მთავარი,სიახლეები

ბულვარში, თეატრის წინ, მყვირალა დიზაინის მოზაიკის დაგებას აპირებენ

26.04.2023 • 4613
ბულვარში, თეატრის წინ, მყვირალა დიზაინის მოზაიკის დაგებას აპირებენ

ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, ქვაფენილის შეცვლას აპირებენ. ბულვარის ადმინისტრაციამ მოზაიკური დიზაინის ქვაფენილის 3 ფოტოვერსია წარმოადგინა თავისი ფეისბუქის გვერდზე და მოსახლეობას სთხოვს, ხმა მისცენ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს.

„გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში“, – წერს ბათუმის ბულვარი.

ბულვარის მიერ წარმოდგენილ მოზაიკის ნიმუშებზე მყვირალა დიზაინის გრაფიკული ორნამენტებია გამოსახული. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ „მსგავსი ფერები ბულვარს ახასიათებს“.

„ბათუმის ბულვარმა“ აღნიშნული დიზაინის ნიმუშები გუშინ, 25 აპრილს, გამოაქვეყნა ხმის მიცემის მიზნით. ხმის მიცემა კი ხვალ, 28 აპრილს, 19:00 საათზე უნდა დასრულდეს.

თეატრის წინ დღეს არსებული ქვაფენილი ასე გამოიყურება
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბულვარის ადმინისტრაციას სურს, რომ არსებული ქვაფენილი მოზაიკური ქვაფენილით ჩაანაცვლოს

იდეას სოციალურ ქსელში კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. ფოტოს ქვეშ მოქალაქეები წერენ:

„ჭრელია, თვალებს ღლის“, „არც ერთი არ ვარგა“, „საშინელებაა, უკეთესი ვარიანტი მოიფიქრეთ“, „მდიდარი ქართველების კერძო სახლებს ნუ დაამსგავსებთ ბათუმს, ფული რომ აქვთ და რა გააკეთონ არ იციან“.

„სავარაუდოდ მილიონს მიუკაკუნებს ეს „ღირსშესანიშნაობა“, მაშინ ნუ გვეღადავებით და დახვეწილი, გემოვნებიანი, მართლა შესანიშნავი ვარიანტები შემოგვთავაზეთ“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

ზოგიერთ მოქალაქეს კი ამ პროცესმა საახალწლო ნაძვის ხის არჩევა გაახსენა, როცა „მოქალაქეების მიერ არჩეული“ ნაძვის ხე რეალობაში სულ სხვა აღმოჩნდა – „როგორც საახალწლო ნაძვის ხე ავირჩიეთ და იყო „უნიკალური“, ისე არ დაგვემართოს“.

ფოტოების ქვემოთ მკვეთრად კრიტიკულ კომენტარებსაც შეხვდებით – „უგემოვნო მავნებლები! სიქაჯე“. ერთ-ერთი მოქალაქის აზრით კი, „ეს ზიპლიპიტო ფერები და მოხატულობა“ ბულვარს არ შვენის და ბუნებრივი ქვა ამით არ უნდა ჩანაცვლდეს.

რასაკვირველია, არიან მოქალაქეები, რომლებიც წარმოდგენილი დიზაინის მოზაიკას მიიჩნევენ, როგორც „შესანიშნავს“.

ახალი მოზაიკის ერთ-ერთი ვერსია ასე გამოიყურება

მესამე ვერსიაზე გამოსახულია ბორჯღალი და სხვა დეტალები

ვინ შეიმუშავა ეს დიზაინი და რატომ გადაწყდა მისი დაგება თეატრის წინ? – ვკითხეთ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას.

„ფილების შეცვლა იმიტომ გადაწყდა, რომ [არსებული] ძალიან დაზიანებულია და ჩვენი ინფრასტრუქტურული ჯგუფი ყოველდღე ამოვარდნილ ფილებს ასწორებს.

თეატრის წინ ხშირად ტარდება კონცერტები, ღონისძიებები. ძალიან დაზიანებული აქვს იერ-სახე და ეს საჭიროება დადგა“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე. – „ამ კუთხით რეკომენდაციები გვაქვს გენგეგმაშიც, თანხვედრაშია. არ ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება დიზაინს, ეს გემოვნების თემაა და სწორედ იმიტომ, რომ რაღაც იმპერატიული გადაწყვეტილებით არ ყოფილიყო მიღებული, ჩვენმა დიზაინერებმა შეიმუშავეს სამი ვერსია. მოსახლეობის ჩართულობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი ადგილია ძველი ბულვარი“.

თუკი მოსახლეობის აზრი აინტერესებდათ, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი ან რატომ არ არის უფრო მეტი არჩევანი. რას გადაწყვეტს ბულვარი იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა შემოთავაზებულ დიზაინს დაიწუნებს? – ვკითხეთ სოფო გუჯაბიძეს.

„ჯერ საპროექტო მიმართულებით მიდის მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის. ეს არის ის, რაც შევთავაზეთ საზოგადოებას, გვაინტერესებს რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

სოფო გუჯაბიძე იქვე დასძენს, რომ „რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ უნდა შევარჩიოთ, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც არ მოეწონება. მე, პირადად, მესამე ვარიანტი მომწონს, უფრო სადაა და არ ყვირის“.

სოფო გუჯაბიძეს ასევე ვკითხეთ, რატომ არ აირჩიეს იგივე ფერი, რაც ამჟამად არის დაგებული? მისი თქმით, „ფერები არის მიახლოება იმასთან, რაც იყო ადრე ბულვარში“.

რამდენმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა, რომ „ხალხის მიერ არჩეული“ დაერქვას აღნიშნულ მოზაიკას? – ვკითხეთ სოფო გუჯაბიძეს. მისი თქმით, ხმის მიცემა ჯერ ახალი დაწყებულია და იმ მოზაიკის დაგება გადაწყდება, რასაც ხალხი აირჩევს.

„ჩვენც გადავიხრებით იქითკენ“, – გვითხრა გუჯაბიძემ, თუმცა ეს „უმრავლესობა“ რამდენი ხმა უნდა იყოს დაახლოებით, ამაზე მას ზუსტი პასუხი არ აქვს.

სოფო გუჯაბიძეს ისიც ვკითხეთ, არის თუ არა აღნიშნული მოზაიკის დიზაინი შეთანხმებული ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. მისი თქმით, „ეს არანაირი ჩარევა და დარღვევა არ არის ბულვარში, ძეგლის კუთხით“.

ტექნიკური თვალსაზრისით, როგორც სოფო გუჯაბიძე ამბობს, ეს იქნება ფართო ფილები, ბევრად უფრო მყარი, ვიდრე დღეს არის დაგებული თეატრის წინ.

„ეს საპროექტო სამუშაოების დასაწყისია, ჯერ ბაზრის კვლევაც არ არის ჩატარებული, რამდენად შესაძლებელია ადგილზე მსგავსი მომსახურება გაგვიწიონ და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. ამ ზაფხულში არ იწყება სამუშაოები, ეს უფრო სამომავლო თემაა და ამიტომ ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, – გვითხრა მან.

რამდენად ჯდება ბათუმის ბულვარის იერ-სახეში მსგავსი დიზაინის საფარი? ვკითხეთ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს.

მისი თქმით, როცა ბულვარში დასასვენებლად გადიხარ, საფარი თვალს არ უნდა აღიზიანებდეს.

„მართალია, ბულვარი ძეგლია, მაგრამ იქ ავთენტური აღარაფერი აღარ არის და შეიძლება მხოლოდ წმინდა გემოვნების საკითხი იყოს ეს. ვფიქრობ, დიდი ფიგურებია ძალიან მოზაიკაზე. თან, გამოცდილებით ვიცით, რომ რეალობაში ის არასდროს არ გამოდის, რასაც წინასწარ გვაჩვენებენ.

ბორჯღალი რომ აქვთ წარმოდგენილი, სად უნდა იყიდონ, მაგალითად, ესეც არ ვიცი. მგონია, რომ როგორც ავტობუსის ფერები აგვარჩევინეს ფსევდოარჩევნებით და გაიმარჯვა იმ ფერმა, რომელსაც წინასწარ ვარაუდობდა ყველა, ასე იქნება ესეც“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი თქმით, არსებითი გადაწყვეტილებების დროს ხელისუფლება ხალხის აზრს ნაკლებად ითვალისწინებს.

„იქვე, სულ რამდენიმე ნაბიჯში, ყველანაირი კანონის დარღვევით, უზარმაზარი ფართობია აშენებული, ნებართვის გაცემის წესი 17-ჯერ არის დარღვეული და მიუხედავად იმისა, რომ ათობით აქცია ჩაატარა ამ ქალაქმა, კანონიც მხარს გვიჭერდა, სამართალიც და სინდისიც, საერთაშორისო ძეგლის დაცვის პრინციპიც და ცივილიზებული სამყაროს გამოცდილებაც, ჩვენი აზრი მაინც არავინ გაითვალისწინა. ახლა კი ფილების საკითხი იმდენად „მნიშვნელოვანია“, რომ ერმა უნდა გადაწყვიტოს “, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი აზრით, მსგავსი საკითხები არა ფეისბუქზე წყდებოდეს, არამედ სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ.

„რეალურად, ამისთვის არსებობს ძეგლის დაცვის საბჭო, რომელიც კომპეტენტური ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და წყვეტდეს ასეთ საკითხებს. ამიტომ არსებობს არქიტექტურა, დაგეგმარება, ურბანისტიკა, ლანდშაფტის დიზაინი, რომ სპეციალისტებს დავეკითხოთ.

იყოს წარმოდგენილი სადა, მყვირალა, იყოს მუქი, ღია, ზღვისფერი, ტრადიციების, მიდგომების გათვალისწინება, სხვა საბაღე-საპარკე გამოცდილება გაითვალისწინონ. აი, ამისთვის არის საჭირო საბჭო და ამ შემთხვევაში მგონია, რომ არ უნდა ვკითხოთ ხალხს“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

დღეს არსებული საფარი

მისი თქმით, როცა ამბობენ, რომ „ასეთი ფერები ადრე იყო ბულვარში“, მინიმუმ ერთი წყარო მაინც უნდა დაასახელოს ადმინისტრაციამ ან რაიმე ფოტომასალა დაიმოწმოს.

„ამ ტიპის საფარი, რაც ახლა წარმოადგინეს, არასდროს ყოფილა ბულვარში. ბულვარის საფარი განსაკუთრებით კარგად ვიცი, რადგან მამაჩემის გაკეთებულია 1977 წელს და მაშინ იყო გრანიტი დაფენილი, იქამდე კი იყო ჩვეულებრივად მოკირწყლული. მით უმეტეს, სიჭრელე არასდროს ყოფილა ბულვარში“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა უხარისხოდ დაგებული ფილებია, რომლებიც მალე ფუჭდება.

„დააგებენ ამ ფილებს და მაშინვე გადაატარებენ სატვირთო მანქანებს, ყველაფერი დალეწილია. ჯერ დავითვალოთ, რამდენი ფულია დახარჯული ამ მოპირკეთებაში. უკონტროლოდ, ხალხის შეცდომაში შეყვანის, ვითომდა ფსევდოდემოკრატიულობის სახელით დახარჯული ფული მენანება ყველაზე მეტად, თორემ ძეგლის თვალსაზრისით რამე განსაკუთრებული ზიანი მიადგება ამ ფილების დაგებით ბულვარს-მეთქი, ამ აზრზე არ ვარ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: