მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ქარით დაზიანებულ 16 სახურავს აღადგენენ – დაიხარჯება 562 ათასი ლარი

26.04.2023
ბათუმში ქარით დაზიანებულ 16 სახურავს აღადგენენ – დაიხარჯება 562 ათასი ლარი

ბათუმში 28 მარტს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სახურავებს 16 მისამართზე აღადგენენ, რაშიც ბიუჯეტიდან 562 ათას 84 ლარი დაიხარჯება.

ძლიერმა ქარმა ქალაქში, ჯამში, 221 მრავალბინიანი და კერძო სახლის სახურავი დააზიანა.

დოკუმენტების მიხედვით, სხვა მისამართებზე დაწყებულია მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულები, არსებული წესის შესაბამისად, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.

აღნიშნულ 16 მისამართზე სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერის გარეშე შეისყიდის. სამმართველომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად, განაცხადით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ამ განაცხადის მიხედვით, სახლის სახურავების აღდგენითი სამუშაოები 2023 წლის 1-ელი მაისიდან 9 მაისამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.

სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის ავარიული სახლებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს დავალებით, მათ „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებზე, რომელთა დაზიანების ფართობი აღემატება 40 კვ.მ-ს, მოამზადეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, 16 მისამართისთვის“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა იგეგმება თუ არა სახურავების გადახურვა სხვა მისამართებზეც.

„მოგვმართეთ წერილობით სახურავების საკითხზე და შესაბამისი სამსახური მოგიმზადებთ პასუხს“, – მოგვწერეს კეთილმოწყობის სამმართველოდან.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა ასევე, თუ რას ითვალისწინებს „ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ და დაწყებულია თუ არ მისი გაცემა. ამ კითხვებზე პასუხი ქალაქის მერიისდან ვერ მივიღეთ. „წერილობით მოგვმართეთ“, – შეგვატყობინეს მერიიდან.

16 მისამართი და თანხა, რაც სახურავის აღდგენაში უნდა დაიხარჯოს:

ბათუმის მერიის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს 5 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, სულ 221 განცხადება იქნა შესწავლილი.

„მოხსენებითი ბარათების საფუძველზე დგინდება, რომ სტიქიის [ძლიერი ქარი] შედეგად ზიანი ძირითადად მიადგა როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებს, მთლიანობაში დაზიანდა 65 მრავალბინიანი ბინათმესაკუთრეობის, რომელთაგან დავალებები სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე [არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, რიგი მიზეზების გამო] შეიძლება გაიცეს მხოლოდ 58 შემთხვევაზე და 156 კერძო სახლები“, – აღნიშნულია ოქმში.

საბჭოს სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ „გამოიკვეთა სახურავების, როგორც მასშტაბური [40 კვ.მ და ზემოთ], ასევე საშუალო [არ აღემატება 40 კვ.მ-ს] და მცირე დაზიანებები.“

„არსებული ვითარების მასშტაბურობიდან გამომდინარე საბჭომ დაისახა რიგი ღონისძიებების განხორციელება… მსჯელობის შედეგად გამოითქვა აზრი, რომ მრავალბინიანი სახლების სახურავებზე განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს სახურავების აღდგენა-განახლებას, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – მიყენებული ზარალის დადგენის შემდგომ, დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადად, მატერიალური დახმარების გაწევას, საბჭოს საქმიანობის წესის შესაბამისად.“ – ვკითხულობთ საბჭოს ოქმში.

 

ამავე თემაზე:

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

მთავარი ფოტო: ქარის შედეგად დაზიანებული სახურავები ბათუმში / ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: