მთავარი,სიახლეები

სასამართლოს თქმით, აჭარა TV-მ უკანონოდ დაითხოვა ჟურნალისტი, თუმცა ის სამსახურში არ აღადგინეს

27.04.2023
სასამართლოს თქმით, აჭარა TV-მ უკანონოდ დაითხოვა ჟურნალისტი, თუმცა ის სამსახურში არ აღადგინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო სასამართლო დავა – მალხაზ რეხვიაშვილის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 აპრილს, უკანონო გათავისუფლება დაადგინა.

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის შორენა ღლონტის საქმეზეც სასამართლომ უკანონო გათავისუფლება დაადგინა. რამდენიმე ჟურნალისტის სარჩელი კი, სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან 2020 წელს გაუშვეს  ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რითაც მან ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მალხაზ რეხვიაშვილის შემთხვევაში ბათილად მიიჩნია ის ბრძანება, რომლითაც მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაუშვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მალხაზ რეხვიაშვილს აჭარის ტელევიზიამ კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს 5 ათასი ლარი. რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

„მოსამართლემ განმარტა, რომ ის პოზიცია აღარ არსებობს, რაზეც ვმუშაობდი, ვმუშაობდი გადაცემა „ჰეშთეგში“ წამყვან-რეპორტიორის პოზიციაზე,“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაადასტურა უკანონო გათავისუფლება… სასამართლოს უნდა ემსჯელა ტოლფასი თანამდებობის საკითხზე. გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობის შემდეგ გვექნება პოზიცია ამ საკითხზე,“ – ამბობს თათია კაჭარავა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.

——————

აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, როცა ტელევიზიის დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტით გაუშვეს. სარჩელების დიდი ნაწილი 2020 წლიდან ამ დრომდე განხილული არ არის. ნათია კაპანაძის სარჩელი 2022 წელს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა. კაპანაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: