად წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ისინი ამტკიცებენ. აგერ არის რუბიო, რომელიც ამბობს, მე ვხედავ რაღაც პოზიტიურს და მაქვს იმედი უკეთესობის და ამას რომ ასე პასუხობ, ეს არის ძალიან ნათელი და უარყოფითი სიგნალი.

  • რა პერსპექტივა რჩება საქართველოს ამ გადასახედიდან? სომხეთის შებრუნება დასავლეთისკენ ვერ გახდება ფაქტორი იმისკენ, რომ საქართველომაც დააღწიოს თავი რუსეთს? 

სომხეთის შემობრუნება დასავლეთისკენ საქართველოსთვის წარმოადგენს უკიდურესად პოზიტიურ ისტორიულ შესაძლებლობას. მაშინ, როდესაც საქართველო ადგა დასავლურ კურსს, მის მიერ ისტორიული ამოცანის მიღწევის შემთხვევაში, ზურგში გვრჩებოდა რუსეთის მოკავშირე, რომელიც აღმოჩნდებოდა ევროკავშირის წევრი საქართველოს საპირისპირო მხარეს.

სომხეთთან ჩვენ მოგვიწევდა საბაჟო და სავიზო კონტროლის შემოღება, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას მომავალში, ქვეყანასთან, რომელიც გაერთიანებული იყო ევრაზიულ კავშირში, ევრაზიულ საბაჟო კავშირში და რუსეთის ლიდერობით სამხედრო კავშირში – კუხოში.

შესაბამისად, სომხეთის შემობრუნება დასავლეთისკენ ამ პოტენციურ პრობლემას ხსნის და ეს ორი ქვეყნის ერთობლივ სიარულს დასავლეთში უფრო ადვილს გახდის. ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა, ისევე, როგორც სომხეთთან მშვიდობის მიღწევა აზერბაიჯანისთვის ხსნის რეგიონული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. რეგიონის უფრო მეტი უსაფრთხოება, უფრო მეტი სტაბილურობა ისევ და ისევ ჩვენს ინტერესშია.

დღეს მთავარ ფაქტორად, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონული განვითარების პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ან სულ მცირე პრორუსული ხელისუფლების არსებობა საქართველოში, რომელიც ამ სურათში აღარ ეწერება.

პროგნოზს ვერ გავაკეთებ, უამრავი მოულოდნელობა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ძალიან მარტივი რამ – თუ საქართველოს კურსი გაგრძელდა დღევანდელი კურსით, საქართველო აღმოჩნდება უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში, ვიდრე ის არის დღეს.

ბარცხანის ხიდი 2 დღით ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის მერიის ინფორმაციით 6 ივნისის დილის 9 საათიდან 8 ივნისის დილის 9 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ე.წ. ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეფერხების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას.

სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში:

  • №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა.
  • №9 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ქათამაძის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  •  №19 – წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

ბარცხანის ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და სამუშაოებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ  139 801 ლარი დაიხარჯა.

„ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელებაზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ

„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს.

კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ისევ ფიქსირდება. მყიდველი კომპანიის მფლობელი ივლიანე წულაია კახა კალაძის მეჯვარეა.

საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ კახა კალაძისთვის 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა. როგორც ჩანს, კომპანიას თბილისის მერის ვალი ისევ აქვს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ [ამ კომპანიის საკუთრებაში იყო ქონება] კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.“

პრეზენტაციაზე კომპანიის ოფიციალურმა მფლობელმა, ივლიანე წულაიამ 300 მილიონიანი ინვესტიცია დაანონსა, პროექტის პარტნიორებად კი სამშენებლო კომპანია „ნექსთი“ და თიბისი ბანკი დაასახელა.

ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

მართალია, პრეზენტაცია შედგა, როგორც ახალი პროექტის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო კარგად დავიწყებული ძველია, ვიდრე ახალი.

ზოგადად, ქობულეთში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, როცა პროექტებს პომპეზურად აანონსებენ და შემდეგ წლების განმავლობაში ვერ იწყებენ, იწყებენ და ვერ ასრულებენ ან ინვესტორებად წოდებულები წლების შემდეგ თავადაც ინვესტორებს ეძებენ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზურაბ პატარაძესაც დაუსრულებელი დახვდა რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც თავად დაანონსა 2017 წელს, მისი „წინა თავმჯდომარეობის“ დროს.

ივლიანე წულაია

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ ეკუთვნის. 2026 წლამდე შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ წილებს „ქობულეთი კაპიტალი“ [85%] და „ეიაჯი კაპიტალი“ [15%]  ინაწილებდნენ. 2026 წელს კომპანიის მონაცემებში ცვლილებები არაერთხელ შეიტანეს. მათ შორის „ეიაჯი კაპიტალის“ წილები ხუთი პროცენტით შემცირდა და ამ 5 პროცენტს „ნექსთ ქობულეთი რეზორტი“ ფლობს. [„ეიაჯი კაპიტალის“ მესაკუთრე კი უკრაინის მოქალაქეა]

  • „ქობულეთი კაპიტალის“ წილები კი ასე ნაწილდება:

 

23.26/23.26 -პროცენტის მფლობელი კომპანიები ისევ ივლიანე წულაიას და მისი ძმის თნგიზ წულაიას კომპანიები არიან. 6.5 პროცენტი – ისრაელის მოქალაქის საკუთრებაა.

ივლიანე წულაია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ მაჟორიტარი იყო. პარლამენტში ის არ აქტიურობდა – პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია და, ძირითადად, „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა.

სამაგიეროდ, ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობის მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა, ამ პერიოდში მის სამშენებლო ბიზნესს ძირითადად ძმა – თენგიზ წულაია ხელმძღვანელობდა.

ივიანე მინიმუმ სამი ათეული კომპანიის მფლობელია და მთელი ქვეყნაში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.

მასშტაბური პროექტის დაანონსებას უახლოეს მომავალში „ნექსთან“ ერთად ივლიანე წულაიას ძმა, თენგიზ წულაიაც გეგმავს. მან და „ნექსთის“ დამფუძნებელმა კახა დევაძემ დააფუძნეს კომპანია – შპს „ბათუმი ლენდმარკი“, რომელმაც ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის 10 ჰექტარზე მეტი მიწა იყიდა [107 586 კვ.მეტრი].

2016-2025 წლებში თენგიზ წულაიამ „ოცნებას“ სხვადასხვა არჩევნების დროს, 165 000 ლარი შესწირა. კახა დევაძის შენატანი კი „ოცნების“ ბიუჯეტში 220 000 ლარია 2021 წლიდან დღემდე.

2 ჰეტრამდე [19 767 კვ.მეტრი] გამწვანებული ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, სადაც „არქი“ მშენებლობის დაწყებას აანონსებს, 2011 წლიდან დღემდე მწვანე თუნუქის ღობით არის შემოღობილი. ამ ადგილზე პროექტის განხორციელებაზე პირველი განაცხადი კომპანიამ ქობულეთის მერიაში 2022 წელს შეიტანა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი
სამშენებლო მიწის ნაკვეთი

განაშენიანების დეტალური გეგმა კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წელს დაამტკიცა.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი „გრუნტთან შეხების წერტილიდან არაუმეტეს 40 სართულიანია“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მიწისქვეშა სართულებიც დაემატება. განაშენიანების დეტალურ გეგმას თან არ ახლავს პროექტის რენდერი, მხოლოდ ესკიზით შემოიფარგლენ, თუმცა პრეზენტაციაზე თქვეს, რომ პროექტი სამი ბლოკისგან შედგება, ანუ დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ესკიზზეა.

ესკიზი
  • მწვანე ქალაქი – პომპეზურად დაანონსებული პროექტი, რომელიც არ შედგა

ქობულეთში კიდევ ერთი მრავალმილიონიანი პროექტი „ოცნების“ ხელისუფლებამ 2019 წელს დააანონსა. ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ქობულეთში უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ის ჯერ არ დაწყებულა. მეტიც, კომპანიას [შპს „გრინ რიზორტს“] არც გზშ აქვს მომზადებული და, შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვა აქვს.

„მწვანე ქალაქი“ / რენდერი

„გრინ რიზორტს“ ქობულეთში ჯამში 1 796 308 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცეს პირდაპირი წესით და პირობებით, რაშიც 6 040 265 ლარი გადაიხადა. 2019 წელს ამ ქონების საბაზრო ღირებულება 32 333 544 ლარი იყო.

მიწის ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა.

საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში ამ მიწის ნაკვეთზე ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა „მწვანე ქალაქის“ პროექტისთვის გრგ 2019 წლის ივლისში დაამტკიცა, კომპანიამ გზშ-ს პროცედურებიც წამოიწყო, თუმცა საბოლოოდ გზშ აღარ მოუმზადებია. გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნით კი პროექტის განსახორციელებლად გზშ სავალდებულოა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტს“ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვეში, ანუ 2021 წლის მარტში უნდა დაეწყო.

ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 7 წელი გავიდა. კომპანიას არც მშენებლობა დაუწყია და არც შესაბამისი ნებართვა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ის ხელშეკრულებას არ არღვევს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვალდებულებების შესრულების გრაფიკში სამინისტროსთან შეთანხმებით ცვლილებები შედის. შესაბამისად, ამა თუ იმ ეტაპის შესრულების გადავადება ხდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება მინიმუმ ექვსჯერ არის შეტანილი.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

ბოლო, „შეთანხმების აქტი N6“ – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „გრინ რიზორტს“ შორის 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა. რაზე შეთანხმდნენ სამინისტრო და კომპანია უცნობია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუ რატომ არ დაიწყო პროექტი, რის საფუძველზე გადაიდო მისი განხორციელება და როდის უნდა დაიწყოს სამუშაოები? ამ კითხვებზე პასუხს სამინისტროში დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2020 წლის შემდეგ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მათ შპს „გრინ რიზორტი“ აღარ დაჰკავშირებია.

საჯარო რეესტრის 2026 წლის ბოლო ამონაწერით, „გრინ რიზორტის“ წილებს თანაბრად იყოფენ ჩეხეთის სამი და ერთიც სლოვაკეთის მოქალაქე – რადეკ ბრაზდა, რომან ვივოდა, მარეკ საკ [სამივე ჩეხეთი] და ლევან შერაზადიშვილი [სლოვაკეთი].

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პარტნიორთა 2025 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმით, ლევან შერაზადიშვილს მიეცა თანხმობა თავისი 25 პროცენტი წილი გაასხვისოს ერთ-ერთ პარტნიორ რომან ვივოდაზე.

შპს „გრინ რიზორტის“ პარტნიორთა კრების ოქმი, 2025 წლის 24 დეკემბრი

წილის გასხვისებაზე თანხმობის მიღების მიუხედავად, 2026 წლის ამონაწერით, კომპანიის 25 პროცენტს ისევ ლევან შერაზადიშვილი ფლობს.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“ და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

შპს „ელერ კომპანი“ კი ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ის მიმდებარედ [ფიჭვნარში], ცალკე, 40-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს [საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპაცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება].

„გრინ რეზორტის“ და მისი პარტნიორების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

  • „კრისტალ ბილდინგის“  პროექტი, რომლის დაწყების პრეზენტაციაზე კაფსულა ზურაბ პატარაძემ 2017 წელს საზეიმოდ ჩადო.

კომპანიას, რომელსაც ზღვის პირველ ზოლში, ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე პარკზე დიდი ტერიტორია, 7 ჰექტარზე მეტი ფართობი მიჰყიდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მოახერხა და აჭარის მთავრობისგან 2017-2018 წლებში იაფად ნაყიდი არაერთი ქონება სარფიანად გადაყიდა.

ზურაბ პატარაძე „კრისტალ ბილდინგის“ პროექტის პრეზენტაციაზე

შპს „კრისტალ ბილდინგს“ სახელმწიფოს ქონება, 3 ჰექტარზე მეტი ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვებით გამწვანებულ ზოლში აჭარის მთავრობამ 1 მილიონ 648 000 ლარად და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა.

კომპანიამ ვერც ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსიით და ვერც შემდგომ განახლებულ ვადებში აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. მათ შორის, თავდაპირველი ვერსიით გათვალისწინებულ ვადებში ვერც ქონების ღირებულება გადაიხადა.

ეს კომპანია წლების განმავლობაში იღებდა ყველანაირ შეღავათს, რაც კი შეიძლებოდა მიეღო აჭარის მთავრობისგან, რომელმაც ქონება პირობებით, თუმცა იაფად გაასხვისა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქონების შესყიდვიდან მეცხრე წელს „კრისტალ ბილდინგმა“ წილების 50 პროცენტი სარფიანად გაყიდა. თუმცა კომპანიას გადახდილი ფასის გასაჯაროება არ სურს.

საჯარო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულება ეყრდნობა პარტნიორთა შეთანხმებას, სადაც 50 პროცენტის გასხვისების ფასი დაფიქსირებულია, თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირ წერენ, რომ ამ დოკუმენტს რეესტრს არ წარუდგენენ „მისი კონფიდენციალურობის პირობიდან გამომდინარე.“

____

ამ თემაზე ვრცლად:

როგორ კეთდება ფული სახელმწიფო მიწით ქობულეთის სანაპიროზე

 

 

 

 

 

მობილურის შესანახი სათავსოები სკოლამ უნდა შეისყიდოს – ახალი ბრძანება

განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი დაამტკიცა.

ბრძანების მიხედვით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მობილური ტელეფონების, სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსოების შესყიდვა-მონტაჟი.

ბრძანების მიხედვით:

„სკოლა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს.

ასევე, სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს“.

ბრძანებაში წერია, რომ სკოლებში მობილურების გამოყენების რეგულაციის მიზანი სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ეფექტიანობაა.

„წესი ვრცელდება სასწავლო პროცესის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ყველა მოსწავლეზე, გარდა ამ წესით ან/და ამ წესის საფუძველზე სკოლის მიერ დადგენილი შემთხვევებისა“.

ბრძანების თანახმად,ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა ან/და გამოყენება.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:

  • უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
  • საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;

და, ასევე, სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

მობილური ტექნიკის შესანახი სათავსოები სკოლამ უნდა შეისყიდოს და დაამონტაჟოს თითოეულ საკლასო ოთახში.

„სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში მოთავსებას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გატანაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი/პირები.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დროებით შენახვასა და მოსწავლეებისთვის მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დაკარგვით ან/და დაზიანებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს მშობლებს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წესი და ამ წესთან დაკავშირებული შესაბამისი აქტები.

მოსწავლეს ასევე უფლება აქვს, სასწავლო პროცესის განმავლობაში პლანშეტური კომპიუტერი და პორტატიული კომპიუტერი შეინახოს ჩანთაში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სივრცეში/სათავსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა.

კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა.

მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი.

„წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. სახეობების სტატუსის შეფასებისთვის საჭიროა ინფორმაციის განახლება და დამატებითი კვლევების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მურა დათვის მონიტორინგი, თუმცა სახეობების საკონსერვაციო სტატუსის განახლებისა და პოპულაციის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევა და საქართველოს მთლიანი ტერიტორიის [მათ შორის დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული ტერიტორიის] დაფარვა.“ – წერს სამინისტრო.

ტენდერის პირობის მიხედვით „კვლევის მიზანია მურა დათვის (Ursus arctos) საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემების განახლება, დაზუსტება და ახალი, სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ უახლესი კრიტერიუმების [„The Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria“ version 16, March 2024] შესაბამისად.

ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ტენდერის პირობების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს კვლევის მეთოდოლოგია და გეგმა-გრაფიკი; 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა წარადგინოს შუალედური, ხოლო 2026 წლის 15 დეკემბრამდე საბოლოო ანგარიში.

ტენდერის მიხედვით:

მეთოდოლოგია იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები იყოს სარწმუნო და პასუხობდეს ტექნიკური დავალების მიზანს. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს:

  • პოპულაციის მდგომარეობის შეფასება;
  • IUCN-ის წითელი ნუსხის კრიტერიუმების მიხედვით საკონსერვაციო სტატუსების განახლება;
  • პოპულაციების ზომის, არეალის [EOO, AOO], ჰაბიტატის მდგომარეობისა და საფრთხეების ანალიზი;
  • ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება;
  • გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება.

შუალედური ანგარიში უნდა ასახავდეს განხორციელებული საველე სამუშაოების პირველად შედეგებს – საველე გასვლების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის ჰაბიტატების მდგომარეობისა და პოტენციური საფრთხეების შესახებ ანალიზი, ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება.

საბოლოო ანგარიში კი უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას საკვლევი სახეობისთვის: პოპულაციის შეფასება [ზომა, სიმჭიდროვე]; გავრცელების რუკები; მურა დათვზე მოქმედი საფრთხეების ანალიზი [ჰაბიტატების კარგვა, დეგრადაცია, ბრაკონიერობა და სხვ.]; IUCN-ის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული სტატუსის დასაბუთების ანგარიში.

ასევე, რეკომენდაციები კონსერვაციისა და მართვისთვის; შევსებული მეტა-მონაცემების ფაილი. სახეობის მონიტორინგის საკვლევი არეალები, გეგმა-გრაფიკი და
მონიტორინგისთვის რეკომენდებული მეთოდოლოგია. მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა.

ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2026 წლის 5 ივნისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება.

__________________________________

მთავარი ფოტო: დათვი მტირალას ეროვნულ პარკში

ამ თემაზე:

შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა

 

მესტიაში მაინერები ისევ ამოიღეს – ამჯერად 47

შსს-ს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 47 მაინერი ამიიღეს.

„აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“ – წერს შსს.

უწყების ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისთვის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ, 4 ივლისს, პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ მესტიაში, ექვსი სხვადასხვა ადგილიდან 148 ე.წ. მაინერი ამოიღო.

„ეს არის კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ადგილობრივები ენერგორესურსებს მოიპოვებდნენ“ – წერს შსს.

თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც, შსს-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის.

„მათ შორის, დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- წერს შსს.

 

4 ოქტომბრის საქმეზე 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან:

  • ალექსანდრე გოგოლაძე;
  • სულხან აბრალავა;
  • ევა შაშიაშვილი;
  • გოჩა ყატაშვილი;
  • დავით ღურწკაია;
  • ჯანდრი თირქია;
  • რამაზ ჯორბენაძე;
  • გენადი კელიხაშვილი.

აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან.

დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ აღიარეს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან:

  • დავით ჟღენტი,
  • ზაქრო ალბუთაშვილი,
  • კახაბერ მჟავანაძე,
  • დავით სტურუა,
  • გოგი ჩახუნაშვილი,
  • კონსტანტინე კაკაია

პროცესს არ ესწრებოდა ია დარახველიძე. ადვოკატის ცნობით, ის დუმილის უფლებას იყენებს.

4 ოქტომბრის პროტესტის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 64 პირი დააკავა „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

ამ საქმეზე არიან ასევე ბრალდებულები პოლიტიკოსები და სხვა აქტივისტები, რომლებსაც 7-7 წელი აქვთ მისჯილი.

ვინც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალს არ აღიარებს, მათი სასამართლო პროცესი გაგრძელდება მომდევნო პარასკევს 11:00 საათიდან, სადაც ადვოკატები და პროკურორები ბოლო, დასკვნით სიტყვას იტყვიან.

„თუ საჭირო იქნება, გავალთ ОДКБ-დან“ – ფაშინიანი

საარჩევნო დებატების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება“, სომხეთი გავა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“- ОДКБ-დან.

სომხური გამოცემა news.am-ის ცნობით, დებატების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საბჭოს წევრმა და პარტიის ლიდერის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ფაშინიანს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.

„ჩვენ გადავწყვეტთ; უცხოელი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ლუკაშენკო კვლავ ჩვენი გარანტი იყოს. გარანტორი არის სომხეთი, სახელმწიფო და არმია“, – განაცხადა ფაშინიანმა დებატებში.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, ოღონდ რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა პრაქტიკაში, ორგანიზაციის წესდება ნაწილობრივ, ან სრულებითაც არ სრულდება.

ამავე თემაზე:

ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს

 

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი.

„შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ დოკუმენტაციას“, – წერს გამოცდების ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული სავარაუდო ღირებულება [საერთო ჯამი – 985 345 ლარი] განისაზღვრა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2026 წლის 4 ივნისის წერილით. კერძოდ:

  • „თანამშრომელთა ხელფასი – 273 683 ლარი;
  • თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა: 516 თანამშრომელი [15105 სამუშაო დღე-საგამოცდო პერიოდი]; 113 თანამშრომელი [1316 სამუშაო დღე- მზადების პერიოდი] – 344 841 ლარი;
  • საწვავის ხარჯი – თანამშრომლების ობიექტზე მიყვანა, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 37 235 ლარი;
  • მივლინების ხარჯები – 7 150 ლარი;
  • მოგება – 73 594 ლარი;
  • გადასახდელები [დღგ, ბიუჯეტის 10%] – 248 842 ლარი“.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა.

ცენტრის ინფორმაციით, აქედან 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.

სამაგისტრო გამოცდებს წელს 10 000-ზე მეტი კანდიდატი ჩააბარებს, ხოლო მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 29 000 პირია დარეგისტრირებული.

ვრცლად:

„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ

 

 

სტრასბურგში „გამჭვირვალობამ“ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ.

სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს.

პროტესტში მონაწილეობის გამო,  5 000-ლარიანი ჯარიმა მას უსამართლოდ და უხეში საპროცესო დარღვევებით დააკისრეს. მისთვის არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაუბარებიათ და არც სასამართლოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიუციათ.

ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული უსამართლობა“- წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“

დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია.

„რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობას, ისინი ადასტურებენ კურსს ევროკავშირისკენ, თუმცა იციან, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო ვეღარ იქნება ის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.

ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ეტაპზე შევიდა, მეორე თუ მესამე „ტალღის“ დროს, დაკარგა თავისი სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრია, რადგან ამ გაერთიანებას ჰყავს თავისი „მეტრები“ საკუთარი სოფლის მეურნეობით, ფერმერებითა და ინტერესებით.

ამჟამად, საქართველოს ვაჭრობის 70% რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მოდის. მნიშვნელოვანი წილი ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანა.

ეს ყველაფერი სერიოზულად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ საქართველო ევროკავშირში შევა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების მოთხოვნაზე, ევროკომისიის ყველა საგარეო პოლიტიკური ქმედების აღიარების მოთხოვნაზე…

მჯერა, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორ უკვე ვთქვი. ჩვენ რეგულარულ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ. რუს ტურისტებს უყვართ საქართველოს ბუნება და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივნისის 21 საათიდან 6 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7 და 8 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 370 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 980 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 684 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 43 315 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 832 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 404 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 329 772 ერთეული [+2 046]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 576 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 103 300 ერთეული [+329]
  • სპეცტექნიკა – 4 250 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს.

ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. გზა არსებული ნაგავსაყარის მიმდებარედ გაივლის და ართმელაძის ქუჩას გამწმენდ ნაგებობასთან შეუერთდება.

მონაწილეობდა თუ არა სხვა კომპანია ელექტრონულ ტენდერში, ჯერ უცნობია. ეს იმ შემთხვევაში გამოჩნდება, როცა „კოხტის ძირი 2010“-თან ხელშეკრულება გაფორმდება, ან კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდება ტენდერიდან [ეს იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებას არ გააფორმებს].

რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „კოხტის ძირი 2010“ ოზურგეთში 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტ წილს ბეჟან ნაკაიძე ფლობს. კომპანიის დირექტორია ანა შარაბიძე.

ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით“ პერიოდი.

განახლება: ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „კოხტის ძირი 2010“-სა და მერიის სამმართველოს შორის ხელშეკრულება 2026 წლის 8 ივნისს დაიდო 5 349 805 ლარზე, ყველა გადასახადის ჩათვლით [ტენდერში კიდევ 5 პრეტენდენტი მონაწილეობდა]. სახელშეკრულებო თანხის თითქმის მესამედი – 1 604 900 ლარი [7 აგვისტოს მონაცემებით] კომპანიისთვის ავანსად უკვე გადარიცხულია. სამმართველოს ინფორმაციით „სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“.

ტენდერის შესახებ ვრცლად:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

„დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25-დღიან სარეზერვო წვრთნებზე მიჰყავთ რუსეთიდან სომხეთში ჩასული კაცები – ფაშინიანის საარჩევნო ბრძოლა პუტინთან 

„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება.

„სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება…“ – ამბობს გიორგი კარაპეტიანი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ტუმასიანთან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი:

  • ბატონო გიორგი, რუსეთი განსაკუთრებულად ცდილობს ფაშინიანის დამარცხებას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ევროპული არჩევანის მარცხს. აქტიური  პროპაგანდის გარდა, საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში აორგანიზებენ იქ მცხოვრები სომეხი ამომრჩევლის სომხეთში გაგზავნას. საუბარია 100 ათასამდე სომეხზე. რა გავლენა შეიძლება ამ მობილიზებამ მოახდინოს არჩევნების შედეგზე? 

უკვე არსებობს კადრები, რომ ეს პროცესი დაწყებულია. რუსეთი ცდილობს ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. სერიოზულ ნაკადზეა საუბარი, მაგრამ სომხეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ვინც ჩადის სომხეთში არჩევნებში, თითოეული კაცი 25-დღიან სავალდებულო, სარეზერვო წვრთნებში მიჰყავთ. ვინაიდან ისინი არიან სომხეთის მოქალაქეები, მათზეც ვრცელდება ეს კანონი. პირველ რიგში, აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი: თუ არჩევნებში მონაწილეობაა პასუხისმგებლობა, სამხედრო სამსახურიც პასუხისმგებლობაა.

  • ფაშინიანს აქვს გათვლა იმაზე, რომ ვინც საარჩევნოდ აპირებს მოსკოვიდან სომხეთში ჩასვლა, შეიძლება არ სურდეს 1 თვით სომხეთში დარჩენა? 

დიახ, რა თქმა უნდა.

არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ დადგინდება, რომ რუსეთიდან ორგანიზებულად ჩამოდიან და ეს დადგინდება, შესაძლებელია პასუხისმგებლობის გააქტიურება ქრთამის აღების კუთხით: მაგალითად, ტრანსპორტირების დაფინანსებაც ქრთამად ითვლება. ეს საკითხი სერიოზულად განიხილება. სომხეთის უშიშროების სამსახური ყველას, ვინც სომხეთის საზღვარს კვეთს, ურიგებს ბუკლეტებს, რომ იცოდნენ ამის შესახებ.

გიორგი ტუმასიანი
  • თქვენი ინფორმაციით, რა ფორმით აორგანიზებენ რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს? 

ეს ხდება რუსეთში სომხური სათემო ორგანიზაციების, ასევე ეკლესიის მეშვეობით, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ არიან. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესმენები, მაგალითად, ბევრი სომეხი მუშაობს სამველ კარაპეტიანის ბიზნესში.

  • კვლევების მიხედვით ლიდერობს ფაშინიანი, თუმცა დიდი ნაწილია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. კიდევ რას აჩვენებს კვლევები? 

კვლევები აჩვენებს, რომ ფაშინიანი მოიპოვებს უმრავლესობას, მას ასევე აქვს შანსი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 67 %.

  • ფაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, ამის გარეშე კი, შეუძლებელია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანსა და თურქეთთან? 

დიახ, ასევე. კვლევებიც აჩვენებს, რომ ეს საკითხი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ფაშინიანის ამომრჩევლებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის – პირიქით.

გადაუწყვეტლობა ტიპურია სომხეთისთვის, ასევე, ვინც უარს ამბობს, ზოგადად, პოზიციის დაფიქსირებაზე. რეალურად ნდობა სოციოლოგიისადმი ძალიან დაბალია სომხეთში და, შესაბამისად, ნაკლებად იღებენ ამაში მონაწილეობას. ყველაზე სანდოა უშუალოდ არჩევნების შედეგი, რომელიც მაღალი სტანდარტით იმართება რევოლუციის შემდეგ.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არსებობს იმ კუთხითაც, რომ მაღალია პოლარიზაცია. მხარეები ერთმანეთის მიმართ ძალიან კრიტიკული არიან, ასე ვთქვათ, შეფასებებში. გარკვეულწილად არსებობს მოქალაქეების სეგმენტი, რომელიც დაღლილია ამ პროცესით, პოლიტიკური დაძაბულობით, დაპირისპირებით. ამიტომაც, ვერ წყვეტენ, რომელ მხარეს იყვნენ. ისინი ე.წ. მესამე ძალას ვერ ხედავენ. ასეთი ძალები არსებობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ნახეს ამ ძალებში ის, რაც მათ სურთ.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნაწილი, სავარაუდოდ, არ მივა არჩევნებზე, ნაწილი კი, ეტყობა, ბოლო დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, არჩევნების წინა დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება გავლენა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან მორიგ ეკონომიკურ ზეწოლას, რასაც აქვს ხოლმე უკუეფექტი. ამას უკუეფექტი აქვს იმიტომ, რომ ღიად ჩანს არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

  • მაგრამ რეალურად არ ნერვიულობენ ამ საკითხზე სომხები, მაგალითად, როცა პუტინი აცხადებს, რომ სომხური პროდუქცია მარტივად ვეღარ მოხვდება რუსეთის ბაზარზე და მშპ 14 %-ით შემცირდება? 

ვფიქრობ, პუტინის ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა უკუეფექტი, რადგანაც ღია პრორუსული განწყობები მნიშვნელოვნად შეცვლილია სომხეთში – ძალიან კრიტიკულია უმრავლესობა რუსეთის მიმართ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ზეწოლის, იძულების, მუქარის მცდელობები, პირიქით, ფაშინიანის რეიტინგის მომატებას უწყობს ხელს.

  • გამოდის, პუტინმა რაღაც ვერ გათვალა? 

დიახ, რუსეთმა ბევრჯერ ვერ გათვალა რაღაც, როგორც ეს მოხდა უკრაინაში და ვერ გათვალეს განწყობები, იგივე ხდება სომხეთში. მაგალითად, რუსებმა სომხეთის სოფლის მეურნეობის სფეროში რაც თქვეს, იმდენად არასერიოზული იყო ეს ყველაფერი, სომხეთში ამ პროცესმა დაადასტურა ფაშინიანის სწორი პოზიციები.

თანაც, მოსახლეობა ვერ ადანაშაულებს ფაშინიანს იმაში, რომ მან დააზიანა რუსეთთან ურთიერთობები. ცნობილია, რომ ფაშინიანს აქვს რბილი, დიპლომატიური და კონსტრუქციული განცხადებები რუსეთთან. ის განაგრძობს ამგვარ დამოკიდებულებას მიუხედავად ყველაფრისა. შესაბამისად, მოქალაქეებს მიზეზი არ აქვთ, ფაშინიანი დაადანაშაულონ რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაში.

  • რა დატვირთვა შეიძინა ამ არჩევნებში ყარაბაღის საკითხმა? ყარაბაღელი სომხები პრორუსი კანდიდატების მხარდამჭერები არიან, რადგან რუსული პროპაგანდა ფაშინიანს ადანაშაულებს ტერიტორიების დათმობაში? 

არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს ადამიანები ძირითადად უჭერენ მხარს ე.წ. ყარაბაღის კლანს, მაგრამ ასეც არ არის. ნაწილი, პირიქით – ფაშინიანს უჭერს მხარს. რუსეთს ჰქონდა მცდელობა ყარაბაღელი სომხები გამოეყენებინა, თუმცა ამ მიდგომამ არ იმუშავა.

საუბარია დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანზე.

  • ამ არჩევნებზეც იყენებს რუსეთის სამხედრო შინაარსის მუქარას? ცნობილია, რომ გიუმრი ფაშინიანის სუსტი წერტილია, იქ ამ დრომდეა რუსული სამხედრო ბაზა… 

რუსეთს აქვს გათვლა იმაზე, რომ გიუმრი მეტ-ნაკლებად პრორუსული ქალაქია. რუსეთში იმედი აქვთ, რომ იქ დამარცხდება ფაშინიანის პარტია, რადგან ამ რუსულ ბაზას გააჩნია ეკონომიკური შედეგებიც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არც ასეა საქმე. გიუმრიში შესაძლებელია, რომ მეტი იყოს ოპოზიციის მხარდამჭერი, ვიდრე სხვაგან.

რაც შეეხება სამხედრო შინაარსის მუქარას: ომით სომხეთის შეშინება ცოტა რთული რამეა. 35 წელი სომხეთი ომში იყო და მშვიდობის ეტაპზე ახლა გადავიდა. ამიტომაც, ომით შეშინების მცდელობები კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას.

ამავდროულად, სომხეთი იაზრებს, რომ გარკვეული რისკები არსებობს რუსეთის მხრიდან, როგორც რუსული ბაზების მხრიდან, ისე ზოგადად.

  • გამოდის, რუსული პროპაგანდა ძირითადად ეყრდნობა ტერიტორიების საკითხს და ეკლესიასთან დაპირისპირებას? 

დიახ, ეს ორი თემაა მთავარი საკითხი რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანისთვის და რობერტ ქოჩარიანისთვის. ყარაბაღის საკითხი ისევ არის საზოგადოებაში დისკუსიის აქტიური საგანი. „უღალატა და დათმო“ – ეს არის ოპოზიციის მთავარი არგუმენტი.

  • „სამველ კარაპეტიანი სომეხი ივანიშვილია. მგონი, სომხებმა იციან, რაც მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს“ – წერდა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი. რეალურად რამდენად არსებობს ეს მსგავსება, თქვენი დაკვირვებით? 

რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია, მაგრამ ვფიქრობ, სომხეთში ივანიშვილის სცენარის განხორციელების ალბათობა ძალიან დაბალი.

  • რატომ გგონიათ, რომ დაბალია? კარაპეტიანიც მილიარდერია, მას აქვს კარგი ურთიერთობები ეკლესიასთან… 

იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ, პირველ რიგში, გაცილებით ხარისხიანად იყო ივანიშვილი მომზადებული, ვიდრე კარაპეტიანი, მაგალითად, ივანიშვილმა წარმატებით შეძლო პროდასავლური იმიჯის მორგება. კარაპეტიანმა ვერ შეძლო. ამას პუტინმა დაამატა ზემოდან განცხადება: პრორუსი მეგობრები გვყავს მანდ და აცადეთ მონაწილეობაო. თანაც, ეს ისე თქვა, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ მხოლოდ კარაპეტიანი ჯდებოდა პუტინის განცხადებაში.

ამით კარაპეტიანს ნეიტრალურის იმიჯი გაუფუჭდა. ივანიშვილს ეს გამოუვიდა, მან ირგვლივ ყველა შემოიკრიბა, ძირითადად პროდასავლური ძალები. კარაპეტიანმა კი, ვერ შეძლო ზოგადად ოპოზიციის გაერთიანება.

ივანიშვილსაც ჰქონდა ეკლესიის და კულტურის მოღვაწეების დაფინანსება, მაგრამ დღევანდელი ეკლესიის ძალაუფლების მქონე პირის – გარეგინ მეორის რეიტინგი სომხეთში ძალიან დაბალია. შესაბამისად, ამაზე კაპიტალიზება არ არის მარტივი თემა.

სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება და სომხეთში იციან ამის შესახებ. შესაბამისად, სომხეთში ოპოზიციის ეს მცდელობა 2012 წლის „ქართული ოცნების“ ცუდი რეპლიკა გამოდის – გამეორებას ცდილობენ, მაგრამ ვერ მეორდება.

  • რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი ამჯერად სომხეთში – ცდილობს ისევ ეკლესიის გამოყენებას, მედიის, თუ გამოიძებნა სხვა გზები? 

იყენებენ ეკლესიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს. მაგალითად, პირდაპირ გარეგინი მივიდა სამველ კარაპეტიანთან სახლში 2 კვირის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, გარეგინისადმი ლოიალური სასულიერო პირები მხარს უჭერენ ოპოზიციას ღიად. გარეგინის ბრძანებით სასულიერო პირებს უნდა ევლოთ ოპოზიციის მიტინგებზეც.

რაც შეეხება მედიას: ბევრი პოდკასტია, ფეიქ არხები, ტელეგრამ, იუთუბ არხები. არის მცდელობა, რომ ამ აქტიურობით მოახდინონ ზემოქმედება. მედიამანიპულაცია ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.

ჩემი აზრით, ვინც მხარს უჭერს ფაშინიანს, ისევ დაუჭერს მხარს და ოპოზიციონერი ისევ ოპოზიციონერი იქნება. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე შეიძლება იმოქმედოს გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის, მომდევნო დღეებმა, შიდა თუ საერთაშორისო გარკვეულმა პროცესებმა, მაგალითად, რუსეთის რომელიმე გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო უბიძგოს ხალხს გადაწყვიტოს: საბოლოო ჯამში ვის უჭერს მხარს.

დააკავეს მძღოლი, რომლის მიერ შექმნილი ავარიული ვითარების გამო მანქანა მტკვარში გადავარდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – წეს შსს.

უწყების ცნობით, მტკვარში გადავარდნილი მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Exit mobile version