მთავარი,სიახლეები

მხოლოდ ჰონორარებზე 209 392 ლარი დაიხარჯება – ბათუმობა 2023

25.04.2023 •
მხოლოდ ჰონორარებზე 209 392 ლარი დაიხარჯება – ბათუმობა 2023

„ბათუმობის“ ჰონორარებში წელს 209 392 ლარი დაიხარჯება. „ბათუმობა“ 29 აპრილს გაიმართება. ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი.

ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით მომსახურება „ბათუმობის“ კონცერტის 32 სოლომონაწილესთან გააფორმა. მაგალითად, წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარია, თიკა ფაცაცია 6 377 ლარს მიიღებს; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარს, სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულის ანაზღაურება 4 209 ლარია; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52 500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს.

„ბათუმობის“ ერთ-ერთი გამარტივებული შესყიდვით გათვალისწინებული ჰონორარები

„ბათუმობის“ ერთ-ერთი გამარტივებული შესყიდვით გათვალისწინებული ჰონორარები

„ბათუმობაზე“ იქნება მიუზიკლიც „და აი, ჩვენ აქ ვართ“, რისთვისაც კულტურის ცენტრმა ცალკე გააფორმა ხელშეკრულება ზაალ ჩიქობავასთან – 70 918 ლარზე.

„…ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, სახალხო დღესასწაულის ,,ბათუმობა” ფარგლებში, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეირჩა ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი შემსრულებლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს ქალაქში. ექსკლუზიურობა დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე,“ – აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის შესყიდვის დოკუმენტაციაში.

„ბათუმობის“ ორგანიზებისთვის კი, ბათუმის კულტურის ცენტრმა ხელშეკრულება „ბეტა პრინტთან“ გააფორმა – 147 920 ლარზე. ამ კომპანიამ უნდა მოაწყოს ბათუმის ბულვარში საგამოფენო კუთხე, ჯიხურები, ფოტოსტენდი, დეკორაციები…

მაგალითად, ტერიტორიის ალმებით გაფორმებისთვის 4 ათასი ლარია გათვალისწინებული, ფეიერვერკისთვის კი, რასაც „ბათუმობაზე“ გაუშვებენ, 8 ათასი ლარი დაიხარჯება.

ცალკეა „ფეიერვერკი შადრევნები“. ასეთი 40 ცალი ფეიერვერკი შეუკვეთია მერიას, თითოეულის ფასი კი, 30 ლარია.

„ბათუმობისთვის“ ფულს დახარჯავს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროც. გალა კონცერტის მონაწილეების თბილისიდან ბათუმამდე ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსებისთვის 18 499 ლარი დაიხარჯება. ეს მომსახურება სულ 76 პირზეა გათვლილი.

შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით,  „ბათუმობისთვის“, ბათუმის ბიუჯეტიდან, სულ 375 811 ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: