მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

შარდის შეუკავებლობის მიზეზები და მკურნალობა – ექიმის რჩევები

25.04.2023 • 16731
შარდის შეუკავებლობის მიზეზები და მკურნალობა – ექიმის რჩევები

შარდის შეუკავებლობა – შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება, შარდის შეუკავებლობა არ არის დაბერების გარდაუვალი შედეგი. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ შარდის შეუკავებლობა, ეს არის უნებლიე შარდვა, „რომელიც წარმოადგენს როგორც სოციალურ, ისე ჰიგიენურ პრობლემას“. შარდის შეუკავებლობის მიზეზებსა და მკურნალობაზე თამაზ ირემაძე საუბრობს. 

  • ბატონო თამაზ, რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?

შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიური ჩვევებით, დაავადებებით ან ფიზიკური პრობლემებით. არსებობს  შარდის შეუკავებლობის რამდენიმე კლასიფიკაცია – დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა, ურგენტული შეუკავებლობა, შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობა და ფუნქციური შეუკავებლობა.

დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა – როდესაც მუცელში წარმოიქმნება მაღალი წნევა და ამის შედეგად შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება, მაგალითად, სიცილისა და ხველების მომენტში. ამ დროს შესაძლოა შარდის ბუშტის მომჭერი კუნთი იყოს მოდუნებული.

ურგენტული შეუკავებლობა – ადამიანებს უჩნდებათ მოშარდვის უეცარი, ძლიერი სურვილი, რასაც მოჰყვება შარდის უნებლიე გამოყოფა. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთი ზედმეტად აქტიურია, ის უნებლიეთ იკუმშება, რასაც შარდის გამოყოფა მოჰყვება. ურგენტული შეუკავებლობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევებით, დიაბეტით, შარდის ბუშტის კუნთის დაზიანებით, საშარდე გზების ინფექციით. ასეთ შეუკავებლობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგალითად, პოზის უეცარი შეცვლის დროსაც.

გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობა – იმის გამო, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ხდება მისი გადავსება, პაციენტს აქვს მოშარდვის მუდმივი სურვილი და ეწყება უნებლიე შარდვა. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთები დასუსტებულია, მისი კუმშვადობის უნარი დაქვეითებულია, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ იწყება გადავსებითი შარდის შეუკავებლობა. ეს შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანების ფონზეც იყოს გამოწვეული.

ფუნქციური შეუკავებლობა –  ფიზიოლოგიური ან მენტალური დარღვევის გამო პაციენტს ხელი ეშლება, დროულად მივიდეს ტუალეტში. ეს ხშირია გადაადგილების პრობლემის, მძიმე ართრიტის მქონე შშმ პირებთან, რომლებსაც ფიზიკურად არ აქვთ საშუალება, დროულად მივიდნენ საპირფარეშოში.  

  • შარდის ხშირად შეკავება იწვევს მომავალში შეუკავებლობას, თუ მითია?

პრაქტიკის თანახმად, რეალობაა. როდესაც ადამიანი დიდ ხანს ითმენს შარდს, ეს ძირითადად ხდება ბავშვებში, სკოლაში გაკვეთილზე ან სხვა სიტუაციაში, ასეთი ეპიზოდების სიხშირის შემთხვევაში შარდის ბუშტი თანდათან უფრო მეტს იტევს, ვიდრე უნდა იტევდეს, შემდეგ კუმშვადობა ქვეითდება და ჩნდება შარდის შეუკავებლობის რისკი. რისკია ასევე აღმავალი ინფექციის განვითარება, ამიტომ შარდის შეკავება არ შეიძლება.

  • შეიძლება შარდის შეუკავებლობა იყოს შეუქცევადი?

შარდის შეუკავებლობა ასევე შეიძლება იყოს მუდმივი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე მოცემულობით, მათ შორის, არის: ასაკი, მშობიარობა. ვაგინალურმა მშობიარობამ შეიძლება შეასუსტოს შარდის ბუშტის კონტროლისთვის საჭირო კუნთები, შესაძლოა დაზიანდეს მენჯის დიაფრაგმის მდგრადობისთვის აუცილებელი ნერვი და ქსოვილებიც. ამის შედეგად მენჯის დიაფრაგმა და ორგანოები (შარდის ბუშტი, საშვილოსნო, სწორი ნაწლავი) დაბლა იწევს.  შედეგად ეს იწვევს მათი ფუნქციის მოშლას.

მენოპაუზა – ამ დროს ესტროგენები, რომლებიც საჭიროა შარდის ბუშტისა და შარდსადენის ამომფენი შრეების შესანარჩუნებლად, ნაკლებად გამომუშავდება ორგანიზმში, ანუ ნაკლებია ესტროგენების რაოდენობა.

  • როდის მივმართოთ უროლოგს?

თუ ღამით ადამიანს 3-4-ჯერ უწევს მოშარდვა, ეს აუცილებლად საყურადღებოა;  ასევე, თუ დღის განმავლობაში 6-8-ზე მეტჯერ შარდავს.

უნებლიე შარდვა თავისთავად ისეთი მდგომარეობაა, უყურადღებოდ ვერ დარჩება – თუ შარდის შეუკავებლობა გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ნუ დააყოვნებთ ექიმთან მისვლას; უროლოგს უნდა მივმართოთ როგორც გახშირებული შარდვის შემთხვევაში, ისე ტკივილის თანხლების ან რაიმე დისკომფორტის შემთხვევაში. 

  •  როგორია მკურნალობა?

პირველ ეტაპზე  პაციენტს ვთავაზობთ არაინვაზიურ ჩარევას, ანუ მედიკამენტურ მკურნალობას ან სპეციალურ ვარჯიშებს. თუ ეს ყველაფერი არაეფექტურია, ამის შემდეგ იწყება ინვაზიური ჩარევა.

მაგალითად, ვარჯიშები ინიშნება მშობიარობის შემდეგ გამოწვეული მცირე მენჯის კუნთების მოდუნების, დიაფრაგმის დაბლა დგომის დროს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც, შესაძლოა მშობიარობიდან 2-3 თვეში თავისით დალაგდეს.

თუ ასაკობრივი პრობლემაა, ჯერ მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება. თუ ეფექტი არ დადგა, შემდეგ შეიძლება ოპერაციული ჩარევა, ეს არის პლასტიკური ოპერაცია, რა დროსაც, მაგალითად, შარდსავალი მილი მაღლა იწევა. 20-30-წუთიანი პროცედურაა, მაგრამ ოპერაციაა მაინც.

ჭარბი წონა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პრობლემა – ასეთ პაციენტებში დიდი რისკია, რომ ოპერაციული ჩარევითაც ვერ მივიღოთ დიდი ეფექტი. თუმცა ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.

არსებობს ასევე ელექტროსტიმულაციის მეთოდი, როცა ელექტროდები დროებით შეჰყავთ სწორ ნაწლავში ან საშოში მენჯის იატაკის კუნთების სტიმულირებისა და გაძლიერებისთვის.

Mayoclinic: ნაზი ელექტრული სტიმულაცია შეიძლება ეფექტური იყოს სტრესული შეუკავებლობისა და გადაუდებელი შეუკავებლობისთვის, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ მრავალჯერადი მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში.

MayoClinic-ი პრევენციისთვის წერს რამდენიმე ტექნიკას, რომელიც შეიძლება ექიმმა გირჩიოთ:

  • შარდის ბუშტის ტრენირება. მოშარდვის გადადება სურვილის გაჩენის შემდეგ. თავიდან შეიძლება დაიწყოთ ტრენირება 10-წუთიანი შეკავებით. ამის მიზანია ტუალეტში გასვლებს შორის დროის გახანგრძლივება, სანამ ეს ინტერვალი არ იქნება 2,5-დან 3,5 საათი;
  • ორმაგი დაცლა, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ შარდის ბუშტის უფრო სრულად დაცლა. ორმაგი დაცლა გულისხმობს შარდვის შემდეგ რამდენიმე წუთით დაყოვნებას და მოშარდვის ხელახლა მცდელობას;
  • გრაფიკით შესვლა ტუალეტში, გულისხმობს შარდვას ყოველ ორ-ოთხ საათში, ვიდრე დაელოდოთ საჭიროებას.
  • სითხისა და დიეტის მართვა შარდის ბუშტზე კონტროლის აღსადგენად. შეიძლება დაგჭირდეთ ალკოჰოლის, კოფეინის ან მჟავე საკვების შემცირება ან გამორიცხვა რაციონიდან. სითხის მოხმარების შემცირებამ, წონის დაკლებამ ან ფიზიკური აქტივობის გაზრდამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: