მთავარი,სიახლეები

როდიდან დაინიშნება იალაღებზე უფასო ტრანსპორტი

08.06.2026
როდიდან დაინიშნება იალაღებზე უფასო ტრანსპორტი

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიები ტენდერს აცხადებენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში მოიალაღეების მთაში გადასაყვანად 39 270 ლარზეა ტენდერი გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2026 წლის 10 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოემსახუროს მგზავრებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო „მარშუტკები“ იმოძრავებენ კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, ჩირუხის, ღომას, საყანდრიას, ჯანჯღარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, თაგინურის, საბერწიას, კარაპეტის, სანალიას და ძველი მთის იალაღების მიმართულებით.

სატენდერო წინადადებების მიღება 11 ივნისს მთავრდება. მისი წარმატებით ჩატარების შემთხვევაში უფასო ტრანსპორტი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის 10 ივლისიდან დაინიშნება.

9 890 ლარზე აქვს ტენდერი გამოცხადებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მგზავრები უნდა გადაიყვანოს მთა სარიჩაირისა და გომის მთის იალაღების მიმართულებით.

ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივნისს მთავრდება.

„მოიალაღეების უფასო ტრანსპორტირების პროგრამის ფარგლებში სულ 23 რეისი შესრულდება. 10 რეისი შესრულდება შემდეგი მარშრუტით, სოფელი ცხმორისი-კოკოტაური-მთა სარიჩაირი-კოკოტაური-ცხმორისი; ხოლო 13 რეისი შესრულდება, ცენტრი ცხმორისი-დანდალოს ცენტრი-გომის მთა-დანდალოს ცენტრი-ცენტრი ცხმორისი.

მთაში მოქალაქეების უფასო ტრანსპორტირება 20 ივნისს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. კვირაში ერთი რეისი შესრულდება, ხოლო შუამთობის პერიოდში კვირაში ორი რეისი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქედის მერიაში.

9 067 ლარზე აქვს გამოცხადებული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას. წინადადებების მიღება პირველ ივნისს დასრულდა. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მხოლოდ მონაწილეობა, თუმცა ჯერ გამარჯვებულად გამოცხადებული არაა.

გამარჯვებული მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა მოემსახუროს მუნიციპალიტეტს და მგზავრები გადაიყვანოს ბეშუმისა და მთა ვაშლოვანის მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: