მთავარი,სიახლეები

ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

24.04.2023 • 1103
ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, ლაშა კილაბერიას უფლებამოსილება უწყდება – ის მექსიკის გავლით აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მის ნაცვლად, წესით, ბათუმის საკრებულოში შესვლა ლევან გორგილაძეს უწევს, რომელიც ენმ-ს ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაშია. ლევან გორგილაძე ენმ-ს ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ეს პოზიცია მას შემდეგ დატოვა მან საკუთარი სურვილით, როცა ენმ-ს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

„ჩრდილოვანი მმართველობა სწორედ ამას ნიშნავს – დაავალეს და ხელი მოაწერა, ჩვენს პარტიის მენეჯმენტს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

თუ საბოლოოდ ეს 4 პირი პარტიული სიიდან ამოიღეს, ლაშა კილაბერიას ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ამირან დუმბაძე შევა.

ენმ-ს აქტივისტების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი და ლევან გორგილაძის გარდა  კიდევ სამი პირის – როინ დვალის, ელიზა ეფაძისა და შორენა აბაშიძის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს. ეს ადამიანებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.

„ნაცვლად იმისა, რომ პასუხობდეს გამოწვევებს, როცა ჩვენი ფულით წამლებს არ ყიდულობენ ბავშვებისთვის, ლევან ხაბეიშვილი ცვლის ამომრჩევლის ნებას ზუსტად ისე, როგორც ეს მცდელობა ჰქონდათ დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს. უბრალოდ, მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს,“ – აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“ 2021 წლიდან ამ დრომდე გამოძიებული არ არის. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში არჩევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ენმ-ს მტკიცებით, მას „ნეიტრალობის“ სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

„ეს გადაწყვეტილება, რაც ახლა მიიღო ლევან ხაბეიშვილმა, არაფრით განსხვავდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან. მიხედეთ წინასაარჩევნო დაპირებებს და ქვეყანას, თუ არ შეგიძლიათ, უნდა გადადგეთ და წახვიდეთ,“ – ბრიფინგზე მიმართა ლევან ხაბეიშვილს ნოდარ დუმბაძემაც. ის ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

ნოდარ დუმბაძის თქმით, მას პარტიის მენეჯმენტი ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვებას სთხოვს.

„…მიზანია იმ გუნდის დაშლა ბათუმის საკრებულოში, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული „თავისუფლების კვარტალიდან“, დამთავრებული მოსყიდვით, მუქარით, დაშინებით. ამ გუნდმა შეინარჩუნა ერთობა… ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლა უნდათ, ამას წინ უძღოდა პარტიის ახალი მენეჯმენტისა და სხვების ჩემთან საუბარი იმაზე, რომ მე თუ გადავდგებოდი, ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან მათთვის სასურველ კანდიდატს დაასახელებდნენ ფრაქციის თავმჯდომარედ.

ნურას უკაცრავად, არსად წასვლას არ ვაპირებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის უმრავლესობა და ფრაქციის უმრავლესობას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღეს მე ვხელმძღვანელობ ფრაქციას,“ – აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.

„ქოცების მსგავსად რომ სცადა ამომრჩევლის ნების შეცვლა, ამით რა ხდება: მიხეილ სააკაშვილი თავისუფლდება? თუ უწყვეტი აქციები იწყება? ამით პოლიტპატიმრებს ვათავისუფლებთ?“- კითხულობს მირდატ ქამადაძე. მასაც ლევან ხაბეიშვილის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს ბოლო არჩევნებს ახსენებს, როცა უმრავლესობა თავდაპირველად ოპოზიციამ მოიპოვა, შემდეგ კი, უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ დარჩა.

„ბათუმელების ნების შეცვლა ძვირად დაუჯდა „ოცნებას“ და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.  არც თქვენ გაპატიებთ ამ უღირს საქციელს,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: