ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, ლაშა კილაბერიას უფლებამოსილება უწყდება – ის მექსიკის გავლით აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მის ნაცვლად, წესით, ბათუმის საკრებულოში შესვლა ლევან გორგილაძეს უწევს, რომელიც ენმ-ს ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაშია. ლევან გორგილაძე ენმ-ს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ეს პოზიცია მას შემდეგ დატოვა მან საკუთარი სურვილით, როცა ენმ-ს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

„ჩრდილოვანი მმართველობა სწორედ ამას ნიშნავს – დაავალეს და ხელი მოაწერა, ჩვენს პარტიის მენეჯმენტს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

თუ საბოლოოდ ეს 4 პირი პარტიული სიიდან ამოიღეს, ლაშა კილაბერიას ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ამირან დუმბაძე შევა.

ენმ-ს აქტივისტების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი და ლევან გორგილაძის გარდა  კიდევ სამი პირის – როინ დვალის, ელიზა ეფაძისა და შორენა აბაშიძის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს. ეს ადამიანებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.

„ნაცვლად იმისა, რომ პასუხობდეს გამოწვევებს, როცა ჩვენი ფულით წამლებს არ ყიდულობენ ბავშვებისთვის, ლევან ხაბეიშვილი ცვლის ამომრჩევლის ნებას ზუსტად ისე, როგორც ეს მცდელობა ჰქონდათ დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს. უბრალოდ, მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს,“ – აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“ 2021 წლიდან ამ დრომდე გამოძიებული არ არის. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში არჩევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ენმ-ს მტკიცებით, მას „ნეიტრალობის“ სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

„ეს გადაწყვეტილება, რაც ახლა მიიღო ლევან ხაბეიშვილმა, არაფრით განსხვავდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან. მიხედეთ წინასაარჩევნო დაპირებებს და ქვეყანას, თუ არ შეგიძლიათ, უნდა გადადგეთ და წახვიდეთ,“ – ბრიფინგზე მიმართა ლევან ხაბეიშვილს ნოდარ დუმბაძემაც. ის ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

ნოდარ დუმბაძის თქმით, მას პარტიის მენეჯმენტი ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვებას სთხოვს.

„…მიზანია იმ გუნდის დაშლა ბათუმის საკრებულოში, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული „თავისუფლების კვარტალიდან“, დამთავრებული მოსყიდვით, მუქარით, დაშინებით. ამ გუნდმა შეინარჩუნა ერთობა… ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლა უნდათ, ამას წინ უძღოდა პარტიის ახალი მენეჯმენტისა და სხვების ჩემთან საუბარი იმაზე, რომ მე თუ გადავდგებოდი, ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან მათთვის სასურველ კანდიდატს დაასახელებდნენ ფრაქციის თავმჯდომარედ.

ნურას უკაცრავად, არსად წასვლას არ ვაპირებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის უმრავლესობა და ფრაქციის უმრავლესობას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღეს მე ვხელმძღვანელობ ფრაქციას,“ – აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.

„ქოცების მსგავსად რომ სცადა ამომრჩევლის ნების შეცვლა, ამით რა ხდება: მიხეილ სააკაშვილი თავისუფლდება? თუ უწყვეტი აქციები იწყება? ამით პოლიტპატიმრებს ვათავისუფლებთ?“- კითხულობს მირდატ ქამადაძე. მასაც ლევან ხაბეიშვილის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს ბოლო არჩევნებს ახსენებს, როცა უმრავლესობა თავდაპირველად ოპოზიციამ მოიპოვა, შემდეგ კი, უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ დარჩა.

„ბათუმელების ნების შეცვლა ძვირად დაუჯდა „ოცნებას“ და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.  არც თქვენ გაპატიებთ ამ უღირს საქციელს,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 187 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 3 683 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 7 139 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 849 ერთეული [+12]
  • MLRS – 539 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 289 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 413 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 753 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 339 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 834 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 821 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 094 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 647 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 721 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

რუსეთში დაიწყო ახალი ტალღა „მოხალისეების“ უკრაინაში მისატყუებლად – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთში დაიწყო ახალი ტალღა „მოხალისეების“ უკრაინაში მისატყუებლად – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ უკრაინის ფრონტზე წასასვლელად „მოხალისეები“ მიიტყუოს, ახალი მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.

შესაბამისი რეკლამები გამოჩნდა რუსულ სოციალურ ქსელებში, ბილბორდებსა და ტელევიზიებში. დაზვერვის ცნობით, ამ შემთხვევაშიც პროპაგანდა იყენებს რუსების გონებაზე ზემოქმედების ტრადიციულ მეთოდებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ცდილობს „ითამაშოს“ კაცურ სიამაყეზე და „ნამდვილ მამაკაცებს“ ომშიც შესაბამისი ენის გამოყენებით იწვევს. აქვე მითითებულია ფინანსურ სარგებელზე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში რუსები მიიღებენ.

ახლა რუსი კაცების მობილიზაციაზე კონკურენცია გაჩაღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ შორის. მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ დაკარგა წვდომა პატიმრების რეკრუტირებაზე, მისი სამიზნე გახდა ომისთვის შესაფერის რუსი კაცები, რომელთაც სამხედრო ასაკი აქვთ.

თუმცა, დაზვერვას სათუოდ მიაჩნია, რომ რუსეთი ისევ შეძლებს ომისთვის 400 000 „მოხალისის“ მობილიზებას. ამ ციფრს ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ასახელებდა.

„ხელისუფლება, დიდი ალბათობით, შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს აირიდოს თავიდან რაიმე სიახლე სავალდებულო მობილიზაციაზე, რათა მინიმუმამდე შეამციროს საზოგადოებაში შიდა უთანხმოება“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

იუსუფელში, ახალ კაშხალზე მეწყერი ჩამოწვა

ართვინის რაიონში, იუსუფელში, იქ სადაც კაშხლის გამო ახალი დასახლება ააშენეს, მეწყერი ჩამოწვა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მეწყერი იმ მთის ერთ-ერთ ფერდზე ჩამოწვა, რომელზეც ხიდი შენდებოდა.

როგორც თურქული გამოცემები წერენ, „ხიდის ირგვლივ ციცაბო ფერდობზე ნიადაგი და კლდის მასები მეწყრის შედეგად სწრაფად ჩაცურდა წყალსაცავში, წარმოქმნილი მტვრის ღრუბელმა კი გარემო დაფარა“.

მეწყრის ჩამოწოლის მომენტი რამადან ბაირამის დღესასწაულზე სასაფლაოებზე გასულმა მოქალაქეებმა აღბეჭდეს ტელეფონზე.

„ართვინში, იუსუფელის ახალი დასახლებიდან ეს გზა მანქანებით გავიარეთ. ამ ადგილიდან მეორე მხარე მთლიანად ჩამოიშალა. გზები ჩაკეტილია. ძალიან სამარცხვინოა, რომ ხიდის ძირში ჩამოწვა მეწყერი. იუსუფელის ახალ დასახლებაში მცხოვრები ხალხი ბედის ანაბარა მიატოვეს.

ჩვენ ეს ადგილები ცოტახნის წინ გავიარეთ და არაფერი არ არის სწორად გაკეთებული. ეს არის ქვეყნის სირცხვილი,“ – ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარს თურქული გამოცემა SonDakika- ავრცელებს.

ქართული მხარე უარყოფს, რომ ბათუმში რუსული საკრუიზო გემი შემოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“ საქართველოს ნავსადგურებში შემოვა.

სააგენტო სოვა 22 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთში 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“. საკრუიზო გემი თავის პირველ მოგზაურობაში მიმდინარე წლის აგვისტოში წავა.

გამოცემა Vestnik Kavkaza-ს ცნობით კი, შავ ზღვაში საკრუიზო ლაინერი შევა ნოვოროსიისკის, სოჭის, ბათუმისა და სტამბოლის პორტებში.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და მას აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს.

„ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო ან საკრუიზო მიმოსვლა.

გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდის“ საქართველოს ნავსადგურებში 2023 წელს  შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა,“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საკრუიზო ლაინერი „პეტრე დიდი“ რუსეთში აშენდა და სერვისი, რომლის მიღებაც ლაინერზეა შესაძლებელი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისის მსგავსია. გემს ერთდროულად 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საკრუიზო ლაინერზე განთავსებულია რესტორანი, კაიუტები, საცურაო აუზი და თეატრი.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 186 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 675 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 131 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 2 837 ერთეული [+5]
  • MLRS – 539 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 289 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 402 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 730 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 339 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 796 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 809 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 093 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 642 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 699 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

 

არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

გუშინ, 21 აპრილს, დაახლოებით 150 მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მასწავლებლები ამ შეხვედრას რამდენიმე კვირა დაჟინებით ითხოვდნენ.

მასწავლებლების პროტესტი სქემაში შესული ცვლილებების დაგვიანებით დამტკიცებამ გამოიწვია, რის გამოც პედაგოგები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის – პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ვეღარ ასწრებენ.

პედაგოგებმა მინისტრთან პორტფოლიოს საკითხის გარდა სკოლებში არსებულ კორუფციაზე, მასწავლებლის პენსიაზე, უმოქმედო სამეურვეო საბჭოებსა და სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავაც. ის  ამ შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

მისი თქმით, შეხვედრაზე განათლების მინისტრმა მხოლოდ მოისმინა და საკუთარი აზრი არაფერზე გამოუთქვამს.

„დიალოგის ან დისკუსიის სახე ამ შეხვედრას არ ჰქონდა, ძირითადად ჩვენი, მასწავლებლების კითხვებს და პრეტენზიებს ისმენდა. დუმილის რეჟიმში იყვნენ ძირითადად – მინისტრმა თავიდანვე თქვა, რომ ახლა ვერცერთ კითხვაზე ვერ ექნებოდა პასუხი.

დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში მოგვაწვდის პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რაც გაჟღერდა შეხვედრაზე“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენელმა სცადა სიტყვა დაეძრა პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გადავადებაზე, რასაც მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.

„დარბაზი ერთსულოვნად წინ აღუდგა მის მცდელობას და სიტყვაც კი არ დაასრულებინეს ამ საკითხზე პროფკავშირების წარმომადგენელს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პორტფოლიოს კომპონენტი არ იყოს დაკავშირებული მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან და პორტფოლიო უბრალოდ დარჩეს მასწავლებლის თვითგანვითარების ინსტრუმენტად.

ჩვენ გვინდა, რომ წლის დასაწყისში დაიგეგმოს პორტფოლიოს საკითხები და შემდეგ გვითხრან, რაში ვართ ძლიერი, რა უნდა გავაუმჯობესოთ, როგორ უნდა დავგეგმოთ უკეთ სასწავლო პროცესი და ასე შემდეგ.

გვინდა, რომ ყოველწლიურად იყოს უკუკავშირი განათლების სამინისტროსა და ჩვენ შორის“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა მოსაზრება, რომ მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანი, როგორ აიმაღლოს სტატუსი – „ვისაც სურს, აირჩიოს პორტფოლიო და ვისაც სურს, ჩააბაროს გამოცდა.

თუ ახლა მოვითხოვთ, რომ წელს მოგვანიჭეთ სტატუსები პორტფოლიოს გარეშე და მომავალ წელს პორტფოლიოთი – ეს მასწავლებლების ისევ არათანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს და ამით უკვე ძალიან დავიღალეთ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შემუშავდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ისეთი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გარკვეული წლები, მინისტრის შეცვლის მიუხედავად, ხელშეუხებელი იქნება და რაღაც შედეგს დადებს. ეს უნდა იყოს მიზნობრივად დაგეგმილი და არა ქაოსურად, როგორც ახლაა“, – გვითხრა მანანა მიქავამ.

მისი აზრით, განათლების სამინისტრო იქნება თუ მასწავლებელთა სახლი, პედაგოგებს მათზე მორგებული ტრენინგები უნდა შესთავაზონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ გამოცდები.

მანანა მიქავას თქმით, მინისტრთან შეხვედრისას ასევე დაისვა საკითხი სკოლებში ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემაზე.

„ნეპოტიზმი, კორუფცია, ფიქტიური სამეურვეო საბჭოების საკითხი, ასევე დავსვით პედაგოგების პენსიის საკითხიც, რადგან ახალგაზრდა კადრებმა აუცილებლად უნდა ჩაანაცვლონ ძველი კადრები, თუ გვინდა, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს ხარისხიანი.

ვისაც სურს გასვლა პროფესიიდან და თავს იკავებს მხოლოდ ფინანსური საჭიროების გამო, მიეცეთ ღირსეული პენსია, რომ გზა დაუთმონ ახალგაზრდებს.

საუბარი იყო სკოლებში ბავშვთა კვებაზეც, რადგან ბავშვებს ვერ დავუწყებთ ჩვენ მაღალ მატერიებზე საუბარს, თუ ისინი მშივრები არიან. არაფორმალური განათლება ძირითადად გაკვეთილების შემდეგ მიმდინარეობს და მშიერ მოსწავლეს არ აქვს არც სურვილი და არც თმენის უნარი, რომ დაესწროს სხვადასხვა ღონისძიებას.

ასევე გაჟღერდა საკითხი, რომ მრავალშვილიან მასწავლებლებს შეუმცირდეთ საშემოსავლო და, ზოგადად, გაუმჯობესდეს მასწავლებლის დაზღვევა. რადგან არის შემთხვევები, როცა გარკვეული შემოსავლის ფონზე მასწავლებელს სახელმწიფო დაზღვევა ეხსნება“, – ამბობს მანანა მიქავა.

როგორ ფიქრობთ, ამ მოთხოვნებიდან რას დააკმაყოფილებს სამინისტრო? – ვკითხეთ მანანა მიქავას.

მისი თქმით, სამინისტროსთან მათი შეხვედრა არ ყოფილა პირველი და ზაფხულში გაჟღერებული მოთხოვნების ნაწილი მათ სასარგებლოდ გადაწყდა.

„მაგალითად, დადებითად გადაწყდა ის, რომ 1 საათით გაზარდეს გამოცდის დრო და შეამცირეს საგამოცდო ლიტერატურა.

ახლაც იმედი გვაქვს, რომ რაღაც ცვლილებები იქნება. ის ნაწილი მაინც დაკმაყოფილდება, რაც პორტფოლიოს ეხება. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით მინისტრისგან ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ პორტფოლიოს ატვირთვის ვადები გავა.

ხედავთ ალბათ სოციალურ ქსელებში რამხელა პროტესტია პორტფოლიოს გამო. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ტალღა უბრალოდ ჩაცხრება და ამ უსამართლობას დავუშვებთ“, – ამბობს მიქავა.

რაც შეეხება განათლების ხარისხს, მისი თქმით, სკოლებში სწავლის ხარისხი იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ სკოლები ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნება.

„მესამე თაობის ეროვნული გეგმის განხორციელებას რომ ითხოვენ, ეს გულისხმობს სკოლების ტექნიკურად და მატერიალურად აღჭურვას. კეთებით სწავლებას რესურსი სჭირდება, რომელიც ძალიან ბევრ სკოლას არ აქვს.

ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დირექტორების შერჩევას, რადგან ისინი განსაზღვრავენ სკოლაში როგორი იქნება სწავლება. თუ დირექტორმა არ მოიზიდა სკოლაში პროფესიონალი კადრები, ცალკეული მასწავლებლები ვერ აამაღლებენ სწავლების ხარისხს.

ჩვენ იმაზეც კი არ გვაქვს ინფორმაცია, გადის თუ არა სკოლა წლის ბოლოს ეროვნულ მიზანზე. ამაზე კვლევებს არ ვიცნობთ. წესით, დირექტორებმა უნდა იცოდნენ ეს, მაგრამ დირექტორების უმეტესობა არ არის დაინტერესებული სასკოლო ცხოვრებით, მოირგეს სკამები იმისთვის, რომ თვითონ მიიღონ ფინანსური სარგებელი.

ამიტომ არ აქვს ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას აზრი. თუ ახლა ატვირთეს, გგონიათ, ყველა მასწავლებელი ინდივიდუალურად იმუშავებს? თუ აკვირდებით, სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „მოგვიწესრიგებენ პორტფოლიოს“.

ფასიც კი ვიცით უკვე, 400 ლარი ღირს პორტფოლიოს მომზადება. ადრე კვლევები იყიდეს და ისე აიმაღლეს სტატუსები, ახლა პორტფოლიოებს იყიდიან. ასე ვერ შევცვლით სწავლის ხარისხს“, – ამბობს მანანა მიქავა.

მასწავლებლები განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას პორტფოლიოსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მომდევნო კვირაში ელოდებიან.

ძენწმანის, ზვარეს და გულების მეჩეთები – დასანგრევად განწირულ ძეგლების ამბავი ქედაში | ფოტო

“ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა”, – ასე ჰქვია „ბათუმელებში“ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოქვეყნებიდან მალევე ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მომწერა თბილისიდან: „ძალიან განვიცდი აჭარაში ამ ძეგლების სიკვდილს რომ ვაკვირდებიო“.

სტატიიდან მალევე არამუსლიმები, მუსლიმები, თუ ათეისტები უახლოეს უქმე დღეს წავედით ბათუმიდან ქედაში, ზვარეს მეჩეთისა და სხვა ძეგლების მოსანახულებლად. მზიანი დღე იყო. თითქოს  აგვისტოს მზე აჭერდა, მაგრამ სურნელი ნამდვილი გაზაფხულის იდგა.

ბათუმიდან ქედამდე ერთი საათის სავალია. ქედის 6 სოფელი, 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ძეგლებზე არანაკლებ ღირებული 2 მეჩეთი მოვინახულეთ.

მარშრუტი ძენწმანის მეჩეთის მონახულებით დავიწყეთ. ეს სოფელი ქედის ცენტრამდე. ძენწმანის მეჩეთს ძეგლის სტატუსი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამის, მას შორიდანვე ემჩნევა, რომ არცერთი ფანჯარა მთელი აღარ შემორჩენია და მონგრეულია შენობის აივანიც. ქვის საძირკველზეა დაშენებული ორ სართული, ხისგან ნაშენი მეჩეთი, რომლის მდგომარეობაზეც შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშოა.

 

ძენწმანის მეჩეთის გარე ფასადი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მიერ გამოცხადებული პირველი ტენდერი არ შედგა, მეორე ტენდერი კი სააგენტომ გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებით შეწყვიტა. სააგენტოს გათვლებით, ამ სოფლის მეჩეთის რეაბილიტაცია 2022 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

მეჩეთის მთავარ, მოჩუქურთმებულ კარებს ალაგ-ალაგ ნალურსმნევი ადგილები ეტყობა, საიდანაც ბზარებს აუღიათ სათავე და დროთა განმავლობაში გაღრმავებულან. წყვილი კარებიდან ორივეს რამდენიმე ადგილას ემჩნევა სხვადასხვა სახელურის კვალი. მათგან მხოლოდ 1 ცალი, დაჟანგული სახელურიღა დაგვხვდა.

ძენწმანის მეჩეთის მთავარი კარები. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023
მოჩუქურთმებული მოაჯირი ძენწმანის მეჩეთში. ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

მეჩეთის კარების შეღებისთანავე, შენობის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, დიდი სიფრთხილის გამოჩენა დაგვჭირდა. ალაგ-ალაგ იატაკის საკმაოდ ვრცელი ნაწილებია ჩავარდნილი. ყველა კუთხეში კი დამპალი ხეა მიმობნეული. სავარაუდოდ, ესენი გუმბათისა და ჩამოშლილი ჭერის ნაწილები უნდა იყოს.

ძენწმანის მეჩეთის გუმბათი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023
ძენწმანის მეჩეთის ჭერი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

სანამ მეჩეთს ვათვალიერებდით, ეზოში ადგილობრივები მოვიდნენ. მათგან შევიტყვეთ, რომ ძენწმანის მეჩეთი მე-19 საუკუნეშია აშენებული. „შენობა სოფლის ისტორიული ძეგლია. რა დააშავა მზრუნველობის გარეშე რომ დარჩა?“ – იკითხა ერთ-ერთმა ძენწმანელმა.

იმ იმედით, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქამდე დაიწყება, სანამ ამის საშუალებას ჯერ კიდევ იძლევა ძენწმანის მეჩეთის მდგომარეობა, გზა თითქმის ორსაუკუნოვანი, ზვარეს მეჩეთისკენ განვაგრძეთ. ზვარეს მეჩეთი მოსახლეობის რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ გადაიხურა, თუმცა ინგრევა შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

ზვარეს მეჩეთის გარე ფასადი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

სამწუხაროდ, ძენწმანისგან განსხვავებით, ზვარეს მეჩეთში სრულად ჩამოშლილია გუმბათი, რომლის გადარჩენაც დროულ და  სათანადო ყურადღებას შეეძლო. ახლა ქართული საკულტო არქიტექტურის ეს მხატვრული ნიმუში განადგურებულია.

ზვარეს მეჩეთის ჩამოშლილი გუმბათი. ჰურიე აბაშიძე. 16.04.2023

სავალალოა ზვარეს მეჩეთის საერთო მდგომარეობაც. შენობას არ აქვს მყარი საყრდენი კედლები. მთლიანადაა ამორტიზებული იატაკი და ფანჯრები. შიდა ინტერიერის მოჩუქურთმებული ელემენტები ინარჩუნებენ ავთენტურობას, მაგრამ მათი ნაწილის კვალი დაზიანებისგან წაშლილია.

ჩუქურთმები ზვარეს მეჩეთში. ფოტო: ჰურიე აბაშიძე. 16.04.2023

ზვარეში მეჩეთის გვერდით მცხოვრებ ქალებს გამოველაპარაკეთ, რომლებმაც ერთხმად გვითხრეს, რომ მხოლოდ სახურავის შეცვლა ვერ დაიცავს მეჩეთს დამატებითი დაზიანებებისგან და ამ ძეგლის შესანარჩუნებლად შენობა დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. მათ გაიხსენეს, რომ ერთხელ „მთავრობის ხალხმა“ მოინახულა კიდეც ზვარეს მეჩეთი, მაგრამ ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია: „მოვიდნენ, რაღაც გაზომეს და მალევე წავიდნენ. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა“, – გვითხრეს ქალებმა.

ქედის მუნიციპალიტეტში ძეგლის სტატუსი აქვს სოფელი გულების მეჩეთსაც, რომელიც ტყის პირას არის აშენებული. გულების მეჩეთის მთავარი კარები ღია დაგვხვდა. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შესაძლოა ამ ძეგლს საწყობადაც იყენებდნენ, რადგან შენობაში რკინის ბოძები და ცემენტის ტომრები დაგვხვდა.

გულების მეჩეთის მთავარი კარები. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

ძენწმანის და ზვარეს ძეგლებთან ერთად, განადგურების საფრთხე ემუქრება გულების მეჩეთსაც. გულების მეჩეთის ყველა კედელზე დიდი ნაპრალებია. დაზიანებულია ფანჯრებიც.

გულების მეჩეთის შემთხვევაში თითქმის სრული ავთენტურობითაა შემონახული ხეზე ნაკვეთი, სხვადასხვა ფერისა და ზომის ჩუქურთმები, თუმცა ფერადი საღებავის კვალი ძირითად შემთხვევაში წაშლილია.

გულების მეჩეთის ინტერიერი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე/16.04.2023

გულების მეჩეთი ორსართულიანია და ავარიულ მდგომარეობაშია შენობის მეორე სართულიც.

ძველი მეჩეთს დგას სოფელ აქუცაშიც. აქუცას მეჩეთს ძეგლის სტატუსი არ აქვს და გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ისინი, რომელთა შესახებაც აქამდე მოგიყევით. ორსართულიანი შენობა შემაღლებულ ადგილზე დგას. მეჩეთს ქვისგან მოწყობილი კიბეები აქვს.

აქუცას მეჩეთი

ბევრი ხელით ნაკვეთი ორნამენტია აქუცას მეჩეთში. მათი დიდი ნაწილი დაზიანებული, შენობის ერთ კუთხეში ეყარა.

ერთადერთი მეჩეთი ქედაში, რომელსაც მინარეთიც აქვს, სოფელ ახოში მდებარეობს. ახოს მეჩეთი მოქმედია.

ახოს მეჩეთის ინტერიერი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე. 16.04.2023
ახოს მეჩეთის ინტერიერი. ფოტო: ჰურიე აბაშიძე. 16.04.2023

15 წლის ანასტასია ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველად, 12 წლის შემდეგ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ქართველი მოჭადრაკე გახდა.

15 წლის ანასტასია კირთაძემ 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

„აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, – წერს ჭადრაკის ფედერაცია.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა მოჭადრაკის მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.

____________

მსგავს თემაზე:

„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

 

„არაკომფორტული უნდა იყოს ზახაროვას ნათქვამის თბილისში გამეორება“ – ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

„ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს ქართველებისთვის ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების ან დუმის სპიკერის  მოსკოვში ნათქვამის თბილისში გამეორება… მე ამით გაკვირვებული ვარ. ვიცით, რომ ასეთი პროპაგანდის მიზანი ქართველების გაყოფაა, ერთმანეთში ბრძოლა, საზოგადოების დაბნევა, რადგან ხალხი არ იყოს დარწმუნებული – რა ხდება,“ – გვითხრა კელი დეგნანმა ინტერვიუს დროს, როცა მას ვკითხეთ: რამდენად იზრდება საფრთხე, როცა კრემლის რუპორი საქართველოში არამხოლოდ ცალკეული ჯგუფი, არამედ უშუალოდ მთავრობაა?

აშშ-ის ელჩი საქართველოში ამჯერად თავის შთაბეჭდილებებზეც გვესაუბრა: რას ფიქრობს კელი დეგნანი საქართველოზე? რა არის ქართული პოლიტიკის სუსტი მხარე? რა უნდა მოვუხერხოთ ოლიგარქის ჩრდილოვან მმართველობას?

„…ყველაფერი, რასაც აშშ-ში ვაკეთებთ, მხარს უჭერს იმას, რასაც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სურთ: ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, კეთილდღეობა, ძლიერი, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები,“ – ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მსგავსებაზე საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

„ბათუმელებმა“ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან, ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო კელი, პირველ რიგში, საგამოძიებო კომისიის შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის შექმნას „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მესამედ შეუშალა ხელი პარლამენტში. ამ კომისიამ უნდა შეისწავლის სასამართლო სისტემაში კორუფცია. თქვენ აღნიშნეთ მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, რომ „არავითარ შეცდომას არ აქვს ადგილი, აშშ აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას.“ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს კორუფციას?

მიხარია ბათუმში ყოფნა და „ბათუმელებთან“ ყოფნა. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. დავიწყებ იმით, რომ საქმე მარტივადაა და არა რთულად, პოლიტიკური დრამის საჭიროება არ არსებობს. აშშ-ში, როდესაც გვაქვს საკმარისი და სანდო ინფორმაცია კორუფციის შესახებ, კანონი გვავალდებულებს, დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები/სანქციები. ინფორმაციის შემოწმების პროცესი ძალიან საგულდაგულოა. შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა სახელმწიფო მდივანს, ის თავის შეფასებას აკეთებს და მწვანე შუქს უნთებს სანქციებს. ასეთია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესი აშშ-ში.

ბოლომდე ვართ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, რომ ეს 4 პირი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს მართლმსაჯულებას და დაბლოკეს საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა.

თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებების საკუთარი გამოძიება სურს, საკუთარი მეთოდებით, პარლამენტიდან თუ პროკურატურიდან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება ამავე დასკვნამდე მივა. არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია – ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება აშშ-ში შევიდეს, კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.

რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას საქართველოს ხელისუფლება ადგენს. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.

ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა: რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა – საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ.

იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოიყენებს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, პარლამენტს თუ სხვა ინსტიტუტებს, კორუფციის ბრალდებებს გამოიძიებს და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს იმის ჩვენებისკენ, რომ საქართველო მართლაც ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის.

  • რას აჩვენებს თქვენთვის პარლამენტის მოქმედება ამ შემთხვევაში, როცა დემონსტრაციულად ხელს უშლიან საგამოძიებო კომისიის შექმნას?

გულდასაწყვეტია პარლამენტის ბოიკოტის მორიგ ჯერზე ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი საქმე აკეთონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის.

ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო ხალხის სახელით, პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის, მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტი – ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი.

  • რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თქვენთვის, როგორც ელჩისთვის, საქართველოში მუშაობის დროს და რა რჩება გამოწვევად?

საქართველომ სრულიად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ქართული სტუმართმოყვარეობა აქ [საქართველოში ელჩობამდე] ჩამოსვლამდეც განვიცადე: ერთხელ ანკარაში ქართველ დიპლომატთან ახალი წლის ბრწყინვალე აღნიშვნა მქონდა, როცა იქ ვმუშაობდი. ის ახლა ელჩია. მაშინ მე პირველად გავეცანი ქართულ სტუმართმოყვარეობას და მეგონა, რომ ასე ეს დიპლომატი და მისი ოჯახი იყვნენ, არც ვიცოდი, რომ მთელი ქვეყანა ასეთი თბილი, გულუხვი და სტუმართმოყვარეა.

ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო აქ ჩამოსვლა, ამ ქვეყანაში მოგზაურობა, ამდენ შთამაგონებელ ქართველთან შეხვედრა, რომლებიც ბიზნესს ქმნიან, ან ეხმარებიან ქვეყანას დემოკრატიის აშენებაში, საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში, რაც საქართველოს აძლიერებს და აახლოებს ევროპულ მომავალთან.

ყველაფერი, რასაც აშშ-ში ვაკეთებთ, მხარს უჭერს იმას, რასაც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სურთ: ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, კეთილდღეობა, ძლიერი, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, და რა თქმა უნდა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები. რასაც აშშ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აკეთებს, არის იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ქართველების სურვილს: ააშენონ ძლიერი, მდიდარი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ევროპის გზაზეა.

რაც შევძელი ელჩობის 3.5-წლიანი პერიოდისას გამეკეთებინა ამის მხარდასაჭერად, ეს ჩემს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. ყოველთვის დავაფასებ წვლილს, რომელიც ჩემმა გუნდმა, მე და საელჩომ შევიტანეთ. დიდი ჯილდოა, საშუალება გქონდეს, დაეხმარო ქართველებს მათი მიზნების მიღწევაში.

ზოგ შემთხვევაში ესენი იყვნენ ფერმერები, რომლებმაც შეძლეს სარძევე ფერმების გაზრდა, მეტი კენკრის, ჟოლოს და მოცვის დათესვა. ზოგ შემთხვევაში: დავეხმარეთ თხილის ფერმერებს ფაროსანას მოშორებაში. ეს დიდი პრობლემა იყო მაშინ, როცა მე ჩამოვედი საქართველოში.

ეს იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარება სწავლების მეთოდების მოდერნიზებაში, განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, იყო ბევრი მეწარმე და მათი კრეატიული იდეები, იქნება ეს მცირე ბიზნესის გაზრდა ან სტარტაპის იდეის ისეთ რამედ გადაქცევა, რასაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში.

  • თქვენი აზრით, რა უნდა გაითვალისწინოს ახალმა ელჩმა საქართველოში? დაახლოებით როდის იგეგმება მისი ჩამოსვლა?

დანიშნული ელჩი – დენიგანი მალე ჩამოვა, ალბათ გვიან ზაფხულს ან შემოდგომაზე. იგი ძალიან გამოცდილია და ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, გამოცდილება აქვს ამ რეგიონში და ენერგეტიკაში, რაც ძალზე გამოსადეგი იქნება, ვინაიდან საქართველო განახლებადი ენერგიის და შუა კორიდორის განვითარებაზე მუშაობს.

ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში. მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად. მომეწონა, რომ ამან აჩვენა, რა მრავალფეროვანია ეს ქვეყანა, ეს ასე კარგად არ ჩანს თბილისში.

რეგიონებში ხედავ სხვადასხვა ტრადიციას, ისტორიას, მათ გავლენას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილზე, მაშინ ხვდები, რა გასაოცარია და რთულია ქვეყანა. არის რაღაცები, რაც ყველა რეგიონს აერთიანებს – ესაა გასაოცარი სტუმართმოყვარეობა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული, ადამიანის უფლებების პატივისცემა, რაც თქვენი კულტურის ნაწილია. ჩემი რჩევა იქნება [ახალი ელჩის მიმართ], იმოგზაუროს რაც შეიძლება ხშირად და ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს.

  • თუ ევროკავშირი ამ შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, ამის შემდეგ ხომ არ გადახედავს აშშ საქართველოსთან მიმართებაში სავიზო პოლიტიკას – უვიზო რეჟიმს ხომ არ დაუწესებს?

ეს  განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. გვაქვს გაცვლითი პროგრამები. ვფიქრობ, ახლა აშშ-ში ათასამდე ქართველია სხვადასხვა პროგრამით და ვიზის სხვადასხვა კატეგორიით. არ მგონია, რომ ამ ორ მოვლენას შორის დიდი კავშირი იყოს.

ყოველთვის გვიხარია ქართველების ჩამოსვლა აშშ-ში. გვაქვს ჩვენი მოთხოვნები აშშ-ში შემომსვლელთათვის. ყოველთვის მივესალმებით ქართველების მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში. ბევრი მათგანი განათლებასთანაა დაკავშირებული, ზოგი ეხება კონკრეტულ თემას – გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ბიზნესის განვითარება. ბევრი გზაა, ქართველებისთვის, აშშ-ს ეწვიონ.

  • რას ეტყოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებიან არალეგალურად, მათ შორის, ძალიან საშიში გზებით? რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მიგრაციის შესაჩერებლად?

ვეტყოდი, რომ ძალიან გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ, არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა, ძვირია, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს ბევრ შემთხვევაში, ეს ცუდი იდეაა. თუ დაგიჭერენ, მომავალში ვეღარ შეხვალთ აშშ-ში, ანუ უარს ამბობთ შესაძლებლობაზე, აშშ-ს ეწვიოთ ლეგალურად.

დიახ, ვიზის მიღებას ბევრი ნაბიჯი სჭირდება. ვცდილობთ მაქსიმალურად გავამარტივოთ. ვიცი, ზოგი ადამიანისთვის ეს რთულია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დაიცვათ წესები, მივესალმებით თქვენს ლეგალურად ჩამოსვლას, მაგრამ ნუ ჩამოხვალთ არალეგალურად, ეს ძალზე სახიფათოა.

  • რა უნდა გააკეთოს ამ ტენდენციის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ? 

მთავრობამ უნდა განაგრძოს [იმაზე ზრუნვა], რომ აქ დარჩენა ხალხისთვის მიმზიდველი იყოს. არის რამდენიმე პროგრამა, რაც, ვფიქრობ, ამას ემსახურება.

გუშინ შეხვედრა მქონდა ქართველ ანტერპრენერებთან, GITA-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით. ბათუმში არის ტექნოლოგიური პარკი.  ასეთი სააგენტოები ეხმარებიან ქართველებს ოცნებების ახდენაში, ბიზნესის დაწყებასა და გაზრდაში აქ, საქართველოში – სწორედ ამას ეძებენ ქართველები. უმრავლესობას, ვისაც შევხვედრივარ, საქართველოს დატოვება არ სურს და საქართველო უყვარს. ვხედავ, რატომაც – ბრწყინვალე ქვეყანაა.

სხვა ქვეყნებში სტუმრობა და მოგზაურობა, მათი გამოცდილებიდან იდეების ჩამოტანა ძალიან კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველებს აქ დარჩენა, ოჯახის გაზრდა და ბიზნესის წარმოება თავიანთ ქვეყანაში სურთ.

  • თქვენი დაკვირვება გაგვიზიარეთ:  ქართული პოლიტიკის სისუსტე რა არის – რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ ხელისუფლებამ 12-პუნქტიანი ვალდებულება შეასრულოს და რა უნდა მოუხერხოს ოლიგარქის ჩრდილოვან მმართველობას? 

ვფიქრობ, წინააღმდეგობრივი შეხედულება არსებობს ისეთი პარლამენტის შესახებ, სადაც არის სხვადასხვა ხედვა, სადაც შეიძლება დებატი ცივილიზებულად და პატივისცემით წარიმართოს. პარლამენტს გარეთაც, როცა არსებულ პოლიტიკურ გარემოს ხალხის ყურადღება გადააქვს ნამდვილი პრობლემებისგან, რომლებზეც უნდა იყოს ქვეყნის ფოკუსი, ეს ხალხს არ ემსახურება.

დეპუტატები არიან არჩეული ხალხის მიერ მათ წარმოსადგენად პარლამენტში. ვფიქრობ, ხალხს არ სურს უყუროს, თუ როგორ ჩხუბობენ და კამათობენ ისინი პარლამენტში. ხალხს სურს უყუროს, როგორ დებატობენ დეპუტატები საკითხების შესახებ და იღებენ კანონმდებლობას ქვეყნის წინსვლისთვის.

კანონმდებლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ეკონომიკა, ჯანდაცვა და განათლება, რეფორმები, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა რეფორმები, რომლებიცაა ნაწილი ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ძლიერი ეკონომიკის შექმნის, რომელსაც ძალუძს მედეგობა რუსული აგრესიის წინაშე. ესაა მნიშვნელოვანი სამუშაო პოლიტიკური ლიდერებისთვის.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტის შენებაში და პროცედურული წესების შექმნაში ამდენი ენერგიის ჩადების შემდეგ, ლიდერები გამოიყენებენ პარლამენტს, როგორც იმ ადგილს, სადაც მიდის დებატი საკითხებზე და იღებენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს.

  • რა ეტაპზეა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობა ახლა? „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ აშშ საქართველოს ზურგს არ შეაქცევს. იმედია, არც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეგვაქცევენ ზურგსო. რა იქნება თქვენთვის იმის ნიშანი, ინდიკატორი, რომ საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ზურგი შეაქციეს სტრატეგიულ პარტნიორს-აშშ-ს?

იმედია, ამას არასდროს ვნახავთ. ვიტყვი, რომ ურთიერთობები ძლიერია და ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი. ბუნებრივია, გვექნება უთანხმოებები, მეგობრობაში ეს გარდაუვალია. მათი განხილვა პატივისცემით და ცივილიზებულად ასევე მნიშვნელოვანია. ასე მივალთ მოგვარებამდე, ერთმანეთის პოზიციის უკეთ გაგებამდე. ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობთ და ამის ერთმანეთს შორის, კერძო შეხვედრების დროს დახურულად გაკეთება გვირჩევნია, რადგან დიპლომატები ვართ. ზოგჯერ საჯაროდაც. ეს იმიტომ, რომ ვზრუნავთ საქართველოს წარმატებაზე.

ამდენი წლის განმავლობაში პარტნიორები ვართ და ვიცით, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული მომავლის, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე. სწორედ ამ ელემენტებით, პრინციპებით, ცხოვრობს ნატოს და ევროკავშირის თითოეული წევრი. გვინდა, საქართველოც შეუერთდეს ამ ერთა ოჯახს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გაატაროს რეფორმები და რთული სამუშაო გასწიოს, რომელიც გააძლიერებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამავდროულად უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკას და თავდაცვას.

დარწმუნებული ვართ, რომ საუკეთესო დაცვა და მეზობლის აგრესიის შემაკავებელი არის ძლიერი დემოკრატია და ეკონომიკა. ამიტომაც, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მხარს უჭერს თქვენს მცდელობებს: აშენდეს ძლიერი საქართველო.

ვფიქრობ, ქვეყანას გასაოცარი პროგრესი ჰქონდა ბოლო 20-25 წელი. შეხედეთ თავდაცვის ძალებს, სანაპირო დაცვას, მესაზღვრეებს – ესენი ბევრად ძლიერი და შესაძლებლობების მქონე ინსტიტუტებია საზღვრის დაცვის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომელიც ქართველებს სჭირდებათ და უნდათ.

იგივეა ეკონომიკაშიც – იგი დივერსიფიცირდა და ასე ძალიან აღარაა დამოკიდებული რუსეთზე, არცაა საჭირო, რომ იყოს. ბაზრების ბევრი ალტერნატივაა. ბევრი ქართული ბიზნესი და ფერმერი რუსეთს შორდება და გადადის უფრო სანდო ბაზრებზე. რთულია რეფორმების გატარება, რომლებიც საჭიროა დემოკრატიის აშენებისთვის, საბჭოთა მოდელიდან ისეთზე გადასვლა, რომელიც ქართველების სასურველ უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ევროპისკენ გზაზე, ევროკავშირისა და ნატოსკენ გზაზე, 100%-ით გვინდა მხარი დაგიჭიროთ. საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების, ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების გასაკეთებელია სამუშაო. ჩვენ მხარდაჭერა შეგვიძლია. მაგრამ როგორც ვთქვი, აშშ ზურგს არ შეაქცევს საქართველოს და იმედი გვაქვს, არც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეაქცევენ ზურგს აშშ-ს. ახლა კარგი პარტნიორობა გვაქვს, ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხზე. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა მხოლოდ გაძლიერდება. ძალიან ბევრი გვაქვს საკეთებელი.

  • რუსულ პროპაგანდაზე მინდა გკითხოთ: რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსულ პროპაგანდას ხშირად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების გზავნილები. თქვენი აზრით, რამდენად იზრდება საფრთხე, როცა კრემლის რუპორი არიან არამხოლოდ ცალკეული ჯგუფები, არამედ უშუალოდ მთავრობა?

ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს ქართველებისთვის ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების, რუსეთის საგარეო მინისტრის ან დუმის სპიკერის მოსკოვში ნათქვამის თბილისში გამეორება. მე ამით გაკვირვებული ვარ. ვიცით, რომ ასეთი პროპაგანდის მიზანი ქართველების გაყოფაა, ყურადღების გადატანა და ერთმანეთში ბრძოლაა, და საზოგადოების დაბნევაა, რადგან ხალხი არ იყოს დარწმუნებული, რა ხდება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი დროა. ამ ტაქტიკას რუსეთი დიდი ხანია იყენებს. ქართველებს ეს საბჭოთა პერიოდიდან, უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც კი, ეცოდინებათ. მნიშვნელოვანია, ფხიზლად ვიყოთ ასეთი პროპაგანდის მიმართ, რომელიც ცდილობს, შეარყიოს საქართველოს ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ; საქართველოს მეგობრობა და პარტნიორობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრებთან. ესაა პროპაგანდის მიზანი – საქართველო ევროპული გზიდან გადაიყვანოს.

რაც ბოლო დროს ვნახეთ – ასი ათასამდე ადამიანი გამოვიდა მთელს ქვეყანაში იმის სათქმელად, რომ ევროპა სურს. საქმე ეხებოდა არა პოლიტიკას, პარტიებს, პოლიტიკოსებს, არამედ ხალხმა მშვიდობიანად გამოხატა ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ. ამ გზავნილის იგნორირება არავის შეუძლია და არცერთმა მთავრობამ არ უნდა უგულებელყოს ის.

ახლა დროა, ყველა ქართველმა, განსაკუთრებით პოლიტიკურმა ლიდერმა, შეწყვიტოს დაპირისპირება, გაერთიანდეს საქმის კეთებაზე, რათა აჩვენოთ ევროკავშირს საქართველოს სრული ერთგულება ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის საჭირო რეფორმებისადმი.

იმუშავეთ, რათა დეკემბერში ყველამ ვიზეიმოთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს მარტო მაშინ მოხდება, თუ საქართველო შეასრულებს ამისთვის საჭირო რთულ სამუშაოს.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ხვდებიან „შუახევიჰესის“ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაუზიარონ ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითხებზე.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

„ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში. „შუახევიჰესის“ ოპერირების არეალში არსებულ სკოლებში ტარდება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, სადაც არაფორმალურ გარემოში  ვესაუბრებით ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე. დღეს, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩვენი გუნდი აწვდის ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამავდროულად, მათი ჩართულობით ვახორციელებთ პრაქტიკულ აქტივობებს, რათა მომავალში გარემოზე ზრუნვა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს“განაცხადა კომპანიის გარემოსთან შესაბამისობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო გაგუამ.

„გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები დღითიდღე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსთვის. შესაბამისად, ბიზნესსექტორი, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიების მწარმოებელი კომპანიები, დიდი ყურადღებით ეპყრობიან გარემოს დაცვის საკითხებს. ჩვენ ძალისხმევას არ  ვიშურებთ, რათა ვიყოთ პასუხისმგებლობიანი კომპანია, ავამაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში, მინიმუმამდე შევამციროთ გარემოზე ზემოქმედების რისკები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მდგრადი განვითარების კუთხით.“განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.

დედამიწის დღე 1970 წელს დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღინიშნება. ამ ქვეყნებს საქართველო 1990 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად იზრდება იმ კერძო კომპანიების რიცხვი, რომლებიც დედამიწის დღეს აღნიშნავენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 185 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 3 672 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 130 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 832 ერთეული [+5]
  • MLRS – 539 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 289 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 398 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 718 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 337 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 787 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 787 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 092 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 638 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 668 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი

შსს-ში გაცემული 23 მილიონი ლარის ჯილდო, დანამატი და დახმარება დაუსაბუთებელია – აუდიტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში 2021 წელს თანამშრომლებზე გაცემული, 23 მილიონ 344 ათას 352 ლარის ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი და ერთჯერადი სოციალური დახმარებები დაუსაბუთებელია.

ეს აღნიშნულია იმ სარეკომენდაციო წერილში, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუგზავნა.

„ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, შედეგად გაიცა უარყოფითი დასკვნა.“ – წერს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გენერალური აუდიტორი.

აუდიტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში 5 360 თანამშრომელზე გაცემულია 696 540 ლარის ფულადი ჯილდო, ხოლო, დეკემბერში 27 886 თანამშრომელზე – 8 285 400 ლარი.

„კანონის მიხედვით, ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის გათვალისწინებულ წახალისების საშუალებას.

2021 წლის მარტსა და დეკემბერში სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაცემული ფულადი ჯილდო კი არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული ბრძანების საფუძველი და ფულადი ჯილდოს გაცემის მოტივი“, – აცხადებს აუდიტი.

რაც შეეხება სახელფასო დანამატს, აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ეს დანამატი კანონით წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.

შს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი.

აუდიტის მიხედვით, შსს-ში წინასწარ დანიშნულმა და შემდეგ გაცემულმა თანხამ, მთელი წლის განმავლობაში ჯამში 10 475 464 ლარი შეადგინა. ეს თანხა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების 7 184 თანამშრომელზე გადანაწილდა.

„ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა დანამატის გაცემა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი ასევე თვლის, რომ „2021 წლის დეკემბერში ამავე სამინისტროს სტრუქტურებში, შს მინისტრის ბრძანებით გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარებებიც არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული ბრძანების საფუძველი და დახმარების გაცემის მოტივი.“

აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს, შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში 5 504 თანამშრომელზე ჯამში 3 886 948 ლარის სოციალური დახმარება გაიცა.

„სოციალური დახმარების თანხების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ უზრუნველყოს ერთჯერადი დახმარებების გაცემა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების საფუძველზე“, – წერს აუდიტი ვახტანგ გომელაურს.

როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები

ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, ნევროზი სხვადასხვა ნევროზულ აშლილობას აერთიანებს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ინგა შავაძე საუბრობს ნევროზული აშლილობის სხვადასხვა სიმპტომატიკასა და თვითმკურნალობის საზიანო შედეგებზე.

  • ქალბატონო ინგა, რა არის ნევროზი?

ნევროზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც საბედნიეროდ შექცევადია. ის ვითარდება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში. როცა ადამიანის შესაძლებლობები და სურვილები ვერ ემთხვევა ერთმანეთს, იშლება ადაპტაცია გარემოსთან.

ნევროზი ფართო ცნებაა და ძნელია მისი, როგორც ერთი დიაგნოზის განხილვა. ამ ტერმინის ქვეშ ერთიანდება არაერთი ნევროტული ტიპის აშლილობა, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ სამ ჯგუფში – დისოციაციური აშლილობები, შფოთვითი აშლილობები და სომატომორფული აშლილობები.

ყველაზე ხშირია სხვადასხვა ფონის შფოთვითი აშლილობები, მათ შორის პანიკური შეტევები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ნევროზული დეპრესია.

შეიძლება ნევროზის პროვოცირება ინტოქსიკაციით – იქნება ეს ალკოჰოლი თუ ფსიქოაქტიური ნივთიერებები (მაგალითად, მარიხუანა). ცხადია, საყურადღებოა მატრავმირებელი ფაქტორები და გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

ნევროზი ფუნქციური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს თავის ტვინი არ ზიანდება ორგანულად, ნევროზული რეგისტრის სხვადასხვა ტიპის დარღვევა ვითარდება ჰორმონალური (მაგ. სერატონინის, დოფამინის, ნორადრენალინის და ადრენალინის) დისბალანსის გამო.

  • რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ნევროზული რეგისტრის აშლილობები?

ზოგად სიმპტომატიკაზე რომ ვისაუბროთ, ასეთი ნიშნებია ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა – გაუცნობიერებელი შიში, ძილის დარღვევა, ასთენია, ანუ ნაკლები ენერგია. შესაძლოა გამოიხატოს აგრესიით ან ფსიქომოტორული აღგზნებით, ან პირიქით – ადამიანებთან კომუნიკაციის შეზღუდვით. შესაძლოა იყოს მადასთან დაკავშირებული ცვლილებები, დაქვეითება ან მატება.

ეს ყველაფერი ერთჯერადად აღმოცენებული არ არის, ყველას გაგვივლია რაღაც მოვლენასთან მიმართებაში, მაგრამ როცა ამას ეძლევა პერმანენტული ხასიათი, გაიწელა დროში, შეგვიცვალა ცხოვრების ხარისხი – მაშინ ვსაუბრობთ დიაგნოზზე.

ნევროლოგიური რეგისტრის დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს ფსიქოგენური თავის ტკივილი, ფსიქოგენური თავბრუსხვევა, შეიძლება გულყრა [კრუნჩხვა] განვითარდეს, ასევე ფსიქოგენურად და არა რაიმე ორგანული ტიპის დაზიანების გამო თავის ტვინში; ასევე ჰემიპლეგია [სხეულის ერთი ნახევრის დამბლა] ან ჰემიპარეზი [არასრული დამბლა].

სიმპტომატიკა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სომატური ტიპის ჩივილით, მაგალითად გულის აჩქარებით, გულის ტკივილით – ხელ-ფეხი გაუჩერდეს და ეს არ იყოს ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეული და იყოს ნევროზული. ამიტომაც არის, რომ ხშირად, ასეთი ჩივილებით, პაციენტები შესაბამის სპეციალისტამდე [ფსიქიატრი, ნევროლოგი] სხვადასხვა ექიმს (მაგ. კარდიოლოგს, ენდოკრინოლოგს) მიმართავენ.

ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე სომატურმა დაავადებამაც, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს (ე.წ. ჩიყვს, თირეოტოქსიკოზს) ახლავს ძალიან ხშირად, გაღიზიანებადობა, მაღალი წნევები, შფოთვა და ა.შ.

ჩვეულებრივი მაგალითი რომ განვიხილოთ, როდესაც ადამიანს ეშინია ძაღლის, მასთან ჩავლის დროს გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც იწვევს გულის აჩქარებას, წნევის მატებას, სახეზე შეწითლებას, შიშის შეგრძნებას, რაც ალბათ ყველას გამოუცდია;

როდესაც საფრთხე გადადის, ეს ყველაფერი უბრუნდება თავის ნიშნულებს. იმ შემთხვევაში, როცა საუბარია ნევროზულ აშლილობაზე, ორგანიზმში ჰორმონების ეს აწეული მაჩვენებლები რჩება. შესაბამისად, კლინიკა ხანგრძლივდება, ადამიანს ეუფლება შიში, რომ არის ცუდად, იქმნება მანკიერი წრე და ღრმავდება მდგომარეობა.

ეს საკმაოდ რთული სადიაგნოსტიკოც შეიძლება იყოს, რადგან არანაირი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული მაჩვენებლები ამას არ აქვს, რითაც შეიძლება დიაგნოზის დასმა, რომ ეს არის ნევროზი. უბრალოდ, კარგად შედგენილი ანამნეზი და კარგი ფსიქოდიაგნოსტიკა გვჭირდება, რომ მივიდეთ დიაგნოზამდე.

  • თვითმკურნალობა რამდენად საზიანო შეძლება იყოს?

მოსახლეობა ძალიან ხშირად რჩევით მკურნალობს ნევროზულ აშლილობებს – „მეზობელმა დალია და მეც მომიხდება“. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა. ამას ემატება ისიც, რომ სამწუხაროდ, მედიკამენტები არ არის ხელმისაწვდომი და ხდება ისე, რომ ადამიანები ეჩვევიან საძილე პრეპარატებს, იღებენ ნეიროლეფტიკებს ან ანტიდეპრესანტებს… ისეთ წამლებს, რომელთა ადეკვატური შერჩევა, შეიძლება სპეციალისტისთვისაც არ იყოს ადვილი.

ხშირ შემთხვევაში, როცა პაციენტი მოდის, გვიწევს ბრძოლა დაავადებასთან, გვიწევს ბრძოლა წამალდამოკიდებულებასა და მენტალური პრობლემასთან ცალკე. ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა მენტალური დაავადებების შესახებ, რის გამოც გვჭირს პრობლემის აღიარება სხვასთან და საკუთარ თავთანაც.

შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს ისეთი სერიოზული სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელია რომელიმე სომატური დაავადებისთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული მიმართვა კვალიფიციურ სპეციალისტთან.

ევროზული რეგისტრის აშლილობის მქონე პაციენტმა უნდა მიმართოს ფსიქიატრს და ნევროლოგსაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს ფსიქიატრთან. საქმე ის არის, რომ არსებობს ამ რეგისტრის დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნევროლოგის კომპეტენციაა, თუმცა დაავადებების უფრო ფართო სპექტრი, ფსიქიატრის კომპეტენციაა.

  • მკურნალობა როგორია?

მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური და ფსიქოთერაპია, შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის შეცვლას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე უარის თქმას; შეიძლება იყოს გამოწვეული მედიკამენტური მდგომარეობით და მედიკამენტის მოხსნამ შეიძლება მოაგვაროს პრობლემა. ხშირად ნევროზული აშლილობაც ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულების მიზეზი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველთვის არ არის საჭირო მედიკამენტური მკურნალობა და შეიძლება შემოვიფარგლოთ ფსიქოთერაპიით, რომლის კულტურაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს და არც ფუფუნება გვაქვს ფსიქოლოგების ნაკლებობის გამო.

რა თქვა დეგნანმა აშშ-ში უვიზო მიმოსვლაზე: „ვისაც ვხვდები, საქართველოს დატოვება არავის სურს“

„არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა,“ – ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში. მას ვკითხეთ, გადახედავს თუ არა აშშ საქართველოსთან სავიზო პოლიტიკას და ხომ არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუ ევროკავშირი შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს?

„ეს  განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. გვაქვს გაცვლითი პროგრამები. ვფიქრობ, ახლა აშშ-ში ათასამდე ქართველია სხვადასხვა პროგრამით და ვიზის სხვადასხვა კატეგორიით. არ მგონია, რომ ამ ორ მოვლენას შორის დიდი კავშირი იყოს.

ყოველთვის გვიხარია ქართველების ჩამოსვლა აშშ-ში. გვაქვს ჩვენი მოთხოვნები აშშ-ში შემომსვლელთათვის. ყოველთვის მივესალმებით ქართველების მონაწილეობას ჩვენს გაცვლით პროგრამებში. ბევრი მათგანი განათლებასთანაა დაკავშირებული, ზოგი ეხება კონკრეტულ თემას – გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ბიზნესის განვითარება. ბევრი გზაა, ქართველებისთვის, აშშ-ს ეწვიონ,“ – უთხრა კელი დეგნანმა „ბათუმელებს“.

ელჩს ასევე ვკითხეთ, რას ეტყოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად მიემგზავრებიან.

„ვეტყოდი, რომ ძალიან გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ, არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა, ძვირია, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს ბევრ შემთხვევაში, ეს ცუდი იდეაა. თუ დაგიჭერენ, მომავალში ვეღარ შეხვალთ აშშ-ში, ანუ უარს ამბობთ შესაძლებლობაზე აშშ-ს ეწვიოთ ლეგალურად.

დიახ, ვიზის მიღებას ბევრი ნაბიჯი სჭირდება,და ვცდილობთ მაქსიმალურად გავამარტივოთ. ვიცი, ზოგი ადამიანისთვის ეს რთულია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დაიცვათ წესები, მივესალმებით თქვენს ლეგალურად ჩამოსვლას, მაგრამ ნუ ჩამოხვალთ არალეგალურად, ეს ძალზედ სახიფათოა,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

რა უნდა გააკეთოს ამ ტენდენციის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ? – ვკითხეთ აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს.

„მთავრობამ უნდა განაგრძოს [იმაზე ზრუნვა], რომ აქ დარჩენა ხალხისთვის მიმზიდველი იყოს. არის რამდენიმე პროგრამა, რომლებიც, თუ არ ვცდები, ამაზეა მიმართული.

შეხვედრა მქონდა გუშინ ქართველ ანტერპრენერებთან, GITA-ს დახმარებით, ბათუმში. ასეთი სააგენტოები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს ოცნებების ახდენაში, ბიზნესის დაწყებასა და გაზრდაში აქ, საქართველოში – სწორედ ამას ეძებენ ქართველები. უმრავლესობას, ვისაც შევხვედრივარ, საქართველოს დატოვება არ სურს და საქართველო უყვარს. ვხედავ, რატომაც – ბრწყინვალე ქვეყანაა.

სხვა ქვეყნებში სტუმრობა და მოგზაურობა, მათი გამოცდილებიდან იდეების ჩამოტანა, ძალიან კარგია, მაგრამ მგონია, რომ ქართველებს დარჩენა, ოჯახის გაზრდა და ბიზნესის წარმოება თავიანთ ქვეყანაში სურთ,“ – გვითხრა კელი დეგნანმა.

ამბავი ზღაპრულ სოფელზე, სადაც ცხრათავიანი დევიც ცხოვრობს – გელაძეები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე

ხულოს ცენტრს რომ გაივლი, მალევე შეხვდები გადასახვევს, საიდანაც სოფელ გელაძეებში მიხვალ. უფრო სწორად ახვალ, რადგან გზა მკვეთრად დახრილ მაღლობზე ადის. თუ ბუნების სილამაზით ტკბობა გიყვარს, ამ გზის ნახევარი მაინც, სოფლის ცენტრამდე, ფეხით უნდა გაიარო. ზღაპარში მოხვდები, ისეთ ზღაპრულ სიუჟეტებს ნახავ წიგნებში ან ფილმებში რომ არის და რეალური არ გგონია.

გელაძეები – სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში, დიოკნისის თემი. ზღვის დონიდან 1210 მეტრზე მდებარეობს. ხულოს ცენტრიდან დაშორებულია 8 კმ- ით
სოფელი გელაძეები – ხულო

აპრილში აქ მინდვრის ყვავილები ხარობს, ერთ მონაკვეთში ყვითელი, მეორე მონაკვეთში თეთრები, მელნისფერები, იისფერები – თითქოს საგანგებოდ ფლორისტის მიერ არის დაპროექტებული.

პერიოდულად თბილი სიო რომ დაუბერავს, ამ ყვავილებს ისე არხევს და აშრიალებს, რთულია თვალი მოსწყვიტო მათ. აყვავებული ხეებიდან კი „თოვს“.  ხეების ქვეშ „ფიფქების კორიანტელს“  ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი ედება ფონად, უწყვეტად.

სოფელი გელაძეები

ზღაპრული სიუჟეტი ამით არ მთავრდება, გზას ხომ მეორე მხარეც აქვს. მეორე მხარეს უკვე დამუშავებული ყანებია, თითქოს „მიწა დავარცხნესო“ – სწორ ხაზებად მიჰყვება ზოლები ერთმანეთს, ცოტა ზემოთ კი გზის პირას ფერადი სახლებია, ფერადი ხის სახლები, ზოგი პატარა, ზოგი დიდი ხის მოაჯირებიანი აივნებით.

სოფელი გელაძეები- ხულო
სოფელი გელაძეები, ხულოს მუნიციპალიტეტი
სოფელი გელაძეები, ხულო
სოფელი გელაძეები – ხულო
ხულო, სოფელი გელაძეები

გზას როცა მიუყვები და თან ეზოებს და სახლებს ათვალიერებ, სილამაზით ტკბობის, პირველი აღფრთოვანების შემდეგ ხვდები, რომ ეს გზა, ეზოები ფერდობები, ისეთი სუფთაა, თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ გაიღვიძა დილით ძალიან ადრე, როცა ყველას ეძინა და 11 საათისთვის უკვე მთელი სოფლის გზები და ეზოები დაასუფთავა.

სოფელი გელაძეები ხულო
სოფელი გელაძეები – ხულო
საგაზაფხულო სამუშაოები, მიწის დამუშავება ძირითადად დასრულებულია, ახლა სასუქი გააქვთ – ხულო, სოფელი გელაძეები

მაგრამ როგორც ყველა ზღაპარში, აქაც არის „ცხრათავიანი დევი“, რომელსაც როგორც აქ ამბობენ, „სოფლის დაპატრონება უნდა.“  ამ „დევის“ შიშით  ბევრმა უკვე ჩაალაგა ბარგი, „გამოკეტა სახლი“ და წავიდნენ, ბევრიც წასვლას აპირებს: „ახლა აქ უფრო ბევრი ვართ, ბაირამზე ამოვედით, ზამთარში სახლების უმეტესობა დაკეტილია“, – სოფელ გელაძეების ამბის ცხრათავიანი დევი მეწყერია, მოძრავი მიწა, რომელიც ყველას „გადაყლაპვით ემუქრება.“

გაზაფხულზე სოფელში დაბრუნდნენ ისინიც, ვისაც ბინა ქალაქში მთავრობამ უქირავა: „ბინა გვიქირავეს, მაგრამ რა ვქნათ, ბავშვებს რა ვაჭამოთ? – სამუშაო იქ არ გვაქვს, ან საკმარისი არ არის. კარტოფილი მაინც ხომ უნდა მოვიყვანოთ. თუ არ დათესე რას შეჭამ? – მთავრობამ ერთი კი გამოიარა, შეგვამოწმა, მაგრამ უცადე ახლა.

ველოდებით დაფინანსებას, არ შეიძლება აქ ცხოვრება. ჩახვალ მოიკითხავ, დღეს იქნება, ხვალ იქნება. ყველა ჯიბეს უყურებს, გლეხს არავინ. დეპუტატი? – ანზორ ბოლქვაძე ჯერ აქ დანახული არ მყავს, ბინების ყიდვას ვერ უთავდება“, –  გვიყვება ნანული დიასამიძე და თან დაჟინებით გვთხოვს ის ადგილები გადავიღოთ, რომლებიც ბოლო დროს დაიმეწყრა.

ნანული დიასამიძე- სოფელი გელაძეები, ხულო

ნანული დიასამიძემ თავისი სახლის ქვეშ გვაჩვენა, როგორ არის მიწა გაბზარული და ორ ნაწილად გაყოფილი.

„მაინცა და მაინც მიწის ქვეშ უნდა მოვყვეთ?“ – ამ კითხვას მთავრობის გასაგონად სვამს ის, ვისაც მეწყრის გამო წასვლა უნდა, მაგრამ წასასვლელი არ აქვს.

„სახლი სიძველისგან არის დაწეულიო გეოლოგმა, ხომ ნახეთ გაბზარული მიწა ეზოში. ესეც სიძველისგან არის? – ჩვენი სახლი 50 წლისაა. უკანა მხარე საერთოდ დაწეულია, ჩავარდნილია ეროზიისგან. ეს ჩვენი ერთადერთი სახლია და დასკვნა დაგვიწერეს სახლი სიძველისგან გაფუჭდაო. გეოლოგები მოდიან და მიდიან. მაჟორიტარი საქმის კურსშია, მაგრამ რას გააკეთებს, არ ვიცით, სამი წელია დაპირებებს ვიღებთ“, – ამბობს ნოდარ დიასამიძე.

„ამ სახლში ძალიან მეშინია. ბავშვებით ვართ. 3 შვილიშვილი მყავს და 4 ობოლს ვუვლით. ამ ობლებს მაინც დაეხმაროს მთავრობა, რომ სახლი ჰქონდეთ“, – გვითხრა თალიკო დიასამიძემ. – „ძმა და რძალი ავარიით დაგვეღუპნენ და ბავშვები ჩვენთან არიან“. 

„აქაურები ფიქრობენ, რომ მეწყრული პროცესები ჰესების მშენებლობამ დააჩქარა. „ისედაც თავატკენილი იყო მიწა, შემდეგ მაგ ჰესებმა ქნა, რაც ქნა. ავადმყოფს რომ კიდევ რაღაც დაემართება, ხომ იცი“. – გვიყვება ნანული.

წყალი, გზა, ტრანსპორტი, სამუშაო – ამ პრობლემებს ებრძვიან, ცდილობენ თავი გაართვან, მაგრამ იციან ისიც, რომ ცხრათავიან დევს ვერ მოერევიან: „აქ არ იცხოვრება, ადრე თუ გვიან აქედან ყველა წავა.“

სოფელი გელაძეები

სოფელში გზა რომ გაიკვლიო, პატარა ბიჭებს უნდა შეხვდე, მათგან გაიგებ სოფლის ნამდვილ ამბებს, რაზეც სხვა არავინ მოგიყვება. მათ იციან, სად უნდა მიხვიდე, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგო ამ სოფლის ცხოვრებაზე, იციან „ბაწრის გზებზე“, საიდანაც მოკლე და მწვანე ნაძვებში ჩამალული გზებით „მოკლეზე მოჭრი“ რამდენიმე კილომეტრს, თუმცა „ბაწრის გზებზე“ გადაადგილება არც ისე მარტივია, ვიწროა და ციცაბო, თავად არ უჭირთ, სულ სირბილით ადიან და ჩამოდიან.

ამათგან ერთი პულტიან მანქანაზე ოცნებობს, მეორეს ზღაპრების წიგნი უნდა, მესამემ არ გაგვიმხილა თავისი ოცნება – სოფელი გელაძეები

ჩვენმა მეგზურმა ბიჭებმა სოფელ გელაძეების ცხრაკლასიან სკოლამდე მიგვაცილეს. ეს სკოლაც ისეთივე „მილევადია,“ როგორც სოფელი. სკოლაში ახლა სულ 23 მოსწავლეა. სკოლა აქაც ისეთივე მკაცრად ავტონომიურია, როგორც სხვა სოფლებში, დირექტორმა სკოლაში შესვლის უფლება არ მოგცა და კართან იდგა, ვიდრე იქაურობა არ დავტოვეთ.

სოფელ გელაძეების სკოლა

ამ სკოლის წინ პატარა სტადიონი ჩვენი მეგზური ბიჭების მთავარი გასართობი ობიექტია. ზოგადად, თამაშობენ „მანქნობანას,“ „მგელობანას,“ მაგრამ ფეხბურთი ყველაზე მეტად ჰყვარებიათ: „ფეხბურთი, უუუუუ ფეხბურთი ყველაზე მაგარია.“

სკოლაში მისვლამდე მიამბეს, რომ „ბაირამის“ მოსვლა უხარიათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ბაირამს“  მოჰყვება ტკბილეული შეუზღუდავად, უფრო იმიტომ, რომ „ხალხი ამოვა“. მხოლოდ ერთმა უარყო ეს: „არ მიხარია მათი ამოსვლა, დამიწყებენ რაფერ ხარ, რაფერ ხარო.“

ხალხის, ადამიანების დეფიციტი სოფელში მართლა იგრძნობა.

სკოლასთან სოფლის მაღაზიაა. მაღაზიაში მიხეილ ანთაძე მუშაობს. ის სოფლის ტრანსპორტის გარეშე დატოვებაზე წუხს.

„სოფელში ტრანსპორტი კვირაში ერთი დღე მაინც რომ დადიოდეს, კარგი იქნება. აქედან 3 კილომეტრი უნდა გაიარო, სოფელ პაქსაძეებში რომ ჩახვიდე, იქიდან რამეს გაჰყვე. ან აქ უნდა ეხვეწო იმას, ვისაც ტრანსპორტი ჰყავს. თუ წასაღებ-მოსატანი გაქვს, ძალიან რთულია. ხან ვცდილობთ რამეს ხულოს ცენტრამდე გავყვეთ, რომ იქიდან წავიდეთ. უკან რომ დავბრუნდებით, იგივე გზა გვაქვს გამოსავლელი. ეს ძალიან რთულია. ერთი დღე მაინც რომ იყოს კარგი იქნებოდა. პაქსაძეებიდან მგზავრობა 12 ლარია“, – მიხეილ ანთაძე.

მიხეილ ანთაძე

კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რაც გელაძეებში აწუხებთ, სასუქის ფასებია. მთავრობა ვაუჩერს მცირემიწიანებს არ აძლევს, არადა აქ უმრავლესობა მცირემიწიანია.

„სამალავი რამე არაა, 1000 მეტრი მიწა გვაქვს, სასუქის ყიდვა გვიჭირს. სოციალური დახმარება გვაქვს, მაგრამ სოციალურით ვერ გაიტან თავს, ბავშვები გვყავს“, – გვყვება თალიკო გელაძე.

ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ: „სოციალური გვაქვს და არ მინდა“, „ეგ ჩემი საქმე არ არის, მთავრობამ მისი საქმე იცის“, „მაგაზე არ დაწეროთ, დახმარებას მომიხსნიან.“

მხოლოდ მაღაზიის გამყიდველმა, მიხეილ ანთაძემ გვითხრა, რომ აწუხებს „ამდენი ჩხუბი ტელევიზორში.“ ხაზგასმით გვითხრა ისიც, რომ ეს ჩხუბი მეტწილად „ოპოზიციის ბრალია.“

ელფების სახლი არ გეგონოთ, ნამდვილია

შევხვდით 19 წლის ხატია გელაძეს. მან გვითხრა, რომ ძირითადად სახლშია და მისი ასაკის ადამიანებისთვის სოფელში გასართობი არაფერია, არც ინტერნეტი აქვთ: „ტელეფონის ინტერნეტით ვსარგებლობთ“. ხატიამ გვითხრა, რომ სწავლა ვერ გააგრძელა, რადგან „ამის საშუალება არ იყო.“

ჩვენი იქ ყოფნის დროს, სოფელში ბაირამის სამზადისი, სამზარეულოების ფანჯრებთან „მოხალული“ ფქვილის სურნელი იგრძნობოდა.

„ვეფერებით ბაირამს, ვემზადებით, ჰალვას ვწვავთ, მკვდრების სულისთვის ტკბილეულს სასაფლაოზე გავიტანთ. შემდეგ არის ერთმანეთთან სტუმრობა, ტკბილეულის დარიგება“, – გვიყვება მანანა დუმბაძე.

მანანა, თალიკო და ნანული

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე.

ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს.

„20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების წინ მეც ამ სკოლაში დავამთავრე ცხრა კლასი, თუმცა ჩემ დროს 80-90 ბავშვი ვიყავით სკოლაში.

მაშინ ძველი სკოლა გვქონდა, ახლა გაგვიკეთეს, თუმცა სამწუხაროდ, მიგრაციის გამო უკვე წლებია კლასში ბავშვების რაოდენობა იკლებს. ისე გადის წლები, ერთი მოსწავლე გვიზის ხოლმე კლასში“, – ამბობს თეონა გელაძე.

პაქსაძეების საჯარო სკოლაში მხოლოდ 11 ბავშვი სწავლობს

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში, ადრე 60 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი სახლების ნახევარი გამოკეტილია. მოსახლეობა ქალაქში გადადის საცხოვრებლად ან ემიგრაციაში მიდის. სოფელში ამბობენ, რომ თუ მოსახლეობის მიგრაცია არ შეჩერდა, სკოლას შესაძლოა ბავშვების ეს რაოდენობაც აღარ შერჩეს.

თეონა მეზობელ სოფელშიც ასწავლის ქართულ ენას. პაქსაძეების მსგავსად, გელაძეების სკოლაც მილევადია, თუმცა აქ ბევრად ნაკლები ბავშვია.

პედაგოგის თქმით, კლასში მარტოდ ყოფნა რთულია ბავშვებისთვისაც.

„ჩვენ, მასწავლებლები, ვცდილობთ არ ვაგრძნობინოთ ეს დანაკლისი ბავშვებს, მაგრამ მაინც სევდიანია ეს მათთვის, რადგან ყველა ბავშვს სურს თანატოლი მეგობარი ჰყავდეს.

ერთი დადებითი ის არის, რომ სწავლა-სწავლების პროცესში უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო მეგობრულები ვართ ერთმანეთთან და ცოდნასაც იღებენ.

აქედან მასწავლებლების გამო არავის გადაჰყავს ბავშვი. ხალხია დაუსაქმებელი და ეს არის მიზეზი, რომ სოფლიდან მიდიან. ეს ბავშვებიც მხოლოდ იმიტომ შემოგვრჩა, რომ მათი მშობლები ჯერჯერობით დასაქმებულნი არიან სოფელში.

სხვა მხრივ, ჩვენც ისეთი პედაგოგები ვართ, როგორებიც ქალაქში არიან. როცა მშობელი დასაქმების გამო გადადის ქალაქში, შვილიც მიჰყავს, აქ ვის უნდა დაუტოვონ?“ – გვეუბნება თეონა.

თეონა გელაძე, მასწავლებელი

მისი აზრით, მიგრაციას მოსახლეობის დაუსაქმებლობის გარდა სოფელში არსებული მეწყრული პროცესები და ცუდი ინფრასტრუქტურაც იწვევს.

მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას მიგრაციას უკავშირებს სკოლის დირექტორი მიხეილ გელაძეც.

მისი თქმით, დღეს სოფელში მხოლოდ ის ნაწილია დარჩენილი, ვინც დასაქმებულია და ასევე ის, ვინც ქალაქში გადასვლას ვერ ახერხებს.

„გზები არ ვარგა, სოფლებში მეწყრული კერებია, იკლო მოსავალმაც. ქალაქში როცა მიდიან, უკან ამოსვლაც ძვირი ჯდება, ამიტომ გაიზარდა მიგრაცია.

სოფელში არის ის, ვინც დასაქმებულია და იღებს ხელფასს, არის მეორე კატეგორია – რომელიც წვალობს და არ შეუძლია ქალაქში ცხოვრება, ამიტომ იბრძვის აქ.

ხედავთ, ბალახია ამოსული ყანებში, რამდენი სახლია გამოკეტილი უკვე. სოფელში გართულდა ცხოვრება, მოსავალი ცოტა მოდის, კარტოფილი რაც მოჰყავს გლეხს, იმასაც თვითონ მოიხმარს, სადღაა გასაყიდი? ქალაქში რომ ჩაიტანოს, 40 თეთრი ღირს და ჯიბეში არაფერი აღარ ჩადის.

ბათუმში მშენებლობაზე იღებს 2000 ლარს ადამიანი, აქ რა ჭამოს? მეც მაქვს ხელფასი, მაგრამ არ მყოფნის“, – გვეუბნება დირექტორი.

მიხეილ გელაძე, სკოლის დირექტორი

მისი აზრით, მოსახლეობა სოფელში რომ დაბრუნდეს, ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას – გაკეთდეს გზები, დასაქმდეს ხალხი და გლეხს შეეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება.

„სხვა შემთხვევაში, სოფელში მიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალგაზრდობა ისედაც აღარ ბრუნდება უკან. სოფელში კი არა, ბათუმშიც აღარ ჩერდებიან და უცხოეთში მიდიან“ – ამბობს მიხეილ გელაძე.

თომა იაკობაძე

თომა იაკობაძე 9 წლისაა და ბედნიერია იმით, რომ მის კლასში ყველაზე ბევრი – ანუ 4 ბავშვია, მაშინ როცა, მეზობელ კლასში მხოლოდ ორი მოსწავლეა.

„ცოტანი კი ვართ, მაგრამ უფრო მეტად ვმეგობრობთ ერთმანეთთან. განსხვავებული ასაკის ვართ, მაგრამ არ გვიშლის ეს ხელს“, – გვეუბნება თომა.

დიმა გელაძე

სპორტით ერთობა დიმა გელაძეც. „ფეხბურთს, კალათბურთს ვთამაშობთ, გაკვეთილების დროს კი ვსწავლობთ“, – გვეუბნება ის.

სოფელში არც კინოა და არც თეატრი, თუმცა ბავშვები ამბობენ, რომ ამის დანაკლისს ტელევიზორით ივსებენ.

პაქსაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები
ფოტო: „ბათუმელები“

სკოლის შიდა სივრცეების დათვალიერება ვერ შევძელით. ვერც ის ვნახეთ, აქვთ თუ არა სკოლაში მოსწავლეებს სათანადო პირობები – ინტერნეტი, ლაბორატორია და კომპიუტერები, რადგან სკოლის დირექციამ და რესურსცენტრმა სკოლაში შესვლის ნება არ დაგვრთეს.

სანამ ზარი დაირეკება, 11 ბავშვი სკოლის გვერდით პატარა მოედანზე ერთ მწვანე ბურთს დასდევს. როგორც ჩანს, მათთვის ერთადერთი გასართობი სკოლის კედლებში ეს მოედანია.

იხილეთ ვიდეო პაქსაძეების სკოლაზე. 

სკოლა ხულოში, რომელსაც მხოლოდ 11 მოსწავლე ჰყავს

რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ბუდანოვი საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც მოხვდა.

ამის საპასუხოდ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ეს მათი მუშაობის კარგი მაჩვენებელია და პირობა დადო, რომ კიდევ უფრო უკეთესად იმუშავებს რუსი ოკუპანტების უკრაინიდან გასაძევებლად.

„თქვენ იცით, რამდენი ხანია ვმუშაობ და რაღაცნაირად უხერხულიც კი იყო, რომ ჩემთან დაკავშირებით იქ არავითარი გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული. ჩემთვის სასიამოვნოა“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

2022 წლის 8 ოქტომბერს მძლავრი აფეთქება მოხდა ქერჩის [იგივე ყირიმის] ხიდზე. რომელიც რუსეთის ერთადერთი სახმელეთო დერეფანია ოკუპირებულ ყირიმთან.

რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში იყო მოთავსებული, რომელიც რუსეთში ლარსის გავლით შევიდა.

რუსული მედიის ცნობით, ქერჩის ხიდზე სარკინიგზო ლიანდაგის დაახლოებით 1,3 კილომეტრი დაზიანდა.

რუსეთმა სწორედ ამ აფეთქებაში დაადანაშაულა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ აფეთქება ყირიმის ხიდზე თავად რუსეთმა განახორციელა.

უკრაინელი სამხედროები კი აცხადებდნენ, რომ ყირიმის ხიდს რუსული არმია საბრძოლო მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად იყენებდა, შესაბამისად, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო.

„ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს“ – კიდევ რას ურჩევს საქართველოზე დეგნანი აშშ-ის ახალ ელჩს

„ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში…“ – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. ელჩს ვკითხეთ, რას ურჩევს აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში და თავად რა შთაბეჭდილება შეექმნა ამ ქვეყანაზე?

„მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად. მომეწონა, რომ ამან აჩვენა, რა მრავალფეროვანია ეს ქვეყანა, ეს ასე კარგად არ ჩანს თბილისში. რეგიონებში ხედავ სხვადასხვა ტრადიციას, ისტორიას, მათ გავლენას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილზე, მაშინ ხვდები, რა გასაოცარია და რთულია ქვეყანა.

არის რაღაცები, რაც ყველა რეგიონს აერთიანებს – ესაა გასაოცარი სტუმართმოყვარეობა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული, ადამიანის უფლებების პატივისცემა, რაც თქვენი კულტურის ნაწილია,“ – გვითხრა კელი დეგნანმა.

ელჩმა გაიხსენა, პირველად როდის და სად გაიგო ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ:

„საქართველომ სრულიად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ქართული სტუმართმოყვარეობა აქ [საქართველოში ელჩობამდე] ჩამოსვლამდეც განვიცადე:

ერთხელ, ანკარაში, ქართველ დიპლომატთან ახალი წლის ბრწყინვალე აღნიშვნა მქონდა, როცა იქ ვმუშაობდი. ის ახლა ელჩია. მაშინ მე პირველად გავეცანი ქართულ სტუმართმოყვარეობას და მეგონა, რომ ასე ეს დიპლომატი და მისი ოჯახი იყვნენ. არც ვიცოდი, რომ მთელი ქვეყანა ასეთი თბილი, გულუხვი და სტუმართმოყვარეა.

ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო აქ ჩამოსვლა, ამ ქვეყანაში მოგზაურობა, ამდენ შთამაგონებელ ქართველთან შეხვედრა, რომლებიც ბიზნესს ქმნიან ან ეხმარებიან ქვეყანას დემოკრატიის აშენებაში, საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში, რაც საქართველოს აძლიერებს და აახლოებს ევროპულ მომავალთან.

ყველაფერი, რასაც აშშ-ში ვაკეთებთ, მხარს უჭერს იმას, რასაც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სურთ: ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, კეთილდღეობა, ძლიერი, დივერსიფიცირებული ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები.

რასაც აშშ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აკეთებს, არის იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ქართველების სურვილს: ააშენონ ძლიერი, მდიდარი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ევროპის გზაზეა.

რაც შევძელი ელჩობის 3.5-წლიანი პერიოდისას გამეკეთებინა ამის მხარდასაჭერად, ეს ჩემს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. ყოველთვის დავაფასებ წვლილს, რომელიც ჩემმა გუნდმა, მე და საელჩომ შევიტანეთ. დიდი ჯილდოა, საშუალება გქონდეს, დაეხმარო ქართველებს მათი მიზნების მიღწევაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კელი დეგნანმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, წელს ასრულებს თავის მისიას საქართველოში.

თიბისი და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თიბისისთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს თიბისი ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. დედამიწის დღის აღსანიშნავად, თიბისი და კომპანია „პოლივიმი“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.

პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანიას „პოლივიმი“. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე ურნები განთავსდება თიბისის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოლივიმის დაფუძნების მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასის ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლივიმი აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებულ პლასტმასის ნარჩენებს. კომპანია აგროვებს ოთხი ტიპის პლასტმასის ნარჩენებს: 1. PET, 2. HDPE, 4. LDPE, 5. PP და PET ბოთლებს გარდაქმნის PET ფანტელებად. PET ფანტელების რამდენიმე ეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებას და გადამუშავებას. წრიული ეკონომიკის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტის ხელახალი გამოყენება და წარმოებაში ჩაშვება დანაკარგების გარეშე, რაც თავის მხრივ ამცირებს რესურსების მოხმარებას. წარმოებული ნარჩენები გარემოში აღარ ხვდება, მცირდება პროდუქტების შექმნის დროს წარმოქმნილი გამოფრქვევები, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ერთად დადებითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თიბისი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.

„თიბისი ისწრაფვის, რომ 2025 წლისთვის ჩვენი პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე ნეტო-ნულოვანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტივობებით დავაკომპენსირებთ საქმიანობისთვის საჭირო გამოფრქვევებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ჩვენი ზეგავლენა გავზომოთ პარიზის შეთანხმების მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, რომლებიც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატების შესამცირებლად დაწესებული და საერთაშორისოდ აღიარებული მიზნებია. თიბისიში გვაქვს შიდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლითაც გარემოზე ჩვენს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას განვსაზღვრავთ. ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან ერთად, ჩვენ ვითვლით სათბური აირების ემისიებს, ვაგროვებთ ინფორმაციას საწვავის, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ქაღალდის რესურსების მოხმარებაზე, გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და 2015 წლიდან ქაღალდის გადამუშავებასაც ვახდენთ. საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია. პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

„იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც დაინერგოს, საჭიროა ყველა ორგანიზაციის, მათ შორის, კერძო სექტორის და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა თიბისი. მტკიცედ გვჯერა, რომ მდგრადობისკენ მზარდი ნაბიჯების ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას“. – ბექა ფონჯავიძე, პოლივიმის კომერციული მენეჯერი.

პლასტმასის მასიური წარმოების ისტორია მხოლოდ 1952 წლიდან იწყება, ამის მიუხედავად, მისი საზიანო გავლენა გარემოზე და ადამიანებზე უკვე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 180 მილიონი ტონა პლასტმასა ბუნებრივ გარემოში ან ნაგავსაყრელებზე გაიბნევა, 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ოკეანეებში. კვლევების თანახმად, ყოველი კვირის განმავლობაში 5 გრამი პლასტმასა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ადამიანთა ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შესაძლებელია არსებული ზიანის შემცირება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასის ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე.

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზა 22 აპრილს პერიოდულად ჩაიკეტება

22 აპრილს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დღის განმავლობაში პერიოდულად ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივ გზებზე გადაერთვება.

  • ავტომაგისტრალის კმ67-კმ68 მონაკვეთზე,  2023 წლის 22 აპრილს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და  15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება 45 წუთიდან 1 საათამდე ინტერვალებით.

აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია / ფოტო: 20.04.2023

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.“ – აცხადებს დეპარტამენტი. გზის პერიოდული ჩაკეტვა კი ამ სამუშაოებს უკავშირდება.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია / ფოტო: 20.04.2023

გზის აღნიშნული მონაკვეთი პრობლემური იყო 2022 წელსაც.

ნახეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან:

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

„რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე?“- აშშ-ის ელჩის კითხვა მთავრობას სანქცირების შემდეგ

„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ…“ „ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე საუბრის დროს.

დღეს, 21 აპრილს, კელი დეგნანმა „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს ვრცელ ვერსიას „ბათუმელები“ მალე შემოგთავაზებთ.

გუშინ, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ, უკვე მესამედ შეუშალა. საუბარია კომისიაზე, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

„ხელისუფლება მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემაში კორუფციას. მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით თქვენ აღნიშნეთ, რომ „არავითარ შეცდომას არ აქვს ადგილი, აშშ აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას.“ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს კორუფციას? – ვკითხეთ კელი დეგნანს, აშშ-ის ელჩს საქართველოში.

„ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. დავიწყებ იმით, რომ საქმე მარტივადაა და არა რთულად, პოლიტიკური დრამის საჭიროება არ არსებობს.

აშშ-ში, როდესაც გვაქვს საკმარისი და სანდო ინფორმაცია კორუფციის შესახებ, კანონი გვავალდებულებს, დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები/სანქციები. ინფორმაციის შემოწმების პროცესი ძალიან საგულდაგულოა. შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა სახელმწიფო მდივანს, ის თავის შეფასებას აკეთებს და მწვანე შუქს უნთებს სანქციებს. ასეთია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესი აშშ-ში.

ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, რომ ეს 4 პირი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს მართლმსაჯულებას და დაბლოკეს საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა.

თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიება სურს, საკუთარი მეთოდებით, პარლამენტიდან თუ პროკურატურიდან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება ამავე დასკვნამდე მივა.

არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.

რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.

ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ.

იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოიყენებს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, პარლამენტს თუ სხვა ინსტიტუტებს, კორუფციის ბრალდებებს გამოიძიებს და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მართლაც ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

„რას აჩვენებს თქვენთვის პარლამენტის მოქმედება ამ შემთხვევაში, როცა არ ქმნიან საგამოძიებო კომისიას?“ – ვკითხეთ აშშ-ის ელჩს საქართველოში.

„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტები, ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი,“ – გვითხრა კელი დეგნანმა.

—————

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

რამადანის ბაირამი ბათუმის ძველ და ახალ მეჩეთებში [ფოტო]

მუსლიმები დღეს, 21 აპრილს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დღეს დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. ხალხის სიმრავლის გამო მორწმუნეთა ნაწილს ლოცვა ღია ცის ქვეშ, წვიმაში მოუწია.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მუსლიმებს ბაირამი მიულოცა.

„დღეს მთელი ისლამური სამყარო რამადან ბაირანს აღნიშნავს. რამაზნის თვის განმავლობაში ერთთვიანი მარხვით, ლოცვით, მოწყალების გაღებით მიღწეული სულიერი ამაღლების, ვნებებზე გამარჯვების დღესასწაულია ბაირამი.

დღეს ჩვენი სარწმუნეობრივი და მოქალაქეობრივი ვალია ძალ-ღონე არ დავიშუროთ და ბაირამი საყოველთაო სიხარულად ვაქციოთ,“ – თქვა  ადამ შანთაძემ ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ.

რამადანის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
რამადანის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
რამადანის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
რამადანის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
ბათუმის ახალი მეჩეთი
რამადანის ლოცვაზე ბათუმის ორთა ჯამეში მისული მორწმუნეების ნაწილმა ისევ ქუჩაში ილოცა ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
რამადანის ლოცვაზე ბათუმის ორთა ჯამეში მისული მორწმუნეების ნაწილმა ისევ ქუჩაში ილოცა ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები ერთმანეთს მარხვის დასრულებას ულოცავენ

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია; ზღვის ღელვა 2-3 ბალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავის ფორმირება გამოიწვიოს.“

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 23 აპრილს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი 24 და 25 აპრილს კი, მოსალოდნელია წვიმა.

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ორ კვირაზე მეტია გათიშულია პარკირების გრაფა, სადაც პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმებული მძღოლების ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სერვერზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობენ.

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტო-მასალა, გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 185 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 3 668 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 126 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 827 ერთეული [+2]
  • MLRS – 539 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 394 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 713 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 334 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 411 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 782 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 773 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 091 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 633 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 650 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დაზვერვამ ამხილა რუსი ოფიცერი, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების წამებაზე ბრძანებას გასცემდა

ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

დაბა ქედაში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 7 მილიონ 80 ათასი ლარით გამოაცხადა. სოციალური სახლი ქედაში, თამარ მეფის ქუჩა N9-ში უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მითითებულ მისამართზე დააპროექტოს შენობა, შეადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყებს მშენებლობას. ამ ყველაფრისთვის კი, ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე [2 წელი ექნება].

სამუშაოები ტერიტორიის შესწავლას, ასევე იქ არსებული შენობების დემონტაჟსაც ითვალისწინებს. სხვა მოთხოვნებთან ერთად „მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს საპროექტო ტერიტორიის სპეციფიკაციები და შესაბამისად დაგეგმოს ტერიტორიაზე მისასვლელი გზები და ავტოსადგომები“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 მაისს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება.

სოციალურ სახლში მინიმუმ 50 საცხოვრებელი ბინა უნდა იყოს. მათგან არანაკლებ 15 – ოროთახიანი, 20 – სამოთახიანი და 15 – ოთხოთახიანი ბინა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქედის მერიას, თუ რა კატეგორიის ოჯახებისთვის შენდება სოციალური სახლი, ზოგადად, რამდენი ოჯახის დაბინავების საჭიროება დგას და საიდან გამოიყო თანხა მშენებლობისთვის.

„ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული რა კატეგორიის მოქალაქეები დაკმაყოფილდება ბინებით. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც განცხადებების და გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩევს ოჯახებს“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესსამსახურიდან.

მერიაში ასევე გვითხრეს, რომ „სოციალური სახლის მშენებლობის პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს მხოლოდ 500 000 ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს“.

ტერიტორიის ფართობი, სადაც სოციალური სახლი უნდა აშენდეს 1 ჰექტარზე მეტია [11 370 კვ.მ].

დაბა ქედა / წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია სადაც სოციალური სახლი უნდა ააშენონ

ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაიტალური ტრანსფერით დაფინანსდება.

 

ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი

44 წლისა ლეილა მესამე წელია პარტნიორთან ერთად უნაყოფობას მკურნალობს. ამბობს, რომ საამისოდ საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია და მკურნალობის სამ კურსში 30 000 ლარზე მეტი დახარჯა.

„ჩემ ირგვლივ უმეტესად სესხით მკურნალობენ. მე, პირადად, ბინა გავყიდე იმისთვის, რომ უფრო პატარა ბინა შემეძინა და მკურნალობის თანხა დამრჩენოდა. პირველ ჯერზე თბილისში ვიმკურნალე, უშედეგოდ. შემდეგ ბათუმში, ასევე უშედეგოდ, ახლა თურქეთში ვმკურნალობ. ჩემი ქმარი სამ სამსახურში მუშაობს, მე არაფიქსირებული შემოსავალი მაქვს, ჯამში სამი ათას ლარამდე გვაქვს ხელფასი. აქედანაც ვამატებთ თანხას.

ამის გათვალისწინებით საერთოდ არ მგონია საქართველოში ვინმე იყოს მზად მკურნალობისთვის. ვიცი წყვილები, რომლებიც 12-17 წელი მკურნალობენ. ვფიქრობ, საქართველოში უფრო ფულზე არიან ორიენტირებული, ვიდრე შედეგზე“, – ჰყვება ლეილა.

უნაყოფობა, იგივე უშვილობა დიაგნოზია. იგი ისმევა მაშინ, როდესაც ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში გათვალისწინებული არ არის. უნაყოფობას არ აფინანსებს არც კერძო დაზღვევა.

ვინ ითხოვს სახელმწიფოსგან უშვილობის მკურნალობის პროგრამას

იმაზე, რომ საქართველოში უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას, უკვე ორი წელია, ამ პრობლემის მქონე პაციენტები ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფი – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ პროფესიული ორგანიზაციების მხარდაჭერით მუშაობს.

10 000-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მოთხოვნით, გასულ წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და საკითხი დასამუშავებლად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. „იმ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი პასუხი, ზედაპირული“, – ამბობს ასოციაციის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ქაჩლიშვილი.

საქართველოში შესაძლებელია უშვილობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებით მკურნალობა, რაც ზრდის ორსულობის მიღების ალბათობას, მაგრამ ეს საშუალოდ 8 000 – 15 000 ლარი ჯდება. ამის გამო მკურნალობა უშვილო ადამიანების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი ვერ არის. საქართველოში უშვილობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიახლოებითი გათვლით ამ პრობლემის მქონე წყვილების რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 40 ათასია.

ერთადერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი და შშმ სტატუსის მქონე წყვილებისთვის უშვილობის მკურნალობას აფინანსებს, მოსახლეობის მხრიდან მაღალი მიმართვიანობის საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. პროგრამა წელს, ივლისიდან საპილოტედ ჩაუშვეს.

უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროგრამაში, 2022 წელს 89 წყვილი იყო ჩართული, ანუ პროგრამის ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი გასულ წელს სრულად აითვისეს. მინისტრ ნინო ნიჟარაძის შეფასებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებიდან ეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა და მისი დაფინანსება წელს 700 ათას ლარამდე გაიზარდა.

„უშუალოდ მკურნალობა დაახლოებით 6500 ლარი ჯდება, დანარჩენი 3500 ლარი დამატებითი ხარჯია, ოღონდ ისე არ არის, რომ ეს თანხა რამდენიმე თვეში, ეტაპობრივად დაგეხარჯოს. ეს არის თანხა, რომელიც ზუსტად 15 დღეში იხარჯება. ამ დროში ან გაქვს შედეგი ან – არა“, – ამბობს ლეილა. მისივე თქმით, თურქეთში მკურნალობაში დაახლოებით ხუთი ათასი ლარით მეტი დაეხარჯა, თუმცა ამბობს, რომ აქ პროგნოზი გაცილებით იმედისმომცემი აქვს.

როგორი უნდა იყოს პროგრამა

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ საპილოტე პროგრამის მოდელი მათ უკვე გააგზავნეს სამინისტროში. პროექტი, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაზე, პროგრამაში ჩართვის მთავარი კრიტერიუმად სამედიცინო ჩვენებას მიიჩნევს და არა სოციალურ სტატუსს:

„მე, პირადად, არ ვუჭერ მხარს სოციალურ ქულებზე მიბმულ პროგრამას. მართალია, ძალიან დიდი პრეცედენტი შექმნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ ვფიქრობ, არ შეიძლება პროგრამა მხოლოდ სოციალურ ქულებზე იყოს მიბმული. ეს უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრულ სამედიცინო ჩვენებებზე მიბმული პროგრამა. ასევე ქალის ასაკზეც, რადგან ვიცით, რომ ქალის ასაკი განსაზღვრავს მის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს და ასევე სამედიცინო ჩვენებები. ეს არავითარ შემთხვევაში არც  ქორწინების სტატუსთან უნდა იყოს დაკავშირებული.

გარკვეულ შემთხვევებში პაციენტს შეიძლება ესაჭიროებოდეს დონორის ჩართვაც – ასეთი პაციენტი „გამონაკლისში“ არ უნდა ჩავსვათ: რა მნიშვნელობა აქვს ქალს დაუფინანსებ მკურნალობას, თუ ის ქალი დონორს აიყვანს და დონორით ეყოლება შვილი?! ეს ცოტა დისკრიმინაციულად მეჩვენება. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს“.

საქსტატის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში 260 574 ქორწინება დარეგისტრირდა, კვერცხუჯრედისა და სპერმის საერთაშორისო ბანკის – cryosinternational-ის ცნობით, უნაყოფობის პრობლემა მოსახლეობის 10-15%-ს აწუხებს, ამ გაანგარიშებით საქართველოში უშვილობის პრობლემა დაახლოებით 26057 – 39086 წყვილს აქვს.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების მხარდასაჭერად შესაძლებელია ბიუჯეტმა 5-7 მილიონი ლარი გამოყოს, ორი ათასამდე პაციენტის თანადაფინანსების კომპონენტზე. „პირობითად, ვიღაცას ესაჭიროება ინსემინაციის თანადაფინანსება, ვიღაცას მედიკამენტები, ვიღაცას ინ ვიტრო განაყოფიერება, ეტაპობრივადაა დაშლილი ყველაფერი, ანუ არ გულისხმობს იმას, რომ ერთ პაციენტს დავუფინანსოთ პირობითად 10 000 ლარი და მორჩა. მე მჯერა, რომ თანადაფინანსება საჭიროების მიხედვით უფრო სამართლიანი მიდგომაა და უფრო ეფექტურიც იქნებოდა“, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ უშვილობა არ არის ერთადერთი ჩვენება რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავს. სახელმწიფო არც სოციალურად დაუცველი და არც შშმ ქალებისთვის, ასევე არ ფარავს ხელოვნური აბორტის ხარჯს, რომელიც, თავის მხრივ, იმითაც არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში „ოჯახის დაგეგმვის“ ყველაზე ოპტიმალურ საშუალებაზე  – კონტრაცეფციაზე ხელმიუწვდომლობის პრობლემა დგას. საქართველოში უსაფრთხო აბორტზე ბარიერის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, ფინანსურთან ერთად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაცაა.

უშვილობა – ქალის ტვირთი

პატრიარქალურ საზოგადოებაში უნაყოფობა უარყოფით გავლენას ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე. თუმცა, როგორც წესი, წყვილთაგან წნეხი ყველაზე მძიმედ ქალებზე მოდის და ეს იმის მიუხედავად უშვილობა გამოწვეულია თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. საზოგადოებაში, რომელიც ქალების ერთ-ერთ მთავარ როლად დედობას მოიაზრებს, უნაყოფობის გამო ქალები ძალიან ხშირად განიცდიან სტრესსა და  შფოთვას, აქვთ დაბალი თვითშეფასება, რიგ შემთხვევებში უშვილობის გამო განქორწინებაც კი ხდება.

„განქორწინება რომ ხდება, ეს კი არ არის თავისთავად პრობლემური, ფემინისტური თვალსაზრისით, პრობლემურია ის, როდესაც ეს ხდება ადამიანის გადაყვარების მიზეზი, ან ოჯახიდან მოკვეთის, ქალის მხარდაჭერის გარეშე დატოვების მიზეზი“, – განმარტავს ქვიარ აქტივისტი, მარიამ ქაჯაია.

რა რეგულაციები უნდა მოწესრიგდეს პროგრამის შემუშავებამდე

„სამინისტროსთან მიმოწერას ვაგრძელებთ, ვაყენებთ სხვადასხვა აქტივობაზე საქმის კურსში და ა.შ. პასუხი არის ის, რომ თუ ჩვენ რეგულაციებით არ გავამყარებთ სფეროს, მანამდე თანადაფინანსების პროგრამა ვერ იქნება, რადგან ვერ იქნება გაზომვადი, გამჭვირვალე და ა.შ.“ – ამბობს თამარ ქაჩლიშვილი.

ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპამდე არ არსებობდა კლინიკების სტანდარტიზაცია, ანუ რა კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ინ ვიტრო კლინიკა იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურებას ეწევა ის.

„სექტემბრამდე პრაქტიკულად ასეთი ჩამონათვალ ინ ვიტრო კლინიკებისთვის არ არსებობდა. ყველა კლინიკა მუშაობს პროფესიული ქოლგა ორგანიზაციების კრიტერიუმებით, რომელიც სფეროში წამყვანია, მაგრამ ქართულ ენაზე, ქართულ რეგულაციებში ეს არ არსებობდა. დაიწერა ეს რეგულაცია და სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამას მოჰყვება მთელი რიგი სხვა ცვლილებები, ალბათ ეს იქნება პროტოკოლები/გაიდლაინები, რომელიც ქართულ ენაზე არ არსებობს, არ არსებობს კვერცხუჯრედის ან სპერმის დონერების აღრიცხვიანობის სისტემა, არ არსებობს უშვილობის სტატისტიკაც კი კლინიკებიდან… რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაციის დეფიციტია.

„მესმის, სახელმწიფო პროგრამა რაღაცას უნდა დაეფუძნოს, რაღაცაზე უნდა დაშენდეს, გვესმის ეს, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი არ გაჩერდეს და სწორედ ამას ვაპირებთ, მუდმივ რეჟიმში ვიხმაუროთ და ვთქვათ, რომ აქ ვართ და პაციენტები გველოდებიან”.

———————————————————————

საქართველოში რამდენიმე ადგილია, სადაც უშვილო წყვილები სალოცავად ადიან და რიტუალის სახით აკვნები „მიჰყავთ“, ყველაზე ცნობილი წაჩხურუს მონასტერია სამეგრელოში. „წაჩხურობა“ ყოველი აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება, სწორედ ამ დღეს მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მიემართებიან მონასტრისკენ.

მთავარ ფოტო: წაჩხურობა. ავტორი მანანა ქველიაშვილი

რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან

თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. წყლით დაიფარება იუსუფელში მდებარე ძეგლებიც.

რამდენიმე კვირის წინ იუსუფელში ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა. ისტორიკოსი ბუბა კუდავა იუსუფელში მათი ვიზიტის შესახებ გვიყვება.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორი მდგომარეობა დაგხვდათ ქალაქში?

მოკლედ, მე-20-21-ე საუკუნეთა მიჯნიდან ჭოროხის ხეობაში შენდება კაშხლების კასკადი. როდესაც 2003 წელს პირველად გახლდით [იუსუფელში], ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი ქალაქის მცხოვრებლებისთვის, მთლიანად რეგიონისთვის, რომ იუსუფელი, მაშინ ასახელებდნენ 10 წელიწადს, მიმდებარე სოფლებით უნდა ჩაძირულიყო წყალში.

სხვადასხვა მიზეზის გამო ეტყობა გადაიდო ეს პროცესი. ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა იქ სამშენებლო სამუშაოები: გზების მშენებლობა, ახალი ქალაქის მშენებლობა, გვირაბების, განსაკუთრებით კი კაშხლის მშენებლობა.

ახლახან, რამდენიმე კვირის წინ, დაიწყო კაშხალში წყლის დაგუბების პროცესი. ქალაქი ისედაც გადასვლის რეჟიმში იყო. იქ ააშენეს მაგიერი ქალაქი, რომელსაც არა „ახალი იუსუფელი“ დაარქვეს, არამედ იგივე სახელი აქვს – „იუსუფელი“. ეს ქალაქი საერთოდ უკაცრიელ ადგილას გააშენეს, მთების კალთებზე და ეტაპობრივად დაიწყო გადაბარგების პროცესი იუსუფელიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან.

როდესაც ჩვენ ადგილზე ჩავედით, დაახლოებით 2 კვირის წინ ვიმყოფებოდით, თითქმის დატბორილი იყო ქალაქის უმეტესი ნაწილი და მხოლოდ მაღალსართულიანი შენობები და ფერდობებზე შეფენილი უბნებიღა იყო დარჩენილი, რომლებიც ასევე მალე ჩაიძირება.

(ახალი) იუსუფელი. უბანი, რომელიც გადაჰყურებს პარხლისწყლისა და ჭოროხის შესართავს. ფოტო/ბუბა კუდავა. 04.07.2023.
(ახალი) იუსუფელი. ფოტო/ბუბა კუდავა. 04.07.2023.
  • თუ შეხვდით ადგილობრივებს, რას ფიქრობენ ხეობის დატბორვაზე?

ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ეს ისტორიული ტაო გახლავთ, ჯერ კიდევ არის შერჩენილი ქართველი მოსახლეობა. იუსუფელის რაიონში სამი ქართული სოფელია: ხევეკი (იგივე ხევაი), ქობაკი (ქობაის უწოდებენ) და ბალხი. ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობა ხშირადაა სამუშაოდ იუსუფელში ან ცხოვრეობენ იქ. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით. ქართველებიც, ადგილობრივი თურქებიც. სხვათა შორის, ამ თურქების დიდი ნაწილი აღიარებს, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ, დროთა განმავლობაში მიიღეს ისლამი და შემდეგ დაკარგეს მშობლიური ენა.

ყოველ ჩასვლაზე ახალ ადამიანებს ვიცნობთ ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ მათთან საუბრისას დამოკიდებულება არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან კოლორიტული ქალაქი იყო, ბევრ მოგონებასთან დაკავშირებული და ყოველთვის სევდით ვამბობდით, რომ ეს ქალაქი წყალქვეშ უნდა აღმოჩნდეს. საკმაოდ რთული იყო ამის საკუთარი თვალით ხილვა.

ზოგიერთს [ადგილობრივს] აქვს ნოსტალგია და სინანულით ამბობს, რომ აი, წყალქვეშ მოექცა იუსუფელი. თუმცა ცხოვრება გრძელდება და ახალი რეალობა, ახალი გამოწვევები… მაგალითად, ახალ იუსუფელს აქვს სხვა შესაძლებლობები ფართობის თვალსაზრისით. ძალიან დიდი ინვესტიცია განხორციელდა, ფაქტობრივად, ნულიდან აშენდა მთელი ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით, სავარჯიშო ადგილებით, გაუმჯობესებული საცხოვრებელი სახლებით. როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის ეს ახალი შესაძლებლობებია და ამ კუთხითაც უყურებენ.

იყო წინააღმდეგობის მოძრაობები წლების წინ, რომ რაღაცნაირად გადაერჩინათ ქალაქი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, საბოლოო ჯამში, ასეთი სიტუაცია მივიღეთ.

სხვათა შორის, ქალაქი იუსუფელი ძალიან ბევრი ქართველისთვის იქცა მშობლიურ ქალაქად, იმიტომ, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას თითქმის ყველა ტურისტი ერთ ღამეს მაინც ათევდა აქ. იუსუფელიდან ადვილია მისვლა გამორჩეულ ქართულ ძეგლებთან, როგორიცაა ოთხთა ეკლესია, პარხალი. ცოტა მოშორებითაა, მაგრამ აქედან შეიძლება ასევე მისვლა ოშკთან, იშხანთან და ხახულთან. მოკლედ, ძალიან ბევრი ქართველია იქ ნამყოფი და ბევრს აკავშირებს გარკვეული მოგონებები.

  • რა ვიცით იუსუფელის ისტორიის შესახებ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რითია ის?

იუსუფელი არ გახლავთ ისტორიული ქალაქი. ის დაარსებულია რამდენიმე იქ არსებული სოფლისა და უბნის გაერთიანების საფუძველზე. ეს სოფლები და უბნები გახლავთ ვეჟანგეთი, კოწახურა, ჭალა, მახალთა. ამათი გაერთიანების საფუძველზე 1950-იან წლებში დაარსდა ქალაქი.

ის ისტორიული პარხლის ხეობაშია გაშენებული. პარხლის წყალი უერთდება ჭოროხს და ოდესღაც მთელი პარხლისწყლის ხეობა ქართველებით იყო დასახლებული. როგორც გითხარით, ახლა აქ 3 ქართული სოფელიღაა დარჩენილი.

იუსუფელმა მე-20 საუკუნეში შეიძინა მხარის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია და იქცა ადგილობრივი ტურიზმის ცენტრადაც. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იუსუფელზე, რომელიც წყალქვეშ აღმოჩნდა, არამედ პარხლისწყლის და ჭოროხის მიმდებარედ 20-მდე სოფელი ექცევა წყალქვეშ. მათ შორის, საბედნიეროდ, არ ხვდება არც ერთი გამორჩეული ქართული კულტურული ძეგლი, მაგრამ სამწუხაროდ, 2 დარბაზული ეკლესია – ჰამზეთის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც იუსუფელის გარეუბანში იყო, წყალქვეშ აღმოჩნდა და მეორე – ჭალა, ასევე იუსუფელის გარეუბანში, რომელსაც წყალი უკვე უახლოვდება.

ბუბა კუდავა

ჩვენ როცა ვიყავით ჩასულები, სპეციალურად ვესტუმრეთ ამ ტაძარს. იქ ჯერ კიდევ არის შემონახული ძველი მოხატულობის კვალი. სამწუხაროდ, ესეც წყალქვეშ ექცევა.

  • კიდევ რომელი ძეგლები იფარება წყლით იუსუფელში და რა შეგიძლიათ გვითხრათ მათ შესახებ?

პირველ რიგში, ეს დასახლება თავისთავად არის კულტურული მემკვიდრეობა. ტრადიციული, ძველი დასახლებაა. 20-მდე დასახლება იფარება წყლით და იქ თითქმის ყველგან საკმაოდ მრავლად იყო ძველი არქიტექტურული ქართული ძეგლები. დატბორვის შედეგად იკარგება ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შესაძლებლობა.

იტბორება ისტორიული ძეგლების ადგილები (ზოგი ისტორიული ძეგლი აღარ შემოგვრჩა, მაგრამ შემოგვრჩა ხსოვნა, რომ აქ იდგა ეს ძეგლი). დანგრეული და განადგურებულია არაერთი ისტორიული ძეგლი. მათ შორის წყალში ექცევა ნაეკლესიები. ასევე, ამ დასახლებებში იყო და ცხადია, მოსახლეობას დღემდე ახსოვს გეოგრაფიული სახელწოდებები, ტოპონიმები, მათ შორის მიკროტოპონიმები.

ეს მოსახლეობა დატბორვის შემდეგ თურქეთის სხავადასხვა ქალაქში გაიფანტება. ყველანი არ გადადიან (ახალ) იუსუფელში, ზოგიერთს მისცეს კომპენსაცია და სხვა ქალაქებში გადავლენ. შესაბამისად, საკმაოდ იზღუდება შესაძლებლობა კვლევების, რისი შესწავლაც არ მოესწრო. ბევრი საინტერესო ადგილი დაიტბორა.

როგორც ვთქვი, იუსუფელის სიახლოვეს ერთი დარბაზული ეკლესია უკვე ჩაიძირა და მეორე ეკლესიაც მალე მოექცევა წყალქვეშ. კიდევ შესაძლოა რამდენიმე ისტორიულ ძეგლს დაემუქროს ჩაძირვის საფრთხე, მაგრამ ეს ზუსტად  არ ვიცით, რადგან ოფიციალურდ არ არის ცნობილი და გვიჭირს განსაზღვრა, საბოლოოდ რა ნიშნულამდე მიაღწევს წყლის დონე, როცა დასრულდება დაგუბების პროცესი.

წყალქვეშ მოქცეული იუსუფელი. ფოტო/ბუბა კუდავა. 04.07.2023.
  • იუსეფელი გიგანტური კაშხლის გამო იტბორება. ალბათ, ეს თურქეთის სახემწიფოსთვის, ეკონომიკის თვალსაზრსით, ძალიან მომგებიანი იქნება, თუმცა ჩვენ არაფერი გვსმენია რა გალენა ექნება მას  ეკოლოგიაზე. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ? 

როგორც ვიცი, არა მარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი კაშხალი გახლავთ მისი სიმაღლით და ზოგადად, მასშტაბებით.

რა ეკოლოგიურ გავლენას იქონიებს, ამის თქმა მიჭირს, მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ როგორც ადამიანს, მოქალაქეს და გარკვეული ეკოლოგიური ცოდნის მქონეს, ზოგადად არ მომწონს ასეთი გიგანტური მშენებლობები. მიმაჩნია, რომ გარემოზე, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა ექნება.

დაახლოებით ვხვდები, რომ [კაშხალს] არ ექნება კარგი გავლენა ახლოს მდებარე ოთხთა ეკლესიასა და პარხლის ტაძრისთვის. ოთხთა ეკლესიას წყალი რამდენიმე კილომეტრში მიუახლოვდება. ცოტა უფრო მოშორებითაა პარხლის ტაძარი, მაგრამ მგონია, რომ მომატებული ტენი როგორც არქიტექტურას, ისე შემორჩენილ მხატვრობას საფრთხეს შეუქმნის.

ვფიქრობ, ქართულ და თურქულ მხარეებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის კუთხით უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს. ეს წაადგებოდა ამ ტერიტორიების კვლევას და ტაძრების გადარჩენასაც.

მსოფლიოში არის პრაქტიკა არქიტექტურული ნაგებობების დემონტაჟის და გადატანის. განსაკუთრებით ადვილია მოხატულობების გადატანა, ვთქვათ, მუზეუმებში. ჭალის ეკლესიის შემთხვევაში, მჭიდრო მოლაპარაკების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა მხატვრობის გადატანა. ასევე, არქიტექტურის. ამ მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და განა რა ისეთი სირთულე უნდა ყოფილიყო ორი დარბაზული ეკლესიის დაშლა და სადმე მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა.

მეჩეთი ქალაქის ცენტრალურ უბანში. ფოტო/ბუბა კუდავა. 04.07.2023.

„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

„ბატონო შალვა, მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანო ამ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს.

დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა. საუბარია კომისიაზე, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

დეპუტატებმა ოპოზიციიდან: თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თინა ბოკუაჩავამ პერსონალურად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ იქნებ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და დაიყოლიოთ ისინი კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს,“ – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს თამარ კორძაიამ.

ხათუნა სამნიძე, „რეფორმების ჯგუფი“: „ბატონო თავმჯდომარევ, ისევ მოგმართავთ თქვენ: თქვენ ხართ ამ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო ხდება პარალიზება მთელი საპარლამენტო მუშაობის. მთელი ორი წელი მესმის თქვენგან, რომ ოპოზიცია არ მუშაობს და ახლა გადაწყვიტა მთელმა უმრავლესობამ, რომ იმის გამო, რომ გული გისკდებათ, არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რისთვისაც უკვე საკმარისი ხმებია რამდენიმე დღე.

ითვლით, ითვლით და ვერაფრით გაბედეთ, რომ ჩაატაროთ კენჭისყრა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ მთლიანად საპარლამენტო მუშაობა იბლოკება, რადგან არ იცით, რა უქნათ საკუთარ შიშს, დავალებას, რომელიც მიიღეთ თქვენი არაფორმალური მმართველისგან,“ – თქვა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უთხრა, რომ კომისიის შექმნის ხელშეშლა მათი პრინციპული გადაწყვეტილებაა.

„მგონია, თქვენ არ კითხულობთ რეგლამენტს. გულწრფელად ვიძახი და რატომ: რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენ მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ. არის ეს პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ხელისუფლება, რომელიც აქამდე იყო უზურპირებული, ახლა უკვე არის პარალიზებული, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში,“ – შალვა პაპუაშვილს მიმართა დეპუტატმა ენმ-დან თინა ბოკუჩავამ.

„მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, გაითავისოთ თქვენი როლი, როგორც ამ ინსტიტუციის თავმჯდომარემ და არა როგორც პოლიტიკურმა პირმა, მოუწოდოთ ბოიკოტში გასულ უმრავლესობას, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. მოგმართავთ თხოვნით: მოუწოდოთ უმრავლესობის წევრებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების განხორციელების საშუალება მიეცეს პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ახლა ასრულებს დირექტივას, არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„…პარლამენტში ვერ შემოგიტყუეთ, ახლა გახდა ხო თქვენთვის კონსტიტუცია მნიშვნელოვანი? ეს არის პრინციპული დამოკიდებულება იმიტომ, რომ თქვენ ვნებთ ჩვენს ქვეყანას. კანდიდატის სტატუსი გვაქვს მისაღები და არ მოგცემთ საშუალებას, ამით მანიპულაცია და რეინკარნაცია განიცადოთ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ხაბეიშვილსაც ვერ დააბრალებთ. ხაბე, შენთან ვარ ძმა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატებს მოთხოვნაზე გვერდის ავლა ასე სცადა შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ:

„ვინაიდან მე მომმართეთ, ვიტყვი ორ რამეს, პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონია ასეთი ცოცხალი, მრავალრიცხოვანი პარლამენტი ორ წელზე მეტია იშვიათად მინახავს. მეორე: ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთ რამეს: ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც თქვენ აქ ზიხართ, არის ის, რომ თავის დროზე თქვენ „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია“.

—————–

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

34 წლის ბექას ექიმებმა ლიმფომა დაუდგინეს – მას გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება

34 წლის ბექა ლეჟავას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, ის ახლა მძიმე დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკა„Florence“-ის ინტენსიურ განყოფილებაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

ბექა ლეჟავას აგრესიული ფორმის ლიმფომა დაუდგინეს, B-უჯრედოვანი. მის მკურნალობის კურსს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, 42 ათასი აშშ დოლარი სჭირდება.

„რამდენიმე დღეა, რაც ინტენსიურ განყოფილებაშია, ის ძალიან მძიმედაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბექა ლეჟავას რძალი, თიკო სვიმონიშვილი. – „თანხის ნაწილი შეგროვდა, დაახლოებით 22 ათასი ლარი… თბილისში ორი ქიმია გაიკეთა, მაგრამ ძალიან დიდი გართულება მოჰყვა. მეორე ქიმიაზე არ ჰქონია იმდენად დიდი გართულება, მაგრამ სიმსივნის მარკერები არ ჩამოდიოდა ქვევით… ქართველმა ექიმებმა თავად გვირჩიეს, მეტი სერვისის გამო თურქეთში გადაგვეყვანა ბექა,“ – ამბობს თიკო სვიმონიშვილი.

ბექა ლეჟავა საჯარო რეესტრის თბილისის ოფისის თანამშრომელია, იგი პროფესიით იურისტია და დოქტორანტი. თიკო გვიყვება, რომ მძიმე დიაგნოზის შესახებ ბექამ ცოტა ხნის წინ – თებერვალში გაიგო, დაავადება კი რამდენიმე დღეში პროგრესირდა.

„…იანვრის ბოლოს ჰქონდა სიცხეები და სამსახურიდან აიღო ბიულეტენი, თან სადოქტოროზე მუშაობდა და არ იმჩნევდა, ეგონა, რომ გადაღლილი იყო. ოჯახის ექიმმა დააფიქსირა მუცლის არეში სიმაგრეები და გაუშვა კვლევაზე… ვიდრე ბიოფსიის პასუხი მოვიდა, უკვე 15 თებერვლამდე ბექა ძალიან ცუდად გახდა, კლინიკაში მოთავსება სასწრაფოდ გახდა საჭირო. ახლა სიმსივნე მეოთხე B სტადიაშია,“ – გვითხრა თიკო სვიმონიშვილმა.

ბექა ლეჟავას დახმარებისთვის თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ამ მისამართზე:

#GE59BG0000000643208300
საქართველოს ბანკი მიმღები ბექა ლეჟავა

#GE31TB7367645064300017
თიბისი ბანკი მიმღები მელანო გელაშვილი

რა უთხრა აშშ-ის ელჩმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში

„საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია,“ – უთხრა დღეს, 20 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

„ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება,“ – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს ელჩი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. ფოტოები საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური გვერდიდან

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ ელჩთან კითხვების დასმის შესაძლებლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის მიმართულების სხვადასხვა საკითხზე“.

მთავარი ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და კელი დეგნანი – აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ფოტო აშშ-ს საელჩოს ფეისბუქგვერდიდან.

დაზვერვამ ამხილა რუსი ოფიცერი, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების წამებაზე ბრძანებას გასცემდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რუსეთის გვარდიის იმ ბატალიონის მეთაურის ვინაობა, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების მოწამვლის ბრძანებას გასცემდა. უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, მან შეძლო მოეპოვებინა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე საუბრობენ.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ჩამოაყალიბეს სადამსჯელო რაზმი, რომელიც ეძებდა უკრაინელ პატრიოტებს, შემდეგ კი იტაცებდა და აწამებდა.

დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობენ.

„ბოროტმოქმედი არის რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეული ბრიგადის 96-ე ოპერატიული პოლკის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი აიუბა ელდაროვი. ის გასული წლის მაისში დაინიშნა ზაპოროჟიეს ოლქის „ჩერნიგოვკას დასახლების კომენდანტად“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

დადგინდა, რომ ამ „პოზიციაზე“ ის მასობრივი რეპრესიებით ასრულებდა კრემლის დავალებებს, ჩაეხშო უკრაინელების წინააღმდეგობის მოძრაობა.

„საამისოდ მან ჩამოაყალიბა სადამსჯელო რაზმები, რომლებშიც შედიოდნენ რუსი სამხედროები, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივი კოლაბორანტები. ელდაროვის ბრძანებით რუსები ეძებდნენ უკრაინელ პატრიოტებს, შემდეგ კი მათ იტაცებდნენ“, – აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

იმავე უწყების ინფორმაციით, დაშავებულები გადაჰყავდათ წამების ადგილებში, რომელიც მოწყობილი ჰქონდათ რუსეთის ადგილობრივ საოკუპაციო კომენდატურებში, სადაც ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ ელექტროშოკითა და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებით.

„დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ მტერი მხუთავ გაზს იყენებდა სპეციალურად აღჭურვილ „კამერებში“, სადაც უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ მოთავსებული“, – აღნიშნავს დაზვერვა.

გაირკვა, რომ ამ გზით რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ დაზარალებულების თანამშრომლობაზე დაყოლიებას, რათა მიეღოთ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებასა და განლაგებაზე.

„დადგინდა, რომ ელდაროვი პირადად მონაწილეობდა უკანონო დაკავებებსა და წამებაში, ასევე „ხელს აფარებდა“ თავისი ქვეშევრდომების მიერ გატაცებული მოქალაქეების მკვლელობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის მონაცემებით, მათ აქვთ სამი ადგილობრივი მცხოვრების ჩვენება, რომლებმაც წამების მიუხედავად უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეძლეს.

მათ შორის არის სოფლის მცხოვრები, რომელიც საგუშაგოდან გაიტაცეს და იმის გამო აწამეს, რომ გამოწერილი ჰქონდა უკრაინული ტელეგრამარხი. კიდევ ერთი მსხვერპლი იყო კაცი, რომელიც „დაადანაშაულეს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის კორექტირების დახმარებაში. კიდევ ერთი მსხვერპლი კი ადგილობრივია, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინის დამცველებს. ყველა მათგანი ადასტურებს ელდაროვის მონაწილეობას სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

მშობლების 29.4 % აღიარებს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ აგრესიას, ცემა – 4.8%-ს შეეხო – UNICEF

ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება, დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტი დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა.

სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს. ამის შესახებ UNICEF-ისა და საქსტატის მიერ ერთობლივად ჩატარებულ უახლეს კვლევაში წერია.

ბავშვების აღზრდისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის გამოყენება დიდი ხანია საქართველოში სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა. 2018 წელს ჩატარებულმა MICS კვლევამ გამოავლინა, რომ აღზრდის მეთოდი არაძალადობრივი იყო 1-14 წლის ბავშვების 28 პროცენტში. ბავშვების 66 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა აღიარეს ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 31 პროცენტს შეეხო.

ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ბავშვების თითქმის 5 პროცენტმა გამოსცადა სასტიკი დასჯა, როგორიცაა: სახეში, თავსა ან ყურებზე გარტყმა და/ან მთელი ძალით ცემა“, –  წერია კვლევაში. 

UNICEF-ისა და საქსტატის მიერ ერთობლივად ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ მონაცემების მიხედვით, მდგომარეობა ამ მხრივ გაუმჯობესებულია, თუმცა: 

ბავშვების 29.4 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა აღიარეს ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 4.8 პროცენტს შეეხო. 

არაძალადობრივი მეთოდები გამოყენებული იყო 2-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტის მიმართ.

 სასტიკი ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება ნახსენები იყო ბავშვების 0.1 პროცენტის მიმართ. 

დასჯის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მეთოდებს იყენებდნენ უფრო ხშირად ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების მიმართ, ვიდრე სხვა ბავშვებში. ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების 12.4 პროცენტს შეეხო ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური დასჯა და 37.3 პროცენტის მიმართ გამოყენებული იყო ფსიქოლოგიური აგრესია.

შესაბამისი მაჩვენებლები ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვებში არის 4.4% და 29.8%. 

ასევე, დასჯის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო ხშირად ხდება ქალაქში მცხოვრებ ბავშვებზე (33.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრები ბავშვების მიმართ. აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ალბათობა ბიჭებში 46%-ით მაღალია.

2018 წელს MICS-ის რესპონდენტების 8.1% ფიქრობდა, რომ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება საჭიროა ბავშვის აღზრდის და/ან მისი სათანადო განათლებისთვის. „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ თანახმად, ეს წილი 2022 წელს 1.6 პროცენტამდე არის დაკლებული.

საქართველოში ბავშვების 38 % განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს – UNICEF

საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ამის შესახებ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში წერია, რომელიც საქსტატმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.

„ბავშვის დახმარების პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მცხოვრებ 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 29 პროცენტს.  თუმცა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს“, – წერია კვლევის ანგარიშში.

საქართველოში პირველად გაიზომა  მრავალგანზომილებიანი ინდექსი – „ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდ მიღებული საზომია. ეს ინდექსი იკვლევს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ 16 საჭიროებას როგორც ბავშვის, ისე ოჯახის დონეზე. მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან სულ მცირე სამი საჭიროებით.

კვლევამ დაადგინა:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 პროცენტი არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 პროცენტი არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
  • 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
  • კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 პროცენტი და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში.
  • საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ, არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.

სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 %), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 %).

სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 %). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.

  • ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

UNICEF-ი წერს, რომ ანალიზის შედეგად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტისთვის გამოვლინდა განსხვავებები ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფს შორის. სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა, არ მიუწვდებოდეთ ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ ბავშვებში.

ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვებთან შედარებით, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებს თითქმის ოთხჯერ ნაკლები ალბათობით მიუწვდებათ ხელი საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე და ორჯერ და მეტი მაღალი ალბათობით ვერ იღებენ საჭირო მედიკამენტს. ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლენილი ყველაზე დიდი უთანასწორობები მატერიალური დანაკლისიდან მომდინარეობს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივლის-სექტემბერში. გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ. კვლევის შედეგები საქართველოში მცხოვრები ბავშვების წარმომადგენლობითია.


ფოტო: UNICEF

Exit mobile version