მერი ჯინჭარაძე და მისი ოჯახი 1949 წლის ზამთარში შუახევიდან, სოფელ ბარათაულიდან, ყაზახეთში გადაასახლეს.
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ახლა 85 წლისაა და „ბათუმელებთან“ იმ ზამთრის საღამოს იხსენებს, ჯარისკაცები რომ მიადგნენ სახლში და გადასახლებაში წასვლა აიძულეს.
„მეტრ-ნახევარი თოვლი იყო, როცა „სალდათები“ მოვიდნენ. ღამე იყო. თავიდან მამაჩემს შეეშინდა და კარი არ გაუღო – რატომ მოვიდა ამ დროს ამდენი ხალხიო?
მერე „სალდათებიდან“ ერთ-ერთმა უთხრა მამაჩემს – კარი გაგვიღე, ცუდ ამბავზე არ ვართ მოსულებიო. შემოიყვანა სახლში, გაათბო, გააშრო.
რომ გაშრენ, „სალდათებმა“, თქვენო, ისეთ ადგილას ყოფილხართ, აქ ვერ იცხოვრებთო. აქედან ორთაბათუმში უნდა გაგასახლოთო. მამაჩემს არსად წასვლა არ უნდოდა, რატომ გვასახლებთო.
„სალდათებმა“ – უნდა გაგასახლოთ, გეგმა გვაქვსო. მამაჩემმა ჰკითხა, ეს გეგმა საიდან მოიტანეთო? თქვენი საბჭოდანო, ასე გვითხრეს.
მაშინ ცოტა კარგად თუ ცხოვრობდა ადამიანი, არ მოსწონდათ ეგ. ბარათაულში იცით როგორი ცხოვრება გვქონდა? 7-8 მეწველი ძროხა გვყავდა, სამი ცხენი, უღელი ხარი, 15 თავი თხა-ცხვარი, 80 თავი სკა. ვუვლიდით და ვიყავით მშვენივრად.
თხები ხომ გვყავდა. „სალდათმა“ უთხრა მამაჩემს – თხა დაკალი და ხორცი წამოიღე, აჭმევ ბავშვებსო. მამაჩემმა ორთაბათუმში თუ უნდა გამასახლოთ, რათ მინდა იქამდე ხორციო.
ადრე დილას, გამთენიას გაგვიყენეს გზას. ჩაგვიყვანეს ხიჭაურში. 100 მანქანა იდგა მწკრივში. ჩვენ გარდა კიდევ 5-6 ოჯახს ასახლებდნენ. ყველა ერთად მოგვყარეს.
მე ბავშვი ვიყავი, მიხაროდა, სადღაც მივყავდით. უფროსები კი ტიროდნენ, გლეჯდნენ ქვეყანას.
დაგვსვეს ამ ღია მანქანებზე. ღამე ჩავედით ბათუმში. ეშელონი იყო ჩამომდგარი, ჩაგვსვეს ამ მატარებელში და წავიდა მატარებელი. ფოთამდე არ გაჩერებულა. ფოთში „სალდათები“ შემოვიდნენ, ვედროებით სუპი შემოიტანეს და თითო ჭიქა დაგვირიგეს.
9 მოსახლე ერთ ვაგონში ვიყავით. საწოლი არ იყო, იატაკზე ვისხედით. ფოთში საჭმელი რომ გვაჭამეს, ერთი საათი გაჩერდა მატარებელი, მერე დაკეტეს ვაგონის კარი და წავედით. 18 დღე იარა მატარებელმა. ქვანახშირის ღუმელი იყო ვაგონში, 24 საათში ერთხელ შემოდიოდა „სალდათი“, საჭმელი შემოჰქონდა, ამ ღუმელს ანთებდა და ცოტა ქვანახშირს გვიტოვებდა.
- ყაზახეთში
ბოლოს ჩავედით ყაზახეთში. ერთი ყაზახი გამოასახლეს სახლიდან და მის სახლში შეგვასახლეს ჩვენ. მიწური იყო. იატაკის ნაცვლად ტალახი.
არც საწოლი იყო, არც სკამი, არც მაგიდა. საერთოდ არაფერი.
როცა ამ სახლში შეგვიყვანეს, ერთი ბერძენი ქალი მოვიდა. რომ დაინახა არაფერი გვქონდა, წავიდა, თივა მოიტანა და გაგვიფინა იატაკზე. ის ღამე იმ თივაზე გავათენეთ.
მეორე დღეს მაწონი, ყველი და დიდი მჭადი მოგვიტანა. მახსოვს, ის მჭადი რომ ვჭამეთ.
