მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი

20.04.2023 •
ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი

44 წლისა ლეილა მესამე წელია პარტნიორთან ერთად უნაყოფობას მკურნალობს. ამბობს, რომ საამისოდ საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია და მკურნალობის სამ კურსში 30 000 ლარზე მეტი დახარჯა.

„ჩემ ირგვლივ უმეტესად სესხით მკურნალობენ. მე, პირადად, ბინა გავყიდე იმისთვის, რომ უფრო პატარა ბინა შემეძინა და მკურნალობის თანხა დამრჩენოდა. პირველ ჯერზე თბილისში ვიმკურნალე, უშედეგოდ. შემდეგ ბათუმში, ასევე უშედეგოდ, ახლა თურქეთში ვმკურნალობ. ჩემი ქმარი სამ სამსახურში მუშაობს, მე არაფიქსირებული შემოსავალი მაქვს, ჯამში სამი ათას ლარამდე გვაქვს ხელფასი. აქედანაც ვამატებთ თანხას.

ამის გათვალისწინებით საერთოდ არ მგონია საქართველოში ვინმე იყოს მზად მკურნალობისთვის. ვიცი წყვილები, რომლებიც 12-17 წელი მკურნალობენ. ვფიქრობ, საქართველოში უფრო ფულზე არიან ორიენტირებული, ვიდრე შედეგზე“, – ჰყვება ლეილა.

უნაყოფობა, იგივე უშვილობა დიაგნოზია. იგი ისმევა მაშინ, როდესაც ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში გათვალისწინებული არ არის. უნაყოფობას არ აფინანსებს არც კერძო დაზღვევა.

ვინ ითხოვს სახელმწიფოსგან უშვილობის მკურნალობის პროგრამას

იმაზე, რომ საქართველოში უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას, უკვე ორი წელია, ამ პრობლემის მქონე პაციენტები ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფი – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ პროფესიული ორგანიზაციების მხარდაჭერით მუშაობს.

10 000-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მოთხოვნით, გასულ წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და საკითხი დასამუშავებლად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. „იმ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი პასუხი, ზედაპირული“, – ამბობს ასოციაციის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ქაჩლიშვილი.

საქართველოში შესაძლებელია უშვილობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებით მკურნალობა, რაც ზრდის ორსულობის მიღების ალბათობას, მაგრამ ეს საშუალოდ 8 000 – 15 000 ლარი ჯდება. ამის გამო მკურნალობა უშვილო ადამიანების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი ვერ არის. საქართველოში უშვილობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიახლოებითი გათვლით ამ პრობლემის მქონე წყვილების რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 40 ათასია.

ერთადერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი და შშმ სტატუსის მქონე წყვილებისთვის უშვილობის მკურნალობას აფინანსებს, მოსახლეობის მხრიდან მაღალი მიმართვიანობის საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. პროგრამა წელს, ივლისიდან საპილოტედ ჩაუშვეს.

უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროგრამაში, 2022 წელს 89 წყვილი იყო ჩართული, ანუ პროგრამის ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი გასულ წელს სრულად აითვისეს. მინისტრ ნინო ნიჟარაძის შეფასებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებიდან ეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა და მისი დაფინანსება წელს 700 ათას ლარამდე გაიზარდა.

„უშუალოდ მკურნალობა დაახლოებით 6500 ლარი ჯდება, დანარჩენი 3500 ლარი დამატებითი ხარჯია, ოღონდ ისე არ არის, რომ ეს თანხა რამდენიმე თვეში, ეტაპობრივად დაგეხარჯოს. ეს არის თანხა, რომელიც ზუსტად 15 დღეში იხარჯება. ამ დროში ან გაქვს შედეგი ან – არა“, – ამბობს ლეილა. მისივე თქმით, თურქეთში მკურნალობაში დაახლოებით ხუთი ათასი ლარით მეტი დაეხარჯა, თუმცა ამბობს, რომ აქ პროგნოზი გაცილებით იმედისმომცემი აქვს.

როგორი უნდა იყოს პროგრამა

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ საპილოტე პროგრამის მოდელი მათ უკვე გააგზავნეს სამინისტროში. პროექტი, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაზე, პროგრამაში ჩართვის მთავარი კრიტერიუმად სამედიცინო ჩვენებას მიიჩნევს და არა სოციალურ სტატუსს:

„მე, პირადად, არ ვუჭერ მხარს სოციალურ ქულებზე მიბმულ პროგრამას. მართალია, ძალიან დიდი პრეცედენტი შექმნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ ვფიქრობ, არ შეიძლება პროგრამა მხოლოდ სოციალურ ქულებზე იყოს მიბმული. ეს უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრულ სამედიცინო ჩვენებებზე მიბმული პროგრამა. ასევე ქალის ასაკზეც, რადგან ვიცით, რომ ქალის ასაკი განსაზღვრავს მის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს და ასევე სამედიცინო ჩვენებები. ეს არავითარ შემთხვევაში არც  ქორწინების სტატუსთან უნდა იყოს დაკავშირებული.

გარკვეულ შემთხვევებში პაციენტს შეიძლება ესაჭიროებოდეს დონორის ჩართვაც – ასეთი პაციენტი „გამონაკლისში“ არ უნდა ჩავსვათ: რა მნიშვნელობა აქვს ქალს დაუფინანსებ მკურნალობას, თუ ის ქალი დონორს აიყვანს და დონორით ეყოლება შვილი?! ეს ცოტა დისკრიმინაციულად მეჩვენება. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს“.

საქსტატის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში 260 574 ქორწინება დარეგისტრირდა, კვერცხუჯრედისა და სპერმის საერთაშორისო ბანკის – cryosinternational-ის ცნობით, უნაყოფობის პრობლემა მოსახლეობის 10-15%-ს აწუხებს, ამ გაანგარიშებით საქართველოში უშვილობის პრობლემა დაახლოებით 26057 – 39086 წყვილს აქვს.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების მხარდასაჭერად შესაძლებელია ბიუჯეტმა 5-7 მილიონი ლარი გამოყოს, ორი ათასამდე პაციენტის თანადაფინანსების კომპონენტზე. „პირობითად, ვიღაცას ესაჭიროება ინსემინაციის თანადაფინანსება, ვიღაცას მედიკამენტები, ვიღაცას ინ ვიტრო განაყოფიერება, ეტაპობრივადაა დაშლილი ყველაფერი, ანუ არ გულისხმობს იმას, რომ ერთ პაციენტს დავუფინანსოთ პირობითად 10 000 ლარი და მორჩა. მე მჯერა, რომ თანადაფინანსება საჭიროების მიხედვით უფრო სამართლიანი მიდგომაა და უფრო ეფექტურიც იქნებოდა“, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ უშვილობა არ არის ერთადერთი ჩვენება რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავს. სახელმწიფო არც სოციალურად დაუცველი და არც შშმ ქალებისთვის, ასევე არ ფარავს ხელოვნური აბორტის ხარჯს, რომელიც, თავის მხრივ, იმითაც არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში „ოჯახის დაგეგმვის“ ყველაზე ოპტიმალურ საშუალებაზე  – კონტრაცეფციაზე ხელმიუწვდომლობის პრობლემა დგას. საქართველოში უსაფრთხო აბორტზე ბარიერის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, ფინანსურთან ერთად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაცაა.

უშვილობა – ქალის ტვირთი

პატრიარქალურ საზოგადოებაში უნაყოფობა უარყოფით გავლენას ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე. თუმცა, როგორც წესი, წყვილთაგან წნეხი ყველაზე მძიმედ ქალებზე მოდის და ეს იმის მიუხედავად უშვილობა გამოწვეულია თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. საზოგადოებაში, რომელიც ქალების ერთ-ერთ მთავარ როლად დედობას მოიაზრებს, უნაყოფობის გამო ქალები ძალიან ხშირად განიცდიან სტრესსა და  შფოთვას, აქვთ დაბალი თვითშეფასება, რიგ შემთხვევებში უშვილობის გამო განქორწინებაც კი ხდება.

„განქორწინება რომ ხდება, ეს კი არ არის თავისთავად პრობლემური, ფემინისტური თვალსაზრისით, პრობლემურია ის, როდესაც ეს ხდება ადამიანის გადაყვარების მიზეზი, ან ოჯახიდან მოკვეთის, ქალის მხარდაჭერის გარეშე დატოვების მიზეზი“, – განმარტავს ქვიარ აქტივისტი, მარიამ ქაჯაია.

რა რეგულაციები უნდა მოწესრიგდეს პროგრამის შემუშავებამდე

„სამინისტროსთან მიმოწერას ვაგრძელებთ, ვაყენებთ სხვადასხვა აქტივობაზე საქმის კურსში და ა.შ. პასუხი არის ის, რომ თუ ჩვენ რეგულაციებით არ გავამყარებთ სფეროს, მანამდე თანადაფინანსების პროგრამა ვერ იქნება, რადგან ვერ იქნება გაზომვადი, გამჭვირვალე და ა.შ.“ – ამბობს თამარ ქაჩლიშვილი.

ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპამდე არ არსებობდა კლინიკების სტანდარტიზაცია, ანუ რა კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ინ ვიტრო კლინიკა იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურებას ეწევა ის.

„სექტემბრამდე პრაქტიკულად ასეთი ჩამონათვალ ინ ვიტრო კლინიკებისთვის არ არსებობდა. ყველა კლინიკა მუშაობს პროფესიული ქოლგა ორგანიზაციების კრიტერიუმებით, რომელიც სფეროში წამყვანია, მაგრამ ქართულ ენაზე, ქართულ რეგულაციებში ეს არ არსებობდა. დაიწერა ეს რეგულაცია და სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამას მოჰყვება მთელი რიგი სხვა ცვლილებები, ალბათ ეს იქნება პროტოკოლები/გაიდლაინები, რომელიც ქართულ ენაზე არ არსებობს, არ არსებობს კვერცხუჯრედის ან სპერმის დონერების აღრიცხვიანობის სისტემა, არ არსებობს უშვილობის სტატისტიკაც კი კლინიკებიდან… რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაციის დეფიციტია.

„მესმის, სახელმწიფო პროგრამა რაღაცას უნდა დაეფუძნოს, რაღაცაზე უნდა დაშენდეს, გვესმის ეს, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი არ გაჩერდეს და სწორედ ამას ვაპირებთ, მუდმივ რეჟიმში ვიხმაუროთ და ვთქვათ, რომ აქ ვართ და პაციენტები გველოდებიან”.

———————————————————————

საქართველოში რამდენიმე ადგილია, სადაც უშვილო წყვილები სალოცავად ადიან და რიტუალის სახით აკვნები „მიჰყავთ“, ყველაზე ცნობილი წაჩხურუს მონასტერია სამეგრელოში. „წაჩხურობა“ ყოველი აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება, სწორედ ამ დღეს მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მიემართებიან მონასტრისკენ.

მთავარ ფოტო: წაჩხურობა. ავტორი მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: