მთავარი,სიახლეები

რა უთხრა მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს

25.04.2023
რა უთხრა მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს

„რა მოხდა იმ საღამოს?“ – ჰკითხა მოსამართლე კოტე ჭილაიმ მკვლელობაში ბრალდებულ სერგეი ს.-ს, ვიდრე მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა.

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში, 37 წლის კაცი მისმა მეგობარმა 23 აპრილის ღამით მოკლა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 აპრილს, გაიმართა. ბრალდებული და ის კაცი, რომელიც მოკლეს, მეგობრობდნენ. ისინი მშენებლობაზე სამუშაოდ მოლდოვიდან ჩამოვიდნენ.

„…მე მთელი დღე ვმუშაობდი, ვასხამდი ბეტონს. ის კი იმ დღეს გვიან დაბრუნდა სახლში, ღამის 12 იქნებოდა,“ – ფეხზე წამოდგა ბრალდებული გისოსებს მიღმა და ისე დაიწყო შემთხვევის აღწერა.

„დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. ალექსანდრე ოთახში შემოვიდა ხმაურით, ტელეფონში ჰქონდა ჩართული მუსიკა და დივანზე დაჯდა, ეწეოდა…

ვთხოვე, რომ მუსიკისთვის ჩაეწია, რადგან მეძინებოდა. ის გაბრაზდა, გინება დამიწყო, ხელების ქნევა. ვკითხე, სად წაიღო ჩემი მობილური ტელეფონი და პასპორტი, რაც მანამდე წაიღო. მან პასუხის გაცემის ნაცვლად, გაშლილი ხელი დამარტყა სახეში.

დივნის გვერდით ინსტრუმენტები ეწყო… მე მას სამჯერ ჩავარტყი ჯოხი…

მერე მეზობელთან წავედი, ვინც ყველაზე ახლოს ცხოვრობს და ვუთხარი, რომ სასწრაფოს გამოძახება მინდოდა… ჩემი მიზანი არ იყო მისი მოკვლა, მივედი პოლიციაში ჩემით და ვაღიარე დანაშაული,“ – დაასრულა თხრობა ბრალდებულმა.

სერგეი ს.-ს თქმით, ის საქართველოში სამუშაოდ 3 თვის წინ ჩამოვიდა.

„არსებობს რისკი, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე“, – თქვა პროკურორმა და აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ადვოკატმა ლია მაისურაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. მან მოსამართლეს ბრალდებულის 10 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზა.

„…იქ არავითარი მოწმე არ იყო, სოფელში მოხდა ეს ამბავი, შეეძლო მიეტოვებინა შემთხვევის ადგილი და ქვეყანაც, დარჩებოდა დანაშაული გაუხსნელი… მაგრამ ის მეზობელთან მივიდა და სასწრაფოს გამოძახება ითხოვა“, – აღნიშნა ადვოკატმა ლია მაისურაძემ.

„თუმცა მან არ იცოდა დამდგარი შედეგი,“ – ადვოკატს მიმართა მოსამართლემ და ბრალდებულს პასპორტის, ასევე მობილური ტელეფონის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა.

„…მან პასპორტი დამიბრუნა, მობილური ტელეფონი კი – არა,“ – მხოლოდ ეს დასძინა ბრალდებულმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სერგეი ს.-ს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: