სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ და რატომ არ უნდა გამოგვეპაროს ტვინის შერყევის ნიშნები – ექიმის რჩევები

27.04.2023 • 4785
როგორ და რატომ არ უნდა გამოგვეპაროს ტვინის შერყევის ნიშნები – ექიმის რჩევები

ტვინის შერყევა არის ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. შერყევა ჩვეულებრივ გამოწვეულია თავში დარტყმით ან თავის დარტყმით. ტვინის შერყევის ეფექტები, როგორც წესი, დროებითია, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კონცენტრაციის, მეხსიერების, ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემებს.

ტვინის შერყევის სიმპტომების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგის, ნუგზარ გურგენიძის განმარტებით, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ქალა-ტვინის სერიოზული გართულებები გამოგვრჩეს.

  • ბატონო ნუგზარ, რა არის ტვინის შერყევა?

ტვინის შერყევა ეს არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმის ყველაზე მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ტვინის შერყევის დროს, ტრავმის შედეგად, ხდება თავის ტვინის სითხის მიმოქცევის დარღვევა. ეს იწვევს სპეციფიკურ სიმპტომატიკას.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ტვინის შერყევას?

პირველი სიმპტომები ასეთ დროს არის წამიერი (1-2 წამი),  არახანგრძლივი გონების  კარგვა; მერე იწყება გულისრევის შეგრძნება, შეიძლება ღებინება და თავბრუსხვევაც განვითარდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ღებინება არ ვითარდება, შეიძლება იყოს მხოლოდ წამიერი გონების კარგვა, შეიძლება იყოს პულსის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება ან დადაბლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი შემთხვევების უყურადღებოდ დატოვე არ შეიძლება და აუცილებლად საჭიროა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამის გარეშე ქალა-ტვინის არც ერთი ტრავმა არ უნდა დავტოვოთ.

MayoClinic: ტვინის შერყევის ნიშნები  დაუყოვნებლივ შეიძლება არ გამოჩნდეს. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან კიდევ უფრო მეტ ხანს. ტვინის შერყევის ტრავმული დაზიანების შემდეგ საერთო სიმპტომები არის: თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია) და დაბნეულობა.

ტვინის შერყევის ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები ასევე არის ყურებში ხმაური,  დაღლილობა ან ძილიანობა, ბუნდოვანი ხედვა; ტვინის შერყევის სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაბნეულობას ან ნისლში ყოფნის შეგრძნებას, ამნეზიას ტრავმული მოვლენის გარშემო, თავბრუსხვევას ან „ვარსკვლავების დანახვას“.

MayoClinic: სიმპტომები ბავშვებში – თავის ტრავმა ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში.  ჩვილებსა და ბავშვებში ტვინის შერყევის ამოცნობა რთულია, რადგან მათ არ შეუძლიათ აღწერონ, როგორ გრძნობენ თავს. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გაბრუებას; მოუსვენრობასა და ადვილად დაღლილობას; გაღიზიანებადობას; წონასწორობის დაკარგვასა და არასტაბილურ სიარულს; გადაჭარბებულ ტირილს; კვების ან ძილის რეჟიმის შეცვლას; საყვარელი სათამაშოებისადმი ინტერესის ნაკლებობას; ღებინებას; კრუნჩხვებს.

  • უყურადღებობის შემთხვევაში რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შერყევას?

სავალდებულოა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. საქმე ის არის, რომ თუ პირველი სამი საათის განმავლობაში არ ჩამოყალიბდა არავითარი ცვლილებები ტომოგრაფიაზე, ესე იგი, არც იქნება.

უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება თავის ტვინის შერყევის ნაცვლად მივიღოთ ქალა-ტვინის ძალიან მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა სისხლჩაქცევით. ხშირად ყალიბდება ცერებრული ჰემატომა (სისხლჩაქცევა), რომელიც არის სასწრაფოდ საოპერაციო და ეს უკვე ძალიან სახიფათო მომენტია. ამიტომ  ქალა-ტვინის ყველა ტრავმას აუცილებლად სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია.

შეიძლება დასაწყისში არავითარი ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ იყოს და მივიჩნიოთ, რომ არის ბანალური ტვინის შერყევა, რომელიც ფუნქციონალურად შექცევადი პროცესია, არაფერი დიდი არ ხდება და პაციენტი სამ დღეში დაუბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. მაგრამ შეიძლება არ იყოს არანაირი სიმპტომატიკა და აღმოჩნდეს უფრო მძიმე დაზიანება თავის ტვინის. ამიტომ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია არის სავალდებულო დიაგნოსტიკისთვის.

  • როგორ ხდება ტვინის შერყევის დადგენა/დიაგნოსტიკა?

დღეს დიაგნოსტიკაში მიღებული მეთოდია პაციენტის ნევროლოგიური გამოკვლევა, მისი სიმპტომატიკის შემოწმება, არა მარტო ნევროლოგიურის, არამედ მისი ზოგადი მონაცემების – არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვა. თავის ტვინის შერყევის შემდეგ ეს მაჩვენებლები არ არის დარღვეული მაინცადამაინც, დიდი ცვლილებები არ ხდება, თუმცა შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ემოციურ ფონზე, წნევა იყოს მომატებული, ჰიპერტენზიისკენ წავიდეს ან პირიქით, ჰიპოტენზიაც არ არის გამორიცხული. თავის ტვინის შერყევის დროს სუნთქვის პრობლემა არ ფიქსირდება. ადგილი აქვს პულსის აჩქარებას, ტაქიკარდიას, მაგრამ ძალიან მცირე ხნით.

  • რას მოიცავს პირველადი დახმარება ამ დროს?

ასეთ დროს პირველადი დახმარებაა, წამოვაწვინოთ ავადმყოფი, თუ ღებინება აქვს, თავი გვერდზე გადავაწევინოთ, რათა ცნობიერების დაკარგვის შემთხვევაში, ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოვიძახოთ სასწრაფო, მივიყვანოთ პაციენტი სტაციონარში.

  • როგორია მკუნალობა?

სამი დღის განმავლობაში პაციენტი იღებს მხოლოდ შარდმდენს და სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს. თუ ტკივილი აღენიშნება, ენიშნება ტკივილგამაყუჩებელი და სამი-ოთხი დღის შემდეგ ყველაფერი დგება ნორმაში.

ქალა-ტვინის ტრავმის დროს, თუნდაც ეს იყოს ტვინის ბანალური შერყევა, პაციენტი უნდა მოერიდოს პირველი 3-6 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებასა და მზეზე გარუჯვას. ეს იმიტომ, რომ ფაქტორები, მაგალითად, იონიზაცია, რომელსაც გამოყოფს მზე, თავის ტვინზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. ზოგიერთი ფაქტორი იწვევს თავის ტვინის ჰიპოქსიას და ხშირად ყალიბდება პოსტტრავმული კრუნჩხვები, ეპილეფსია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: