დღეს, 27 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსულ საკრუიზო გემთან.
აქციის მიმდინარეობისას, დაახლოებით 21 საათზე, გემი გავიდა ბათუმის ნავსადგურიდან.
ბათუმში დღეს აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომელშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
აქცია ბათუმში დღეს დაანონსდა და საღამოს 20 საათზე ნავმისადგომთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.
„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.
აქციის მიმდინარეობისას გემის ერთ-ერთი კაიუტიდან რუსეთის დროშა გამოფინეს, თუმცა მალევე ჩახსნეს.
აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ-ს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.
სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა. მას სტკიოდა კბილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.
მიუხედავად ამ გარემოებისა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტს უარი უთხრა განმეორებით გამოცდაზე, რის საფუძვლადაც დაეყრდნო კანონს, სადაც საპატიო მიზეზებში გათვალისწინებული სტაციონარში ყოფნა და ოჯახის წევრის გარდაცვალება.
აბიტურიენტის უფლებებს სასამართლოში PHR-ის იურისტები: ანა არგანაშვილი, სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ კაპანაძე და თამარ გაბოძე იცავდნენ.
PHR-ის ცნობით, მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო.
„რომ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, აბიტურიენტი დაკარგავდა ერთ სასწავლო წელს. აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით“ – წერს PHR.
არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ მოუწოდებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.
ორგანიზაციები ამ მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ.
„ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.
დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ჰყავს არცერთი გინეკოლოგი. ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აქვე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა. სამშობიარო განყოფილების არ არსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.
2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა. სამწუხაროდ, ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446, 456, 470, 477, 429, 294, 322, 311, 285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით „ევექსის კლინიკამ“ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება.
წერილში ერთი მხრივ აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში პერინატალური სერვისის არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ასევე საუბარია კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმების პროცესზე სერვისების განსაზღვრის თაობაზე, რაც გაურკვევლად/ბუნდოვნად ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად რა ვადებში გადაწყდება აღნიშნული საკითხი.
ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის პრივატიზებისა და სუსტი რეგულირების მძიმე ადამიანურ და სოციალურ შედეგებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საბაზისო საჭიროებებს, ინტერესებსა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით და მნიშვნელოვანია, სისტემამ არ დაუშვას გენდერული დისკრიმინაცია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას.
„შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ხულოს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალმთიანი რეგიონის სპეციალური საჭიროებები და აქ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.
ამის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტში სამშობიარო განყოფილების ამუშავება და ამისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური და სამედიცინო საშუალებების მობილიზება და ამის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება“, – წერია განცხადებაში.
25 ივლისს, ხულოში 20 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა კატასტროფის მანქანაში. დედა და ახალშობილი მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „მედინაში“ შეიყვანეს.
ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგის თქმით, მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ხშირად შეჰყავთ მათ კლინიკაში მშობიარე და ორსული ქალები გართულებული მდგომარეობით, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
„ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა.
მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია.
„ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს.
რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო ბათუმში, რადგან რუსეთთან ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი მეგობრული ურთიერთობა მისი ბუნებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ამ გემის შემოსვლის მიზანი არის ჩვენი ევროკავშირისა და ნატოსგან დაშორება.
ის, რაც ამ პროცესებს შეაჩერებს, არის ამ ხელისუფლების ცვლილება“, – ამბობს თაზო მახარაძე.
აქციის კიდევ ერთი ინიციატორი, ცოტნე მირცხულავა მიიჩნევს, რომ საკრუიზო გემზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების კომენტარები აჩვენებს, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენი პროტესტი გამოიწვია ამ გემზე მყოფი ხალხის განცხადებებმა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ვართ საბჭოთა კავშირის რეჟიმის დაქვემდებარებაში. ჩვენ არ გვაქვს თურმე უფლებები და ჩვენ ვართ რუსეთის ნაწილი.
ჩვენ, ჩვენი თაობა არ ვაპირებთ ეს ქვეყანა, ეს ქალაქი და ჩვენი სამომავლო გეგმები დავუკავშიროთ რუსეთსა და იმ ბოროტების იმპერიას, რომელსაც არათუ სხვა ქვეყნისთვის, რუსეთისთვისაც კი არ მოუტანია სიკეთე“, – ამბობს ცოტნე.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს, მას პასუხს გასცემენ.
„ყველას კარგად გვახსოვს მარტის აქციები, თუ რამდენად ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას ქართველ ხალხთან თამაში და ჩვენი ინტერესების არ გათვალისწინება და ხელის შეშლა.
როგორც გაიწვიეს რუსული კანონი და როგორც მოუწიათ საზოგადოების დიდ ნაწილთან უკან დახევა, ვფიქრობ, ისევ მოუწევთ უკან დახევა ამ საკითხზეც, რადგან არავინ აპირებს რუსეთში ცხოვრებას, რუსეთიზაციას არავინ შეეგუება და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც შეეწირება იმას, რომ ეს ქვეყანა იყოს პროდასავლური და იდგეს დასავლურ რელსებზე“, – ამბობს ცოტნე მირცხულავა.
რუსეთიდან, კერძოდ სოჭიდან, საკრუიზო გემი დღეს, 27 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა ბათუმში.
„მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა საქართველოში საზღვარზე შემოსვლა მაინც უპრობლემოდ მოახერხა.
პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 27 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ საკრუიზო გემთან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შეუერთდნენ აქციას „რუსული ოცნების თავგასულობის“ წინააღმდეგ.
„ბათუმელებო! დღეს, 20:00 საათზე, გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა!
შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 საათზე ბათუმში შემოსული საკრუიზო გემ ” Astoria Grande“-ს მგზავრების უმრავლესობას აქვს დარღვეული.
ამ საკითხს არ სჭირდება გამოძიება, უბრალოდ თვალი გადაავლეთ ტელევიზიებით გავრცელებულ კომენტარებს და მიხვდებით, რომ ისინი არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რამდენიმე მათგანი იმყოფებოდა თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რითაც დაირღვა საოკუპაციო კანონი, ეს უკანასკნელი კი დაუყოვნებლივ დეპორტაციას და გაძევებას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნიდან.
ასე ნელ-ნელა ხდება ჰიბრიდული ომის წაგება რუსეთთან.
ვისაც გაქვთ სურვილი, რეალურად დაიცვას ამ ქვეყნის ღირსება და ავტორიტეტი, გელოდებით ყველას,“ – წერს გენო თებიძე ფეისბუქზე.
დღეს, 27 ივლისს, ბათუმის პორტში შემოვიდა საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელიც რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოვიდა და მასზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში საკრუიზო გემის მგზავრებმა თქვეს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ხოლო ერთმა მგზავრმა აღნიშნა, რომ იგი აფხაზეთშიც არის ნამყოფი, რაც ნიშნავს, რომ მას დარღვეული აქვს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ შემოვიდა, რომლის ბორტზე მყოფი რუსი ტურისტები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან „გაათავისუფლა“.
„მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ მას დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა საქართველოში საზღვარზე შემოსვლა მაინც უპრობლემოდ მოახერხა.
რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლაზე განცხადება გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა.
„რამდენიმე წლის წინ ჩვენ სწორედ ამ რუსებისგან ნასროლი ტყვიის გამო მივიღეთ დევნილები აფხაზეთიდან. გამოყრილი, გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეები და საინტერესოა, რას ეუბნება ხელისუფლება დევნილებად ქცეულ ადამიანებს დღეს? როცა რეალურად არა ტურისტები, არამედ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი აგენტები მიიღეს ბათუმში.
თავს იმართლებენ, რომ თურმე ეკონომიკური დატვირთვა აქვს ამას და ეკონომიკური მიზნებით მიღებული რუსი ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ პოლიტიკურად უფრო მეტად ვზიანდებით.
მართლა ეკონომიკური მიზნები რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, იცით ალბათ, რომ ბათუმში იგეგმებოდა საკრუიზო გემების კომპანია „Royal Caribbean“-ის შემოსვლა და ნავმისადგომიც უნდა გაკეთებულიყო. მაშინ მართლა მივიღებდით ტურისტებს და არა ასეთ ე.წ. ტურისტებს, რომლებიც ტყვიას გვესვრიან და მიწას გვართმევენ“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
მისი აზრით, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ნელ-ნელა დააშორონ დასავლეთს და წლის ბოლოს საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ქვეყანაში ტურისტის შემოსვლა კი არ არის პრობლემა, არამედ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც პატივს არ სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტს და დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონიც.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და ამაზე სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონდეს წესით ხელისუფლებას, მაგრამ სანაცვლოდ ასეთ პასუხს ვიღებთ, რომ ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე თურმე უნდა მივიღოთ ეს ხალხი.
ხელისუფლების მიზანია ასიამოვნონ პუტინს. შემოვიდნენ საქართველოში, ათასობით კომპანია დააფუძნეს, მოგებას ნახულობენ და შემდეგ ამ ფულით ყიდულობენ იმ ბომბებს და ტყვიებს, რომლებსაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ისროდნენ და ახლა უკრაინაში ისვრიან“, – ამბობს ბაგრატიონი.
„ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი არის დასავლეთთან და ეს მოღალატე რუსული ხელისუფლება, სწორედ ამ რუსული თვითმფრინავებით და გემებით გავამგზავროთ რუსეთში, საიდანაც იღებენ მითითებებსა და დავალებებს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში „ლელოს“ წარმომადგენლებმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიარო განყოფილებების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ექიმი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიაროების დახურვა კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც შემცირებულ შობადობას და გაზრდის მიგრაციას სოფლებიდან.
„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე, დედისა და ბავშვის სიცოცხლეზე. ჩემზე უკეთ იცნობთ მაღალმთიან აჭარას და იცით, თუ როგორი რთულია მაღალმთიანი სოფლებიდან ბათუმში ჩამოსვლა. ზოგჯერ სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრში მისვლაც კი პრობლემას წარმოადგენს.
ზამთარში გზებიც იკეტება და რა უნდა ქნას მშობიარე ქალმა? ბათუმში უნდა ჩამოვიდეს ერთი თვით ადრე? იქირაოს ბინა, ჩამოიყვანოს ნათესავები, პატარა შვილები თუ ჰყავს, ისინიც…
ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყოს? მაშინ რა უნდა ქნას. ამიტომ, ერთი მშობიარობაც რომ იყოს თვეში, ხულოში, შუახევსა და სხვა ასეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სამშობიაროს სრულიად გაუქმება არ შეიძლება“ – ამბობს ვატო სურგულაძე.
მისი თქმით, თუ კომპანიას კომერციული თვალსაზრისით არ აწყობს სამშობიაროს გახსნა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
„გასაგებია, რომ ის არის კომერციული ორგანიზაცია და შესაძლოა მისთვის მომგებიანი არ არის სამშიაბიარო, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და ერთად გადაწყვიტონ ეს პრობლემა, რომ ქალებმა ადგილზე მიიღონ სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება.
ამ ყველაფერს რეალურად პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კიდევ ვამბობ, რომ მთა ისედაც იცლება და პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. ერთადერთი, აჭარა და თბილისია, სადაც ჯერჯერობით შობადობის დადებითი სალდო გვაქვს. გასულ წელს საქართველოში 6 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და ასეთი პოლიტიკით, ამასაც გავაფუჭებთ.
მერე, როცა იქნება ტრაგიკული შემთხვევა, ატყდება ვაი უშველებელი, ეს როგორ მოგვივიდაო.
ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი დედამიწაზე არაფერია, ამიტომ ასეთი კომერციული მიდგომა – არ გვაწყობს და რა ვქნათ, მიუღებელია.“ – ამბობს ვატო სურგულაძე „ბათუმელებთან“.
ის რამდენიმე წლის წინ კურორტ გოდერძიზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც იხსენებს.
„გახსოვთ ალბათ, მინისტრის მოადგილე რომ დაშავდა თხილამურებზე და იმის გამო, რომ რეანიმაცია არ არსებობს მაღალმთიანეთში, 6-7 საათი გავიდა, სანამ ადამიანი ბათუმამდე ჩამოიყვანეს და სამწუხაროდ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა.
ზუსტად იმავეს მივიღებთ ასეთ შემთხვევებშიც.
აქ მარტო „ევექსმა“ კი არ უნდა გადაწყვიტოს, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შეიძლება გამოვიყენოთ როტაციის მეთოდი და ერთი თვე ერთი ექიმი ავა და იმუშავებს, მეორე თვეში სხვა და ასე შემდეგ.
დიახ, ამას დასჭირდება თანხები, მაგრამ მეორე მხარეს დგას დედისა და ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქ არის საჭირო სახელმწიფო ორგანოების სერიოზული ჩარევა.
ახალგაზრდობა ისედაც მოდის მთიდან და სახელმწიფო არანაირ მოტივაციას არ ქმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდას მთაში ცხოვრება მოუნდეს.
იგივე ეხება რაჭას, სვანეთს, ყაზბეგსა და თიანეთს, მაგრამ ამ რეგიონებში სამედიცინო ცენტრები სახელმწიფომ დაიბრუნა და ასე თუ ისე აფინანსებს“- ამბობს ვატო სურგილაძე.
მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ბევრს ლაპარაკობს დემოგრაფიის ხელშეწყობაზე, თუმცა ამის საპირისპიროდ იქცევა.
„არანაირი დემოგრაფიული პოლიტიკა ამ მთავრობას არ გააჩნია. 43 ათასი ბავშვი გაჩნდა შარშან და 49 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და ეს ციფრი მოიმატებს, რადგან ფერტილური ასაკის ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში და რა დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრაზე ვსაუბრობთ საერთოდ.
გადაწყვეტადია ეს პრობლემა, თუ ხელისუფლების ნება იქნება. სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულება მთიან მუნიციპალიტეტებში არ უნდა დაიხუროს“- მიაჩნია ვატო სურგულაძეს.
გუშინ ხულოში 20 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა კატასტროფის მანქანაში. დედა და ახალშობილი მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „მედინაში“ შეიყვანეს.
ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგის თქმით, მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ხშირად შეჰყავთ მათ კლინიკაში მშობიარე და ორსული ქალები გართულებული მდგომარეობით, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
30, 31 ივლისსა და პირველ აგვისტოს ბათუმში წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი – PSP Beauty Fair გაიმართება.
ფესტივალის განმავლობაში PSP სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებების გარდა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს, დაესწრებიან მასტერკლასებს და ჩაიტარებენ თავის მოვლის პროცედურებს.
სილამაზის ფესტივალზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები.
PSP-ეს მარკეტინგის მენეჯერი სალომე პატარაია „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ფესტივალი თბილისში გაიმართა, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო მისი ქუთაისსა და ბათუმში ჩატარებაც გადაწყდა.
„ბათუმში სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერმატოლოგიურ და თმის მოვლის სივრცეებში, დაესწრებიან მასტერკლასებს, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისიდან ჩამოსულ პროფესიონალებთან, მათ შორის ვიზაჟის სივრცეში, ჩაიტარებენ თავის მოვლის და ესთეტიკურ პროცედურებს,” – ამბობს სალომე პატარაია.
მისივე თქმით, ბათუმის ფესტივალი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ადგილზე სრულიად ახალი ბრენდების პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართება.
„რამდენიმე ისეთი ბრენდია, რომელიც აფთიაქებში ჯერ არ არის და პირველად ნახავენ ბათუმის ფესტივალის სტუმრები“, – ამბობს სალომე პატარაია.
50-ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს თითოეულ სივრცეში სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სამგზავრო ზომის პროდუქტებით.
ფესტივალზე არც ბავშვები მოიწყენენ. მათ საბავშვო სივრცეში სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელოდებათ.
We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად PSP-მ გამართა. ფესტივალი მასშტაბით იმეორებს და რიგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც უცხოურ ანალოგებს, რაც საქართველოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აქცევს.
PSP-ს მეშვეობით, თითქმის 30 წელია მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ჩვენი წარმომადგენლები უცხო ქვეყნებში ხშირად ესწრებიან მსგავს ფესტივალებს და დიდი ხანია გვინდა, მსგავსი გამოცდილების მიღება საქართველოშიც შესაძლებელი ყოფილიყო.
გვინდოდა ქართველ მომხმარებელს უფრო ახლოს გაეცნო ჩვენი ბრენდი და უფრო ფართოდ გვეჩვენებინა, რომ არა მხოლოდ მედიკამენტებსა და ბავშვის მოვლის საშუალებებს ვთავაზობთ მათ, არამედ უკვე დიდი ხანია გვაქვს თავის მოვლის პრემიუმ ხარისხის პროდუქტები“, – ამბობს სალომე პატარაია და აღნიშნავს, რომ ბათუმის ფესტივალის ჩატარების შემდეგ გაანალიზებენ PSP Beauty Fai-ის შედეგებს, რის საფუძველზეც მომდევნო წლის აქტივობები დაიგეგმება.
ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტესად – უნალექოდ, დღისით – წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 4-5 ბალი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან, 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში – ძლიერი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 ივლისს ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, 30-31 ივლისს კი – ძირითადად უნალექო ამინდი.
ISW-ის მიერ მომზადებულ, რუსეთ-უკრაინის ომზე 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპორიჟიეს ოლქის დასავლეთით და, როგორც ჩანს, გაარღვიეს რამდენიმე წინასწარ მოწყობილი რუსული თავდაცვითი პოზიციები ორეხოვოს სამხრეთით.
ანალიტიკოსები წერენ, რომ სავარაუდოდ, უკრაინელებმა ახალი ძალები შეიყვანეს რობოტინოს რაიონში, სადაც რუსული ჯარები რჩებიან როტაციის, დახმარებისა და მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე, რამაც, შესაძლოა, უკრაინას წარმატებული წინსვლის შესაძლებლობა მისცეს ორეხოვოს სამხრეთით.
დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შეტევები რობოტინოს მიმართულებით არის გარდამტეხი წერტილი უკრაინის კონტრშეტევაში – წერს ISW-ი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს შავი ზღვის ბლოკადა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.
ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აძლიერებს სამხედრო მზადყოფნას შავ ზღვაში, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ შექმნას პირობები სამოქალაქო გემების იძულებითი გაჩერებისა და ჩხრეკისთვის და გაზარდოს კონტროლი რეგიონში.
ამავე დროს, ISW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზრდილი სამხედრო მზაობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეძლოს უკრაინის სრული ბლოკადა.
რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს შეეძლებათ ცეცხლი გაუხსნან ყველა გემს, რომლებიც ცდილობენ უკრაინამდე მისვლას.
ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეეცდება ასეთი სრული ბლოკადის დაწესებას, რადგან არ გამოიწვიოს კონფლიქტი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებთან, მათ შორის ნატოს წევრ რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან, რის თავიდან ასაცილებლად კრემლი აქამდე ბევრს მუშაობდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოზიცია შავ ზღვაში, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ქმნის პირობებს სამოქალაქო და კომერციული გემების ჩხრეკისთვის, ხოლო ბლოკადას პოზიციონირებს, როგორც დამატებითი ბერკეტების მოპოვების საშუალებას.
500-ზე მეტი დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 500 დღეზე მეტია ბათუმში, ევროპის მოედანზე, იკრიბებიან უკრაინელები და აპროტესტებენ რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში და სრულმასშტაბიან ომს.
პირველი აქცია ბათუმში 2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა. იმ დღეს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. აქციაზე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელორუსები.
500 დღეზე მეტია უკრაინელებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ. ნებისმიერ ამინდში, წვიმასა თუ ქარში, საღამოს 7 საათზე ევროპის მოედანზე იკრიბებიან.
ბათუმში მცხოვრებმა ბევრმა უკრაინელმა ერთმანეთი სწორედ ამ აქციებზე გაიცნო. მოგვიანებით, ორგანიზაცია დაარსეს და Майдан Батумі დაარქვეს.
ორგანიზაცია ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ მთავარი, რასაც ისინი აკეთებენ, არის უწყვეტი პროტესტი ქალაქის მთავარ მოედანზე, რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ.
„500 დღეზე მეტია უკვე, რაც უკრაინაში ომია და ყოველ დღე ჩვენ ვიკრიბებით ბათუმში, ერას მოედანზე, ნებისმიერ ამინდში – ქარში, წვიმაში, თოვლში. ვიკრიბებით, რათა შევახსენოთ ტურისტებს, უკრაინელებსაც, ქართველებს, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ომი და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ეს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა, Майдан Батумі-ს თანაორგანიზატორი.
„ჩვენი პროტესტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ყველა იმ უკრაინელისთვის, რომლებიც ბათუმში ჩამოდიან.
ახლა ბათუმში ის ადამიანები ჩამოდიან უკრაინიდან, ვინც აქამდე ვერ შეძლეს ქვეყნიდან გამოსვლა. მნიშვნელოვანია, ისინი მიხვდნენ, რომ აქ არიან უკრაინელები, რომლებიც ომის წინააღმდეგნი არიან. შეუძლიათ უბრალოდ მოვიდნენ, ჩაგვეხუტონ, დაგველაპარაკონ და იგრძნონ, რომ ისინი აქ, მათთვის უცხო ქვეყანაში, მარტო არ არიან,“ – ამბობს ოლგა პალეტიჩი, ლტოლვილი ხერსონიდან.
Майдан Батумі ფულს აგროვებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მანქანებისა და დრონების საყიდლად. ამის გარდა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში მყოფი ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
„ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი „გადარჩენა ომის პირობებში“. ეს უფასო ტრენინგებია ყველა უკრაინელი ლტოლვილისთვის. მათ ასწავლიან, თუ როგორ გაუწიონ პირველადი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარება ადამიანებს.
ამ პროექტს – „გადარჩენა ომის პირობებში“ ფონდ „ქეა კავკასიასთან“ ერთად ვახორციელებდით. მათ მოგვაწოდეს ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობა. ეს იყო მანეკენი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, დიდი პრინტერი, ეკრანი და პროექტორი. „ქეასთან“ ერთად ეს პროექტი დავასრულეთ, მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ ვაგრძელებთ ტრენინგებს, რადგან შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა.
„ქეა კავკასიას“ უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის დირექტორის, სოფიო ქამუშაძის თქმით, მათმა ორგანიზაციამ საქართველოში ომის დაწყების შემდეგ 11 უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუწია დახმარება და სხვადასხვა პროექტი დაუფინანსა.
„დაფინანსებული პროექტები ეხებოდა სხვადასხვა ტიპის აქტივობას – მათ შორის ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოხუცების რეაბილიტაციას. თვითრეაბილიტაციას, ფსიქორეაბილიტაციურ დახმარებებს. იყო ქართული ენის სასწავლო კლასები.
ამან საშუალება მოგვცა, უკრაინელმა ლტოლვილებმა საქართველოში უფრო ადვილი რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ფონზე გაიარონ ეს მძიმე პერიოდი.
დღეს „ქეა კავკასია“ დაახლოებით 7 ათასამდე ლტოლვილს ფარავს საქართველოში სხვადასხვა პროგრამის სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერის ფორმით, ფინანსური მხარდაჭერით და სხვა აქტივობებით.
„ქეა კავკასია“ ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფოკუსირებულია ქალებისა და ბავშვების საჭიროებებზე. საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების 80% ქალები და ბავშვები არიან. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანის საჭიროება, განსაკუთრებული საჭიროებები და შესაძლებლობები იქნას ხაზგასმული და მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა, არამარტო დიდ ქალაქებში, სადაც ამჯერად უკრაინელები არიან განთავსებული, ასევე რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და დაბებში. „ქეა კავკასია“ ცდილობს, მიაწვდინოს ყველა ის სერვისი, რაც მათთვის დღეს არსებობს საქართველოში, “ – ამბობს სოფიო ქამუშაძე.
დამცავი ბადეს ქსოვა
ოლგა, ოქსანა და სხვა აქტივისტები ყოველ დღე ქსოვენ დამცავ ბადეებს და უკრაინაში, ომის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს უგზავნიან. Майдан Батумі-ს წევრებსა და მოხალისეებს უკვე 7 ათასი კვადრატული მეტრი სიგრძის ბადე აქვთ მოქსოვილი.
პარტია „ლელომ“ თავის ოფისში გამოგვიყო ფართობი და ჩვენ დავიწყეთ დამცავი ბადეების ქსოვა ჩვენი ქვეყნის დამცველებისთვის. ყოველდღე ვქსოვთ ბადეებს,“ – ამბობს ოქსანა ბელინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 244 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
ტანკი – 4 186 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 8 147 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 4 745ერთეული [+18]
MLRS – 698 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 457 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 996 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+40]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 229 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 708 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
457 თვითმფრინავი
244 ვერტმფრენი
5 291 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
10 966 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 636 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 920 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სამართალდამცავმა უწყებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს შემთხვევა ბათუმში, როცა პოლიციელებმა დააკავეს კაცი, ვისი ვინაობაც არ იცოდნენ.
ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 18 ივნისს მოხდა – ბათუმში, ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. გაირკვა, რომ პოლიციელებს სხვა პირი უნდა დაეკავებინათ. დაკავება ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუწყიათ, პროკურატურაში კი, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. დაიწყო თუ არა მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ იმისთვის, რომ სამართალდამცველი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს? – ეს შეკითხვა შსს-ს პრესცენტრში უპასუხოდ დატოვოს.
„მოკვლევაც არ დაუწყიათ. მოკვლევა რომ დაეწყოთ, მე დამიკავშირდებოდნენ და გამოითხოვდენ, პირველ რიგში, ვიდეოჩანაწერს, კანონით ასეა. ასევე, გამომკითხავდნენ მე და ადამიანს, რომელიც უკანონოდ დააკავეს… ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მხოლოდ ჟურნალისტებმა დამირეკეს და სახალხო დამცველმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თემურ ქავშბაია.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს პოლიციელების მხრიდან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაა და გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.
„პირველ რიგში, გენერალურ ინსპექციას უნდა დაეწყო მოკვლევა. თუ დაინახავდა ინსპექცია დანაშაულის ნიშნებს, უნდა გადაეცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის.
მე და თქვენ უკანონოდ, თუნდაც რამდენიმე წუთით რომ შევუზღუდოთ ვინმეს გადადგილება, ან თავისუფლება, სასამართლოს შეუძლია მოგვისაჯოს 7 წელი. თანაც, მნიშვნელოვანია და ეს ვიდეოდა ჩანს, რომ პოლიციელებს ჰქონდა მოსამართლის განჩინება, მაგრამ არ დაუდგენიათ, ვის აკავებდნენ. ადამიანი დააკავო და შემდეგ არკვიო, ვინ არის, რა თქმა უნდა, უკანონო დაკავებაა.
სასჯელაღსრულების სამსახური ვერ აჩერებს, მაგალითად, პატიმარს ციხეში დამატებით ერთი საათით და ღამის 2 საათზეც ათავისუფლებს, როცა ვადა იწურება. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ასეა – ვერ დატოვებ ადამიანს იზოლატორში საფუძვლის გარეშე. პირს დაკავების დროს უნდა უთხრა განჩინების ნომერი, ვინ გამოსცა ეს განჩინება, რა მუხლით აკავებ.
ფაქტია, რომ ეს სახელმწიფო პოლიციურ სისტემად იქცა,“ – ამბობს თემურ ქავშბაია და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, ამ შემთხვევაში მოსამართლის განჩინება პირის დაკავებაზე კონკრეტული, ძებნილი პირის მიმართ იყო გამოცემული, რომელიც ასევე ადვოკატ თემურ ქავშბაიასთან უნდა მისულიყო საადვოკატო ბიუროში.
„ეს აჩვენებს იმასაც, რომ უსმენენ ადვოკატსაც და პირის კონსულტაცია ადვოკატთან არ არის დაცული. ადვოკატთან კომუნიკაცია უნდა იყოს დაცული,“ – დასძინა ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ.
საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, იურისტი თამარ წულუკიძეც მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა დაეწყო.
„ეს შემთხვევა შეიცავს დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს, მაგალითად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. გვაქვს უწყებები, რომლებსაც კანონი ავალებს ადეკვატურად რეაგირებას.
გენერალურმა ინსპექციამაც უნდა შეისწავლოს ეს შემთხვევა: რამდენად სწორად ახორციელებს ამა თუ იმ ქმედებას სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
———————————-
ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ 2023 წლის 18 ივნისს გაავრცელა, ჩანს, რომ ღამით, ქუჩაში პოლიციელები მოქალაქეს აკავებენ ხელბორკილის გარეშე, ადვოკატი პოლიციელებს ეცნობა, რომ ის ადვოკატია და ითხოვს კითხვაზე პასუხს: „აკავებთ თუ რას აკეთებთ? ვის აკავებთ?“ – ადვოკატს პოლიციელები ვერ პასუხობენ.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ მიშლი ხელს“, – ისმის ჩანაწერში პოლიციელის ხმა, იგი მოქალაქეს ხელკავს უკეთებს და მიმართავს: „მობრძანდით, დაჯექი მანქანაში.„ჩანაწერში ისმის ადვოკატის მოთხოვნაც: „დადგენილება მომეცი დაკავების შესახებ“, ერთ-ერთი პოლიციელი კი, მიმართავს პირს, ვისაც აკავებენ: „სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ხართ“.
„ვის აკავებთ განჩინების საფუძველზე?“ – კითხულობს ამჯერად ადვოკატი. პოლიციელებს განჩინება არ აქვთ. „თქვენ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ,“ – ამბობს პოლიციელი და ისევ არ ეუბნება ადვოკატს, ვის აკავებს.
„რა დავაშავე, მითხარით, აგერაა ადვოკატი,“ – ამბობს პირი, რომელსაც პოლიციელები აკავებენ.
„გამომძიებელი მოვა და განჩინებას გაგაცნობთ,“ – ვიდეოჩანაწერში ისმის პოლიციელის ეს ვერსიაც.
„თქვენ იმყოფებით ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ,“ – ადვოკატის თავიდან მოშორებას ამ გზითაც ცდილობს პოლიციელი.
„რა იცით, რომ ნასვამი ვარ?“ – კითხულობს ადვოკატი.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ გვიშლით ხელს“, – იმეორებს პოლიციელი. ადვოკატს პოლიციელები ასევე სთხოვენ, შეწყვიტოს ვიდეოს გადაღება.
„გამითიშე, რად გინდა ბიჯო ლაივი“, – ამბობს პოლიციელი, რომელიც მოგვიანებით უერთდება დიალოგს და დანარჩენ პოლიციელებს მიმართავს: „ეს არაა მაგი“. ადვოკატ თემურ ქავშბაიას თქმით, ეს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომიაა.
„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში.
რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“?
„ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ კურსს.
„ჩვენ ვართ ევროპა“ – საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე
ლიზა კახაბერიძე სტუდენტია. ამბობს, რომ მისთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული, როგორც ქართული, ეროვნული იდენტობა, ასევე მოქალაქეების თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი.
„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ევროპა ასოცირდება თავისუფლებასთან, სამართლიანობასთან, თანასწორობასთან, განსხვავებულის მიმღებლობასთან. ეს არის სივრცე, სადაც არ არის უცხო პატივისცემა, მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს თვისებები ასევე წარმოადგენს ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველსაც, მე ასე ვფიქრობ. ამიტომ არის ჩვენი ადგილი ევროკავშირში,“ – გვითხრა ლიზამ.
ის ამბობს, რომ მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„არ მინდა მეშინოდეს, რომ ვიღაც მოვა და ამის გამო ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს ან ემოციურ ზიანს მომიტანს.
ჩემთვის სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა და სადღეგრძელო სუფრაზე. ამით არ განვსაზღვრავ ჩემს იდენტობას. ქართველობა, პირველ რიგში, ნიშნავს თავისუფლებისკენ სწრაფვას და ჩვენ სუვერენიტეტს“ – ამბობს ლიზა.
ლიზა კახაბერიძე
ივერი შაინიძე ამჟამად გერმანიაში სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში და ბერლინის კოპერნიკის ასოციაციის სტიპენდიატია.
„ახლა გერმანიაში ვარ და როგორც ქართველი, ვერანაირ გაუცხოებას ვერ ვგრძნობ. პირიქით, ეს არის სახლი, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და სადაც აუცილებლად უნდა ვიყოთ.
ქუჩაშიც ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის კულტურული მრავალფეროვნება, ყველა ადამიანი საკუთარი იდენტობით არის წარმოდგენილი. რუსთაველს რატომ ვსწავლობთ, რომელიც ამბობს „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, ევროპა არის ამ მრავალფეროვანი კულტურების, განსხვავებული ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება და არც საქართველოსთვის არის ეს უცხო.
მე, პირადად, ვერც კი წარმომიდგენია ერთფეროვან გარემოში ცხოვრება, სადაც ყველას შეიძლება ერთნაირი აზრი ჰქონდეს, ერთნაირად ეცვას, ერთნაირად ფიქრობდეს“, – გვეუბნება ივერი.
მისი აზრით, მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა და მრავალწლიანი იძულებითი თანაცხოვრებისა, საქართველოს არ აქვს საერთო ღირებულებები რუსეთთან.
„ვერც ეს ყბადაღებული ერთმორწმუნეობა გამოდის, რადგან ეს „ერთმორწმუნე“ გიპყრობს, გკლავს. ანწუხელიძე აწამა, ოთხოზორია ჩვენსავე მიწაზე მოგვიკლა, ამიტომ ეს „ერთმორწმუნეობაც“ არაფერს ნიშნავს.
ჩვენი საერთო იდეა და ეროვნული იდენტობა არის ის, რომ თავისუფალ საქართველოში თანასწორად, კონფლიქტების გარეშე ვცხოვრობდეთ ქრისტიანებიც, მუსლიმებიც, ათეისტებიც და ყველა ადამიანი. ეს არის ევროპელობა და ვფიქრობ, ქართული იდენტობა“, – ამბობს ივერი.
ივერი შაინიძე
„ჩემთვის ევროპა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სივრცე შესაძლებლობებისთვის. მე, როგორც ახალგაზრდას, სტუდენტს, არც კი ვიცი, ოდესმე მომეცემოდა თუ არა იმის შანსი, რომ ბერლინის უნივერსიტეტში მესწავლა სრულიად უფასოდ.
ევროპამ იმდენი თანხა დახარჯა ჩემზე, ერთ სტუდენტზე, რომლის ნახევარიც კი არ დაუხარჯავს ჩემს სახელმწიფოს ჩემზე, მის მოქალაქეზე.
რომ არა ევროკავშირის გრანტები, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებები, ვერც წარმოვიდგენდი მიმეღო ხარისხიანი განათლება, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის მინდა გამოვიყენო.
არა მარტო სტუდენტები ვიღებთ ამ სარგებელს, გადავხედოთ, რამდენი სოფლის პროგრამა, რამდენი ბიზნესი დაგვიფინანსეს და ფეხზე დააყენეს ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს ივერი.
ნიკა თურმანიძე
ნიკა თურმანიძე ბათუმელი სტუდენტია. იგი მიიჩნევს, რომ ევროპულ ოჯახში საქართველო ბევრად უფრო დაცული იქნება, ვიდრე „იმ სახელმწიფოს გვერდით, რომელსაც მხოლოდ იმპერიალისტური აზრი ამოძრავებს“.
მისი თქმით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ევროპა არის შესაძლებლობა, ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ განათლება წამყვან უნივერსიტეტებში და ასევე, ქართულ უნივერსიტეტებშიც მოვიწვიოთ უცხოელი პროფესორები ცოდნის გაზიარების მიზნით.
„გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელისთვის, ამიტომ არ ემუქრება განსხვავებულ კულტურებს საფრთხე ევროპულ ოჯახში.
განათლებასთან ერთად მათგან ვსწავლობთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, მოქალაქე და ის პრინციპები, რაზეც შეთანხმდა ევროპელი ხალხი, იქნება ეს ინფორმაციის თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები თუ სხვა.
ევროპულ საზოგადოებას თავისთავში აქვს აღიარებული, რომ ხალხია სახელმწიფოში ყველაფრის წარმმართველი და მიხარია, რომ ახალ თაობაში ეს ღირებულებები ძლიერდება. ევროკავშირში მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი უფლებები და ასოცირების შეთანხმებაც სწორედ ამ პრინციპების დაცვას ითვალისწინებს.
12-პუნქტიანი გეგმაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რადგან, თუ სასამართლო არ გვექნება, არც ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და არც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. თუ ეს ყველაფერი არ გვექნება, დავკარგავთ რეალურ თავისუფლებას და თავისუფლებადაკარგულ ერს მომავალი არ აქვს“, – მიიჩნევს ნიკა.
მათე ცენტერაძეც ბათუმელი სტუდენტია. იგი სამართალს სწავლობს და მიიჩნევს, რომ ევროპელობა, პირველ რიგში, თავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვას ნიშნავს.
„ამას მოჰყვება ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.
ზოგადად, ქართველები თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ, ამიტომ შეუძლებელია, ჩვენი იდენტობა და ღირებულებები შორს იდგეს ამისგან.
მგონია, რომ რუსული ნარატივები, თითქოს ჩვენი ევროპელობა თავსმოხვეულია, ვერ იმუშავებს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და ყოველთვის დაუჭერენ მხარს სამართლიან და მრავალფეროვან გარემოს საქართველოში“, – ამბობს მათე.
ქეთი პაქსაძე
ქეთი პაქსაძეც მიიჩნევს, რომ განვითარებისა და ქვეყნის სწორი სვლისთვის აუცილებელია საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს.
„მე, პირადად, ვიდექი ბათუმში აქციებზე, სადაც გამოვხატავდით მოქალაქეები ჩვენს ევროპულ არჩევანს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც ახალგაზრდებს გვჭირდება, მოგვცემს ევროპა: ეს არის – ხარისხიანი განათლება, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.
სტუდენტი ვიქნები, საჯარო მოხელე თუ სხვა, მე არ უნდა მეშინოდეს ჩემი აზრის ღიად გამოხატვის და არ უნდა მდევნიდნენ ამის გამო. მინდა, მქონდეს თავისუფალი სასამართლო და მე, როგორც მოქალაქე, ვიყო დაცული“, – გვითხრა ქეთიმ.
მისი აზრით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას გაცილებით მეტი საერთო აქვს ევროპასთან, ვიდრე რუსეთთან. „აგვისტოს ომიც საკმარისია იმის დასტურად, რომ რუსეთი არის იმპერიალისტი და ჩვენ მის გვერდით, როგორც სახელმწიფო, ვერ ვიარსებებთ“ – გვითხრა ქეთიმ.
პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ხშირად კითხვას – რატომ არის საქართველო ევროპა, არასწორად პასუხობენ, რადგან უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ ქართული კულტურის სიძველეზე, დღევანდელი ევროპა კი არის კონკრეტული ფასეულობების სისტემა, მათ შორის, პოლიტიკური ფასეულობების, სადაც პირველ ადგილზე დგას დემოკრატია და ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა.
პუბლიცისტის თქმით, თუ ჩვენ გვინდა საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ყველა მოქალაქე იყოს თანასწორი კანონის წინაშე, ერთნაირად ჰქონდეთ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობები და ვცხოვრობდეთ ღირსეულად, „მაშინ ევროპა არის ჩვენი არა მარტო ერთადერთი არჩევანი, არამედ ერთადერთი გზა“.
მისი თქმით, ამაზე თანხმდებოდა ყველა თაობა.
„მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა მთავრობებს შორის, არასდროს, არც ერთ მთავრობას არ ჰქონია განსხვავებული პოზიცია, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო.
ერთადერთი მთავრობა, რომელიც ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ძირს უთხრის მოსვლის დღიდან, არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ვერ გამოთხარა ეს ძირი, როგორც ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მუხლჩაუხრელად მუშაობს და ცდილობს ეს საფუძველი რამენაირად შეარყიოს.
ამ აქციებმაც გვაჩვენა, რომ შემდეგი თაობაც აბსოლუტურად იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა.
ევროპული არა იმიტომ, რომ „ზეზვა და მზია“ გვყავს, არა იმიტომ, რომ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი წესრიგის და მომავლისთვის და არა რუსეთთან, რომელთანაც საერთო არ გვაქვს“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
ზაალ ანდრონიკაშვილი
მისი თქმით, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს აგურ-აგურ ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, „ქართული ოცნება“ კი ცდილობს ეროვნული იდენტობის შესახებ დაამახინჯოს ჩვენი წარმოდგენები.
„პრემიერ-მინისტრად დასაქმებული ღარიბაშვილი გერმანიაში, ტურიზმის ფესტივალზე როცა გამოდიოდა, ამბობდა, რომ ევროპა არის ქართველების არჩევანი და ჩვენ საუკუნეებია ვიბრძვით და ბოლო სისხლის წვეთს დაღვრის ქართველი ამისთვისო. შიგნით რომ შემობრუნდება, ლაპარაკობს სრულიად სხვა რაღაცას, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთი ოლიგარქის პარტია და ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ერთადერთი ის ანაღვლებს, როგორ შეინახოს ფული კარგ პირობებში.
ამიტომ ეს ღირებულებები, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ამათთვის სრულიად მიუღებელია, რადგან რუსი ოლიგარქი ივანიშვილი შეიძლება ხარობდეს მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში და სწორედ ეს განაპირობებს მათ სიახლოვეს რუსეთთან“, – ამბობს ზაალი.
რატომ ნიშნავს ქართული იდენტობა ევროპელობასაც? – ზაალ ანდრონიკაშვილი შეკითხვას ასე პასუხობს:
„შევხედოთ, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რას ამბობდა ივანე ჯავახიშვილი. ეს არის ხალხი, ვისაც ჩვენ ვეყრდნობით ქართველობის განმარტებაში. ეს განმარტება მოდის თერგდალეულებიდან, 1860-იანი წლებიდან. მაგალითად, ილიასთვის ქართველობა ნიშნავდა ტრადიციული ქართველობის მოდერნიზაციას, მის განახლებას და მის დაახლოებას ევროპასთან.
ილიას ოპონენტი სოცდემოკრატებისთვისაც კი სრულიად გასაგები იყო აზრი, რომ მთავარი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაა, რისი საშუალებაც არ მოგვცა ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს.
ეს იდეა, ილიას მემკვიდრეობა, ჩვენამდე მოიტანა ივანე ჯავახიშვილმა, მეცნიერებისა და ხელოვანთა, მწერალთა თაობამ, რომელთა დიდი ნაწილი 1937 წელს დახვრიტეს. გაანადგურა ისევ და ისევ რეჟიმმა, მაგრამ ეს იყო ის იდეა, რომ საქართველო არის იმავე ღირებულებებზე მდგომი ქვეყანა, რა ღირებულებებზეც დგას, ვთქვათ, დღევანდელი ევროპა“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
„შინ ევროპისკენ“ – საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში.
ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ საქართველოს ევროპული გზის მანიფესტია და ამაზე მეტყველებს რუსი ჩინოვნიკისა და გლეხი „ლელთ ღუნიას“ შეპირისპირებაც.
„იგივე „ლელთ ღუნია“ როცა ეუბნება მგზავრს, იგივე ილიას, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, ეს არის საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის პირდაპირი მანიფესტი. რუსი აფიცერი კი, ეს არის ყალბი კულტურა, რომელსაც საქართველო გაურბის და ამის საპირწონედ არის დანახული ევროპული კულტურა და სხვათა შორის, უპირისპირდება იმ არგუმენტებს, რა არგუმენტებითაც ჩვენ დღეს გვიპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები, როცა „მშვიდობაზე“ გველაპარაკებიან.
მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაპირისპირებაში „ლელთ ღუნია“ ერთმნიშვნელოვნად დგას დამოუკიდებლობის მხარეს, როცა ამბობს – „რაის ვაქნევ ცარიელ მშვიდობას“.
და ეს ფორმულა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე პოულობს მგზავრის წერილებში, პირდაპირ ურტყამს ამ პროპაგანდისტებს, ვინც დღეს რუსული მონობის სანაცვლოდ გვთავაზობს „მშვიდობას“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
მისი თქმით, „მგზავრის წერილებში“ ილიას ევროპული ჩაცმულობა არის გზავნილი თანამედროვე საქართველოსთვის.
„ლელთ ღუნია ეუბნება მგზავრს, ქართული ტანსაცმელი არ გაცვია და ვერ გიცანი, ქართველი იყავი თუ არაო. ილია კი ეუბნება, რომ მთავარი მაინც გულია.
აი, ამ ფორმულას გვთავაზობს ილია, – ქართული გული ევროპულ ტანსაცმელში. „ქართული ოცნება“ კი გვთავაზობს რუსულ გულს, მასკარადულ ჩოხაში.
ეს არის პრინციპული განსხვავება“ – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, აშშ-ს, ევროპისა და რუსეთის ერთ სიბრტყეზე დაყენება და განხილვა სამშობლოს ღალატია.
„რუსეთი 200-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერია. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღესაც კი, ჩვენი სუვერენიტეტის პირობებში, ყველაფერს აკეთებს, შეაჩეროს ევროპისკენ ჩვენი მოძრაობა.
ამ ფონზე, აშშ და ევროკავშირი ჩვენი ყველაზე ერთგული პარტნიორები არიან და ის, რომ საქართველო გადარჩა თუნდაც 2008 წელს, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების დამსახურებაა. ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთი და აშშ ჩვენთვის ერთი და იგივეა, რომ თურმე ორივეს ჩვენი დამონება უნდა, არის პირდაპირი ღალატი, უნამუსობასთან ერთად“, – ამბობს პუბლიცისტი და დასძენს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები განცხადებებს ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აკეთებენ და მხარში უდგანან ჩვენს ქვეყანას როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად.
„ამიტომ, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს წარმოთქმული სიტყვები – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, ნიშნავს, რომ ჩვენ და ევროპას გვაქვს ერთი საფუძველი და ერთი მსოფლმხედველობა. ეს არის ადამიანის, მოქალაქის თავისუფლება, რომელიც აღჭურვილია უფლებებით და ასეთი მოქალაქეების ერთობლიობას ეკუთვნის სახელმწიფო, რომელიც არის დემოკრატიული და ასეთივე ხალხის მიერ მართული.
აი, ასეთი მარტივი რაღაცაა ის, რაც გვაერთიანებს ჩვენ და დღევანდელ ევროპას“, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.
მაღალმთიან აჭარაში არ არის ხელმისაწვდომი გინეკოლოგიური სერვისები, რაც გართულებებისა და მძიმე შემთხვევების საფუძველი ხდება – ამბობს ბათუმელი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც ხულოდან ჩამოყვანილი ახალნამშობიარევი ქალისა და ჩვილის სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა.
ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედინაში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, ინდირა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
ბათუმში ხულოდან ჩამოყვანილი 20 წლის ახალნამშობიარები ქალის და მისი შვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„ორსული ქალი მთაში იყო, როდესაც ნაადრევი ტკივილი დაეწყო, ჩავიდა ხულოს კლინიკაში და რადგან იქ ადგილზე არ შეუძლიათ ორსული ქალის მიღება, გადმოამისამართეს ბათუმში. ქალმა კატასტროფის ბრიგადის მანქანაში იმშობიარა, თუმცა პლაცენტა იყო ამძვრალი. ამის გამო ქალს მუცელი სისხლით ჰქონდა გავსებული.
ორი ლიტრი სისხლი ჰქონდა ჩაღვრილი და, ბუნებრივია, მისი და ბავშვის სიცოცხლე იდგა რისკის ქვეშ.
ამჯერად დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ ქალისა და ახალშობილის გადარჩენა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ზამთარი რომ ყოფილიყო და ვერ ჩამოესწრო სასწრაფოს, მაშინ რა მოხდებოდა? ახლა გაგვიმართლა, მაგრამ ყოველთვის ასე არ მოხდება“, – გვეუბნება ექიმი.
მისი თქმით, ამ დროისთვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და შესაძლოა, კვირის ბოლოს გაწერონ კიდეც.
როგორც ინდირა ბოლქვაძე ამბობს, გუშინ კიდევ იყო შემთხვევა, როცა სავარაუდოდ მოწამლული ფეხმძიმე ქალი მიიყვანეს კლინიკაში.
„ეპიგასტრიუმის არეში ჰქონდა ტკივილი, მოიწამლა და რადგან ადგილზე ვერ აღმოუჩინეს სათანადო დახმარება, იძულებული გახდა, ორი დღის შემდეგ ჩამოსულიყო ბათუმში. როგორ შეიძლება ადეკვატური დახმარება ვერ აღმოეჩინათ მისთვის ხულოში?
მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, როცა გართულებულ მდგომარეობაში შემოჰყავთ ხოლმე მშობიარეები და შემდეგ ჩვენ, ექიმებს, ისე, რომ არც კი ვიცით ორსული ქალის ანამნეზი, გვიწევს გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად.
ქედა, შუახევი და ხულო – სამი მუნიციპალიტეტი სამეანო განყოფილების გარეშეა დარჩენილი და ორსულ ქალებს არ შეუძლიათ მივიდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტში კლინიკაში და იმშობიარონ.
მეც ხულოდან ვარ წარმოშობით, დედაჩემმა ათი შვილი გააჩინა ხულოს კლინიკაში წლების წინ და დღეს როგორ შეიძლება, რომ სამეანო განყოფილება არ არსებობდეს ამხელა რეგიონში, სადაც ისევ მაღალია შობადობა.
რატომ არ უნდა შეეძლოთ ორსულ ქალებს ადგილზე მიიღონ სამედიცინო მომსახურება, დროულად მიმართონ ექიმს და ადგილზე ჩაიტარონ როგორც გეგმური გამოკვლევები, იმშობიარონ კიდეც და ბათუმში არ უწევდეთ ჩამოსვლა.
ქალაქში რომ უჭირდათ საკეისროს გაკეთება, მაშინ აკეთებდნენ ხულოს კლინიკაში ამ ოპერაციას ექიმები და დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს, რატომ?!
მინიმუმ, ყველა მორიგეობაზე სამი ქალი მაინც შემოდის სოფლიდან და ამ სამიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდი იქნება“, – ამბობს ინდირა ბოლქვაძე.
ექიმის თქმით, ხულოში არ არის კადრების პრობლემა, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების ნება, რომ მთაში, ადგილზე გაუმჯობესდეს ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხელმისაწვდომი გახდეს ორსული ქალებისთვის აუცილებელი სერვისები.
„სპეციალისტები არიან ხულოში და ბევრი სპეციალისტი დაუსაქმებელია. მოიყვანონ და გამართონ სამეანო განყოფილება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და მოითხოვოს პირობების გაუმჯობესება“, – ამბობს ექიმი.
მეან-გინეკოლოგ ინდირა ბოლქვაძის თქმით, თუ სახელმწიფოს შობადობა, ქალის ჯანმრთელობა და დემოგრაფიის გაუმჯობესება აინტერესებს, ამ საკითხზე უნდა იზრუნოს.
„20-25 წლის ქალებზეა აქ საუბარი, მათ არათუ მშობიარობის შესაძლებლობას არ აძლევს სახელმწიფო მათ რაიონებში, არც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს არავინ. მაგალითად, ამ ქალს, რომელმაც ჩვენთან იმშობიარა, სახლში 11 თვის ბავშვი ჰყავს კიდევ.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხითაც უნდა ჰქონდეთ ქალებს ინფორმაცია, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება 11 თვეში ხელმეორედ დაფეხმძიმება და მეორე ორსულობა მოგვიანებით უნდა დაიგეგმოს.
საჭიროა კონტრაცეფცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და მთაში არ მიუწვდებათ ხელი ადამიანებს, სახელმწიფო პროგრამები უნდა იყოს ამაზე და რა პრობლემაა, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კონტრაცეპტივები სახელმწიფომ დაურიგოს.
ის, რაც ხდება, საშინელებაა. ხულოდან რომ ორსული ქალი ბათუმში ჩამოვიდეს ვიზიტზე, ეს ხომ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რვა ვიზიტი კი არის უფასო, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. რაიონში რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, იქ აიყვანდა ექიმს, იქ ჩაიტარებდა გამოკვლევებს და იმშობიარებდა კიდეც.
როგორმე უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა. ეს თუ არ მოგვარდება, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი“, – გვეუბნება ინდირა ბოლქვაძე.
აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების კლინიკებს „ევექსი“ მართავს. „ბათუმელებმა“ კომპანიას ჰკითხა, რა იყო კონკრეტული მიზეზები, რის გამოც დაიხურა სამეანო განყოფილებები, მაგალითად, შუახევსა და ხულოში?
„ევექსის“ რეგიონული კლინიკების წარმომადგენელი გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ ხულოში და მსგავსი ტიპის მაღალმთიან რეგიონში სამეანო განყოფილების გახსნა შეუძლებელია.
„საქართველოს კანონმდებლობით არსებობს სამი დონის სამშობიარო. პირველი დონის სამშობიაროს მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღების უფლება აქვს, მეორე და მესამე დონის სამშობიაროები კი ხულოში და მსგავსი ტიპის პერიფერიებში, როგორიცაა, მაგალითად ამბროლაური, ონი და სხვა ვერ შეიქმნება, ეს გამორიცხულია“, – ამბობს გიორგი ამბროლიანი.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად სახელმწიფომ მიიღო და საკეისრო კვეთა რომ გააკეთოს კლინიკამ, ამისთვის ცალკე რეგულაცია არსებობს.
„საკეისროს რადგან აკეთებ, ესე იგი, არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე გართულდეს და დაგჭირდეს რეანიმაცია. ბავშვთა რეანიმაცია საქართველოში არის სულ სამი და ხულოში ბავშვთა რეანიმაციას ვერ განავითარებენ, ესეც გამორიცხულია, რადგან სულ 15 ბავშვთა რეანიმატოლოგი გვყავს ქვეყანაში.
სწორედ ამიტომ დავაყენეთ ჩვენ საკითხი ხულოში სამშობიაროს გაუქმებაზე. როცა თვეში 1-2 მშობიარობა გაქვს, ეს არის გაცილებით დიდი რისკი, რადგან ექიმისთვის ეს ითვლება პრაქტიკის და კვალიფიკაციის ნაკლებობად.
ამიტომ დავნერგეთ ორსულთა პატრონაჟის პროგრამა (ანტენატალური მეთვალყურეობა), რომელიც ითვალისწინებს ორსულობის სწორად დაგეგმვას, მეთვალყურეობას 9 თვემდე და შემდეგ შესაბამის კლინიკაში გადამისამართებას სამშობიაროდ.
აი, ეს კომპონენტი შეგვიძლია უფრო გავაუმჯობესოთ, მაგრამ სამშობიაროს ვერ გავაკეთებთ“, – გვეუბნება ის.
გიორგი ამბროლიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა რთულდება და საჭიროა გადაუდებელი დახმარება, ორსული ქალი კატასტროფის მანქანას გადაჰყავს შესაბამის კლინიკაში.
„სწორედ ამ მიზნით დავაყენეთ ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალი გამავლობის კატასტროფის მანქანა კლინიკის ეზოში, ყველანაირი აღჭურვით. ფაქტობრივად, ბორბლებზე მოსიარულე რეანიმაციაა.
ის ქალიც, რომელიც გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში, ემერჯენსოლოგმა მიიღო. ის ისედაც ბათუმში იმყოფებოდა აღრიცხვაზე. ნაადრევ მშობიარობასთან გვქონდა საქმე და ისედაც ვერ მიიღებდა ხულოს კლინიკა ასეთ მშობიარეს.
ეს არ არის ჩვენი მოგონილი პრაქტიკა, მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, რა ჯობია და როგორ უნდა დაიგეგმოს.
ჩვენი მიდგომაა ორსულების აღრიცხვაზე აყვანა და მთლიანი პატრონაჟის გაწევა. ეს პროგრამა არსებობს, მოქმედებს და ვერც შეწყდება“, – ამბობს გიორგი ამბროლიანი.
მისი თქმით, ხულოში წლის განმავლობაში მინიმუმ 65-70 მშობიარობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შობადობა შემცირებულია და ასეთ პირობებში სამშობიაროს გახსნა მიზანშეწონილი არ არის.
„არ შეიძლება ქირურგმა თვეში 1 ოპერაცია გააკეთოს და კარგი ქირურგი იყოს. ამიტომ ურჩევნიათ ორსულებსაც, რომ პატრონაჟი ადგილზე მიიღონ და იმშობიარონ უფრო გამოცდილ ექიმთან, მაღალი დონის კლინიკაში.
თუ ამბობენ, რომ წლების წინ არსებობდა მუნიციპალიტეტებში სამეანოები, მაშინ სრულიად სხვა სისტემა იყო და შობადობაც ბევრად მაღალი იყო რაიონებში“, – გვითხრა მან.
რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ, 27 ივლისს, ადრე დილით შემოვა.
ვებპორტალ Marine Traffic-ის მიხედვით, რომელზეც გემების მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში, ხვალ, დაახლოებით დილის ხუთ საათზე შემოვა.
ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ბათუმის ნავსადგურშიც.
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. ბათუმამდე ის იმყოფებოდა თურქეთის პორტ ამასრაში. ბათუმიდან გემი თურქეთში ბრუნდება. ამ გემის მგზავრები მოინახულებენ ეგვიპტეს და ისრაელს.
საკრუიზო გემის შემოსვლის შესახებ განცხადება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 25 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.“
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდარუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.
იტალიაში, საბერძნეთსა და ალჟირში, ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ევაკუირებულია ხმელთაშუა ზღვის კურორტებიდან ტყის ხანძრის გამო – იუწყება „ბიბისი“.
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა როდოსი არაა ერთადერთი კუნძული, სადაც ხანძარს ებრძვიან, ტყის ხანძარია კორფუსა და ევიაზეც.
საბერძნეთში სიცხე არ იკლებს, პირიქით, უახლოეს დღეებში საბერძნეთის რიგ ტერიტორიებზე ტემპერატურამ შესაძლოა 44C-ს მიაღწიოს.
ტყის ხანძარია იტალიაშიც, პულიაში და კუნძულ სიცილიაზე, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა. „ევრონიუსის“ ცნობით, სიცილიაზე, ქალაქ კატანიაში, ჰაერის ტემპერატურამ კვირის დასაწყისში 47 გრადუსს მიაღწია.
„ბიბისის“ ცნობით, ამ დროისთვის ტყის ხანძრით გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლი ალჟირშია, სადაც ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ჯარისკაცი, რომლებიც ალჟირის აღმოსავლეთით ევაკუაციის დროს ცეცხლის ალყაში მოექცნენ.
ხანძარი გაჩნდა ალჟირის მეზობელ ტუნისშიც, სადაც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო სანაპიროზე მდებარე სოფლიდან.
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
„ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 მოსწავლე – ორ ცვლაში, მათ შორის 32-სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სკოლა ემსახურება დაახლოებით 650-700 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა შვილებიც აქ სწავლობენ.
სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, ყველა მოსწავლეს [მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს] ექნებათ სათანადო წვდომა სასწავლო პროცესზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის პარალელურად წარმართვის შემთხვევაში, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ დაბა ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. დაშორება მე-4 სკოლიდან დაახლოებით 8 კილომეტრია.“
ამავე დოკუმენტში არის ასეთი ჩანაწერიც: „საწყის ეტაპზე სკოლის ადმინისტრაცია, ადგილობრივ რესურსცენტრთან და მშობლებთან ერთად, შეარჩევს სკოლას, სადაც მოხდება საგანმანათლებლო პროცესის დროებით გაგრძელება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში. როგორც უკვე აღინიშნა, სამშენებლო სამუშაოების დროს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით გაგრძელდება დაბა ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში.“
„ბათუმელები“ დასაზუსტებლად ბათუმის რესურსცენტრს დაუკავშირდა.
„ამ ეტაპისთვის ორთაბათუმის სკოლა განიხილება ერთ-ერთ ვარიანტად. არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა, ველოდებით ტენდერის შედეგებს და შემდეგ უფრო დავკონკრეტდებით, რომელ სკოლას შევარჩევთ. ან იქნება ორთაბათუმი, ან სხვა სკოლა, რომელიც არ იქნება მეოთხე სკოლიდან ორთაბათუმის სკოლაზე უფრო მეტი მანძილით დაშორებული“, – გვითხრეს რესურსცენტრში.
„პროექტის განხორციელების ეტაპზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას. სამინისტრო და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, მოსწავლეების შერჩეულ ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სწავლების უზრუნველყოფისთვის. სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში, გამოიყოფა დაახლოებით 35-40 მინიავტობუსი“, – აღნიშნულია ტენდერში.
როდის დაიწყება მშენებლობა, ეს სატენდერო პროცედურებზეა დამოკიდებული. თუ ტენდერი შედგა და ხელშეკრულებაც გაფორმდა, სკოლის რეაბილიტაცია 15 თვეში უნდა დასრულდეს.
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა პუშკინის ქუჩაზე / ფოტო ტენდერიდან
ტერიტორია ბათუმში, პუშკინის ქუჩის 63-ში, სადაც მე-4 სკოლის შენობაა განთავსებული, 5 643 კვადრატული მეტრია. სკოლა შედგება ერთი ძირითადი შენობისა და სტადიონისგან, რომელიც აშენდა 1967 წელს. შენობა ორსართულიანია. სკოლის შენობის მთლიანი ფართობი კი 2 339 კვადრატული მეტრია.
„სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის ნოემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. 2023 წლის თებერვალში, პროექტმა გაიარა ექსპერტიზა“, – აღნიშნულია ტენდერში.
მე-4 სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ/რენდერი ტენდერიდან.
„პროექტი მოიცავს სკოლის შენობისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს:
გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა. არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით.
ასევე შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები.
გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.
გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, წყლის სოკოს, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის რეაბილიტაციას. ასევე შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით.
დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის.
პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება.
სკოლის ეზოში რამდენიმე ხე და ბუჩქია. ახალი პროექტის თანახმად, არსებული მცენარეების მოჭრის საჭიროება არ არის, რადგან სტადიონის, ბილიკის და საქვაბის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ხეები არ არის.“
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების სტანდარტული დოკუმენტის მიხედვით და აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები:
„სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გარკვეული მოდიფიკაციებით:
გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება.
ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა, ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი…“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 21 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება.
ქობულეთის მერიას შინაური ცხოველებისთვის პროგრამის შექმნას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოს სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნას და ცხოველთა თავშესაფრის აშენებას მოითხოვს.
პეტიციას სულ 677 ხელმოწერა სჭირდება, ხელი ჯერ მხოლოდ 70 მოქალაქეს აქვს მოწერილი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება.
მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის სტრატეგია. მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა მეტყველებს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური გზა ცხოველის გამრავლების უნარის შეზღუდვაში მდგომარეობს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ აანალიზებენ, რომ ეს სარგებელთან ერთად, ზიანის შემცირების და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია – ნათქვამია პეტიციაში.
დედაქალაქისგან განსხვავებით, საქართველოს ფაქტობრივად არც ერთ ქალაქში არ არსებობს უფასო ან შეღავათიანი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მათ შორისაა ქობულეთიც.
მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მუნიციპალური თავშესაფრის აშენება, სადაც ადამიანები მსგავსი სერვისით სარგებლობას შედარებით შეღავათიანი პირობებით, ან უფასოდ შეძლებდნენ.
ამ ეტაპზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 70 000 ლარამდე მხოლოდ ქუჩის ძაღლების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებში იხარჯება. ეს სრულიად არაეფექტური ხარჯია ქალაქისთვის და არ არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.
ავტორების განმარტებით, პეტიციის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2024 საბიუჯეტო წლიდან შექმნას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამა:
„პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქობულეთში რეგისტრირებულ ან/და ქობულეთში მუდმივად მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 2024 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.“
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ გზით შემცირდება ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები, რომლებიც მათ არასასურველ გამრავლებას უკავშირდება.
პეტიციის მოთხოვნაა ასევე 2025 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში აშენდეს ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება, მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენა და შემდგომი პროცედურების განხორციელება.
აქედან გამომდინარე აშენდეს ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილი იქნება ლაბორატორიით, ვეტერინარული, საკარანტინო, გასეირნებისთვის შესაბამისი სივრცეებით და განთავსების ვოლიერებით. ასევე აღნიშნულმა თავშესაფარმა უნდა უზრუნველყოს 2024 წელს შექმნილი საბიუჯეტო პროგრამის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის განხორციელება.
„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა.
ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ შორის, ინგლისური ენის, კომპიუტერული და მეწარმეობის კომპეტენციების ამაღლების მიზნით. ამ ეტაპის შემდეგ პროექტის შერჩეულმა მონაწილეებმა 11-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს:
„ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგი გავიარე, რის შემდეგაც სტაჟირების პროგრამაში ჩავერთე. სტაჟირება გავიარე ბათუმის „ვალდორფის“ საბავშვო ბაღში, აქ დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე,“ – ამბობს ანა ცივაძე.
ანა ცივაძე
კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმა ამ პროექტის დახმარებით გაიარა სტაჟირება, სალომე ფალავანდიშვილია:
„განათლება სამედიცინო მიმართულებით მაქვს მიღებული, თუმცა დაქორწინებული ვარ, პატარა ბავშვი მყავს და აქამდე ვერ ვახერხებდი მუშაობის დაწყებას.
ამ პროექტის ფარგლებში განვითარების საშუალება მომეცა. 10-თვიანი სტაჟირება გავიარე „მედცენტრში“. სტაჟირება ახლახან დასრულდა და ამ სფეროში ვაპირებ დასაქმებას,” – აღნიშნავს ის.
სალომე ფალავანდიშვილი
პროექტით გათვალისწინებული 11-თვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ სასტუმრო „ჰილტონმა“ კონტრაქტი გაუხანგრძლივა ლაშა ლომინაძეს. ის 25 წლისაა და 2015 წელს მიღებული ტრავმის გამო შშმ პირი გახდა:
„თურქეთსა და სომხეთში გავდიოდი რეაბილიტაციას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ პროექტის შესახებ შევიტყვე და ბედი ვცადე. რამდენიმე პროფესიული კურსი გავიარე. შემდეგ ჩავერთე დასაქმების პროგრამაში და ავარჩიე სტუმარ-მასპინძლობის სფერო. ასე მოვხვდი „ჰილტონ ბათუმში“ და 15 თვეა იქ ვმუშაობ. მადლობა LINKS-ს ამ შესაძლებლობისთვის,“ – ამბობს ის.
ტრენინგები პირისპირ შეხვედრების გარდა ონლაინაც ტარდებოდა. ამან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მისცა გადამზადების შესაძლებლობა.
ლაშა ლომინაძე
პროექტის მონაწილის, ნიკა აზნაურიშვილის თქმით, სხვანაირად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროექტში ჩართვა გაუჭირდებოდათ:
„მე გავიარე ინგლისური ენის, მეწარმეობის და კომპიუტერული უნარების კურსი. ასევე გავიარე კარიერული განვითარების კონსულტაცია და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა.
ამ პროექტში ჩართვამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, თუმცა როცა მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობ, რთულია როგორც ქალაქში სიარული, ისე დროის გამონახვა განვითარებისთვის. შესაბამისად, სახლიდან ამ პროექტში ჩართვა ძალიან დამეხმარა განვითარებაში და შედეგად უკეთესი სამსახურიც ვიპოვე“.
ნიკა აზნაურიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტის შემაჯამებელი რეგიონული ღონისძიება 17 ივლისს აჭარაში გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივ საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მისი შედეგების შესახებ.
პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში სამი წელი მიმდინარეობდა, ხოლო უშუალოდ აჭარაში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრების საქმიანობა, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით ჩატარებული ტრენინგები, დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა, შექმნილი ონლაინ რესურსები, საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერების გასაძლიერებლად განხორციელებული ღონისძიებები, რეგიონული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, დასაქმების ფორუმები და შრომის ბაზრის მონიტორინგი.
აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH). ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქეთი ადეიშვილის თქმით, პროექტში აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 800-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებთანაც სამომავლოდაც გააგრძელებენ თანამშრომლობას:
„ჩვენ ვატარებდით როგორც ონლაინ, ისე გასვლით ტრენინგებს სხვადასხვა ქალაქში. პროექტს ჰყავდა 17 სტაჟიორი, რომელთა უმრავლესობას გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება და ახლაც დასაქმებულები არიან.
ჩვენ ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი. დაახლოებით 90-მდე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი იყო პროექტში ჩართული. გვქონდა სამი სხვადასხვა კურსი, ასევე კარიერული დაგეგმვის კონსულტაცია და უამრავ ახალგაზრდას დავეხმარეთ განვითარებაში,” – ამბობს ქეთი ადეიშვილი.
საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლის, ზურაბ სამარღანიშვილის თქმით, სიახლე არაა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს უჭირთ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება. დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები კი განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უმუშავიათ და არც საგანმანათლებლო პროცესში ყოფილან ჩართულნი.
მისივე სიტყვებით, დასაქმებასთან დაკავშირებული ეს პრობლემა კომპლექსურია, ამიტომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვთანამშრომლობდით ბიზნეს-ორგანიზაციებთან და იმ აქტორებთან, რომლებსაც კავშირი აქვთ შრომის ბაზართან და, ამავდროულად, მუშაობენ ახალგაზრდებთან; სამუშაო შეხვედრების, გამოცდილების გაზიარებისა და დისკუსიების ორგანიზებით, ვცდილობდით რესურსების კონსოლიდაციას და პრობლემების გადაჭრის საერთო გზების დასახვას.
მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში, უშუალოდ ვმუშაობდით 15-29 წლის ახალგაზრდებთან და, მათი გაძლიერების მიზნით, ვთავაზობდით მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში, ტრენინგებში ჩართვას, მათ შორის, ვთავაზობდით კარიერის კონსულტირების სერვისებს, მეწარმეობის ტრენინგებსა და საკუთარი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას,“ – აღნიშნავს ზურაბ სამარღანიშვილი.
როგორც ის განმარტავს, ეს ყოველივე ამოცანად ისახავდა ახალგაზრდებს შორის სამუშაოსთვის მზაობის ხარისხის გაზრდასა და, პროფესიული კომპეტენციის მიღმა, ზოგადი თუ გამჭოლი უნარების განვითარებას. ახალგაზრდების გაძლიერების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებთანაც პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობდა.
„დამსაქმებლები საუბრობდნენ კვალიფიციური კადრის ნაკლებობაზე, ამავდროულად, მათ მიერ წაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სამუშაოს მაძიებელთათვის იყო სამუშაო გამოცდილება, რაც სამუშაოს მაძიებელთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნდა.
ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პროექტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები მათთვის საინტერესო პროფილის მქონე ორგანიზაციებსა და სასურველ პოზიციებზე თერთმეტი თვის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში გადიოდნენ სტაჟირებას და იღებდნენ ყოველთვიურ ანაზღაურებას.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტით არ იყო გათვალისწინებული სტაჟირების პერიოდის ამოწურვის შემდეგ ამ ახალგაზრდების დასაქმება, სტაჟიორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ან იმავე ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, ან სტაჟირების შედეგად დაგროვებული გამოცდილებით დასაქმდა სხვა ორგანიზაციაში“.
____________________________
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო. (IJH)
თურქული მედიის ცნობით, თურქეთმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში 5 823 665 აშშ დოლარის ღირებულების ხამსა [ქაფშია] გაიტანა ექსპორტზე, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თურქეთს ქაფშია 23 ქვეყანაში გააქვს, მთავარი იმპორტიორები ამ პერიოდში იყვნენ: საფრანგეთი, ბელგია და შეერთებული შტატები.
თურქეთში ხამსა შედის საქართველოდანაც.
საქართველოში, შავ ზღვაში, თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია ფლობს. ლიცენზიები 2016-2019 წლებშია გაცემული. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა.
ქართველი ლიცენზიატები ძირითადად თურქული კომპანიების გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ.
ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის რაოდენობამ შედარებით მოიმატა.
„შარშანდელთან შედარებით შემცირებულია დამსვენებელი, თუმცა მაინც არიან. ახლაც გაქირავებული მაქვს კოტეჯი.
უცხოელებიც ამოდიან ხოლმე: რუსები, არაბები იყვნენ, ფრანგებიც მყავდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ნაკადია. აგვისტოში ველოდებით უფრო მეტს. რამდენიმე ჯავშანიც მაქვს უკვე ამ ეტაპზე ქართველებისგან“ – გვეუბნება ნინა ჩხაიძე.
ჯემალ ირემაძესაც ბახმაროში აქვს კოტეჯი, თუმცა წელს დამსვენებელი ჯერ არ ჰყოლია.
„ძალიან რთული მდგომარეობაა ჩვენთან. ივლისი ჩაგვივარდა, საერთოდ არ არის ხალხი. შარშან ინტერნეტში არც კი მჭირდებოდა განცხადების გაკეთება, ისედაც მოდიოდა ხალხი, წელს 30 ლარად ვთავაზობ 4-ადგილიან კოტეჯს და მაინც არ არის მსურველი“ – გვეუბნება ის.
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“
პირველ დამსვენებელს ჯემალ ირემაძე აგვისტოში ელოდება. ამბობს, რომ 22 აგვისტომდე დაჯავშნეს და იმედოვნებს, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
„აგვისტოში 50 ლარი ეღირება ერთი ღამე, ქართველებს აქვთ დაჯავშნული, უცხოელები ძალიან იშვიათად მყავს ხოლმე. წუხელ მყავდა ორი არაბი სტუმარი, ზოგადად ბახმაროში უცხოელებიდან უფრო რუსები არიან, სხვები ნაკლებად,“ – ამბობს ჯემალ ირემაძე.
მისი აზრით, დამსვენებლების შემცირება სიღარიბის ზრდამ გამოიწვია. „სხვა მიზეზი არ ვიცი. შეიძლება მიგრაციაც იყოს მიზეზი, უცხოეთში მიდიან ადამიანები და შესაბამისად, აღარ აქ მოდიან დასასვენებლად.
მეც დამსვენებელზე ვარ დამოკიდებული, ივლისის თვე რომ ჩამივარდა, თავისთავად, ეკონომიკური მდგომარეობა გამირთულდა და სხვასთან რა ხდება, არ ვიცი. არც ის ვიცი, მთავრობა რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეკონომიკა გვეზრდება, როცა მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ,“ – ამბობს ჯემალ ირემაძე.
ლელა მონასელიძე კოტეჯ „ძველი ბახმაროს“ მეპატრონეა. ტურისტების შემცირებაზე ისიც გვესაუბრება.
„წლევანდელი სეზონი ნაკლებად მრავალრიცხოვანია, შარშან მეტი ხალხი იყო დასასვენებლად ამოსული. ვფიქრობ, 30-40 პროცენტით იქნება კლება.
აქ ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისვენებენ ხოლმე, უცხოელები 2-3 დღით თუ ამოვლენ, ამაზე დიდხანს უცხოელი ტურისტი აქ არ ჩერდება. უცხოელებს ზამთარში უფრო ნახავთ აქ, სასრიალოდ ამოდიან. ზამთარში რუსებიც მყავდა და ევროპელებიც, პოლონელი, გერმანელი ტურისტები იყვნენ ამოსული, თუმცა ბევრი მაინც არ არის, 10 კაცი იქნება ალბათ სულ,“ – ამბობს ლელა.
მისი აზრით, ბახმაროს რეკლამირება აკლია და მისახედია ინფრასტრუქტურაც, რადგან ბევრია ძველი და დანგრეული სახლი, არის წყლის პრობლემაც.
რაც შეეხება ფასებს, ლელა მონასელიძის თქმით, მის კოტეჯში ღამის გათევა კვების გარეშე 30-35 ლარადაც შესაძლებელია, კვების შემთხვევაში კი ფასი მატულობს.
„მაინც ეძვირებათ ადამიანებს, მაგრამ ამაზე ნაკლებად უკვე ჩვენც აღარ გვიღირს გაქირავება. როცა ბუნებრივი გაზი არ არის, შეშაზე ვართ და წყალიც ჩვენით გვყავს მოყვანილი, ჩვენც ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობთ, ხარჯიც დიდი გვაქვს და შეუძლებელია, ძალიან დაბალ ფასად რომ გააქირაო,“ – ამბობს ლელა.
კურორტი ბეშუმი ფოტო: „ბათუმელები“
ბეშუმი
ბეშუმში ყველაზე დიდ პრობლემად უგზოობას ასახელებენ. აქ მიიჩნევენ, რომ დამსვენებლების შემცირების მიზეზი სწორედ მოუწესრიგებელი და სახიფათო გზაა.
ჯუმბერ ბოლქვაძე სწორედ ცუდ ინფრასტრუქტურას უკავშირებს ტურისტების შემცირებას. „წელს ისედაც ნაკლებია ხალხი, არც ფასებია ძალიან მაღალი, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და ადამიანებს აღარ უნდათ ბეშუმში დასვენება“ – გვეუბნება ის.
გუგული ლომინაძეც ბეშუმში აქირავებს კოტეჯს, თუმცა ამ დრომდე დამსვენებელი არ მიუღია.
„უცხოელები ისედაც არ მყოლია არასდროს, ჩვენს მოქალაქეებზე ვაქირავებ ხოლმე კოტეჯს. შარშან 100 ლარში მეხვეწებოდნენ და წელს ამ დრომდე გაუქირავებელი მაქვს.
ამ ფულით დავფარე შარშან ჩემი შვილის სწავლის საფასური უნივერსიტეტში, ეს არის ჩემი ოჯახისთვის დამატებითი წყარო, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხში გადამხდელუნარიანობა შემცირდა.
მირეკავენ, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ აქვთ საშუალება. ვისაც საშუალება ჰქონდა, საკუთარი კოტეჯი შეიძინა ან აიშენა და ვისაც ფული არ აქვს, მათთვის დარჩა ძნელი“- გვეუბნება გუგული ლომინაძე.
მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ბეშუმთან მისასვლელი გზაა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ადამიანებს არ უღირთ ამ გზის გამოვლა.
„დანისპარაულიდან გოდერძიმდე არის კატასტროფა, წლების განმავლობაში გვპირდებიან და არ დააყენეს საშველი.
მე თვითონაც კი ვერ ავდივარ ასეთ გზაზე, რომ შაბათ-კვირას დავისვენო და არ ამოვიხუთო ქალაქში ასეთ სიცხეში.
40 კილომეტრის გავლას ორსაათ-ნახევარი სჭირდება. ერთხელ წვიმაში მომიწია ამოსვლა და „ჯიპი“ გემივით დაცურავდა ტალახში. ხან ერთ მხარეს წაგვიღო და კინაღამ გადავიჩეხეთ, ხან მეორე მხარეს, კატასტროფაა, აბა რა“ – ამბობს გუგული ლომინაძე.
მისი თქმით, ასეთ დაზიანებულ გზაზე ტაქსიც კი არ მიდის და შესაბამისად, არც დამსვენებელს უღირს რისკის გაწევა.
„გამოაცხადებენ ტენდერს, შეიჭმება ის ფული, არაფერი არ კეთდება. მერე ისევ გამოაცხადებენ და ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს.
რა უსაშველოა 40 კილომეტრი გზის დაგება, 15 წელი რა ვერ გააკეთეს. ყველა არჩევნებზე ითხოვენ ხმას, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ, იძახიან და ერთი გზა ვერ გააკეთეს, ხალხისთვის არავინ არაფერს აკეთებს.
ხალხს კურორტზე რომ მოაქვს პროდუქტი და დამსვენებელი არ არის, ეს პროდუქტიც ხომ უფუჭდება ხალხს და ყველასთვის მძიმეა ეს,“- გვეუბნება გუგული.
კურორტი გომისმთა. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები
გომისმთა
ჩაკეტილი გზა და მხოლოდ შაბათ-კვირის მიმოსვლა აფერხებს გომისმთაზე ტურისტებს.
ლიკა წულუკიძეს კოტეჯი აქვს გომისმთაზე და ის სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა.
„წელს ისედაც შემცირებულია დამსვენებელი, მაგრამ ზოგადად, პრობლემას ქმნის ის, რომ ჩაკეტილია გზა და მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლია ადამიანს ამოსვლა მთაზე.
მე ორი კოტეჯი მაქვს და 25-30 ლარი ღირს ერთი ღამე კვების გარეშე. ფასები ძალიან არ გაზრდილა, გასულ წელსაც იგივე იყო, 5 ლარი დაამატა წელს ზოგიერთმა და სულ ესაა“ – გვეუბნება ლიკა.
მისი თქმით, უცხოელი ტურისტი გომისმთაზე მიდის, თუმცა დიდი ხნით არ ჩერდება.
„მყავდა რუსები, ინდოელები. ჯავშნები ჯერჯერობით არ მაქვს“- გვეუბნება ის.
ბულბული კახაძეც გომისმთაზე აქირავებს კოტეჯს. ამბობს, რომ წინა წლებში ძალიან ბევრი ადამიანისთვის უმასპინძლია, თუმცა წელს ჯერ ვიზიტორი არ მიუღია.
„წინა თვეში ვიყავი ასული და არავინ ჭაჭანებდა, ჯვარი მინდვრისკენ იყვნენ მხოლოდ რუსები. აწი თუ მოვა ვინმე აგვისტოში, არ ვიცი. დღეში 25 ლარად ვაქირავებ, კვებით თუ უნდა, მაშინ 40 ლარი ღირს. 3 საძინებელია და ნორმალური პირობები მაქვს.
ტურისტის ნაკლებობის მიზეზი ალბათ ცუდი გზებია, წყლის პრობლემაც გვაქვს დაბაში, თუმცა მე გამოყვანილი მაქვს წყალი“- გვითხრა მან.
გომისმთაზე კიდევ ერთ ადამიანს, პლატონ თავბერიძესაც ვესაუბრეთ. მისი აზრითაც ტურისტების რაოდენობა ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.
„ძალიან რთულია დასვენების დაგეგმვა, რადგან შაბათ-კვირას არის მხოლოდ მიმოსვლა და უჭირთ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება. დამსვენებლისთვისაც რთულია და გამქირავებლისთვისაც.
უცხოელები 1-2 დღით ადი-ჩამოდიან და ქართველები თუ ქირაობენ, უფრო დიდი ხნით ჩერდებიან.
წელს საერთოდ არ გამიქირავებია, თუმცა 13 აგვისტოს ჩათვლით მაქვს ჯავშნები და ვნახოთ. მთლიან კოტეჯს 100 ლარად ვაქირავებ დღეში, იმედია, აგვისტოში არაფერი შეიცვლება,“ – გვითხრა პლატონმა.
ბათუმის კარბამიდის ტერმინალიდან გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდაა დაგეგმილი, რის შედეგადაც წელიწადში პორტიდან 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გაიტანენ.
გადასატვირთი გოგირდის რაოდენობის გაზრდა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტს – დასჭირდება თუ არა ტვირთის რაოდენობის გაზრდას გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასება] მომზადება.
„ბათუმის ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს უკვე მიმართა. ტვირთის რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას ნავსადგური „ტერმინალის საპროექტო წარმადობის სრულად ათვისების და საბაზრო მოთხოვნებით“ ხსნის.
„დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტექნოლოგიური ციკლის ცვლილება საჭიროებას არ წარმოადგენს. გოგირდის მტვრის გავრცელების პრევენციის მიზნით გათვალისწინებულია მტვრის ჩამხშობი სისტემის გამოყენება. გრანულირებული გოგირდის დროებითი დასაწყობებისათვის გამოყენებულია არსებული სამი საწყობიდან ერთი.
ტერმინალში ნაყარი ტვირთების გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება სრული დახურული ციკლით, ატმოსფეროში მტვრის შესაძლო გავრცელების ყველა კვანძი აღჭურვილია ასპირაციული სისტემებით და მტვერდამჭერი ფილტრებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ატმოსფეროში მტვრის გავრცელებს რისკებს“, – აღნიშნულია სკრინინგის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „გამა კონსალტინგის“ სპეციალისტების მიერ 2023 წლის 18 აპრილს ჩატარდა არაორგანული მტვრის და ხმაურის ინსტრუმენტალური გაზომვითი სამუშაოები.
„გაზომვების შედეგების მიხედვით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნაყარი ტვირთების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის მიმდებარე უახლოესი საცხოვრებელი ზონის და 500-მეტრიანი ნორმირებული ზონის საზღვრებზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაცია არ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. აღნიშნულ საკონტროლო წერტილებში მტვრის შემადგენლობაში გოგირდის კვალი არ ყოფილა დაფიქსირებული.“
თუმცა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნაყარი ტვირთების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის მიმდებარე უახლოესი საცხოვრებელი ზონის საზღვარზე ორ წერტილში დაფიქსირდა შეწონილი ნაწილაკების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გადაჭარბება:
ბათუმში შემოსასვლელ ძირითად ქუჩაზე [გოგებაშვილი] და მაქაცარიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ.
„აღნიშნული განპირობებულია საკურორტო სეზონში მომატებული ტურისტებისა და შესაბამისად ავტომობილების დიდი რაოდენობით“, – წერია დოკუმენტში.
განახლება:2023 წლის 23 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურმა სააგენტოს მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ წარდგენილ სკრინინგის ანგარიშში „გაპარულია ტექნიკური უზუსტობები“, რის გამოც ახალი ანგარიში წარუდგინეს სააგენტოს.
ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ტერმინალის საშუალებით გადასატვირთი გრანულირებული კარბამიდის რაოდენობა არის 1.6 მლნ ტონა, ხოლო გრანულირებული გოგირდის რაოდენობა 400 ათასი ტონა…
საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდის თაობაზე, რის შედეგადაც გადატვირთული გრანულირებული გოგირდის რაოდენობა იქნება 800 ათასი ტონა წელიწადში, ხოლო გრანულირებული კარბამიდის რაოდენობა 1.2 მლნ ტონა წელიწადში.
სულ ტერმინალის საშუალებით წლის განმავლობაში გადატვირთული იქნება 2 მლნ ტონა პროდუქცია.“
ბათუმის პორტმა ახალი ტერმინალიდან 400 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვის დასაწყებად სკრინინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს 2022 წელშიც მიმართა.
მაშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ 400 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვას გზშ-ს დოკუმენტის მომზადება არ სჭირდებოდა.
ამჯერად სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, საჭირო იქნება თუ არა გზშ-ს მომზადება 800 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატანაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე კი, სააგენტო „საზოგადოების მხრიდან შენიშვნებს“ 2023 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეცვალა თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან – წერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა დღეს, 26 ივლისს ტვიტერზე.
„თანამედროვე სამხედრო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ განლაგდა შავ ზღვაში, სამხრეთით და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დააკავებს იმ კომერციულ გემებს, რომლებსაც, რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიემართებიან.
მარცვლეულის შეთანხმებამ შეარბილა შავი ზღვის ჩართვა ომში. ახლა ამ რეგიონში არსებობს ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის პოტენციალი“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.
„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში.
ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ არ დაუმალავს, რომ ზაფხულის სეზონის გამო, საბავშვო ბაღში სულ 3 ბავშვი დადის. გამოდის, რომ 3 ბავშვს ემსახურება ამ დროისთვის 20 თანამშრომელი.
საბავშვო ბაღის გარდა, სოფლის ადმინისტრაციის შენობაში მუდმივად დასაქმებულ 4 ადამიანს 3 დამლაგებელი ემსახურება, მათ შორის, ორი სოცდაუცველია.
„ბათუმელები“ სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელმწიფო დასაქმების კუთხით მდგომარეობას ამჯერად ხულოს სოფელ დიდაჭარაში გაეცნო.
„არის საჭიროება, მაგალითად, მზარეულს ორი თანაშემწე ჰყავდეს?“ – ვკითხეთ თეონა შავაძეს, რომელიც საბავშვო ბაღში მზარეულის ერთ-ერთი დამხმარეა.
„არსებობს, ასე არ არის, მირანდა?“ – ბაღის გამგეს ღიმილით გაჰყურებს დასაქმებული სოცდაუცველი.
თეონა შავაძეს ვეკითხებით ძმის – გელა შავაძის შესახებაც, რომელიც ხულოს მერის წარმომადგენელია სოფელ დიდაჭარაში.
„მანაც დამეხმარა [გელა შავაძე] და ირმა შავაძეც… იქ მითხრეს, ჭურჭელს დარეცხავ თუ დამლაგებლად იქნები, შენი არჩევანიაო და ავირჩიე ეს.
„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი, ყველა არჩევნებზე დავდივარ – სადაც ჩემი ძმა არის, ისე მე,“ – გვითხრა თეონა შავაძემ.
თეონა შავაძე
რა ევალება სოცდაუცველს, რომელსაც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასაქმებენ? – ბაღის გამგემ გვიპასუხა, რომ მასთან ხელშეკრულებები არ ინახება. ხელშეკრულება არც დასაქმებულებს აქვთ.
„ხელშეკრულება სააგენტოში გაგვიფორმეს, მე არ მაქვს, მგონი აქაა, ჩემთვის არ გამოუტანებიათ,“ – საუბარში ერთვება დიდაჭარის საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარედ დასაქმებული სოცდაუცველი მელანო სოლომონიძე.
„გვითხრეს, რაც გვევალებოდა და იმას ვაკეთებთ… ხელშეკრულება არ წაგვიკითხავს. ყველანაირად ვეხმარები ძიძას, ბავშვებს ვუყურებ, დახვეტა იქნება თუ სათამაშოების ალაგება… მერჩივნა, რომ ბაღში მემუშავა,“ – ამბობს მელანო სოლომონიძე.
არც მელანო სოლომონიძე მალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„ჩემი მამამთილი ეწეოდა მაგ საქმიანობას, იყო ჩართული, სანამ მოვიდოდა „ოცნება“, იქედან მოყოლებული, ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“ ამდენი წელიწადია და ვართ მხარდამჭერები,“ – აღნიშნა მელანო სოლომონიძემ.
მელანო სოლომონიძე
„მე ვარ სამი თვეა ამ პოზიციაზე და სოცდაუცველები დასაქმდნენ 4 თვის წინ. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ მოხდა ამ ადამიანების შერჩევა,“ – გვითხრა დიდაჭარის საბავშვო ბაღის გამგემ, მირანდა შავაძემ. ის არ მალავს, რომ სოცდაუცველების დასაქმების საჭიროება ბაღში არ ყოფილა, მაგრამ კარგია, რომ ისინი ხელფასის სახით თვეში 300 ლარს იღებენ.
„ორი ჯგუფია და ორი ძიძა. ორი ადამიანი ძიძას ეხმარება, ორი – მზარეულს, ერთი კი ეზოს ალაგებს – დილით მოდის და ალაგებს, საღამოს ისევ მოდის.
რა თქმა უნდა, ეხმარებიან, მაგრამ საჭიროება რამდენად არის, ამაზე ვერანაირად ვერ გაგცემთ პასუხს. ერთადერთი ის არის, რომ ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, თუნდაც ეს მიზერული თანხა – 300 ლარი გამოიმუშაონ… მუშაობენ 5 საათის განმავლობაში,“ – გვითხრა მირანდა შავაძემ.
მირანდა შავაძე
სოფელ დიდაჭარაში სულ 23 სოცდაუცველია დასაქმებული. რატომ გახდა საჭირო სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულ 4 ადამიანს ემსახურებოდეს 3 დამლაგებელი? – ეს ხულოს მერის წარმომადგენელს, გელა შავაძეს ვკითხეთ.
სოფელ დიდაჭარის ადმინისტრაციული შენობა
„იქ ცეკვაც ტარდება, ასეა გადანაწილებული… იქ არის წარმომადგენელი, სპეციალისტი, ბიბლიოთეკა,“ – გვიპასუხა გელა შავაძემ და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის, სკოლისა და ადმინისტრაციული შენობის გარდა რამდენიმე სოცდაუცველი სოფლის წყლის სისტემაზეც მუშაობს.
ხულო, სოფელი დიდაჭარა
სოფელი დიდაჭარა არ არის გამონაკლისი, სადაც არამიზნობრივად დასაქმებულ სოცდაუცველებს ხვდები და გიჩნდება კითხვა: რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ათასობით [ამ ეტაპზე 30 ათასი] სოცდაუცველის დასაქმება იმ ფონზე, როცა დასაქმებულები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულნი არიან, დასაქმების საჭიროება კი, კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ არსებობს? რამდენად შეიძლება პრაქტიკულად ფიქტიურად, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულმა სოცდაუცველებმა არჩევნების დროს ანგარიში არ გაუწიონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას ან „ოცნების“ კოორდინატორებს, მათ რიგებში რომ არიან?
გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, არჩევნებამდე კი, „ოცნება“ ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს.
ამ დრომდე დასაქმების სააგენტო „ბათუმელებს“ არ აწვდის საჯარო ინფორმაციას, რამდენი სოცდაუცველი დაასაქმეს საჯარო დაწესებულებებში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჯამში 200 ათასი სოცდაუცველის დასაქმება დააანონსა. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მიმართა.
2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში დასაქმების სააგენტო წერს: „საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმებისსააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი“.
საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარია.
„ბათუმელები“ 2023 წლის მაისში წერდა ქედის სოფლებში ზვარესა და ზესოფელში, ასევე შუახევის სოფელ ბარათაულში დასაქმებულ სოცდაუცველებზე. დასაქმებულებს არც ამ სოფლებში დაუმალავთ „ოცნების“ აქტივისტობა, სხვებმა კი, მაგალითად, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა შალვა ქობულაძემ ირონიით ეს გვითხრა: „მათი ამომრჩეველი დაასაქმეს ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო“.
ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქტივების აღრიცხვისა და კონტროლის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ბიზნესში არსებული მრავალი გამოწვევა განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გავლენით. გარე ფაქტორებით გამორკვეული რისკების მართვა და პრევენცია ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ დამოკიდებული ბიზნესში სწორ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ აღსრულებაზე, რაც აბსოლუტურად საპირისპიროა შიდა ფაქტორების შემთხვევაში.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის გარდაუვალია ოპერაციების სწორი, დროული და სამართლიანი აღრიცხვის წარმოება, რაც გავლენას ახდენს კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებზე და საბოლოო ჯამში, მომგებიანობაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ითხოვს აქტივების სრული და ზუსტი აღრიცხვა, რომელშიც მოიაზრება როგორც სასაქონლო მატერიალური მარაგები, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მათი კონტროლი.
ხშირია შემთხვევები, როცა კონტროლის დამკვიდრებული პრაქტიკა არასრულია, სუსტია ან შეიცავს ისეთ ნაკლოვანებას, რომელიც მატერიალურად აზარალებს კომპანიის ინტერესებს. მოცემული განსაკუთრებით საყურადღებო ხდება მაშინ, როდესაც პრობლემა აშკარაა და სჭირდება დროული რეაგირება და გამოსწორება. ასეთ შემთხვევებში მაღალია საგადასახადო და ფინანსური რისკები, როგორიცაა: აქტივის ხარისხის და ღირებულების არასწორი მონაცემი, მოგების ან ზარალის სწორედ შეფასების მაღალი რისკი, საოპერაციო რისკი და სხვა, რაც ცალსახად მიუთითებს კონტროლისა და სწორი აღრიცხვის ნაკლოვანებაზე. ჩამოთვლილი რისკები გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით:
ჩამოსაწერი-უსარგებლო ძირითადი საშუალებების ბალანსზე არსებობა დიდი ხნის განმავლობაში
გამინუსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების არსებობა
შერჩევითი გადამოწმებით ბუღალტრული ნაშთისა და ფაქტობრივი ნაშთის მატერიალური სხვაობები
SKU-ზე (Stock Keeping Unit – უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი) ნაშთის არაპროპორციული მოცულობა რეალიზაციასთან მიმართებით
ხელოვნურად შექმნილი საწყობის ნაშთები, დაგროვილი გაუხარჯავი (გაყინული სასაქონლო ნაშთები) სასაქონლო მატერიალური მარაგები და სხვა.
ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების პრევენცია, რისკების შემცირება და დაზღვევა შესაძლებელია კონტროლის სწორი სისტემის ჩამოყალიბებით. იგულისხმება უფლება-მოვალეობების სწორი დელეგირება, პოლიტიკა-პროცედურების და სამუშაო ინსტრუქციების შექმნა, ანგარიშგების სწორი სისტემის ჩამოყალიბება, ინვენტარიზაციის რეგულარული განხორციელება, ჩართული თანამშრომლებისთვის საოპერაციო პროცესის მოწყობა ბიზნესის სპეციფიკის, ტრანზაქციების რაოდენობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სამუშაო აღწერილობის მისადაგება სწორ საოპერაციო პროცესთან, პასუხისმგებლობების ზუსტი აღწერა და ბოლოს, დანერგილი წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება. რეკომენდებულია მოცემულის მუდმივად დაკვირვება პროცესების დახვეწა-გაუმჯობესების მიმართულებით, რათა აქტუალური იყოს დროისა და ფინანსური რესურსების დანახარჯების ეფექტურობის ზრდა.
შემუშავებული პროცესის ეფექტურობის საზომი და დანახარჯების შემცირების ინსტრუმენტი არის ინვენტარიზაცია. აუცილებელი და რეკომენდებულია ბიზნესის კომპლექსურობის შესაბამისი ინვენტარიზაციის პოლიტიკის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა:
სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული ინვენტარიზაცია
ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია
ABC ანალიზი, რომელიც მოიცავს ღირებულების ან სხვა განმასხვავებელი მახასიათებლების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციას და მათ ინვენტარიზაციას
ნაწილობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც შეადგენს ინვენტარიზაციის უწყვეტ ჯაჭვს
უარყოფითი ნაშთების მუდმივი კონტროლი და გამომწვევი მიზეზების ძიება და სხვა.
ინვენტარიზაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მენეჯმენტისთვის, ფლობდეს ინფორმაციას საოპერაციო პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ. მოცემული კონტროლის მექანიზმის დანერგვა უზრუნველყოფს მრავალი რისკის პრევენციას და დანაკარგების შემცირებას, რაც პირველ რიგში წარმოადგენს ჯანსაღი ბიზნესის წარმოების ბუნებრივ საჭიროებას და გონივრულ გადაცდომებზე ნებადართული ზღვრის დაწესებას. აუცილებელი და საჭიროა დანაკარგის მაქსიმალური ოდენობის შეზღუდვა, დანაკარგების კონცენტრაციის მისაღები დონის განსაზღვრა და სხვა მსგავსი და ბიზნესსპეციფიკის გათვალისწინებით ლიმიტების დადგენა – დამტკიცება და მუდმივი მონიტორინგი, შედეგების თარგეთირება და ლიმიტების განახლება – გადახედვა.
ყველა რისკის სრულად პრევენცია, დაზღვევა ან/და მიტიგაცია შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მენეჯმენტი, თანაბარი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ბიზნესის სწორი მართვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი და მიიღოს მაქსიმალურად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ყველა კომერციულ საქმიანობას საფუძვლად უდევს მოგების მაქსიმიზაცია ისე, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს აქტივის ხარისხი, უზრუნველყოს ოპერაციების უწყვეტ რეჟიმში წარმართვა, განავითაროს საქმიანობა და მიიღოს მაქსიმალური შედეგი, უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეებისთვის დროული, ზუსტი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, იყოს გადამხდელუნარიანი და სწორად განსაზღვროს გადასახადის ოდენობა ბიუჯეტში.
———————————————————–
Loialte აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს. Loialte-ს ინვენტარიზაციის მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ინვენტარიზაცია
ავტორი: თეიმურაზ აბელაშვილი, Loialte Finance, Partner
დღეს, 26 ივლისს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ავტოავარია მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა შევარდა ავტობუსის მოსაცდელში. თვითმხილველის თქმით, მოსაცდელში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომელიც მსუბუქად დაზიანდა. მას შუშის ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა არც მას და არც ავტომანაქანებში მყოფებს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ.
ავარია ბათუმში / 26.07.2023
ავარიაში მოყოლილი ერთ-ერთი ავტომანქანა მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 243 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
ტანკი – 4 177 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 8 136 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 4 727ერთეული [+22]
MLRS – 698 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 457 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 311 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 993 ერთეული [+16]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 307 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 211 ერთეული [+17]
სპეცტექნიკა – 708 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
457 თვითმფრინავი
244 ვერტმფრენი
5 271 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
10 942 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 624 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
11 906 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაახლოებით 4 300 კვ.მ ფართობს მიაშენებენ. მიშენება გრიბოედოვისა და პუშკინის კვეთაში, გადაუდებელი მიმღების [ემერჯენსის] მხრიდანაა დაგეგმილი. მისაშენებელი ფართობი კი 4 სართულზე გადანაწილდება.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ემერჯენსის მხრიდან, სადაც 4 სართულის მიშენებაა დაგეგმილი
აღნიშნული მიშენების, ასევე, ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის [სასწრაფოს] მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ კონკურსს გამოაცხადებს.
კონკურსის გამოცხადებამდე პროექტების მართვის კომპანია მომსახურების სავარაუდო ღირებულების დასადგენად ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზება კომპანიას, წერილობით, 2023 წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიაწოდონ.
ბაზრის კვლევის განაცხადის მიხედვით:
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე მიშენების საორიენტაციო საპროექტო ფართობი შეადგენს 4 300 კვადრატულ მეტრს, რომელიც გადანაწილებული უნდა იქნეს ოთხ სართულზე.
ბათუმის N1 პოლიკლინიკის საორიენტაციო საპროექტო ფართობი შეადგენს 3 600 კვადრატულ მეტრს, რომელიც გადანაწილებული უნდა იქნეს ასევე ოთხ სართულზე.
ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის საორიენტაციო ფართობი კი, შეადგენს 3 600 კვადრატულ მეტრს და ესეც ოთხ სართულზე უნდა გადანაწილდეს.
ყვითელი ფერით აღნიშნულია – მიშენება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე; მწვანე ფერით – N1 პოლიკლინიკის ადგილი; წითელი ფერით – სასწრაფოს შენობის ადგილი / ფოტო ბაზრის კვლევის დოკუმენტებიდან
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია
რესპუბლიკურზე მიშენებულ ნაწილში დაგეგმილია შემდეგი ფუნქციური ბლოკების განთავსება:
დიალიზის სერვისი;
ბავშვთა თერაპია; ბავშვთა ინტენსიური თერაპია [„რესპუბლიკურში“ ბავშვთა განყოფილება თითქმის ორი თვეა გახსნილია 50-მდე საწოლით] ;
ქირურგიული საოპერაციო ბლოკი;
საავადმყოფოს კვების ობიექტი; არქივის საცავი; სასტერილიზაციო ბლოკი; აფთიაქის ბლოკი.
[„ყველა ტექნიკური ხასიათის საკითხი, რაც სხვადასხვა სტანდარტის დაცვის, ასევე დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების შესაძლო დაზუსტების შემთხვევაში წამოიჭრება, უნდა დაზუსტდეს შემდგომ ეტაპზე უშუალოდ პროექტირების დროს.“]
აჭარის მთავრობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგზე უსასყიდლოდ აქვს გადაცემული.
ბათუმის N1 პოლიკლინიკა
ბათუმის N1 პოლიკლინიკის დაგეგმილი საპროექტო შენობა-ნაგებობა არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით იქნება დამოუკიდებელი სახის, სადაც განთავსებული იქნება შემდეგი სახის ფუნქციური ბლოკები:
I სართული: მიმღები და რეგისტრატურა; ექიმებისა და ექთნების საორდინატორო; პაციენტების მოსამზადებელი; ტექნიკური საწყობები.
II სართული: ლაბორატორიული განყოფილება; ფუნქციური დიაგნოსტიკური განყოფილება; თერაპიული განყოფილება.
III სართული: ქირურგიული განყოფილება; პედიატრიული განყოფილება; ვაქცინაცია;
IV სართული: ადმინისტრაცია; სააქტო დარბაზი; ბუფეტი; არქივი.
ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა
ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრის დაგეგმილი საპროექტო შენობა-ნაგებობა
არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით იქნება დამოუკიდებელი სახის, ოთხი სავარაუდო სართულით, სადაც განთავსებული იქნება შემდეგი სახის ფუნქციური ბლოკები:
ცხრა ერთეული სასწრაფო ბრიგადა; ორი ერთეული რეფერალური ბრიგადა; სამი ერთეული სეზონური ბრიგადა; სამი ერთეული მოტობრიგადა;
პერსონალის სამორიგეო, სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები;
სახარჯი მასალებისა და წამლების საწყობი – აფთიაქი; სასტერილიზაციო;
სადისპეტჩერო; ადმინისტრაცია;
სასწავლო ცენტრი; სასტუმრო;
ტექნიკური ოთახები; საწყობების ბლოკი.
ბათუმში, N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობები არსებული გეგმის მიხედვით ყოფილი რესპუბლიკურის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ აშენდება.
ბათუმის „რესპუბლიკურის“ ტერიტორია, სადაც N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობები უნდა ააშენონ [მარჯვნივ – ჯავახიშვილის ქუჩა]ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.
ცალკე „სასწრაფოს“ შენობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში კი, ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 146 299 ლარი აქვს გადახდილი.
„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად 11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი.
79 წლის პენსიონერი „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. შალვა ჩაჩავა სასამართლოში ცალმხრივად შეცვლილი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს, ასევე – „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებულად აღიარებას.
ხელშეკრულების მიხედვით, შალვა ჩაჩავას საპენსიო სესხი 4650 ლარი 2019 წელს აუღია წლიურ 31%-ად. პენსიონერი ამბობს, რომ სესხის განრიგის შესაბამისად იფარებოდა სესხი მისი პენსიიდან და მას სესხის გადავადება ან გახანგრძლივება ბანკისთვის არ უთხოვია.
შალვა ჩაჩავა
„თქვენი თანხმობა არ იყო საჭირო, სმს მოგწერეთო, ეს მითხრეს ბანკში,“ – „ლიბერთი ბანკში“ შეხვედრას იხსენებს პენსიონერი, რომელსაც უთხრეს, რომ პრემიერის მიერ 2020 წელს, პანდემიის პერიოდთან დაკავშირებით დაანონსებულ საშეღავათო პროგრამაში ჩართეს – 3 თვე სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან აღარ ეჭრებოდა და სამაგიეროდ, სესხის გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს.
ბანკში ომის 79 წლის მონაწილეს 2020 წლის 20 მარტს ლათინური შრიფტით გაგზავნილი სმს შეტყობინება აჩვენეს:
„მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით თქვენს სესხებზე გააქტიურებულია 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, გთხოვთ, 25 მარტამდე დააფიქსიროთ ეს გადაწყვეტილება ბმულზე,“ – ეწერა სმს შეტყობინებაში, სადაც მოცემულ ბმულზე 79 წლის კაცი უნდა გადასულიყო და დაეფიქსირებინა, სესხის გადავადებაზე თანახმა რომ არ იყო.
„მე ვერ ვკითხულობ სმს-ებს, თანაც ლათინური, წვრილი შრიფტით, მე არ მიმიცია თანხმობა გახანგრძლივებაზე, არც შეღავათი მითხოვია,“ – კატეგორიულია პენსიონერი და დასძენს, რომ მისი ტელეფონის ნომერზე ძველი სმს შეტყობინება რომ აუფრიალეს ბანკში, თავდაპირველად ხუმრობის განწყობაზე მოსულა:
„ბანკის თანამშრომლებს ვუთხარი, ჩემს ახალგაზრდობაში ასე იყო: გოგოს რომ წინადადებას შესთავაზებდნენ, თუ გაჩუმდებოდა, ითვლებოდა, რომ თანახმა იყო. ასეა საქმე-მეთქი? ვუთხარი, მე თქვენთან საარშიყოდ არ მოვსულვარ და საქმიანი ურთიერთობა მინდა-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. პირდაპირ მითხრეს, თქვენი თანხმობა არ იყო საჭიროო. ეს ხომ უკანონობაა?!
თანაც, გეუბნებიან, რომ თურმე ეს პირიქით, შეღავათია, თურმე მთავრობა დაგვეხმარა. შეღავათიაო და ყულფი ჩამოგვაცვეს?“ – კითხულობს პენსიონერი.
შალვა ჩაჩავას „ლიბერთი ბანკის“ მეორე სესხიც აქვს – აფხაზეთის ომის მონაწილეს 2020 წლის 12 მარტს აუღია დამატებით 220 ლარი. რადგან საპენსიო სესხი უკვე გაცემული იყო, ამ სესხის უზრუნველყოფა 45 ლარი გახდა, რასაც 79 წლის კაცი იღებს, როგორც აფხაზეთიდან დევნილი.
ამ სესხის შემთხვევაში შალვა ჩაჩავას ბანკისთვის 220 ლარის ნაცვლად ჯამურად 275 ლარი უნდა დაებრუნებინა, თუმცა რადგანაც „შეღავათის“ გამო პენსიონერს ეს სესხიც გადაუვადეს, მან ახლა 441 ლარი უნდა გადაიხადოს.
„სიმსივნე მაქვს მე-6 წელია,“ – გვიყვება აფხაზეთის ომის მონაწილე, შალვა ჩაჩავა, – „მადლობელი ვარ სახელმწიფოს, რომ ოპერაციის ნაწილი დამიფინანსეს, მაგრამ კიდევ იმდენი რამაა საჭირო…
ამიტომაც, ავიღე სესხი, ვინმე არ შევაწუხო-მეთქი. არც შემიწუხებია, ვიხდიდი ორივე სესხს. ჩემი პენსია თვეში 560 ლარია, რადგანაც 34 წელი მეხანძრე – მაშველად ვმუშაობდი სოხუმში და ძალოვანი უწყების თანამშრომელი ვიყავი. დევნილის დახმარება 45 ლარია, როგორც ომის მონაწილეს, 100 ლარს გვაძლევენ,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა და იმ წერილებს გვაჩვენებს, რაც ჯერ „ლიბერთი ბანკისგან“ ოფიციალურად მიიღო, შემდეგ კი – ეროვნული ბანკისგან.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ შალვა ჩაჩავასთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ ბანკი სმს გზავნილზე ამახვილებს ყურადღებას – პენსიონერმა სესხის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამ წერილში ვნახეთ ლათინური შრიფტით მომზადებული ტექსტი, რაც პენსიონერებს მიუვიდათ 2020 წელს. ბანკი წერილში განმარტავს, რომ კლიენტმა პანდემიის გამო საშეღავათო პერიოდით 3 თვით ისარგებლა, თუმცა წერილიდან არაა ცხადი, რატომ ჩათვალა ბანკმა კლიენტებისთვის სმს მიწერა მათ თანხმობად?
„ლიბერთი ბანკს“ კლიენტისთვის სამჯერ მიუწერია სმს სხვადასხვა დროს შეღავათით სარგებლობაზე.
სარჩელში კი, რომლის მომზადებაშიც აფხაზეთის ომის მონაწილეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა, ხაზგასმულია უზენაესი სასამართლოს 2022 წლის მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „დუმილი შესაძლოა თანხმობის ნიშნად ჩაითვალოს, თუ ამაზე მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული.“
„მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი მსგავსი სახის ჩანაწერი არ არსებობს,“ – ვკითხულობთ სარჩელში, რომელიც შალვა ჩაჩავას ჯერ სასამართლოში არ შეუტანია.
„სასამართლოში გადასახდელი იქნება ბაჟი, რაც არის დავის ღირებულების 3%, მაგრამ რომელი თანხიდან უნდა აითვალოს ეს? ან პენსიონერმა ეს თანხა როგორ უნდა გადაიხადოს?
გარდა ამისა, სასამართლოში დამჭირდება ადვოკატი, რომელიც არ მყავს. მსგავს სიტუაციაში ვინ იცის, კიდევ რამდენი პენსიონერია, ვისაც თითქოს შეღავათი გაუკეთეს და სესხი გაუხანგრძლივეს, სოფელში სად მიაკითხავდნენ ჟურნალისტს ან საიას,“ – წუხს შალვა ჩაჩავა.
ეროვნულ ბანკისთვის კი, შალვა ჩაჩავას 2023 წლის 30 იანვარს მიუწერია. ბანკიდან მოქალაქეს 5 თვის შემდეგ, 2023 წლის 23 ივნისს უპასუხეს, რომ დარღვევა ვერ დაინახეს.
„ბათუმელებს“ „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრში უთხრეს, კონკრეტული პირის სესხთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია.
რატომ მიიჩნია ბანკმა, რომ საპენსიო სესხით ნებისმიერი მოსარგებლე პანდემიის დროს თანახმა იყო 3-თვიანი შეღავათით ესარგებლა და შემდეგ სესხი გახანგრძლივებულიყო? – ამ კითხვაზე „ლიბერთი ბანკისგან“ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
შალვა ჩაჩავა ამ თემით დაინტერესებას შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს სთხოვს. აფხაზეთის ომის მონაწილეს ხელისუფლებისთვის სხვა კუთხითაც აქვს სათქმელი:
„გუშინ ვისმენდი განცხადებას რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე, ამერიკულზე რატომ არ გაქვთ კითხვებიო. იმიტომ არ გვაქვს კითხვა, რომ ევროპა და აშშ არ გვართმევს ტერიტორიებს, არ გვასუსტებს, პირიქით, გვეხმარებიან.
რამდენჯერაც სიხისტე გამოვიჩინეთ, დავზარალდით, მართალია, მაგრამ უკრაინა ჩვენსავით თავისუფლების გამო ისჯება. თუ მეგობარი ვართ უკრაინის, ეს უნდა გამოჩნდეს, ხომ?! თუნდაც დავზარალდეთ ამით, მეგობრობა ვერ იქნება ცალმხრივი. როცა უჭირს მეგობარს, უნდა დაეხმარო რაღაცნაირად. მაინცადამაინც ომი კი არ უნდა გამოაცხადო, რომ იგონებენ, თითქოს მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდეს ვინმე.
რა დამავიწყებს, სოხუმს რომ ვტოვებდით 27 სექტემბერს, უკრაინის გემი მიგვიძღოდა, ჩვენ პატარა კატარღებზე ვიყავით, ის გვიცავდა და წინ მიდიოდა, ვიდრე სამშვიდობოს არ გამოგვიყვანა.
ჩვენ, მეხანძრეები, ომის დაწყებისთანავე ჩაგვრთეს ომში: როცა ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოდიოდა დასასვენებლად, ჩვენ უნდა შევსულიყავით.
მე უკრაინაში, ხარკოვში დავამთავრე სახანძრო საქმე და სოხუმში გამანაწილეს, იქ დავოჯახდი, სახლიც იქ მაქვს… ჩემი სახლი გადარჩენილა, ვიცი, რომ იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს, თუ დაბრუნდებით, თქვენია ეს სახლიო, შემოგვითვალეს.
ბოლო წლები აღარც კი მქონდა აფხაზეთის დაბრუნების იმედი. ახლა გამიჩინა ეს იმედი უკრაინამ: უკრაინამ თუ გაიმარჯვა, გავიმარჯვებთ ჩვენც. რუსეთი უნდა დაუძლურდეს, რომ ჩვენ გვეშველოს. კიდევ რომ რუსეთზე ლაპარაკობს ზოგ-ზოგიერთი, გაიხსენონ, რომელი პირობა შეასრულა რუსეთმა მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელმა სამშვიდობოებმა დაამყარეს მშვიდობა? რანაირად შეიძლება რუსეთს ენდო?
ხელისუფლებასაც ეს მინდა ვუთხრა: რუსი იმიტომ კი არ გვძულს, რომ რუსია, არამედ იმ საქციელის გამო, რასაც ის აკეთებს,“ – დაასრულა შალვა ჩაჩავამ.
28 ივლისს დაიწყება რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალი. წელს ფესტივალს სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს სივრცე -„Stage 17″, რომელსაც დაიკავებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლეგენდარული მარკუს მილერი, ბრუკლინ ფანკ ესენშელი, სოულ თრეინი და ბედფორდ ფოლსი.
ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს დაიძრება. მგზავრების მუსიკალურ განწყობაზე მატარებელში სალიო იზრუნებს. მუსიკის გარდა მგზავრებს დახვდებათ სხვა სიურპრიზებიც. ჯაზმატარებელზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო 24 ივლისიდან.
სოულ თრეინი (Soul Train)
28 ივლისს, ფესტივალის პირველ დღეს, მსმენელის წინაშე წარდგება პროექტი „სოულ თრეინი”. სოულ თრეინი იყო ლეგენდარული ამერიკული მუსიკალური გადაცემა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან – სტივი ვანდერი, Earth, Wind & Fire და მარვინ გეი.
გადაცემით შთაგონებული პროექტი „სოულ თრეინი” იმპროვიზაციით გაჯერებული ნომრებით წარდგება მსმენელის წინაშე; ბენდის რეპერტუარი მოიცავს სოულის, მოტაუნისა (Motown) და არ ენ ბის (RNB) ისეთი ლეგენდარული შემსრულებლების მუსიკის ინტერპრეტაციებს, როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი, ჯეიმს ბრაუნი, სტივი ვანდერი, ოტის რედინგი და კიდევ მრავალი.
მარკუს მილერი
29 ივლისს ლეგენდარული ბასისტი მარკუს მილერი, 15-წლიანი წყვეტის შემდეგ, ახალი ბენდით კვლავ ეწვევა შავი ზღვის ფესტივალს.
მარკუს მილერს მიღებული აქვს აქტიური მონაწილეობა მაილს დევისის სამი ალბომის (“Tutu”, “Music from Siesta”, Amandia”) შექმნაში. მაილს დევისთან აქტიური თანამშრომლობის მიღმა მას უმუშავია ჰერბი ჰენკოკთან, დევიდ სანბორნთან, ერიკ კლაპტონთან და სტენლი კლარკთან ერთად.
მუსიკოსი 16-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე” და მოპოვებული აქვს ორი ჯილდო.
ბრუკლინ ფანკ ესენშელს (Brooklyn Funk Essentials)
30 ივლისს ფესტივალს დახურავს „ბრუკლინ ფანკ ესენშელს”. ბენდმა ფანკის, სოულის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის და ჰაუსის შერწყმით და თავისი თვითმყოფადი ხელწერით სამ ათწლეულზე მეტია დაამახსოვრა თავი მსმენელს. შვიდი სტუდიური ალბომის ჩაწერის შემდეგ მათ მოიპოვეს პოპულარობა ყველა კონტინენტზე; სხვადასხვა დროს დაკრული აქვთ ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: ერიკ ბრაუნი, ერიკა ბადუ და სხვები. მათი ჩანაწერები გამოყენებულია სერიალებში: სოპრანოს კლანი (The Sopranos) და შავი სია (The Blacklist).
2016 წელს ბენდის სოლისტი გახდა ბრიტანული ჰაუს მუსიკის ლეგენდა – ალისონ ლიმერიკი, რომელიც დესმონდ ფოსტერთან ერთად ინაწილებს მთავარი სოლისტის პოზიციას.
ბედფორდ ფოლსი (Bedford Falls)
28 ივლისს, ევროპული ტურნეს შემდეგ , შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ-ფესტივალს გახსნის ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული ქართული როკ-ბენდი „ბედფორდ ფოლსი”.
ბედფორდ ფოლსი დაარსდა 2014 წელს და იმეორებს ფრანკ კაპრას ფილმში “ეს მშვენიერი ცხოვრება” გამოგონილი ქალაქის სახელწოდებას.
ბილეთებიგაიყიდება www.tkt.geზე.თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ 27 ივლისს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა იგეგმება, რომელიც რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან იწყებს კრუიზს.
სააგენტო აცხადებს, რომ საკრუიზო გემი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში და სანქცირებული არ არის.
„აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით.
შესაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“ – წერს სააგენტო.
ლაინერის ვებგვერდზე ინფორმაცია განთავსებულია რუსულ ენაზე. საკრუიზო მარშრუტში მონიშნულია: საქართველო-თურქეთი-ეგვიპტე-ისრაელი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდარუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გზაგამყოფ სივრცეში სკვერის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მერია აქ სკვერის მოწყობას 3 საკადასტრო ერთეულზე გეგმავს.
ბაგრატიონის ქუჩას ჟიული შარტავას ქუჩის კვეთიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთამდე კარგად გამწვანებული სივრცე ყოფს. მისი ფართობი საერთო ჯამში ერთ ჰექტრამდე [9586 კვ.მეტრი] სამ ნაკვეთს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.
მონიშნულია გამყოფი ზოლი, სადაც მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.გზაგამყოფი ზოლი, სადაც მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.
მწვანე სივრცის შენარჩუნება და ნარგავების დამატება ამ უბნის მცხოვრებებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ეს საკითხი საინიციატივო ჯგუფმა 2021 წელს შეისწავლა და ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა ამ და სხვა მწვანე სივრცეებისთვის სკვერის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
ბაგრატიონის ქუჩის 138-ში მდებარე კორპუსის უკან, ბაგრატიონის ქუჩის მხარეს, კიდევ ერთი მწვანე სივრცე, დაურეგისტრირებელი ფართობია, სადაც მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას ითხოვს.
საკრებულოს გასულ სხდომაზე, რომელიც 21 ივლისს შედგა, ბაგრატიონის ქუჩა მხოლოდ გზაგამყოფი ზოლის გამწვანების პროექტთან მიმართებაში არ უხსენებიათ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე მესამედ გამოხატა წყენა ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებისთვის მერიის კრიტიკის გამო.
ქუჩის რეაბილიტაციის დაუსრულებელ პროცესზე შეწუხებული მოსახლეობა საუბრობდა. მოქალაქეების ინფორმაცია მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება – ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულდა. სამუშაოებისთვის მინიმუმ 23 მილიონი ლარი და 16 მილიონი ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.
ბათუმის მერმა ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით ადრეც აღნიშნა, ხოლო საკრებულოს ბოლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მედიამ აწყენინა. მან არ დაასახელა, თუმცა თითქმის დააკონკრეტა ისიც, რომელ მედიას გულისხმობდა.
არჩილ ჩიქოვანის განმარტებით ეს ტელევიზიებს არ ეხება:
„საინტერესო და სასიამოვნო იქნებოდა ადგილობრივ ტელევიზიებთან ერთად, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ არსებულ გამოწვევებს, რაც ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს გააჩნიათ… ცოტა საერთაშორისო პლატფორმებზეც გავიხედოთ, მისასალმებელია მგონი და მოსალოცი ამბავი, რომ „დოიჩე ველე“ „ევრონიუსი“ „ბიბისი“ და სხვა პლატფორმები ჩვენს ქალაქს და ჩვენს რეგიონს აღიარებენ, როგორც წამყვან ტურისტულ მიმართულებას“.
ნათქვამის საილუსტრაციოდ მერმა „ბათუმის სტადიონის“ ჯილდო დაასახელა. შემდეგ კი ბაგრატიონის ქუჩის ჯერიც დადგა:
„რა თქმა უნდა, აღარავინ საუბრობს ახლა, აღარავის აღარ აინტერესებს, არ არის აქტუალური. აივლით-ჩაივლით ბაგრატიონის ქუჩაზე და ალბათ გსიამოვნებთ, რომ კეთილმოწყობილია, მაგრამ წინა საკრებულოზე და წინა წლებში ძალიან აქტუალური იყო, რომ ვერასდროს ვერ მთავრდება, არასდროს არ მთავრდებოდა და არ გვახსოვს სატენდერო პროცედურები, გამჭვირვალედ ჩატარებული ტენდერი და პასუხისმგებლობები, რომელიც უნდა ჰქონდეს იმ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს, ხარისხიანად რომ შეასრულოს. ამის უგულებელყოფა ხდებოდა და პირდაპირი იერიში იყო მუნიციპალურ სამსახურებზე“.
პირველ ჯერზე კი მერმა თქვა, რომ სოციალურმა მედიამ ისე წარმოაჩინა ამბავი, თითქოს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სიუჟეტის მომზადების შემდეგ დაიწყო.
იმავე სხდომაზე ბათუმის მერს ქალაქში არსებულ ბევრ გამოწვევაზე, მათ შორის ბავშვთა ატრაქციონების უსაფრთხოებაზე და სხვა ბევრ თემაზე ჰკითხეს. მან თქვა ისიც, რომ არ აქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურადაა.
„ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად არის და რაიმე გამოწვევები არ აქვს ამ ქალაქს. ბუნებრივია, ყველა დიდ ქალაქს, მათ შორის ეკონომიკურად მზარდ ქალაქებს, აქვს ამ ტიპის გამოწვევები“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ 2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი.
კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა.
ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებსაც.
„MSCA-ის სადოქტორო ქსელები ღიაა საერთაშორისო კონსორციუმებისთვის, რომლებიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტისგან.
ეს სუბიექტები დაარსებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სხვადასხვა სახელმწიფოში ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყნებში (მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა თუ უკრაინაში) და ევროკავშირის სულ მცირე ერთ წევრ სახელმწიფოში.
ამ მინიმალური მოთხოვნის გარდა, კონსორციუმში შეიძლება შედიოდნენ სხვა ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
ეს სადოქტორო პროგრამები დააკმაყოფილებს საჭიროებებს კვლევისა და განვითარების სხვადასხვა სფეროში, წარუდგენს მკვლევრებს აკადემიურ და არააკადემიურ სექტორებს და შესთავაზებს ტრენინგს, როგორც კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე უფრო ფართო უნარებსა და კომპეტენციებში, რომლებიც ინოვაციებისა და გრძელვადიანი დასაქმებისთვის არის საჭირო – იქნება ეს მეწარმეობა, შედეგების კომერციალიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები თუ კომუნიკაცია“ – ნათქვამია საკონკურსო პირობებში.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2023 წლის 28 ნოემბერია.