მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

60+ წლის ადამიანებში უკბილობით საქართველო მე-7 ადგილზეა ევროპის 53 ქვეყანას შორის – ჯანმო

24.04.2023 • 2455
60+ წლის ადამიანებში უკბილობით საქართველო მე-7 ადგილზეა ევროპის 53 ქვეყანას შორის – ჯანმო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეუძლებელია პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის გარეშე – წერს ჯანმო. „ჯანდაცვის ეროვნული დაფარვის პაკეტები უნდა მოიცავდეს პირის ღრუს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ან უფასოდ ან იმ ფასად, რომლის გადახდაც ადამიანებს შეუძლიათ“, – ეს არის ჯანმოს უახლესი ანგარიშის მთავარი გზავნილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჰქონდა პირის ღრუს ძირითადი დაავადება 2019 წელს, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი გავრცელებაა.

მოწოდება ეხმაურება საგანგაშო ციფრებს, რომლებსაც შეიცავს ჯანმოს უახლესი მოხსენება დენტალური/ორალური ჯანმრთელობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რეგიონს (რომელიც მოიცავს 53 ქვეყანას ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით) აქვს პირის ღრუს ძირითადი დაავადების შემთხვევების ყველაზე მაღალი გავრცელება (ზრდასრული მოსახლეობის 50.1%).

ევროპის რეგიონში ქვეყნების 20% ყოველწლიურად 10 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ეს უაღრესად პრობლემურია, რადგან კვლევა აჩვენებს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საჭიროების მქონე ადამიანებს აქვთ ყველაზე ნაკლები წვდომა ამ სერვისებზე. სტომატოლოგიური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით არ ფინანსდება.

ჯანმო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს გაზარდონ საყოველთაო დაზღვევაში პირის ღრუს ჯანმრთელობის უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი მკურნალობის დაფინანსების მოცვის ნაწილი.

უახლესი ანგარიში პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცხადყოფს, რომ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 34-ს (66.7%) არ გააჩნია პირის ღრუს ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკა.

კბილების კარგვა და საქართველო

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ევროპის რეგიონს ჰქონდა დენტულიზმის [ბუნებრივი კბილების სრული კარგვა] შემთხვევების სიდიდით მეორე წილი (25.2%), ეს +20 წლის ასაკის დაახლოებით 88 მილიონი ადამიანია. ეს არის ყველაზე მაღალი გავრცელება [12.4%] ჯანმოს რეგიონებს შორის.

მაგალითად, 2019 წელს ევროპის რეგიონში 60 წელზე უფროსი ასაკის თითქმის ყოველი მესამე (31.3%) ზრდასრული ადამიანი განიცდიდა კბილების სრულ დაკარგვას [გლობალური საშუალო მაჩვენებელთან 22.7%-თან შედარებით]. ანგარიშში ხაზგასმითაა ნახსენები, რომ ფუნქციონალური კბილების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დაბერების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემით, 53 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის, ნიდერლანდების, ტაჯიკეთისა და სლოვენიის შემდეგ.

დენტალური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმოს უახლეს მოხსენება ასევე ასახავს პროგრესს ზოგიერთ სფეროში, მათ შორის არის 1990-2019 წლებში სარძევე კბილების კარიესის გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება (7.2%) 1-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში; ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში მუდმივი კბილების კარიესის გავრცელების შემცირება (3.9%). ამასთან, 1-9 წლამდე ასაკის ბავშვებში, სარძევე კბილების კარიესის სავარაუდო გავრცელებით, საქართველო მე -18 ადგილზეა.

მიზეზები

ანგარიშში განმარტებულია, რომ პირის ღრუს დაავადებები ძირითადად გამოწვეულია შაქრის მოხმარებით, თამბაქოს მოხმარებით, ალკოჰოლის მოხმარებით, ტრავმებით და პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობით.

პოლიტიკის დონეზე, ძირითადი მიზეზები მოიცავს:

  • შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით შაქრის შემცველი სასმელებისა;
  • შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების აგრესიული მარკეტინგი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მიმართ;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობის პირველად/საზოგადოებრივ მომსახურებებზე ცუდი ხელმისაწვდომობა;
  • ფტორის არასათანადო ზემოქმედება წყალმომარაგებაში და პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში, როგორიცაა კბილის პასტა.

უთანასწორობა და სიღარიბე

ჯანმო/ევროპის რეგიონული მრჩეველი, დოქტორ კარინა ფერეირა-ბორგესი ამბობს: „არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ პირის ღრუს დაავადებები არაპროპორციულად მოქმედებს დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებზე – დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, მარტოხელა ხანდაზმულებზე, ლტოლვილებზე, ციხეში ან სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე. ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები ეხება ამ უთანასწორობებსაც და მიმართავს რესურსებს იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: