მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

08.02.2023 • 10493
ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა.

კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება.

„სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით.

მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა კილაბერია.

მას მოჰყავს ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მაგალითი, რომელსაც გარკვეული პირები ე.წ „ნეიტრალობას“ სთხოვდნენ საკრებულოში. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საკრებულოში მუშაობისას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარე არ უნდა დაეჭირა. ნუგზარ ფუტკარაძე თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა.

ლაშა კილაბერიას თქმით, მის შემთხვევაშიც ფიგურირებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელი.

„სუს-ის წარმომადგენლები არიან და, რა თქმა უნდა, რიჟვაძის მამის დავალებებს ასრულებენ, როგორც ეს იყო ფუტკარაძეზე ზეწოლის შემთხვევაში“, – გვეუბნება კილაბერია.

რა იყო მუქარა? – ვკითხეთ მას, რაზეც ლაშა კილაბერია გვპასუხობს, რომ მის მეგობრებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. „ვიცი, რომ ეს მუქარა იყო რეალური“, – ამბობს ის.

კილაბერია მეგობრებთან ერთად ჯერ პოლონეთში წავიდა, სადაც ორი თვე დაყო, იქიდან კი აშშ-ში.

„ვიცდიდით, ვფიქრობდით, რომ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, მაგრამ როცა არაფერი შეიცვალა, გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა. არც ვიზა გვქონდა, არც „მწვანე ბარათი“, წამოვედით ისე, როგორც ბევრი ქართველი მოდის – მექსიკის სახიფათო გზა ვარჩიეთ.

მე აქ არ წამოვსულვარ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ადამიანების უმრავლესობა ამ მოტივით მოდის აქ, მე მომიწია იძულებით წამოსვლა“, – ამბობს ლაშა.

ის ამერიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. „ახლა ველოდებით სასამართლოს და ვნახოთ რა იქნება“, – გვეუბნება ის.

ერთი მხრივ ლაშა კილაბერია ირწმუნება, რომ „შესაფერის მომენტს“ დაელოდება და დაბრუნდება სამშობლოში, მეორე მხრივ კი ამერიკაში თავშესაფრის მიღების შემდეგ არც ოჯახის წაყვანას გამორიცხავს.

კილაბერია თავის ემიგრანტობას მხოლოდ და მხოლოდ სუს-ის ზეწოლას უკავშირებს და არა ენმ-ში მომხდარ განხეთქილებას. ნაწილობრივ უარყოფს იმასაც, რომ ლევან ვარშალომიძეს ფრაქციის თავმჯდომარედ არ სურდა მისი კანდიდატურა.

„იყო რაღაც, მაგრამ ამ თემამ გაიარა უკვე, აღარ ვეხები ამ თემას. მე საკრებულოს 14-ვე წევრმა მომცა ხმა, მაგრამ შემდეგ, ვინ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია.

ემიგრაციის მიზეზი იყო სუს-ი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დაგვდევდნენ, გვითვალთვალებდნენ, გვისმენდნენ, ყველა აქციაზე, მშვიდობიანი იყო თუ რაიმე პერფორმანსს ვაკეთებდით, ყველგან ყოველთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

არც ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებაა დასრულებული და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ ჩანაწერებში.

პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო ნიჰილიზმი ნამდვილად არ გამჩენია და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ სხვა ადამიანები გამოვიყვანოთ ნიჰილიზმიდან“, – გვეუბნება ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი.

შორიდან ბრძოლა რამდენად საკმარისია ნიჰილიზმის დასაძლევად, როგორ დაეხმარებით სხვას, როცა თავად წახვედით ამერიკაში? – ვკითხეთ მას. მისი აზრით, ის არც ამერიკაში აპირებს პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებთან აქციებს ახლაც მართავენ.

„ბათუმში ფიზიკურად ვერ ჩავერთვები აქტიურ ცხოვრებაში, მაგრამ აქ, გაეროს ოფისთან, თეთრ სახლთან ვაშინგტონში უკვე გვქონდა აქციები, კვირას გვაქვს დაგეგმილი სააკაშვილთან დაკავშირებით აქცია. რასაც შევძლებთ, აქედან ვიქნებით აქტიური.

ყველა მხრიდან უნდა ვიბრძოლოთ, თბილისშიც დაიწყო აქციები და არ დასრულდება მანამ, სანამ არ იქნება ის შედეგი, რაც ქვეყნის დეოლიგარქიზაციას ნიშნავს და სანამ არ წავა „ოცნება“.

ლაშა კილაბერია აშშ-ში.

მე საჯაროდ ვამბობ, რომ იმ დღეს, როცა მე შემეძლება ჩემ ქვეყანაში დაბრუნება, აუცილებლად დავბრუნდები. შეიძლება ვიღაცისთვის აქ ყოფნა კარგია, ფულის საშოვნად, სამუშაოდ მოდის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ყოფნა. ოჯახთან და მეგობრებთან. აქ როცა მოვდიოდი, ვიცოდი რისთვის მოვდიოდი და რა იყო ჩემი მიზანი. ვიცი, რომ უნდა დავბრუნდე უკან. აქ იძულებით ვარ ჩამოსული“, – ამბობს ლაშა კილაბერია.

მას ვკითხეთ, ვინ დააყენებს „იმ დღეს“, თუკი ქვეყნიდან მიგრაცია გაიზრდება და სამოქალაქო აქტივიზმი დასუსტდება?

კილაბერია ფიქრობს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ქართველები გაერთიანებას შეძლებენ. „ალბათ ეს პერიოდი მწიფდება და გავერთიანდებით. ემიგრანტებიც წამოვლენ. ჩვენ ახლა ჩამოკიდებული ვართ უკრაინის მომავალზე, მაგრამ ვფიქრობ, იმ საჭირო მომენტში შევძლებთ გაერთიანებას, 2024-ში უნდა წავიდეს „ოცნება“ ხელისუფლებიდან. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ყველაფერი ცუდად იქნება“, – გვეუბნება ლაშა კილაბერია.

მისი თქმით, მისი მიზანი არ ყოფილა ამერიკაში კურიერად ან ტრაილერის მძღოლად მუშაობა.

„როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მე წამოვალ“, – გვეუბნება ის. მანამდე კი, როგორც თვითონ ამბობს, ცდილობს ალღო აუღოს ამერიკულ ცხოვრებას.

„რა თქმა უნდა, მექსიკის გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. გვქონდა შიშის განცდაც და ის მომენტიც, როცა ალბათ ოთხივემ გავიფიქრეთ – „ნეტა არ წამოვსულიყავი“. მაგრამ ახლა ნიუ იორკში ვართ, ვიცით, რომ დაცულები ვართ და არც არავის აინტერესებს ჩვენი პოლიტიკური შეხედულება.

რა თქმა უნდა, ენის ბარიერი გვაქვს და ნელ-ნელა ვსწავლობთ, ვმეცადინეობთ, რადგან ენის გარეშე ვერაფერს იზამ აქ, მართვის მოწმობა უკვე ავიღე და შევძლებ მოძრაობასაც. ამ ეტაპზე მიტანის სერვისში ვმუშაობ კურიერად და ასე გამაქვს თავი.

ბინის შოვნა ძალიან რთულია უსაბუთო ადამიანისთვის, ამიტომ სანამ რამეს ვიშოვიდი, მეგობრებთან ვიყავით გაჩერებული. ახლა ოთხივე ერთ ბინაში ვართ.

ქალაქში ნავიგაცია არ მიჭირს, ბათუმის ქუჩებზე უკეთ ვაგნებ ქუჩებს, რადგან გუგლის რუკა კარგად მუშაობს. ის ამბავი გამახსენდა, ბათუმში მესხის ორი ქუჩა რომ გვაქვს და ერთმა კომპანიამ შეცდომით ივანე მესხის ქუჩის ნაცვლად, სერგი მესხის ქუჩა რომ დააგო“, – ამბობს კილაბერია.

მისი თქმით, ამერიკაში ჩამოსული „აქ არავინ ხარ“, ახალდაბადებულივით ხარ ადამიანი და ცდილობ ცხოვრება თავიდან ისწავლო.

„არც პატრონი გყავს, არც ახლობელი, ჩვენ ოთხი ადამიანი ვართ ერთმანეთისთვის ყველაფერი.

„არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს გავრცელებული ფრაზაა ემიგრანტებისთვის და ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ“, – გვეუბნება ლაშა კილაბერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: