შს სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოში მყოფი უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს.
ეს ინიციატივა უცხოელ სტუდენტებს საქართველოში სწავლის შემთხვევაში დამატებით პირობებს უსაზღვრავს, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხოელ სტუდენტს საერთაშორისო ან სახელმწიფო ენაში დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
„მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა“ – წერია შსს-ს განცხადებაში.
როგორც ამ ინიციატივაშია აღნიშნული, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
„საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება“- წერს შსს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხებიც.
„დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ასევე განისაზღვრება უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის (ბინადრობის ნებართვის გაუქმების) საფუძვლები, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით.
საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე.
საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 ივნისს დარეგისტრირდა და განისაზღვრა, რომ დაჩქარებული წესით 23 ივნისის სასესიო კვირაში უნდა განიხილონ.






