მთავარი,სიახლეები

95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო

25.04.2023 • 24778
95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას  – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო

ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“.

ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული.

ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება:

„მოწყენილი ვიყავი და როგორ მიხარია, რომ მესტუმრეთ. სტუმრები ძალიან მიყვარს. ერთი პურიც რომ მქონდეს, მე არ შევჭამ და სტუმრისთვის შევინახავ, რომ არ შევრცხვე.“

ცნობილი დურგალი ხულოში, სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობს. ამ სოფელში მისი ასაკის კაცი აღარ დაიარება, მხოლოდ ერთადერთი ქალია მასზე უფროსი, ას წელს გადაცილებული.

„სულ რამდენიმე წელი მიკლია ასს და იმედი მაქვს, მოვესწრები“, – ამბობს ნუსრედინი და იღიმის.

 „გაჭირვებამ არ მასწავლა“

ბავშვობაში ყველაზე კარგად არითმეტიკა გამოსდიოდა – მეორე კლასში მეოთხე კლასის ამოცანებსაც კი ვხსნიდიო ამბობს, ამიტომ ყველაზე მეტად გული იმაზე სტკივა, რომ სიღარიბის გამო სწავლა ვერ გააგრძელა.

„გაჭირვებამ არ მასწავლა, არც ფეხზე მეცვა და არც ტანზე. ყველაზე მეტად რაც მტკენდა გულს, ეს იყო. ახალგაზრდობაში არაფერი გვქონდა, მელანი არ იყო, რომ დეგეწერა, ბუხრის ჭვარტლს გავლესავდით, დავაყენებდით და იმით დავწერდით, ამდენი გაჭირვება იყო და გული მეტკინა აბა არა?

სწავლა მიყვარდა, მაგრამ გაჭირვებამ არ მასწავლა. მხოლოდ მეოთხე კლასი დავამთავრე, რადგან ჩასაცმელი არ მქონდა.

ამიტომ, თუ არის ქონება, საშუალება, ერთიმეორეს გაიტან კაცი, თუ არა, არაფერი იქნება,“ – გვიყვება მოხუცი დურგალი.

მკლავზე შეშას იწყობს და სახლისკენ მიგვიძღვის. მის მეუღლეს, 88 წლის ჟენია შავაძეს გვაცნობს. აპრილია, თუმცა სუსხის გამო ოთახში ღუმელი გიზგიზებს, ღუმელზე ალუმინის ქათქათა ტაფაზე იაღი (სახლის კარაქი) იწვის. შიშხინებს და თავისებურ სურნელს აფრქვევს. ნუსრედინის ოჯახი ბაირამისთვის ემზადება და კარაქსაც ჰალვისთვის წვავენ.

ნუსრედინი და ჟენია

ნუსრედინი მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად

„არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჟენია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და არასდროს შევხვედრივართ მანამდე. ჯარიდან რომ ჩამოვედი, მერე გამაცნეს“, – გვეუბნება ნუსრედინი.

„არ ვუნახივარ არასდროს, ნათესავებმა გამოურჩიეს ჩემი თავი. ასეთი გოგო, ისეთი გოგოო უთხრეს და მიმასაღეს ამას“, – ხუმრობს ჟენია შავაძე.

ხუმრობაზე ხუმრობითვე უპასუხა ნუსრედინმაც – „შემეცოდა და მევყვანე“. შემდეგ კი დასძინა, „რომ არ მომწონებოდა, არ მოვიყვანდი“.

მათი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.

„სიკარგე რომ იქნება, მთავრობაშიც, სოფელშიც, სახლშიც, ოჯახშიც, ყველგან – კარგია“, – გვეუბნება ნუსრედინი და სიყვარულის შემდეგ პოლიტიკაზე იწყებს ლაპარაკს.

95 წლის ოსტატს 156 სახლი აქვს აშენებული

„მორევით მითვისება ჩემთვის მიუღებელია“

„საერთოდ, თუ მთავრობაშიც კარგობაა, ჩვენც კარგად ვართ.

ხალხს მეტი ძალა აქვს, მთავრობაზე მეტი. ხალხი ძლიერია, ამიტომ არის არჩევნები. მაგრამ მთავრობა ხალხით, ხალხი – მთავრობით, მთავრობა უხალხოდ ვერ იქნება. ეს უნდა მიხვდნენ, მაგრამ ზოგი ხვდება, ზოგი არ ხვდება“, – გვეუბნება ნუსრედინი და შემდეგ თანასწორობის მნიშვნელობაზე გველაპარაკება.

„იცი, რომ ეს ჯოხი ჩემია ხომ? რატომ ეკიდები? ჩემი ჩემი იყოს, შენი – შენი. ვიყოთ ერთმანეთში კარგად. ერთიმეორე დავაფასოთ, მტერიც ვერ მოგვიგებს“.

ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ მიგაჩნიათ მტრად? – ვეკითხებით ნუსრედინს. მან დიპლომატიურად გვიპასუხა:

„ვინც ჩვენზე ცუდს იტყვის, ყველა ჩვენი მტერია.

… ახლა რუსეთი და უკრაინა ჩხუბობენ ხომ? ესეც არ მომწონს. მე იმის მხარეს ვარ, ვისაც მშვიდობა უნდა, რად გვინდა ომი.“

ჩვენი ტერიტორიები რომ აქვს რუსეთს მიტაცებული, ამაზე რას ფიქრობთ? – ვკითხეთ კაცს. „შენ შენი გინდა, მე ჩემი მინდა. ჩემი რომ შენ მიითვისე, მე რა ვქნა?

მიითვისე, ესე იგი, მერევი? მორევით მითვისება ჩემთვის მიუღებელია. თუ გინდა მთავრობა იყოს, თუ გინდა გლეხი, თუ გინდა პოლიცია – თუ მერევი და ითვისებ, არ ხარ სწორი.

ქათამი რომ ქათამია, ისიც კი უყოფს საკენკს, რომ იპოვის. თუ ერთმანეთის დაფასება გვექნება, ძალაც მეტი გვექნება. ამიტომ მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს, რომ ბოროტება არ გააკეთოს,“ – მიაჩნია ნუსრედინს.

იოლად გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე კი ბრაზობს, რადგან ფიქრობს, რომ უკანონოდ იშოვეს ფული. „მილიონერები რომ არიან, როგორ არიან? ჩვენი თანხა აქვთ მითვისებული, მოპარული თანხაა. მოპარვაც არ არის სწორი.

მე როგორი საქართველო მინდა, იცით? – ხალხს უნდა უყვარდეს ერთმანეთი, შრომა უნდა უყვარდეთ და კანონი ლამაზი ჰქონდეს, მთავრობის დადგენილი კანონი მოსწონდეს ხალხსაც.

შენ თუ შეძელი მდიდარი გახდი, ჯანმრთელობა და ფული მეტი გაქვს, მეც დამაფასე, რომ სიკარგე გაბევრდეს, რადგან სიკარგე სიძლიერეა.“

„ჭკუა და ფიქრი ერთად იარებიან“

ნუსრედინი ამბობს, რომ ძველ დროს ახალი სჯობს, რადგან მშვიდობაც მეტია და სიღარიბეც – შედარებით ნაკლები.

„დღევანდელი დრო სჯობს, მაგრამ დაფასებამ, დიდ-პატარაობამ იკლო და ამას ცოტა ვერ ვეგუები. გზაში დაგეწევა ახალგაზრდა არც მოგიბოდიშებს, ისე მიგჯიკავს და გაიარს…

ჭკუა და ფიქრი ერთად იარებიან, მარტო ჭკუა არ გაცხოვრებს, ჭკუა ხედავს, მაგრამ კედელს რომ არ შეეჯახო და არ დაზიანდე, დაფიქრება გჭირდება. თუ შენ მართალი და კარგი ხარ, სხვაც შეაქე და ისიც მოგიწონებს, მოწონება და დაფასება დიდი რამეა.

ასეთ რამეებზე ვფიქრობ ხოლმე ჩემ ასაკში“, – ამბობს ნუსრედინი და აყვავებულ კარ-მიდამოს გვათვალიერებინებს.

რკინის „ფეჩის“ კვამლი ოდნავ ნისლიან ცას ერთვის, ტყემლისა და ალუბლის ხეები თეთრად არიან გადაპენტილი და საოცარ სურნელს აფრქვევენ. „სულ სხვა სიმშვიდეა სოფელში“, – ამბობს ნუსრედინი და მწვანე ბილიკს მიუყვება.

„ჩემი ცხოვრება როგორია ახლა – ჯოხი ხელში და წავალ-მოვალ ნელ-ნელა, საქონელსაც ვეღარ ვმწყემსავ უკვე, მასწრებენ… მივალ, ჩემ აგებულ სახლებს გადავათვალიერებ და გამყავს ასე დრო.

ოღონდ გამოვიდე გარეთ, ხალხი დავინახო, საქონელი დავინახო, შეშა მაინც გავაპო, სულ ტყუილად ვერ ვიჯდები.“

წლების მიუხედავად, მუხლი ისევ უჭრის, სტკივა, მაგრამ არ ნებდება. დაღმართში მეორე ჯოხი დავიმატეო დარდობს, მაგრამ აღმართში არ უჭირს. შეიძლება ვერც კი დამეწიოთო, გვეუბნება ღიმილით.

წელს კატარაქტამ შეაწუხა, „დანისლავს თვალებს, ცრემლი წამომივა, მაგრამ როცა მოვიწმენდ, მერე გადადის ბინდი. აქამდე თვალს არ დამკლებია, ნემსაც კი ვაგებდი“, – ამბობს ნუსრედინი და თავისუფლების მნიშვნელობაზეც გვიყვება.

ოჯახთან ერთად

„საერთოდ, შენით გაკეთებული საქმე ყოველთვის კარგია. სახლშიც, გარშიც, სოფელშიც. სხვაზე დამოკიდებულება კი რთულია.

ზოგს ასწავლი და აგიქნევს ხელს – არაა ასეო, გეტყვის. მე 101 სახლი გავაკეთე და შენ არც ერთი, როგორ მეუბნები, რომ ასეა?

ზარმაცი არც სახლში მომწონს, არც სოფელში და არც მთავრობაში.

სოფელი პაქსაძეები

„მთავრობაშიც არიან ზარმაცები ხომ იცი? შენ რომ მთავრობა ხარ, შენ მეიკელი და მე მომიმატე საჭმელი. ლარი მეიკელი და მე მომიმატე, თუ კაი ხარ. თუ არ ხარ კაი, მოდიხარ და იმ ლარსაც მართმევ. მე რომ ლარი ამართვი, რაღა დამრჩა, არაფერი“, – საუბარი ისევ პოლიტიკაზე გადააქვს.

„ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დაფასება ყოფილა. ცხოვრებას მუშაობაც უნდა, მხიარულებაც და წასვლა-წამოსვლაც. სიკარგე ყველაზე პირველია“, – გვეუბნება ნუსრედინი და იმ იმედით გვემშვიდობება, რომ არ დავივიწყებთ და როცა ასი წლის გახდება, ისევ ამ ჭიშკართან დაგვხვდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: