მთავარი,სიახლეები

„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

20.04.2023 •
„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

„ბატონო შალვა, მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანო ამ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს.

დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა. საუბარია კომისიაზე, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

დეპუტატებმა ოპოზიციიდან: თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თინა ბოკუაჩავამ პერსონალურად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ იქნებ აწარმოოთ მოლაპარაკება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან და დაიყოლიოთ ისინი კონსტიტუცია და კანონი თავზე არ დაახიონ საქართველოს მოქალაქეებს,“ – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს თამარ კორძაიამ.

ხათუნა სამნიძე, „რეფორმების ჯგუფი“: „ბატონო თავმჯდომარევ, ისევ მოგმართავთ თქვენ: თქვენ ხართ ამ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო ხდება პარალიზება მთელი საპარლამენტო მუშაობის. მთელი ორი წელი მესმის თქვენგან, რომ ოპოზიცია არ მუშაობს და ახლა გადაწყვიტა მთელმა უმრავლესობამ, რომ იმის გამო, რომ გული გისკდებათ, არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რისთვისაც უკვე საკმარისი ხმებია რამდენიმე დღე.

ითვლით, ითვლით და ვერაფრით გაბედეთ, რომ ჩაატაროთ კენჭისყრა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ მთლიანად საპარლამენტო მუშაობა იბლოკება, რადგან არ იცით, რა უქნათ საკუთარ შიშს, დავალებას, რომელიც მიიღეთ თქვენი არაფორმალური მმართველისგან,“ – თქვა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უთხრა, რომ კომისიის შექმნის ხელშეშლა მათი პრინციპული გადაწყვეტილებაა.

„მგონია, თქვენ არ კითხულობთ რეგლამენტს. გულწრფელად ვიძახი და რატომ: რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენ მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ. არის ეს პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ხელისუფლება, რომელიც აქამდე იყო უზურპირებული, ახლა უკვე არის პარალიზებული, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში,“ – შალვა პაპუაშვილს მიმართა დეპუტატმა ენმ-დან თინა ბოკუჩავამ.

„მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, გაითავისოთ თქვენი როლი, როგორც ამ ინსტიტუციის თავმჯდომარემ და არა როგორც პოლიტიკურმა პირმა, მოუწოდოთ ბოიკოტში გასულ უმრავლესობას, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. მოგმართავთ თხოვნით: მოუწოდოთ უმრავლესობის წევრებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების განხორციელების საშუალება მიეცეს პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ახლა ასრულებს დირექტივას, არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„…პარლამენტში ვერ შემოგიტყუეთ, ახლა გახდა ხო თქვენთვის კონსტიტუცია მნიშვნელოვანი? ეს არის პრინციპული დამოკიდებულება იმიტომ, რომ თქვენ ვნებთ ჩვენს ქვეყანას. კანდიდატის სტატუსი გვაქვს მისაღები და არ მოგცემთ საშუალებას, ამით მანიპულაცია და რეინკარნაცია განიცადოთ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ხაბეიშვილსაც ვერ დააბრალებთ. ხაბე, შენთან ვარ ძმა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატებს მოთხოვნაზე გვერდის ავლა ასე სცადა შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ:

„ვინაიდან მე მომმართეთ, ვიტყვი ორ რამეს, პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონია ასეთი ცოცხალი, მრავალრიცხოვანი პარლამენტი ორ წელზე მეტია იშვიათად მინახავს. მეორე: ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთ რამეს: ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც თქვენ აქ ზიხართ, არის ის, რომ თავის დროზე თქვენ „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია“.

—————–

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: