განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

21.04.2023 •
სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე.

ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს.

„20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების წინ მეც ამ სკოლაში დავამთავრე ცხრა კლასი, თუმცა ჩემ დროს 80-90 ბავშვი ვიყავით სკოლაში.

მაშინ ძველი სკოლა გვქონდა, ახლა გაგვიკეთეს, თუმცა სამწუხაროდ, მიგრაციის გამო უკვე წლებია კლასში ბავშვების რაოდენობა იკლებს. ისე გადის წლები, ერთი მოსწავლე გვიზის ხოლმე კლასში“, – ამბობს თეონა გელაძე.

პაქსაძეების საჯარო სკოლაში მხოლოდ 11 ბავშვი სწავლობს

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში, ადრე 60 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი სახლების ნახევარი გამოკეტილია. მოსახლეობა ქალაქში გადადის საცხოვრებლად ან ემიგრაციაში მიდის. სოფელში ამბობენ, რომ თუ მოსახლეობის მიგრაცია არ შეჩერდა, სკოლას შესაძლოა ბავშვების ეს რაოდენობაც აღარ შერჩეს.

თეონა მეზობელ სოფელშიც ასწავლის ქართულ ენას. პაქსაძეების მსგავსად, გელაძეების სკოლაც მილევადია, თუმცა აქ ბევრად ნაკლები ბავშვია.

პედაგოგის თქმით, კლასში მარტოდ ყოფნა რთულია ბავშვებისთვისაც.

„ჩვენ, მასწავლებლები, ვცდილობთ არ ვაგრძნობინოთ ეს დანაკლისი ბავშვებს, მაგრამ მაინც სევდიანია ეს მათთვის, რადგან ყველა ბავშვს სურს თანატოლი მეგობარი ჰყავდეს.

ერთი დადებითი ის არის, რომ სწავლა-სწავლების პროცესში უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო მეგობრულები ვართ ერთმანეთთან და ცოდნასაც იღებენ.

აქედან მასწავლებლების გამო არავის გადაჰყავს ბავშვი. ხალხია დაუსაქმებელი და ეს არის მიზეზი, რომ სოფლიდან მიდიან. ეს ბავშვებიც მხოლოდ იმიტომ შემოგვრჩა, რომ მათი მშობლები ჯერჯერობით დასაქმებულნი არიან სოფელში.

სხვა მხრივ, ჩვენც ისეთი პედაგოგები ვართ, როგორებიც ქალაქში არიან. როცა მშობელი დასაქმების გამო გადადის ქალაქში, შვილიც მიჰყავს, აქ ვის უნდა დაუტოვონ?“ – გვეუბნება თეონა.

თეონა გელაძე, მასწავლებელი

მისი აზრით, მიგრაციას მოსახლეობის დაუსაქმებლობის გარდა სოფელში არსებული მეწყრული პროცესები და ცუდი ინფრასტრუქტურაც იწვევს.

მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას მიგრაციას უკავშირებს სკოლის დირექტორი მიხეილ გელაძეც.

მისი თქმით, დღეს სოფელში მხოლოდ ის ნაწილია დარჩენილი, ვინც დასაქმებულია და ასევე ის, ვინც ქალაქში გადასვლას ვერ ახერხებს.

„გზები არ ვარგა, სოფლებში მეწყრული კერებია, იკლო მოსავალმაც. ქალაქში როცა მიდიან, უკან ამოსვლაც ძვირი ჯდება, ამიტომ გაიზარდა მიგრაცია.

სოფელში არის ის, ვინც დასაქმებულია და იღებს ხელფასს, არის მეორე კატეგორია – რომელიც წვალობს და არ შეუძლია ქალაქში ცხოვრება, ამიტომ იბრძვის აქ.

ხედავთ, ბალახია ამოსული ყანებში, რამდენი სახლია გამოკეტილი უკვე. სოფელში გართულდა ცხოვრება, მოსავალი ცოტა მოდის, კარტოფილი რაც მოჰყავს გლეხს, იმასაც თვითონ მოიხმარს, სადღაა გასაყიდი? ქალაქში რომ ჩაიტანოს, 40 თეთრი ღირს და ჯიბეში არაფერი აღარ ჩადის.

ბათუმში მშენებლობაზე იღებს 2000 ლარს ადამიანი, აქ რა ჭამოს? მეც მაქვს ხელფასი, მაგრამ არ მყოფნის“, – გვეუბნება დირექტორი.

მიხეილ გელაძე, სკოლის დირექტორი

მისი აზრით, მოსახლეობა სოფელში რომ დაბრუნდეს, ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას – გაკეთდეს გზები, დასაქმდეს ხალხი და გლეხს შეეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება.

„სხვა შემთხვევაში, სოფელში მიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალგაზრდობა ისედაც აღარ ბრუნდება უკან. სოფელში კი არა, ბათუმშიც აღარ ჩერდებიან და უცხოეთში მიდიან“ – ამბობს მიხეილ გელაძე.

თომა იაკობაძე

თომა იაკობაძე 9 წლისაა და ბედნიერია იმით, რომ მის კლასში ყველაზე ბევრი – ანუ 4 ბავშვია, მაშინ როცა, მეზობელ კლასში მხოლოდ ორი მოსწავლეა.

„ცოტანი კი ვართ, მაგრამ უფრო მეტად ვმეგობრობთ ერთმანეთთან. განსხვავებული ასაკის ვართ, მაგრამ არ გვიშლის ეს ხელს“, – გვეუბნება თომა.

დიმა გელაძე

სპორტით ერთობა დიმა გელაძეც. „ფეხბურთს, კალათბურთს ვთამაშობთ, გაკვეთილების დროს კი ვსწავლობთ“, – გვეუბნება ის.

სოფელში არც კინოა და არც თეატრი, თუმცა ბავშვები ამბობენ, რომ ამის დანაკლისს ტელევიზორით ივსებენ.

პაქსაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები
ფოტო: „ბათუმელები“

სკოლის შიდა სივრცეების დათვალიერება ვერ შევძელით. ვერც ის ვნახეთ, აქვთ თუ არა სკოლაში მოსწავლეებს სათანადო პირობები – ინტერნეტი, ლაბორატორია და კომპიუტერები, რადგან სკოლის დირექციამ და რესურსცენტრმა სკოლაში შესვლის ნება არ დაგვრთეს.

სანამ ზარი დაირეკება, 11 ბავშვი სკოლის გვერდით პატარა მოედანზე ერთ მწვანე ბურთს დასდევს. როგორც ჩანს, მათთვის ერთადერთი გასართობი სკოლის კედლებში ეს მოედანია.

იხილეთ ვიდეო პაქსაძეების სკოლაზე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: