მთავარი,სიახლეები

სტუდენტების აქცია ბათუმში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად

25.04.2023
სტუდენტების აქცია ბათუმში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად

ბათუმში სტუდენტებმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს ამ ბავშვებისთვის წამლის შემოტანის გადაწყვეტილება.

სტუდენტებისთვის გაუგებარი დარჩა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ პრემიერი წამალთან დაკავშირებით მეტ სამედიცინო მტკიცებულებას ითხოვს: „თუ რაიმე არგუმენტები აქვს, დადოს“.

სოლიდარობის აქცია ბათუმში

 

მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც 7 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ, დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, დედებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერილობით მიმართეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დედები უკვე ერთი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: