სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ბათუმთან, ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირებული ტერიტორია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა, 65 წლით.
კომპანია ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულს აშენებს. ამ პროექტისთვის ადრე 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გამოიყო ზღვაში.
ამჯერად, „ამბასადორისთვის“ დამატებით გადასაცემი ტერიტორიის ფართობი კი 43,3 ჰექტარია.
„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის საფასურად 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული 433 917 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია]“ – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა.
43,3 ჰექტარის ფართობის წყლით დაფარულ ტერიტორიაზე, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, ამონაწერი საჯარო რეესტრმა პირველად 2026 წლის 30 მარტს გასცა. ამ დროისთვის [8 ივნისი] ამ ტერიტორიაზე აღნაგობა რეესტრში დარეგისტრირებული ჯერ არ არის.
ახალრეგისტრირებული ფართობი ზღვაში იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც სახელმწიფომ ადრე ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის დაარეგისტრირა.
უკავშირდებოდა თუ არა ეს ხელოვნური კუნძულის პროექტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მაშინ ასეთი პასუხი მიიღო:
„აღნიშნული სახელმწიფო ქონების შემდგომ განკარგვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის თანხმობით“. – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან 22 აპრილს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.
კომპანიას იმ ტერიტორიას, რომელსაც ზღვაში ხმელეთად აქცევს, სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს საკუთრებაში.
მაგალითად, ამ დროისთვის უკვე მოწყობილ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე „ამბასადორზე“ საკუთრებაში ორი ნაკვეთია გადაცემული – თითოეულის ფართობი 10 054 კვადრატული მეტრია.
ამ ნაკვეთებიდან ერთი საკუთრებაში გადაცემულია შპს „ამბასადორი დეველოპმენტ“-ზე, რომლის 100 პროცენტი წილი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნაკვეთი გადაცემულია შპს „ბათუმი აილენდი“-ზე, რომლის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ფრიდონ ქათამაძეა.
„ბათუმი აილენდის“ საკუთრებაშია ასევე კიდევ ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობი 5 633 კვადრატული მეტრია.
„ბათუმი აილენდი“ ერთი პერიოდი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 18 პროცენტის მესაკუთრე იყო, ხოლო ფრიდონ ქათამაძე ამ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი.
რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მესაკუთრე ერთპიროვნულად არის ელგუჯა ქებურია, რომელიც ასევე ორმაგი მოქალაქეა – საქართველო, რუსეთის ფედერაცია.
ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 28 354 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთს ფლობს ასევე შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“. ამ კომპანიის 100 პროცენტს შპს IG international LLC ფლობს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ეს ნაკვეთი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება კი, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2026 წლის 27 მარტსაა გაფორმებული.
„ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდამდე, მყიდველს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით ნასყიდობის საგნის იპოთეკით დატვირთვა, სარგებლობის უფლებით გაცემა, გასხვისება ან სხვა ნებსიმიერი ფორმით განკარგვა, გამონაკლისს წარმოადგენს ხელშეკრულების 3.6. პუნქტი“ – აღნიშნულია რეესტრის ამონაწერში.

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ზღვაში გამოყოფილი ტერიტორია ბათუმში. წითელი ფერით მონიშნულია 43,3 ჰექტარი, რომელიც „ამბასადორს“ 65 წლით უნდა გადასცენ, ხოლო ყვითელი ფერით მონიშნულია ნაკვეთები, რომლებიც უკვე საკუთრებაშია გადაცემული „ამბასადორი დეველოპმენტ“-ზე და „ბათუმი აილენდი“-ზე. მწვანე ფერით კი, მონიშნულია შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ საკუთრება.
სახელმწიფოს მიერ ზღვაში ნაკვეთების რეგისტრაციაზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს






