მთავარი,სიახლეები

ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ – რას გეგმავს ბათუმის მერია

24.04.2023
ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ და გადათხარონ – მერიამ დაგეგმა სამუშაოები, რაც მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ევროპის მოედანი, ტურისტული თვალსაზრისით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და ხალხმრავალი ადგილია; აქ ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და აქცია; მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია აქ თითქმის ყოველდღიურად იმართება.

ევროპის მოედნისა და აკაკი წერეთლის სკვერის რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 640 654 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2023 წლის 11 მაისს დასრულდება.

სატენდერო პროცედურების ჩვეულებრივად ჩატარების შემთხვევაში, სამუშაოები ევროპის მოედანზე, ფაქტობრივად, ივნისის თვეში უნდა დაიწყოს. ტენდერის პირობის მიხედვით, ევროპის მოედანსა და წერეთლის სკვერში სამუშაოები 2023 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობებში და ხელშეკრულების პროექტში არ არის მითითებული, რომ ევროპის მოედანზე ზაფხულის სეზონზე სამუშაოები არ ჩატარდეს.

„ბათუმელები“ სამუშაოების გრაფიკთან დაკავშირებით მერიის სამმართველოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. 

„როდესაც დასრულდება ტენდერი, შემდგომ შევძლებთ დეტალებზე საუბარს“, – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ევროპის მოედანზე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო. მათ შორის:

  • არსებული ტერიტორიის შემოფარგვლა დროებითი ღობით, შემდგომში დემონტაჟი
  • არსებული ლამპიონების, ბორდიურების, ფილების, ქვესაგები ფენისა და შადრევნის ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი [მონტაჟი]
  • არსებული ბეტონის კონსტრუქციების, ასევე, ქვის ჩამოსაჯდომის, თუჯის ზღუდარების [ბოძკინტები] დემონტაჟი და ტრანსპორტირება საწარმოში რეაბილიტაციისათვის
  • გრუნტის სამუშაოები; სანიაღვრე ჭებისა და ლითონის სანიაღვრე არხების მოწყობა თუჯის ცხაურით; სარწყავი სისტემის მოწყობა; გრანიტის და დეკორატიული ფილების დაგება; საპარკე ავეჯის მოწყობა
  • გამწვანების სამუშაოები; ელექტროგაყვანილობისა და ლამპიონების ბოძების მოწყობა და სხვ.

დოკუმენტების მიხედვით, ევროპის მოედნის რეკონსტრუქციისთვის მაქსიმუმ 1 499 99 ლარია გათვალისწინებული, ხოლო წერეთლის სკვერის რეაბილიტაციისთვის – მაქსიმუმ 140 655 ლარი.

ევროპის მოედანი / რენდერი პროექტიდან

წერეთლის სკვერი და რენდერი / ფოტოები პროექტიდან

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ევროპის მოედანი / 24.04.2023 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: