საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 47 710-ით და არის – 3 736 357 [მათგან კაცი – 1 793 820, ხოლო ქალი – 1 942 537]. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
2022 წლის იანვრის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 688 647 იყო.
იმავე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც შობადობის, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც – 2022 წელს 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა [დაიბადა 42 319 და გარდაიცვალა 49 118]. ანუ საქართველოში ბუნებრივი მატება არ ყოფილა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 125 269 ემიგრანტი. 2021 წელს კი – 99 974 ადამიანი.
მაშინ რის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა/რაოდენობა ქვეყანაში? – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად გაზარდა მიგრაციის მაჩვენებელმა. 2022 წელს საქართველოში 54 509 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე საქართველოდან გავიდა [ამაში შედის, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელებიც].
„მოსახლეობის რიცხოვნობაში შედის ყველა – საქართველოს მოქალაქე და ასევე ის უცხოელებიც, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნით რჩებიან საქართველოში. შესაბამისად, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა არ ნიშნავს უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის მატებას“, – გვითხრეს საქსტატში.
საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში? – საქსტატში გვითხრეს, რომ ასეთი მონაცემი მათ დამუშავებული არ აქვთ.
[red_box]მოსახლეობის მიგრაცია[/red_box]
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში დაფიქსირდა 179 778 იმიგრანტი და 125 269 ემიგრანტი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, იმ 125 ათასი იმიგრანტთაგან, ვინც საქართველოდან გავიდა, 100 ათასი იყო საქართველოს მოქალაქე. ქვეყანაში კი 54,4 ათასი მოქალაქე დაბრუნდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, იგივე 2022 წელს საქართველოში:
შემოვიდა რუსეთის 62 304 მოქალაქე და გავიდა – 5 935
შემოვიდა უკრაინის 20 716 მოქალაქე და გავიდა- 2 004
შემოვიდა ბელარუსის 13 361 მოქალაქე და გავიდა – 852
2022 წელს იმიგრანტებისა და ემიგრანტების სრული რიცხოვნობა სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით ნახეთ ცხრილში:
მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში
2022 წლის იანვართან შედარებით 2023 წლის იანვრისთვის გაზრდილია აჭარის მოსახლეობის რაოდენობაც, ჯამში 11 898-ით.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, აჭარის მოსახლეობის ზრდა ძირითადად დამოკიდებულია მოსახლეობის ზრდაზე ბათუმში [5 440-ით].
ამავე მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით მიმდინარე წლის იანვარში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია ქობულეთში [355-ით], შუახევში [85-ით], ქედაში [75-ით]:
მოსახლეობის რაოდენობა აჭარასა და აჭარის მუნიციპალიტეტებში 2022 და 2023 წლების 1-ელი იანვრის მდგომარეობით / წყარო: საქსტატი
ინფორმაციისთვის: აჭარაში 2000 წელს რეგისტრირებული იყო 352 976 ადამიანი, 1994 წელს კი – 423 000 ადამიანი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილს და 1-ელ მაისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 189 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 3 694 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 7 181 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 2 905 ერთეული [+18]
MLRS – 543 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 467 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 819 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 353 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
413 თვითმფრინავი
229 ვერტმფრენი
3 887 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 887 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 679 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 820 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟების გასხვისებაზე აუქციონს გამოაცხადებს. მერიამ საიჯარო ფასი უკვე განსაზღვრა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, 1 კვ.მეტრის ფასი 35 ლარი იქნება.
ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე წარმოდგენილია განცხადებები პლაჟის სხვადასხვა მონაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე.
სამსახურმა ასევე განმარტა, როგორ დადგინდა 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასი:
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, გონიო-კვარიათის დასახლებაში არსებული 68 775 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ჯამში, 48 მილიონ 348 571 ლარს შეადგენს. 1. კვ.მეტრის მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენს 702,9 ლარს, რომლის 5% – 35,1 ლარია.“
მას შემდეგ, რაც გონიო-კვარიათის პლაჟები, წელს პირველად, უკანონო შენობებისგან თითქმის სრულად გაწმინდეს, ბათუმის მერია მათ გასასხვისებლად ორ ვარიანტს განიხილავს.
ერთი ვერსიით, მერია კაფეებისა და სხვა მცირე მასშტაბის კომერციულ ობიექტებს ერთიანი კონცეფციით თავად მოაწყობს და შემდეგ გასცემს იჯარით. მეორე ვერსიის თანახმად, პლაჟი გაიცემა პირობიან აუქციონზე – პირობა კი ობიექტების წინასწარ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად მოწყობა იქნება.
ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ არ გამორიცხა გონიო-კვარიათის პლაჟების გარკვეული მონაკვეთების გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემაც.
საკრებულო ხვალ, 28 აპრილს, სხდომაზე გეგმავს განკარგულების დამტკიცებას.
ტვინის შერყევა არის ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. შერყევა ჩვეულებრივ გამოწვეულია თავში დარტყმით ან თავის დარტყმით. ტვინის შერყევის ეფექტები, როგორც წესი, დროებითია, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კონცენტრაციის, მეხსიერების, ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემებს.
ტვინის შერყევის სიმპტომების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგის, ნუგზარ გურგენიძის განმარტებით, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ქალა-ტვინის სერიოზული გართულებები გამოგვრჩეს.
ბატონო ნუგზარ, რა არის ტვინის შერყევა?
ტვინის შერყევა ეს არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმის ყველაზე მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ტვინის შერყევის დროს, ტრავმის შედეგად, ხდება თავის ტვინის სითხის მიმოქცევის დარღვევა. ეს იწვევს სპეციფიკურ სიმპტომატიკას.
რა სიმპტომები ახასიათებს ტვინის შერყევას?
პირველი სიმპტომები ასეთ დროს არის წამიერი (1-2 წამი), არახანგრძლივი გონების კარგვა; მერე იწყება გულისრევის შეგრძნება, შეიძლება ღებინება და თავბრუსხვევაც განვითარდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ღებინება არ ვითარდება, შეიძლება იყოს მხოლოდ წამიერი გონების კარგვა, შეიძლება იყოს პულსის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება ან დადაბლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი შემთხვევების უყურადღებოდ დატოვე არ შეიძლება და აუცილებლად საჭიროა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამის გარეშე ქალა-ტვინის არც ერთი ტრავმა არ უნდა დავტოვოთ.
MayoClinic: ტვინის შერყევის ნიშნები დაუყოვნებლივ შეიძლება არ გამოჩნდეს. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან კიდევ უფრო მეტ ხანს. ტვინის შერყევის ტრავმული დაზიანების შემდეგ საერთო სიმპტომები არის: თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია) და დაბნეულობა.
ტვინის შერყევის ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები ასევე არის ყურებში ხმაური, დაღლილობა ან ძილიანობა, ბუნდოვანი ხედვა; ტვინის შერყევის სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაბნეულობას ან ნისლში ყოფნის შეგრძნებას, ამნეზიას ტრავმული მოვლენის გარშემო, თავბრუსხვევას ან „ვარსკვლავების დანახვას“.
MayoClinic: სიმპტომები ბავშვებში – თავის ტრავმა ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. ჩვილებსა და ბავშვებში ტვინის შერყევის ამოცნობა რთულია, რადგან მათ არ შეუძლიათ აღწერონ, როგორ გრძნობენ თავს. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გაბრუებას; მოუსვენრობასა და ადვილად დაღლილობას; გაღიზიანებადობას; წონასწორობის დაკარგვასა და არასტაბილურ სიარულს; გადაჭარბებულ ტირილს; კვების ან ძილის რეჟიმის შეცვლას; საყვარელი სათამაშოებისადმი ინტერესის ნაკლებობას; ღებინებას; კრუნჩხვებს.
უყურადღებობის შემთხვევაში რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შერყევას?
სავალდებულოა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. საქმე ის არის, რომ თუ პირველი სამი საათის განმავლობაში არ ჩამოყალიბდა არავითარი ცვლილებები ტომოგრაფიაზე, ესე იგი, არც იქნება.
უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება თავის ტვინის შერყევის ნაცვლად მივიღოთ ქალა-ტვინის ძალიან მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა სისხლჩაქცევით. ხშირად ყალიბდება ცერებრული ჰემატომა (სისხლჩაქცევა), რომელიც არის სასწრაფოდ საოპერაციო და ეს უკვე ძალიან სახიფათო მომენტია. ამიტომ ქალა-ტვინის ყველა ტრავმას აუცილებლად სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია.
შეიძლება დასაწყისში არავითარი ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ იყოს და მივიჩნიოთ, რომ არის ბანალური ტვინის შერყევა, რომელიც ფუნქციონალურად შექცევადი პროცესია, არაფერი დიდი არ ხდება და პაციენტი სამ დღეში დაუბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. მაგრამ შეიძლება არ იყოს არანაირი სიმპტომატიკა და აღმოჩნდეს უფრო მძიმე დაზიანება თავის ტვინის. ამიტომ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია არის სავალდებულო დიაგნოსტიკისთვის.
როგორ ხდება ტვინის შერყევის დადგენა/დიაგნოსტიკა?
დღეს დიაგნოსტიკაში მიღებული მეთოდია პაციენტის ნევროლოგიური გამოკვლევა, მისი სიმპტომატიკის შემოწმება, არა მარტო ნევროლოგიურის, არამედ მისი ზოგადი მონაცემების – არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვა. თავის ტვინის შერყევის შემდეგ ეს მაჩვენებლები არ არის დარღვეული მაინცადამაინც, დიდი ცვლილებები არ ხდება, თუმცა შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ემოციურ ფონზე, წნევა იყოს მომატებული, ჰიპერტენზიისკენ წავიდეს ან პირიქით, ჰიპოტენზიაც არ არის გამორიცხული. თავის ტვინის შერყევის დროს სუნთქვის პრობლემა არ ფიქსირდება. ადგილი აქვს პულსის აჩქარებას, ტაქიკარდიას, მაგრამ ძალიან მცირე ხნით.
რას მოიცავს პირველადი დახმარება ამ დროს?
ასეთ დროს პირველადი დახმარებაა, წამოვაწვინოთ ავადმყოფი, თუ ღებინება აქვს, თავი გვერდზე გადავაწევინოთ, რათა ცნობიერების დაკარგვის შემთხვევაში, ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოვიძახოთ სასწრაფო, მივიყვანოთ პაციენტი სტაციონარში.
როგორია მკურნალობა?
სამი დღის განმავლობაში პაციენტი იღებს მხოლოდ შარდმდენს და სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს. თუ ტკივილი აღენიშნება, ენიშნება ტკივილგამაყუჩებელი და სამი-ოთხი დღის შემდეგ ყველაფერი დგება ნორმაში.
ქალა-ტვინის ტრავმის დროს, თუნდაც ეს იყოს ტვინის ბანალური შერყევა, პაციენტი უნდა მოერიდოს პირველი 3-6 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებასა და მზეზე გარუჯვას. ეს იმიტომ, რომ ფაქტორები, მაგალითად, იონიზაცია, რომელსაც გამოყოფს მზე, თავის ტვინზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. ზოგიერთი ფაქტორი იწვევს თავის ტვინის ჰიპოქსიას და ხშირად ყალიბდება პოსტტრავმული კრუნჩხვები, ეპილეფსია.
ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო.
მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო.
დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, რესტორნის მიერ მითვისებული სივრცე გაიაროს და ისე გააგრძელოს გზა.
ტროტუარი შარტავას 11-ში, რომელიც რესტორანმა მიითვისაჩაკეტილი ტროტუარი შარტავას ქუჩაზე
„ბათუმელები“ დაუკავშირდა რესტორან „თამადას“ იმის გასარკვევად, აქვს თუ არა რესტორანს ტროტუარზე მსგავსი ტიპის კონსტრუქციის მოწყობის უფლება. დაწესებულების მენეჯერის განცხადებით, ის ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
მენეჯერი დაგვპირდა, რომ რესტორნის მეპატრონე დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, ამის შემდეგ არავინ დაგვკავშირებია. მოგვიანებით ტელეფონს აღარც მენეჯერმა უპასუხა.
აქვს თუ არა რესტორანს ბათუმის მერიის ნებართვა აღნიშნული კონსტრუქციის მოსაწყობად? ვკითხეთ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას.
„შარტავას 11-ში კონსტრუქციის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე მიმდინარეობს საქმისწარმოება“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.
პრესსამსახურმა აღარ უპასუხა დამატებით კითხვას, თუ როდის დაიწყო საქმისწარმოება, დაჯარიმებულია თუ არა დამრღვევი და რა ტიპის სანქცია დაეკისრა ობიექტის მეპატრონეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო სასამართლო დავა – მალხაზ რეხვიაშვილის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 აპრილს, უკანონო გათავისუფლება დაადგინა.
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის შორენა ღლონტის საქმეზეც სასამართლომ უკანონო გათავისუფლება დაადგინა. რამდენიმე ჟურნალისტის სარჩელი კი, სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.
მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან 2020 წელს გაუშვეს ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რითაც მან ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მალხაზ რეხვიაშვილის შემთხვევაში ბათილად მიიჩნია ის ბრძანება, რომლითაც მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაუშვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მალხაზ რეხვიაშვილს აჭარის ტელევიზიამ კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს 5 ათასი ლარი. რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.
„მოსამართლემ განმარტა, რომ ის პოზიცია აღარ არსებობს, რაზეც ვმუშაობდი, ვმუშაობდი გადაცემა „ჰეშთეგში“ წამყვან-რეპორტიორის პოზიციაზე,“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.
„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაადასტურა უკანონო გათავისუფლება… სასამართლოს უნდა ემსჯელა ტოლფასი თანამდებობის საკითხზე. გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობის შემდეგ გვექნება პოზიცია ამ საკითხზე,“ – ამბობს თათია კაჭარავა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.
——————
აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, როცა ტელევიზიის დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტით გაუშვეს. სარჩელების დიდი ნაწილი 2020 წლიდან ამ დრომდე განხილული არ არის. ნათია კაპანაძის სარჩელი 2022 წელს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა. კაპანაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა.
საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს.
ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე.
ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იმიტომ, რომ მერს მოქალაქის შეფასება არ მოსწონს.
„ვიდრე ამ განცხადებას გამოვაკრავდი საშაურმეზე, წელს აღარ მომცეს ნება, ტროტუარზე დამედგა მაგიდები და სკამები, მანამდე 10 წელი ნებართვით ტროტუარის ნაწილზე გვქონდა მაგიდები და სკამები…
რა თქმა უნდა, ავიღეთ მაგიდები, თუმცა ტროტუარზე დავტოვე ნარგავები. დავრბოდი, რომ იქნებ რამე გამომესწორებინა… მოვიდა წერილი, რომ 20 დღეში უნდა აგვეღო ნარგავებიც…“, – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.
ვიდრე მერიისგან დათქმული 20-დღიანი ვადა გავიდოდა, საშაურმესთან ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ჩაუვლია:
„მაგიდები რადგან აღარ გვიდგას, აღარ არის მუშაობა, ჯამში 16 ადამიანი დარჩა უმუშევარი… მერს დაველაპარაკე და ვუთხარი, გვშია და ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი, ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო. გვშია, რა შუაშია პოლიტიკა-მეთქი. თუ გშია, წადი სახლში და ჭამეო.
მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი. მე გამოვიყენე კონსტიტუციით დაცული უფლება – სიტყვის თავისუფლება.
ჯერ კიდევ 1978 წელს დედა ენას ვიცავდი, მერე ლენინის ძეგლს ვაგდებდი, აბაშიძის პოლიტპატიმარიც ვიყავი. მე გამოვხატე ჩემი პროტესტი მერიის ველური ქცევის მიმართ და ამის გამო მაჯარიმებენ?“ – კითხულობს მოქალაქე.
„უნდა დაჯარიმდეს მაშინ ყველა, ვისაც რაიმე სახის წარწერა აქვს გამოკრული, ეს ალოგიკურია და დაუსაბუთებელი – როცა სხვა ვინმე იგივე გორგილაძის ქუჩაზე მსგავსი წარწერის გამო დაჯარიმებული არ არის, გამოდის, რომ ბათუმის მერს წარწერის შინაარსი არ მოსწონს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.
ვაჟა თავართქილაძე
ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეუსაბამოდ დააჯარიმა მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
იურისტი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: ძეგლის დაცვის ზონაში შენობაზე ნებისმიერი განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას. მეორე: მერიას აშკარად შერჩევითი მიდგომა აქვს.
ანა ბერძენიშვილს აქვს კითხვა მუნიციპალურ ინსპექციასთან:
„სხვა წარწერა რომ ყოფილიყო, მაგალითად, ბათუმს ჰყავს კარგი მერი, მაშინაც დააჯარიმებდნენ?
თუ ასეა, მაშინ რატომ არ აჯარიმებენ ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელსაც გვერდით, სხვა ვიტრინებზე აქვთ განცხადებები გამოკრული?
დაცვის ზონაში, შენობის ფასადის ვიტრინაზე განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას და ავტომატურად სამართალდარღვევას. მუნიციპალურ ინსპექციას უნდა გაერკვია, იყო თუ არა ეს დროებითი, ხომ არ იყო ეს პროტესტი? ოქმში საერთოდ არაა მითითებული, რა დაამახინჯა კონკრეტულად მესაკუთრემ განცხადების გამოკვრით.
2023 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ განეხორციელებინა გამწვანება იმ პერიმეტრზე, სადაც საშაურმის მაგიდები ელაგა…
საშაურმის გვერდით რესტორან „ლევილს“ ტროტუარი თითქმის სრულად აქვს შემოღობილი
საშაურმის გვერდითაა რესტორანი, რომელსაც არათუ ტროტუარი, ველობილიკიც ათვისებული აქვს…,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-მარტი] საქართველოში თავშესაფრის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნის 291 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში:
საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 მოქალაქეს. აქედან 1 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე – დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე.
ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა უკრაინის 39 და ყაზახეთის 3 მოქალაქეს; იგივე სტატუსი მიენიჭა ასევე 5 პირს, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია.
საქართველოში სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 153 მოქალაქეს. მათ შორის არიან რუსეთის 9, უკრაინის 2, ირანის 48, თურქეთის 21 და მიანმარის 16 მოქალაქე.
საქართველოში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იქნა 38 მოქალაქე.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 უცხოელი დარეგისტრირდა. აქედან 24 რუსეთის, 68 უკრაინის, 49 ირანის, 29 თურქეთის, 11 ინდოეთის მოქალაქეები არიან.
თავშესაფარი მოითხოვა ასევე 10-მა მოქალაქემ, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2 – მოქალაქეობის არმქონეა, ხოლო 4 ორმაგი მოქალაქეობის მქონე.
საქართველოდან გაძევებულ პირთა სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით:
წყარო: შსს
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში განხილულ იქნა რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხადი, აქედან თანხმობა მიეცა 1 190 პირს [მათ შორის 273 არასრულწლოვანია].
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 188 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
ტანკი – 3 694 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 7 178 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 2 887 ერთეული [+10]
MLRS – 542 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 461 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 805 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 352 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
413 თვითმფრინავი
228 ვერტმფრენი
3 882 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 878 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 671 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 805 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 524 257 ლარი დახარჯა ბათუმის მერიამ ქალაქში ორი სკვერის კეთილმოსაწყობად, თუმცა ორივე სკვერი არათუ კეთილმოეწყო, არამედ აქ გავლაც პრობლემაა.
მაგალითად, თამარ მეფის 20-ში, „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან, სკვერში გადაადგილება რთულია, არათუ სეირნობა – სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა არ დაუსრულებიათ: ფილები შადრევანთან დაუყრიათ, სასეირნო ბილიკების მოწყობაც შუა გზაში მიუტოვებიათ, დაჭაობებულია ადგილები, სადაც ახლა მწვანე საფარი უნდა იყოს…
სკვერი არ მოუწყვიათ არც რელიგიური მუზეუმის გვერდით – აქ ახალ სკვერში სეირნობა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
რელიგიის მუზეუმთან არსებული სკვერი 327 655 ლარად უნდა მოეწყო კომპანია „ჯიზი გროუპს“, ვისთანაც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. თამარ მეფის 20-ში კი – 693 605 ლარად.
ორი სკვერის კეთილმოსაწყობად ხელშეკრულება 1 მილიონ 021 260 ლარზე გაფორმდა. ნახევარ მილიონზე მეტი – 524 267 ლარი კი, კომპანიისთვის უკვე გადახდილია.
„არის შემთხვევები, როცა სამუშაოები შეჩერებულია, ან მიმდინარეობს ნელი ტემპით,“ – აღნიშნულია გამაფრთხილებელ წერილში, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გაუგზავნა კომპანიას, როცა ის ვალდებულებებს არ ასრულებდა. ხელშეკრულება „ჯიზი გროუპთან“ 2022 წლის 23 დეკემბერს შეწყვიტა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ.
ამ პერიოდში კომპანიას უკვე 78 155 ლარი პირგასამტეხლოს სახით ჰქონდა გადასახდელი.
გადაიხადა თუ არა პირგასამტეხლო სრულად კომპანიამ? რა თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს მერია კომპანიას? როგორ გაგრძელდა ამ სკვერების კეთილმოწყობის საქმე? – კითხვებით ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავუკავშირდით. აქ „ბათუმელების“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ, მაგალითად, იმის გასაგებად, გადაიხადა თუ არა პირგასამტეხლო კომპანიამ, რომელმაც ბათუმის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი წაიღო, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
სკვერი, რომელიც ბათუმის მერიას უნდა აღედგინა – ბათუმი, თამარ მეფის ქუჩა#20
მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს.
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს.
„მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო?
მერე „სალდათებიდან“ ერთ-ერთმა უთხრა მამაჩემს – კარი გაგვიღე, ცუდ ამბავზე არ ვართ მოსულებიო. შემოიყვანა სახლში, გაათბო, გააშრო.
რომ გაშრენ, „სალდათებმა“, თქვენო, ისეთ ადგილას ყოფილხართ, აქ ვერ იცხოვრებთო. აქედან ორთაბათუმში უნდა გაგასახლოთო. მამაჩემს არსად წასვლა არ უნდოდა, რატომ გვასახლებთო.
„სალდათებმა“ – უნდა გაგასახლოთ, გეგმა გვაქვსო. მამაჩემმა ჰკითხა, ეს გეგმა საიდან მოიტანეთო? თქვენი საბჭოდანო, ასე გვითხრეს.
მაშინ ცოტა კარგად თუ ცხოვრობდა ადამიანი, არ მოსწონდათ ეგ. ბარათაულში იცით როგორი ცხოვრება გვქონდა? 7-8 მეწველი ძროხა გვყავდა, სამი ცხენი, უღელი ხარი, 15 თავი თხა-ცხვარი, 80 თავი სკა. ვუვლიდით და ვიყავით მშვენივრად.
თხები ხომ გვყავდა. „სალდათმა“ უთხრა მამაჩემს – თხა დაკალი და ხორცი წამოიღე, აჭმევ ბავშვებსო. მამაჩემმა ორთაბათუმში თუ უნდა გამასახლოთ, რათ მინდა იქამდე ხორციო.
ადრე დილას, გამთენიას გაგვიყენეს გზას. ჩაგვიყვანეს ხიჭაურში. 100 მანქანა იდგა მწკრივში. ჩვენ გარდა კიდევ 5-6 ოჯახს ასახლებდნენ. ყველა ერთად მოგვყარეს.
მე ბავშვი ვიყავი, მიხაროდა, სადღაც მივყავდით. უფროსები კი ტიროდნენ, გლეჯდნენ ქვეყანას.
დაგვსვეს ამ ღია მანქანებზე. ღამე ჩავედით ბათუმში. ეშელონი იყო ჩამომდგარი, ჩაგვსვეს ამ მატარებელში და წავიდა მატარებელი. ფოთამდე არ გაჩერებულა. ფოთში „სალდათები“ შემოვიდნენ, ვედროებით სუპი შემოიტანეს და თითო ჭიქა დაგვირიგეს.
9 მოსახლე ერთ ვაგონში ვიყავით. საწოლი არ იყო, იატაკზე ვისხედით. ფოთში საჭმელი რომ გვაჭამეს, ერთი საათი გაჩერდა მატარებელი, მერე დაკეტეს ვაგონის კარი და წავედით. 18 დღე იარა მატარებელმა. ქვანახშირის ღუმელი იყო ვაგონში, 24 საათში ერთხელ შემოდიოდა „სალდათი“, საჭმელი შემოჰქონდა, ამ ღუმელს ანთებდა და ცოტა ქვანახშირს გვიტოვებდა.
ყაზახეთში
ბოლოს ჩავედით ყაზახეთში. ერთი ყაზახი გამოასახლეს სახლიდან და მის სახლში შეგვასახლეს ჩვენ. მიწური იყო. იატაკის ნაცვლად ტალახი.
არც საწოლი იყო, არც სკამი, არც მაგიდა. საერთოდ არაფერი.
როცა ამ სახლში შეგვიყვანეს, ერთი ბერძენი ქალი მოვიდა. რომ დაინახა არაფერი გვქონდა, წავიდა, თივა მოიტანა და გაგვიფინა იატაკზე. ის ღამე იმ თივაზე გავათენეთ.
მეორე დღეს მაწონი, ყველი და დიდი მჭადი მოგვიტანა. მახსოვს, ის მჭადი რომ ვჭამეთ.
პირველი თვეები გაგვიჭირდა. მერე ყველამ მუშაობა დავიწყეთ. ბამბა იკრიფებოდა. ადვილი იყო ჩემთვის. ას კილო ბამბას ვკრეფდი მარტო. შრომა აღირიცხებოდა შრომადღეებით.
15 შრომადღეს ვაკეთებდი 15 დღეში. ამ შრომადღეზე იძლეოდა 500 გრამი პურის კაკალი, 500 გრამი ბრინჯი, 500 გრამი შაქარი და 1 მანეთი. ამას მე მარტო ვაკეთებდი, მამაჩემიც მუშაობდა, ჩემი ძმაც და არ გვიჭირდა იქ ჭამა.
ბაზარში ხორცსაც ვყიდულობდით. მცველები გვყავდა და ისინი დაგვყვებოდნენ ბაზარში. ჩვენი სოფლიდან მხოლოდ სამი კილომეტრის რადიუსში შეგვეძლო წასვლა. მის გარეშე ბაზარში ვერ წავიდოდით.
მიწა მოგვცეს, კარტოფილი და სიმინდი დავთესეთ, პურს გვაძლევდნენ, პომიდორი მოგვყავდა და ყველაფერი ავსილი გვქონდა.
მაგრამ „ნაპრინციპ“ რომ წასული ვიყავით, მამაჩემი ლოგინად ჩავარდა. ისე ინერვიულა, რატომ გამასახლესო. რა მქონდა ასეთი გაკეთებული, რატომ გამასახლესო. კომენდატურაში რომ მივედით, იქ გაუკვირდათ, თქვენი რამე დანაშაულობა არსად არააო.
მამაჩემი იყო აქიფ ჯინჭარაძე.
ჯამბული ერქვა იმ სოფელს ყაზახეთში, სადაც ვცხოვრობდით.
უკან დაბრუნება
სტალინმა მოგვცა საბუთი, რომ თქვენ თავისუფალი ხართ და წახვალთ სახლებშიო. მახსოვს ის დღე, როცა ბოძზე მიმაგრებულმა რადიომ დაიძახა – სტალინი მოკვდაო.
სტალინი მოკვდაო და მამაჩემმა დაიწყო ტირილი, შეეშინდა – დავრჩით აქაო. სტალინმა გაგვასახლა, იმას უნდა წაეყვანა აქედან ჩვენი თავი, ჩვენ ვეღარ წავალთ აქედანო.
არ გაიხსენება, იმ დღეს იმხელა სიმწარე გავწიეთ, ისე ვიტირეთ, გეგონებოდა, მკვდარი იყო სახლში. შიშის ტირილი იყო. ჩვენ არ გვინდოდა გასახლება და სტალინმა გაგვასახლა. სახლში ვბრუნდებოდით და გაჩერდა ეს ამბავი.
მამაჩემი ღმერთს შეჰპირდა – ღმერთო, ოღონდ აქედან წამიყვანე, ამ მიწას მომაშორე, აქ რომ ხალხი მოვა, იმ ხალხს ყურბანს დავუკლავ და დავუტოვებო. წამოსვლისას მამაჩემმა მართლა ასე გააკეთა.
სამ წელიწად-ნახევარი ვიყავით გადასახლებაში. სამჯერ მოსავალი ავწიეთ. დაგვიბრუნეს საბუთი და წამოვედით საქართველოში.
ყველაფერი, რაც იქ მოვაგროვეთ, წამოვიღეთ. 15 ცალი საწოლი წამოვიღეთ. ბრინჯი, პურის კაკალი, შაქარი, სიმინდი.
დავბრუნდით ჩვენს სახლში, ბარათაულში. მაგრამ ჩვენი სახლი ცარიელი დაგვხვდა. არაფერი აღარ იყო. ყველაფერი წაეღოთ. არც უკან დაუბრუნებია არავის. მამაჩემი დაიბარეს ფერმაში, ერთი ისეთი ძროხა მისცეს, რომ იმას ბოსელში არ დააბამდა მამაჩემი.
ნათესავები დაგვეხმარნენ, თითო ძროხა მოგვცეს და დავიწყეთ თავიდან ცხოვრება.
რას ვფიქრობ სტალინზე? სტალინმა არ მოგვცა კაი ხეირი. აგვასახლა, გაგვასახლა, დაგვაბნია.
რამდენი გზაში მოკვდა, მატარებლიდან აგვართვეს და სად გადააგდეს, ღმერთმა იცის“.
ბოლო წლებია დათბობასთან ერთად ბათუმში საკურას ყვავილობა იწყება. იაპონური ალუბლის ხეები ქალაქში 2014 წელს დარგეს. განსაკუთრებით ლამაზია საკურას ყვავილობა ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბისპირას.
ბათუმის ცენტრალური პარკიბათუმის ცენტრალური პარკი
საკურას ნახვა შეგიძლიათ ასევე ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „რადისონის“ გვერდით.
ბათუმში ყვავის კამელიებიც. შორიდან შეიძლება ვარდს მიამსგავსოთ, მაგრამ ეს ხე უფრო უხეში ფოთლითა და უსუნო ყვავილით გამოირჩევა. კამელიების მრავალფეროვნება შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც.
ამ დროს განსაკუთრებულ სურნელს აფრქვევს გლიცინიები. ბათუმში რამდენიმე გამორჩეული ადგილია, სადაც გლიცინიები ყვავილობს. ერთ-ერთია კაფე „სანაპირო“ პორტში.
ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, ქვაფენილის შეცვლას აპირებენ. ბულვარის ადმინისტრაციამ მოზაიკური დიზაინის ქვაფენილის 3 ფოტოვერსია წარმოადგინა თავისი ფეისბუქის გვერდზე და მოსახლეობას სთხოვს, ხმა მისცენ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს.
„გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში“, – წერს ბათუმის ბულვარი.
ბულვარის მიერ წარმოდგენილ მოზაიკის ნიმუშებზე მყვირალა დიზაინისგრაფიკული ორნამენტებია გამოსახული. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ „მსგავსი ფერები ბულვარს ახასიათებს“.
„ბათუმის ბულვარმა“ აღნიშნული დიზაინის ნიმუშები გუშინ, 25 აპრილს, გამოაქვეყნა ხმის მიცემის მიზნით. ხმის მიცემა კი ხვალ, 28 აპრილს, 19:00 საათზე უნდა დასრულდეს.
თეატრის წინ დღეს არსებული ქვაფენილი ასე გამოიყურება ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელებიბულვარის ადმინისტრაციას სურს, რომ არსებული ქვაფენილი მოზაიკური ქვაფენილით ჩაანაცვლოს
იდეას სოციალურ ქსელში კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. ფოტოს ქვეშ მოქალაქეები წერენ:
„ჭრელია, თვალებს ღლის“, „არც ერთი არ ვარგა“, „საშინელებაა, უკეთესი ვარიანტი მოიფიქრეთ“, „მდიდარი ქართველების კერძო სახლებს ნუ დაამსგავსებთ ბათუმს, ფული რომ აქვთ და რა გააკეთონ არ იციან“.
„სავარაუდოდ მილიონს მიუკაკუნებს ეს „ღირსშესანიშნაობა“, მაშინ ნუ გვეღადავებით და დახვეწილი, გემოვნებიანი, მართლა შესანიშნავი ვარიანტები შემოგვთავაზეთ“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.
ზოგიერთ მოქალაქეს კი ამ პროცესმა საახალწლო ნაძვის ხის არჩევა გაახსენა, როცა „მოქალაქეების მიერ არჩეული“ ნაძვის ხე რეალობაში სულ სხვა აღმოჩნდა – „როგორც საახალწლო ნაძვის ხე ავირჩიეთ და იყო „უნიკალური“, ისე არ დაგვემართოს“.
ფოტოების ქვემოთ მკვეთრად კრიტიკულ კომენტარებსაც შეხვდებით – „უგემოვნო მავნებლები! სიქაჯე“. ერთ-ერთი მოქალაქის აზრით კი, „ეს ზიპლიპიტო ფერები და მოხატულობა“ ბულვარს არ შვენის და ბუნებრივი ქვა ამით არ უნდა ჩანაცვლდეს.
რასაკვირველია, არიან მოქალაქეები, რომლებიც წარმოდგენილი დიზაინის მოზაიკას მიიჩნევენ, როგორც „შესანიშნავს“.
ახალი მოზაიკის ერთ-ერთი ვერსია ასე გამოიყურებამესამე ვერსიაზე გამოსახულია ბორჯღალი და სხვა დეტალები
ვინ შეიმუშავა ეს დიზაინი და რატომ გადაწყდა მისი დაგება თეატრის წინ? – ვკითხეთ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას.
„ფილების შეცვლა იმიტომ გადაწყდა, რომ [არსებული] ძალიან დაზიანებულია და ჩვენი ინფრასტრუქტურული ჯგუფი ყოველდღე ამოვარდნილ ფილებს ასწორებს.
თეატრის წინ ხშირად ტარდება კონცერტები, ღონისძიებები. ძალიან დაზიანებული აქვს იერ-სახე და ეს საჭიროება დადგა“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე. – „ამ კუთხით რეკომენდაციები გვაქვს გენგეგმაშიც, თანხვედრაშია. არ ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება დიზაინს, ეს გემოვნების თემაა და სწორედ იმიტომ, რომ რაღაც იმპერატიული გადაწყვეტილებით არ ყოფილიყო მიღებული, ჩვენმა დიზაინერებმა შეიმუშავეს სამი ვერსია. მოსახლეობის ჩართულობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი ადგილია ძველი ბულვარი“.
თუკი მოსახლეობის აზრი აინტერესებდათ, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი ან რატომ არ არის უფრო მეტი არჩევანი. რას გადაწყვეტს ბულვარი იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა შემოთავაზებულ დიზაინს დაიწუნებს? – ვკითხეთ სოფო გუჯაბიძეს.
„ჯერ საპროექტო მიმართულებით მიდის მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის. ეს არის ის, რაც შევთავაზეთ საზოგადოებას, გვაინტერესებს რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
სოფო გუჯაბიძე იქვე დასძენს, რომ „რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ უნდა შევარჩიოთ, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც არ მოეწონება. მე, პირადად, მესამე ვარიანტი მომწონს, უფრო სადაა და არ ყვირის“.
სოფო გუჯაბიძეს ასევე ვკითხეთ, რატომ არ აირჩიეს იგივე ფერი, რაც ამჟამად არის დაგებული? მისი თქმით, „ფერები არის მიახლოება იმასთან, რაც იყო ადრე ბულვარში“.
რამდენმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა, რომ „ხალხის მიერ არჩეული“ დაერქვას აღნიშნულ მოზაიკას? – ვკითხეთ სოფო გუჯაბიძეს. მისი თქმით, ხმის მიცემა ჯერ ახალი დაწყებულია და იმ მოზაიკის დაგება გადაწყდება, რასაც ხალხი აირჩევს.
„ჩვენც გადავიხრებით იქითკენ“, – გვითხრა გუჯაბიძემ, თუმცა ეს „უმრავლესობა“ რამდენი ხმა უნდა იყოს დაახლოებით, ამაზე მას ზუსტი პასუხი არ აქვს.
სოფო გუჯაბიძეს ისიც ვკითხეთ, არის თუ არა აღნიშნული მოზაიკის დიზაინი შეთანხმებული ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. მისი თქმით, „ეს არანაირი ჩარევა და დარღვევა არ არის ბულვარში, ძეგლის კუთხით“.
ტექნიკური თვალსაზრისით, როგორც სოფო გუჯაბიძე ამბობს, ეს იქნება ფართო ფილები, ბევრად უფრო მყარი, ვიდრე დღეს არის დაგებული თეატრის წინ.
„ეს საპროექტო სამუშაოების დასაწყისია, ჯერ ბაზრის კვლევაც არ არის ჩატარებული, რამდენად შესაძლებელია ადგილზე მსგავსი მომსახურება გაგვიწიონ და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. ამ ზაფხულში არ იწყება სამუშაოები, ეს უფრო სამომავლო თემაა და ამიტომ ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, – გვითხრა მან.
რამდენად ჯდება ბათუმის ბულვარის იერ-სახეში მსგავსი დიზაინის საფარი? ვკითხეთ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს.
მისი თქმით, როცა ბულვარში დასასვენებლად გადიხარ, საფარი თვალს არ უნდა აღიზიანებდეს.
„მართალია, ბულვარი ძეგლია, მაგრამ იქ ავთენტური აღარაფერი აღარ არის და შეიძლება მხოლოდ წმინდა გემოვნების საკითხი იყოს ეს. ვფიქრობ, დიდი ფიგურებია ძალიან მოზაიკაზე. თან, გამოცდილებით ვიცით, რომ რეალობაში ის არასდროს არ გამოდის, რასაც წინასწარ გვაჩვენებენ.
ბორჯღალი რომ აქვთ წარმოდგენილი, სად უნდა იყიდონ, მაგალითად, ესეც არ ვიცი. მგონია, რომ როგორც ავტობუსის ფერები აგვარჩევინეს ფსევდოარჩევნებით და გაიმარჯვა იმ ფერმა, რომელსაც წინასწარ ვარაუდობდა ყველა, ასე იქნება ესეც“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მისი თქმით, არსებითი გადაწყვეტილებების დროს ხელისუფლება ხალხის აზრს ნაკლებად ითვალისწინებს.
„იქვე, სულ რამდენიმე ნაბიჯში, ყველანაირი კანონის დარღვევით, უზარმაზარი ფართობია აშენებული, ნებართვის გაცემის წესი 17-ჯერ არის დარღვეული და მიუხედავად იმისა, რომ ათობით აქცია ჩაატარა ამ ქალაქმა, კანონიც მხარს გვიჭერდა, სამართალიც და სინდისიც, საერთაშორისო ძეგლის დაცვის პრინციპიც და ცივილიზებული სამყაროს გამოცდილებაც, ჩვენი აზრი მაინც არავინ გაითვალისწინა. ახლა კი ფილების საკითხი იმდენად „მნიშვნელოვანია“, რომ ერმა უნდა გადაწყვიტოს “, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მისი აზრით, მსგავსი საკითხები არა ფეისბუქზე წყდებოდეს, არამედ სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ.
„რეალურად, ამისთვის არსებობს ძეგლის დაცვის საბჭო, რომელიც კომპეტენტური ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და წყვეტდეს ასეთ საკითხებს. ამიტომ არსებობს არქიტექტურა, დაგეგმარება, ურბანისტიკა, ლანდშაფტის დიზაინი, რომ სპეციალისტებს დავეკითხოთ.
იყოს წარმოდგენილი სადა, მყვირალა, იყოს მუქი, ღია, ზღვისფერი, ტრადიციების, მიდგომების გათვალისწინება, სხვა საბაღე-საპარკე გამოცდილება გაითვალისწინონ. აი, ამისთვის არის საჭირო საბჭო და ამ შემთხვევაში მგონია, რომ არ უნდა ვკითხოთ ხალხს“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.
დღეს არსებული საფარი
მისი თქმით, როცა ამბობენ, რომ „ასეთი ფერები ადრე იყო ბულვარში“, მინიმუმ ერთი წყარო მაინც უნდა დაასახელოს ადმინისტრაციამ ან რაიმე ფოტომასალა დაიმოწმოს.
„ამ ტიპის საფარი, რაც ახლა წარმოადგინეს, არასდროს ყოფილა ბულვარში. ბულვარის საფარი განსაკუთრებით კარგად ვიცი, რადგან მამაჩემის გაკეთებულია 1977 წელს და მაშინ იყო გრანიტი დაფენილი, იქამდე კი იყო ჩვეულებრივად მოკირწყლული. მით უმეტეს, სიჭრელე არასდროს ყოფილა ბულვარში“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა უხარისხოდ დაგებული ფილებია, რომლებიც მალე ფუჭდება.
„დააგებენ ამ ფილებს და მაშინვე გადაატარებენ სატვირთო მანქანებს, ყველაფერი დალეწილია. ჯერ დავითვალოთ, რამდენი ფულია დახარჯული ამ მოპირკეთებაში. უკონტროლოდ, ხალხის შეცდომაში შეყვანის, ვითომდა ფსევდოდემოკრატიულობის სახელით დახარჯული ფული მენანება ყველაზე მეტად, თორემ ძეგლის თვალსაზრისით რამე განსაკუთრებული ზიანი მიადგება ამ ფილების დაგებით ბულვარს-მეთქი, ამ აზრზე არ ვარ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
„დაუმორჩილებლობის ნიშნები იყო, თქვენ ორგანიზატორი იყავით…,“ – უთხრა მოსამართლემ თამაზ ბაკურიძეს, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა.
თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა.
თამაზ ბაკურიძის საქმე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 24 აპრილს განიხილა.
თამაზ ბაკურიძე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია.
გამოძიება გრძელდება აღსრულების პოლიციის მხრიდან თამაზ ბაკურიძის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე – თამაზ ბაკურიძის თქმით, მასზე დაკავების დროს პოლიციელებმა იძალადეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დასრულების შემდეგ აქცია გაიმართა – აქცია ისევ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა და იპოთეკით დაზარალებულმა ადამიანებმა გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობით უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისთან. ეს უწყება იძიებს თამაზ ბაკურიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევას.
აქცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისთან / 26.04.2023
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გამოძიება აგვიანებს რეაგირებას.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა.
სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საკითხი დამუშავდა ზოგადი განათლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ამის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება.
„ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1-ელ ივნისამდე.
ეს პერიოდი იქნება ხელშემწყობი ფაქტორი მასწავლებლებისთვის, დროულად და ხარისხიანად წარმოადგინონ პორტფოლიო“-ამბობს ამილახვარი.
პორტფოლიოს გამარტივება:
„პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესში მასწავლებლები ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, პროცესების დაოქმებას, რეფლექსიების წერას და სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოებას.
შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოხდა მოთხოვნების გადახედვა და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვერსიაზე შეთანხმება“.
კერძოდ:
„მოიხსნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება. მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას.
ბუნებრივია, ზეპირი გასაუბრების დროს ექნება მასწავლებელს საშუალება, განიხილოს შეფასების ჯგუფთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამა თუ იმ აქტივობის განხორციელება, რა კავშირი ჰქონდა ამ აქტივობას სასწავლო პროცესთან და მიიღოს შესაბამისი უკუკავშირი.
მოიხსნა თითოეული მიმართულების მიხედვით ყველა კომპეტენციის დადასტურების წარმოდგენის ვალდებულება. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, პორტფოლიოში ატვირთოს მიმართულებების მხოლოდ ერთი კომპეტენციის შესაბამისი მტკიცებულება და გასაუბრების პროცესში შეფასების ჯგუფთან განიხილოს ამ მტკიცებულების ავთენტურობა, მისი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან“.
შეფასების ჯგუფი:
„მნიშვნელოვანი საკითხია პორტფოლიოს შეფასების ადმინისტრირება. რამდენიმე ექსპერტისგან შემდგარი შეფასების ჯგუფი წინასწარ შეისწავლის მასწავლებლის მიერ ატვირთულ პროექტებს, აქტივობებს, ჩაატარებს სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების გამოკითხვას და გაესაუბრება აპლიკანტ მასწავლებელს.
პორტფოლიოს შემფასებელი ჯგუფი იქნება ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხი და საზოგადოების მაღალი სანდოობა“.
მხარდამჭერი ღონისძიებები:
„სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში. გარდა ცენტრალიზებული ტრენინგების, ვებინარების, მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში როგორც ოფიციალური მეილის, ასევე, Facbook-ის გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის არ დგას იმის საჭიროება, რომ დახმარებისთვის ან დამატებითი სერვისის მისაღებად მიმართონ რომელიმე სხვა ორგანიზაციას ან გარე პირს, ვინაიდან სრული მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ.
აღნიშნული მოდელით, სისტემა პირველად გადის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მთლიან ციკლს დავაკვირდეთ შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. აქვე, როგორც დაგპირდით, ამ მიმდინარე პროცესის პარალელურად, უწყვეტ შეხვედრებს და კომუნიკაციას გავაგრძელებ მასწავლებლებთან და დარგის ყველა წარმომადგენელთან.
აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მასწავლებელთა უკუკავშირსა და პროცესზე დაკვირვებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში, გაითვალისწინებს მასწავლებელთა ინტერესებს, დაამკვიდრებს მასწავლებელთა კორპუსში სამართლიანობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა გამონაკლისების გარეშე.“- ამბობს გიორგი ამილახვარი.
ზოგიერთი მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის – პორტფოლიოს გაუქმებას მოითხოვდა, ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ პორტფოლიო არ უნდა ყოფილიყო სქემის ნაწილი და ის მხოლოდ პროფესიული ზრდის დოკუმენტად უნდა დარჩენილიყო.
თუმცა, როგორც აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, მასწავლებლების მოთხოვნა მინისტრმა არ გაითვალისწინა.
ბათუმში 28 მარტს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სახურავებს 16 მისამართზე აღადგენენ, რაშიც ბიუჯეტიდან 562 ათას 84 ლარი დაიხარჯება.
ძლიერმა ქარმა ქალაქში, ჯამში, 221 მრავალბინიანი და კერძო სახლის სახურავი დააზიანა.
დოკუმენტების მიხედვით, სხვა მისამართებზე დაწყებულია მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულები, არსებული წესის შესაბამისად, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.
აღნიშნულ 16 მისამართზე სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერის გარეშე შეისყიდის. სამმართველომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად, განაცხადით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
ამ განაცხადის მიხედვით, სახლის სახურავების აღდგენითი სამუშაოები 2023 წლის 1-ელი მაისიდან 9 მაისამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.
სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის ავარიული სახლებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს დავალებით, მათ „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებზე, რომელთა დაზიანების ფართობი აღემატება 40 კვ.მ-ს, მოამზადეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, 16 მისამართისთვის“.
„ბათუმელები“ დაინტერესდა იგეგმება თუ არა სახურავების გადახურვა სხვა მისამართებზეც.
„მოგვმართეთ წერილობით სახურავების საკითხზე და შესაბამისი სამსახური მოგიმზადებთ პასუხს“, – მოგვწერეს კეთილმოწყობის სამმართველოდან.
„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა ასევე, თუ რას ითვალისწინებს „ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ და დაწყებულია თუ არ მისი გაცემა. ამ კითხვებზე პასუხი ქალაქის მერიისდან ვერ მივიღეთ. „წერილობით მოგვმართეთ“, – შეგვატყობინეს მერიიდან.
16 მისამართი და თანხა, რაც სახურავის აღდგენაში უნდა დაიხარჯოს:
ბათუმის მერიის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს 5 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, სულ 221 განცხადება იქნა შესწავლილი.
„მოხსენებითი ბარათების საფუძველზე დგინდება, რომ სტიქიის [ძლიერი ქარი] შედეგად ზიანი ძირითადად მიადგა როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებს, მთლიანობაში დაზიანდა 65 მრავალბინიანი ბინათმესაკუთრეობის, რომელთაგან დავალებები სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე [არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, რიგი მიზეზების გამო] შეიძლება გაიცეს მხოლოდ 58 შემთხვევაზე და 156 კერძო სახლები“, – აღნიშნულია ოქმში.
საბჭოს სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ „გამოიკვეთა სახურავების, როგორც მასშტაბური [40 კვ.მ და ზემოთ], ასევე საშუალო [არ აღემატება 40 კვ.მ-ს] და მცირე დაზიანებები.“
„არსებული ვითარების მასშტაბურობიდან გამომდინარე საბჭომ დაისახა რიგი ღონისძიებების განხორციელება… მსჯელობის შედეგად გამოითქვა აზრი, რომ მრავალბინიანი სახლების სახურავებზე განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს სახურავების აღდგენა-განახლებას, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – მიყენებული ზარალის დადგენის შემდგომ, დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადად, მატერიალური დახმარების გაწევას, საბჭოს საქმიანობის წესის შესაბამისად.“ – ვკითხულობთ საბჭოს ოქმში.
[toggle title=”საბჭოს გადაწყვეტილების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]
„დაევალოს „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას“ უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 2023 წლის 28 მარტს, სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული სახლების მიმართებაში, როგორც კორპუსების ისე კერძო ნაწილში, უზრუნველყოს საამშენებლო ნორმებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ უნებართვოდ ან/და დარღვევით აშენების, მათზე განხორციელებული მიშენების ან/და დაშენების შემთხვევები, დაუსრულებელ, მიმდინარე პერიოდში მშენებარე შენობა-ნაგებობებზე და უკვე შესახლებულ, ექსპლუატაციაში არ მიღებულ საცხოვრებელ სახლებზე, ჩატარებული კვლევის შედეგები და გაწეული რეკომენდაციები წერილობით ეცნობოს საქალაქო იწფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ შემდგომი რეაგირებისთვის;
„ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციის“ მიერ წერილობით, დაწართების სახით წარმოდგენილ მრავალბინიანი ბინათმესაკუთრეობის საცხოვრებელ და კერძო სექტორის (საკუთარ) სამშენებლო წორმების დარღვევის გარეშე არსებულ სახლებზე, გატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები, კერძოდ:
– დაევალოს საქალაქო იწფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებზე, რომელთა დაზიანებების ფართობი აღემატება 40 კვ.მ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა და შემდგომ პროექტის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე შესაბამისი მიმართვის გაგზავნა;
დაევალოს „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ მუნიციპალური ქონებისა და ინფრასტრუქტურის საკითხების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურულ სამუშაოების წარმოების განყოფილებას უზრუწველყოს არსებული შიდა ფინანსური რესურსის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში კი მისი მობილიზებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებზე, რომელთა დაზიანებების ფართობი არ აღემატება 40 კვ.მ, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;
დაევალოს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს, ადმინისტრაციული ერთეულების სამსახურის სერვისცენტრებს კერძო სახლებზე მიყენებული ზიანის დასადგენად მოხსენებითი ბარათების საფუძველზე უზრუნველყოს სახურავის დაზიანებული ნაწილის ფართობების დაზუსტება, რომლითაც მოხდება ზარალის შეფასება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ მოწოდებული გათვლებით დაზუსტებული ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საშუალო – ერთეულის ფასის (პრეისკურანტის) თანახმად, რის შესაბამისად გაიცემა მატერიალური დახმარება საბჭოს საქმიანობის წესის საფუძველზე;
მოსახლეობაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ასევე გაიმიჯნოს სტიქიის (ძლიერი ქარის) შედეგად მიყენებული სხვა ზარალი (საცხოვრებელი ფართების, საყოფაცხოვრებო წივთების და ტექნიკის დაზიანების შემთხვევები), აუცილებლობიდან გამომდინარე გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნეს დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანა.
დაევალოს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წერილობით წარმოუდგიწოს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაცია, მიმდინარე წელს მრავალბინიანი სახლების გადახურვასთან დაკავშირებით შესყიდული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების საფუძველზე, ერთ კვადრატულ მეტრზე სამუშაოების ჩასატარებლად საშუალოდ საჭირო თანხის შესახებ ლარებში, რის საფუძველზე შესაძლებელი იქწება კერძო სახლების სახურავებზე მიყენებული ზარალის განსაზღვრა და საბჭოს საქმიანობის წესის შესაბამისად დაზარალებულ ოჯახებზე მატერილაური დახმარების გაწევა.“
წყარო: ქალაქ ბათუმის მუწიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული სახლებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის ოქმი № 07 (სტიქიური მოვლენების წაწილი) / ქალაქი ბათუმი /05.04.2023
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
„კერძოდ: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ი. აღნიშნული მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილი იქნა რამდენიმე შეკვრად დაფასოებული 1796 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი (“SUBOXONE”)“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 188 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
ტანკი – 3 692 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 7 162 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 2 877 ერთეული [+14]
MLRS – 539 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 292 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 440 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 792 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 352 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
412 თვითმფრინავი
228 ვერტმფრენი
3 861 უპილოტო საფრენი აპარატი
415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 094 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 663 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 777 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
შარდის შეუკავებლობა – შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება, შარდის შეუკავებლობა არ არის დაბერების გარდაუვალი შედეგი. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ შარდის შეუკავებლობა, ეს არის უნებლიე შარდვა, „რომელიც წარმოადგენს როგორც სოციალურ, ისე ჰიგიენურ პრობლემას“. შარდის შეუკავებლობის მიზეზებსა და მკურნალობაზე თამაზ ირემაძე საუბრობს.
ბატონო თამაზ, რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიური ჩვევებით, დაავადებებით ან ფიზიკური პრობლემებით. არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე კლასიფიკაცია – დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა, ურგენტული შეუკავებლობა, შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობა და ფუნქციური შეუკავებლობა.
დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა – როდესაც მუცელში წარმოიქმნება მაღალი წნევა და ამის შედეგად შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება, მაგალითად, სიცილისა და ხველების მომენტში. ამ დროს შესაძლოა შარდის ბუშტის მომჭერი კუნთი იყოს მოდუნებული.
ურგენტული შეუკავებლობა – ადამიანებს უჩნდებათ მოშარდვის უეცარი, ძლიერი სურვილი, რასაც მოჰყვება შარდის უნებლიე გამოყოფა. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთი ზედმეტად აქტიურია, ის უნებლიეთ იკუმშება, რასაც შარდის გამოყოფა მოჰყვება. ურგენტული შეუკავებლობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევებით, დიაბეტით, შარდის ბუშტის კუნთის დაზიანებით, საშარდე გზების ინფექციით. ასეთ შეუკავებლობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგალითად, პოზის უეცარი შეცვლის დროსაც.
გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობა – იმის გამო, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ხდება მისი გადავსება, პაციენტს აქვს მოშარდვის მუდმივი სურვილი და ეწყება უნებლიე შარდვა. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთები დასუსტებულია, მისი კუმშვადობის უნარი დაქვეითებულია, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ იწყება გადავსებითი შარდის შეუკავებლობა. ეს შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანების ფონზეც იყოს გამოწვეული.
ფუნქციური შეუკავებლობა – ფიზიოლოგიური ან მენტალური დარღვევის გამო პაციენტს ხელი ეშლება, დროულად მივიდეს ტუალეტში. ეს ხშირია გადაადგილების პრობლემის, მძიმე ართრიტის მქონე შშმ პირებთან, რომლებსაც ფიზიკურად არ აქვთ საშუალება, დროულად მივიდნენ საპირფარეშოში.
შარდის ხშირად შეკავება იწვევს მომავალში შეუკავებლობას, თუ მითია?
პრაქტიკის თანახმად, რეალობაა. როდესაც ადამიანი დიდ ხანს ითმენს შარდს, ეს ძირითადად ხდება ბავშვებში, სკოლაში გაკვეთილზე ან სხვა სიტუაციაში, ასეთი ეპიზოდების სიხშირის შემთხვევაში შარდის ბუშტი თანდათან უფრო მეტს იტევს, ვიდრე უნდა იტევდეს, შემდეგ კუმშვადობა ქვეითდება და ჩნდება შარდის შეუკავებლობის რისკი. რისკია ასევე აღმავალი ინფექციის განვითარება, ამიტომ შარდის შეკავება არ შეიძლება.
შეიძლება შარდის შეუკავებლობა იყოს შეუქცევადი?
შარდის შეუკავებლობა ასევე შეიძლება იყოს მუდმივი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე მოცემულობით, მათ შორის, არის: ასაკი, მშობიარობა. ვაგინალურმა მშობიარობამ შეიძლება შეასუსტოს შარდის ბუშტის კონტროლისთვის საჭირო კუნთები, შესაძლოა დაზიანდეს მენჯის დიაფრაგმის მდგრადობისთვის აუცილებელი ნერვი და ქსოვილებიც. ამის შედეგად მენჯის დიაფრაგმა და ორგანოები (შარდის ბუშტი, საშვილოსნო, სწორი ნაწლავი) დაბლა იწევს. შედეგად ეს იწვევს მათი ფუნქციის მოშლას.
მენოპაუზა – ამ დროს ესტროგენები, რომლებიც საჭიროა შარდის ბუშტისა და შარდსადენის ამომფენი შრეების შესანარჩუნებლად, ნაკლებად გამომუშავდება ორგანიზმში, ანუ ნაკლებია ესტროგენების რაოდენობა.
როდის მივმართოთ უროლოგს?
თუ ღამით ადამიანს 3-4-ჯერ უწევს მოშარდვა, ეს აუცილებლად საყურადღებოა; ასევე, თუ დღის განმავლობაში 6-8-ზე მეტჯერ შარდავს.
უნებლიე შარდვა თავისთავად ისეთი მდგომარეობაა, უყურადღებოდ ვერ დარჩება – თუ შარდის შეუკავებლობა გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ნუ დააყოვნებთ ექიმთან მისვლას; უროლოგს უნდა მივმართოთ როგორც გახშირებული შარდვის შემთხვევაში, ისე ტკივილის თანხლების ან რაიმე დისკომფორტის შემთხვევაში.
როგორია მკურნალობა?
პირველ ეტაპზე პაციენტს ვთავაზობთ არაინვაზიურ ჩარევას, ანუ მედიკამენტურ მკურნალობას ან სპეციალურ ვარჯიშებს. თუ ეს ყველაფერი არაეფექტურია, ამის შემდეგ იწყება ინვაზიური ჩარევა.
მაგალითად, ვარჯიშები ინიშნება მშობიარობის შემდეგ გამოწვეული მცირე მენჯის კუნთების მოდუნების, დიაფრაგმის დაბლა დგომის დროს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც, შესაძლოა მშობიარობიდან 2-3 თვეში თავისით დალაგდეს.
თუ ასაკობრივი პრობლემაა, ჯერ მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება. თუ ეფექტი არ დადგა, შემდეგ შეიძლება ოპერაციული ჩარევა, ეს არის პლასტიკური ოპერაცია, რა დროსაც, მაგალითად, შარდსავალი მილი მაღლა იწევა. 20-30-წუთიანი პროცედურაა, მაგრამ ოპერაციაა მაინც.
ჭარბი წონა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პრობლემა – ასეთ პაციენტებში დიდი რისკია, რომ ოპერაციული ჩარევითაც ვერ მივიღოთ დიდი ეფექტი. თუმცა ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.
არსებობს ასევე ელექტროსტიმულაციის მეთოდი, როცა ელექტროდები დროებით შეჰყავთ სწორ ნაწლავში ან საშოში მენჯის იატაკის კუნთების სტიმულირებისა და გაძლიერებისთვის.
Mayoclinic: ნაზი ელექტრული სტიმულაცია შეიძლება ეფექტური იყოს სტრესული შეუკავებლობისა და გადაუდებელი შეუკავებლობისთვის, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ მრავალჯერადი მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში.
MayoClinic-ი პრევენციისთვის წერს რამდენიმე ტექნიკას, რომელიც შეიძლება ექიმმა გირჩიოთ:
შარდის ბუშტის ტრენირება. მოშარდვის გადადება სურვილის გაჩენის შემდეგ. თავიდან შეიძლება დაიწყოთ ტრენირება 10-წუთიანი შეკავებით. ამის მიზანია ტუალეტში გასვლებს შორის დროის გახანგრძლივება, სანამ ეს ინტერვალი არ იქნება 2,5-დან 3,5 საათი;
ორმაგი დაცლა, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ შარდის ბუშტის უფრო სრულად დაცლა. ორმაგი დაცლა გულისხმობს შარდვის შემდეგ რამდენიმე წუთით დაყოვნებას და მოშარდვის ხელახლა მცდელობას;
გრაფიკით შესვლა ტუალეტში, გულისხმობს შარდვას ყოველ ორ-ოთხ საათში, ვიდრე დაელოდოთ საჭიროებას.
სითხისა და დიეტის მართვა შარდის ბუშტზე კონტროლის აღსადგენად. შეიძლება დაგჭირდეთ ალკოჰოლის, კოფეინის ან მჟავე საკვების შემცირება ან გამორიცხვა რაციონიდან. სითხის მოხმარების შემცირებამ, წონის დაკლებამ ან ფიზიკური აქტივობის გაზრდამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს პრობლემა.
„ბათუმობის“ ჰონორარებში წელს 209 392 ლარი დაიხარჯება. „ბათუმობა“ 29 აპრილს გაიმართება. ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი.
ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით მომსახურება „ბათუმობის“ კონცერტის 32 სოლომონაწილესთან გააფორმა. მაგალითად, წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარია, თიკა ფაცაცია 6 377 ლარს მიიღებს; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარს, სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულის ანაზღაურება 4 209 ლარია; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52 500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს.
„ბათუმობის“ ერთ-ერთი გამარტივებული შესყიდვით გათვალისწინებული ჰონორარები
„ბათუმობაზე“ იქნება მიუზიკლიც „და აი, ჩვენ აქ ვართ“, რისთვისაც კულტურის ცენტრმა ცალკე გააფორმა ხელშეკრულება ზაალ ჩიქობავასთან – 70 918 ლარზე.
„…ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, სახალხო დღესასწაულის ,,ბათუმობა” ფარგლებში, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეირჩა ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი შემსრულებლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს ქალაქში. ექსკლუზიურობა დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე,“ – აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის შესყიდვის დოკუმენტაციაში.
„ბათუმობის“ ორგანიზებისთვის კი, ბათუმის კულტურის ცენტრმა ხელშეკრულება „ბეტა პრინტთან“ გააფორმა – 147 920 ლარზე. ამ კომპანიამ უნდა მოაწყოს ბათუმის ბულვარში საგამოფენო კუთხე, ჯიხურები, ფოტოსტენდი, დეკორაციები…
მაგალითად, ტერიტორიის ალმებით გაფორმებისთვის 4 ათასი ლარია გათვალისწინებული, ფეიერვერკისთვის კი, რასაც „ბათუმობაზე“ გაუშვებენ, 8 ათასი ლარი დაიხარჯება.
ცალკეა „ფეიერვერკი შადრევნები“. ასეთი 40 ცალი ფეიერვერკი შეუკვეთია მერიას, თითოეულის ფასი კი, 30 ლარია.
„ბათუმობისთვის“ ფულს დახარჯავს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროც. გალა კონცერტის მონაწილეების თბილისიდან ბათუმამდე ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსებისთვის 18 499 ლარი დაიხარჯება. ეს მომსახურება სულ 76 პირზეა გათვლილი.
შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, „ბათუმობისთვის“, ბათუმის ბიუჯეტიდან, სულ 375 811 ლარი დაიხარჯება.
„რა მოხდა იმ საღამოს?“ – ჰკითხა მოსამართლე კოტე ჭილაიმ მკვლელობაში ბრალდებულ სერგეი ს.-ს, ვიდრე მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა.
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში, 37 წლის კაცი მისმა მეგობარმა 23 აპრილის ღამით მოკლა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 აპრილს, გაიმართა. ბრალდებული და ის კაცი, რომელიც მოკლეს, მეგობრობდნენ. ისინი მშენებლობაზე სამუშაოდ მოლდოვიდან ჩამოვიდნენ.
„…მე მთელი დღე ვმუშაობდი, ვასხამდი ბეტონს. ის კი იმ დღეს გვიან დაბრუნდა სახლში, ღამის 12 იქნებოდა,“ – ფეხზე წამოდგა ბრალდებული გისოსებს მიღმა და ისე დაიწყო შემთხვევის აღწერა.
„დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. ალექსანდრე ოთახში შემოვიდა ხმაურით, ტელეფონში ჰქონდა ჩართული მუსიკა და დივანზე დაჯდა, ეწეოდა…
ვთხოვე, რომ მუსიკისთვის ჩაეწია, რადგან მეძინებოდა. ის გაბრაზდა, გინება დამიწყო, ხელების ქნევა. ვკითხე, სად წაიღო ჩემი მობილური ტელეფონი და პასპორტი, რაც მანამდე წაიღო. მან პასუხის გაცემის ნაცვლად, გაშლილი ხელი დამარტყა სახეში.
დივნის გვერდით ინსტრუმენტები ეწყო… მე მას სამჯერ ჩავარტყი ჯოხი…
მერე მეზობელთან წავედი, ვინც ყველაზე ახლოს ცხოვრობს და ვუთხარი, რომ სასწრაფოს გამოძახება მინდოდა… ჩემი მიზანი არ იყო მისი მოკვლა, მივედი პოლიციაში ჩემით და ვაღიარე დანაშაული,“ – დაასრულა თხრობა ბრალდებულმა.
სერგეი ს.-ს თქმით, ის საქართველოში სამუშაოდ 3 თვის წინ ჩამოვიდა.
„არსებობს რისკი, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე“, – თქვა პროკურორმა და აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
ადვოკატმა ლია მაისურაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. მან მოსამართლეს ბრალდებულის 10 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზა.
„…იქ არავითარი მოწმე არ იყო, სოფელში მოხდა ეს ამბავი, შეეძლო მიეტოვებინა შემთხვევის ადგილი და ქვეყანაც, დარჩებოდა დანაშაული გაუხსნელი… მაგრამ ის მეზობელთან მივიდა და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა“, – აღნიშნა ადვოკატმა ლია მაისურაძემ.
„თუმცა მან არ იცოდა დამდგარი შედეგი,“ – ადვოკატს მიმართა მოსამართლემ და ბრალდებულს პასპორტის, ასევე მობილური ტელეფონის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა.
„…მან პასპორტი დამიბრუნა, მობილური ტელეფონი კი – არა,“ – მხოლოდ ეს დასძინა ბრალდებულმა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სერგეი ს.-ს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“.
ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული.
ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება:
„მოწყენილი ვიყავი და როგორ მიხარია, რომ მესტუმრეთ. სტუმრები ძალიან მიყვარს. ერთი პურიც რომ მქონდეს, მე არ შევჭამ და სტუმრისთვის შევინახავ, რომ არ შევრცხვე.“
ცნობილი დურგალი ხულოში, სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობს. ამ სოფელში მისი ასაკის კაცი აღარ დაიარება, მხოლოდ ერთადერთი ქალია მასზე უფროსი, ას წელს გადაცილებული.
„სულ რამდენიმე წელი მიკლია ასს და იმედი მაქვს, მოვესწრები“, – ამბობს ნუსრედინი და იღიმის.
„გაჭირვებამ არ მასწავლა“
ბავშვობაში ყველაზე კარგად არითმეტიკა გამოსდიოდა – მეორე კლასში მეოთხე კლასის ამოცანებსაც კი ვხსნიდიო ამბობს, ამიტომ ყველაზე მეტად გული იმაზე სტკივა, რომ სიღარიბის გამო სწავლა ვერ გააგრძელა.
„გაჭირვებამ არ მასწავლა, არც ფეხზე მეცვა და არც ტანზე. ყველაზე მეტად რაც მტკენდა გულს, ეს იყო. ახალგაზრდობაში არაფერი გვქონდა, მელანი არ იყო, რომ დეგეწერა, ბუხრის ჭვარტლს გავლესავდით, დავაყენებდით და იმით დავწერდით, ამდენი გაჭირვება იყო და გული მეტკინა აბა არა?
სწავლა მიყვარდა, მაგრამ გაჭირვებამ არ მასწავლა. მხოლოდ მეოთხე კლასი დავამთავრე, რადგან ჩასაცმელი არ მქონდა.
ამიტომ, თუ არის ქონება, საშუალება, ერთიმეორეს გაიტან კაცი, თუ არა, არაფერი იქნება,“ – გვიყვება მოხუცი დურგალი.
მკლავზე შეშას იწყობს და სახლისკენ მიგვიძღვის. მის მეუღლეს, 88 წლის ჟენია შავაძეს გვაცნობს. აპრილია, თუმცა სუსხის გამო ოთახში ღუმელი გიზგიზებს, ღუმელზე ალუმინის ქათქათა ტაფაზე იაღი (სახლის კარაქი) იწვის. შიშხინებს და თავისებურ სურნელს აფრქვევს. ნუსრედინის ოჯახი ბაირამისთვის ემზადება და კარაქსაც ჰალვისთვის წვავენ.
ნუსრედინი და ჟენია
ნუსრედინი მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად
„არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჟენია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და არასდროს შევხვედრივართ მანამდე. ჯარიდან რომ ჩამოვედი, მერე გამაცნეს“, – გვეუბნება ნუსრედინი.
„არ ვუნახივარ არასდროს, ნათესავებმა გამოურჩიეს ჩემი თავი. ასეთი გოგო, ისეთი გოგოო უთხრეს და მიმასაღეს ამას“, – ხუმრობს ჟენია შავაძე.
ხუმრობაზე ხუმრობითვე უპასუხა ნუსრედინმაც – „შემეცოდა და მევყვანე“. შემდეგ კი დასძინა, „რომ არ მომწონებოდა, არ მოვიყვანდი“.
მათი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.
„სიკარგე რომ იქნება, მთავრობაშიც, სოფელშიც, სახლშიც, ოჯახშიც, ყველგან – კარგია“, – გვეუბნება ნუსრედინი და სიყვარულის შემდეგ პოლიტიკაზე იწყებს ლაპარაკს.
95 წლის ოსტატს 156 სახლი აქვს აშენებული
„მორევით მითვისება ჩემთვის მიუღებელია“
„საერთოდ, თუ მთავრობაშიც კარგობაა, ჩვენც კარგად ვართ.
ხალხს მეტი ძალა აქვს, მთავრობაზე მეტი. ხალხი ძლიერია, ამიტომ არის არჩევნები. მაგრამ მთავრობა ხალხით, ხალხი – მთავრობით, მთავრობა უხალხოდ ვერ იქნება. ეს უნდა მიხვდნენ, მაგრამ ზოგი ხვდება, ზოგი არ ხვდება“, – გვეუბნება ნუსრედინი და შემდეგ თანასწორობის მნიშვნელობაზე გველაპარაკება.
„იცი, რომ ეს ჯოხი ჩემია ხომ? რატომ ეკიდები? ჩემი ჩემი იყოს, შენი – შენი. ვიყოთ ერთმანეთში კარგად. ერთიმეორე დავაფასოთ, მტერიც ვერ მოგვიგებს“.
ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ მიგაჩნიათ მტრად? – ვეკითხებით ნუსრედინს. მან დიპლომატიურად გვიპასუხა:
„ვინც ჩვენზე ცუდს იტყვის, ყველა ჩვენი მტერია.
… ახლა რუსეთი და უკრაინა ჩხუბობენ ხომ? ესეც არ მომწონს. მე იმის მხარეს ვარ, ვისაც მშვიდობა უნდა, რად გვინდა ომი.“
ჩვენი ტერიტორიები რომ აქვს რუსეთს მიტაცებული, ამაზე რას ფიქრობთ? – ვკითხეთ კაცს. „შენ შენი გინდა, მე ჩემი მინდა. ჩემი რომ შენ მიითვისე, მე რა ვქნა?
მიითვისე, ესე იგი, მერევი? მორევით მითვისება ჩემთვის მიუღებელია. თუ გინდა მთავრობა იყოს, თუ გინდა გლეხი, თუ გინდა პოლიცია – თუ მერევი და ითვისებ, არ ხარ სწორი.
ქათამი რომ ქათამია, ისიც კი უყოფს საკენკს, რომ იპოვის. თუ ერთმანეთის დაფასება გვექნება, ძალაც მეტი გვექნება. ამიტომ მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს, რომ ბოროტება არ გააკეთოს,“ – მიაჩნია ნუსრედინს.
იოლად გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე კი ბრაზობს, რადგან ფიქრობს, რომ უკანონოდ იშოვეს ფული. „მილიონერები რომ არიან, როგორ არიან? ჩვენი თანხა აქვთ მითვისებული, მოპარული თანხაა. მოპარვაც არ არის სწორი.
მე როგორი საქართველო მინდა, იცით? – ხალხს უნდა უყვარდეს ერთმანეთი, შრომა უნდა უყვარდეთ და კანონი ლამაზი ჰქონდეს, მთავრობის დადგენილი კანონი მოსწონდეს ხალხსაც.
შენ თუ შეძელი მდიდარი გახდი, ჯანმრთელობა და ფული მეტი გაქვს, მეც დამაფასე, რომ სიკარგე გაბევრდეს, რადგან სიკარგე სიძლიერეა.“
„ჭკუა და ფიქრი ერთად იარებიან“
ნუსრედინი ამბობს, რომ ძველ დროს ახალი სჯობს, რადგან მშვიდობაც მეტია და სიღარიბეც – შედარებით ნაკლები.
„დღევანდელი დრო სჯობს, მაგრამ დაფასებამ, დიდ-პატარაობამ იკლო და ამას ცოტა ვერ ვეგუები. გზაში დაგეწევა ახალგაზრდა არც მოგიბოდიშებს, ისე მიგჯიკავს და გაიარს…
ჭკუა და ფიქრი ერთად იარებიან, მარტო ჭკუა არ გაცხოვრებს, ჭკუა ხედავს, მაგრამ კედელს რომ არ შეეჯახო და არ დაზიანდე, დაფიქრება გჭირდება. თუ შენ მართალი და კარგი ხარ, სხვაც შეაქე და ისიც მოგიწონებს, მოწონება და დაფასება დიდი რამეა.
ასეთ რამეებზე ვფიქრობ ხოლმე ჩემ ასაკში“, – ამბობს ნუსრედინი და აყვავებულ კარ-მიდამოს გვათვალიერებინებს.
რკინის „ფეჩის“ კვამლი ოდნავ ნისლიან ცას ერთვის, ტყემლისა და ალუბლის ხეები თეთრად არიან გადაპენტილი და საოცარ სურნელს აფრქვევენ. „სულ სხვა სიმშვიდეა სოფელში“, – ამბობს ნუსრედინი და მწვანე ბილიკს მიუყვება.
„ჩემი ცხოვრება როგორია ახლა – ჯოხი ხელში და წავალ-მოვალ ნელ-ნელა, საქონელსაც ვეღარ ვმწყემსავ უკვე, მასწრებენ… მივალ, ჩემ აგებულ სახლებს გადავათვალიერებ და გამყავს ასე დრო.
ოღონდ გამოვიდე გარეთ, ხალხი დავინახო, საქონელი დავინახო, შეშა მაინც გავაპო, სულ ტყუილად ვერ ვიჯდები.“
წლების მიუხედავად, მუხლი ისევ უჭრის, სტკივა, მაგრამ არ ნებდება. დაღმართში მეორე ჯოხი დავიმატეო დარდობს, მაგრამ აღმართში არ უჭირს. შეიძლება ვერც კი დამეწიოთო, გვეუბნება ღიმილით.
წელს კატარაქტამ შეაწუხა, „დანისლავს თვალებს, ცრემლი წამომივა, მაგრამ როცა მოვიწმენდ, მერე გადადის ბინდი. აქამდე თვალს არ დამკლებია, ნემსაც კი ვაგებდი“, – ამბობს ნუსრედინი და თავისუფლების მნიშვნელობაზეც გვიყვება.
ოჯახთან ერთად
„საერთოდ, შენით გაკეთებული საქმე ყოველთვის კარგია. სახლშიც, გარშიც, სოფელშიც. სხვაზე დამოკიდებულება კი რთულია.
ზოგს ასწავლი და აგიქნევს ხელს – არაა ასეო, გეტყვის. მე 101 სახლი გავაკეთე და შენ არც ერთი, როგორ მეუბნები, რომ ასეა?
ზარმაცი არც სახლში მომწონს, არც სოფელში და არც მთავრობაში.
სოფელი პაქსაძეები
„მთავრობაშიც არიან ზარმაცები ხომ იცი? შენ რომ მთავრობა ხარ, შენ მეიკელი და მე მომიმატე საჭმელი. ლარი მეიკელი და მე მომიმატე, თუ კაი ხარ. თუ არ ხარ კაი, მოდიხარ და იმ ლარსაც მართმევ. მე რომ ლარი ამართვი, რაღა დამრჩა, არაფერი“, – საუბარი ისევ პოლიტიკაზე გადააქვს.
„ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დაფასება ყოფილა. ცხოვრებას მუშაობაც უნდა, მხიარულებაც და წასვლა-წამოსვლაც. სიკარგე ყველაზე პირველია“, – გვეუბნება ნუსრედინი და იმ იმედით გვემშვიდობება, რომ არ დავივიწყებთ და როცა ასი წლის გახდება, ისევ ამ ჭიშკართან დაგვხვდება.
ბათუმში სტუდენტებმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს ამ ბავშვებისთვის წამლის შემოტანის გადაწყვეტილება.
სტუდენტებისთვის გაუგებარი დარჩა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ პრემიერი წამალთან დაკავშირებით მეტ სამედიცინო მტკიცებულებას ითხოვს: „თუ რაიმე არგუმენტები აქვს, დადოს“.
სოლიდარობის აქცია ბათუმში
მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც 7 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ, დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, დედებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერილობით მიმართეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დედები უკვე ერთი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
„თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.
დღეს, 25 აპრილს, „ბათუმელები“ წერდა კონკურსის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის შესარჩევად.
სააგენტოს განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას.
2023 წლის 1-ელი მაისიდან სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე,“ – ვკითხულობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.
შაბათს, 29 აპრილს, მერია მოქალაქეებს „ბათუმობის“ დღესასწაულზე ეპატიჟება. წელს ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი.
დილის 12:00 საათიდან ქუჩებში სასეირნო მატარებელი იმოძრავებს.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება თეატრალური პერფორმანსი – „აჭარის არქივი 100 წლისაა“. პერფორმანსი 19:00 საათზე დაიწყება.
აჭარის მუზეუმი გამოფენს ბათუმთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონატებს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი დღესასწაულთან დაკავშირებით უფასოდ მოემსახურება ვიზიტორებს.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალურად მოწყობილ კუთხეში წარმოადგენს სხვადასხვა ჯიშის ერთწლიან და მრავალწლიან დეკორატიული მცენარეებს.
წიგნის მოყვარულთათვის აჭარის მწერალთა სახლის და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის“ მოზარდების ჩართულობით, სპეციალურად მოწყობილ ლიტერატურულ კუთხეში ბათუმელი მწერლების შემოქმედებაზე ღონისძიების მონაწილეებს მოუთხრობენ რეგიონში მცხოვრები მწერლები და პოეტები.
აჭარის მხატვართა კავშირის მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ბათუმელი მხატვრების ძველ თუ ახალ ნამუშევრებს.
სპეციალურად მოწყობილ დახლებსა და ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ როგორც ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს. ღონისძიების მონაწილეები აქვე შეძლებენ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და სასმელები.
სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა წელს ბათუმში და ბათუმზე გადაღებული დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებიდან კადრები.
სპეციალურად მოწყობილ ხეივანში წარმოდგენილი იქნება ფოტონამუშევრები. სხვადასხვა ადგილზე განლაგებული იქნება ქართული და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ნაციონალური სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტენდები. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად ბათუმის სპორტული ცენტრი სპეციალურად მოწყობილ ადგილას წარმოადგენს სპორტის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის: ბადმინტონს, ტექბოლს, ხრიდოლს და ქართულ ჭიდაობას.
12:00 საათი – ბულვარის კოლონადები – „კლასიკური და თანამედროვე მუსიკა“, სასულე ორკესტრი „ჯაზ ბიგ ბენდი“ და კვარტეტი.
13:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიმართება ბათუმის თვითმმართველობის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების მინიჭება.
13:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ – „ქართული ფოლკლორის კონცერტი“ ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“ , აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი”, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი ვოკალური ანსამბლი აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი“, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“ .
19:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ მიუზიკლი ,,Mamma Mia” – დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.
21:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ გალაკონცერტი ბათუმელი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები – საღამოს წამყვანი და რეჟისორი არჩილ სოლოღაშვილი ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსია გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ სააგენტოში არ იციან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ სააგენტოს დირექტორი ისევ თამარ იოსელიანია, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
კონკურსი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოცხადებული – სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.
კონკურსის პირობების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 4 მაისია.
თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორია 2018 წლიდან. რატომ გამოაცხადეს კონკურსი, თუ სააგენტოს დირექტორი ისევ თამარ იოსელიანია? – კითხვისთვის ჯერ არ უპასუხიათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია; ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 და 28 აპრილს აჭარაში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 187 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
ტანკი – 3 688 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 7 151 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 2 863 ერთეული [+14]
MLRS – 539 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 291 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 437 ერთეული [+24]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 784 ერთეული [+31]
სპეცტექნიკა – 345 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
411 თვითმფრინავი
228 ვერტმფრენი
3 849 უპილოტო საფრენი აპარატი
415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 849 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 094 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 655 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 762 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეუძლებელია პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის გარეშე – წერს ჯანმო. „ჯანდაცვის ეროვნული დაფარვის პაკეტები უნდა მოიცავდეს პირის ღრუს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ან უფასოდ ან იმ ფასად, რომლის გადახდაც ადამიანებს შეუძლიათ“, – ეს არის ჯანმოს უახლესი ანგარიშის მთავარი გზავნილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჰქონდა პირის ღრუს ძირითადი დაავადება 2019 წელს, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი გავრცელებაა.
მოწოდება ეხმაურება საგანგაშო ციფრებს, რომლებსაც შეიცავს ჯანმოს უახლესი მოხსენება დენტალური/ორალური ჯანმრთელობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რეგიონს (რომელიც მოიცავს 53 ქვეყანას ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით) აქვს პირის ღრუს ძირითადი დაავადების შემთხვევების ყველაზე მაღალი გავრცელება (ზრდასრული მოსახლეობის 50.1%).
ევროპის რეგიონში ქვეყნების 20% ყოველწლიურად 10 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ეს უაღრესად პრობლემურია, რადგან კვლევა აჩვენებს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საჭიროების მქონე ადამიანებს აქვთ ყველაზე ნაკლები წვდომა ამ სერვისებზე. სტომატოლოგიური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით არ ფინანსდება.
ჯანმო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს გაზარდონ საყოველთაო დაზღვევაში პირის ღრუს ჯანმრთელობის უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი მკურნალობის დაფინანსების მოცვის ნაწილი.
უახლესი ანგარიში პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცხადყოფს, რომ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 34-ს (66.7%) არ გააჩნია პირის ღრუს ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკა.
კბილების კარგვა და საქართველო
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ევროპის რეგიონს ჰქონდა დენტულიზმის [ბუნებრივი კბილების სრული კარგვა] შემთხვევების სიდიდით მეორე წილი (25.2%), ეს +20 წლის ასაკის დაახლოებით 88 მილიონი ადამიანია. ეს არის ყველაზე მაღალი გავრცელება [12.4%] ჯანმოს რეგიონებს შორის.
მაგალითად, 2019 წელს ევროპის რეგიონში 60 წელზე უფროსი ასაკის თითქმის ყოველი მესამე (31.3%) ზრდასრული ადამიანი განიცდიდა კბილების სრულ დაკარგვას [გლობალური საშუალო მაჩვენებელთან 22.7%-თან შედარებით]. ანგარიშში ხაზგასმითაა ნახსენები, რომ ფუნქციონალური კბილების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დაბერების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემით, 53 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის, ნიდერლანდების, ტაჯიკეთისა და სლოვენიის შემდეგ.
დენტალური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმოს უახლეს მოხსენება ასევე ასახავს პროგრესს ზოგიერთ სფეროში, მათ შორის არის 1990-2019 წლებში სარძევე კბილების კარიესის გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება (7.2%) 1-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში; ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში მუდმივი კბილების კარიესის გავრცელების შემცირება (3.9%). ამასთან, 1-9 წლამდე ასაკის ბავშვებში, სარძევე კბილების კარიესის სავარაუდო გავრცელებით, საქართველო მე -18 ადგილზეა.
მიზეზები
ანგარიშში განმარტებულია, რომ პირის ღრუს დაავადებები ძირითადად გამოწვეულია შაქრის მოხმარებით, თამბაქოს მოხმარებით, ალკოჰოლის მოხმარებით, ტრავმებით და პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობით.
პოლიტიკის დონეზე, ძირითადი მიზეზები მოიცავს:
შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით შაქრის შემცველი სასმელებისა;
შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების აგრესიული მარკეტინგი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მიმართ;
პირის ღრუს ჯანმრთელობის პირველად/საზოგადოებრივ მომსახურებებზე ცუდი ხელმისაწვდომობა;
ფტორის არასათანადო ზემოქმედება წყალმომარაგებაში და პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში, როგორიცაა კბილის პასტა.
უთანასწორობა და სიღარიბე
ჯანმო/ევროპის რეგიონული მრჩეველი, დოქტორ კარინა ფერეირა-ბორგესი ამბობს: „არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ პირის ღრუს დაავადებები არაპროპორციულად მოქმედებს დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებზე – დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, მარტოხელა ხანდაზმულებზე, ლტოლვილებზე, ციხეში ან სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე. ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები ეხება ამ უთანასწორობებსაც და მიმართავს რესურსებს იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროა“.
ხულოში, სოფელ გელაძეების ცენტრში ერთ უცნაურ შენობას ნახავთ. კარგად თუ შეათვალიერებთ მიხვდებით, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. პირველი სართული დაკეტილია, მეორე სართულზე შესვლას კი დაქანებული ხის ფიცრით შეძლებთ. ეს შესასვლელი დაახლოებით ისეთივეა სოფლებში საქათმეებს რომ უკეთებენ, ოღონდ ცოტა დიდი ზომის, ადამიანებზეა გათვლილი.
სოფელი გელაძეები – ადმინისტრაციული სახლისოფელი გელაძეები – ადმინისტრაციული სახლი
ფანჯრების ნაცვლად ცელოფანი გაუკრავთ, ასე შენობას წვიმისგან იცავენ. ერთ-ერთ ოთახში მაგიდა დაუდგამთ, ადგილზე გვითხრეს, რომ აქ „ხანდახან კაცები სვამენ“. სხვა ფუნქცია ჯერჯერობით ამ შენობას არ აქვს.
სოფელი გელაძეებისოფელი გელაძეები – აქ ადმინისტრაციული სახლი, საჯარო შეხვედრების სივრცე და ამბულატორია უნდა გაეხსნათ
სოფელი გელაძეები – შეუსრულებელი ხელშეკრულების შედეგი
არადა, 2021 წელს სწორედ ამ შენობის ასაშენებლად ხულოს მერიამ ბიუჯეტიდან 44 189 ლარი გამოყო და სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. აქ ადმინისტრაციული სახლი უნდა მოეწყოთ, პროექტი ითვალისწინებდა ასევე სივრცეს საჯარო შეხვედრებისა და სოფლის ამბულატორიისთვის. ჯამში პროექტის ღირებულებამ 97 547 მიაღწია.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობა უკვე შესყიდული და მომზადებული პროექტის შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.
რენდერირენდერი – აქ ნახავთ როგორი შესასვლელი უნდა მოეწყო კომპანიას
ტენდერი შპს „ნიკმშენმა“ მოიგო. ხელშეკრულება 43 741 ლარზე გაფორმდა, მართალია, კონკურენტმა გაცილებით დაბალი ფასი, 35 555 დააფიქსირა, თუმცა მას შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ტექნიკური დოკუმენტების გამო.
ხელშეკრულება 2021 წლის 26 აპრილს გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტორს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში, 2021 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დაესრულებინა.
2021 წლის 16 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე 2 კვირით ადრე, სამუშაოები ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოინახულა, ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.
ხულოს მერიის ოფიციალურ გვერდზე წერდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ მერის ვიზიტის შემდეგ წავიდა საქმე ცუდად, რადგან ფული დაიხარჯა, საქმე კი არ დასრულდა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 21 871 ლარი აქვს კომპანიისთვის ჩარიცხული. შემდეგ კი ხელშეკრულება შეწყდა.
კომპანიის დირექტორის, ნიკა პაქსაძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
გელაურში არამიზნობრივ ხარჯვაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა.
ბათუმში ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ და გადათხარონ – მერიამ დაგეგმა სამუშაოები, რაც მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ევროპის მოედანი, ტურისტული თვალსაზრისით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და ხალხმრავალი ადგილია; აქ ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და აქცია; მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია აქ თითქმის ყოველდღიურად იმართება.
ევროპის მოედნისა და აკაკი წერეთლის სკვერის რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 640 654 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2023 წლის 11 მაისს დასრულდება.
სატენდერო პროცედურების ჩვეულებრივად ჩატარების შემთხვევაში, სამუშაოები ევროპის მოედანზე, ფაქტობრივად, ივნისის თვეში უნდა დაიწყოს. ტენდერის პირობის მიხედვით, ევროპის მოედანსა და წერეთლის სკვერში სამუშაოები 2023 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სატენდერო პირობებში და ხელშეკრულების პროექტში არ არის მითითებული, რომ ევროპის მოედანზე ზაფხულის სეზონზე სამუშაოები არ ჩატარდეს.
„ბათუმელები“ სამუშაოების გრაფიკთან დაკავშირებით მერიის სამმართველოს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ევროპის მოედანზე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო. მათ შორის:
არსებული ტერიტორიის შემოფარგვლა დროებითი ღობით, შემდგომში დემონტაჟი
არსებული ლამპიონების, ბორდიურების, ფილების, ქვესაგები ფენისა და შადრევნის ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი [მონტაჟი]
არსებული ბეტონის კონსტრუქციების, ასევე, ქვის ჩამოსაჯდომის, თუჯის ზღუდარების [ბოძკინტები] დემონტაჟი და ტრანსპორტირება საწარმოში რეაბილიტაციისათვის
გრუნტის სამუშაოები; სანიაღვრე ჭებისა და ლითონის სანიაღვრე არხების მოწყობა თუჯის ცხაურით; სარწყავი სისტემის მოწყობა; გრანიტის და დეკორატიული ფილების დაგება; საპარკე ავეჯის მოწყობა
გამწვანების სამუშაოები; ელექტროგაყვანილობისა და ლამპიონების ბოძების მოწყობა და სხვ.
დოკუმენტების მიხედვით, ევროპის მოედნის რეკონსტრუქციისთვის მაქსიმუმ 1 499 99 ლარია გათვალისწინებული, ხოლო წერეთლის სკვერის რეაბილიტაციისთვის – მაქსიმუმ 140 655 ლარი.
ევროპის მოედანი / რენდერი პროექტიდანწერეთლის სკვერი და რენდერი / ფოტოები პროექტიდან
მთავარი ფოტო: ბათუმი, ევროპის მოედანი / 24.04.2023 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე/„ბათუმელები“
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება 26 აპრილამდე გადადო „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“.
თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა.
თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, მასზე პოლიციელებმა დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს.
ამ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
სასამართლო განხილვა დღეს, 24 აპრილს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოსთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები შეიკრიბნენ. თამაზ ბაკურიძე არაერთხელ იყო ამ დასახლებაში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი.
აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი სასამართლო სხდომას დღეს დარბაზში ადგილების სიმცირის გამო ვერ დაესწრო.
24 აპრილი. თამაზ ბაკურიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან.
აღსრულების პოლიციის ინტერესების დამცველმა მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე უთხრა, რომ თამაზ ბაკურიძე არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რა იყო კანონიერი მოთხოვნა უშუალოდ თამაზ ბაკურიძის მიმართ, რასაც იგი არ დაემორჩილა.
„მისი მიზანი იყო, ხელი შეეშალა აღსრულებისთვის… მისი მხრიდან იყო მოწოდება, რომ არ განხორციელებულიყო გამოსახლება“, – თქვა აღსრულების პოლიციის იურისტმა.
„გამოსახლება მიმდინარეობდა ეზოში, თამაზ ბაკურიძე კი, ეზოში საერთოდ არ შესულა“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ. – „ეზოში მერე შეიყვანეს, როცა დააკავეს და წიხლებიც ურტყეს… პირიქით, თამაზ ბაკურიძეზე იძალადა აღსრულების პოლიციამ.
თამაზ ბაკურიძე იქ იყო, როგორც უფლებადამცველი და ჟურნალისტი, რომელიც იღებდა ამ პროცესს“, – აღნიშნა ზაზა პაპიძემ.
„ნამდვილად, მე ვაპროტესტებდი გამოსახლებას“, – აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს გახედა თამაზ ბაკურიძემ. ის მოუყვა მოსამართლეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობაც აქვს გამოსახლების წინააღმდეგ.
„მაგრამ მე ხელი არ შემიშლია გამოსახლების პროცესისთვის არანაირად, ვაპროტესტებდი… მათ კი, წამაქციეს და ფეხები მირტყეს, ეს რომელ კანონში წერია?“ – მოსამართლეს მიუბრუნდა თამაზ ბაკურიძე.
„შემდეგ ადვოკატს მოვუსმინოთ“, – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ხალხით სავსე დარბაზს გადაავლო თვალი.
„ვერ დგინდება, რა იყო კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. კანონიერი მოთხოვნა რა იყო: გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ?” – იკითხა ადვოკატმა სოსო ქუთათელაძემ.
„თამაზ ბაკურიძის არსებობაც არ ვიცოდი იმ დრომდე“, – უთხრა მოსამართლეს აღსრულების პოლიციის თანამშრომელმა, ჯემალ ზურაშვილმა. მან მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.
„…იგი ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებდა ხალხს მობილიზაციისკენ, მე დამაგვიანდაო, საყვედურობდა ხალხს, რატომ შეუშვით საერთოდ ამ მისამართზეო.
იყო მისი მხრიდან სეპარატისტული განცხადებებიც, ჩამოსული ხართ თბილისიდანო…“ – თქვა მოწმემ.
მოწმე ჯემალ ზურაშვილის განმარტებით, თამაზ ბაკურიძემ მოუწოდა ასევე ოჯახის წევრს, საწვავი გადაესხა. აღსრულების პოლიციელის თქმით, ეს ვიდეოჩანაწერითაც ირკვევა, თუმცა მსგავსი ვიდეო სასამართლოში პოლიციას არ წარმოუდგენია.
მეორე მოწმემაც აღსრულების პოლიციიდან თქვა, რომ თამაზ ბაკურიძე იმ სახლის ეზოს ჭიშკართან იდგა.
„მოიწევდა თანდათან ჩვენკენ… ვირიშვილებს გვეძახდა“, – თქვა მოწმემ. მან დაადასტურა ისიც, რომ თამაზ ბაკურიძე „ეზოს გარეთ“ დააკავეს და შემდეგ შეიყვანეს ეზოში.
„გული წამივიდა და ისე შემიყვანეს ეზოში, სასწრაფო რომ მოვიდა, წნევა 200 მქონდა“, – დასძინა თამაზ ბაკურიძემ.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს“, – უთხრა მოსამართლეს მოწმე ლალი ზაქარეიშვილმა, ორგანიზაცია „ქომაგის“ ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანების ინტერესებს იცავს.
„…ეზოს გარეთ ვიყავით, როცა ჩოჩქოლი ატყდა, დავინახეთ, რომ ვიღაც სახურავზე ადიოდა. თამაზი მიმართავდა აღსრულების პოლიციელებს, მეც ვყვიროდი, რომ უშველეთ ამ კაცს, გადავარჩინოთ სიცოცხლეო.
ყოველთვის სიმშვიდისკენ მოგვიწოდებდა ბატონი თამაზი, მაგრამ იქ გავიგონე თამაზის ხმა, არიქა, ჩამოიყვანეთო, მიხედეთ, თავი არ დაიწვასო… იმ კაცმა სახურავზე ლიტრ-ნახევრიანით ბენზინი გადაისხა და ასანთი მოიმარჯვა.
ამასობაში, თამაზ ბაკურიძე გაქრა. ვიფიქრე, სად გაქრა ბაკურიძე-მეთქი… მერე ვნახე წაქცეული ბაკურიძე, ვიღაცის იდაყვი მომხვდა, ალბათ უნებლიეთ და ამ დროს დავინახე: წაქცეულ ბაკურიძეს ხელზე ადებდნენ ბორკილს“, – დაასრულა მოწმემ.
მოსამართლეს მხარეებმა მიაწოდეს ვიდეოჩანაწერებიც.
„რატომ შეუშვით, არ გამოუშვათ გარეთ… ვაკეთებთ წრეს, შევდივართ ეზოში… აქ თქვენ თბილისი არ გეგონოთ, ჩაგიკეტავთ გზას…“ – ისმის ვიდეოჩანაწერში თამაზ ბაკურიძის ხმა.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ვიდეო, რაც აღსრულების პოლიციამ წარმოადგინა სასამართლოში, თავად თამაზ ბაკურიძის ფეისბუქლაივი იყო.
„მე ასეთი განცხადებები მაქვს სხვა აქციებზეც, აბა, წითელ ნოხს ვინ დაგიგებდათ?“ – აღსრულების პოლიციელებს მიმართა თამაზ ბაკურიძემ და პაუზის შემდეგ დაამატა:
„ის კადრები სადაა, მე როგორ მაკავებთ, ბორკილებს მადებთ და წიხლს მირტყამთ?“ – თამაზ ბაკურიძის ეს კითხვაც აღსრულების პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს.
„ადამიანი ცდილობდა თავის დაწვას, ამიტომაც თამაზ ბაკურიძეს ჰქონდა მოწოდებები: მიდით, გადაარჩინეთ… როცა არის სუიციდის მცდელობა, ჩვენი ადამიანური ვალია, სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – თქვა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბაკურიძეს ედავებიან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ვიდეოჩანაწერში კი არ ჩანს, პოლიციელების რა მოთხოვნას არ დაემორჩილა თამაზ ბაკურიძე.
ხელვაჩაურში კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ბრალდებული და გარდაცვლილიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს – 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.