პირველი თვეები გაგვიჭირდა. მერე ყველამ მუშაობა დავიწყეთ. ბამბა იკრიფებოდა. ადვილი იყო ჩემთვის. ას კილო ბამბას ვკრეფდი მარტო. შრომა აღირიცხებოდა შრომადღეებით.
15 შრომადღეს ვაკეთებდი 15 დღეში. ამ შრომადღეზე იძლეოდა 500 გრამი პურის კაკალი, 500 გრამი ბრინჯი, 500 გრამი შაქარი და 1 მანეთი. ამას მე მარტო ვაკეთებდი, მამაჩემიც მუშაობდა, ჩემი ძმაც და არ გვიჭირდა იქ ჭამა.
ბაზარში ხორცსაც ვყიდულობდით. მცველები გვყავდა და ისინი დაგვყვებოდნენ ბაზარში. ჩვენი სოფლიდან მხოლოდ სამი კილომეტრის რადიუსში შეგვეძლო წასვლა. მის გარეშე ბაზარში ვერ წავიდოდით.
მიწა მოგვცეს, კარტოფილი და სიმინდი დავთესეთ, პურს გვაძლევდნენ, პომიდორი მოგვყავდა და ყველაფერი ავსილი გვქონდა.
მაგრამ „ნაპრინციპ“ რომ წასული ვიყავით, მამაჩემი ლოგინად ჩავარდა. ისე ინერვიულა, რატომ გამასახლესო. რა მქონდა ასეთი გაკეთებული, რატომ გამასახლესო. კომენდატურაში რომ მივედით, იქ გაუკვირდათ, თქვენი რამე დანაშაულობა არსად არააო.
მამაჩემი იყო აქიფ ჯინჭარაძე.
ჯამბული ერქვა იმ სოფელს ყაზახეთში, სადაც ვცხოვრობდით.
- უკან დაბრუნება
სტალინმა მოგვცა საბუთი, რომ თქვენ თავისუფალი ხართ და წახვალთ სახლებშიო. მახსოვს ის დღე, როცა ბოძზე მიმაგრებულმა რადიომ დაიძახა – სტალინი მოკვდაო.
სტალინი მოკვდაო და მამაჩემმა დაიწყო ტირილი, შეეშინდა – დავრჩით აქაო. სტალინმა გაგვასახლა, იმას უნდა წაეყვანა აქედან ჩვენი თავი, ჩვენ ვეღარ წავალთ აქედანო.
არ გაიხსენება, იმ დღეს იმხელა სიმწარე გავწიეთ, ისე ვიტირეთ, გეგონებოდა, მკვდარი იყო სახლში. შიშის ტირილი იყო. ჩვენ არ გვინდოდა გასახლება და სტალინმა გაგვასახლა. სახლში ვბრუნდებოდით და გაჩერდა ეს ამბავი.
მამაჩემი ღმერთს შეჰპირდა – ღმერთო, ოღონდ აქედან წამიყვანე, ამ მიწას მომაშორე, აქ რომ ხალხი მოვა, იმ ხალხს ყურბანს დავუკლავ და დავუტოვებო. წამოსვლისას მამაჩემმა მართლა ასე გააკეთა.
სამ წელიწად-ნახევარი ვიყავით გადასახლებაში. სამჯერ მოსავალი ავწიეთ. დაგვიბრუნეს საბუთი და წამოვედით საქართველოში.
ყველაფერი, რაც იქ მოვაგროვეთ, წამოვიღეთ. 15 ცალი საწოლი წამოვიღეთ. ბრინჯი, პურის კაკალი, შაქარი, სიმინდი.
დავბრუნდით ჩვენს სახლში, ბარათაულში. მაგრამ ჩვენი სახლი ცარიელი დაგვხვდა. არაფერი აღარ იყო. ყველაფერი წაეღოთ. არც უკან დაუბრუნებია არავის. მამაჩემი დაიბარეს ფერმაში, ერთი ისეთი ძროხა მისცეს, რომ იმას ბოსელში არ დააბამდა მამაჩემი.
ნათესავები დაგვეხმარნენ, თითო ძროხა მოგვცეს და დავიწყეთ თავიდან ცხოვრება.
რას ვფიქრობ სტალინზე? სტალინმა არ მოგვცა კაი ხეირი. აგვასახლა, გაგვასახლა, დაგვაბნია.
რამდენი გზაში მოკვდა, მატარებლიდან აგვართვეს და სად გადააგდეს, ღმერთმა იცის“.